მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1357 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

კურკას ზოგმა კარგმა ნაცნობ-მეზობელმაც კი არ იცოდა მისი ნამდვილი სახელი. ერთხელ ვიღაცამ კურკა დაარქვა და მას აქეთ ეს სახელი შერჩა.

მოკლე და მოგრეხილ ფეხებს დიდი გაჭირვებით დაჰქონდა კურკას უშველებელი ღიპი, ფეხებამდე ჩამოკიდებული ხელები და დიდი გოგრისოდენა თავი, რომელსაც ალისფერი თმა სწვავდა. მარჯვენა ფეხი გან-განზე გაჰქონდა და ისე დადიოდა, თითქო იმ ფეხით სცელავდაო. მოგრეხილ ფეხს რომ მარცხენას მიაშველებდა, თავი ისე გადმოუგორდებოდა მარჯვნივ, თითქო ვიღაცას გვერდელა სალამს აძლევსო.

დიდს კაკუჩა ცხვირსა და პრტყელს ზემო ტუჩს მაგრად ჩაებღუჯათ ჯაგრიანი წითელი ულვაშები, რომელნიც კურკას პირსადა ნიკაპზე თავდაყირა გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ.

თავდიდა კურკა ყველას დაბრიყვებული ჰყავდა. ვისაც არ ეზარებოდა, თავში უფაჩუნებდა, ან უკნიდან მიეპარებოდა, კანჭში მისწვდებოდა და ძაღლივით დაჰყეფდა, ან კიდევ სულ უმიზეზოდ შარს მოუდებდა და მისტყეპავდა.

კურკა მეტისმეტად ლაჩარი და მტირალა იყო. მაგრამ მას ადამიანზე უფრო მეტად ძაღლების ეშინოდა. ქუჩის ბიჭები და მასხარა მაწანწალები ამით სარგებლობდნენ და საწყალ კურკას სიცოცხლეს უმწარებდნენ. ყოველ დღე ვინმე ხუმარა მიეპარებოდა, კანჭში მისწვდებოდა და დაჰყეფავდა. მშიშარა კურკა ჯერ საშინლად დაიღრიალებდა, მერმე მიწაზე გაგორდებოდა, გრძელ ხელებისა და მოკლე ფეხების ქნევას დაიწყებდა, თითქოს ძაღლს იგერიებდაო და ყვირილს მორთავდა:

- ვაიმე-ე-ე!.. მიშველე-ეთ!.. ყარაუ-ულ!... გარადაო-ო-ი! პამაგაი!

კურკას ყმუილი და ფეხების ქნევა ბიჭ-ბუჭებსა და ხარაზებს სიცილ-ხარხარს ჰგვრიდა, კურკა კი მანამდე არ გაათავებდა ყვირილს, სანამ მთელ ბაზარს არ შეჰყრიდა, თან შიშისაგან აქეთ-იქით იხედებოდა და წუწუნებდა:

- კაცო, რა გინდათ ჩემგან! რატომ თავს არ დამანებებთ, რატომ არ მომეშვებით!

სწორედ ამ დროს ისევ ვინმე ბიჭი მიეპარებოდა, ფეხებში მისწვდებოდა და შიშისგან დარეტიანებული კურკაც ხელმეორედ ასტეხავდა ღრიალს:

- ყარაუ-ულ!.. მიშველე-ე-ეთ!.. გარადავო-ოი!..

თანდათან ბაზარი ისე შეეჩვია კურკას ბღავილსა და ტირილს, რომ მშველელი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. ბოლოს კურკა თავის თავს ისევ თვითონვე უვლიდა: რაკი დაინახავდა, რომ მოსარჩლედ არავინ არა ჰყავდა, საჩქაროდ წამოდგებოდა, ფეხის ცელვას და თავის ქანაობას მოუჩქარებდა, თავის პატარა დუქანში შეძვრებოდა და ორი საათის განმავლობაში იქიდან ყველას ლანძღვასა და მუქარას უგზავნიდა.

ოდესღაც კურკას ხერხი ეჭირა და დილიდან საღამომდე შეშის ურემს დასდევდა. ვერელებს რამოდენიმე წელიწადს ყოველდღე ესმოდათ კურკას ყვირილი:

- აბა, შეშა ვის უნდა, შეშა! კაცო, ნელა წაიყვანე ურემი! კაცო, დაიცა, როგორ მიერეკები მაგ ურემს! კურკა წამდაუწუმ ჩამორჩებოდა ხოლმე ურემს და მხოლოდ მაშინ წამოეწეოდა, როცა ვაჭრობა უკვე გათავებული და მხერხავიც დაბარებული იყო. მას რამდენიმე მოჯიბრე ჰყავდა, რომელნიც ურმებს წინ მიუძღოდნენ და მყიდველს ხელში იგდებდნენ. კურკა კი დაგვიანების გამო ძალიან ხშირად ხახამშრალი რჩებოდა.

ერთ დროს კურკა გორში ხარაზთან შეგირდად იყო და ჩუსტების დაკერება ისწავლა. მას წინათაც უნდოდა საკუთარი დუქანი გაეღო, მაგრამ ვერ მოახერხა, ეხლა კი ოთხი წლის მუშაობის და შიმშილის წყალობით ხუთიოდე თუმანი შეაგროვა და საქმეს შეუდგა.

ერთხელ კურკა ხარაზ დარჩოს ეწვია და ლაპარაკი გაუბა. ჯერ ძველი ნაცნობობა მოაგონა, მოუალერსა და მერმე საქმეზე გადავიდა.

დარჩოს სახარაზოს გვერდით ათიოდე ადლი ცარიელი ალაგი ჰქონდა და კურკასაც სწორედ ამ ალაგის დაქირავება უნდოდა. მოლაპარაკებამ თითქმის ერთ კვირას გასტანა. დარჩო ჯერ ცივ უარზე იდგა, რადგან მუშტრის წართმევისა ეშინოდა. მაგრამ კურკამ ფიცი მისცა, რომ ახალ ჩუსტებს არ შეჰკერავდა და მხოლოდ დახეულებს დააკერებდა.

ბოლოს დარჩომ ის ცარიელი ადგილი თვეში ორ მანეთად დაუთმო, ისიც იმ პირობით, რომ ერთი წლის შემდეგ იქ აშენებული შენობა დარჩოს უნდა დარჩენოდა.

მეორე დღეს, საღამოს ჟამზე, კურკა ერთ სამხერხაოს მიადგა. მთელ საათს ირგვლივ უვლიდა, შესავალ-გასავალს ეძებდა. კარგად რომ ჩამობნელდა, ეზოში შეძვრა, რამდენიმე წუთის შემდეგ ორი პატარა ფიცრით დატვირთული კურკა ბნელი ქუჩებით მიიპარებოდა და თან განგებ ისე არხეინად ღიღინებდა, თითქოს აქ არაფერიაო.

კურკამ იმ სამხერხაოს ეზოში ათიოდეჯერ შეჰყო თავი. მერმე დაქირავებულ ადგილზე ორსართულიანი ფიცრული ქოხი წამოჭიმა. თითო სართული სიმაღლით და სიგრძე-სიგანით ორი ადლი ძლივს იქნებოდა. თვითონ კურკა დაბლა სართულში მოთავსდა. მეორე სართული კი თვეში ხალიჩების დამკერებელ თათარს შვიდ აბაზად მიაქირავა.

თათარი წამდაუწუმ გარეთ გადმოშლიდა ხალიჩას და კურკას დუქანს უბნელებდა. კურკა ბრაზობდა და ჰყვიროდა, მაგრამ თათარი არ უთმობდა და ემუქრებოდა: თუ თავს არ დამანებებ, დუქანს დავცლიო. კურკამაც იცოდა, რომ იმ თათრის გარდა ორადლიან დუქანს არავინ არ დაიქირავებდა და ამიტომ მალე მიჩუმდებოდა ხოლმე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ ატყდებოდა და თათარს სიცოცხლეს უმწარებდა.

- კაცო, ვინა ხართ ქრისტიანი! ერთი ამ ოხერს უთხარით რამე! დამანებოს თავი, რას ჩამციებია! - ჰყვიროდა ქუჩაში გამოსული კურკა და მშველელს ეძებდა, მაგრამ გამოსარჩლების მაგიერმ თელი ბაზარი კურკას ამტყუნებდა და დასცინოდა. თათარი კი თავისთვის იჯდა, გაჩქარებით მუშაობდა, კურკას თვალებს უბრიალებდა და თათრულად ბურტყუნებდა:

- ქოფო იოღლი! დონღუზ! ით! გეთ ბურდან, ქოფო იოღლი!

ერთხელ მოთმინებიდან გამოსული თათარი მეორე სართულიდან გადმოხტა და კურკას დუქნის კარებს სადგისით ეცა, მაგრამ კურკა კუნჭულში მიიკუნტა და ისეთი ღრიალი და ტლინკვა მორთო, რომ თათარი დაფრთხა და ბურტყუნით ისევ თავის სოროში აძვრა. ამ დღიდან კურკა ისე დაშინდა, რომ თავის მდგმურს ხმას აღარა სცემდა და მოწიწებით ერიდებოდა.

წელიწადი რომ გავიდა, დარჩომ ადგილის ქირას თვეში კიდევ ათი შაური მოუმატა. კურკამ ეს ათი შაური თათარს დააკისრა და შვიდი აბაზის მაგივრად ორი მანეთი გაუხადა. ამაზედაც ერთი ალიაქოთი და აყალ-მაყალი ატყდა. ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ კურკამ ერთი აბაზი დაუკლო და ექვსი შაური თვითონ იკისრა, მაგრამ დარჩო ამასაც არ დასჯერდა და, რაც ხანი გადიოდა, ქირას სულ უმატებდა და უმატებდა. კურკა ჯავრობდა და ზედმეტ ფასს თათარს სთხოვდა. თათარიც ჯავრობდა და კურკას სადგისით ემუქრებოდა.

კურკას საქმე გაურთულდა, გაიხლართა და აირ-დაირია.

ერთხელ ვიღაც სომეხმა იმის დუქნის გვერდით მეორე სახარაზო გახსნა და კურკას ქიშპობა დაუწყო. ისე მუშტარი არ მოვიდოდა, რომ იმ სომეხს ხელში არ ჩაეგდო. სომეხმა ფასი დასწიადა ასნაირი ხრიკებით მოჯიბრე კურკას კრიჭაში ჩაუდგა. მოვიდოდა თუ არა მუშტარი, ისიც იქვე აიტუზებოდა და დაუწყებდა ვაჭრობას. თუ კურკა მუშტარს აბაზს მოსთხოვდა, სომეხი ამავე საქმის გაკეთებას სამ შაურად კისრულობდა და მუშტარს იტაცებდა.

კურკამ ჯერ ჩხუბი და ყვირილი სცადა, მაგრამ სომეხმა მალე ჩააჩუმა და ისედაც დაბრიყვებული კურკა სულ დაიბრიყვა. თათარი დუქნის ქირას არ იძლეოდა, დარჩო კი იჯარის ფასს სულ უმატებდა და უმატებდა.

კურკამ ბევრი იფიქრა, ბევრი იმტვრია თავი და ბოლოს დარჩოსთან მივიდა. მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა. დარჩო თვეში ცხრა მანეთს თხოულობდა, კურკა კი მხოლოდ ექვს მანეთს იძლეოდა. ბოლოს ასე მორიგდნენ: შენობა დარჩოს უნდა დარჩენოდა, კურკა მისი მოჯამაგირე უნდა ყოფილიყო და, რაც ფული შემოვიდოდა, დარჩოსთვის უნდა გადაეცა. სამაგიეროდ დარჩომ კურკას თვეში შვიდი მანეთი დაუნიშნა და დაჰპირდა, დილით „კრიპუსკით“ ორ ჭიქა ჩაის დაგალევინებ, სადილად წვნიანს მოგცემ და დასაძინებლად შენს დუქანს დაგითმობო. მოწმედ ორი ბაყალი დაისწრეს, ხელი-ხელს მისცეს და საქმე გაათავეს.

მეორე დღეს დარჩომ სომეხ ხარაზს რაღაც შარი მოსდო და სცემა. იმ დღიდან სომეხი კურკას მუშტრის მოტაცებას ვეღარ უბედავდა და ცოტა ხნის შემდეგ იმ უბნიდანაც გადავიდა.

კურკას საქმეც მოემატა და შემოსავალიც. დღე არ გავიდოდა, რომ კურკას ექვსიოდე აბაზი არ მიეტანა „ხაზეინთან“. გარდა ამისა, დარჩოც ხშირად უგზავნიდა დასაკერებელ ჩუსტებს და რასაკვირველია, ამაშიც ფულს იღებდა. კურკამ იანგარიშა და ასე გამოიყვანა: ის სულ ცოტა, თვეში ოც მანეთს მაინც აძლევდა დარჩოს სუფთა მოგებას. ცხადია, კურკა მოტყუვდა.

მას ჯერ სწყინდა მოტყუება, მაგრამ მალე დაემორჩილა ბედს და ყველაფერი დაივიწყა.

დღეს დღე მისდევდა, კვირას კვირა, თვეს თვე და წელიწადს წელიწადი. ბევრი რამ შეიცვალა ბაზარში: ზოგმა ცოლი შეირთო, ზოგმა ახალი დუქანი გახსნა, ზოგი გაკოტრდა, ზოგიც გამდიდრდა. დარჩა მხოლოდ თავდიდა კურკა, რომელიც არც ბერდებოდა, არც მდიდრდებოდა და არც ცოლს ირთავდა. მას წინანდებურად აწვალებდნენ ბიჭ-ბუჭები და ისიც წინანდელივით ტიროდა და ღრიალებდა:

- ყარაუ-ულ!.. მიშველე-ე-ეთ! გარადოვო-ო-ოი!.. კაცო, რაგინდათ ჩემგან! კაცო, რატომ თავს არ დამანებებთ! რატომ არ მომასვენებთ, რას ჩამაცივდით!


II

 

კურკას ყველაფერი მოსწყინდა: ბაზრის ბიჭების ოხუნჯობაც, ჩუსტების კერვაც, დუქანში ჯდომაც და თათრის ჩხუბიც. მოსწყინდა მთელ ქვეყანაზე მარტოდმარტო ყოფნა, მოჰბეზრდა უპატრონობაც და ეული ცხოვრებაც. აგერ რამდენი წელიწადია, რაც ყოველ დღე დილით-საღამომდე ორად მოხრილი ზის ორადლიან ფიცრებზე და განუწყვეტლივ ჰკერავს. დაღამდება თუ არა, დუქანში დარჩო შემოიხედავს და ჰკითხავს:

- აბა, რა ივაჭრე დღეს?

კურკაც ნამუშევარს თითებზე ჩამოსთვლიდა და ფულსაც დაუთვლიდა. ისე დღე არ გავიდოდა, რომ დარჩოს კურკასთვის არ დაეყვედრებინა: არაფერს არ აკეთებ, ფულს მიმალავ, მუქთად სჭამ პურსა და შენი დუქანი ხეირს არ მაძლევსო.

კურკა ეფიცებოდა და გაცხარებით უმტკიცებდა, რომ ის ჰალალ-მართალი კაცი იყო, რომ პატრონს ერთგულად ემსახურებოდა და სიყალბე ან ღალატი გუნებაშიც არა ჰქონდა. დარჩო მაინც არ იჯერებდა და ყოველ დღე ემუქრებოდა, სიყალბეში დაგიჭერ და გიჩივლებო.

დაღონებულსა და გულნატკენ კურკას დარჩოს ბინიდან ყოველ დილა-საღამოს წუწუნითა და ბურტყუნით მიჰქონდა ცხელი წყალი. საღამოობით რომ ჩაის სმას გაათავებდა, კარებს შიგნიდან ფიცარს მიაყუდებდა, იატაკზე ერთ ძველ ფარაჯას გაიშლიდა, თავს ძველი ჩუსტების ხროვაზე მისდებდა და შუაღამემდე შამფურივით ტრიალებდა. მეორე დღეს კურკა ისევ ჩუსტებს ჰკერავდა, დარჩოს ეფიცებოდა, ნამუშევარს სთვლიდა, საღამოზე კი ისევ ჩაის სვამდა და შუაღამემდე ჰფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი მარტოობისა და მონობისათვის. მესამე დღესაც სწორედ ისე ატარებდა, მეოთხესაც, მეასესაც და ასეთ ერთნაირობას და გულსაკლავ მარტოობას ბოლო აღარ უჩანდა.

კურკას ძილი გაუფრთხა, მადა დაეკარგა და საქმეზედაც გული აუცრუვდა. მუცელი უფრო გაეზარდა, თავი უარესად გაებერა, მარჯვენა ფეხი თითქო წინანდელზე მეტად დაუმოკლდა, თითონაც თითქო დადაბლდა, პირსახე მოეღუშა და ეხლა მხოლოდ თავის ობლობაზე და უპატრონობაზეღა ჰფიქრობდა.

- ცოლი უნდა შევირთო. - საბოლოოდ გადაწყვიტა კურკამ დიდი ფიქრის შემდეგ და იმ დღიდან მუშაობის დროსაც მხოლოდ ცოლის შერთვაზეღა ზრუნავდა.

ერთ კვირა დღეს თავდიდა კურკა თავის დუქნიდან დილით ადრე გამოძვრა, იქვე ტროტუარზე დადგა, დოინჯი შემოიყარა და გამვლელ-გამომვლელს ამაყად და მადიანად დაუწყო ცქერა. თავზე წინანდელ გაპოხილ ტყავის მაგივრად ახალი მოლაპლაპე „კარტუზი“ ეხურა, დახეულ ხალათ-შალვრის ნაცვლად სატინის მოკლე ახალუხი და ასეთივე განიერი შალვარი ეცვა და ფეხებსაც ექვს მანეთიანი დაკეცილი ჩექმები უმშვენებდა.

კურკას ახალმა ტანისამოსმა იმ ბაზარში ერთი ალიაქოთი ასტეხა. ყველანი გარეთ გამოვიდნენ, კურკას შემოეხვივნენ და განახლებას ულოცავდნენ.

- ვა, ერთი ამას დახე, და!

- ბიჭო, კურკა, ეგ რა მეხი დაგცემია! მაღარიჩი შენზეა, აი!

- ვა, ერთი დახე, როგორ ჰშვენის და!

კურკა გუნებაში იღიმებოდა, მაგრამ სიამოვნებას არ იმჩნევდა და ისე გულგრილად ეჭირა თავი, თითქო ასეთი ძვირფასი და ახალი ტანისამოსი მისთვის პირველი არ ყოფილიყოს. დარჩოს შეგირდმაც მიულოცა ახალი ტანისამოსი და უნდოდა კანჭში წასწვდომოდა, მაგრამ კურკამ დროზე გაუგო და ისეთი სილა სტკიცა, რომ თავხედი მეტიჩარა ერთ ადლზე გადახტა. კურკას ეს საქციელი მოუწონეს და გაამხნევეს.

კურკა საცოლეს ეძებდა. დღეს თუ ხვალ უნდა დანიშნულიყო და აბა როგორ შეეფერებოდა მას ვიღაც ბიჭ-ბუჭების თავის გაყადრება, მასხრობა, ლანძღვა და კინკლაობა.

მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გული გაემაგრებინა, გავაჟკაცებულიყო და თავმოყვარეობა დაეცვა, ამიტომ მეზობლების მიერ გამხნევებას ყურადღება არ მიაქცია, პირსახიდან გულგრილობა არ მოიშორა, ქუდი გვერდზე მოიგდო, მარჯვენა ფეხი წინ წასდგა და მაშინვე შენიშნა, რომ მეზობლებმა მისადმი ყურადღებასა და პატივისცემას მოუმატეს.

რამდენიმე დღის წინათ დარჩომ ცოლის შერთვაზე ჩამოუგდო ლაპარაკი და ერთ ქალზე სიტყვა გადაუკრა. კურკაც აჰყვა, გამოუტყდა და უთხრა, თუ საჩემო ვინმე შემხვდა და მომეწონა, უარს არ ვიტყვიო. იმავე საღამოს, დუქნები რომ დაჰკეტეს, დარჩომ კურკა ყაბახის ბაღში წაიყვანა, „მაროჟნზე“ დაჰპატიჟა და ისევ ცოლის შერთვაზე ჩამოუგდო საუბარი.

- მართალია, შეძლება არა აქვს, - ეუბნებოდა დარჩო, - მაგრამა რც შენ გაბადია სახლ-კარი. ისე კი ძალიან პატიოსანი, დინჯი, თავდაჭერილი და მოხდენილი ქალია. მე რომ უცოლო ვიყო, ღმერთმანი, იმას შევირთავდი.

ბევრი ლაპარაკის შემდეგ დარჩო და კურკა მორიგდნენ: კვირა დილით კურკას თავის დუქანთან უნდა მოეცადა. იმ ქალს დასაკერებელი ჩუსტები უნდა მოეტანა და კურკასაც თავის საბედო აქ უნდა გაესინჯა. თუ მოეწონებოდა, დარჩო გაურიგებდა და კურკასგან ხუთ მანეთს სამაჭანკლოს მიიღებდა, თუ არა და - ქალი თავისთვის წავიდოდა, კურკა - თავისთვის.

ხალხი ბუზივით ირეოდა. კურკა ისევ დოინჯშემოყრილი იდგა, გამვლელ-გამომვლელ ქალებს გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს და თან ჯაგრის წითელ ულვაშებს იგრეხავდა.

- ნუ გეშიანიან, ყოჩაღად იყავი, ეხლავე მოვა, - უთხრა დარჩომ და იქვე სირაჯთან შეუხვია.

ცოტა ხნის შემდეგ მაშოც გამოჩნდა. კურკა არ იცნობდა, არც არასოდეს ენახა, მაგრამ გუმანით მიჰხვდა და გული აუტოკდა.

მაშო მაღალი, მოსული და მოუხეშავი დედაკაცი იყო. სიარული მტკიცე და ვაჟკაცური ჰქონდა, პირსახე - ჭორფლიანი, უკმეხი, გაუთლელი და ჩაჩეჩქილი. ცალ ხელში წყვილი ჩუსტი ეჭირა, მეორე ხელს კი ისე იქნევდა, თითქო ვინმეს იგერიებდაო.

კურკა აილეწა და დაიბნა. მაშო იმის დუქნის წინ გაჩერდა და მიიხედ-მოიხედა.

- ვინა გნებავთ, ქალბატონო? - წაილუღლუღა კურკამ.

- ხარაზი, - ბოხი და ჩახლეჩილი ხმით მიუგო მაშომ.

- მე გახლავართ ხარაზი.

ერთ ჩუსტს მაშო ატრიალებდა ხელში, მეორეს კი კურკა, ხოლო ნამდვილად ორივენი ერთმანეთს ათვალიერებდნენ და სალაპარაკო მასალას ეძებდნენ.

- რა ეღირება? - იკითხა ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ მაშომ.

- რა ეღირება? ამასაც დაკერება უნდა, ეს ეღირება... თქვენთვის... თქვენთვის... კურკას ენა დაება და დიდი გაჭირვებისა და წვალების შემდეგ წაილუღლუღა: - თქვენთვის არაფერიც არ ეღირება... ისე დავაკერებ, ხათრისთვის.

- არა, რათა?

- არა უშავს რა, ერთი ნიმუტის საქმეა, ცოტა ხანს დაბრძანდი თან გაისეირნეთ სადმე. მალე მზად იქნება.

ამ დროს დარჩოც მოვიდა, მაშოს მიესალმა, კურკას ამბავი გამოჰკითხა და როცა გაიგო, რომ კურკა მაშინვე აპირებდა ჩუსტების დაკერებას, ისიც უფასოდ, კურკას გაუწყრა:

- ხომ არ გაგიჟებულხარ, კვირა დღეს როგორ შეიძლება მუშაობა? დუქანი დაჰკეტე, გავიაროთ და მაშოც გავასეირნოთ.

და სამივენი სასეირნოდ წავიდნენ.

კურკა მაშოს და დარჩოს შუაში ჩაუდგა და სულ იმას ცდილობდა, რომ სწორედ გაევლო, არ ექანავა და არც ფეხით ეცელნა, მაგრამ სწორედ გავლას ვერ ახერხებდა და ხან მაშოს წაჰკრავდა მხარს და ხან დარჩოს წააწყდებოდა.

კურკამ ორივენი ჯერ ტრამვაის ვაგონით გაასეირნა, მერმე ყაბახის ბაღში წაიყვანა და იქ ლიმონადსა და ხილზე დაჰპატიჟა.

მაშო უცნაურად იქცეოდა, ვინმე ნაცნობი რომ შეჰხვდებოდა, დაეღმიჭებოდა და რაღაცეებს ანიშნებდა. ისინიც უღიმოდნენ და ორაზროვან სიტყვებს ეუბნებოდნენ. კურკა ყველაფერს ამჩნევდა და იმ უცნაურობებზე ჯავრი მოსდიოდა. დარჩო განზე დადიოდა, ზოგჯერ კურკას თვალს ჩაუკრავდა, ხელს წაჰკრავდა და წასჩურჩულებდა:

- ჰა, უთხარი რამე, რას გაჩუმებულხარ!

- ვა, ვეტყვი, მაშ! - უპასუხებდა კურკა და სათქმელს იგონებდა, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოეგონებინა. მერმე ორივენი მარტო დარჩნენ. დარჩო მიიმალა.

- ნეტა იმას, ვისაც ცოლი ჰყავს. - ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ ძლივს ამოიოხრა კურკამ და მაშოს გადაჰხედა.

მაშომ გაიცინა.

- ვა, რას იცინით?

- არაფერს, ცოლის შერთვა ადვილია.

- მერე, ვინ უნდა შევირთო?

- ვინც მოგწონთ.

- თქვენ მომწონხართ. - უცებ წამოისროლა კურკამ და თავის ნათქვამისა თვითონვე შერცხვა და შეეშინდა.

მაშომ ბოხი ხმით გადაიხარხარა.

- თქვენც მომწონხართ, - ღიმილით მიუგო და პირი მიიბრუნა.

კურკა სიხარულისაგან დაიბნა და გაჩუმდა. დარჩო ისევ გამოჩნდა და მაშო წაიყვანა. კურკა მარტო დარჩა. საღამოზე სამივენი მუშტაიდში უნდა წასულიყვნენ.

კურკაზე უბედნიერესი მთელ ქვეყანაზე არავინ აღარ იქნებოდა: სიხარულით დაითვრა, ბედნიერებით აცქმუტდა, დავთარი აერია და მაშოს გარდა ყველაფერი დაავიწყდა. ის არაფერზე აღარ ჰფიქრობდა, აღარავის არ ჰხედავდა და, ოცნებით გატაცებული, წამდაუწუმ აწყდებოდა მგზავრებს. თავჩაღუნული და მოღიმარე კურკა ხელების ქნევით, ფეხის ცელვით და მთელი ტანის ქანაობით ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა და ოცნებობდა. ბოლოს მისმა ფეხებმა კურკა უნებურად კუნძულზე გაიყვანეს. ქვეით ჩაუხვია, სახერხავ ქარხნებს გასცდა, მტკვრის პირას ჩავიდა.

იმ დღეს მზე უფრო მეტად ანათებდა, ვიდრე ოდესმე, ჰაერიც გასუფთავდა და გათბა. მტკვარიც უფრო მეტად ადუდუნდა, ირგვლივ ყველაფერი გამხიარულდა, და ყოველი სულიერი კურკას გულკეთილი და გულითადი მეგობარი გახდა. არემარეც გაფაქიზდა, განაზდა და გაიწმინდა.

კურკა მტკვრის პირას იდგა, წყლის შხუილს უგდებდა ყურს და ოცნების ტალღებში დასცურავდა. გულზე საამური რამ აწვებოდა, მკერდს უგანიერებდა და ამოხეთქას ლამობდა.

ქვეყანაზე შემიყვარდა-ა-ა მაშო მე-ე-ე...

წვრილი ხმით დასძახა უცებ კურკამ და თვალებზე ცრემლები მოაწვა.

მაშომ მომკლა-ა-ა, მაშომ დამაღონა მე-ე...

ხმა აუკანკალდა და აუკვნესდა:

არ ვიცოდი სიყვარულის ძალა მე-ე...

გადვიკიდე-ე თავზე ხათაბალა-ა მე...

კურკა მთელი თავის არსებით თრთოდა, ოხრავდა და ტიროდა.

არ ვიცოდი სიყვარულის ძალა მე-ე..

გადვიკიდე-ე თავზე ხათაბალა-ა მე...

ცოტაოდენი შესვენების შემდეგ რამდენჯერმე ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და წვრილი ხმით დასძახა თათრული ყაიდა:

ნა ტურუფსან ტაღ ბაშინა ნართაქი,

გიალ იათახ მანნან სან ქიორფა ყიზ თაქი...

კურკას თვითონვე მოეწონა თავისი წკრიალა ხმა და გრძნობით სავსე კილო, სადაც ჩართული იყო გულიდან ამონაკვნესი იმედი, სიხარული, ბედნიერება და თავდავიწყებული გატაცება. მოსწონდა ხელების გაშლა და თვალებიდან მოდენილი ცრემლების ნაკადული, რომელიც სულს უგრილებდა, გულს უფხანდა და იმოდენა ხნით შეგროვილ დარდს უქარვებდა. მას ეამებოდა ეს განთავისუფლება, გაწმენდა და გახალვათება.

კარგა ხანს მღეროდა, ხელებს იქნევდა, თვალებს ზეცას აპყრობდა და შვებით ოხრავდა.

სიმღერით გამძღარი და გულმოჯერებული კურკა დუქანში შევიდა და ღვინო მოითხოვა. იქვე ვიღაც ჩოხიანები ისხდნენ და ქეიფობდნენ.

კურკამ ჯერ სამიოდე ჭიქა გადაჰკრა და მეოთხე ერთ ჩოხიანს გადაულოცა. იმანაც დალია და კურკასთან ალავერდს გადმოვიდა. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა, სიტყვა - სიტყვას, ჯერი კურკაზე მოვიდა.

- ძმებოჯან, - დაიწყო ხმამაღლა კურკამ და გაიჭიმა და გაიბღინძა, - ძმებოჯან! ეს ღმერთმა ადღეგრძელოს და აცოცხლოს ის კაცი, რომელიცა რომა მარტოა, რომელიც ობოლია, უპატრონოა და რომელიცა რომა მაინდომებს ოჯახის აშენებას. გაუმარჯოსდა ადღეგრძელოს ასეთი კაცი!

- გაუმარჯოს! ადღეგრძელოს! - უგულოდ მიუგეს უცნობებმა და ცოტა მოსვეს.

კურკა მიხვდა, რომ მის სადღეგრძელოს გასავალი არა ჰქონდა და ამიტომ იმ ხალხს მალე თავი მოარიდა.

ნახევარი საათის შემდეგ მხიარული და შეყვარებული კურკა შინისკენ მოჩანჩალებდა. მარჯვენა ფეხს ფართედ უსვამდა, თავს საქანელასავით აქანავებდა, გრძელ ხელებს ფრთებივით იქნევდა და გამვლელ-გამომვლელს მკვახედ და ამაყად ათვალიერებდა.

- ჰაი-ჰუ-უ-უი! - ჰყვიროდა ხანგამოშვებით და არავის გზას არ აძლევდა.

საღამომდე ეძინა. მზის ჩასვლისას კურკა, დარჩო და მაშო მუშტაიდში წავიდნენ. ხალხი ბუზივით ირეოდა. მუსიკა უკრავდა და საღამოც მშვენიერი იყო. სამივენი ჯერ ხალხში დადიოდნენ, მერმე გზას გადაუხვიეს და ბნელ ხეივანში შევიდნენ. დარჩო სადღაც დაიკარგა, მაშო და კურკა სკამზე დასხდნენ და გაინაბნენ. კურკას მაშოსთან ახლოს მიწევა უნდოდა, მაგრამ ვერა ჰბედავდა.

- ცივა, - სთქვა მაშომ და თვითონვე მოიწია.

- აცივდა, - მიუგო კურკამ და იმანაც მიიწია.

ცოტა ხნის შემდეგ კურკამ წელზე ხელი მოჰხვია და დაუყვავა. მაშო ჯერ შეიშმუშნა, თითქო იუკადრისა, მაგრამ მერმე გახმა და გაყუჩდა.

კარგად რომ შეღამდა, მაშო და დარჩო ერთად წავიდნენ, ხოლო სიყვარულით დამთვრალი და გაბრუებული კურკა თავის ფიცრულში შეძვრა და შუაღამემდე იმ ბედნიერ დღეზე ჰფიქრობდა, როცა ის მაშოს კანონიერი ქმარი გახდებოდა და უფლება მიეცემოდა მუდმივი ალერსისა.

ლოგინში მაშოს სურათს უღიმოდა, ხელებს უშვერდა, ეხვეოდა და სიყვარულის უსაზღვრო ბედნიერებით სტკბებოდა, ბოლოს დაიღალა და თვალები მილულა.

„ორ ოთახს დავიჭერ, - ოცნებობდა კურკა და თავის მომავალ ოჯახის გეგმას აწყობდა, - ერთ ოთახში დუქანი მექნება, მეორეში კი ჩვენ ვიცხოვრებთ... ორ შეგირდს ავიყვან... ავეჯს ვიყიდი... სამოვარი... ტახტი... ოთხი სკამი... სარკე... ჭურჭელი... ზაფხულობით მუშტაიდში ვივლით... ტრამვაით ვისეირნებთ... დარჩო ჩემი მეჯვარე იქნება... ნათესავებიც გვეყოლება... სტუმრებიც!...

ოცნების ძაფს ბოლო აღარ ჰქონდა. კურკამ ორი ოთახიც დაიქირავა, შეგირდებიც აიყვანა, სამოვარიც იყიდა, სტუმრადაც დადიოდა, მუშტაიდშიც დასეირნობდა, ერთი ქალ-ვაჟიც გააჩინა და... დაიძინა...

 

III

 

ერთ დღეს კურკა დუქნით-დუქნამდის დადიოდა და თავის ნაცნობ ბაყლებს, ყასბებს, ხარაზებსა და წვრილ ვაჭრებს ეკითხებოდა:

- არ გინდათ ქორწილი გაჭამოთ?

- ვა, რატომ არ გვინდა! ვინ გიჟი გეტყვის უარს, კურკაჯან!

- მაშ კვირას საღამო ჟამზე მობრძანდით.

- ყოჩაღ, კურკი! მალადეც, კურკი! მაგაზე როგორ გაწყენინებთ?

ყველანი დაწვრილებით ეკითხებოდნენ, რომელ ეკლესიაში იქნება ჯვრისწერა, ვისი ღვინო იქნება ქორწილში და საზანდარი მოვა თუ არაო. კურკა ყველას პასუხს აძლევდა და მეორე დუქნისკენ მიეშურებოდა.

კურკამ მეჯვარეებად ბაყალი მიკიჩა და მეთევზე ავეტიკა მოიწვია, თერძი მიხაკა და დარჩო ხარაზი კი მაშოს მხრით იყვნენ დაპატიჟებული.

სამი დღის წინათ კურკამ თავის სახარაზო დაჰკეტა და საქორწილო მზადებას შეუდგა. დილით-საღამომდე დაცუნცულებდა, დაფუსფუსებდა და მოსვენებას არ აძლევდა მაშოს, მეჯვარე მიხაკას, თერძს, მეჩექმე ფირუზას და ოქრომჭედელ აბდულას, რომელიც კურკას ვერცხლის ქამარს უკეთებდა, ხოლო მიხაკა კურკას ნაოჭიან ახალუხს, განიერ შალვარსა და შავ ჩოხას უკერავდა. კურკა დღეში სამჯერ მივიდოდა მასთან და ხან შალვარს იტოლებდა, ხან ჩოხას, ხან ახლუხს.

- მიხაკჯან, იცი რას გეტყვი? ნუკი გეწყინება, მაგრამ ძმურად უნდა გითხრა, რომ ეს შალვარი არ მომწონს, - ჩიოდა კურკა და განუწყვეტლივ ტრიალებდა, დადიოდა და ერთი არშინის სიგანე სატინის შალვარს ყოველ მხრიდან შინჯავდა, რომელშიც მკერდამდე ეტეოდა, - ეს ტოტი კარგად იკეცება, მეორე კი როგორღაცბთვალში არ მომდის.

ოფლში გაწურულმა და სირბილით დაღლილმა კურკამ საღამოზე უკმაყოფილების კილოს მოუმატა:

- კაცო, არ გითხარი, ნაოჭი გარმონივით გაუკეთე მეთქი! აი, უყურე, უყურე: დუგმებიც შორიშორს აქვს გაკეთებული. ერთი დაჰხედე რაღა!

გაჯავრებული კურკა მიხაკას დუქნიდან ფირუზასთან გარბოდა, ნახევრად შეკერილ ჩექმებს ხელში ატრიალებდა, გულმოდგინედ შინჯავდა, შეგირდებს დარიგებას აძლევდა და ბოლოს მხოლოდ იმასღა მოითხოვდა, რომ მარჯვენა ფეხის ქუსლი ოთხი თითის სიმაღლისა ყოფილიყო, მარცხენა ჩექმას კი ქუსლი სულაც არ უნდა ჰქონოდა.

ქორწილის დღე მოახლოვდა და კურკამაც სირბილს მოუმატა. ერთი დღე დილით-საღამომდე საათის ძეწკვის ძებნას მოუნდა და ბოლოს, როგორც იყო, ოთხ მანეთად ექვსად დაკეცილი ვერცხლის ძეწკვი იყიდა. მეორე დღეს შუადღემდე ისევ გამალებული დარბოდა. იყიდა უშველებელი, ვითომდა ბუხრის ქუდი, აბრეშუმის ჭრელი ბაღდადი, ჯიბის სარკე-სავარცხელი, ხმელი ხილი, ღვინო და მწვანილი და ძლივს მოასწრო საქუა მედუქნესთან გარიგება, რომელსაც საქორწილო ვახშამი უნდა მოემზადებინა.

ბოლოს ქორწილის დღეც მოვიდა. დარჩომ თავის ცოლშვილი სადღაც გაისტუმრა და ორი ოთახი ნეფე-დედოფალს დაუთმო საქორწილოდ.

წინა ღამეს კურკას არა სძინებია, გათენებამდე ტრიალებდა შამფურივით და განუწყვეტლივ ხვალინდელ დღეზე, მაშოზე და თავის მომავალზე ჰფიქრობდა. იმ დღეს ერთხელაც არ შეუსვენია. მხოლოდ ოდნავ შენაყრდა და, თუმცა საქმე აღარა ჰქონდა, მაინც საღამომდე დარბოდა და წამდაუწუმ ეუბნებოდა მეჯვარეებს:

- ჰა, თქვენი ჭირიმე, ყოჩაღად იყავით. არაფერი არ დაივიწყოთ. არ შემარცხვინოთ, თორემ თავი მომეჭრება და ხალხში ვეღარ გამოვალ.

მღვდელს კაცი სამჯერ მიუგზავნა და შეუთვალა, სწორედ შვიდ საათზე ეკლესიაში ვიქნები და თქვენც მანდ დამიხვდითო. საღამოს ხუთ საათზე კურკა უთავბოლოდ დარბოდა ეზოში, ოთახში, სამზარეულოში და რაღაცას იგონებდა, რაღაცას ეძებდა და ერთსა და იმავე საქმეს ათჯერ იმეორებდა.

ექვს საათზე კარები ჩაიკეტა და საქორწილო ტანისამოსის ჩაცმა დაიწყო. შვიდის ნახევარზე, როცა მიკიჩამ ხმამაღლა დაიძახა, ეკლესიაში წასვლის დრო მოვიდაო, დაღლილი და დაქანცული კურკა უცებ დაწყნარდა, გაჩუმდა, სკამზე ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, ერთ წერტილს მიაშტერდა და გაშეშდა. ეზოში ხალხი ირეოდა, მეორე ოთახში დედოფალი და მისი მეგობარი ქალები ჩურჩულებდნენ.

უცებ ეზოში ცალმა ზურნამ დაიჭყვიტინა, ჩაიკაკანა და ისეთი გამბული წივილით წავიდა ზევით, თითქო ცას შესჩიოდა და ვიღაცას შველას სთხოვდაო. მას მეორე ამხანაგიც მიეშველა და ცოტა ხნის შემდეგ დოლიც აბრახუნდა.

მაშომ და კურკამ ხელიხელს მისცეს და ზურნას გაჰყვნენ. ჯვრისწერას ბევრი უცხოც დაესწრო. იმოდენა ხალხი კურკას შესცქეროდა, თანაც იცინოდნენ და ლაზღანდარობდნენ. გარეთ ბაზრის ბიჭები სიცილით იხოცებოდნენ. კურკა ყურს იყრუებდა დაარაფერს არ იმჩნევდა. მაშოს თითქო სცხვენოდა, სულ იატაკს დასცქეროდა და უწმაწურ სიტყვების გაგონებაზე იღუშებოდა, მაგრამ დროგამოშვებით მაინც იღიმებოდა და ჰფრუტუნებდა.

ჯვრისწერა მალე გათავდა. ზურნა ისევ აჭყვიტინდა, დოლი ისევ აკაკანდა და კურკასაც გულს მოეშვა.

ნახევარი საათის შემდეგ ყველანი ვახშამზე დასხდნენ. ნეფე-დედოფალი მაგიდის თავში დაბრძანდნენ. აქეთ-იქით მეჯვარეები მოუსხდნენ. კურკა გაბღენძილი და გაშტერებული იჯდა, კედელს მისჩერებოდა, ვერცხლის ძეწკვს ათამაშებდა და ხანგამოშვებით ჭრელი ბაღდადით ოფლს იწმენდავდა. მაშოს გულზე დაეკრიფა ხელები და გახევებულიყო.

დარჩო ტოლუმბაშად აირჩიეს. მან ჯერ ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო დალია, მერმე მეჯვარეებზე გადავიდა და შემდეგ რიგზე დაჰყვა. ხმაურობამ და სიცილმა იმატა. დარჩო კურკას გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს და ჭიქას ძირამდე აცლევინებდა.

- ჰა, არ მოიპარო, თორემ კისერში ჩაგასხამ! - უყვიროდა დარჩო და შეზარხოშებულ კურკას ამხნევებდა.

- დალიე, კურკი, დალიე! ნუ გეშინიან! პატარა ხარ, მაგრამ ბევრ ვაჟკაცს აჯობებ, - აქეზებდნენ სხვებიც.

- მერე რაო, პატარა რომ ვარ! - იწყინა კურკამ და ჭიქები მოითხოვა. თეფშზე ოთხი ჭიქა დასდგა, გაავსო, ხვნეშით და ტანჯვით დალია და ალავერდი მიხაკას გადაულოცა.

- იახშიოლ! - მიაძახა მიხაკამ და იმანაც ოთხივე ჭიქა გამოსცალა.

- პატარა ვარ, მაგრამ ტალი ვარ, ტალი! - ჰყვიროდა თვალებაჭრელებული კურკა და გრძელ ხელებს იქნევდა, - თუ თქვენში ჩემისთანა მაგარი ბიჭი გამოდგეს, კისერს მოვიჭრი!

- მრა-ა-ავალ ჟა-ა-ამი-ი-ერ... - დაიწყო ვიღაცამ ჩახლეჩილი ხმით და აქეთ-იქიდანაც ბანი მისცეს.

- ღმე-ერთმა-ა-ა ინე-ე-ე-ბო-ოს... - უპასუხა კურკამ და იმასაც ბანი მისცეს.

კურკა უცებ წამოხტა, ყველას გაჩუმების ნიშანი მისცა, რამდენჯერმე ჩაახველა და დაიწყო:

ქვეყანაზედ შემიყვარდა-ა-ა მა-შო მე-ე-ე...

- ბრავო! ბრავო, კურკი! - მიაძახეს აქეთ-იქიდან და წაქეზებულმა კურკამაც ხმას უმატა.

მაშომ მო-მკლა-ა-ა, მაშომ და-ამაღო-ონა მე-ე...

- ჰაი, ჰუ-უი-იი! - დაიყვირა ერთმა.

- აგრე, შენი ჭირიმე, აგრე!

მაშომ ჯერ მორცხვად ჩაღუნა თავი, მერმე ადგომა დააპირა, მაგრამ დარჩომ წელზე ხელი მოჰხვია, ძალით დასვა და კურკას მიაძახა:

- ჰაი, დაიწვას შენი დამწველი, კურკაჯან!

კურკა უარესად გათამამდა.

არ ვი-იცო-ოდი-ი სიყვარუ-ულის ძალა მე-ე...

გადვიკიდე-ე-ე თავზე ხა-ათ-აბა-ლა მე-ე-ე...

კურკას დუდუკი მისდევდა. ორივენი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ეცილებოდნენ.

უცებ კურკა სკამზე შეხტა, ხელში ჭიქა აიღო და სალაპარაკოდ მოემზადა. ყველანი გაჩუმდნენ და ორატორს მიაჩერდნენ.

- ძმებოჯან! - აკანკალებული ხმით დაიწყო კურკამ და ცოტახნით გაჩუმდა, - ძმებოჯან! მე ერთი საწყალი ვინმე ვარ, არც სახლი მაქვს, არც კარი, არც ჭერი. მე... მე ერთი დაბრიყვებული ხარაზი ვარ. პატრონი არა მყავს და მომვლელი.

- რატომ არა გყავს! როგორ არა გყავს! განა ჩვენ აქ არა ვართ? - მიაძახეს აქეთ-იქიდან, მაგრამ კურკამ ხელი დაუქნია და გაჩუმდა.

- არა, ძმებოჯან! მე უპატრონო კაცი ვარ. დღემდის ობოლი ვიყავი... ვინც არა მგონია, მე მიბრიყვებდა... ვინც არა მგონია, მე მცემდა, მაწვალებდა, მტანჯავდა...

კურკას ხმა აუკანკალდა და გული ამოუჯდა.

- ძმებოჯან! ჩემო ძმებო... ჩემო ამხანაგებო! დღეის იქით მე უპატრონო აღარა ვარ... მე... მე პატრონი გამიჩნდა, ჩემი მაშო აბიდას აღარავის არ მოაცემინებს. კურკამ ჯიბიდან აბრეშუმის ხელსახოცი ამოიღო და ცრემლი მოიწმინდა.

- ჩემი მაშო ნამდვილი ანგელოზია... ციდან ჩამოსული ანგელოზია... მაშოჯან! შენ რომ არ მოსულიყავი ჩემ დასახსნელად... შენ რომ არ მომშველებოდი, დღემდე დაღუპული ვიქნებოდი... ჩემო... ჩემო მხსნელო ანგელოზო, ჩემო... ჩემო...

და უცებ ჭიქა გაუვარდა ხელიდან, ორივე ხელი თვალებზე მიიდო და ქვითინი ამოუშვა. ყველანი წამოიშალნენ, კურკას შემოეხვივნენ და დამშვიდება დაუწყეს.

- ბიჭო, კურკი, რა დაგემართა, შე ღმერთგამწყრალო, შენა!

- ვაა, ეს სადაური ამბავია!

- არა უშავს რა, არა უშავს რა, - ამშვიდებდა ყველას დარჩო და კურკა მეორე ოთახში გაიყვანა.

კურკას კისერი მოსწყდა, ღონე გამოელია და ფეხზე ძლივსღა იდგა. ვიღაცამ დიდის წვალებით გაჰხადა ტანისამოსი და ლოგინში ჩააწვინა. გვერდით პატარა ბიჭი მოუჯდა და წამდაუწუმ გახურებულ შუბლზე ცივ ტილოს ადებდა.

- ლეკური! - დაიძახა ვიღაცამ მეორე ოთახში და იმავე წუთს დუდუკმა ლეკური დაუკრა.

- დედოფალმა უნდა ითამაშოს, დედოფალმა! - ჰყვიროდნე ნყველანი და გაცხარებით უკრავდნენ ტაშს.

- ტაშ-ტუშ! ტაშ-ტუშ! - ესმოდა კურკას და ისიც ჰგრძნობდა, რომ მაშო და ვიღაც კაცი ლეკურს თამაშობდნენ ის კი, ავადმყოფი, დაღლილი და დაუძლურებული კურკა, ყველას დაავიწყდა.

- მაშო-ო! - სუსტი ხმით დაუძახა კურკამ, მაგრამ პასუხი არ მიიღო.

- მაშო-ო-ო! - გაიმეორა მან, მაგრამ არც მეორედ მიიღო პასუხი და გაჩუმდა. მერმე ბურუსში გაეხვია და ბუნდოვნად ესმოდა ბაიათი, შიქასტა, მრავალჟამიერი, სადღეგრძელოები და დუდუკის ბუტბუტი.

კურკას ჩაეძინა.

გათენება მოახლოვებული იყო, როცა კურკამ გაიღვიძა. საშინლად სწყუროდა. თავი ისე ჰქონდა გაბრუებული და დამძიმებული, თითქო ცივი ტყვიით გაევსოთო. ჯერ ვერ მიჰხვდა, სად იყო და რა დაემართა, მაგრამ მალე გონს მოვიდა, ყველაფერი მოაგონდა და გაუკვირდა, რომ მაშო იმის გვერდით არ იწვა.

ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ბნელოდა. უცებ მეორე ოთახიდან რაღაც ხმაურობა და ჩურჩული მოისმა. კურკა გველნაკბენივით წამოხტა, ნიდაყვით დაეყრდნო ბალიშზე და სული განაბა. მეორე ოთახიდან ხელმეორედ მოისმა ჩურჩული და ხმაურობა. მერმე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. კურკა სულგანაბული უგდებდა ყურს, მაგრამ კარგა ხანს აღარაფერი არ ისმოდა. უცებ ისევ მოისმა ხმაურობა, თითქოს ვიღაც თითის წვერებზე დადისო. შემდეგ ვიღაცამ ფრთხილად გააღო აივანზე გასასვლელი კარები და გარეთ გავიდა. კურკას შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა, სუნთქვა გაუძნელდა და თმა ყალყზე აუდგა. აივნიდან შემოსასვლელმა კარებმა ისევ დაიჭრიალა. ოთახში ვიღაც შემოვიდა ფეხაკრეფით და ჩაიჩურჩულა:

- კურკი, გძინავს?

კურკამ დარჩოს ხმა იცნო, მაგრამ პასუხი არ გასცა, თავი მოიმძინარა და ოდნავ ფშვინვაც ამოუშვა. კურკას რაღაცისა სცხვენოდა და ეშინოდა, თან იმასაც ჰგრძნობდა, რომ ხმის ამოღება და იმის თქმა, რომ მას არ სძინავს და ყველაფერი გაიგო, ისევ იმისთვის იყო სირცხვილი, ამიტომ სდუმდა და ნატრულობდა, რომ დარჩოს არაფერი არ შეეტყო.

დარჩომ ფრთხილად გაიხადა ტანისამოსი და დაწვა. კურკას აღარ დასძინებია. გაუნძრევლად იწვა გულაღმა. უაზროდ შესცქეროდა სიბნელეს და საშინელ ეჭვს ებრძოდა.

მეორე დილას დარჩო ზანტად იცვამდა ტანისამოსს და ისევ გულაღმა მწოლარე კურკას ეუბნებოდა:

- სამ-ოთხ მანეთზე ნაკლებ ოთახს ვერ იშოვნი, ან რად უნდა დახარჯო მაგოდენი ფული? აი აქ მესამე ოთახი მაქვს, ცოტა ბნელი და ნოტიო ოთახია, მაგრამ არა უშავს რა: გაწმინდე, გაასუფთავე და იცხოვრე. ორივეს პურიც გექნებათ, ჩაიც და სადილიც. მაშო ჩემ ცოლს ოჯახში მოეხმარება. შენ კი ისევ იქ იმუშავებ. ჰა, რას იტყვი, თანახმა ხარ?.. რას გაჩუმებულხარ! თუ ჯამაგირი გეცოტავება, კიდევ მოგიმატებ და თუმანს გაგიხდი. სამი დღე თავისუფალი ხარ, მერმე კი ისევ საქმეს უნდა შეუდგე. ადე, მაშოს გაჰხედე, იქნება უნდა რამე! - დაამთავრა გულგრილად და პირის დასაბანად გავიდა.

 

IV

 

იმავე დღეს დარჩომ მუშას დაუძახა და მესამე ოთახი გააწმენდინა. მეორე დღეს კურკა და მაშო იმ ოთახში დასახლდნენ. მესამე დღეს კურკა ისევ ჩუსტების კერვას შეუდგა და მისი ცხოვრებაც უწინდელ კალაპოტში ჩადგა. დილით-საღამომდე ისევ პაწია ფიცრულში იჯდა და განუწყვეტლივ ჩასცქეროდა დაგლეჯილსა და ჭუჭყიან ჩუსტებს.

კურკა ცოლის შერთვამდე ოცნების მორევში დასცურავდა და დარწმუნებული იყო, რომ ოჯახი იმის უფერულ ცხოვრებას შესცვლიდა, მწარე სიცოცხლეს გაუტკბილებდა და ბედნიერებას მიანიჭებდა, ეხლა კი აღმოჩნდა, რომ ის წინანდელივით ობოლი, ეული, უბედური და ყველასგან დაბრიყვებული კურკა იყო. მართალია, ბაზარში მასხრად აღარ იგდებდნენ, თავში აღარ უფაჩუნებდნენ და კანჭშიც აღარა ჰკბენდნენ, მაგრამ მისი უბედურების უმთავრესი მიზეზი - მარტოობა და ობლობა - მაინც არ მოისპო.

დაღლილი და დაქანცული კურკა საღამოზე რომ შინ დაბრუნდებოდა, თავისივე ოთახში შესვლისა სცხვენოდა და ისე ეუცხოებოდა, თითქო დარჩოსთან სტუმრად მოსულიყო და დიდი ხნით დარჩენა უხერხული ყოფილიყო.

პირველ ხანებში მაშო დაძინებამდე დარჩოს ცოლთან იყო ხოლმე და მარტო დარჩენილ კურკას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. დარჩოს პატარა ბიჭი ერთ ჭიქა ჩაისა და ორ ნაჭერ პურს გამოუტანდა და თავს მიანებებდა. კურკა კი მთელი საათობით იჯდა ბნელ ოთახში და მაშოს გამოსვლას ელოდებოდა, ხოლო მაშო დარჩოს განათებულ ოჯახში იჯდა, ლაპარაკობდა, იცინოდა, მხიარულობდა და, როცა ძილის დრო მოვიდოდა, უცებ გუნებას გამოიცვლიდა, პირსახეს მოიღუშავდა, შუბლს შეიჭმუხვნიდა და ისე დაწვებოდა და დაიძინებდა, რომ კურკას ხმასაც არ გასცემდა. 

- მაშო! - უთხრა ერთხელ კურკამ, - რათა ხარ დაღონებული? ვინ გაგაჯავრა?

- არავინ, - უკმეხად მიუგო მაშომ.

- იქნება მე გაწყენინე რამე? იქნება გინდა რამე?

- არაფერიც არ მინდა, გამანებე თავი! - დაუყვირა უცებ მაშომ და პირსახე აენთო, - თავი დამანებე მეთქი და ამაზე მეტი შენგან არაფერიც არ მინდა!

- ვა, რა იყო, რა დაგემართა?

მაშომ ხმა არ გასცა, გარეთ გავიდა და აივანზე ჩამოჯდა.

კურკას გული დასწყდა და თვალებზე ცრემლი მოაწვა, მაგრამ თავი შეიმაგრა და ორი დღის განმავლობაში მაშოსთვის ხმა არ გაუცია.

დარჩო ყოველ დღე ერთი საათით სადღაც მიდიოდა და დუქანს კურკას აბარებდა. კურკას ათასნაირი ეჭვი ჰღრღნიდა, თავში ათასი ფიქრი მოსდიოდა, მაგრამ ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა.

ერთხელ დარჩომ დუქნის დაკეტვა კურკას მიანდო და თითონ სხვაგან წავიდა. საღამოზე კურკამ ორივე დუქანი დაჰკეტა და თავჩაღუნულმა შინისკენ გასწია. დაღამებული იყო. დარჩოს სახლში სანთელი არ ენთო. კურკა ეზოში შევიდა და აივნისკენ გასწია, მაგრამ უცებ უნებურად შესდგა, პატარა ფიცრულს ამოეფარა და ხმაურობას ყური დაუგდო.

- ნეტავი ის დღე არ გამთენებოდა, როცა შენ შეგხვდი, - ტირილით მოსთქვამდა დარჩოს ცოლი ოთახში, - ნეტავი გვირგვინი გამშავებოდა და შენ კი არ წამოგყოლოდი-ი-ი... მე უბედური-ი, რა დღეში ჩავვარდი-ი..

- კარგი, გაჩუმდი მეთქი, თორემ მე ვიცი შენი! - მოისმა დარჩოს ბოხი ხმა.

- არ გავჩუმდები... გავალ და თქვენს ოინებს ქვეყანას შევატყობინებ, რად უნდა გავჩუმდე? რა მაქვს გასაჩუმებელი! სანამ მაგ გომბიო მაწანწალას არ მომაშორებ, ერთ დღესაც არ დავრჩები ამ სახლში. თქვე უნამუსოებო, თქვენა! დამაცადეთ... ყველას ვეტყვი... სუყველაფერს ვიტყვი!..

- გაჩუმდი მეთქი, ქალო! - იმუქრებოდა დარჩო, მაგრამ მისი ცოლი არ ჩუმდებოდა და უფრო და უფრო ცხარდებოდა.

თავზარდაცემული, გაშეშებული და ენაჩავარდნილი კურკა ერთ ადგილას იდგა და არ იცოდა, შინ შესულიყო, თუ უკანვე დაბრუნებულიყო. მუხლები უკანკალებდა, შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა და ყელში ბოღმა მოაწვა. ოთახში ხმაურობა თანდათან მისწყდა. ხანგამოშვებით მხოლოდ ჩუმი ქვითინიღა ისმოდა. კურკას შინ შესვლა უნდოდა, მაგრამ რაღაცისა შეეშინდა, ვიღაცისა შერცხვა და ბარბაცით ისევ უკან გამობრუნდა.

ვეღარავის ვერა ჰხედავდა, აღარაფერი არ ესმოდა და არც ის იცოდა, საით და რისთვის მიდიოდა. გაბრუებული და დაღვრემილი ხარაზი უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა. ერთი ქუჩიდან მეორეში გადადიოდა და ყელში მოწოლილ ბოღმას ძლივსღა იმაგრებდა. სამჯერ თუ ოთხჯერ ვიღაცეებს დაეჯახა. რამდენჯერმე ვიღაცეებმა გალანძღეს და ერთხელ კინაღამ ეტლის ქვეშ მოჰყვა, მაგრამ მაინც არავის არ აქცევდა ყურადღებას და ბარბაცით მიიწევდა წინ.

ბოლოს დაქანცულ-დაღლილი და ოფლში გაწურული კურკა ერთი დუქნის წინ შესდგა და წყალი მოითხოვა, მაგრამ მედუქნემ ცერად გადმოჰხედა და კარები ცხვირწინ მიუკეტა. კურკა ტროტუარის ნაპირზე ჩამოჯდა და მიიხედ-მოიხედა. იმ ქუჩაში კურკა არასოდეს არ ყოფილიყო.

- ალბათ ორთაჭალაა, - გაიფიქრა კურკამ და ცოტახნის შემდეგ ისევ გზას გაუდგა.

ქალაქი ჩამობნელდა და მიყუჩდა. კურკა კი მაინც უთავბოლოდ დადიოდა ქუჩებში და ღამის თავშესაფარებელს ეძებდა. შინ წასვლა არ შეეძლო: მაშოსი სცხვენოდა, ეშინოდა და ერიდებოდა. ბოლოს ერთ ბაღს მიადგა, მოაჯირს გადავიდა და ხის ძირში წამოწვა.

მეორე დღეს დუქანი ადრე გააღო და მუშაობას შეუდგა. დარჩო გვიან მივიდა. საღამომდე ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. საღამოზე კურკას ცოლი შინ არ დაუხვდა. შუაღამემ მოატანა და მაშო მაინც არსად არ იყო. შეწუხებული კურკა წამდაუწუმ გამომიოდა ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელს აცქერდებოდა. ერთ საათს იდგა ალაყაფის კარებთან, ორჯერ თუ სამჯერ გავიდა ქუჩის ბოლოში და მეზობლებთანაც შეიხედა. მაშო მაინც არსად იყო.

კურკა შინ დაბრუნდა, ტახტზე მიწვა და მიიძინა. შუაღამე გადასული იყო, როცა კურკას ხმაურობა მოესმა. ალაყაფის კარებთან ეტლი გაჩერდა, ცოტა ხნის შემდეგ მაშომ კარი შემოაღო, ვიღაც უცნობი ალაყაფის კარებში უკანვე გავიდა.

- მაშო, შენა ხარ? - ხმის კანკალით იკითხა კურკამ და ასანთი გაჰკრა.

საქორწილო კაბაში გამოწყობილი მაშო შუა ოთახში იდგა და ამღვრეული თვალებით აქეთ-იქით იხედებოდა.

- ამ ხნობამდე სად იყავი? - მოწიწებით ჰკითხა კურკამ.

- შენი საქმე არ არის, - მკვახედ მიუგო მაშომ და ტანისამოსის გახდა დაიწყო. - საცა მინდოდა, იქ ვიყავი. შენ ვინ გეკითხება?

- ვა, რადა ჯავრობ? ისე გკითხე, რაღა!

- ჰოდა მეორედ აღარ მკითხო.

- კარგი, გენაცვა, აღარ გკითხავ, შენი ნება იყოს.

ასე გათავდა მათი ლაპარაკი.

მეორე დღეს დარჩომ უთხრა კურკას:

- ეს ოთახი გვჭირდება და ახალი მოძებნე სადმე. ეგ დუქანიც ხეირს არ იძლევა, სხვას უნდა მივაქირავო. სამი დღე ვადა გაქვს. სხვაგან იშოვე ადგილი.

კურკას თავზარი დაეცა. გაშრა, პირში ენა ჩაუვარდა და ხმა ვეღარ ამოიღო.

ორი საათის შემდეგ კურკა დარჩოს დუქანში შევიდა.

- მაგ საქმეს რად მიშვრები, დარჩო? რა დავაშავე? რად მართმევ ლუკმა პურს?

- ეგ შენ ცოლსა ჰკითხე, მე შენთან ლაპარაკის თავი არა მაქვს.

კურკა კარგა ხანს იჯდა დარჩოსთან, მაგრამ ვეღარაფერი ვერ უთხრა და გარეთ გამოვიდა.

იმ ღამესაც დაღონებული კურკა გვიან მოვიდა სახლში.

- მაშო, იცი რა უნდა გითხრა?.. დარჩომ მითხრა, ოთახი დაცალეო... ოთახი დაცალეთო და დუქანიცო... სამი დღე ვადა მოგვცა, რას იტყვი?

მაშო გულაღმა იწვა ტახტზე და ჭერს შესცქეროდა.

- რას იტყვი? - გაუმეორა კურკამ.

მაშომ ხმა არ გასცა, მერმე წამოდგა და უთხრა:

- მე ჩემ თავს თვითონვე მოვუვლი, და შენც შენ თავს მოუარე.

კურკამ გაკვირვებით გადაჰხედა თავის ცოლს და მცირე სიჩუმის შემდეგ შიშით ჰკითხა:

- როგორ თუ მოუვლი? ერთი კარგად გამაგებინე... პირდაპირ მითხარი, რაღა!

- აღარ მინდა შენთან ცხოვრება... არ შემიძლიან. წავალ სადმე და, როგორც იქნება, ვიცხოვრებ... აღარ მინდა მეთქი შენთან ცხოვრება, - გაიმეორა მაშომ წყნარი ხმით.

სიჩუმე ჩამოვარდა. კურკა გაშეშებული იჯდა და თვალებს უძილოსავით ახამხამებდა.

- მაშო! - დაიწყო კურკამ აკანკალებული ხმით და ჯიბიდან საქორწილო ხელსახოცი ამოიღო, - მაგას რასა შვრები... მაგას რად მიშვრები... რა... რა დავაშავე... რა გაწყენინე?

- არაფერიც არ დაგიშავებია, მაგრამ მაინც არ მინდა შენთან  ცხოვრება, მორჩა და გათავდა! - მიუგო დედაკაცმა და უკვე შეკრულ ბოხჩას დაავლო ხელი.

კურკა გველნაკბენივით წამოხტა და ორივე ხელით დაებღაუჭა ბოხჩას.

- მაშო, შენი ჭირიმე... შენ გენაცვალე, მაშოჯან! ნუ მიდიხარ... ნუ წახვალ... შენ გენაცვალე... შენი ჭირიმე... - ჰბუტბუტებდა კურკა და ბოხჩის წართმევას ლამობდა.

- ხელი გაუშვი! - დაუყვირა მაშომ და ბოხჩა გამოსტაცა, მაგრამ კურკამ ბოხჩას ხელმეორედ ჩაავლო ხელები და ზედ დააწვა.

- არ გაგიშვებ... არ გაგიშვებ... არ გაგიშვებ... - ჩურჩულებდა კურკა და მთრთოლვარე ხელებით ებღაუჭებოდა ბოხჩას და მაშოს.

მაშო გაბრაზდა.

- ხელი გაუშვი მეთქი! - დაუყვირა და ხელი აჰკრა კურკას.

ქმარი უკან-უკან წავიდა ბარბაცით და ტახტზე დაეცა. მაშომ ზიზღით გადაჰხედა წაქცეულ კურკას და ბოხჩა იღლიის ქვეშ ამოიდო. კურკა არ წამოდგა, თვალებზე ხელები მიიფარა და ჩუმი ხმით ატირდა.

- აღუ-უ-უ! ნეკზე არ მიკბინო! - გააჯავრა მაშომ და წასასვლელად მოემზადა.

კურკა წამოხტა, მუხლებზე დაეცა და ორივე ხელით ფეხებზე მოეხვია.

- აბა ვნახოთ, თუ წახვალ... აბა ვნახოთ...

- ხელი გამიშვი! ხელი გამიშვი მეთქი... თორემ წავიქცევი.

- არ გაგიშვებ... ვერსადაც ვერ წახვალ... აბა წადი... თუ ქალი ხარ, წადი.

- ხელი გამიშვი მეთქი, თორემ... მაშომ ბოხჩას ხელი გაუშვა და ქმარს ორივე ხელით დასწვდა წითელ თმებში.

- თმა! თმას ხელი გაუშვი! - წკმუტუნებდა კურკა და უარესად ეკონწიალებოდა მაშოს ფეხებს.

მაშო შეტორტმანდა და კურკას ზედ დაეცა.

- გამიშვი... გამიშვი... გამიშვი მეთქი, - ჰბუტბუტებდა მაშო და გამწარებული ორივე ხელით თავში და პირსახეში სცემდა, მაგრამ კურკა ცემას არ იმჩნევდა და მაგრა ეჭირა მაშოს ფეხები.

უცებ მაშომ ცემას თავი დაანება და დასისხლიანებულ კურკას ორივე ხელი ყელში წაუჭირა. ორივენი გაშეშდნენ. კურკას პირსახის ძარღვები დაეჭიმა, თვალები აემღვრა და ხრიალი დაიწყო, მერმე ორივემ ერთმანეთს ხელები გაუშვეს. კურკა პირქვე დაეცა იატაკზე და ხმამაღლა დაიწყო ტირილი.

- ნუ მიხვალ, მაშოჯან!... შენი ჭირიმე-ე, მაშოჯა-ან!.. ნუ მანებებ თავსა-ა-ა...

მაშო ხმას არ იღებდა და გაწეწილ თმას ისწორებდა, კაბა დახეული ჰქონდა და წინდები უჩანდა, მაგრამ აღარაფერს არ აქცევდა ყურადღებას და წასასვლელად ემზადებოდა.

- ნუ მანებებ თავსა, მაშო-ჯა-აან!.. შენი ჭირიმე, მაშოჯა-ან!... - გაჰკიოდა კურკა და გასისხლიანებულ პირსახეს ჭრელი ხელსახოცით იწმენდავდა.

მაშომ სწრაფად აიტაცა ბოხჩა და კარებისკენ გაიქცა. კურკა თვალის დახამხამებაზე წამოხტა და დაედევნა, მაგრამ მაშომ გარეთ გასვლა მოასწრო და კარები გადარაზა. კურკა ორივე ხელით ეცა კარებს, მაგრამ ვერ გააღო.

- გამიღეთ! კარები გამიღე-ეთ, ვინა ხართ ქრისტიანი-ი-ი! - ტირილით ჰყვიროდა კურკა, მაგრამ კარის გამღები არავინ არ იყო. გაბრაზებულმა კურკამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მუშტები დაუშინა კარებს. ცოტა ხნის შემდეგ კარები გაიღო და დარჩო შემოვიდა.

- რა ამბავია?! რამ გაგაგიჟა, შე მასხარავ, შენა! - დაიღრიალა მან და კურკას ხელი წაჰკრა. კურკა წატორტმანდა, გაჩერდა და ცოტა ხანს თითქო გაკვირვებით უყურებდა დარჩოს. მერმე დასისხლიანებული პირსახე დაეღმიჭა, ტახტზე ჩამოჯდა, გული აუჩუყდა და ნაწყენი ბავშვივით ატირდა.

ერთი თვის შემდეგ დაფლეთილი, ფეხშიშველი, უქუდო და ყავარჯენზე დაბჯენილი კურკა ბაზარში დადიოდა და გამვლელ-გამომვლელს ეხვეწებოდა:

- მოწყალება მოიღეთ... შეგეწიოთ წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი მარიამი... შეგეწიოთ სურპ-კარაპეტას მადლი... მოწყალება მოიღეთ. სამი დღეა პური არ მიჭამია... მოწყალება მოიღეთ... ხანგამოშვებით რომელიმე ბაზრის ბიჭი ისევ მიეპარება კურკას, ფეხში წასწვდება და ძაღლივით დაჰყეფს.

კურკა ჯერ საშინლად დაიღრიალებს, მერმე ყავარჯენს დააგდებს, მიწაზე გაგორდება და ხელ-ფეხის ქნევით გაჰკივის:

- ყარაუ-ულ! გარადავო-ო-ო-ოი! მიშველე-ეთ! მომკლე-ეს! ყა-რაუ-ულ!..

მედუქნეები კურკას ყვირილზე გარეთ გამოდიან და სიცილით იხოცებიან, კურკა კი ცრემლებს იწმენდავს და ადგომას ლამობს, თან წუწუნებს:

- კაცო, ვინა ხართ ქრისტიანი! რატომ თავს არ დამანებებთ! რაგინდათ ჩემგან? რა დაგიშავეთ მე უბედურმა?

ყველანი უჯავრდებიან მასხარას, რომელმაც კურკა წააქცია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მთელ ბაზარში ისევ ისმის ხრინწიანი ყვირილი:

- ყარაუ-ულ!.. გარადავო-ოი!.. მიშველე-ეთ! მომკლე-ეს! გა-რადავო-ოი!

და მცირე ხნის შემდეგ:

- მოწყალება მოიღეთ... შეგეწიოთ წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი მარიამ. მოწყალება მოიღეთ. 

- ღმერთი მოგცემს, კურკაჯან, ღმერთი. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ