ეს ამბავი ორმა ბერიკაცმა მიამბო. ჩვენ გარშემო ვუსხედით ცეცხლს, რომელიც კოღოებიგან თავის დასაღწევად დავანთეთ. შუაღამე იყო და გრილოდა. ჟამიდან-ჟამ მთელის გამეტებით ვხოცავდით ამ ფრთიან სისხლისმწოველებს, რომლებიც კვამლს აღარ ეპუებოდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ ჩვენი სისხლით პირის გასველებას. ხელმარჯვნივ, ოციოდე ფუტის მოშორებით, ბლანტი იუკონი კალაპოტში მიშრიალებდა. ხელმარცხნივ, ვარდისფრად გადაფეთქილ გორაკებზე მთვლემარე მზე ცხრებოდა, რომელსაც იმ ღამით არ ეძინა და წინ კიდევ მრავალი თეთრი ღამე ელოდებოდა.
ორივე ბერიკაცი შეუპოვრად ებრძოდა კოღოებს. ერთი მათგანი მარტოხელა ბელადი იყო, მეორე - მუტსაკი, ერთ დროს იარაღის მეგობრები, ახლა კი ძველი თქმულებისა და ამბების დაჩაჩანაკებული მოწმენი. თავიანთი თაობიდან მხოლოდ ისინიღა დარჩნენ და დღეს უკვე არავითარი ღირსება აღარ გააჩნდათ იმ ახალგაზრდების თვალში, რომლებიც საბადოების სადღაც გადაკარგული ცივილიზაციით აღიზარდნენ. ანდა ვიღა დაეძებს დღეს ძველ ადათებს, როცა სულების გამოწვევა შავი ბოთლებითაც შეიძლება, ხოლო შავი ბოთლები კი თეთრ ადამიანებთან ორიოდე საათის მუშაობით ანდა ერთი ქეციანი ბეწვითაც იოლად იშოვება. რაღა აზრი აქვს შამანიზმის შიშისმომგვრელ რიტუალებსა და საიდუმლო მისტერიებს, როცა იუკონზე ცოცხალი საოცრება, გემი, ყველა კანონების ჯინაზე დღემუდამ ცეცხლით მსუნთქავი ურჩხულივით ახველებს და ქოშინებს.
ანდა რა ფასი უნდა ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებულ ავტორიტეტს, როდესაც ღირსეულ სახელს მხოლოდ ის იმსახურებს ახლა, ვინც მეტ ტყეს გაჩეხს, ანდა კარჭაპს კუნძულის გაუვალ მეჩეჩებში უვნებლად გაატარებს.
ამ სიბერის ჟამს მართლაც შავ დღეს მოესწრნენ ბერიკაცები - მარტოხელა ბელადი და მუტსაკი. ახალმა წყობილებამ მათ ყოველგვარი ღირსება და პატივი დაუკარგა, და ახლა წუწუნებდნენ და სიკვდილსღა ელოდნენ. ამიტომაც იყო რომ ორივემ გადაუშალა გული უცნობ თეთრ კაცს, რომელიც ცეცხლის პირად მათთან ერთად იზიარებდა წამებას და სიამოვნებით ისმენდა იმ დროის ამბებს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდნენ გემები.
- ჰოდა, საცოლე ამომირჩიეს, - ყვებოდა მარტოხელა ბელადი.
მისი ყურთასმენის წამღები გამწივანი ხმა დროდადრო ჩახრინწულ და ხრიალა ბასამდე ეცემოდა. ის იყო, ყურს როგორმე შეაჩვევდი, რომ უცბად წვრილ დისკანტში ავარდებოდა და ხან ჭრიჭინობელასავით აჭიჭყინდებოდა, ხან კი გომბეშოსავით აყიყინდებოდა.
- ჰოდა, საცოლე ამომირჩიეს, - ყვებოდა იგი, - მამაჩემი კასკტაკა წავი, ჩემზე გამწყრალი იყო, რადგან ქალებს ზედაც არ ვუყურებდი. იგი ტომის ბელადი გახლდათ, უკვე საკმაოდ მოხუცებული, შვილებიდან ცოცხალი მეღა შევრჩი და ახლა ჩემში ხედავდა თავისი სისხლის გადარჩენას იმათთვის, ვინც ჩვენ შთამომავლობად უნდა დაბადებულიყო. არ დაგავიწყდეს, ო,თეთრო ადამიანო, რომ მაშინ სნეული ვიყავი, და რაკი ნადირობა და თევზაობა არ მიხალისებდა გულს და არც ხორცი მითბობდა მუცელს, რაღა მოწყალე თვალით უნდა შემეხედა ქალებისათვის? სად შემეძლო საქორწინო ნადიმისათვის მზადება, ან სადღა მქონდა პატარა ბავშვების თავი?
- ჰო რა თქმა უნდა, - ჩაერია მუსტაკი, - განა მარტოხელა ბელადი არ იყო, დათვს რომ შეებრძოა და თავი გაუსკდა, ხოლო ყურებიდან სისხლი დასდინდა?
მარტოხელა ბელადმა დასტურის ნიშნად თავი მომეტებულად დაუქნია.
- მუსტაკი მართალს ამბობს. ბოლოს თავი კი მომირჩა, მაგრამ მაინც სნეული ვიყავი. ხორცი განიკურნა და წყლული გაქრა, მაგრამ სულში ავადმყოფობა მაინც დარჩა. სიხარულის დროს მუხლები მეკეცებოდა, ხოლო როცა სინათლეს ვუყურებდი, თვალები ცრემლებით მევსებოდა ხოლმე. გავახელდი თვალებს და ყველაფერი ტრიალს იწყებდა, დავხუჭავდი და თავი მიბრუოდა, და რაც კი ოდესმე მენახა და გამეგონა, ერთმანეთში მერეოდა.
თვალები საშინლად მტკიოდა, თითქოსდა მძიმე ტვირთი თუ ბორკილი დაუდევთ ზედო, ყველაზე ძალიან ლაპარაკი მიჭირდა. თითოეულ სიტყვას საათობით ველოდებოდი, ხოლო როცა ლოდინის თავი აღარ მქონდა, მაშინ ყველა ჯურის სიტყვა ენაზე ერთად მომადგებოდა და სისულელეებს ვროშავდი. მძიმე ავადმყოფი ვიყავი, და როცა მამაჩემმა, წავმა, კასაანი წინ დამიყენა...
- ახალგაზრდა და ჯანიანი გოგონა, ჩემი დისშვილი - ვეღარ მოითმინა მუტსაკმა, - ღონიერი ბარძაყები ჰქონდა და შვილებს ადვილად დაბადებდა, ფეხმარდი იყო და ჩამოქნილი წვივები ამშვენებდა. ქალებში ყველაზე კარგი მოკასინები მას გამოსდიოდა. ხოლო მისი დაწნული სანაო ბაგირები ყველაზე მსხვილი იყო. თვალებში სულმუდამ ღიმილი ედგა, ტუჩებზე კი სიცილი არ შორდებოდა. ანჩხლი არ იყო და ისიც გაეგებოდა, რომ მამაკაცის სიტყვას ქალი ყოველთვის უნდა დამორჩილებოდა.
- ჰოდა, მძიმე ავადმყოფი ვიყავი, - განაგრძო მარტოხელა ბელადმა, - და როცა მამაჩემმა, წავმა, კასაანი წინ დამიყენა, ვუთხარი, ქორწინებას დასაფლავება მიჯობს-მეთქი. ამის გაგონებაზე წავს სიბრაზისგან სახე გაუშავდა. - როგორც გინდა ისე მოიქეციო, მითხრა, თუ გინდა სიცოცხლეშივე შეუდექი დასაფლავებისთვის მზადებასო...
- რაც ჩვენს ადათში არ წერია, - ჩაერია მუტსაკი. - ის, რაც მარტოხელა ბელადმა გადაიტანა, ჩვენში მხოლოდ მიცვალებულებს ეკუთვნის. მაგრამ წავს ბრაზი ახრჩობდა.
- ჰოდა, - სიტყვა ჩამოართვა მარტოხელა ბელადმა, - მამაჩემმა, წავმა , თქმა და გაკეთება ერთი იცოდა. ბრძანება გასცა, ხალხი ვიგვამის წინ შეეყარათ, სადაც მე ვიწექი, და მისი შვილი მიცვალებულივით დაეტირათ.
- მოთქმით და სიმღერებით აუგეს ანდერძი, - ოოო-ა-ჰააა-ჰა-ა ის კლუ-კუკ, იჩ-კლუ-კუკ, - გააბა მუტსაკმა. იგი ისე ბაძავდა მოზარეებს, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- და ვიგვამში, - განაგრძო მარტოხელა ბელადმა, - დედაჩემმა სახე ჭვარტლით გაიმურა, თავზე ნაცარი დაიყარა და დამტიროდა, როგორც მკვდარს. თურმე მამაჩემს უბრძანებია, და დედაჩემიც, ოკიაკუტა, მთელი ხმით მოთქვამდა, გულში მჯიღს იცემდა და თმებს იგლეჯდა. იმას არც ჩემი და, ჰუნიაკი, და არც დეიდაჩემი სინატაპი ჩამორჩებოდნენ. მათი გოდებისაგან თავი მისკდებოდა. აღსასრულის ჟამი მართლა დადგა-მეთქი, მეგონა.
ტომის მხცოვანნი გარს შემომეხვივნენ და ჩემი სულის მოგზაურობაზე ბჭობა გამართეს. ერთმა მათგანმა ის უსიერ და უსასრულო ტყეზე ილაპარაკა, სადაც, დაკარგული სულები ვაითა და ვიშით დაეხეტებიან და სადაც, ალბათ, მეც უკუნითი უკუნისამდე უნდა მებორიალა. მეორე მათგანმა დიდი მდინარეები და მათი შავად აქაფებული წყლები ახსენა.
აქ ბოროტი სულები კივიან და დაკრუნჩხულ ხელებს მანამ იქნევენ, სანამ ვიღაცას თმებით არ დაითრევენ.ჩემთვის სწორედ ეს მდინარეები შეარჩიეს, მათ გადასაცურად ბაიდარაც მომცეს.ამის შემდეგ ერთმა მცხოვანმა ისეთ ქარიშხლებზე ილაპარაკა, რომლებიც სიცოცხლეში არავის ენახა.ამ დროს, თურმე, ციდან ვასრკვლავების წვიმა მოდის, მიწა მრავალ ადგილზე ირღვევა, მისი გულიდან ყველა მდინარე ერთად ამოხეთქავს და მერე ისევე უფსკრულში ჩაინთქმება.ამ სიტყვებზე მხცოვანებმა მკლავები გაშალეს და ხმამაღალი მოთქმა დაიწყეს.მე თვითონაც მკვდარი მეგონა თავი.აღარ მახსოვს როდის და როგორ, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ მართლა მოვკვდი.
ოკიაკუტამ, დედაჩემმა, ციყვის ბეწვის და ირმის ტყავის პარკები თავთან დამილაგა, არც სელაპის ნაწლავებისაგან დაწნული ლაბადა და საავდრო მუკლუსი დავიწყებია, რათა ჩემს სულს არ შესცივნოდა, ან არ დასველებულიყო დაუსრულებელ მოგზაურობაში. მერე როცა ასკილითა და ეკლით დაბარდული ციცაბო მთა ახსენეს, სავალი მაინც დაუადვილდებაო, და დედამ მძიმე მოკასინები მომიტანა.
ხოლო როდესაც მხცოვანებმა უზარმაზარ მხეცებზე დაიწყეს ლაპარაკი, რომლებიც მე უნდა დამეხოცა, ახალგაზრდებმა გვერდით ჩემი უმძლავრესი მშვილდი და ლარივით სწორი ისრები, სატყორცნი კომბალი, შუბი და დანა დამილაგეს, და როცა მხცოვანთა იმ თვალშეუდგამი სივრცეების წყვდიადსა და დუმილზე ილაპარაკეს, სადაც ჩემს სულს უნდა ეხეტიალა, დედაჩემმა უფრო ხმამაღლა დაიწყო გლოვა და მეტი ნაცარი დაიყარა თავზე.
ვიგვამში გოგო კასაანიც შემოიპარა, შეშინებული, დარცხვენილი, და ჩემს თავთან დახორავებულ ნივთებს პატარა ტომარაც მიუმატა. შიგ კაჟი, რკინა და მშრალი აბედი ეწყო ჩემი სულის გზის გასანათებლად. მერე სათბუნებელი საბნებიც შემირჩიეს. ბოლოს ტყვეებიც გამოჰყვეს დასაკლავად, რათა ჩემს სულს მეგზურად გაჰყოლოდნენ. რაკი მამაჩემი ძლიერი და მდიდარი იყო, შვიდამდე ტყვე გადათვალეს - აქაოდა, მისი შვილი საკადრისად უნდა გასვენდესო. ისინი მუკუმუკებთან ომის დროს ჩავიგდეთ ხელში და ახლა იუკონის ქვედაწელზე ცხოვრობენ. სკოლკას, შამანს, მეორე დღისათვის სათითაოდ უნდა დაეკლა ეს ტყვეები, რათა ჩემთვის გზა გაეკვლიათ მიუღწეველის წიაღში.
ჩამოთვლილი ნივთების გარდა, ჩემი ბაიდარაც მათ უნდა ეთრიათ, ვიდრე დიდი მდინარის შავად აქაფებულ წყალს არ მივაღწევდით. აქ მათი სამუშაო მთავრდებოდა და რაკი სივრცეც ილეოდა, ისინი იქვე უნდა დარჩენილიყვნენ იმ უსასრულო დაბურულ ტყეში და სამუდამოდ უნდა ეყმუვლათ.
როცა ჩემს მშვენიერ თბილ ტანისამოსს, საბნებსა და საომარ იარაღს გადავავლე თვალი და იმ შვიდი მონის სულები წამოვიდგინე-სიამაყე ვიგრძენი, კარგად ვიცოდი, ჩემი დიდებული გასვენება ბევრს შურდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მამაჩემი, წავი, მდუმარედ იჯდა სახემოღუშული. დღე და ღამე ხალხი სამგლოვიარო სიმღერებს მღეროდა და დოლს იქამდე სცემდა, ვიდრე ყველა არ დარწმუნდა, რომ უკვე ათასჯერ მაინც უნდა მოვმკვდარიყავი.
მაგრამ დილით მამაჩემი წამოდგა და დაიწყო: მთელი ჩემი სიცოცხლე ომში გავატარე, რაც ხალხმაც კარგად იცისო. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ბრძოლაში სიკვდილი უფრო მეტი ღირსებაა, ვიდრე ცეცხლის პირად რბილ ტყავზე მიცვალებაო. და რაკი მე, მისი შვილი, ასე თუ ისე მაინც უნდა მოვმკვდარიყავი, მისი აზრით, ჯობდა მუკუმუკების წინააღმდეგ გამელაშქრა და ისე დავღუპულიყავი. ამით ღირსებასა და ტომის ბელადის უფლებასაც მოვიპოვებდი ჩემს იმქვეყნიურ მარადიულ სამყოფელში და ეს მამაჩემის სახელიც იქნებოდა. ეს თქვა და ბრძანება გასცა, მეომრები სალაშქროდ შეეყარათ და მდინარეს დავყოლოდით. მუკუმუკებს რომ მივაღწევდით, წინ მე უნდა გავჭრილიყავი, ბრძოლის მაგალითი მეჩვენებინა და მოვმკვდარიყავი.
- არა, მომისმინე, ო, თეთრო ადამიანო! - თავი ვეღარ შეიკავა მუტსაკმა, - სკოლკა, შამანი, მთელი ღამე ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა და სწორედ მისი საქმე იყო მარტოხელა ბელადის სალაშქროდ გამგზავრება. რაკი წავი ბებერი იყო და ნაშიერი აღარ რჩებოდა, სკოლკამ ტომის ბელადობა გადაწყვიტა, მაგრამ როცა ნახა, რომ ხალხი მთელი ის დღე და ღამე ერთ ამბავში იყო და მარტოხელა ბელადი მაინც ცოცხლებში ეწერა, სკოლკას შიში შეეპარა, ვაითუ მარტოხელა ბელადი აღარ მოკვდესო. და სწორედ სკოლკა იყო, ღირსებაზე და საგმირო საქმეებზე ახლა წავის პირით ბრტყელ-ბრტყელად რომ ლაპარაკობდა.
- დიახ, დიახ, - სიტყვა ჩამოართვა მარტოხელა ბელადმა, - მეც კარგად ვიცოდი, რომ ყველაფერში სკოლკა ერია, მაგრამ ავადმყოფობისაგან გონება მქონდა დაკარგული. გასაბრაზებლად გული აღარ მერჩოდა და არც სუნთქვა მქოფნიდა დიდი სიტყვებისათვის, აღარაფერს დავეძებდი, სიკვდილისა და დამარხვის გარდა. ჰოდა, ო, თეთრო ადამიანო, მეომრები უკვე მზად იყვნენ გასალაშქრებლად. მათ შორის ერთიც არ იყო, ნაცადი და ბრძოლაში გამოწრთობილი. არც მოხერხებული და გონიერი. სულ ასიოდე ყმაწვილი იყო, რომელთაც ბრძოლა იშვიათად ენახათ. ჩვენს გასაცილებლად მდინარესთან მთელმა სოფელმა მოიყარა თავი. ქება-დიდებითა და ყიჟინით გამოგვემშვიდობნენ. შენც გაგიხარდებოდა, ო, თეთრო ადამიანო, ომში მიმავალი ყმაწვილის დანახვა, სასიკვდილოდ განწირულისა.
- ჰოდა, გზას დავადექით. მუტსაკიც თან წამოგვყვა. ისიც ჩვენსავით გამოუცდელი ყმაწვილი იყო. მამაჩემის, წავის ბრძანებით, ჩემი ბაიდარა მუტსაკისა და კანაკუტის ბაიდარებს შუა მოექციეს, ამით ნიჩბების მოსმისაგან დაღლას გადავრჩებოდი, ასე რომ, ბოლოს თავის გამოჩენა იქნებ როგორღაც მაინც მომეხერხებინა.
დინებას დავყევით.
თავს აღარ შეგაწყენთ მგზავრობის ამბებით. დიდი გზა არ გაგვივლია. მუკუმუკების სოფლის თავში ორ მეომარს შევეყარეთ, რომლებმაც იმსამსვე მოაბრუნეს ბაიდარები და ნიჩბებს მოუსვეს. აქ კი, როგორც მამაჩემს ჰქონდა ნაბრძანები, ჩემი ბაიდარა წინ გამოაგდეს, უკვე მარტოს უნდა მეცურა. ყმაწვილებს ჩემთვის თვალყური უნდა ედევნებინათ, რათა ჩემი სიკვდილის ამბავი წავისათვის მიეტანათ. მამაჩემის, წავისა და სკოლკას, შამანის, უსასტიკესი სასჯელი ყველას აშინებდა და მათ სიტყვას, აბა, ვინ გადავიდოდა.
ნიჩაბი წყალში ჩავუშვი და გაქცეულ მეომრებს გულიანად შევუკურთხე. უშვერი სიტყვების გაგონებაზე ორივემ უკან მოიხედა და ძალიან გაბრაზდნენ, მარტო რომ დამინახეს. როცა სამშვიდობოს გავიდნენ, ბაიდარები ისე მიაყენეს, რომ მაინცდამაინც მათ შორის უნდა გამევლო. ხელში შუბი მოვიმარჯვე, ჩვენი ხალხის საომარი სიმღერა შემოვძახე და გავიარე. შუბები მესროლეს, მაგრამ თავის დაღუნვა მოვასწარი და შუბებმა სტვენით გადამიარეს. ახლა მე ვსტყორცნე, ხელმარჯვნივ მყოფ მუკუმუკს შუბი ყელში გაერჭო და წყალში ტყაპანი მოადინა.
ძალიან გავვოცდი, კაცი რომ შემომაკვდა. მეორეს მივუბრუნდი, ნიჩაბი მძლავრად მოვწიე და სიკვდილთან პირისპირ შესახვედრად წავედი, მან მეორე შუბი მტყორცნა და მხართან რბილში დამჭრა. მე აღარ მისროლია. ახლოს რომ მივედი, შუბის წვერი მკერდზე მივადე და ორივე ხელით მთელის ძალით დავუტრიალე. იმან დამასწრო და ერთხელ თუ ორჯერ ნიჩანი ბრტყლად ჩამცხო. მუკუმუკს ბეჭებში შუბი გავუტარე, მაგრამ მაინც მოახერხა და თავში კიდევ ერთხელ მხეთქა. თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა და ტვინში რაღაც ჩამაწყდა, დიახ, ჩაწყდომის ხმაც გავიგონე. და ის სიმძიმე, აქამდე რომ თვალებზე მეწვა, ამეშვა და რაღაც მარწუხით მოჭერილი წარბები გამეხსნა.
დიდი შვება ვიგრძენი და გული სიხარულით ამევსო. სიკვდილი უნდა იყოს-მეთქი, გავიფიქრე. რატომღაც სიკვდილიი შვებად წარმომედგინა, მაგრამ როცა ორი ცარიელი ბაიდარა დავინახე, მივხვდი, რომ ისევ ცოცხალი ვიყავი .ნიჩბის დარტყმამ მიშველა. გამახსენდა, რომ ვიღაც მოვკალი, სისხლის გემომ უფრო გამახელა. ნიჩაბი გავუყარე იუკონის ტალღებსა და ჩემი ბაიდარა მუკუმუკების სოფლისკენ მივმართე. უკანიდან ყმაწვილების ყვირილი მომესმა, მოვიხედე და მათი ნიჩბების თეთრად აქაფებული წყალი დავინახე.
- დიახ, ჩვენი ნიჩბებისაგან აქაფებული, - ჩაერია მუტსაკი, - წავისაგან ნაბრძანები გვქონდა, მარტოხელა ბელადის სიკვდილი საკუთარი თვალებით გვენახა. ერთი ყმაწვილი ორაგულებისათვის მუკუმუკელთა დაგებულ ფიცერისაკენ მიდიოდა. როცა მარტოხელა ბელადსა და მის უკან ასიოდე კაცს მოჰკრა თვალი, იმწამსვე ბაიდარაში ჩახტა, და განგაშის ასატეხად სოფლისკენ მოუსვა. მარტოხელა ბელადი მთელი სისწრაფით გაედევნა და ჩვენც უკან მივყევით. მარტოხელა ბელადი მხოლოდ მაშინ წამოდგა ფეხზე, როცა ყმაწვილი სოფლის შესასვლელში ნაპირზე გადახტა, და შუბი ძალუმად გასტყორცნა. მუკუმუკელი თეძოებს ზევით დაიჭრა და პირქვე დაეცა.
ახლა მარტოხელა ბელადი გადახტა ნაპირზე და კომბლის ქნევითა და საომარი შეყივლებით სოფელში შევარდა. პირველი, ვინც შემოხვდა, მუკუმულების ბელადი იტვილი იყო. მარტოხელა ბელადმა თავისი საომარი კომბალი იტვილს შიგ თავში ხეთქა და მიწაზე გააგორა. იმის შიშით, რომ მარტოხელა ბელადის სიკვდილს მდინარიდან ვეღარ დაინახავდით, ყველანი ნაპირზე გადმოვედით და სოფელში შევყევით. მაგრამ მუკუმუკები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, და ჩვენც მტრებად მიგვიჩნიეს, მშვილდები მოსწიეს და ისრებმა ზუზუნით გადაგვიარა თავზე. ჩვენც დაგვავიწყდა, რისთვის ვიყავით მოსული, და მუკუმუკებს შუბებითა და კომბლებით დავერიეთ. მტერი მოუმზადებელი დაგვხვდა, დიდი ხოცვა-ჟლეტვა შეიქნა.
- მუკუმულევუს შამანი ჩემი ხელით მოვკალი, - განაცხად მარტოხელა ბელადმა და იმ შორეული დღის მოგონებებისაგან დამჭკნარ სახეზე გამოცოცხლება დაეტყო, - დიახ, ჩემი ხელით მოვკალი, იგი სკოლკაზე უფრო დიდი შამანი იყო. სიკვდილს თვითეული კაცის დანახვისთანავე ველოდი, მაგრამ ყველას ვჯაბნიდი და სიკვდილი აღარ მოდიოდა. ჩანდა, სიცოცხლის სუნთქვა უფრო ძლიერი იყო ჩემს ნესტოებში და სიკვდილი არ შემეძლო.
- მარტოხელა ბელადის კვალდაკვალ მთელი სოფელი შემოვიარეთ, - განაგრძო მუტსაკმა, - მგლის ხროვასავით უკან მივსდევდით, ვიდრე ერთი მებრძოლი მუკუმუკელიც აღარ დარჩა ცოცხალი.
მერე ასიოდე ტყვე, ორჯერ უფრო მეტი ქალი და უთვალავი ბავშვი შევკრიბეთ. ძლიერი ცეცხლი დავანთეთ, სახლები და ქოხები გადავწვით და წამოვედით. ასე მოეღო ბოლო მუკუმუკებს.
- დიახ, ასე მოეღოთ ბოლო მუკუმუკებს, - ამაყად გაიმეორა მარტოხელა ბელადმა, - და როცა სოფელში დავბრუნდით, ტყვეებისა და ნადავლის დანახვაზე ხალხი გაოცდა.
მაგრამ კიდევ უფრო დიიდ იყო მათი გაკვირვება, როცა მე ცოცხალი დამინახეს. ჩემი საგმირო საქმეებით გახარებულ მამაჩემს, წავს, ააკანკალა. იგი რომ მოხუცი იყო და მე ისი უკანასკნელი შვილი ვიყავი. ძველი მეომრებიც გამოვიდნენ-გამოწრთობილნი და გამოცდილნი, მხცოვანნი და ყოვლისმცოდნენი. ხოლო როცა ყველამ ერთად მოიყარა თავი, მე წამოვხტი და მეხივით დავსჭექე, შამანი სკოლკა წინ წამოაყენეთ მეთქი.
- დიახ, ო, თეთრო ადამიანო! - დაიყვირა მუსტაკმა, - ისე დასჭექა, ხალხს კანკალი აუტეხა და მუხლებზე დააჩოქა ფერდაკარგულები.
- და როცა სკოლკა წინ წამოდგა, - ისევ მარტოხელა ბელადმა განაგრძო, - სიკვდილს აღარ ვაპირებ მეთქი, ვუთხარი. უხერხულია საფლავებსი მომლოდინე ბოროტ სულებს იმედი გავუცრუოთ. სჯობს შეუცნობელში სკოლკას სულმა იმოგზაუროს. ეჭვი არ არის, რომ იგი იმ დაუსრულებელ ტყეებსა და წყვდიადში განუწყვეტლივ იყმუვლებს-მეთქი. და მთელი ხალხის წინაშე მოვკალი. დიახ, მე, მარტოხელა ბელადმა მთელი ხალხის წინაშე მოვკალო შამანი სკოლკა. ხოლო როცა ხალხში ბუზღუნი გაისმა, ხმამაღლა შევყვირე...
- მეხივით დაჭექე, - შეუსწორა მუსტაკმა.
- ჰო, მეხივით დავჭექე. ხედავთ, ო, ხალხო ეს მე ვარ მარტოხელა ბელადი, სკოლკას, ცრუ შამანის მკვლელი!კაცთა შორის მხოლოდ მე განვვლე სიკვდილის ჭიშკარი და ისევ ცოცხლად შემოვიქეცი.ჯერეთ უხილავი საგნები ჩემმა თვალებმა იხილა და ჯერეთ უთქმელი სიტყვები ჩემმა ყურებმა ისმინა, მე სკოლკაზე უმეტესი და ყველა შამანზე უდიდესი ვარ. და უფრო დიდი ბელადიცა ვარ, ვიდრე მამაჩემი წავია. იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა უკუმუკებს და მე კი ისინი, ერთ დღეში დავამარცხე, ერთი სულის მოთქმით შევმუსრე და რაკი მამაჩემი, წავი, უკვე დაბერდა, ხოლო შამანი სკოლკა ცოცხლებში აღარ ურევია, თქვენთვის მე ვიქნები შამანიცა და ბელადიც, დიახ, ამიერიდან მე ვარ თქვენი შამანიცა და ბელადიც, ო, ჩემო ხალხო. ხოლო ვისაც ჩემი სიტყვა არ ეპიტნავება, გაბედოს და წინ წამოდგეს!
არავინ განძრეულა.
- უჰუ! სისხლი მაქვს ნაგემი. ხორცი მომიტანეთ, მშია! დაანგრიეთ სურსათის ურმოები, დაგლიჯეთ ბადეები, მოიტანეთ თევზი და ღრეობად დასხედით! სიხარულის სიმღერა ვთქვათ, ხალხო, არა სიკვდილის, არამედ ქორწილისა. ახლა კი გოგო კასაანი მომიყვანეთ, ვინც დედა უნდა იყოს მარტოხელა ბელადის შვილებისა! - შევყვირე მე.
მამაჩემი, წავი, ბებერი იყო, ამიტომ აატირა ჩემმა სიტყვებმა ქალივით. მერე ხელები მუხლებზე მომხვია.იმ დღიდან მოყოლებული მე ვიყავი ბელადიცა და შამანიც. ყველა დიდ პატივს მდებდა და უსიტყვოდ მემორჩილებოდა.
- სანამ თბომავალი არ მოვიდა, - ჩაურთო მუსტაკმა.
- დიახ, სანამ თბომავალი არ მოვიდა, - გაიმეორა მარტოხელა ბელადმა.