მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 716 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ღამის ათ საათზე მეჩექმე გაბო და მღებავი ანტონა დამბალ კიბეზე ადიოდნენ.

ზევიდან სიცილი, ყვირილი და სიმღერა მოისმოდა. პიანინოზე უკრავდნენ და ცეკვავდნენ.

წინ ხვნეშით და ოხვრით დაბალი, ჩასუქებული და ბურთივით რგვალი გაბო მიიზლაზნებოდა, უკან კი ანტონა მისდევდა - მაღალი, გამხდარი, წელში მოხრილი, წვრილკისერა და წოწოლათავიანი.

კარებთან რომ მივიდნენ, როგორც ყოველთვის, შესდგნენ და დარბაზში ქურდულად დაიწყეს ჭყეტა. ქალები მუშტარს მოელოდნენ, როგორც მეკურტნე ელის ხოლმე დამქირავებელს. ზოგი დასეირნობდა, ზოგი პაპიროსს აბოლებდა, ზოგნიც ქაღალდს თამაშობდნენ, დაბალი და მსუქანი ქერა ქალი თავგამოდებით გაჰკიოდა:

Моя жена красавица,

По улицам шатается.

Извозчики ругаются,

Что лошади пугаются.

კარებში ხუთიოდე კაცი იდგა. ერთმა ქალმა მოიხედა და გაბო რომ დაინახა, ტაში ატეხა, აცქმუტუნდა და აყვირდა:

- პაპაშა მოვიდა, პაპაშა!

- პაპაშას გაუმარჯოს! პაპაშას გზა მიეცით! - გაისმა აქეთ-იქიდან და გაბოსა და მის ამხანაგს კარებში გახირულებმა მაშინვე გზა დაუთმეს.

გაბო დოინჯშემოყრილი იდგა, დარბაზში იყურებოდა, ეშმაკურად იღიმებოდა, ხვნეშოდა და ისვენებდა. გაბოს უკან ატუზული ანტონა ცხვირსა და თვალებს იწმენდავდა, თან ნელის ხმით ახველებდა.

ქალები გაბოს პაპაშას ეძახოდნენ, ანტონას კი ჭიაყელას.

პაპაშა და ჭიაყელა ზალაში შევიდნენ. იმ საკახპოში ორივენი შინაურები იყვნენ. ორივენი იმავე სახლის ქვემო სართულში ცხოვრობდნენ და დროს ყოველ საღამოს ზემო სართულში ატარებდნენ.

დარბაზში მაშინვე ალიაქოთი და ჩოჩქოლი ატყდა. პიანინო გაჩუმდა, მომღერალთ ხმა გაკმინდეს და მოცეკვავენი შესდგნენ. აქეთ-იქიდან ქალები სიცილით, წივილ-კივილითა და ხტუნაობით წამოცვივდნენ და შუა ოთახში დოინჯშემოყრილს, მოღიმარესა და გაბრწყინებულ „პაპაშას“ შემოეხვივნენ.

- პაპაშა მოვიდა, პაპაშა! - ჰყიროდნენ ყველანი.

ქალები ერთმანეთს მუჯლუგუნებსა სცემდნენ, წინ მოიწევდნენ და პაპაშას უბესა და ჯიბეში ხელის ჩაყოფას ცდილობდნენ. თავჩაღუნული პაპაშა კი ხითხითით და ოფლის წმენდით ერთ ადგილას ტრიალებდა, ჯიბეებს იცავდა. ხელებს იქნევდა, ხრიალებდა და ჰყიროდა:

- დამაცადეთ, გვრიტებოჯან! თქვენი ჭირიმე... თქვენ გენაცვალეთ, ჭუკებო... ჯუჯულებო... წიწილებო...

გვრიტები, ჭუკები და წიწილები მაინც თავისას არ იშლიდნენ. ზოგმა ღუტუნი დაუწყო, ზოგი ძალით უძვრებოდა ჯიბეში, თითქმის გულწასული პაპაშა კი ისევ ემუდარებოდა:

- თქვენი ჭირიმე, ჭუკებოჯან... თქვენ გენაცვალეთ, წიწილებო... გვრიტებო... ვაა, დამაცადეთ მეთქი, რაღა! სულ თქვენა... სულ თქვენ დაგიყრით, სულიკოებო... აბა განი, თქვენი ჭირიმე, განი!

ცოტა ხნის შემდეგ ჭუკებმა, გვრიტებმა და წიწილებმა პაპაშას სიცილით და ხტუნაობით შემოავლეს წრე, მის გარშემო ფერხული ჩააბეს, ყოველ მის მოძრაობას გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს და ნაკმაზს ელოდნენ.

პაპაშამ ჯერ ოფლი მოიწმინდა, მერე ერთხელ კიდევ ჩაიხითხითა გულიანად, შემდეგ ორივე ხელით ჯიბეებიდან კამფეტი ამოიღო და ერთი მუჭა ჭუკებს მიუყარა.

- ჭუკა, ჭუკა, ჭუკა! - ხითხითებდა პაპაშა და თან ჭრელი ხელსახოცით სიხარულის ცრემლებსა და ოფლს იწმენდავდა.

ჭუკები წივილ-კივილით და ჟრიამულით ეცნენ ტკბილეულს. ერთმანეთს აწყდებოდნენ, ხელსა ჰკრავდნენ, ერთმანეთს კამფეტებს სტაცებდნენ და თანაც უხვად ილანძღებოდნენ.

კარებში და კედლებთან ჩამწკრივებული სტუმრები გულიანად ხარხარებდნენ.

კუთხეში აბუზული, მუდმივ მოღრუბლული და მოღუშული ჭიაყელა კი ყველაფერს გულგრილად შესცქეროდა და მთვრალს ნაცნობ მეეტლეს ხანგამოშვებით ეუბნებოდა გაბოზე:

- ამას თითო შემოსვლა თუმანი უჯდება, იცი?

ან კიდევ:

- ეს ქალები ცოლშვილზე მეტად უყვარს და რა ჰქნას საწყალმა.

- ჯუ-ჯუ, ჯუ-ჯუ, ჯუ-ჯუ! - ჰკისკისებდა ამ დროს პაპაშა და კამფეტებს ორივე ხელით აბნევდა.

პაპაშას ქათმები მუხლის თავებზე დაცოცავდნენ და აკრეფილ კამფეტს ჯიბეებსა და უბეებში იყრიდნენ.

- წია, წია, წია! - იხრჩობოდა სიცილისაგან ღონემიხდილი პაპაშა და ორივე ხელით იწმენდავდა ცრემლებს. წიწილების, ჭუკების და ქათმების სიცილ-კივილი და ჟრიამული პაპაშას ხითხითსა და სტუმრების ხარხარს ახშობდა.

ნაკმაზის დაყრა რომ გათავდა, წიწილები და ჭუკები აქეთ-იქით დაიქსაქსნენ, თანაც კამფეტებით ილუკმებოდნენ, პაპაშა კი იქვე სკამზე ჩამოჯდა, თავისთვისღა იცინოდა, ისევ ოფლს იწმენდავდა, ჰხვნეშოდა და ისვენებდა.

ერთი წიწილა, ერთი გვრიტი და ერთი ჭუკია პაპაშას ისევ გარშემო უვლიდნენ, ჩიოდნენ და უბეებსა და ჯიბეებს უჩხრეკავდნენ.

- მე აქ არ ვიყავი, დავიგვიანე და არაფერი არ მერგო, - შესჩივლა წიწილამ და მუხლზე ჩამოუჯდა.

- არც მე მერგო. სტუმარმა არ გამომიშვა, - იცრემლებოდა გვრიტიც და მეორე მუხლზე ჩამოუჯდა.

- რაც ავკრიფე, სხვებმა წამართვეს, - აწკმუტუნდა ჭუკიაც და ყელზე ჩამოეკიდა.

- კამფეტი გვინდა, - ეხვეწებოდნენ სამივენი.

- არა მაქვს, გვრიტოჯან, აღარა მაქვს, წიწილაჯან, აღარა! აი ნახე, გათავდა! - და პაპაშამ ჯიბეები ამოიბრუნა.

სამივენი გაიბუტნენ და ტირილი დააპირეს.

შეწუხებულმა პაპაშამ უბეში მიმალული ჯიბიდან სამი თითოაბაზიანი ამოიღო და სამივეს თითო-თითოდ ჩუმად ჩაუდო ხელში.

ჭუკიამ, გვრიტმა და წიწილამ დამშვიდებული პაპაშა თითოჯერ გადაჰკოცნეს და გაფრინდნენ.

სიცილით გამძღარმა, დაღლილმა, უზომოდ ბედნიერმა და დოინჯშემოყრილმა პაპაშამ თავის წიწილებს აუარ-ჩაუარა, ზოგს ღაბაბზე უჩქმიტა, ზოგს ლოყაზე მოუსვა ხელი და ზოგსაც მადიანად აკოცა.

ქალებმა კარგად იცოდნენ პაპაშას ხასიათი და ჩვეულებანი. თუ ვინმე რუსი ან უცხო ტომის ქალი „შენი ჭირიმეს“ და „ბაყაყის“ მაგივრად „შენი ჩირიმეს“ და „ბაკაკის“ თქმას მოახერხებდა, იმის საქმე გაიჩარხებოდა: პაპაშას თვალში ის უკვე ქართველად ინათლებოდა და ალერსსა, ფულსა და კამფეტებშიაც მეტი წილი ჰქონდა.

ეხლაც პაპაშამ ქსენიას რამდენჯერმე გაამეორებინა„ბაკაკი“, შექების ნიშნად თავზე ხელი გადაუსვა და ხელში ჩუმად აბაზიანი ჩაუცურა, საშას ყანყრატოში უჩქმიტა, ვერას „Наденуерное плате“ ამღერინა და მერმე მეორე ოთახში გავიდა.

იმ ოთახის კარები ღია იყო და იქიდან მოზრდილი დარბაზი მოსჩანდა. პატარა ოთახში ტახტზე ფეხმოკეცილი, გულხელდაკრეფილი, ჩინური კერპივით გაშტერებული და კრუხივით გაბღენძილი, გვრიტებისა და წიწილების პატრონი იჯდა, რომელსაც პაპაშა დიდ ხანუმას ეძახოდა.

ხანუმას ქართულად ეცვა, თავზე ლეჩაქი ეხურა, პირსახეზე ფერუმარილი სქლად ჰქონდა შეგლესილი და დინჯი, მრისხანე და მედიდური იერი ჰქონდა.

- ბონჯურ, მადამ! ახშამ ხიერ, ხანუმჯან! - ჩაუფრანგულ-ჩაუთათრულა პაპაშამ და გვერდზე მიუჯდა.

ხანუმამ ხმა არ გასცა, ზედაც არ შეხედა.

პაპაშა ხანუმას დუმილსა და გულგრილობას მიჩვეული იყო, ამიტომ არ იწყინა, გადაეხვია, აკოცა, მერე ტახტზე წამოწვა, თავი მუხლებზე დაუდო, თვალები მილულა და ჰკითხა:

- ჰა, ხანუმი, ისევ გაგაჯავრეს?

ხანუმამ არც ეხლა გასცა ხმა, მხოლოდ მცირე სიჩუმის შემდეგ გულგრილად ჰკითხა:

- რა მოიტანე?

- ჭიაყელ! - დაიღრიალა პაპაშამ.

ჭიაყელა მაშინვე კარებში აიტუზა.

- მოართვი!

ჭიაყელამ პალტოს ჯიბიდან ქაღალდში გახვეული ნივთი ამოიღო, მოკრძალებით და მოწიწებით დაუდო მაგიდაზე ხანუმას და ისევ მთვრალ მეეტლეს დაუბრუნდა.

დიდხანუმამ საჩუქარს ზედაც არ შეხედა.

- პოლსაპოშკები და ერთი კარგი ლეჩაქია, - მოახსენა პაპაშამ და ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ დაუმატა:

- პოლსაპოშკები მე თვითონ შევკერე, რაღა!

მერმე ღიღინით წამოდგა, დარბაზში გავიდა, გაიარ-გამოიარა, დაგვიანებულ გვრიტებს კიდევ სამიოდე აბაზი აჩუქა, ერთსახლად შემოსულ რუსის ქალს ხუთიოდეჯერ „ბაკაკი“ გაამეორებინა, იმასაც ერთი აბაზიანი ჩაუდო პირში და სამზარეულოში გა-ვიდა.

იქ მწვადები, ლუდი, ღვინო და ხილი შეუკვეთა, ისევ ხანუმასთან დაბრუნდა და ტახტზე წამოგორდა.

გაშტერებული და გაბღენძილი ხანუმა დარბაზს თვალს არ აშორებდა. ქალები ისევ დასეირნობდნენ, ისევ ქაღალდს თამაშობდნენ, ნაძალადევად მღეროდნენ და ზოგჯერ გულიანად იგინებოდნენ. ჭიაყელა მეეტლეს რაღაც დარიგებას აძლევდა. თავჩაქინდრული მეეტლე კი ჰბარბაცებდა, სთვლემდა და სკამიდან გადმოვარდნას აპირებდა.

ორმა მთვრალმა სალდათმა მხიარულება შემოიტანეს: ყვირილი და ლანძღვა დაიწყეს, ქალებს უდიერად და უზრდელად ექცეოდნენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მუშტებზე იცქირებოდნენ და ყველას ემუქრებოდნენ. ჭიაყელა წამოდგა და მთვრალებს დარიგება დაუწყო, მაგრამ სალდათებმა ხანმოკლე შეტაკების შემდეგ ჭიაყელა ქვეშ ამოიდეს და ზევიდან დაასხდნენ. ჭიაყელას პაპაშა და ორი მსახური მიეშველნენ, სალდათები კინწისკვრით კარებამდე გააცილეს, იქიდან რახარუხით კიბეზე ჩაუშვეს და დაბრუნდნენ.

პაპაშა ისევ თავის ალაგას მიწვა და ისევ თვალები მილულა. გარედან ცოტა ხანს გაჯავრებული სალდათების ყვირილი და მუქარა ისმოდა, მერმე ისინიც წავიდნენ და საკახპოში ჩვეულებრივი მშვიდობა დამყარდა. სტუმრები ნაკლებად მოდიოდნენ. ქალები ისევ იზლაზნებოდნენ და სტუმრებს ელოდნენ. ჭიაყელამ სკამიდან გადმოვარდნილი ნაცნობი მეეტლე გარეთ გაიყვანა. ისევ უკან დაბრუნდა და კუთხეში მიიკუნტა.

- გაბო! - ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ დაუძახა ხანუმამ.

- ჯაან!

- ჩვენი საქმე როგორ არის?

პაპაშა მკვირცხლად წამოგორდა და თვალები მოიფშვნიტა.

- უნდა გავათავოთ, თორემ ძალიან დაგვიანდა.

პაპაშამ ახალუხის ღილებს დაუწყო წვალება.

- უნდა გავათავოთ! - მტკიცედ გაიმეორა ხანუმამ.

პაპაშა ატოკდა, ტახტზე გასწორდა, შეიშმუშნა, შერცხვა და დაიბნა.

- გავათავებთ, ხანუმჯან, გავათავებთ, მაშა! - წაილუღლუღა მან და ჯიბიდან ჭრელი ხელსახოცი ძლივს ამოიღო.

- როდისღა? - გულგრილად ჰკითხა ხანუმამ.

პაპაშა ისევ ოფლს იწმენდავდა.

- როცა გინდა... მალე გაგითავებ. დამაცა... ცოტა დამაცადე, - ლუღლუღებდა პაპაშა და ისევ ოფლს იწმენდავდა.

- თუ კვირამდე მოიტანე, ხომ კარგი, თუ არა და მეტი გზა არ არის, უნდა გიჩივლო, - მშვიდად, მაგრამ მტკიცე კილოზე უთხრა ხანუმამ და ძლივს წამოდგა. - რომ დაგიმალო, არც ეგ ვარგა, - დაუმატა მან და დარბაზში გავიდა.

ხანუმას სიტყვები პაპაშას მეხივით დაატყდა: შეშინდა, ეწყინა. გულზე რაღაცამ უჩქმიტა და ის ადგილი, სადაც ჩქმეტა იგრძნო, ეტკინა და დაეწვა.

დიდხანს იჯდა გაუნძრევლად და იატაკზე ერთ წერტილს ჩაციებით დაუაზროდ უყურებდა.

პაპაშა დაფიქრდა, ძალიან დაფიქრდა და ხანუმასი და თავის წარსული თვალწინ გადაეშალა.

 

II

 

გაბო თორმეტი წლის წინათ ხანუმას საზოგადო სახლში შეხვდა, შეიყვარა, გამოიყვანა და, თუმცა ახლად იყო ჯვარდაწერილი და ორი პატარა ვაჟიცა ჰყავდა, ოჯახს და ქვეყანას მაინც არ მოერიდა და ხანუმა თავის ოჯახში მიიყვანა და თავის ოთახის გვერდით დაასახლა, სწორედ იმ ოთახში, საიდანაც ხანუმა თორმეტი წლის განმავლობაში თავის ქალებს თვალყურს ადევნებდა, და სადაც ეხლა გარინდული პაპაშა მწარე ფიქრებისგან ოფლში იწურებოდა.

ამის გამო პაპაშას კანონიერმა ცოლმა საყვედურის გამოცხადება სცადა, მაგრამ ქმარმა თავის ცოლს სიტყვაც არ გაათავებინა და იმასაც მას შემდეგ ხანუმაზე აღარა უთქვამს-რა.

პაპაშა მაშინ შეძლებულ კაცად ითვლებოდა: წინათ თვითონ იმ ოთახებში ცხოვრობდა, სადაც შემდეგ მისმა გვრიტებმა და წიწილებმა დაიბუდეს, ქვემო ოთახში კი სახელოსნო ჰქონდა გამართული და ათიოდე ხელოსანს ამუშავებდა. ამის გარდა, ორივე სართულში ექვსიოდე ოთახსაც აქირავებდა.

რამდენიმე თვის შემდეგ თვითონ ქვემო სართულში გადავიდა და მდგმურებიც დაითხოვა. მერმე ვალი აიღო, ხანუმას ჯერ ხუთიოდე ქალი უშოვა, მერმე თორმეტიც გაუხადა და ყველანი ზემო სართულში დაასახლა.

თორმეტი წლის განმავლობაში ქირას არ ართმევდა, სამაგიეროდ, ავადაც რომ ყოფილიყო, ღამეს მაინც ზევით ატარებდა. თავის ჭუკებთან ისე არ ავიდოდა, რომ რამდენიმე გირვანქა ტკბილეულობა და თავის სახელოსნოში შეკერილი ერთი წყვილიფეხსაცმელი მაინც არ აეტანა. შინ კი ცოლი ყოველთვის ავად ჰყავდა, ოჯახში ბევრი რამ აკლდა, შვილებიც უსწავლელები დაურჩა და სახელოსნოში ათის მაგივრად ხუთი კაციღა მუშაობდა.

პაპაშას ხანუმასი ემართა, ბევრი ემართა, მაგრამ არ იცოდა რამდენი, რადგან არ სთვლიდა, ის კი იცოდა, რომ ბევრი ემართა. თვისა და თვის ბოლოზე ხანუმას თამასუქებზე ხელს უწერდა და ეს ხელის მოწერა თითქოს ხუმრობით და გულუბრყვილობით მოსდიოდა, რადგან ამ ხელის მოწერას, პაპაშას ფიქრით, არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონდა. არც იმას აქცევდა ყურადღებას, რომ ხანუმა ერთ ბოთლს ლუდს, აბაზიან ღვინოს, შაურიან ვაშლსა და ორ შაურიან პაპიროსსაც ერთ მანეთად უთვლიდა. პაპაშას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მხოლოდ ორი დღის წინათ ხუთიოდე წუთით დაფიქრდა, ისიც იმიტომ, რომ ხანუმამ ვალი მოაგონა და ანგარიშის გასწორება მოსთხოვა.

ეხლა კი დაღონდა პაპაშა, ძალიან დაღონდა. ფულის შოვნაზე არაფერს არ ფიქრობდა, ისიც კი არ იცოდა, თუ რამდენი ემართა. ამას პაპაშა არაფრად არა სთვლიდა, ხუმრობაში ატარებდა და იმედი ჰქონდა, რომ ეს საქმე თავისთავად გათავდებოდა, მაგრამ მაინც სწუხდა, საშინლად სწუხდა და ჰგრძნობდა, რომ დღეიდან ამ სახლში ის შინაური აღარ იყო. ჰგრძნობდა, რომ იმის ყოველდღიურ „ჭუკი-ჭუკისა“ და „ჯუ-ჯუს“ ძახილსა, იმის გულწრფელ ხითხითსა და თავისუფალ სეირნობას რაღაც მოულოდნელი, უცნაური და უხილავი ძალა შეუშლიდა ხელს, შეაჩერებდა და ფრთებს შეაკვეცავდა. ჰგრძნობდა, რომ დღეის იქით იმის წიწილები, გვრიტები და ჭუკები პაპაშას მოსვლას სიცილ-ხარხარით და ხტუნაობით აღარ მიეგებებიან, მუხლებზე აღარ დაასხდებიან, ყელზე აღარ ჩამოეკიდებიან და ცრემლების წმენდით აღარ შესჩივლებენ:

- პაპაშა, კამფეტი მინდა... მე დავიგვიანე... მე აქ არ ვიყავი...

ჰგრძნობდა, რომ თორმეტი წლის ნაშრომი, დიდი ხნისა დადიდის წვალებით აშენებული ბუდე გაიბზარა, გასკდა და დღეს თუ ხვალ ჩაეფუშება, მას ყოველდღიურ დასასვენებელ ალაგს წაართმევენ და დიდი ხნის ჯდომით გამთბარ სკამიდან ააგდებენ.

პაპაშა დაღონდა. პაპაშას ოჯახი ექცეოდა!

დიდხანს იჯდა ჩაქუჩდარტყმულივით. იჯდა გაშტერებული, დაღვრემილი, შუბლშეჭმუხვნილი, ცოტა ხნის შემდეგ ჯერ ერთი ცრემლი მოიწმინდა, მერმე მეორე, მესამე, შემდეგ კი კარგა ხანს თვალებიდან ჭრელი ხელსახოცი აღარ მოუშორებია. პაპაშა ადგა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ ცქერა დაიწყო.

ბიჭმა ვახშამი, ლუდი და ღვინო შემოიტანა და უთხრა:

- ხაზეიკამ, უჩემოდ ნუღარაფერს ნუ მისცემთო. პასუხსაც არ მოუცადა და გავიდა.

პაპაშას ეს სიტყვები ახალ მეხად დაატყდა: თავბრუ დაეხვია, თვალთ დაუბნელდა და, რათა არ წაქცეულიყო, სკამზე ჩამოჯდა.

ვახშამს გვრიტები, ჭუკები და წიწილები შემოჰყვნენ, ღვინო და ლუდი დალიეს, მწვადი და ხილი შეჭამეს და გავიდნენ. შემდეგ კიდევ შემოვიდნენ, ბოთლები დაცალეს და კიდევ მოითხოვეს, მაგრამ ბიჭმა უარი უთხრა - თვითონ სტუმარმა უნდა მოითხოვოსო. სიტყვა „სტუმარი“ პაპაშას გულამდე ჩასწვდა. გვრიტებმა და წიწილებმა გაიკვირვეს, ხან ბიჭს და ხან პაპაშას შესცქეროდნენ და განმარტებას ელოდებოდნენ.

პაპაშას ეწყინა, შერცხვა, მიბრუნდა, ჯიბიდან ორი ოქრო ამოიღო, მაგიდაზე დააგდო და დაიყვირა:

- ბიჭო, ამის ღვინო და ხილი მოიტა! ჩქარა, თორემ თავპირს დაგამტვრევ!

პაპაშა გაბრაზდა, ბევრი ღვინის დალევა, დათრობა, იქაურობის დალეწვა, ერთი ალიაქოთისა და „სკანდალის“ მოხდენა უნდოდა და გულში იმ ლაქიის ცემა განიზრახა, რომელმაც პაპაშა იმის გვრიტებთან შეარცხვინა და გააწითლა.

- ჩქარა მეთქი, თორემ დაგამტვრევ! - მიაძახა მიმავალ ლაქიას და აღელვებულმა ოთახში სიარული დაიწყო. მერმე შეჩერდა, დოინჯი შემოიყარა, ჯერ კმაყოფილებით გაიღიმა, შემდეგ გადაიხარხარა, ჩაიხითხითა, ჯიბიდან თეთრი ფული ამოიღო, წიწილებს მიუყარა და თან უყვიროდა:

- ჯუ-ჯუ, ჯუ-ჯუ! წია, წია! ჭუკა, ჭუკა, ჭუკა!

წიწილებმა და ჭუკებმა ხმა ამოიღეს და ყვირილ-სიცილით იატაკზე ფოფხვა დაიწყეს.

ღვინო რომ მოიტანეს, პაპაშამ ერთი ბოთლი მოიყუდა და დაუსვენებლივ დასცალა, შემდეგ ჭიქები აავსო, ჭუკებს დაურიგა, მრავალჟამიერი ამღერინა და თავის სადღეგრძელო დაალევინა. თვითონ კი ბაიათი დაიწყო:

აი, ბალამ, ბალამ,

ათა მინდიმ ბაში იოხ,

ჩაილარი ქეშტიმ ტაში იოხ,

ორთი სარდიმ იანიმდა იოლდაშ იოხ...

ბაიათი ვერ გაათავა და ჩუმად თვალიდან ცრემლი მოიწმინდა. ერთი ჭიქაც რომ დალია, დარდი მოაწვა, ტახტზე პირქვე მიწვა, ჩუმად იწმენდავდა ცრემლებს და თანაც ჰბუტბუტებდა:

- ჭამეთ, ჩემო ჭუკებო... გვრიტებო... წიწილებო... ჭამეთ და დასუქდით... მე კი... ჩემი საქმე კი გათავებულია, წასულია.

- ადე, დალიე, პაპაშა! - უთხრა ვიღაცამ.

- მე გვრიტოჯან?.. მე დავბერდი, მე აღარ უნდივარ... გარეთ მაგდებენ.

პირი კედლისკენ მიიღო, ხმა აუკანკალდა.

- ჭუკებოჯან, გვრიტებოჯან... მალე აღარ გეყოლებით... წავალ... მაგდებენ... ეხლა თქვენი რიგია, იცხოვრეთ... მე კი მითხოვენ, ბებერი და კოტრი კაცი ვის უნდა!

ხანუმა შემოვიდა, ქალები მეორე ოთახში გაჰრეკა, თვითონ კი თავის ალაგზე მოიკეცა და ჭიაყელას თვალი უყო. ჭიაყელამ პაპაშა დიდის გაჭირვებით და ვაივაგლახით ააყენა, ხან არცხვენდა, ხან არიგებდა, ხან ებუტებოდა და შინისკენ ეწეოდა.

ორივენი ბარბაცით გავიდნენ.

პაპაშა კარებში შეჩერდა და წაიბუტბუტა:

- მშვიდობით... მშვიდობით, ჩემო წიწილებო...

ამაზე მეტი ვერაფერი ვეღარ მოახერხა და ისევ ჭიაყელას გაჰყვა, უკან კი მზეთუნახავის ცეკვა და რუსული მხიარული კუპლეტი მისდევდა:

Моя мила не высока на ногах;

Накопила много жиру на боках.

 

III

 

პაპაშა ქვემო სართულში ცხოვრობდა. ორ პატარა ოთახში მისი ოჯახი იყო მოთავსებული, მესამეში - და უფრო მოზრდილში კი - სახელოსნო ჰქონდა.

პირველ ოთახში ბნელოდა, მეორეში ოდნავ ბჟუტავდა სანთელი. იქ თითქმის დაბრმავებულს და დამუნჯებულ პაპაშას ცოლსა და იმის ერთ წყვილ ქალ-ვაჟს ეძინათ.

დაღვრემილი და დაღონებული პაპაშა ოთახში შევიდა. მეორე ოთახიდან ცოტა ხანს ბავშვების ჩურჩული მოისმოდა, მერმე კი ისიც მისწყდა. პაპაშას თავპირი ჩამოსტიროდა, თავი ჩაქინდრული ჰქონდა, ფეხებს ძლივს მიათრევდა და კედლებს ეფოთირებოდა. უკან ჭიაყელა მისდევდა და რაღაცას ჰბუტბუტებდა.

პაპაშა ტანისამოსიანად მიწვა ტახტზე, ხელები თავქვე შამოიდო, ღრმად ამოიოხრა და თავის ჭუკებისა და წიწილების ფიქრს მიეცა. ოთახში ცხელოდა. ჰაერი შეხუთული იყო. მეორე ოთახიდან ოდნავ ღია კარებში სანთლის მკრთალი შუქი შემოდიოდა. დროგამოშვებით ჭიაყელა დარიგებისა და უკმაყოფილო კილოზე რაღაცას ჰბუტბუტებდა და თან კრუსუნით დაჰბორიალებდა ოთახში.

ზევიდან ჯერ პიანინოს ხმა და ფეხების ბრახუნი მოისმა. მერმე ორივე შესწყდა და სამაგიეროდ სიმღერის მსგავსი ყმუილი წამოვიდა. პაპაშას ერთ-ერთი გვრიტი გაბრაზებული და ხრინწიანი ხმით მღეროდა:

Надену черное платье, в монашки я пойду-у...

პაპაშამ ყური დაუგდო, ქსენიას ხმა იცნო და ზევით ასვლა და ხანუმას გალანძღვა მოინდომა. მაგრამ ვერ გაჰბედა, რადგან ნდობა დაკარგული ჰქონდა. გვრიტებსა და წიწილებს ვეღარ დაჰპატიჟებდა და ხანუმაც ხელმეორედ მოსთხოვდა ფულს. ქალებს, უეჭველია, უკვე გაგებული ექნებოდათ, რომ პაპაშას ხანუმასი ემართა და ამის გამო პაპაშას ღირსეულ პატივითა და ყურადღებით აღარ დაუხვდებოდნენ.

პაპაშას სინდისიც ჰქეჯნიდა, თითქოს რაღაც მოიპარა, და მისმა გვრიტებმა ამ ქურდობაში ამხილესო.

მამლის ყივილამდე გაუნძრევლად იწვა და დაღვრემით ბნელ კუთხეს მისჩერებოდა.

მეორე დღეს ცუდ გუნებაზე ადგა, ცოლს სცემა, ბავშვები ავდარში გარეთ გაჰყარა და ჭიაყელასაც შეუტია. სახელოსნოში მასალა შემოაკლდათ. პაპაშამ უფულობის გამო ვერ იყიდა. სამი ხელოსანი მთელ დღეს უსაქმოდ იყო. ჩაფიქრებული და დარდიანი პაპაშა საღამომდე უსაქმოდ დალასლასებდა ქუჩებში, საღამოზე კი თავის ცოლს ბეჭედი წაართვა, დააგირავა, ტკბილეულობა იყიდა, დანარჩენი ფული აბაზიანებად დაახურდავა და ისევ თავის გვრიტებთან ავიდა. მარტო ყოფნა უნდოდა, ამიტომ ჭიაყელას რაღაც საქმე მოუგონა და გაღმა გაგზავნა.

კიბეზე ისე ადიოდა, თითქო ზურგზე ათფუთიანი ტვირთი აწვაო: ფეხები ძლივს მიჰქონდა და მალიმალ ისვენებდა. კარებთან კარგა ხანს იდგა და ახალუხის ღილებს იკრავდა, ნამდვილად კი დარბაზს ათვალიერებდა. მერმე გაჰბედა და თავდაღუნული შევიდა. ფეხები თითქოს დაუსუსტდა, ერთმანეთში გაეხლართა: თავჩაღუნული იდგა, აღარ იღიმებოდა და პირსახეს იმალავდა. ჩვეულებრივ შუა დარბაზში აღარ შესდგა და არც დოინჯი შემოიყარა. ქალები წინანდელი აურზაურითა და სიცილ-ყვირილით არ მიეგებნენ. მხოლოდ ორიოდემ წამოიძახა ნაძალადევად და უგულოდ:

- ა-ა, პაპაშა!

პაპაშა იქვე სკამზე ჩამოჯდა. გვრიტები და წიწილები არ მისცვივდნენ, წეწვა არ დაუწყეს, ჯიბეები არ დაუჩხრიკეს, ყელზე არ ჩამოეკიდნენ, სასტიკი გულგრილობა და უმადურობა გამოიჩინეს. ისე იქცეოდნენ, თითქო უცხო და უჩვეულო სტუმარი ყოფილიყო. ზოგმა გვერდი აუარა, მაგრამ ზედაც არ შეჰხედა, თითქო არც კი იცნესო.

ცოტა რომ დამშვიდდა, ერთ ქალს თვალი უყო, მოიხმო და ქურდულად ხელში ერთი მუჭა კამფეტი და აბაზიანი მიაჩეჩა. მერმე მეორეს და მესამესაც დაუძახა და იმათაც კამფეტები და აბაზიანები დაურიგა. ქალებმა საჩუქარი აიღეს, მაგრამ იმავე დროს უკან-უკან იყურებოდნენ: ხანუმამ არ დაგვინახოსო. მეოთხეც მოვიდა, მაგრამ კამფეტი არ გამოართვა, რადგან მეორე ოთახიდან ხანუმა იცქირებოდა. პაპაშამ მეხუთეს დაუძახა, მაგრამ ის ახლოსაც არ მიეკარა.

პაპაშა გაშრა და ჭარხალივით გაწითლდა. ცოტა ხნის შემდეგ შერცხვენილი და ნაწყენი გაბო გარეთ გამოვიდა, ქუჩაში შესდგა და მწარედ ჩაფიქრდა.

ნისლიანი საღამო იდგა. ოდნავ ჟინჟლავდა, მაგრამ ამას პაპაშა არა ჰგრძნობდა. გამვლელ-გამოვლელები სალამს აძლევდნენ, მაგრამ ის აღარ არჩევდა, არავის ყურს არ უგდებდა.

მას არ ესმოდა, რისთვის და რად მოექცნენ მისი გვრიტები დ აწიწილები ასე მკაცრად, შეუბრალებლად, რად? რისთვის? ან რადააშავა, ან ვის რა აწყენინა? პაპაშას უფრო ის აღონებდა, რომ მისდამი საშინელი უმადურობა სწორედ იმ წიწილებმა გამოიჩინეს, რომელნიც თორმეტი წლის განმავლობაში პაპაშასთვის ცოლშვილზე უძვირფასესი იყვნენ, ვინც თავდავიწყებით და უსაზღვროდ უყვარდა, ვისთვისაც პაპაშას არასოდეს არაფერი არ უწყენინებია, არაფერი არ დაუშურებია და მათთვის ერთი მკვახე სიტყვაც კი არ უთქვამს. ეხლა კი უცებ უმიზეზოდ, ცივად, თითქმის მტრულად დაუხვდნენ, ჩამოეცალნენ. მისთვის ერთი ტკბილი და სანუგეშო სიტყვაც არ გაიმეტეს და ზოგიერთმა ხომ ზედაც არ შეჰხედა.

პაპაშა დაობლდა!

მთელ ქვეყანაზე მარტოდმარტო და ეული დარჩა. ეს მარტოობა და ობლობა გულზე მძიმე ლოდად დააწვა: სულს უხუთავდა, გულს უღრღნიდა. ყელში რაღაც აწვებოდა და სუნთქვას უშლიდა.

პაპაშა უბედური იყო! პაპაშა იტანჯებოდა!

იმ ღამეს ერთ დუქანში დათვრა, ერთი ალიაქოთი ასტეხა, შინ ყველანი გააღვიძა, ცოლს ხელმეორედ სცემა, შუაღამეს ბავშვები გარეთ გაჰყარა, მერმე ტახტზე მიწვა და ტირილი დაიწყო.

პირველ ოთახში პაპაშა ტიროდა, მეორეში მისი ცოლი, კარებს უკან კი ბავშვები. მისი მეზობელი დურგალი თავის ცოლს ეუბნებოდა:

- ვის გაუგია ქართველებში ცოლის ცემა. თუ კიდევ ჩაიდინა, თავს გავუტეხავ.

გარეთ ქარი ჰქროდა, ფანჯრებს წვიმა უშხაპუნებდა, ზევით კი ქსენია გაჰკიოდა:

Надену черное пла-а-тье-ее...

В мона-ашки я-а-а пойду-у-у...

მეორე ღამეს პაპაშა ზევით აღარ ასულა. მესამე ღამეს კი თავის ცოლს ძველი ვერცხლის ქამარი მოჰპარა, დააგირავა, ხანუმასთვის ერთი კარგი ბაღდადი და ლეჩაქი იყიდა, წიწილებისთვის კი რამდენიმე გირვანქა ტკბილეულობა და ჭიაყელას ხელით აგზავნა. ჭიაყელა მაშინვე დაბრუნდა.

- ჰმ, რაო?

- მიიღო, მაგრამ... საქმე ცუდად არის. - ამოიოხრა ჭიაყელამ და სიჩუმის შემდეგ დაამთავრა: - თუ ზეგ ფული არ მოუტანია, ვუჩივლებო... აგრე სთქვა. - ჭიაყელამ ისევ ამოიოხრა, თავი გააქან-გამოაქანა და ისევ ზევით ავიდა.

ამის შემდეგ პაპაშა ზევით მხოლოდ მცირე ხნით ავიდოდა, მიკუნჭული იჯდა კუთხეში, მობუზული და დაღონებული გამოიყურებოდა. კამფეტებს ქურდულად არიგებდა, შემდეგ დაღონებულივე ბრუნდებოდა შინ და აღელვებულ გულს ცოლის ცემით და ბავშვების გარეთ გაყრით იმშვიდებდა.

სამი დღის წინათ სახელოსნო დაჰკეტა, რადგან მასალა აღარა ჰქონდა და ხელოსნებიც დაითხოვა.

ერთ დღეს პაპაშამ, რაც თავის ცოლს ვერცხლეული ჰქონდა, გამოართვა, თავის ქამარიც დაუმატა და დააგირავა. ზოგი ფული ხელოსნებს მისცა, ზოგით ერთი წყვილი კარგი ფეხსაცმელი და ტკბილეული იყიდა და ხანუმას აუგზავნა. ხანუმამ საჩუქარი მიიღო, მაგრამ შემოუთვალა, აქ აღარ ამოხვიდეო.

 

IV

 

ერთი კვირის განმავლობაში ზევით აღარ ასულა. დილიდან საღამომდე თავჩაქინდრული დადიოდა ქუჩებში. მარტოდ-ყოფნა უნდოდა, ჭიაყელას ემალებოდა, ნაცნობ მედუქნეებთან შევიდოდა, მთელი საათობით კუნჭულში იჯდა უსიტყვოდ და დროს გასატარებლად ღვინოს სვამდა.

კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ პაპაშა სასამართლოდან მოდიოდა. აქეთ-იქით ნაცნობი მედუქნეები სალამს აძლევდნენ, ეპატიჟებოდნენ და ამბავს ეკითხებოდნენ, მაგრამ პაპაშა პასუხს არ აძლევდა და ჩქარი ლასლასით მოეშურებოდა შინისკენ.

საღამომდე გულაღმა იწვა ტახტზე და ჰფიქრობდა. იმ დღეს არც ცოლისთვის უცემია, არც ბავშვებს და არც ჭიაყელას დაჰლაპარაკებია, საღამო ჟამს კი ადგა, ნახევარ საათს ბნელ ოთახში დადიოდა, მერმე შესდგა და ხანგრძლივი ფიქრების შემდეგ ჩქარი ნაბიჯით გასწია ხანუმასკენ. კიბეზე არ ისვენებდა, არც კარებთან გაჩერდა და აღარც ოფლს იწმენდავდა. მუხლები უკანკალებდა, გული მაგრად უცემდა, მაგრამ მაინც ყოჩაღად და გაბედულად მიდიოდა.

დარბაზში რომ შევიდა, უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ჩურჩულიღა ისმოდა.

ქალებმა ხანუმასკენ მიმავალი თავჩაღუნული პაპაშა თვალებით გააცილეს და ისევ ჩურჩული განაგრძეს.

ხანუმა ჩვეულებრივ ტახტზე იჯდა და გაშტერებული დარბაზისკენ იყურებოდა. პაპაშა ხანუმას წინ აეტუზა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობდა, ენა დაება და მხოლოდ ჰხვნეშოდა, ერთი წუთის შემდეგ დაბალი და ათრთოლებული ხმით ჰკითხა:

- ხანუმ, ეს რა მიყავი, ჰა?.. რად... მიყავი, რად?

მის ხმაში ჯერ მხოლოდ საყვედური ისმოდა. მუქარა, უკმაყოფილება და აღელვება არ ეტყობოდა. 

ხანუმამ პაპაშას ზედაც არ შეჰხედა და დაბალი ხმით მიუგო გულგრილად:

- შენი ბრალია. - ეს რა მიყავი მეთქი? რა... რა დაგიშავე?..

პაპაშას ხმას სიმტკიცე დაეტყო.

- იჰ! კარგი ერთი და! აბა ეხლა რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია?

- არა, დაიცა... მითხარი, რა დაგიშავე?.. ჰა, რა დაგიშავე მეთქი?

- ტყუილად ლაპარაკობ, გაბო. ეხლა სულ ერთია, აღარა იქნება-რა...

- არა, დაიცა... მითხარი, რა დაგიშავე მეთქი?

პაპაშას ხმას უფრო მეტი სიმტკიცე დაეტყო.

- კარგი, გეყოფა, წადი დაიძინე, - ურჩია ხანუმამ და ასადგომად მოემზადა.

- მე შენ გეკითხები, რა დაგიშავე მეთქი!

- შენ ნუ ჰყვირი, თორემა მე ვიცი შენი! - დაემუქრა ხანუმა.

პაპაშა გაჩუმდა, მერმე ცხვირწინ თითი დაუქნია და დაბალი ხმით უთხრა:

- ხანუმი, შენ უსინდისო დედაკაცი ყოფილხარ... შენ... შენ სინდისი არა გქონია...

- გაბო, გაჩუმდი, თორემ ინანებ! - დაუბღვირა ხანუმამ და წამოიწია.

პაპაშა არა შორდებოდა, განუწყვეტლივ თითს უქნევდა და დაჟინებით იმეორებდა:

- უსინდისო ხარ მეთქი, უსინდისო!.. უსინდისო!.. უსინდისო მეთქი!

ორმა ბიჭმა მკლავებში ხელი ჩაავლეს და ზანტად დაუწყეს წევა.

პაპაშა აღელდა, ყელში ბრაზი მოაწვა და სუნთქვა გაუჭირდა. 

- უსინდისო!.. უსინდისო!.. უსინდისო!.. - ხრიალებდა და განთავისუფლებას ჰლამობდა. ბიჭები არ უშვებდნენ და კიბისკენ ეწეოდნენ. პაპაშამ ხელი გაიქნია და ერთ ბიჭს პირსახეში მოარტყა. იმავე წუთს თვითონაც პირსახეში მძიმედ რაღაც მოჰხვდა. თვალებიდან ნაპერწკლები წამოსცვივდა, თვალწინ წითელმა რგოლებმა გაურბინეს და მუხლებში ძალა გამოეცალა. თვალებიდან ნაპერწკლები მეორედ, მესამედ და მეოთხეჯერაც წამოსცვივდა, შემდეგ თითქო თბილ ბურუსში გაეხვია და ეს სითბო ესიამოვნა. მერმე თითქო ღრმა და უძირო ორმოში ჩავარდა... იქაც თბილოდა და წოლაც სასიამოვნო იყო...

რამდენიმე დღის შემდეგ პაპაშას ოთახში სასამართლოს ბოქაული, ხანუმა და კიდევ ვიღაც უცნობნი დადიოდნენ, ყველაფერს ათვალიერებდნენ და სიას სწერდნენ. ბოქაულსა და დარბაისელ ხანუმას მობუზული, წელში მოხრილი და ყურებამდე პალტოში ჩამძვრალი ჭიაყელა მისდევდა და გაუგებარ რამეს ჰბუტბუტებდა. მეორე ოთახში პაპაშას ცოლი ხმამაღლა ტიროდა. ბავშვები კაბაზე ეპოწიალებოდნენ და ბოქაულსა და ხანუმას ემალებოდნენ. შემოსასვლელ კარებში პოლიციელი და მედუქნე იცქირებოდნენ.

თავშეხვეული და ყბაახვეული პაპაშა ლოგინში იწვა, ჭერს შესქცეროდა და დროგამოშვებით ცრემლებს იწმენდავდა.

ეხლა ძონძებში გახვეული პაპაშა საღამომდე ბაზარში დაძუნძულებს, კარგად რომ შემოღამდება, ჭიაყელას მოსძებნის და ისევ თავის ჭუკებსა და წიწილებთან მიდის.

ჭიაყელა ნახველს სისხლს აყოლებს და ყოველდღე სიკვდილს ელოდება, მაგრამ პაპაშას მაინც არ შორდება. ორივენი ბინდით შუაღამემდე ხანუმას სახლის წინ დადიან, ფანჯრებში, კარებში იცქირებიან, გვრიტებზე და წიწილებზე მსჯელობენ და შიგ შესვლას ნატრულობენ, მაგრამ ვერა ჰბედავენ, რადგან შესაფერი ტანისამოსი არა აქვთ. 

ხანუმამ თავისი ქალები ქვემო სართულში გადმოიყვანა, რადგან იქ ხალხი უფრო მეტად ეტანება და დარბაზიც უფრო დიდია.

შუაღამისას პაპაშა და ჭიაყელა შინ მიდიან, ორივენი ერთ ქეჩაზე წვებიან და ხშირად მთელი საათობით ისევ თავიანთ გვრიტებსა, ჭუკებსა და წიწილებზე ლაპარაკობენ, თანაც შურით იგონებენ თავიანთ ბრწყინვალე წარსულს, ოხრავენ, ჰკვნესიან, სამოთხის დაკარგვას ერთმანეთს აბრალებენ და თავიანთ ლაპარაკს ისევ გვრიტებისა და წიწილების მოგონებით ათავებენ... 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ