მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 307 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 I

 

- მაიკო! გესმის, მაიკო! აქ მოდი... აქ შემოდი, ჩქარა!

მაიკოს ქმარი ქაიხოსრო ღართიშვილი შეფიცხებული იყო. ალეწილი დარბოდა ოთახში. ხელებს იქნევდა, წვერ-ულვაშს იწეწავდა და ბრაზს ავეჯეულობაზე იყრიდა.

- გესმის, აქ მოდი მეთქი!

სკამი გარახუნდა და ფეხები გაფშიკა. საფერფლემ დაიჭახუნა და ძირი ჭერს მიუშვირა.

- მოვდივარ... რა გინდა, რა დაგემართა?

- დაჯექი.

პატარა, შავგვრემანი და ფუნჩულა მაიკო სავარძელზე ჩამოჯდა. აწეწილი და ხუჭუჭა თმა შეისწორა და დიდრონი უმანკო თვალები ქმარს შეანათა.

- რა გინდა? რა მოხდა?

ქაიხოსრო გალიაში დამწყვდეული მხეცივით დარბოდა ოთახში.

- საზიზღრობა მოხდა. ამ ჰარამზადამაც მომატყუა.

- ახლა რომ გავიდა?

- ჰო, ახლა რომ გავიდა. იმ რუსმა მაინც თავიდანვე ხელი აიღო. მიიღო ხუთი თუმანი და გადაიკარგა. ამ ჯიბგირმა კი თორმეტი თუმანი გამომართვა, სამი კვირა მატარა და ახლა მეუბნება: არ შემიძლიანო, კარგი ვაჟკაციაო, ვერ გავიმეტეო.

- კარგი ვაჟკაციაო?! ვიღაც ჯიბგირი ყოფილა ეგ შენი მიკიჩა, თორემ ლევან ნარიშვილის ვაჟკაცობა რა მოსატანია!

- შენ ეგა თქვი, და! ან რომელი ვაჟკაცი გამომინახეს ლევანი?! ყორანივით შავი, მოპრანჭული და დიდცხვირა! - ჰმ! ვაჟკაცი... ჰარამზადა ვაჟკაცი!.. ჯიბგირი!.. სალახანა!

- მაშინვე გითხარი, ლევანს მე თვითონ მოვკლავ მეთქი. მაგისთანა საქმეს დაქირავებულ ნაძირალას ნუ მიანდობ, თორემ გაგვცემენ და დაგვღუპავენ მეთქი.

ქაიხოსრო გვერდით მიუჯდა მაიკოს.

- გენაცვა, მაიკო, შენ როგორ გაგიმეტო, თორემ შენი გეგმა ძალიან კარგად არის შედგენილი.

- რომელ გამეტებაზე ლაპარაკობ, ქაიხოსრო! ჩემი გამეტება რა მოსატანია! ერთხელ კიდევ გეუბნები: ეშმაკიც ვერ გაიგებს ამ ამბავს. ყური მიგდე...

და მაიკომ მეათეჯერ გადაუშალა ქმარს გეგმა ლევან ნარიშვილის მოკვლისა.

ქაიხოსრო კი მეასეჯერ გაიძახოდა:

- არა, მაიკო, არა... არ შემიძლიან, არ შემიძლიან, ვერ გაგწირავ, ამ საქმეში ვერ ჩაგრევ. აბა ქალის რა საქმეა კაცის მოკვლა!

მაგრამ დღეს სამი „არა, არა“ წინანდელზე უფრო ლბილად მიდიოდა, მისი სიმტკიცე იბზარებოდა და საცაა უნდა გატეხილიყო.

ლოგინში შუაღამემდის ჩურჩულებდნენ.

შურისძიებით გახერხილი მაიკო რამდენიმე საათს ქმარსაც ხერხავდა. ტანშიშველი და გაწეწილი, თითქმის გატეხილ ქმარს თავთ წამოსჯდომოდა და ისედაც დაღლილ ტვინს უკორტნიდა:

- იქნება შენ დაივიწყე ის ამბავი, თორემ მე სიკვდილამდის ვერ დავივიწყებ. დღე არ გავა, რომ სიმწრისაგან გული არ წამივიდეს და ბავშვივით არ ავტირდე.ამდენი წელიწადი წელში ვწყდებოდით, შიმშილს ვითმენდით, ტიტვლები დავდიოდით. ბედმა ძლივს გადმოგვხედა და ორიოდე გროში მოგვაწოდა. ისიც ვიღაც ოხერ-ტიალმა ნარიშვილმა შეყლაპა! თავის საყვარლებს შეაჭამა! მე კი.. მე ფეხშიშველი დავდიოდი... მთელი ზამთარი გარეთ ვერ გავედი, რადგან ჩაუცმელი ვიყავი... სტუმარიც ვერ მივიღე... ოჰ, ღმერთო! ღმერთო!

მაიკო ასლუკუნდა.

- კარგი გენაცვა, კარგი... გეყოფა, დამშვიდდი.

- როგორ თუ დამშვიდდი! ნეტა შენ, რომ აგრე არხეინად გძინავს. ოღონდაც! ზოგი ჩემ გულში ჩაიხედე და ნახე, იქ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს. მიწოლილა არხეინად და სხვას არაფერს ეკითხება. შენ ვაჟკაცი კი არ ყოფილხარ, შენ... შენ ქალაჩუნა ხარ! დიაღ, ქალაჩუნა ხარ მეთქი!

ქაიხოსრომ წამოიწია, ოთახი გაანათა და მაიკოს ვალერიანის წვეთები დაალევინა. თანაც ამშვიდებდა:

- ჯერ დაწყნარდი და მერე ერთხელ კიდევ მოვიფიქროთ.

- რა დროს ფიქრია! - სლუკუნით შეუტია მაიკომ, - ორი თვეა ფიქრობ, საქმე კი არა ჩანს.

- კარგი, თუ ეგრეა, ლევანს მე თვითონ მოვკლავ, მაგრამ..

- არა. ათასჯერ გითხარი, შენ ამ საქმეში არ უნდა ჩაერიო მეთქი. შენ განზე გადექი და ისე მოაწყე საქმე, რომ ხელი ვერ მოგკიდონ, თორემ, თუ დაგიჭირეს, მეც ულუკმაპუროდ დავრჩები და რკინის გზის საქმეც ხელიდან წაგივა. მართალია, შურისძიებით გავძღებით, მაგრამ არც ის საქმე უნდა წაგივიდეს ხელიდან.

კიდევ დიდხანს ზომეს და წონეს ლევან ნარიშვილის მოკვლის გეგმა, რომელიც ძალიან კარგად იყო დალაგებული: მაიკოს უნდა ივდითობა გაეწია და მოეკლა ქაიხოსრო ღართვიშვილის ოჯახის ოლოფერნი - ლევან ნარიშვილი, რომელმაც ღართიშვილები გაანიავა.

ლევან ნარიშვილმა და ქაიხოსრო ღართიშვილმა ერთ თვეში ერთმანეთი გაიცნეს, დაიმეგობრეს და ერთს ისეთ საქმეს მოჰკიდეს ხელი, რომ ის საქმე ოქროს ყუთს უდრიდა.

ნარიშვილის ჯიბეში ედო მოსაგები საქმე - რკინის გზასთან დადებული მეტად სახეირო ხელშეკრულება, მაგრამ ფული არ ჰქონდა. მუდამ უფულო და უსაქმო ქაიხოსრო ღართიშვილს სწორედ იმ დროს ფული გაუჩნდა: იმ ხანებში იმისმა მარტოხელა ბიძამ სული განუტევა, ხოლო მისი სახლი ქაიხოსროს დარჩა. ქაიხოსრომ იმ სახლის შემოსავალი გამოიანგარიშა, და რადგან აღმოჩნდა, რომ ის სახლი შემოსავალზე მეტ ხარჯს მოითხოვდა, მაშინვე იგი თავიდან მოიშორა.

ნარიშვილი და ღართიშვილი ისე ენდნენ ერთმანეთს, რომ ხელწერილიი არც კი დასდეს. ფული და საქმე შეაერთეს და ოქროს ყუთს წააწყდნენ. წააწყდნენ და მოგების განაწილებაში ერთმანეთს წაეჭიდნენ. ბოლოს დავა იმით გათავდა, რომ ერთხელ ქაიხოსრო ღართიშვილი თითქმის გულწასული დაბრუნდა სახლში.

- დავიღუპე... დავიღუპე... ფული დამცინცლა... საქმე წამართვა...

ერთი საათის შემდეგ, როცა ქაიხოსრომ გული მოიბრუნა, გამწარებული ცოლ-ქმარი ჯერ ერთმანეთს დაეტაკნენ, ერთიმეორეს აბრალებდნენ, ლანძღავდნენ და საყვედურით ავსებდნენ, მერე ორივენი ნარიშვილს დაუბრუნდნენ.

- მოვკლათ!.. მოვაკვლევინოთ!.. არ შევარჩინოთ!

შურისძიების გარდა ქაიხოსროს ნარიშვილის საქმის დაჩემებაც ელანდებოდა.

ამ წივილ-კივილსა, უძალო ღრენასა და მოკვლის სამზადისში თვეზე მეტი გავიდა.

გაწიწმატებული მაიკო მოსაკლავად იწევდა, ხოლო ქაიხოსრო ცოლს არ იმეტებდა. თვითონაც ეშინოდა საკუთარის ხელით ანგარიშის გასწორება, რადგან არც დაპატიმრება ასცდებოდა და საქმეც ხელიდან წაუვიდოდა.

დრო გადიოდა. მაიკოს ბრაზი არ კლებულობდა, დღითი დღე კიდევაც მატულობდა. დილიდან რომ მოჰყვებოდა ქმრის ხერხვას და ღრღნას, შუაღამეს ძლივს გაათავებდა.

- დიაცო!.. ლაჩარო!.. ქალაჩუნავ!.. მე უნდა ვყოფილიყავი მამაკაცი, შენ კი ქალად უნდა დაბადებულიყავი. ვერც შენ ახერხებ იმ არამზადას გათავებას და მეც ხელფეხს მიკრავ, დიაცო!.. ქალაჩუნავ!.. ნაცარქექიავ!..

ბოლოს ქაიხოსრომ ვეღარ გაუძლო და იმ ღამეს მაიკოს კისერი მოუდრიკა:

 - გეყოფა, გენაცვა, იკმარე... თანახმა ვარ. ოღონდ ერთხელ კიდევ უნდა მოვიფიქროთ, თვითეული ნაბიჯი უნდა ავწონოთ და გავზომოთ, თორემ...

 - ყველაფერი ასჯერ ვწონე და გავზომე. გათავებულია! ხვალვე საქმეს შევუდგები, გაჩვენებ ვინც ყოფილა მაიკო... ნახავ... გაიგებ.

 ბურანში წასული და ღელვით მოქანცული ქაიხოსრო ლუღლუღებდა:

 - კეთილი... კარგი... ხვალვე შეუდექი... ძალიან კარგი...

 

II

 

მეორე დღეს მაიკომ ჰკითხა ქაიხოსროს:

- სად ატარებს საღამოობით დროს ნარიშვილი?

- დაიცა, ქალო, ნუ აჩქარდები, ერთხელ მოველაპარაკოთ.

- გეყოფა ამდენი ჩხირკედელობა! - შეუტია მაიკომ. - სთქვი, სად ატარებს დროს?

- ქართულ კლუბში. ზოგჯერ სინემაში. ზოგჯერ ლაღიძესთან შეივლის ხოლმე.

- კეთილი. დანარჩენი მე ვიცი.

- რაკი არ მოგიშლია, ერთს კიდევ გეტყვი: მაშ ასე: შენ ლევანი ადვილად აგყვება... მოსწონხარ.

- მოვწონვარ? საიდან იცი?

- თვითონ მითხრა ხუმრობით.

- რატომ აქამდის არ მითხარი?

- რა ვიცი, დამავიწყდა. მაშ ასე: ადვილად აგყვება-მეთქი. მაგრამ შენ ისე უნდა მოახერხე, რომ სხვებმა არ დაგინახონ. შეგხვდება თუ არა, მაშინვე აიყოლე და მიყრუებულ ქუჩებს გაჰყევი. ხმა, კრინტი არ დასძრა ჩვენი ანგარიშების შესახებ. ვითომც შენ არაფერი იცი, თორემ საქმე თავიდანვე ჩაგეფუშება.

- ვიცი, ვიცი, ნუღარ მასწავლი.

- იცი, მაგრამ ერთი რამე კიდევ უნდა გითხრა: ჯერ დაათვრე და მერე...თორემ...ჰა, ფრთხილად! არაფერი მოხდეს... ნამუსს ნუ დასთმობ...

- კარგი, გაათავე, ხომ არ გაგიჟდი! სინდისი აღარ გაქვს, მაგას რომ მეუბნები?

- ნუ ცხარობ, ქალო. ვინ იცის, შეიძლება ისე დატრიალდეს საქმე, რომ იმან თავისი გაიტანოს და შენ შენი საქმე მერე შეასრულო. თუმცა... ერთი სიტყვით შენ იცი... შენის იმედით ვარ. ეხლა სად მიხვალ?

- პატარა ხანჯალს ვიყიდი.ისეთს პატარას, რომ კაბის ქვეშ ადვილად დავმალო.

- სანამ შენ ივლი, მეც უნდა ვიარო აქეთ-იქით, საბუთი უნდა მქონდეს, რომ იმ ღამეს მე ამხანაგებთან ვიყავი, თორემ... მაშინვე მე მტაცებენ ხელს.

საღამოზე მაიკო კოხტად მოირთო. კაბის ქვეშ ერთი მტკაველის სიგრძე ხანჯალი ჩამოიკიდა და სთქვა:

- ისეთ ალაგას ვიყიდე ეს ხანჯალი, რომ ეშმაკიც ვერ მიაგნებს იმ კაცს.

- მე საათის პირველზე ან ორზე დავბრუნდები. შენ უნდა ჩემზე ადრე დაბრუნდე.

ორივენი ღელავდნენ, ერთ სათქმელს სამჯერ ამბობდნენ, კვლავ ერთმანეთს არიგებდნენ და გულის ფანცქალით წასასვლელად ემზადებოდნენ. ბოლოს ერთმანეთს ჩაეხვივნენ, ჩაეკონენ და იქამდის ვეღარ მოსწყდნენ, სანამ სული არ შეუგუბდათ. ორივეს თვალთ ცრემლი მოერიათ:

- ვინ იცის... იქნება... ვინ იცის, რა მოხდეს...

- არაფერიც არ მოხდება, მაგრამ... მაინც...

კიდევ ჩაეხუტნენ და ისე გამოეთხოვნენ ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთის ნახვის იმედი აღარ ჰქონდათ.

- აბა , შენ იცი, შენი ჭკუის იმედით ვარ, მშვიდობით!

- მშვიდობით, მშვიდობით!

ორივენი გავიდნენ. ქაიხოსრო ვერისკენ წავიდა, მაიკომ რუსთაველის პროსპექტისკენ ჩაუხვია.

მიდიოდა და ქუჩის ორივე ნაპირს ათვალიერებდა. ჯერ ერთ სინემაში შეიხედა.

მაიკომ "ეთერსა" და "არფასტოსაც" მოავლო თვალი. არც იქ იყო ლევანი.

ჩაიარა გრძელი ქუჩა, მიბრუნდა, ლაღიძის ყავახანაშიც შეიხედა და ისევ გატრიალდა.

ქართულ კლუბში შევიდა და დაჩრდილულ სკამზე ჩამოჯდა.

კლუბის ხეივანი თანდათან ხალხით ივსებოდა. მუსიკა უკრავდა. ოციოდე თეთრი მაგიდა მუშტარს ელოდებოდა.

მაიკო ჯერ ღელავდა, მერმე დამშვიდდა.  ფიქრობდა: არ უნდა ავღელდე, ნერვიული ენერგია უნდა მოვიზოგო. ისე უნდა გავმაგრდე, როგორც კაჟი, თორემ... შეიძლება მიმიხვდეს, დავიღუპები ან შევრცხვები.

იმავ სკამზე უცნობნი ჩამოსხდნენ. ლაპარაკობდნენ შესახებ ცხოვრების გაძვირების, სახლების გაიაფების, ჯამაგირების დაკლება-მომატებისა და აუტანელ სიცხისა.

მხოლოდ მაშინ გაახსენდა მაიკოს, რომ ბაღში გაუსაძლისი სიცხის ბუღი ტრიალებდა. ხელსახოცით ოფლის მარგალიტები მოიწმინდა და ისევ თავის აზრს დაუბრუნდა.

ბოლოს თვალი მოჰკრა ლევან ნარიშვილს. ძლივს იცნო.

- ღმერთო ჩემო, ორ თვეში როგორ გამოცვლილა!

თავით ფეხებამდის თეთრებში იყო ჩაცმული. ახლად გარეცხილს და დაუთოვებულს ჰგავდა. გვერდით ქერა ქალი მისდევდა.

- არამზადავ! რომ იპრანჭები კიდევაც!.. ნეტა ეს ქალი ვიღა არის? არსად მინახავს... ესეც იგრიხება... შორიდან უფრო ლამაზი მოსჩანდა... მეტისმეტად წაგლესილია... თევზის თვალები აქვს.

- ქალბატონ მაიკოს ჩემი სალამი!

მაიკომ თვალები მოჭუტა , ლევანს გაუღიმა და ორჯერ- სამჯერ მეგობრულად ჩაუქნია თავი. გულში კი შხამიანმა ისარმა გაჰკრა:

- ჩემი სალამი! ჰმ... დამაცა, სალამს გიჩვენებ!.. მალე დაგიქვრივებ მაგ პრანჭიას... დამაცა... არამზადავ! უსინდისო სალახანავ!

და ერთის წუთითაც არ მოაშორა თვალი ნელის ნაბიჯით მიმავალ კოხტა ქალ-ვაჟს.

უკან რომ გამოტრიალდნენ, ლევანმა მაიკოს ჩაუღიმა:

- მარტო ბრძანდები, თუ ქაიხოსროც აქ არის?

- ჯერ მარტო ვარ. ქაიხოსრო არ მოვა.

წავიდნენ. ქალებმა ერთმანეთი შურის თვალით გაზომეს.

- ეს კარგად ვუთხარი, - გაიფიქრა მაიკომ, - ჯერ მარტო ვარ-მეთქი, ესე იგი, ჩემთან მოსვლის ნება მივეცი... მოვა, უეჭველად მოვა... ნეტა გამაგებინა იმ ქალის ვინაობა... პრანჭია! მაჯლაჯუნა! მალე ავატირებ მაგ თევზის თვალებს! ჯოჯოვ!

ათიოდე წუთის შემდეგ ლევანმა ის ქალი ვიღაცას გადაულოცა და თვითონ მტკიცე ნაბიჯით პირდაპირ მაიკოსკენ წამოვიდა.

- საღამო მშვიდობისა, ქალბატონო მაიკო! რა ამბავია, რა მოხდა? ამ კლუბში მხოლოდ მეორეჯერ გხედავთ.

ახლოს მიუჯდა და ხავერდის თვალებით მიუალერსა.

- მეორეჯერ? საიდან იცით? წინათ ხშირად მოვდიოდი.

- ხშირად? მხოლოდ ორი თვეა რაც გაგიცანით, მაგრამ შორიდან ხუთი ექვსი წელიწადიც გიცნობთ. რა ბრძანეთ? საიდან გიცნობთ? დამნაშავე ვარ. თქვენისთანა ქალს ძალაუნებურად დავადგი თვალი... არა, ღმერთმანი, არ გეფერებით. მთელი ქალაქი გიცნობთ.

- მართალს ამბობს, - ფიქრობდა მაიკო, სანამ ლევანი ფიცულობდა, - გულწრფელი კაცი მოსჩანს, მართლა მთელი თბილისი ლამაზ ქალად მთვლის, ეს კაცი რაღად უნდა ქლესაობდეს?.. ალბათ ამასაც მოვწონვარ. აკი ქაიხოსრომაც მითხრა. კარგი... ძალიან კარგი... თევზი ბადეს ეტანება.

- მართალია, მე და ქაიხოსროს უსიამოვნება მოგვივიდა, მაგრამ თქვენ ალბათ განზე სდგეხართ. დარწმუნებული ვარ, რომ ქაიხოსრომ თქვენ არ მოგცხოთ ის შხამი, რომელმაც ჩვენ ერთმანეთს გაგვყარა თუმცა, ალბათ გიამბოთ...

- ჰო, რაღაც მიამბო, მაგრამ მე... დამავიწყდა კიდეც... არ დავუჯერე, - ხმამაღლა ლუღლუღებდა მაიკო, გულში კი ძლივს იმაგრებდა სიავისა და ბოროტების შადრევანს.

- სხვა ჩემ მაგივრად ქაიხოსროს საპატიმროში ჩასვამდა. მე კი ვერ გავიმეტე... თქვენ ვერ გაგიმეტეთ, თორემ ქაიხოსროს არ დავინდობდი.

რაიო? რას როშავს ეს სალახანა?! ქაიხოსრო და საპატიმრო? მე ვერ გამიმეტა! ეს ჯიბგირი თვითონ უნდა იჯდეს ცხრაკლიტულში. ჩაჯდება კიდეც, თუ დასცალდა... თუ მაიკომ დააცალა.

- არ მესმის... რა ჩაიდინა ამისთანა ქაიხოსრომ?

- არ იცით? არ გიამბოთ ქაიხოსრომ? მეც აგრე მეგონა. ნამდვილი ამბავი ალბათ ყირამალა გადაატრიალა, თავისი თავი გაითეთრა და მე გამაშავა. რაკი ეგრე მოიქცა და თქვენს თვალში ალბათ სალახანად გამომიყვანა, მეც იძულებული ვარ ქაიხოსრო გავიმეტო და ყველაფერი მოგახსენოთ.

და მოახსენა.

ეს რა ამბავია?! რას ამბობს ლევანი?! დაიჯეროს მაიკომ? რაო რა სთქვა? ქაიხოსრომ საერთო ფული მიიღო რკინის გზის სალაროდან და გაფლანგა?! ქაღალდში წააგო!.. ამ კლუბში!.. ანგარიში გაასწორეს და ლევანის ფულიც ზედ დაედო!.. დაუჯერებელია!.. შეუძლებელია!... მაშ რის იმედით უჩივის სასამართლოში ლევანს?

- მაშ აგრე გამაშავა ქაიხოსრომ? - სცხარობს ლევანი. - რაკი ქაიხოსრომ არ დამინდო, მაშ არც მე დავინდობ და ერთ სიმართლეს კიდევ მოგახსენებთ, დიაღ, სიმართლეს, რადგან მეცოდებით. ფულის გაფლანგვის მიზეზი მარტო ქაღალდი კი არ იყო, არამედ... ქალიც.

ღმერთო დიდებულო! ეს რა მეხი დაატყდა მაიკოს? ლევან, ნუ ხართ მაგრე დაუნდობელი და პირდაპირი! მაშ, მაშ ქალიც ურევია ამ ჭუჭყიან საქმეში! ვინ... ვინ არის ის ქალი? ლევან, ნუ უმალავთ მაიკოს... ნუ სტანჯავთ საწყალ მაიკოს. რაკი შხამი მიაწოდეთ საბრალო ქალს, ბარემ დააცლევინეთ კიდეც... სთქვით, ვინ არის ის ქალი? ნუ გეშინიათ, მაიკო პატიოსან სიტყვას გაძლევთ , რომ ქაიხოსროს არაფერს ეტყვის. თქვენს სახელსაც კი არ ახსენებს... უთხარით, ყველაფერი უთხარით. ნუ შეშინდებით, მაიკოს გული არ წაუვა... არც იტირებს. რაო? მაიკო სტირის? სირცხვილია ტირილი ამოდენა ხალხში?! ჩრდილში სხედან... კარგი, მაიკო აღარ სტირის, აღარ იტირებს. ოღონდ უთხარით, იმ ქალის სახელი უთხარით, ვინ არის? ნინო შალიშვილი? ის ქალია წეღან ლევანი რომ მისდევდა? ნუ ეშინიან ლევანს. მაიკო ხმას არ გასცემს იმ ქალს. მაიკოს მხოლოდ ის უნდა, რომ ერთხელ კიდევ გადახედოს იმ უნამუსოს... რაო, კლუბიდან წასულა? ო-ოჰ, სალახანავ! მეძავო!.. მაჯლაჯუნა!.. ჯოჯო!..

ლევან, ნუ იჭერთ, თავი დაანებეთ მაიკოს! რა თქმა უნდა, მაიკო უნდა წავიდეს, თორემ ქაიხოსრო და ის უნამუსო უნდა სადღაც დროს ატარებდნენ და მაიკო მარტოც წავა, აკი გითხრათ მაიკომ, რომ მას კარგი გული აქვს... არც იტირებს, არც გული წაუვა...

- მაიკო, დამიჯერეთ, რომ ძალიან ვნანობ ქაიხოსროს დაბეზღებას, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. რაკი თვითონ არ დამინდო, აღარც მე მოვერიდე.

ლევანი ტყუილად ნანობს. მას ცოდვა არ ჩაუდენია. პირიქით, მაიკო დიდი მადლობელია ლევანისა და იმის სიკეთეს არ დაივიწყებს.

- ტყუილად მიდიხართ ქაიხოსროს საძებნელად. სად იპოვით ეხლა ქაიხოსროს და ნინოს?

- არა, არა! მაიკო ახლავე უნდა წავიდეს. მთელ ქალაქს გადააბრუნებს და იპოვნის... უნდა საკუთარის თვალით დარწმუნდეს, თორემ... იქნება ლევანი სტყუის?! იქნება თავის არამზადობას ჭორით ჰმალავს?! ვინ იცის... ჩვენს დროში ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა.

ჰოო? მაიკოს ეეჭვება ლევანის ნაამბობი? კეთილი და პატიოსანი. მაშ ლევანი დღესვე დაამტკიცებს თავის სიმართლეს.კეთილი, მაშ გაჰყვეს ლევანს მაიკო!

 

III

 

ეტლში ჩასხდნენ და წავიდნენ. ლევანმა ორ-სამ ალაგას გააჩერა ეტლი, გადახტა, საეჭვო სახლში შევიდა, გამოიკითხა. ვერ იპოვნა.

მერე გაღმა წავიდნენ.

მაიკო სდუმს და ცახცახებს. პატარა საგულედან გასივებული გული ამოვარდნას ჰლამობს. გაფითრებულ ტუჩებს იკვნეტს, გაცივებულ პაწაწინა თითებს იმტვრევს და ქვითინს ძლივს-ძლივობით იმაგრებს.

ვერის ხიდს გასცდნენ და ერთ დიდ სასტუმროს ბნელ ქუჩიდან მოუარეს. ლევანი სასტუმროში შევიდა. მერე ისევ გამოვიდა და მაიკოს ცივად მიუგდო:

- მომყევით, მაგრამ გახსოვდეთ თქვენი პატიოსანი სიტყვა: ხმა, კრინტი არ დასძრათ.

ბნელ ქუჩიდან შევიდნენ, ვიწროსა და ჩაბნელებულ ტალანს გაჰყვნენ. მარჯვნივ და მარცხნივ დაკეტილი კაბინეტებია ჩარიგებული, ორიოდე ოთახიდან მხიარული სიცილ-ხარხარი მოისმის.

ლევანი ერთ კაბინეტთან შესდგა და მაიკოც შეაჩერა.

- ყური მიუგდეთ, ოღონდ ხმა, კრინტი არ დასძრათ.

მაიკომ გაბრუებული თავი კარებს მიადო და გაინაბა. მერე შეტორტმანდა, წაბარბაცდა და ლევანის მკერდზე მიესვენა.

- სერგო, გააღე თავისუფალი კაბინეტი, ჩქარა! წყალიც შემოარბენინე... აჩქარდი!

გაფითრებული მაიკო თითქმის შეიტანა მეორე კაბინეტში და საწოლზე მიასვენა.

ათიოდე წუთი გავიდა. მაიკო სულგანაბული წევს და ზოგჯერ ხელსახოცით თვალებს ისრესავს. პირმოქუშული ლევანი გვერდით უზის და ოთახის კუთხეს მისჩერებია.

მაიკომ ხელსახოცის ქვეშ წაიჩურჩულა:

- ლევან, იმ ოთახში... იმ ოთახშიც არის ტახტი?

- არის.

ისევ სიჩუმე დამყარდა.

უცებ მაიკო წამოდგა, გაიზმორა, ორივე ხელით აწეწილი თმა შეისწორა და გაიარ-გამოიარა. მერე ლევანის წინ შესდგა და უცნაურად დააცქერდა.

გათეთრებული პირისახე ნერვიულის ღიმილით უთრთოდა. დიდრონი შავი თვალები უფრო მეტად გასდიდებოდა, ისე ათვალიერებდა ლევანს, თითქოს პირველად ჰხედავდა და იმ ოთახში იმის ყოფნას ჰკვირობდა.

მაიკომ ორი თვის წინათ თითქოს გაკვრით გადაჰხედა ლევანს. მაგრამ - საკვირველია! - რატომ ვერ დაინახა მისი მშვენიერება? საოცარია? რა ხუჭუჭა და ხშირი თმა ჰქონია! ალბათ ბუმბულივით ლბილი იქნება. ქაიხოსროს თმას კი არა ჰგავს - თხელსა და ჯაგრიანს. ღმერთო ჩემო, რა თვალები ჰქონია! ნახშირივით შავი, კაკლის ოდენა, ცეცხლმოკიდებული და მწვავე... წითელი, ფაფუკი ტუჩები... კოხტა ულვაშები, პირის კანი ატლასივით სუფთა... ჩაკირული ტანი. ალბათ ვეფხვივით მოქნილი და ღონიერი იქნება, მიხვრა-მოხვრაშივე ეტყობა. ქაიხოსრო? - რა სახსენებელია! - უშნო დათვია!.. ბაყაყია!..

- რად მათვალიერებთ ეგრე რიგად, მაიკო!

- რად გათვალიერებ? ვერ მიხვდი? აბა გამოიცანი.

ვერც კი შეამჩნია, რომ შენობით დაუწყო ლაპარაკი. ისევ ჩაციებით ჰსინჯავდა და ცბიერად იღიმებოდა.

 - მიხვედრილობა მაკლია. მაინც?

 - მაინც ისა, რომ მშიან... მშიან და მწყურიან.

მსახურმა საჭმელი და ღვინო შემოუტანა და ისევ გავიდა. მაიკომ კარებს თვალი გააყოლა, მერე იდუმალის ღიმილით ლევანს გადმოხედა და თვალები ისევ კარებს მიაბჯინა. ლევანი მიხვდა. კარები გადარაზა და ღვინო დაასხა, ორივემ დასცალეს დიდი ჭიქები.

- მაიკო, დაბრძანდი გენაცვა.

- არ მინდა. კიდევ დაასხი.

თითო კიდევ დალიეს.

- მაიკო... ნუ მერიდები.

ხელები ხელებში წაავლო და მიიზიდა, მაგრამ მაიკო გაუძალიანდა, თან შეშინებული თვალები ისარივით ჰქონდა გაყრილი.

- დაიცა... დამაცა.. რაღაც უნდა გითხრა... უნდა გაჩვენო.

ერთი ხელი ხელიდან გამოსტაცა და კაბაში ჩაიყო.

უცებ პრიალა პატარა ხანჯალი გაუწოდა:

- აი... აი... ხანჯალი... გამომართვი

- ხანჯალი? რად მინდა ხანჯალი?

- გამომართვი მეთქი... შენია... შენთვის...

უცებ ხანჯალმა იატაკზე ბზრიალი მოიღო. იმავე წუთს მაიკო სიცილით და ქვითინით გადაეხვია გაშტერებულ ლევანს, თან სლუკუნით ჰბოდავდა:

- მაპატიე, ჩემო ლევან... ჩემო უმანკო მეგობარო... ჩემო კარგო მეგობარო..

ლევანი მიხვდა. ერთი წუთი ყოყმანში იყო.მერე თვითონაც მკლავები მოხვია მთრთოლვარე დედაკაცს და ტუჩებით ჩააქრო სიცილ- ქვითინის შადრევანი.

ორი საათის შემდეგ, როცა ლელვანი მაიკოს კაბის დუგმებს უკრავდა, მან იატაკზე თვალი მოჰკრა მბრწყინავ ხანჯალს. დასწვდა და მაიკოს გაუწოდა:

- სახსოვრად შეინახე... ისევ გამოგადგება.

მაიკომ ლევანს კისერზე ხელი მოხვია და ცბიერის ღიმილით ჰკითხა:

- როდის გამომადგება?

- ხვალ, ცხრა საათზე, ჩემს ბინაზე.

შუაღამე გადასული იყო, როცა მაიკომ ხელმეორედ გაიხადა თავის საწოლ ოთახში და შეჩვეულ ლბილ ლოგინში ჩაგორდა.ბსისხლი საამურად უჩქეფდა, ძარღვებს ტკბილი ჟრიამული გაჰქონდათ და ბურანში წასული მაიკო წყვდიადში ვიღაცას ეშმაკურად უღიმოდა.

მამლებმა რომ პირველად იყივლეს, ქაიხოსრო ფეხაკრეფით შემოვიდა, მაიკოს ლანდივით თავთ წაადგა და შიშით ჰკითხა:

- რა ჰქენი, მაიკო, მაიკო?

- უჰ, შენა ხარ?.. შემაშინე, რა გინდა?

- რა ჰქენი მეთქი? ნახე ლევანი?

- არსად შემხვდა. იქნება ხვალ შევხვდე სადმე.

- კეთილი, აგრე იყოს, ძილინებისა, ჩემო კეთილო, - და ორივემ მალე ფშვინვა ამოუშვეს.

საღამო ჟამი რომ მოახლოვდება, მაიკოს თანდათან მღელვარება ემატება. სარკეს მიუჯდება, თმას ივარცხნის და ქაიხოსროს ეკითხება:

- დავიჯერო, რომ დღესაც ვერსად შევხვდები იმ ჰარამზადას?! სამუდამოდ ხომ არ დაიკარგება ეგ ჯიბგირი! დაიცადოს... დამაცადოს...

მერე ხანჯალს ჩაიმალავს ხოლმე კაბის ქვეშ და მუქარით გადის სახლიდან. ქაიხოსრო უკან მისდევს, მალე ერთმანეთს შორდებიან, ერთი მარცხნივ გაუხვევს, მეორე- მარჯვნივ.

ასე იარეს ღამ-ღამობით ცოლ-ქმარმა იმ დრომდის, სანამ ერთხელ ქაიხოსრომ არ უთხრა მაიკოს:

- ლევანს თავი დაანებე. დღეს შემომითვალა: შენს ვალს ნაწილ-ნაწილ გადაგიხდიო. ოღონდ შენ თვითონ ნუ დამენახვებიო. სახლში მიდი, ნახე და გაურიგდი.

- წავალ, თუ პირობას შემისრულებ: ის ფული ჩემია. აღარაფერი მაქვს, ტანთ შემომეხია... ოჯახსაც ათასი რამე აკლია...

- კარგი გენაცვა, აგრე იყოს. ის ფული შენთვის მიჩუქებია, ოღონდ მოახერხე მისი დაბრუნება.

მას აქეთ, მაიკო კვირაში ორჯერ მაინც მიდის ლევანთან ვალის გამოსართმევად. იმ დღეს, როცა პირველად მივიდა ფულის გამოსართმევად, უკვე შევერცხლილი ხანჯალი მაგიდაზე დაუდო და უთხრა:

- გათავდა, ამას იქით ხანჯალი აღარ მინდა. გიძღვნი იმ ღამის და ჩემი უღრმესი სიყვარულის სახსოვრად.

ლევანმა მაიკოს ცხელის კოცნით გადაუხადა მადლობა. მერე შევერცხლილი ხანჯალი აიღო და გასინჯა. ქარქაშის ქვეშ თვალი მოჰკრა წარწერას:

„ზოგჯერ თურმე ხანჯალი სიყვარულის ხიდი ყოფილა“.  

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ