მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4886 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ტყის მცველი პავლე სასაფლაოდან მოდიოდა. ხელში ოთხი წლის ვაჟიშვილი გოგია ეჭირა, ხოლო უკან ლასლასითა და ბარბაცით მისი მეორე ვაჟი, ხუთმეტი წლის ნიკა მოსდევდა, - თავჩაქინდრული, ნამტირალევი და გაფითრებული. ცოტა მოშორებით შავი ყორნებივით აბუზული სოფლის დედაკაცები მოდიოდნენ, სულ ბოლოს კი ათიოდე გლეხი მოიზლაზნებოდა.

პავლეს ეზოში მეზობელი გლეხები და დედაკაცები ტრიალებდნენ და ქელეხს ამზადებდნენ. პავლემ მათკენ არც კი მიიხედა და შინ შევიდა. მას შეჰყვნენ ნიკა, მოხუცი მღვდელი ლავრენტი და რამდენიმე გლეხი. მღვდელი პავლეს გვერდით მიუჯდა, გლეხები აქა-იქ აიტუზნენ.

- კაცო, პავლე! - მშვიდად უთხრა მღვდელმა. - რა დაგემართა, შე კაი კაცო! ერთი ხმა ამოიღე, თორემ სადაურია. სამი დღეა შენგან სიტყვა არავის აღარ გაუგონია.

- ცოლი მეც მომიკვდა შვილოსან, მაგრამ არ დავმუნჯებულვარ, - სთქვა ერთმა გლეხმა.

- შენ რა, ჩემი იკითხე, - დაუმატა მეორემ. - ერთ წელიწადში ცოლიც დავმარხე, დედაც და ორი ვაჟიც. ჰეე, ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ რა მექნა! გაძლება უნდა და აკი გავუძელ კიდეცა.

პავლე მაინც ხმას არ იღებდა, კარებს უაზროდ ჩასციებოდა დავერავის ვერ ჰხედავდა, არავის ლაპარაკი არ ესმოდა.

- გაიგე, პავლე? გაიგე, რა სთქვა ნასყიდამ? - ისევ მიუბრუნდა პავლეს მღვდელი, თან მკლავში ხელი წაავლო და ოდნავ შეანჟღრია. - გაათავე, შე კაცო, სთქვი რამე.

პავლემ მღვდელს გადმოჰხედა და უზარმაზარი მკლავები ისე აიქნია, თითქო ფრინველს აფრთხობდაო და ბოხი ხმით წამოიღრიალა:

- გავათავე, მაშა! დავმარხე და გავათავე!... აკი გავათავე...

- ღვთის ნება იყო ჩემო პავლე, დაიწყო მღვდელმა, მაგრამ პავლემ აღარ გაათავებინა: წამოვარდა და ხელების ქნევით ალაპარაკდა:

- ღვთის ნება! ღვთის ნება! რად უნდოდა ღმერთს ჩემი დაქვრივება?! რად უნდოდა ამ ბავშვების დაობლება?!.. ვის რა დავუშავეთ?!.. რა ვერჩოლეთ?!.. რას გვერჩოდა?!..

მერე ისევ ტახტზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩაიმალა და ისე დაიწყო ქშენა, თითქო საბერველი უბერავდა.

- ღმერთს ნუ ჰგმობ, შვილო. - ურჩია მღვდელმა.

- ღმერთს ნუ გაიმწყრალებ, თორემ უარესს გიზამს. - გააფრთხილა სიმონამაც.

თითქმის ყველანი ქელეხის საჭმელად გაიკრიბნენ. მღვდელი, დიაკვანი და ორიოდე მოხუცი კი პავლეს ჩააცივდნენ, მაგრამ ადგილიდან ვერ დასძრეს.

სვეს, ჭამეს, გაძღნენ და დაიშალნენ. მღვდელი, სიმონა და ნასყიდა ისევ შინ შევიდნენ, პავლე გლეხური ნუგეშით გაამხნევეს და ისინიც წავიდნენ.

პავლე ხაფანგში გაბმულ მგელივით ტრიალებდა საღამომდედა დაჭრილ დათვივით ჰგმინავდა, ღმუოდა, ოხრავდა. ერთხელბავშვებმა შემოიხედეს, მაგრამ გამხეცებული მამა რომ დაინახეს და გმინვა და ოხვრა რომ გაიგონეს, ისევ გარეთ გავიდნენ, დერეფანში მიწვნენ და მეტის დათენთილობისაგან და უილაჯობისაგან მალე მიიძინეს.

ნასყიდას ცოლმა მიძინებული ბავშვები რომ დაინახა, თავის საბანი გამოიტანა და გადააფარა.

როცა დაბინდდა, ნასყიდამ ბავშვები გამოაღვიძა, შინ შეიყვანა, ბუხარში ცეცხლი აუნთო, პავლე ორიოდე სიტყვით გაამხნევა და წავიდა.

მამამ შვილები გვერდით მოისვა, დიდხანს აქნევდა გარეტიანებულ თავს და, გაშტერებული, ბუხარს ჩასცქეროდა, მერე წაილუღლუღა:

- გავათავეთ, შვილებო... დავმარხეთ... ოხრად დაგვრჩა ყველაფერი... სახლ-კარი დაგვენგრევა, კერა გაგვიცივდება, მეც დავქვრივდი, თქვენც დაობლდით... ვიღა მოგივლით, ვიღა გვიპატრონებს?!.. ვაი, ჩვენს უბედურებას! ვაი, დაქცეულ ოჯახს!

და თავში ხელები წაიშინა და ატირდა, ატირდა ვაჟკაცის პირველი ტირილით - გულამოსკვნით, მოთქმით და შვებით, ატირდა და შვილებიც აატირა.

 

II

 

პავლე იმ სოფელში ოცი წლის წინათ სხვა სოფლიდან ჩამო-სახლდა. ჯერ მოჯამაგირედ დაუდგა იქაურ მემამულეს და სხვისსახლ-კარზე ოთხ წელიწადს სწია ჭაპანი.

მუყაითი, ერთგული, ბეჯითი და ჩუმი მუშაკი იყო, ამიტომ მემამულეც და ნაცნობ-მეგობრებიც აფასებდნენ და დიდს პატივსასცემდნენ. ახოვანი ვაჟკაცი იყო - ძარღვიანი, ჩაკირული, წელშიმოხრილი, დათვივით ღონიერი და მოუხეშავი. სიტყვა-პასუხსადა ურთიერთობაში - ჩუმი, გულჩახვეული, პირდაღვრემილი დაწარბშეკრული, მაგრამ პირდაპირი, პირიანი და სამართლიანი.

იმ მემამულეს თვრამეტი წლის მოახლე ჰყავდა - პელო - ისიც ჩუმი, უწყინარი, მორცხვი და მშრომელი, - ერთადერთი ქალიშვილი მარტოხელა ქვრივი დედაკაცისა, რომელსაც იმავე სოფელში პატარა სახლ-კარი და ერთი კალთა მიწა ჰქონდა. პელოპავლეს გულში ჩაუვარდა. დიდხანს ჯერ ვერაფერს ვერ უბედავდა, ბოლოს, ერთ საღამოს საბძელთან მიასწრო, გულის სათქმელი უთხრა და სამაგიეროც მოისმინა.

იმავე შემოდგომას ქორწილი გადაიხადეს და პელოს სახლში დასახლდნენ. ორივემ მოჯამაგირობას თავი დაანება. სოფელმა ზედსიძედ შესული პავლე ძმურად მიიღო, რადგან პატიოსანი, მშვიდი და მშრომელი ადამიანი ღირსი იყო ძმობისა და პატივისცემისა.

მალე ხაზინას ტყის მცველი დასჭირდა. წინანდელი ბატონის, მამასახლისისა და მღვდლის დახმარებით ეს ადგილი პავლემ მიიღო, მას შემდეგ პავლეს პატარა ოჯახი მოღონიერდა და ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა. მისი ოჯახური ცხოვრება ერთ დონეზე დადგა, მშვიდობიან კალაპოტში ჩავარდა და დინჯად წავიდა.

პავლეს დაოჯახების შემდეგ თექვსმეტი წელიწადი გავიდა. ცოლ-ქმარს წინანდებურად უყვარდათ ერთმანეთი, უყვარდათ თავისებური, ჩუმი, სოფლური სიყვარულით: უსიტყვოდ, უცეცხლოდ, უცრემლოდ და უტყვად, მაგრამ მტკიცედ, ღრმად და ერთგულად.

ერთი წლის შემდეგ პელოს ვაჟი ეყოლა. ნიკა დაარქვეს. ოთხიწლის წინათ მეორე ვაჟი დაებადა, - ფუნჩულა და ბუთხუზა გოგია, ხოლო შარშან თვითონ პელო დაობლდა: მისი დედა სახადმა გადაიტანა.

პავლე ხან შინ მუშაობდა, ხან მთელი დღით ტყის დასათვალიერებლად და სანადიროდ მთებში ადიოდა. შინ ხელცარიელიარ ბრუნდებოდა: ხან კურდღელს მოიტანდა, ხან მგელს, ხან მელას, ხან ჯიხვს, შველსა და ფრინველს. ხშირად მოუკლავს პავ-ლეს ირემიც, ფოცხვერიც, აფთარიც. რამდენჯერმე დათვიც ჩამოუტანია. ერთხელ დათვი ხანჯლით მოჰკლა, მაგრამ თვითონაცისე იყო ნაკბენ-ნათელავი, თვითონ ვეღარ იარა, გზაში შეხვედრილმა მეურმეებმა ჩამოიყვანეს. მას აქეთ შეშინებული პელო ხშირად ეხვეწებოდა თავის ტოლდასადებ მეუღლეს, ნადირობას თავი დაანებეო, მაგრამ პავლემ არ მოიშალა, რადგან ნადირობის ხალისიც დიდი ჰქონდა და შემოსავალიც ხეირიანი.

პავლეს ახლომახლო მომდურავიც ბევრი ჰყავდა, რადგან მტკიცე და ერთგული მოსამსახურე იყო, უბარათოდ და უწესოდ ტყეს არავის გააფუჭებინებდა, თუ უბარათო ვინმეს მოასწრობდა, ცულს, უღელს, ჯამბარას წაართმევდა და საჩივარს აღძრავდა. მოსისხლე მტერი პავლეს მაინც არა ჰყავდა, რადგან დინჯი და სამართლიანი ადამიანი იყო.

პელო წყალზე გაცივდა და დასნეულდა. დაღონდა, ჩაინგრადა დაიჩაგრა პავლე. დარდმა ხელი დაჰლია და მოთელა. გულზე თითქოს წისქვილის ქვა დააწვა და სიცოცხლის უნარი გაუტეხა. ორ წელიწადს ეჭიდებოდა სულთამხუთავს, რომელიც დღე და ღამე პელოს დასტრიალებდა. ისედაც დაბურული პავლეს გული, უარესად ჩაიკეტა და დაიხურა, ტყეში სიარულს უკლო, ბაღ-მინდვრის მუშაობაზეც გული აიყარა, მუდმივ შინ ტრიალებდა და ავადმყოფს თავს ევლებოდა. ბოლოს სულთამხუთავმა მაინც სძლია პავლეს, მაინც თავისი გაიტანა და ისედაც გატეხილ ოჯახს მილეულ-დამდნარი დედაბოძი გამოაცალა.

მას აქეთ პავლე სულ დაბნელდა, წელში უარესად მოიხარა, ორ თვეში გაჭაღარავდა, ენა მუცელში ჩაიგდო და დამუნჯდა. სალაპარაკოდ აღარავის არ იკარებდა, სოფელში აღარ გადიოდა და ნანადირევიც თითქმის აღარ მოჰქონდა. ტყეში რომ მიდიოდა, ზოგჯერ ნიკასაც წაიყვანდა და სახლს დაჰკეტავდა, ხოლო გოგიას და საქონლის პატრონობას ნასყიდას მიაბარებდა.

უპატრონო ოჯახი დღითი დღე უკან-უკან მიდიოდა და ნიავდებოდა. პავლეც თვალნათლივ ამჩნევდა ოჯახის დაქვეითებას, მაგრამ არ იცოდა რა ექნა. სამსახურს თავს ვერ ანებებდა, რადგან კარგი შემოსავალი ჰქონდა, ხოლო ორივე საქმეს - სამსახურსაც და ოჯახის მოვლასაც მარტოხელა ადამიანი ვერ ერეოდა. ბოლოს, ბევრი ფიქრისა და ტორტმანის შემდეგ, ტყეში გადასახლება გადაწყვიტა.

პეტრე დოლენჯაშვილი საკუთარი სახლ კარის აშენებას აპირებდა. პავლე სიმონას მოელაპარაკა. სიმონამ შუაკაცობა იკისრა და პეტრეს სიტყვა გადაუკრა: რად გინდა ახალი სახლ-კარი, აიღე და პავლეს სახლიც იყიდე, ბაღიც და სახნავი მიწებიცაო. პეტრე შეძლებული კაცი იყო. დასთანხმდა. მისვლა-მოსვლამ დალაპარაკმა დიდხანს გასტანა, ბოლოს ორმოც თუმანზე მორიგდნენ. სახნავ სათესი მიწები მაშინვე ჩააბარა, ხოლო სახლ-კარი მაისში უნდა დაეცალა.

პავლემ ხაზინიდან იფნიანის ტყეში დასახლების უფლება გამოიტანა და მაშინვე საქმეს შეუდგა. თედო ბირთველაშვილს იფნიანში სამოცი მოჭრილი ხე ჰქონდა. პავლემ ეს ხეები იყიდა და ტყეში რომ თოვლი აიკრიფა, მხერხავები, დურგლები და მეზობელი გლეხკაცები წაიყვანა და უღრან ტყეში ცულების ჩახაჩუხი, ხერხების ჟივილ-ხივილი, ჩაქუჩების რახარუხი, შალაშინების ფრიალ-ფრიალი ასტყდა. ტყეშიც ცისმარე დღეს ცეცხლი ენთოდა მისი ბოლი შორიდანვე მოსჩანდა. ნადირი დაფრთხა და იქაურობას მოშორდა. ნიკა ძლივს ასწრობდა სოფლიდან საგზლის ზიდვას.

სააღდგომოდ ყველაფერი მზად იყო. აღდგომა პავლემ ძველ სახლში გაატარა, მერმე კი სახლ-კარი პეტრეს ჩააბარა და თვითონ თავისი ორი შვილით იფნიანში გადასახლდა, თან ოჯახის მოწყობილობა წაიღო და საქონელიც წაიყვანა. იმ ხანებში პავლეს ვიღაცამ ტყის კაცი დაარქვა და მას აქეთ ეს სახელი დასჩემდა.

 

III

 

იფნიანის უზარმაზარი ტყე ერთი დღის სავალზეა გადაჭიმუ-ლი. ამ ტყის შუაგულში სამი წოწოლა გორა აღმართულა, სამივეუღრანი ტყით შემოსილი. ერთი გორის ძირში დიდი ჭაობია გაჭიმული, ისეთი მაღალი ბალახითა და ათასნაირი ყვავილებითაადაფენილი, რომ ადამიანს მკერდამდის სწვდება, შუაგულ ტაფობში სამი დევი, სამი უზარმაზარი, დაბურული, დაბერებული, შვიდ ადლიანი მუხა ასვეტილიყო და სამივენი ისე გაჩერებულიყვნენ და გაწოლილიყვნენ, რომ მათს ჩრდილში თუნდ ორასი კაცისათვის გაიშლებოდა სუფრა. ერთი გორიდან ტაფობში მოზრდილი წყარო ჩამოჩუსჩუხებს, ბალახ-ბულახში მისცოცავს, მერე ტყეში შედის და იქიდან შხუილით გადადის ღრმა ხევში.

პავლეს ამ გორაკის ძირში, ტაფობის ნაპირად წამოეჭიმა ახალი ორსართულიანი სახლი. ქვემო სართულში გომური გაემართა, ზემო სართულში - საცხოვრებელი ბინა. სამიოდე მუშა კიდევჰყავდა. იმ ტაფობს მაგარ ღობეს ავლებდნენ, სასიმინდეს აშენებდნენ, საბოსტნეს ჰბარავდნენ.

მაისის დამდეგს ძველმა მეზობლებმა იფნიანში გუთნეული ამორეკეს და ხუთ დღეში ტაფობი მთლად გადაჰხნეს, დასთესეს და დაფარცხეს. მერმე ყველანი წავიდნენ და პავლე, ნიკა და გოგია ბნელსა და თვალუწვდენელ ტყეში მარტოდმარტოდ დარჩნენ.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ჰქონდათ პავლესა და ნიკას. რიჟრაჟზე ადგებოდნენ, იქვე წყაროზე პირს დაიბანდნენ, ძროხებსა და ცხვარს მოსწველიდნენ, რძეს აადუღებდნენ, მერმე დილის ძილში წასულ გოგიას სადარაჯოდ ერთგულ ძაღლს - ბოღრიას ანყურშას - კიბესთან მიუბამდნენ და თვითონ კი ცულით, წალდით, ბარითა და თოხით სამუშაოდ გავიდოდნენ, თან საქონელს გარეკავდნენ, იქვე მინდორზე გაუშვებდნენ და მერმე მეორე ძაღლს მიუჩენდნენ.

ის ძაღლები ისე იყვნენ დაგეშილები, რომ სახლთანარავის არ მიუშვებდნენ, ნიადაგ ტაფობს დასტრიალებდნენ, მუდმივ საქონელს გარს უვლიდნენ, თუ ხარი, ძროხა, კამეჩი ან ცხვარი ნახირს მოსწყდებოდა და ტყისკენ წავიდოდა, ძაღლი ღრენით და ყეფით მოუჭრიდა გზას, ფეხებში მივარდებოდა, ჰკბენდა და იქამდე არ მოუსვენებდა, სანამ ნახირში დააბრუნებდა.

პავლე და ნიკა წელზე ფეხს იდგამდნენ, სამ დღეღამეს ასწორებდნენ და იფნიანის უღრან ტყეში ახალ ოჯახს იშენებდნენ. ჯერ ღობე დაამთავრეს, მერმე საქათმე ააშენეს, შემდეგ წყარო რუში ჩააყენეს; ხან სთოხნიდნენ, ხან მარგლიდნენ, ხან ჭირნახულს რწყავდნენ, ხან კიდევ, როცა ძალიან წამოცხებოდა, იმ გოლიათ მუხების ჩრდილში სკებსა და გოდრებს სწნავდნენ.

სამხარი რომ მოატანს, შინ შევლენ, გოგიას ააყენებენ, პირსდაჰბანენ, მოუვლიან, თვითონაც შენაყრდებიან და ისევ მინდორში გავლენ. გოგიასაც თან წაიყვანენ და სანოვაგესაც წაიღებენ.

მუხების ქვეშ ცეცხლს გააჩენენ, ზედადგარზე ქვაბს შესდგამენ და სადილს იქ მოჰხარშავენ. კეცსაც გაახურებდნენ და ხმიადს ან მჭადს გამოიცხობდნენ. დასაკერებელსაც თვითონ დაიკერებდნენ და გასარეცხსაც თვითონ გარეცხავდნენ.

პავლე არც სამსახურს ივიწყებს. ზოგჯერ, უფრო კი ავდარში, თოფს აიკიდებს და ტყეს დაათვალიერებს. ზოგჯერ ნანადირევსაც მოიტანს, მაგრამ შორს წასვლას ვერა ჰბედავს, რადგან დიდი ხნით ბავშვების დატოვებისა ეშინიან.

ზოგჯერ გორაკზედაც ავიდოდა და იქიდან ყურს მიუგდებდა - ცულის ხმა ხომ არსაიდან ისმისო, ან ტყე ხომ არ იწვისო.

ნიკასთვის და გოგიასთვის საუცხოვო, უჩვევი, საშინელი საარაკო იყო იმ ტყეში ცხოვრება, უკაცოდ, უმეზობლოდ და უტოლ-ამხანაგოდ.

უთავბოლო, უზარმაზარი, უღრანი და ბნელი ტყე ათასი იდუმალებით იყო სავსე. ზოგჯერ ტყეში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდებოდა, რომ საკუთარი სუნთქვაც კი ისმოდა. უფრო ხშირად ტყე ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ჰფუსფუსებდა.

მაისის ღამეს მოულოდნელად გაიელვებდა, დაიჭექებდა დამთელი ღამე შხუილით წვიმდა. ზოგჯერ უცებ გრიგალი ამოვარდებოდა, იქაურობას ღრიალით დააყრუებდა და ისევ უცებ ჩავარდებოდა.

დიდ ქარში ღამ-ღამობით ტყე ჰღმუოდა, ჰკვნესოდა, ზანზარებდა და გრიალი გაჰქონდა, მერე კი საამურად, მოლხენილი დამზიანი დილა გათენდებოდა. ასეთ დღეში ნიკა და გოგია ტაფობს დაირბენდნენ და ახლო-მახლო ტყეშიც შეერეოდნენ, თან ყურშას და ბოღრიასაც წაიყვანდნენ.

ნამიანი ტყე და ტაფობი ათას ფერად ბრწყინავდა. ფრინველების ჟრიამული იქაურობას აყრუებდა; კვერნა, ციყვი, თრითინა, დედოფალა და კატუნი მხიარულად დანავარდობდნენ. გრიგა-ლის შემდეგ ტყე წაქცეულ და გაჩეხილ ხეებით ივსებოდა, და იგიამ დროს დახოცილი ვაჟკაცებით დაფენილ ბრძოლის ველს ჰგავდა.

ცაში არხეინად დასცურავდნენ ცის მეფენი - არწივი, ქორი, სვავი, ძერა. ზოგჯერ რომელიმე ონავარი ფრინველი ისარივით დაეშვებოდა დაბლა. წვრილფეხა ფრინველებში ერთი ჟრიამული და ჟივილ-ხივილი ასტყდებოდა. ტუტუცი და მშიშარა ოფოფი გულაღმა გაწვებოდა, ნისკარტს ზევით აიწევდა და ვითომ თავსიცავდა. კრუხები აიბურძგნებოდნენ, კუხკუხს ასტეხავდნენ და წიწილებს დაუვლიდნენ; გოგია „ჰაია-ჰაიას“ გაჰკიოდა, ხოლო ნიკა თოფს უმიზნებდა და ხან ძერას და ხან ქორს ჩამოაგდებდა.

შროშანა ცხვარს ჰხიბლავდა; შაშვი ზილით ჭახჭახებდა; მოლაღური მუდმივ ბიჭო-გოგიას გაჰკიოდა; გუგული ჰგუგუნებდა; კოდალა აკაკუნებდა და მემატლიეს, ჩხიკვის, ყაპ-ყაპის, ღალღის, ანკარისა და ასნაირი ჩიტების ჟივილ-ხივილი იქაურობას ავსებდა. შუადღე რომ მოატანდა, სიცხისგან დათენთილი ფრინველიდა ცხოველი მიყუჩდებოდა; ტყეც თვლემას მიეცემოდა; გვრიტიმაინც დვრინავდა, კოდალა ისევ აკაკუნებდა, ქედანი ღუღუნებდა, ანცი ციყვი ისევ დახტოდა.

როცა დაღამდებოდა, ღამის ფრინველი და ნადირიც მაშინ გაიღვიძებდნენ, სორო-ბუნაგებიდან და ბუდეებიდან გამოვიდოდნენ, ახმაურდებოდნენ და ამ უღრან ტყეს ღამით ჩამუნით, ფუსფუსით და კივილ-წრიპინით აცოცხლებდნენ.

ერთი ოლოლა მეორეს გადასძახებდა:

- იპოვე-ე-ე?

მეორე უპასუხებდა:

- ვერა, ვერა-ა!

ასიდამა წვრილ ხმაზე გაიძახოდა:

- კლიპ-კლიპ! კლიპ-კლიპ!

ჭოტი ისევ თავის ობლურს გაჰკიოდა.

ზოგჯერ ხევში სადმე მიკიოტი საზარლად დაიყივლებდა. მისყივილზე ძაღლები ყმუილს ასტეხავდნენ. პავლე პირჯვარს იწერდა და ბურტყუნით იწყევლებოდა. ძაღლები დილამდე იღრინებოდნენ, ჰყეფდნენ და ხილულსა და უხილავ ნადირს იგერიებდნენ.

ღამის წყვდიადში ხან ახლო-მახლო და ხან მოშორებით მგლის ყმუილი, ტურის ყეფა, მაჩვის ჩხავილი, ზოგჯერ აფთრის გოდება, მელიის წრიპინი და დათვის ბურტყუნიც გაისმოდა.

ნიკა ზოგჯერ ფუტკარს ეძებდა: ცვილს დასწვავდა და სუნით მოიზიდავდა. მერმე ფუტკარს გამოუდგებოდა და ბუდემდე მიჰყვებოდა. კვალს რომ მიაგნებდა, ჯერ იმ ხეს დაჰმორავდა წალდით, საცა ფუტკარი ბუდობდა და მერმე მამას დაუძახებდა. ორივენი ფუტკრის ამოსაყვანად წავიდოდნენ, თან დაწნულ სკას წაიღებდნენ. ფუტკარს რომ შეუბოლებდნენ და ხის ფუღუროდან გამოაფრენდნენ, იმ ხეს მოსჭრიდნენ, თაფლს ამოიღებდნენ, სკაში ჩასდებდნენ, შიგფუტკარს ჩაჰყრიდნენ - წამოიღებდნენ და ცაცხვის ქვეშ დასდგამდნენ.

ბუთხუზა გოგია ახლო-მახლო დაცოცავდა და ბილილას, ღელის შროშანას, სამყურას, ნასარას და ასნაირ უცხო ყვავილს აგროვებდა და მაჟალოს, პანტას, სვინტრს, სატაცურს, მჟაუნას, სოკოსა და ტყემალსაც ჰკრეფდა.

პავლეს საქონელი შვილივით უყვარდა და მისი მოვლაც იცოდა. სხვა მშველელი რომ არავინ არ ჰყავდა, სადღვებელი და ხისკასრები თვითონვე გააკეთა, მამა-შვილი კარაქსაც თვითონვე დღვებავდნენ, ერბოსაც თვითონ ადნობდნენ, ყველსაც აკეთებდნენ და გუდებსა, კასრებსა და ქილებში ინახავდნენ.

ზაფხულში სიმინდს მაჩვი და დათვი შემოეჩვია. მაჩვი ღეროსსჭრიდა და ისე ჰფრუტუნებდა, თითქო იფურთხებაო. პავლემ დათვს კვალი აუღო და ღამით ჩაუსაფრდა. ნიკაც თან ჰყავდა. ნელი ნიავი იქით უბერავდა, საიდანაც დათვი უნდა გამოსულიყო,ამიტომ დათვმა დასაფრებულთა სუნი ვერ აიღო, გამოვიდა დათან ორი ბელი, ორი პატარა ბოკვერი გამოიყვანა.

შუაღამე გასული იქნებოდა, როცა ღობის ლაწუნი მოისმა, მამა-შვილი ბუჩქის ძირში იდგნენ. თოფები შემზადებული ჰქონდათ. მთვარე ჩასავალს იყო და იქაურობას მკრთალად ანათებდა. დათვმა თითქო ხიფათი იგრძნოო, შესდგა და გაინაბა. მამა-შვილიც გატვრინდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ლაწუნი მოისმა. დათვი ღობეზე გადმოვიდა და ორივე ბელიც გადმოჰყვა.

პავლემ ნიკას წასჩურჩულა:

- ბელს თავი დაანებე, დედას ესროლე...

ისევ მოისმა ფაჩუნი. თავჩაღუნული დათვი ჰაერს ჰსუნავდა და ფრთხილად მოჰბობღავდა. პავლემ ნიკას ნიდაყვი წაჰკრა. ორივემ დაუმიზნეს. ორმა ცეცხლმა გაიელვა, ორმა თოფმა იგრიალადა ის გრიალი ტყეს ქუხილად მოედო. იმავ წამს დათვის ღრიალმაც გააყრუა ტყე. დაჭრილი დათვი უკანა ფეხზე ატორტმანდა და ბღავილით და ხრიალით წამოვიდა. პავლემ ნიკას მიაძახა:

- გასტენე თოფი! - და თვითონ მარცხენა ხელით ბეწვიანი ქუდი დათვს პირში მისცა, ხოლო ადლიანი ხანჯალი მარჯვენა ხელით ყელში გაუყარა.

იმავ წამს ნიკამ დათვს ხელმეორედ დაახალა თოფი და დათვმა ერთხელ კიდევ დაიღრიალა, მერმე ზურგზე გადავარდა და ხრიალი დაიწყო. პავლემ ხანჯლით ყელი გამოსჭრა და წაიბურტყუნა:

- გათავდა. აბა ეხლა ბელებს გავყვეთ.

სიმინდის ლაწალუწს გაჰყვნენ. ღობის კუთხეში ორი პატარა ბელი აბუზულიყო. ბურტყუნებდნენ და იკაწრებოდნენ. ორივენი ხელით დაიჭირეს. დათვის ღრიალზე ძაღლებიც მოვარდნენ და უღრანი ტყე მხიარული ყეფით და წკმუტუნით გაავსეს.

იმ დღიდან პატარა გოგიას გასართობი მოემატა.

შემოდგომაც მოვიდა. ბოსტნეული მოჰკრიფეს. ზოგი წნილად ჩასდეს და ზოგიც ნედლად შეინახეს. ბოლოს სიმინდიც მოსტეხეს. ყველაფერი რომ აიკრიფა და დაბინავდა, პავლემ ნასყიდა დაიბარა და რამდენიმე დღით თავის მაგივრად დასტოვა, თვითონ კი ქალაქში ყველი, ერბო და თაფლი წაიღო, მალე დაბრუნდა და ზამთრის მარაგიც მოიტანა.

იფნიანში ისევ სიჩუმე და მყუდროება დამყარდა. პავლემ შვილებს თბილი ტანისამოსი უყიდა, ნიკას ჩოხა და ქურქი ჩააცვა, ხოლო გოგიას, ტანისამოსის გარდა, ხმელი ხილიც მოუტანა, მაგრამ დაუმალა და ყოველდღე უზოგავდა, თან კელაპტრისოდენა კაჟიან თითებს ფუნჩულა ლოყებზე უსვამდა და ჰბურტყუნებდა:

- შენ ჰეი, გოგიავ, ჭკვიანად იყავი, თორემ... მე ვიცი შენი, შე დათვის ბელო, შენა!

გოგია მართლა დათვის ბელსა ჰგავდა, რადგან თავის მამის შვილი იყო და დათვის ბელებთან იზრდებოდა: შავთვალწარბა, თმაჯაგარა, ფუნჩულა და ისეთივე მრგვალი, როგორც მისი ორიახალი მეგობარი, რომელნიც ხშირად ჰბღაოდნენ და გოგიასაც აბღავლებდნენ.

ნიკაც თავისი მამის შვილი იყო. თხუთმეტი წლისა ძლივს შესრულდა, მაგრამ თითქმის დაეწია მამას, მისებრ მაღალი, მხარბეჭიანი, ტლანქი, ჩუმი და მოუხეშავი გამოდგა.

ზოგჯერ ისე დამთავრდებოდა დღე, რომ მამა-შვილი ერთმანეთს ხმასაც არ გასცემდნენ ან ორიოდე სიტყვას ძლივს ეტყოდნენ. არც პავლეს და არც ნიკას ლაპარაკი არ უყვარდათ, არც ეხერხებოდათ. ორივემ თავიანთი საქმე იცოდნენ, ერთმანეთსუფრო თვალებით ელაპარაკებოდნენ, ვიდრე ენით და დარდსაცდა სიხარულსაც გულში იხვევდნენ და ერთმანეთს არ უზიარებდნენ. ან რა საჭირო იყო სიტყვა, რაკი ერთმანეთის აზრი ყოველთვის იცოდნენ და გულისნადებიც ესმოდათ?

პავლე მაინც ნაღვლობდა და ნიადაგ მომავალზე ჰფიქრობდა, რადგან მისი აწმყო და მომავალიც ოღონდაც რომ სადარდელ-საფიქრებელი იყო.

- უქალო ოჯახი, ისიც ამ ვერანა ტყეში, თუნდაც არ ყოფილა. - ჩაუკრა სიტყვა ნასყიდამ, როცა პავლე ქალაქიდან დაბრუნდა.

პავლემ მოკლედ მოუჭრა:

- მაგას ნუღარ მეტყვი, ქალს ნუღარ გამახსენებ.

ნასყიდამ იცოდა პავლეს ხასიათი და ამიტომ ცოლის შერთვაზე ხმა აღარ გაუცია.

პავლეს მაინც არ უცხრებოდა გული, გონება არ უყუჩდებოდა. ოცდაჩვიდმეტი წლისა იქნებოდა: ჯარ ისევ ახალგაზრდა, მაგარი და ჯანიანი კაცი იყო და ამიტომ ბუნება თავისას მოითხოვდა, მაგრამ ტყის კაცი მეორე ცოლის შერთვას აზრადაც არ იტარებდა, რადგან განსვენებულ პელოს თავის გულში ფიცი მისცა: შენ არავისზე არ გაგცვლი, არავის არ განაცვლებო.

პავლეს მაინც ერთი რამ უწუხებდა გულს, ერთი რამ აფიქრებდა: როდემდის უნდა იცხოვრონ ამ ვერანა ტყეში გავარდნილი ნადირებივით მისმა შვილებმა? რანი გაიზრდებიან უქვეყნოდ და უხალხოდ? ვინ მიიღებს, ვინ დაუმოყვრდება? ქალს ვინ მიათხოვებს ამ უდაბნოში ნიკას, რომელიც ალბათ მალე მოინდომებს დაოჯახებას? ვთქვათ, ან პავლე ან ნიკა ავად გახდნენ: ვინ მიჰხედავს საქონელს? ვინ მოუვლის ტყეს? ვინ გააკეთებს ამოდენა საქმეს?

გოგია ორი დღით ავად გახდა. პავლე ექიმის მოყვანას ფიქრობდა, მაგრამ ვის მოიყვანდა? ვინ ავიდოდა იმ სიშორეზე, იმ უდაბურ ტყეში? ნიკა უნდა გაეგზავნა, მაგრამ ტყე? საქონელი? ბოსტანი და სიმინდი? ორ-სამ დღეს მოითმენდა პავლე, მაგრამ როგორ დაენებებინა თავი ერთი კვირით ან ერთი თვით?

ჰფიქრობდა პავლე და სწუხდა, მაგრამ გზა ვერ ეპოვნა, ამიტომ ყველაფერი ისევ ძველებურად, ისევ თავის გზით მიდიოდა.

 

IV

 

შემოდგომამ ტყე ათასფრად შეღება: ჩალა, მიხაკი, ოქრო, რუხი, ალი, მწვანე და წითელი - ყოველნაირი ფერები აირივნენ და გაითქვიფნენ.

ფრინველებიც გაფრინდნენ. დარჩნენ მხოლოდ კაჭკაჭი, კოდალა, ჩხიკვი, შაშვი, წიწკანა, ბეღურა, ჟივჟავი და ყვავი, რომელნიც ჩხავილით და ჟივილ-ხივილით იკლებდნენ იქაურობას.

ზოგჯერ ტყეს მთელი კვირით ნისლი დააწვებოდა და ღრუბლიანი ცა წვიმით იცრებოდა. ასეთ დროში პავლე და მისი შვილები ვერ ისვენებდნენ, გალიაში მომწყვდეული მხეცებივით დაბორიალებდნენ პატარა სახლში და უფრო ხშირად საქონელს, დათვის ბელებს და ძაღლებს ელაპარაკებოდნენ, ვიდრე ერთმანეთს. მერმე ქურა გააკეთეს და ნახშირის წვა დაიწყეს. ცაში ასვეტილი ბოლი ერთი დღის სავალზე მოსჩანდა. ბარში გლეხები ამბობდნენ:

- იფნიანში ტყის კაცი ნახშირს სწვავს. ალბათ ის კაცი სულ გამოყრუვდა და განადირდა.

ნადირობას მოუხშირეს. რიგრიგად დადიოდნენ, თან კუნელს, ზღმარტლს, სოკოს, წიფლის თესლსა და რკოს ჰკრეფდნენ.

ზამთარიც უცებ მოვიდა. ერთ ღამეში ერთი ადლი თოვლი დასდო და ირგვლივ მხოლოდ თეთრი ფერიღა მოსჩანდა. ნადირი გათამამდა. იფნიანს მიეტანა და მგლების ღმუილი და ტურა-მელას ჩხავილიც გახშირდა.

საღამოობით პავლე ორ-სამ ალაგას ხაფანგს დააგებდა. ხაფანგში გაბმული ნადირის მოსაკლავად დილით ორივენი თოფებით გადიოდნენ. უფრო ხშირად მგელსა და მელას აწყდებოდნენ, უფრო იშვიათად - აფთარსა და ფოცხვერს. თუ ნადირი ხაფანგში ადრე გაებმებოდა, ხშირად გაბმულ ფეხს საკუთარი კბილით მოიჭამდა და წავიდოდა, და თუ დილით გაებმებოდა - მონადირეებს ცოცხლად ჩაუვარდებოდა ხელში. ზოგჯერ კი ნადირი მახეს აიწყვეტავდა და დიდს მანძილზე გაათრევდა, მაგრამ ბოლოს იმ მახეს სადმე ბუჩქს გამოსდებდა და თავს ხელმეორედ დაიბამდა.

ნადირის ხორცით ძაღლებს ასუქებდნენ, ხოლო ტყავს ამარილებდნენ და ახმობდნენ.

ბოლოს, გაუთავებელ ზამთარში სამივენი თვითონაც განადირდნენ, ჭუჭყით აივსნენ და დამუნჯდნენ.

ზამთარი ძლივს დაილია. ბარში თოვლი დადნა. თბილმა სიომ დაუბერა და ტყეში ლილო გამოაჩინა, თოვლი გაალხო, აჰკრიფა და შეჭამა. კვირტიც გასუქდა და გაიბერა.

ცაში წეროების ჟივილი გაისმა. ოფოფი, მერცხალი, გუგული და ლაგლაგი მოფრინდნენ. ტყე ახმაურდა, აიშალა და ნელ-ნელა აჰყვავდა. ჯერ შინდი აყვითლდა, მერმე პანტა, მაჟალო, კუნელი და ტყემალი აიპენტნენ, ათეთრდნენ და შევარდისფერდნენ. შემდეგ იფნი, ნეკერჩხალი, წიფელა, თელა, რცხილა, მუხა და ცაცხვი ამწვანდნენ და შეკუნწულდნენ. ბოლოს ერთ დღეს დაიქუხა და გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმაც წამოვიდა.

პავლე და ნიკა ისევ მიწას დაეძგერნენ და გაშმაგებულნი, გააფთრებულნი, დილიდან საღამომდე ოფლში იწურებოდნენ.

ერთხელ გოგიას ხველა აუვარდა და სიცხეც მისცა. პავლემ ჯერ ყურადღება არ მიაქცია. საღამოზე ბავშვს ხმა ჩაუწყდა და გონება დაეკარგა. პავლე აიშალა და აიმღვრა. გათენებამდე თვალი არ დაუხუჭავს, ხან გამგელებული დარბოდა ოთახში და ბურტყუნებდა:

- ჰა? ექიმი აქ არ მოვა?... მაშ მე თვითონ წავალ და გოგიას წავიყვან... არა, სჯობია შენ წახვიდე, შენ წაიყვანე... ხან კიდევ გოგიას მიუჯდებოდა. ანთებულ ლოყებსა და შუბლზე ტლანქ თითებს უსვამდა და ეკითხებოდა:

- შვილო, გოგია, ვერა მცნობ? გოგიავ, ხმა გამე, ბიჭო! რა დაგემართა?.. რა გემართება?

რიჟრაჟმა რომ მოატანა, გოგიამ ხრიალი დაიწყო. პავლემ ბავშვი ჯერ სველი ტილოთი დაზილა, მერმე ერბო წაუსვა, ყელში ძმარი ჩაასხა, მაგრამ ავადმყოფს ვერაფერი ვერ უშველა.

მამა გაფითრდა და კინაღამ გაგიჟდა. მეტის სიმწრისაგან თავს ბოძს ახლიდა და ღმუოდა:

- შვილო, გოგია!.. შვილო, გოგია!..

- კარგი, გაათავე! - მაგით რას უშველი, ექიმთან წავიყვან, ჩქარა, ფული მომე.

პავლე უცებ გამოფხიზლდა და დაფაცურდა.

- აბა, შენ იცი... ეხლავე წაიყვანე... დღესვე ამბავი მომაწოდე. აი ფულიც წაიღე... სულ წაიღე... აბა, ჩქარა, არ დაიგვიანო.

და გონებადაკარგული გოგია თბილად შეახვია, ხელში აიყვანა, ჯერ დააცქერდა, მერმე პირველი კოცნით აკოცა შუბლზე და ნიკას გადასცა.

ორივენი გამოვიდნენ. თენდებოდა. პავლემ ნიკა დიდ მანძილზე გააცილა, გოგიას ერთხელ კიდევ აკოცა და გაისტუმრა, თან მიაძახა:

- აბა, ნიკავ, შენ იცი და შენმა ბიჭობამ! ცოცხალი აღარ დაბრუნდე თუ... შენი იმედითა ვარ. გესმის, ბიჭო!

და ძუნძულით მიმავალ ნიკას თვალი გააყოლა. ნიკა მაშინვე მიიმალა ტყეში.

პავლე დიდხანს იდგა გაშტერებული და გარინდული. მერმე შინ დაბრუნდა და მარტოობა რომ იგრძნო და გოგიას სიკვდილი რომ წარმოიდგინა, ისევ გამწარდა და ისევ ბოძს დაეძგერა, თან ღმუოდა:

- შვილო, გოგია!.. გოგიაჯან!... ჩემო გოგინო!..

შემდეგ თოფს ხელი მოავლო, საქონელი ბოღრიას ჩააბარა, ყურშა თვითონ წაიყვანა და ნიკას გამოუდგა. უნდოდა დასწეოდა, ნიკა დაებრუნებინა და გოგია თვითონვე წაეყვანა. ხევში რომ ჩავიდა და ბლომა მანძილი გაიარა, ჭილათხევიდან ცულის რაკუნი მოესმა. გზას გადაუხვია და ღარიბ-ღატაკ მიხა ნარიკაშვილს მიეპარა მგლის ნაბიჯით.

სხვა დროს უღელს, ცულსა და კამპარას წაართმევდა, ეხლა კი რაღაცა დაემართა: იქვე მორზე ჩამოჯდა და მიხას გამარჯვება უთხრა და ოჯახის ამბავიც გამოჰკითხა.

მიხას შარშან ხუთი წლის ვაჟი მოუკვდა. პავლემაც იცოდა ეს ამბავი, მაგრამ არ იცოდა ის ბავშვი რისგან და როგორ მოკვდა. ეხლა მიხამ დაწვრილებით უამბო თავისი ვაჟის სიკვდილი და ბოლოს დაუმატა:

- შენ მტერსა, რაც მე სიმწარე ვნახე. ღმერთმა გაშოროს. ძნელია, ძალიან ძნელია შვილის სიკვდილი. დედაკაცი რომ არ მყოლოდა, ან გავგიჟდებოდი, ან თავს მოვიკლავდი. ერთმანეთს მხარი მივეცით და ერთმანეთი გავიტანეთ.

დიდხანს იჯდა პავლე დაფიქრებული. მან კარგად იცოდა, რომ მიხას ბარათი არა ჰქონდა, მაგრამ არც მოსთხოვა, ხმაც არ ამოიღო. ნიკას ვეღარ დაეწეოდა, ამიტომ უკან დაბრუნდა. ადამიანის ნახვამ და ლაპარაკმა დაამშვიდა, გაცხარებული ტვინი დაუამა.

 

V

 

ნიკამ ავადმყოფი ძმა მღვდელს მიუყვანა. მღვდელმა ავადმყოფს ვერაფერი ვერ გაუგო და ნიკას ქალაქში წასვლა ურჩია.სადგურამდე ურმით ჩავიდნენ და საღამოზე უკვე ქალაქში იყვნენ. მღვდელმა ნიკას წერილი გაატანა თავის ბიძაშვილთან, რომელმაც მაშინვე დაუძახა ექიმს.

მეორე დღეს ბავშვი გონს მოვიდა. ორი დღის შემდეგ ექიმმა უთხრა, ერთ კვირაში მორჩებაო. ეს ამბავი მღვდელს მისწერეს, მღვდელმა კი ტყეში მიმავალი გლეხის პირით გაახარა პავლე. ტყის კაცი გამოცოცხლდა, გამხიარულდა და, სხვა რომ არავინ არა ჰყავდა მოლაპარაკე, სიხარული ძაღლებს გაუზიარა:

- შენ, ჰეი, სამგლევ! ჭკუით იყავი, თორემ მე ვიცი შენი!.. ყურშავ, მოისვენე, თორემ გოგიას ვეტყვი და ის ამოვა შენს ოხტში!

მერმე დათვებს გაუღიმა და გაეთამაშა:

- ჰაი თქვე ციმფიებო, თქვენა! ნუ იკბინები, შე მაიმუნო!.. ბოღრიავ, მიშველე!.. ყურშავ, მომაშორე ეს სამგლე! ახა-ხა! ოხო-ხო!

და უღრან ტყეში პირველად გაისმა გაველურებული პავლეს ხუმრობა და სიცილი.

ყველანი ჰგორაობდნენ, ერთმანეთს ჰბუბნიდნენ, ჰბღანძალაობდნენ, ახრჩობდნენ, ხუმრობით ჰკბენდნენ და ჭიდაობდნენ.

- ბიჭო, გოგიავ, მიშველე!.. ნიკავ, სადა ხარ, ბიჭო, მიშველე! - ხრიალებდა და ხარხარებდა პავლე.

შემდეგ კი, როცა დაიღალა და მოიქანცა, ძაღლებს მიჰმართა:

- ბოღრიავ, ყურშავ, აბა ეხლა საქონელს მივხედოთ. ღობეზე კაჭკაჭი ჩხავის.

- შენ ჰეი, ტუტრუცანავ, რასა ყბედობ მანდა! და გოგიას და ნიკას ამბავს საქონელს ატყობინებს:

- ლაბავ, შე ზანტო, შენა! ნიკას სახრეს გადაეჩვიე, განა! დაიცა,მოვიდეს!.. შვინდა, გოგიას ნახვა მოგინდა? მოდის, შვილოსან, მოდის... შენ ჰეი, ცერცეტავ! - ეძახის თხას, - რას აცანცარებ მაგ წვერსა! გოგია რომ ამოვა და თითო-თითოდ დაგაგლეჯავს, მაშინ რაღას იზამ?

ასე აყბედდა და ალაპარაკდა იმ დღეს ტყის კაცი.

რამდენიმე დღის შემდეგ ნიკასგან ამბავი მიიღო, სამშაბათს საღამოზე უეჭველად იფნიანში ვიქნებითო. პავლე შვილების დასახვედრად მოემზადა: ნადირი მოჰკლა, სამწვადე გამოსჭრა, ხმიადი გამოაცხო, გასარეცხი გარეცხა და სახლი დაალაგა, თან ყველას ატყობინებდა და ემუქრებოდა - ბოღრიას, ყურშას, დათვებს, კაჭკაჭს, ლაბას, შვინდას და ცანცარა თხასაც:

- გოგია და ნიკა დღეს მოდიან... მოიცადეთ... დაიცადეთ... ისინი ამოვლენ თქვენს ოხტში...

 

VI

 

სამშაბათს ნიკამ გოგია სადგურზე ამოიყვანა. ნაცნობ მეურმეს შეხვდა. შეუსხდნენ და წავიდნენ. ერთი ხარი კოჭლობდა, ამიტომ ნელა იარეს.

სოფელში რომ ამოვიდნენ, უკვე შებინდებული იყო. მღვდელმა, სვიმონამ და ნასყიდამ ურჩიეს ამაღამ სოფელში დარჩიო, მაგრამ ნიკამ წასვლა დაიჟინა, რადგან იცოდა, რომ პავლე შვილების მოლოდინში იყო და იმ ღამეს არ მოისვენებდა. ორივენი პავლეს შვილები იყვნენ, ტყესა და ღამეს ნაჩვევნი და ამიტომ სიბნელეს არ მოერიდნენ და წამოვიდნენ.

ნიკამ გოგია ზურგზე აიკიდა და გზას გაუდგა. პეტრეს ვენახს რომ გასცდა, რიყეს გვერდი აუარა და ეკლესიასთან გავიდა.

გალავანს რომ აჰყვა, უცებ რაღაცა ბღუილი მოესმა და იმავე წუთს ნიკას თვალწინ რამ ლანდი აეტუზა და მკერდში შავი რამ დაეტაკა. ჭაბუკს თვალებიდან ცეცხლი წამოსცვივდა, თავბრუ დაესხა, წაიქცა, გული შეუღონდა და გონება დაჰკარგა.

თავზარდაცემული გოგია წამოხტა, შავს რამეს დაუსხლტა და სიბნელეში თავდაღმა დაეშვა ყვირილით:

- მამილო, მიშველე!.. მამილო!.. მამილო!.. და უცებ მისი ხმაც შესწყდა.

ეკლესიის დარაჯს მათეს და მის ცოლს ბავშვის ყვირილი მოესმათ. ერთმანეთს გადაჰხედეს, მათე გარეთ გამოვიდა დაწყვდიადს გასძახა:

- რომელი ხარ?.. ვინა ჰყვირის მანდა?..

რაკი პასუხი არ მიიღო, ჯოხი აიღო და ეკლესიას შემოუარა. იქ რომ ვერავინ ვერ ნახა, ეზოდან გამოვიდა და გალავანს ჩაუარა, თან ნელის ხმით ჰკიოდა:

- რომელი ხარ?.. ვინა ხარ?... სიბნელეში შავს რამეს წააწყდა.

- რომელი ხარ-მეთქი?

პასუხი არავინ არ მისცა.

- ჯვარი აქაურობას!... ქვა ეშმაკსა!- წაიბუტბუტა მათემ, პირჯვარი გადაიწერა, უფრო ახლოს მივიდა და მიწაზე გაშხლართულ კაცს წააწყდა. ხელი წაავლო, თან ანჯღრევდა და ეკითხებოდა:

- კაცო, რომელი ხარ?.. გესმის, ხმა ამოიღე! მთვრალი ეგონა, ამიტომ წაიჩოქა და პირსახეზე დაჰსუნა.

მერმე მღვდელთან გაიქცა, ათიოდე კაცი შეჰკრიბა. გულწასული ნიკა ასწიეს და მღვდლის სახლში შეიტანეს, ნიკა მხოლოდ იქ იცნეს. გოგიაც მოაგონდათ. ახალგაზრდები საძებნელად გაიქცნენ და მეზობლებს ეკითხებოდნენ:

- პავლეს გოგია ხომ არ გინახავთ?

ეკლესიის მიდამოები, ბაღები და ხევ-ხუვები შემოირბინეს და შუაღამემდე ხან აქედან, ხან იქიდან მათი ყვირილი ისმოდა:

- ბიჭო, გოგია! გოგია!

გოგია თითქოს მიწამ ჩაჰყლაპა. მას აქეთ, რაც ნიკა და გოგია სოფელს გასცდნენ, არც ერთი და არც მეორე არავის აღარ ენახათ. მათე ყველას მეათეჯერ უამბობდა:

- მე და ჩემმა დედაკაცმა ჩვენის ყურით გავიგონეთ, რამდენჯერმე დაიძახა: „მამილო, მიშველეო“... იმის მეტი ეკლესიასთან იმ დროს სხვა ვინ იქნებოდა?

მღვდელმა გულწასულ ნიკას გულისპირი გაუხსნა და მკერდი გადაუღეღა. შეჰკრთა და ენაზე იკბინა, თითქოს რაღაცას მიაგნო, რაღაც ენიშნაო. მერმე აჩქარებით ისევ შეუკრა ღილები და გატვრინდა. ნიკას ზედ მკერდზე, ძუძუებთან, ორი დალურჯებულ-დასისხლიანებული დაღი ამოაჩნდა.

- ალბათ მკერდი დაჰკრა ქვას, - სთქვა ერთმა.

- აგრე თუ იქნება...

- აგრე მაგრა როგორ დაჰკრა, რომ ასე ჩაიმტვრია მკერდი? დაეჭვიანდა მესამე.

მღვდელი კი სდუმდა.

ტყეში მიმავალი გლეხი იპოვნეს და იმის პირით პავლე დაიბარეს. ხოლო მეხრეებსაც და სხვებსაც სთხოვეს, რომ დაკარგული გოგია დილიდანვე კარგად მოეძებნათ.

მეორე დღეს ერთი გლეხი იფნიანში ავიდა და პავლეს უთხრა:

- ი შენ შვილებს რაღაც დაემართათ, ჩადი, დაჰხედე.

პავლე ისედაც არეულ-დაღონებული იყო, რადგან წინა ღამეს შვილებს ელოდებოდა და დილამდე თვალი არ დაეხუჭა.

გველნაკბენივით წამოხტა. ენა დაება, ელდა ეცა და ძლივს წაილუღლუღა:

- რა... რა დაემართათ?... რომელს?

პასუხი არ მიიღო, სახლი არც კი დაჰკეტა, თოფი მხარზე გადაიგდო და მგლის ნაბიჯით დაეშვა სოფლისაკენ. ძუნძულით მიდიოდა, თითქმის მირბოდა და თან ჰბუტბუტებდა:

- ვაიმე!... ვაიმე, შვილებო!.. ვაიმე ჩემო თავო!...

როცა პავლე ჩამოვარდა, ნიკა ის-ის იყო გონს მოსულიყო.

ტყის კაცი მღვდელსა და ნიკას დაეტაკა:

- რა იყო?.. რა მოხდა?.. გოგია სად არის?

ნიკამ ნაწყვეტ-ნაწყვეტად უამბო, მერმე მკერდი გადაიღეღა და დასიებულ-დალურჯებული უჩვენა.

- გოგია სად არის, გოგია? - ისევ წამოიძახა პავლემ.

- გოგია დილამდე ვეძებეთ, უპასუხა მღვდელმა. - ეხლაც ათიოდე ბიჭი დარბის, ყველაფერი გადავაბრუნეთ: ვენახები, ბაღები, ჭალები და ხევები, მაგრამ...

- ვაიმე, შვილო! - წამოიძახა პავლემ და გარეთ გავარდა. მათეც გაჰყვა.

მათე ძლივს მისდევდა. იმ ადგილს რომ მივიდნენ, საცა ნიკა იპოვეს, მათემ ყველაფერი დაწვრილებით უამბო და დაბალი ხმით დაუმატა:

 - მღვდელს ერთი გიჟი ბუღა ჰყავს. ვერც ნახირში უშვებს და ვერც სოფელში. კინაღამ დაგვიხოცა ბავშვები და დედაკაცები. ამას წინათ მღვდლის მოჯამაგირეს, თედოს გულმუცელი ჩაუნგრია. ი ბუღას ამ გალავანში შეაგდებს ხოლმე და დაღამებამდე აქა ჰყავს. ალბათ ი ვერანა თუ დაეტაკა სიბნელეში ნიკას. ეხლაც აქ არის, წამო, გაჩვენებ.

ეკლესიის ეზოში შეიხედეს, იქ შავი ბუღა იდგა თოკით დაბმული. პავლე და მათე რომ დაინახა, ჯერ თვალები გაუშტერა, მერმე თავი დაღუნა, წინა ფეხებით მიწას ბრდღვინვა დაუწყო, თან ბღუოდა და მოიწევდა.

პავლე გამობრუნდა და სირბილით დაეშვა ქვეით.

- კაცო, სად მიხვალ? - მიაძახა მათემ. - მთელი სოფელი იმას დაეძებს, შენ რაღას გახდები?

პავლემ არც კი მოიხედა და შუაღამემდე ქვემო ჭალიდან, ხან გაღმა-ჭალიდან, ხან ჭილათხევიდან, ხანაც ვენახებიდან მისი ხრინწიანი ხმა მოისმოდა:

- შვილო, გოგია-ა-ა! ბიჭო გოგია-ა! სადა ხარ, გოგია-ა-ა!

შუაღამე რომ გადავიდა, ნასყიდა და სიმონა არხის თავზე წაეწივნენ ტყის კაცს და თითქმის ძალით ჩამოიყვანეს.

თვალებში აზრი აღარა ჰქონდა და თითქო ვერავის ვეღარა სცნობდა. ხმას აღარ იღებდა, თრთოდა და ძაგძაგებდა. მხოლოდ რიჟრაჟზეღა მილულა თვალები. დილით ისევ წამოხტა, ისევ ჭალებისკენ დაეშვა და ვისაც დაინახავდა, მიაძახებდა:

- ჩემი გოგია არ გინახავს? - და ისევ მირბოდა.

შუადღემ რომ მოატანა, მიხა ნარიკაშვილმა მღვდელს გადმოსძახა:

- იპოვეს, გოგია იპოვეს!

ეს ამბავი უკვე მოსდებოდა სოფელს და ყველანი ეკლესიისკენ გარბოდნენ.

ეკლესიის გვერდით, გზის გადაღმა, ქვრივ დედაკაცს თინას ერთი ნაჭერი მიწა ჰქონდა - ძველი ნავენახარი, უღობო და უპატრონო. იმ ნავენახარში ერთი დანგრეული საწნახელი იყო, საწნახელის გვერდით კი ნაწვიმარი და ბაყაყებით სავსე ქვევრი იდგა.

მათე იმ დღეს იმ ნავენახარს და ჯაგნარს დასტრიალებდა და ბოლოს ქვევრშიც ჩაიხედა. აყროლებულ ქვევრში რაღაც საეჭვო შენიშნა. სარი მოიტანა და წყალში მიურ-მოურია.

უცებ დაბინდულ ქვევრში ბავშვის თავი ამოტივტივდა. მათეს კინაღამ გული შემოეყარა.

გასიებული და ტალახში ამოსვრილი გოგია წყლიდან ამოეღოთ და ქვევრის პირზე დაედოთ. გარშემო ხალხი ეხვეოდა. აქეთ-იქიდან კვნესა და ოხვრა ისმოდა.

- ნეტავი დედა-შენს, შვილო, რომ შენ არა გხედავს! - წუწუნებდა ერთი.

- ვაი მამაშენს, შე უბედურო, შენა! - ჰკვნესოდა მეორე.

- ეს უბედურება აკლდა რაღა, იმ საწყალს, იმას! - ოხრავდა მესამე.

- პავლეს შეატყობინეთ ვინმემ, თორემ ჭალებიდან ამაღამ არ დაბრუნდება.

მიხამ ითავა და ჭალებისკენ დაეშვა. გოგიას გვამი ფარდაგში გაახვიეს და მღვდლის სახლში წაიღეს. მღვდელი ჰგრძნობდა უნებურ დანაშაულს და ამიტომ მკვდრის მოვლა-პატრონობა იკისრა.

სანამ პავლე მოვიდოდა, გოგიას გვამი გაჰბანეს, შემოსეს, შუაოთახში დაასვენეს და სანთლები აუნთეს.

ნიკამ რომ მკვდარი ძმა დაინახა, ტახტიდან კლაკვნით დაგრეხვით წამოიწია. ძმას კარგა ხანს დასცქეროდა. მერმე თავში ხელები წაიშინა, ატირდა და სხვებიც აატირა. პატარა გვამს თავთ მოუჯდა, განუწყვეტლივ ჩასცქეროდა პირსახეში და თავზე ხელს უსვამდა.

პავლე დაჭრილ დათვივით შემოგორდა, ცხედრის წინ გაშეშდა, უზარმაზარი ხელები ისე აიქნია, თითქო ფრინველს აფრთხობდაო და ჩახლეჩილი ხმით წამოისროლა:

- ჰა, გოგია, გიპოვეს, განა! ჰა, ბიჭო, ქვევრიდან ამოგიღეს? ესეც ხომ გავათავეთ!.. ესეც ხომ ღმერთმა მომცა და ისევ ღმერთმა წამართვა, განა!..

დიდხანს იქნია მორგვის ხელები, იყვირა და იბოდა. მერმე გაჩუმდა, მოეშვა, მოლბა და ბავშვური სევდით და მწუხარებით დააცქერდა შვილის გვამს. მღვდელმა ხელი წაავლო და ტახტისკენ წაიყვანა. ტყის კაციარ გაუძალიანდა: ჩამოჯდა, თავი მკერდზე ჩამოიგდო, თითქო კისრის ძარღვი გაუწყდაო, მკლავები თოკებივით ჩამოჰყარა და ამღვრეული თვალები თავის ფეხებს გაუშტერა.

პავლე მთელ ღამეს გაშეშებული და გარინდული იჯდა. მხოლოდ დროგამოშვებით ჰქშენდა საბერველივით, ხელებს არწივის ფრთებივით იქნევდა და დათვივით ბურტყუნებდა.

ნიკა ახველებდა, ჰკვნესოდა და სისხლს აღებინებდა.

იმ ღამეს პატარა კუბო შეჰკრეს და დილით გალავანში პატარა საფლავი ამოთხარეს. შემდეგ ცხედარი გაასვენეს, წესი აუგეს და საფლავში ჩაასვენეს.

ნიკა ფეხზე ვერ იდგა. ნასყიდა და მიხა იღლიებში შეუსხდნენ. მთელ სოფელს იქ მოეყარა თავი. პავლე არა ტიროდა, მხოლოდ ძაგძაგებდა, თრთოდა და კუბოს ამღვრეულ თვალებს არ აშორებდა.

საფლავი რომ ამოავსეს, პავლემ მარჯვნივ გაიხედა. ოდნავ შეკრთა, გაშეშდა, გაჰხმა. პირსახეზე სიმტკიცე, სიმკაცრე დაუსაზღვრო მძულვარება აღებეჭდა. კარგა ხანს ჩაციებით და დაჟინებით გასცქეროდა ერთ წერტილს. სხვებმაც პავლეს თვალს თვალი გააყოლეს და გალავნის მეორე კუთხეში შავი, მოზრდილი ბუღა დაინახეს. მოზვერი რკინის ძეგლივით იდგა და ისიც ჩაციებით მისჩერებოდა ტყის კაცს.

პავლეს პირისახე დაეღმიჭა და რაღაც უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა. მიიხედ-მოიხედა და ხუთიოდე ნაბიჯზე იასაული დაინახა. იმ იასაულს მგელივით მივარდა, ზურგზე გადადებული თოფი ჩამოჰგლიჯა, ხალხის ჯგუფიდან გავარდა და თოფი უმალვე ბუღას დაუმიზნა.

- პავლე, რას შვრები!.. პავლე, გონს მოდი!

- კაცო, რა დაგემართა! - მიაძახეს აქეთ-იქიდან და იმავე წუთს თოფმაც იგრიალა.

თედო ბირთველაშვილმა თოფს ხელი აჰკრა. ტყვიამ კედელს მტვერი ააყრევინა. ბუღამ ხიფათი იგრძნო, შეჰკრთა, მერმე კუდი გაიფშიკა და თავი ჩაჰღუნა. წინა ფეხებით მიწას ბრდღვნიდა, ჰბუღრაობდა, ჰბღუოდა, თან თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ისევ პავლეს გამოსცქეროდა.

პავლე მოტრიალდა, უნდოდა თოფში მეორე ვაზნა ჩაეგდო, მაგრამ იასაული გაუძალიანდა. მაშინ ტყის კაცმა თოფი მიწაზე დააგდო, ადლიანი ხანჯალი იშიშვლა და ხალხს მიაძახა:

- ხელი არავინ არ მახლოს, თორემ ვაი იმისი ბრალი!.. დედას ვუტირებ, დედასა!

ხალხი უმალვე გაიფანტა. დედაკაცები და ბავშვები კივილ-ჟივილით გაცვივდნენ გალავნიდან, მოზრდილები კი ეკლესიის და გალავნის კედლებს აეკვრნენ და მებრძოლნი პირისპირ დასტოვეს.

ყველანი კარგად იცნობდნენ პავლეს და იმიტომ ყველანი გაჩუმდნენ და გულის ფანცქალით, შიშით და ძრწოლვით ადევნებდნენ თვალყურს გაგიჟებულ მოზვერსა და გამხეცებული ადამიანის ბრძოლას.

ტყის კაცმა ჩოხის კალთები აიკრიფა, მორგვისებური მკლავები დაიმკლავა, წელში მოიხარა, ბუღას თვალი თვალში გაუყარადა ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ. დათვივით ჰბურტყუნებდა:

- გოგიას ზედ უნდა დაგაკლა... ზედ უნდა დაგაკლა-მეთქი! - დედას გიტირებ, დედასა!

- მამა! მამილო! - იძახოდა გაფითრებული ნიკა.

- დაიცა... დამაცა...დაიცადე...

ბუღამ თავი გააქნია და თოკი ისე აიგლიჯა, თითქო ძაფი გაწყვიტაო. მერმე თვითონაც წამოვიდა. ჯერ ნელი ნაბიჯით მოდიოდა. შემდეგ კი თავჩაღუნული და დაოთხებული გამოექანა.

პავლე გაშეშდა, დაიკუზა და მოზვერის მოახლოებას უცდიდა.

ბუღა ზედ მიახტა პავლეს. ხალხში კივილი გაისმა. იმავ წუთს პავლე გვერდზე დასხლტა. ჰაერში ფოლადმა გაიელვა და ბუღას კისერზე გაიჩახუნა.

ბუღა ჰაერს დაეტაკა, მიწას მტვერი აადინა. ჯერ წინ გამოხტა, მერმე უკანვე მიტრიალდა, გაჩერდა და თავის კანტური დაიწყო.

მიწა ბუღას ფეხებთან მუქი სისხლით შეიღება. პავლე გაშტერებულ ბუღას იმავე ფრთხილი ნაბიჯით მიეპარა, თოკის ყურს დასწვდა, ის თოკი მარცხენა მაჯაზე დაიხვია, ბუღას გარს შემოუარა და იგი გოგიას საფლავისკენ მიატრიალა. ბუღამ ჯერ უკან დაიხია, თან პავლეც დაითრია და მერმე ხელმეორედ გაექანა. ისევ კივილი და ყვირილი გაისმა. ბუღა ისევ ჰაერს დაეტაკა, პავლე კი ისევ რქებთან გაუსხლტა და სწორედ იმ დროს, როცა ბუღა მესამეჯერ მოტრიალდა, ტყის კაცმა ხანჯალი ტარამდე მისცა ფაშვებში.

პირუტყვმა გულსაკლავად დაიბღავლა და მის ბღავილში ადამიანური სასოწარკვეთილება, უიმედობა და შებრალების კილო მოისმა.

პავლემ რომ ეს ხმა გაიგო, სიხარულის კიჟინა დასცა, თვითონაც დაიბღავლა და გაშმაგდა, გამხეცდა: ხანჯალს ორივე ხელითუტრიალებდა მუცელში და ჰბურტყუნებდა:

- ესეც, შენ!.. ესეც! ესეც!..

მაგრამ გამარჯვების კიჟინი ნაადრევი გამოდგა: ბუღა ისევ მიუტრიალდა და გამოუდგა, თან გამოყრილ ნაწლავებს მიათრევდა. პავლე ხალხისკენ მირბოდა და უცებ ისევ მობრუნდა. ტყის კაცი და პირუტყვი სწორედ გოგიას საფლავზე შეხვდნენ უკანასკნელად და ერთხელ კიდევ დაეტაკნენ ერთმანეთს: ერთსა და იმავე დროს პავლემ მოზვერს გაუყარა ყელში ხანჯალი, ხოლო ბუღამ პავლე რქებზე აიგდო და ჰაერში შეატრიალა.

ერთი წუთის შემდეგ ორივენი გოგიას საფლავზე ეყარნენ: ერთი - უსულო, ყელში მახვილგაყრილი, ხოლო მეორე - მკერდჩანგრეული და გულწასული.

 

VII

 

ორი კვირის შემდეგ ხელიხელ გადახვეული მამა-შვილი ბარბაცით და ზლაზვნით ავიდნენ იფნიანში. მალე ქვემოდან გლეხებიც ამოვიდნენ და ტაფობი ისევ გადახნეს, დათესეს და დაფარცხეს.

ტყის ჰაერმა პავლე მალე გამოაცოცხლა, ხოლო ნიკას მაინცარაფერი ეშველა: ისევ ახველებდა, ყელიდან სისხლს ანთხევდადა დღითიდღე დნებოდა და ილეოდა.

ქვეით სოფელში ნიკა ექიმს აჩვენეს. ექიმმა უიმედოდ ჩაიქნია ხელი. შორიდან მეორე ექიმი მოიყვანეს. იმანაც ვერაფერი უშველა და მხოლოდ ურჩია: ისევ ტყეში აიყვანეთ, წამალს ნუ მისცემთ, თუ მოარჩენს რამე, ისევ კარგი სმა-ჭამა და ტყის ჰაერიო.

მარტო პავლე რომ ვერ გასწვდა საქმეს და ავადმყოფის მოვლას, ოცი წლის დათა ვარდუაშვილი აიყვანა მოჯამაგირედ.

დილით ნიკას მუხების ან ცაცხვის ქვეშ გაიყვანდნენ დაჩრდილში დააწვენდნენ, საღამოზე კი ისევ შინ შეიყვანდნენ, პავლე ნიკას მიუჯდებოდა, ჭრაქს მიიდგამდა და მილეულ პირსახეში დიდხანს ჩასცქეროდა ჩუმად და მეასეჯერ ჰკითხავდა:

- ერთი მითხარი, ნიკაჯან, ი ოხერი მოზვერი როგორ დაგეტაკა?

ნიკაც მეასეჯერ უამბობდა.

- შენ რომ გული წაგივიდა, გოგია სოფლისკენ გაქცეულა, არა? თურმე ჰყვიროდა: „მამილო, გვიშველეო!“ ი სიბნელეში ქვევრი ვერ დაუნახავს და ჩავარდნილა... ოოჰ, დედი შენის ღმერთსა, პავლე, სად იყავი მაშინ?!

ნიკა ეხვეწებოდა, გოგიას ნუღარ იგონებ, ნუ დამტანჯეო, მაგრამ პავლე არ სცხრებოდა და მუდმივ გოგიაზე, ბუღაზე და ნიკას ჩანგრეულ მკერდზე ჰფიქრობდა, ლაპარაკობდა, რიჟრაჟამდე ჰგმინავდა, ოხრავდა და ჰქშენავდა.

პავლეს გაუგებარი ჩვეულებანი დასჩემდა. უცნაური რამ ემართებოდა: მეხსიერება დაუჩლუნგდა და საქონელსა და ძაღლებს ვეღარ არჩევდა ერთმანეთში. ტყის ჩამოვლასაც თავი მიანება, ხანდახან ყელში რაღაც მოაწვებოდა და ახრჩობდა: თავის ტკივილს სჩიოდა, გოგია ელანდებოდა და მასთან ლაპარაკსაბამდა ხოლმე:

- ბიჭო, გოგიავ, აქამდე სად იყავი, ბიჭო? რატომ შენი ამბავი არ შემატყობინე?

ზოგჯერ გოგიას ძველ ტანისამოსს, ქუდსა და ფეხსაცმელს ბალახით გასტენავდა, იმ ტიკინას სადღაც მიაწვენდა, სადაც უწინ გოგია იწვა და სიბნელეში გაუგებარსა და არეულ-დარეულს ეჩურჩულებოდა. ბოლოს ნიკამ ეს ტანისამოსი გადამალა და მამას ეს ლანდიც გაუფანტა.

ტყის კაცი მუშაობას გადაეჩვია. ბარზე ან თოხზე დაეყრდნობოდა და იქამდე ჩასცქეროდა ერთ წერტილს, სანამ ვინმე არ გამოაფხიზლებდა. აღარც პირსახეს იბანდა, არც თმას და წვერს ივარცხნიდა და უწინდელი ულუფის ნახევარსაც კი აღარა სჭამდა.

ერთხელ თავის მოზვერს ამღვრეული თვალებით ჩასცქეროდა და მერმე ამოღებულ ხანჯლით გაექანა მისკენ.

- მამა, რას შვრები?.. რა მოგდის?, რა გემართება? - მიაძახა ნიკამ, რომელიც ამ დროს ჩრდილში იწვა და პავლეს თვალს ადევნებდა.

მოზვერი გაექცა. პავლემ რომ ნიკას ხმა გაიგო, შესდგა, თვალები მოიფშვნიტა და, შერცხვენილი, ბუტბუტით გაბრუნდა.

- დასწყევლოს ღმერთმა, ეს რა მემართება?

მეორეჯერ ტყის კაცმა თავის მოჯამაგირეს დათას ჯერ დიდხანს უთვალთვალა, მერმე ქურდულად მიაპარა და ორივე ხელით კისერში ეცა, თან ღმუოდა და ხრიალებდა.

ნიკამ დათა ძლივს გააგდებინა, იმ დღიდან დათა პავლეს თავის ზურგს აღარ უჩვენებდა, მუდმივ თვალყურს ადევნებდა და იფნიანიდან თავის გარიდებას ჰფიქრობდა.

 

VIII

 

ერთ დღეს ნიკა ძალიან ცუდად გახდა. ბევრი სისხლი წამოანთხია და მეტისმეტად მისუსტდა. ხელს ვეღარ ანძრევდა, თვალები ჩაუშავდა, ჩაუცვივდა, ცხვირი დაუწვრილდა, ყბებიც ჩაუვარდადა ენაც დაება.

თვალამღვრეული და აშლილი პავლე ოთახში მგელივით ტრიალებდა, ბოძს თავს ახლიდა, წამდაუწუმ ნიკას მიუჯდებოდა, ანჯღრევდა და ეკითხებოდა:

- ბიჭო, ნიკა, რა მოგდის?.. ბიჭო, ერთი ხმა გამე, რაღა!.. ნიკა, ნიკაჯან!..

ბნელი, თბილი და წყნარი ღამე იყო. ტყე ოდნავ ფუსფუსებდა. შორს ხევში ჭოტი გაჰკიოდა, დაბლა კიბის ქვეშ დათვები ჰბურ-ტყუნებდნენ და ძაღლები იღრინებოდნენ.

ერთი ოლოლი მეორეს გადასძახოდა:

- იპოვე-ე-ე?

მეორე შორით უპასუხებდა:

- ვერა, ვერა-ა-ა.

პავლე სულგანაბული უგდებდა ყურს ტყის ხმაურობას, ფრინველთა კივილს, ძაღლების ღრენას, დათვების ბურტყუნს, და უცებ მას იმ ხმაურობაში რაღაც ნაცნობი, მშობლიური, სანატრელი ხმა მოეჩვენა და მოელანდა. წამოდგა და სმენად გადაიქცა.მერმე ფეხაკრეფით გავიდა. ამ დროს იქვე სახლის ჭერზე მიკიოტმა საზარლად დაიყივლა.

პავლე შეჰკრთა, აჟრჟოლდა, კარებს ეცა. მიკიოტის ყივილზე ძაღლებმა ყმუილი ასტეხეს, დათვებმა ხმა გაჰკმინდეს. დათა ბუტბუტით გავარდა გარეთ:

- აი ამოწყვიტოს ღმერთმა შენი ჯიში!.. შენი თავი ამოიჭამე, შენი!

ტყისკენ ფეხაკრეფით მიმავალი პავლე რომ დაინახა, გამოუდგა, ხელი ხელში წაავლო და ჰკითხა:

- სად მიხვალ, პავლე?

ტყის კაცმა დათას არც კი შეჰხედა, ხელი გაინთავისუფლა და ტყეში შეერია, თან ჰბურტყუნებდა: -

დაიცა... დამაცა... მოვალ, ეხლავე მოვალ...

ხუთიოდე წუთის შემდეგ ხევში პავლეს მძლავრი და ჩახლეჩილი ხმა გაისმა: -

ბიჭო, გოგია-ა! ბიჭო, გოგია-ა!

მამის ხმა ნიკას ყურში ჩასწვდა. თვალი გაახილა, წამოიწია და სმენად გადაიქცა. ხევიდან ისევ მოისმა ღმუილი:

- ბიჭო, გოგია-ა! ბიჭო, ნიკა-ა!

მიკიოტმა ერთხელ კიდევ დაიყივლა და გაფრინდა. ძაღლებმა ისევ ყმუილი გააბეს - ხანგრძლივი და შესაზარი.

დათა დაფრთხა, შეშინდა, ისევ კიბეზე ავარდა:

- ნიკა, ნიკაჯან!

პასუხი რომ არ მიიღო, დაიხარა, ჩააცქერდა, მთრთოლვარე ხელი შუბლზე დაადო და თავზარი დაეცა:

ნიკა უკვე ცივდებოდა.

დაფეთებული დათა ისევ გამოვარდა, ხარხარით დაეშვა კიბეზე და ხეების ჩრდილში შეერია.

პავლეს ღმუილი და ბურტყუნი ახლოვდებოდა. ბოლოს მისი ქშენაც მოისმა.

თავზარდაცემული დათა მოსხლტა და ცაცხვისკენ გაიქცა, თან ბალახ-ბულახი ააშრიალა და ბუჩქებში ლაწალუწი ასტეხა.

კუდამოძუებული, თავჩაღუნული ძაღლებიც უკან დაედევნენ.

თვალამღვრეული, თმაგაწეწილი, წვერაშლილი პავლე ნიკას თავთ ადგა, ძაგძაგებდა და ჩურჩულებდა:

- გძინავს, ბიჭო?.. გძინავს, თუ?.. ბიჭო, ნიკა! ერთი ხმა გამე, ნიკა!..

მერმე მუხების ქვეშ დამალულ დათას მომაკვდავი ნადირის ხანგრძლივი, უიმედო და სასოწარკვეთილი ღმუილი მოესმა და იმ ღმუილს თან მოჰყვა იმავე ნადირის კვნესა, ბურტყუნი, ხრიალი და ყმუილი.

უცებ სიბნელეში ალის ენა ავარდა, - ჯერ ერთი, მერმე ორი და ათი. ის ალი სწრაფად გაიზარდა, გაიშალა და მთელს სახლს მოედო.

ძაღლებმა კვლავ ყმუილი ასტეხეს. გომურიდან საქონლის საცოდავი ბღავილი და დათვების ბღუილი მოისმოდა.

ცამდე ავარდნილი ალი იმ ტაფობს და ტყის პირს დღესავით ანათებდა. ხმელ სახლს ჭახჭახი, ჭრიჭინი, ლაწალუწი და ტკაცატკუცი გაჰქონდა.

უქუდო და გაწეწილი პავლე სახლის გარშემო დარბოდა, გრძელ ხელებს იქნევდა, მუხლებზე იცემდა და ჰყვიროდა:

- ბიჭო გოგიავ! ბიჭო ნიკა-ა-ავ! მიშველეთ, ბიჭებო! სადახართ, შვილებო-ო-ო!

დათა ტყე-ტყე მიეპარა გომურს და, როცა პავლე სახლს მიეფარა, გომურის კარს ეცა და დროზე გააღო. საქონელი გამოცვივდა, კუდაყრილი, ბღავილით გაიფანტა ტყეში. დათვებმაც თავს უშველეს და ბნელ ხევში გადაცვივდნენ.

დათაც ტყეს შეერია და, ქუდმოგლეჯილი, სოფლისკენ დაეშვა. დაგეშილმა ბოღრიამ და ყურშამ დაფანტულ საქონელს თავი მოუყარეს და ერთგული პატრონებივით დაუდგნენ დარაჯად.

 

IX

 

პავლე მეორე დღეს სოფელში ჩაიყვანეს.

დადის მას აქეთ კარდაკარ, ჭალებში, ვენახებში, ხევ-ხუვში, - დაგლეჯილ-დაფლეთილი, გაბურძგვნილი, ფეხშიშველი, უქუდოდა ჭუჭყისგან შეჭმული; დადის და, ვისაც დაინახავს, ზედ მივარდება და ჩახლეჩილი ხმით მიაძახებს:

- ჩემი ბიჭები ხომ არ გინახავს?

ზოგი მარცხნივ მიუთითებს, ზოგი - მარჯვნივ.

ტყის კაციც ხან აქეთ გარბის, ხან იქით, და დღე-ღამით თავის შვილებს დაეძებს.

ზოგჯერ ღამის მეხრეებს ფეხაკრეფით წაადგება, ან დაგვიანებულ მგზავრს გზას გადაუღობავს, ან ვინმე გლეხს ეზოში მიუვარდება, ლანდივით თვალწინ აეტუზება და პირში მიახლის:

- ჩემი ბიჭები ხომ არ გინახავს?

ხოლო ზოგჯერ, როცა დაღამდება და ყველაფერი ძილში შევა, ხან გაღმა ჭალიდან, ხან ჭილაანთ ხევიდან, ან რომელიმე ვენახიდან სოფელს მგლის ღმუილივით მოსწვდება ხოლმე პავლესუიმედო, სასოწარკვეთილი და სევდიანი მოწოდება:

- ბიჭო, ნიკა-ა-ა! ბიჭო, გოგია-ა-ა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ