I
სირბილაანთ მიხამ სამხედრო ბეგარა მოიხადა და ისევ თავის სოფელს დაუბრუნდა. ეს ამბავი იმავე საღამოს კარით-კარს მოედო. გასათხოვარი ქალები ამბობდნენ:
- ქა, გაიგე? სირბილაანთ მიხა დაბრუნებულა.
- ნეტავი მართას, რომ მაგისთანა შვილი დაუბრუნდა.
- სოფელსაც გაამხიარულებს, თორემ უმაგისოდ ჩვენი ქალები ობლებივით დაბორიალებდნენ.
- მაშ ხვალ დიდი ლხინი იქნება.
- ჯიღაურიანთ ფეფელო ისე მოიპრანჭება, რომაა...
- ვერ მივართვი ბადრიჯანი! იმისი მამა პეტრე ისეთი კაცი არ არის, რომ სირბილაანთ ქვრივს ქალი მისცეს.
- რაღა დროს მიცემაა ქაა! იმის მამას თავდიდაანთ სიკოსთვის მიუცია სიტყვა. ამბობენ, იმ კვირას ნიშნობაც იქნებაო.
- მუსუსი არ დაანებებს. აი დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა.
გათხოვილი დედაკაცები უფრო გაბედვით ტიტინებდნენ:
- დაბრუნდა ქალების მუსუსი.
- აქაურობას აიკლებს.
- ნეტა ეხლა კი ვის აიჩემებს?
- ვისაც მოინდომებს. მე შენ გეტყვი არ აჰყვებიან?
- ჯირითის დრო გაუვიდა. წარამარა ხელის გაკვრას აღარ აპატიებენ. დღეს ან ხვალ მოიკიდებს ერთ გოგოს და დაწყნარდება.
- ქაა, საწყალ მუსუსს რას ერჩით? ხუმრობა უყვარს, თორემ აქამდე ერთი ქალიც არ გაუფუჭებია.
- ვიცი, როგორც თავდება ხოლმე აგეთი ხუმრობა. მაგისთანა ხუმრობით თევდორეს თეკლე დალოგინდა.
ბიჭები ფუსფუსში ქალებს არ დაუვარდებოდნენ:
- ბიჭო, ღინღილ, ფრთხილად იყავი, მოვიდა შენი სულთამხუთავი.
- ვინა, მუსუსი? მე რა მიშავს, შვილოსა! მე სოფო დავნიშნე და გავათავე. ვაი, ტიტესა, თორემა...
- ვინა, მენა? ისეთი სახრე ვაჭამო ი შენ მუსუსსა, რომაა...
- შენ თუ სახრე იცი, მუსუსმა ისეთი მარგილის ტრიალი იცის, რომ ერთი დაკვრით შენს ლაბა კამეჩსაც კი მოსწყვეტავს კისერს.
- მე სხვების შიში არა მაქვს. ვაი თავდიდიანთ სიკოს, რომ ფეფელოს დანიშვნა დააგვიანდა, თორემ ჩვენ რა გვიშავს.
- ვინა, პეტრე ჯიღაური უნიფხვო მუსუსას ქალს მიათხოვებს?!
- არ მიათხოვებს.
- არც მიათხოვებს და არც ახლო მიაკარებს.
- არც მიათხოვებს და კარგებსაც მისცხებს.
- რა იცით, რომ მუსუსი ფეფელოს დაადგამს თვალსა? იმის მეტი ქალი აღარ არის?
- იმიტომა, რომა ფეფელო მუსუსის მეზობელია და ერთად არიან შეზრდილი.
- შენ ისე თქვი, რომ ფეფელოზე ლამაზი გოგო ახლო-მახლოარ მოიძებნება.
- ფეფელო წინათ სხვებს არა სჯობდა. ეხლა კი, სანამ მუსუსი ქალაქში იყო, ისე დამშვენდა და გაიშალა, რომ მუსუსი მაგას ხელს აღარ გაუშვებს.
- ეგ კი მართალია. თუ მუსუსმა ქალს თვალი დაადგა, რვა უღელი ხარ-კამეჩიც რომ მიაბა, ხელიდან ვეღარ გააგდებინებ.
მეორე დღეს სოფლის ნაპირას გახურებული ლხინი იყო. დაირას ბრაგუნი გაჰქონდა. ბუზიკა ჭყვიტინებდა, გოგო-ბიჭები ტაშით ხელებს იმტვრევდნენ. იქვე მახლობლად ბავშვებსაც ცალკე წრე გაემართათ და უფროსების დაირა-ბუზუკას აჰყოლოდნენ.
უცებ ქალებში ჩურჩული, წივილ-კივილი და სიცილი ატყდა:
- მუსუსი! მუსუსი! - მუსუსი მოსულა, მუსუსი!
სირბილიაანთ მიხა ქალებს ვენახიდან მიეპარა და ისე დაერია კაბებს, როგორც მგელი ფარეხს. თავჩაღუნული მუსუსი ქალებში მთვრალი დათვივით დაბორიალებდა, ხან ერთ ქალს მიასკდებოდა, ხან მეორეს გაჰკრავდა ხელს, ხან მესამეს წაეტანებოდა საკოცნელად და მეოთხესაც დაღუნული თავით ეტაკებოდა. დაფრთხალი ქალები ჟივილ-ხივილით აწყდებოდნენ ერთმანეთს.
შორით დაბრუნებულ ხუმარას ძველებურად დაუხვდნენ - მხიარული მუშტებით, მეგობრული სილებით და და-ძმური ლანძღვით:
- უი, შენ კი გაგისკდა ეგ გოგრა თავი, აჰა!
- მეხი კი დაგაყარე მაგ ჯაგარა თავში, აჰა!
- დაიკარგე, შე წუნკალო, შენა!
ქალები წიწილებივით გაიფანტნენ. ბიჭებმა მხიარული ყაყანი ასტეხეს:
- მუსუს, გამარჯვება!
- მუსუს, გეყოფა, ბიჭო!
- მუსუს, გამოდი, ბიჭო, ერთი ჩვენც დაგვენახვე.
დაირა და ბუზიკა ერთი წუთით გაჩუმდა.
თავდიდაანთ სიკომ და მისმა საბედომ ფეფელომ ცეკვა შესწყვიტეს და შუა წრეში შესდგნენ. ფეფელო ქალებისკენ წამოვიდა და მუსუსმაც სწორედ ამ დროს მოჰკრა მას თვალი. ორი ნახტომით აეტუზა წინ, ორივე ხელი გაშალა და დაიძახა: - დაირავ, დაჰკა!
დაირა ისევ აბრახუნდა, ბუზიკაც კვლავ ატიკტიკდა, ხოლო გოგო-ბიჭებმა ისე ააბრაგუნეს ხელები, რომ ტაშის ხმა სოფლის ბოლო უბანსაც კი მისწვდა. ფეფელო მიმინოსავით გავარდა. მუსუსი ქორივით დაედევნა. თავდიდაანთ სიკო ჯერ ნაწყენ ბატივით გაჰყვა ორივეს, მერე ჩამორჩა, მიიხედ-მოიხედა და, თავჩაღუნული, სათამაშო ფორიდან გავიდა.
- განი! განი! - დაიძახეს აქეთ-იქიდან და გახელებულ ქალ-ვაჟს სანავარდო ადგილი მისცეს.
- ერთი დახე! ერთი დახე ამასა! - წამოიძახა ერთმა.
- ბიჭოს! - ვერ უყურებთ ამასა! - გაიკვირვა მეორემაც და ყველანი აყიყინდნენ:
- ე რეები უსწავლია მუსუსის?
- შეხე, რა სცოდნია ქალაქსა!
- ერთი დახე, როგორ ათამაშებს ფეხებსა! მუსუსი ადრეც კარგი მოცეკვავე იყო, მაგრამ ეხლა ყველას პირები დააღებინა. ისეთი რხევით უვლიდა განიერ წრეს და ისე მარდად ათამაშებდა ფეხებს, როგორც უწინდელი გაწკეპილი აზნაური, რომელსაც თავისი დღეები ფეხების ქნევაში დაელია.
მუსუსი აჩრდილივით დასდევდა თანშეზრდილ ფეფელოს და გაოცებით დაჭყეტილ თვალებს ერთის წუთითაც არ არიდებდა თვრამეტი წლის ქალს. ანცი, გიჟმაჟი და თხელი ფეფელო ორიოდე წელიწადში უცნაურად გარდაქმნილიყო, თითქო ხელმეორედ დაბადებულიყო. ნდაბალი ტანი აეყარნა და დასრულებულიყო. თეძოებში გაშლილიყო და მკერდი გაესწორებინა. ღვედის სისქე ნაწნავებად დაწნული შავი თმა მუხლებზე სცემდა. თხელ ჩითში შეხვეული აფუვებული ძუძუები თრთოლვით ერხეოდა. შავგვრემანი, ალანძული და მეტყველი პირსახე სწრაფად ნაფურცლი წიგნის სურათებივით ეცვლებოდა.
უცნაურ ცვლილებით და ღელვით გარდაქმნილი მუსუსი იმ წიგნის წაკითხვას ვერ ასწრებდა. მისი თვალი და გული ფეფელოს მოქნილმა ტანმა და შავმა თვალებმა მიიჯაჭვეს - შავი ქლიავისოდენა თვალებმა, სადაც უწინდებურად ერთად ჩაწნულიყო ვნების ელვა, ქალური ჟინი, ცუღლუტობა და სიხარული.
„ჩემია, ჩემი!“ - გადასწყვიტა გულში მუსუსმა და იმავე წამს ფეფელოს წასჩურჩულა:
- ჩემო ფეფელო, ჩემო გოგონი! როგორა ხარ?
ფეფელომ მადლიერი თვალები შეანათა და მკლავებიდან გაუსხლტა.
- ტაშ-ტუშ! ტაშ-ტუშ! - ჰქუხდნენ გოგო-ბიჭები.
მუსუსი უმალვე წამოეწია ქალს, მკლავი კვლავ ფრთასავით გადააფარა კისერზე და ისევ ჩასჩურჩულა:
- გენაცვალე მაგ თვალებში, გოგონი!
ფეფელომ ჩუმი სიცილით ჩაიცინა, ღოღნაშოვანი თვალებითდა თეთრ-წითელი კბილ-ტუჩებით მუსუსს ცხელი ღიმილი შეასხა და ისევ განზე გაუვარდა.
მიხა-მუსუსი მესამეჯერ მიაფრინდა და ყურში ჩაუწვეთა:
- ჩემი ხარ, გოგონი, ჩემი!
პასუხად ისევ სასიხარულო სიცილი მოესმა და თანხმობის ცეცხლმა დასწვა.
დაირა, ბუზიკა და ტაშიც დაიღალნენ. დაუღალავი და ალმურ-მოდებული მუსუსი კი ისევ დასდევდა წითლად ალეწილ გოგოსდა ჩუმი ხმით ჩასძახოდა:
- ჩემო ფეფელო!.. ჩემო პეპელავ!... ჩემო გოგონი!... ჩემი ხარ, ჩემი! ჩემი!
ალანძული და ოფლის მარგალიტებით შეპკურებული ფეფელო ბოლოს ქალებში შეერია და მიიმალა, ხოლო მუსუსმა ქუდი მოიგლიჯა, რამდენჯერმე შემოტრიალდა, შესდგა და დაიძახა:
- აქა მშვიდობა! გამარჯვება, ქალებო, გამარჯვება, ბიჭებო!
- გაგიმარჯოს, მუსუსი, გაგიმარჯოს! მშვიდობაში შენი დაბრუნება! და ყველანი ყაყანით, კიჟინით და ჟივილ-ხივილით შემოეხვივნენ თავიანთ პირველ ხუმარას, მოლხინეს, მოჭიდავეს, მომღერალსა და მოსარჩლეს. შემდეგ ერთმანეთი მოიკითხეს და ჩაათვალიერეს. ბიჭებმა მუსუსს ქალაქის ამბები გამოჰკითხეს და სოფლისაც უამბეს. ზოგი ძველებურად შეელაზღანდარა, მაგრამ მუსუსი აღარ აჰყვა. წეღანაც ძალიან მიჰქარა, რომ უწინდელივით ქალებს დაუქროლადა წიწილებივით დაჰფანტა. გაიფიქრა: „აღარ შემშვენის, ნაქალაქარი ვარ. მასხრობა არაფერს აღარ მომიმატებს. კიდევაც დამაკლებს და აღარც ფეფელო მომიწონებს“. ფეფელოს სახელი ბოლოს ახსენა, ნამდვილად კი მხოლოდ ფეფელო ახსოვდა და მარტო იმის ფიქრში იყო, რომ იმ ქალის თვალსა და გულში დაებუდა და ფეხი მოეკიდა.
ერთხელ კიდევ გადაჰხედა ქალებს. ფეფელო აღარა სჩანდა. ოდნავ გაიღიმა და გულში კიდეც გაუხარდა. იცის, კარგად იცის მუსუსმა ძველი ხერხი. ადრევაც ასე ეშმაკობდნენ: ლხინის გათავებამდე არ დარჩებოდნენ. ჯერ ფეფელო და მისი ბიძაშვილი თეკლე გაიპარებდნენ, მერმე მუსუსი გაჰყვებოდა და თეკლეს ღობეს მიადგებოდა. ფეფელო თეკლესთან უცდიდა, იქიდან ერთად წავიდოდნენ, ორღობეებს ჩაჰყვებოდნენ და განგებ გზას გაიგრძელებდნენ.
ფეფელო და თეკლე ეხლაც ერთად გაპარულან. მუსუსი განაპირდა და თავდიდაანთ სიკოს პირისპირ შეეჩეხა. აჰხედ-ჩაჰხედა და თავითფეხებამდე გაზომა: იგივ დონდლო, უნდილი, ავყია და ჭიანი დარჩენილიყო.
- გამარჯვება, მუსუსო!
- გაგიმარჯოს, სიკო, მაგრამა... მე ზოგისთვის მუსუსი ვარ, შენთვის კი მიხა გახლავარ.
- ვითომ რათაო? - იწყინა სიკომ.
- ქალაქში რომ იყავი იმიტომა?
- იმიტომა თუ ამიტომა, შენი საქმე არ არის. მე მიხა მქვია, მორჩა და გათავდა. და ზურგი შეაქცია. მერმე ისევ მიბრუნდა. ბატის და ქორის თვალები ერთხელ კიდევ დაეტაკნენ ერთმანეთს. ღერღეტმა ქორს ვერ გაუძლო და პირი იბრუნა.
„ვაი, დედასა! სად არის სამართალი?! - გაიფიქრა მუსუსმა. - ამან უნდა წამართვას ფეფელო? მე ღატაკი ვარ, ეს კი სიმდიდრით პირველი კაცია სოფელში. მაგრამა, დედა არ მომიკვდება“... თავი დაღუნა, მიუხ-მოუხვია, ვენახი გადასჭრა და თეკლეს ღობეს მიადგა. წინ ფეფელო გამოეგება და ორივენი უსიტყვოდ დაადგნენ მიყრუებულსა და ნაცად გზას.
ფეფელო თავჩაღუნული მიდიოდა. პირსახეზე ღიმილის ჭავლი უციმციმებდა. ყბედი მუსუსი უცებ დამუნჯდა. აღარ იცოდა, საიდან დაეწყო, რა ეთქვა და როგორ ეთქვა. ბოლოს, ორღობეში რომ შევიდნენ, ფეფელომ ალმაცერა დაჰხედა და გადაიკისკისა.
- რა გაცინებს, გოგო? - ეკითხება მუსუსი.
- ქალაქმა დაგამუნჯა? - შესცინა ფეფელომ.
- ქალაქმა კი არა, შენ დამამუნჯე.
- მენა?! მე დაგამუნჯე? - უკვირს გოგოს.
- ჰო, შენა, შენ დამამუნჯე?
- როგორ, ბიჭო? რით დაგამუნჯე?
- იმით დამამუნჯე, რომა... რომ... იმიტომ რომა... აირია, აბორძიკდა და ალუღლუღდა. ბოლოს, სიტყვას რომ თავი და ბოლო ვეღარ უპოვნა, გაწითლდა და გაჩუმდა.
ისევ ფეფელო მიეშველა. ერთხელ კიდევ გაიკისკისა, მკლავში მხარი გაჰკრა და ჩაიფრუტუნა:
- მართლა დამუნჯებულხარ! ახა-ხა! იხი-ხი!
მუსუსი მოიღრუბლა, შესდგა და ფეფელოს მკლავში მოუჭირა ხელი:
- ფეფო... ფეფელო! ჯერ ეს მითხარი, სიკოს შენგან რა უნდა? მითხარი, ი ფხაჭას რა უნდა-მეთქი შენგან?
დუმილის შემდეგ ფეფელომ თავის მკერდს უპასუხა:
- რა ვიცი... ჩემი თავი უნდა... ალბათ ჩემი თავი ენდომება. მაგან ხომ არ დაგაღონა?
- შენა?... შენ რა უთხარი? რა ნება მიეცი?
გოგომ თავი ასწია, თვალი თვალში გაუყარა, გაიღიმა და ჰკითხა:
- აბა, თუ ბიჭი ხარ, გამოიცანი.
ფეფელოს პასუხი მუსუსმა მისივე თვალებში, პირსახეზე დახმაში ამოიკითხა. ამოიკითხა და გაიბადრა:
- უარი უთხარი, არა? - მაშ არადა... - უჰ, შენ კი გენაცვალე მაგ თვალებში, აჰა!
- ისე ცივად გავაბრუნე, რომაა...
- ჩემო გოგონი, ჩემო პეპელავ! მოიტა ერთი...
- ნუ გაგიჟდი, დაგვინახავენ.
- დედაშენი ტასო რას ამბობს?
- არც იმას უნდა ფხაჭია.
- პეტრე? - მამაჩემი? აბა რა გითხრა. მამას შენც კარგად იცნობ - სიკო მდიდარიაო. მარტო ის არის შენი ტოლიო და... დასტური მისცა.
- ნიშნობა როდის იქნება?
- არც როდის. რა ვქნა, როგორ მეკითხები შენა? განა ვინა გგონივარ, რომ ი ცინგლიანს გავყვე?
- უჰ, შენი ჭირიმე, შენი, ფეფელო! აგრე, გენაცვალოს მიხა, აგრე! ისე დაუხვდი, როგორც ვაჟი, დანარჩენი მე ვიცი, ხომ იცი, შენს იქით გზა არა მაქვს და არც არავის დაგანებებ. ჩემი ხარ, ჩემი! მიყრუებულ ალაგას შესდგნენ და მიიხედ-მოიხედეს, არავინარ მოსჩანდა. ოთხი მკლავი თავისთავად ჩაეხლართა, ორი მკერდი ერთმანეთს მიეკრო და ცხელმა ტუჩებმა ერთი-მეორე თვითონვე მოსძებნეს, ორივეს სული შეუგუბდათ, ერთი წუთით ამოისუნთქეს და ხელმეორედ შეერთდნენ.
- კარგი... გეყოფა... გაათავე... დაგვინახავენ. - აბუტბუტდა ფეფელო. მაგრამ მუსუსმა ვერ გაათავა. ერთხელ კიდევ მოითქვა სული და ერთხელ კიდევ დასწვდა ფეფელოს ტუჩებს.
- კარგი, ბიჭო... გეყოფა-მეთქი! მგონი ვიღაც მოდის. გამიშვი... გონს მოდი... ვიღაც მოდის-მეთქი! - იძახოდა შეშინებული ქალი და მუსუსის მკლავებში ფართხალებდა.
მაგრამ მუსუსი გონს ვერ მოსულიყო.
- დაიცა, დამაცა... ერთი კიდევ... ერთხელ კიდევ - ჰბურტყუნებდა მიხა და ხარბად ეტანებოდა შიშისაგან გამოფხიზლებულ ფეფელოს. ალერსი ბღლარძუნად გადაიქცა, ბღლარძუნი - ბრძოლად.
- ხელი გამიშვი-მეთქი, შე გიჟო შენა! - აუმაღლა ხმა ფეფელომ, მაგრამ გვიანღა იყო: ბადიანთ მელანა მათ გვერდით აიტუზა და გესლით აჩიფჩიფდა:
- გაამოს, შვილებო, გაამოს! - ბარაქალა დღევანდელო ქალ-ვაჟებო, ბარაქალა! ერთი დამიხედეთ ამ უნამუსოებს, ამათა! დილაადრიან შუა სოფელში ჩახუტებულან და აღარავის არ ერიდებიან, იიიფ!
გაწეწილი ფეფელო გამოსხლტა და აწეწილი, თვალცრემლიანი და თავჩაღუნული, სირბილით მიეფარა ღობეს, ხოლო გაფითრებული და მოსულიერებული მუსუსი ნელ-ნელა ფხიზლდებოდა: მთრთოლვარე ხელით თვალებს იფშვნეტავდა და გაოცებით შესცქეროდა გაკაპასებულ მოხუცებულს, რომელიც გამხმარ კლანჭებს თვალების წინ უტრიალებდა და დუჟებს პირში აყრიდა:
- უუი შე ამოსავარდნო, შენა! შე კინტოვ, შენა! უნამუსო! სალახანა! ჯიბგირო! მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე! შხამად დედაშენის ამაგი შენზე, შხამად! შავი ქვა და ნაცარი ცხელი მაგ მურდალთავსა, აჰა! ეგენი გასწავლეს ქალაქში? დაიცა... დამაცა... მალე ნახავ, როგორ მოგჭრი მაგ ტურტლიან თავს მთელს სოფელში, ნახავ! უნამუსოვ! ყაჩაღო! სალახანავ! დედაბერმა ღობეს გადაალაჯა, ერთხელ კიდევ მიტრიალდა, ქოქოლა მიაყარა და ერთხელ კიდევ მიაძახა:
- აი გაგიხმეს ეს მურდალი ხელები, აჰა! შხამად ამოგივიდეს საწყალი მართას რძე, შხამად! დაგიბრმავდეს ეგ თვალები, აჰა! გატრიალდა და ლასლასით წავიდა, თან ხელებს იქნევდა და უკბილო პირს აცმაცუნებდა:
- უნამუსო!.. კინტო!.. ჯიბგირო! პირშავო!.. ყაჩაღო!..
შერცხვენილი მუსუსიც მოტრიალდა და ბარბაცით წამოვიდა.
საღამოს ჟამზე მართა სოფლიდან დაბრუნდა, პირზე ხელი მიიდო და შვილს უთხრა:
- შვილო, ეს რა დაგემართა?
- რა დამემართა, დედი? - ვითომ ვერ გაიგო მუსუსმა.
- ის დაგემართა, რო საქვეყნოდ მოიჭერი თავი. ბადიაანთ მელანამ მთელ სოფელს მოსდო შენი და ფეფელოს ამბავი.
- მოსდო და მოსდოს! კისერიც მოუტეხია! მერე რაო?
- მერე ისა, გენაცვალოს ჩემი თავი, რომ გასათხოვარ ქალს თავი მოსჭერი.
- ფეფელოსა? მერე რაო? ფეფელო ჩემია.
- ვინ მოგცემს ფეფელოს, რომ აგრე დაიჩემე? პეტრეს აღარ ეკითხები?
- პეტრეს შენა ჰკითხე.
- ვკითხავ, გენაცვალოს დედაშენი, მაგრამ რა გამოვა?
- რაც გამოვა, მერმე ვნახოთ.
- ფეფელო სიკომ უნდა დანიშნოს. პეტრეს პირობა აქვს მიცემული.
- ვერ დანიშნავს.
- რატომ ვერ დანიშნავს?
- იმიტომ, რომ... ფეფელოს არ უნდა.
- ვიცი, რომ არ უნდა, სიკომ ბელგა მოუტანა, მაგრამ ფეფელომ არ აიღო. დღესაც ი ბელგა ტასოს უდევს სკივრში.
- არც აიღებს. ფეფელო ჩემია-მეთქი, მორჩა და გათავდა! ვნახავ, ვინ დამიდგება წინ.
მართას თან უხაროდა შვილის სიმტკიცე და ჟინი და თანაც ეჭვით იქნევდა თავს. - ღმერთმა ჰქნას, რომ შენს ბედნიერებას მოვესწრო, შვილო, მაგრამ პეტრე სხვა კაცია და შენისთანა ღარიბს ქალს არ მისცემს.
- ეხლა ღარიბების დროა. მოვტეხავ!
- პეტრეს ვერ მოტეხავ, კერპია, ჯიუტია.
- იმაზე კერპი მე ვარ. შენ ცოტა დამაცადე და დანარჩენი მე ვიცი. წამოდგა და მგლის ნაბიჯით გამოვიდა. სთქვა: „შენ ცოტა დამაცადე, დანარჩენი კი მე ვიციო“, მაგრამ მუსუსმა ნამდვილად არ იცოდა, საქმეს საიდან მოუვლიდა, პეტრეს როგორ მოსტეხავდა და ლამაზ ფეფელოს რომელი გზით შემოიყვანდა თავის გაფხეკილ ოჯახში.
II
მუსუსის ქოხი პეტრეს ქვითკირის სახლს ისე ჰქონდა მიკრული, როგორც სანაგვე ყუთი თეთრსა და სუფთა კედელს. უკან ორივე სახლს ბაღები ჰქონდათ: მუსუსს ერთი დღიური, პეტრეს კი - ხუთი დღიური. ბაღებსაც და ეზოებსაც მიჯნად ძეძვის ღობე ჰქონდა გავლებული.
მუსუსი ბაღში გავიდა და ღობეს ჩაჰყვა. დერეფანში პეტრეს ცოლი და ფეფელო საქმობდნენ.
ფეფელომ მუსუსს თვალი მოჰკრა. ჯერ თვალებით დაუბღვირა, მერმე გაუღიმა და პირი მიიბრუნა. როცა ერთხელ კიდევ მოიხედა, მიხამ თავის ქნევით და თვალებით ანიშნა ვენახისკენ, თვითონაც იქით წავიდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ ორივენი ჩატეხილ ღობის ორივე მხარეს მიადგნენ.
- არც კი გრცხვენიან, - იბუტებოდა ფეფელო, - სოფელში თავი მომჭერი.
- არაფერიც არ მოგჭერი. - ღიმილით იმართლა თავი მიხამ. - შენ ჩემი ხარ. ამას ხვალვე მთელ სოფელს მოვდებ. ჩემი ხარ და ამიტომ...
- შენი ვარ, მაგრამ ი დედაკაცთან რად შემარცხვინე? მთელ სოფელს მოსდო.
- მაშ ჩვენი საქმე იმას გაუკეთებია.
- ეგ ჩვენი საქმე კი არა, შერცხვენაა.
- შენ ეს მითხარი, პეტრემაც გაიგო?
- ღმერთმა დაგიფაროს, რომ გაეგოს.
- დედაშენმა ტასომ?
- გაიგო.
- მერმე რაო, რა გითხრა?
- ძალიან დამტუქსა. ჯერ სთქვა: ი მუსუსი ძალად დაგიწყებდა კოცნასაო და დაგემუქრა, პეტრეს უნდა ვუთხრაო, მე გამოვტყდი და ვუთხარი, რომ... რომ მე... მე თვითონვე მივეცი-მეთქი ნება.
- ყოჩაღ, ქალო. გენაცვალე მაგ ყანყრატოში! - ყელზე ხელი მოუცაცუნა. - მერმე, მერმე?
- ჯერ დამიჯერა, მერმე მომადგა და ისე გამხადა, რომა... მე ჩემ სიტყვაზე შევდექი და აღარ ჩამოვედი.
- უჰ, შენი ჭირიმე, შენი, პეპელაჯან!
- ნელ-ნელა მოლბა და ჩემ მხარეს გადმოვიდა.
- მართლა გადმოვიდა?
- მართლა, მაშა! ვენაცვალე დედაჩემსა, ესმის ქალის გულის ამბავი.
- მეც ვენაცვალე ტასოსა! სცოდნია დედისერთას ყაიდა.
დედები შვილებს აჰყვნენ. ორივემ დასტური მისცა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ კერპი პეტრე გარდაუვალ ღობესავით აიტუზებოდა ღარიბი მუსუსისა და მზითვიან ფეფელოს შუა.
რას აპირებს მიხა-მუსუსი? ჯერ არ იცის. მოიფიქრებს. პეტრეს ფეფელოს თავს მოსთხოვს, მაგრამ თუ პეტრე მართლა გაჯიუტდა, მუსუსი სხვა მხრივ მოუვლის. საიდან მოუვლის? მოუვლის, მაგრამ როგორ და საიდან, ეს მერმე გამოჩნდება.
- ვიცი, რომ მამაშენი ჯიუტი კაცია, მაგრამ არც მე ვარ დონდლო. - გამოუცხადა მან თავის საბედოს.
„ჯიუტი კაცი“ - ცალთვალა პეტრე - სწორედ ამ დროს გამოვიდა ვაზებიდან. მარგილივით მაღალი და გამხმარი ბებერი იყო. თავზე ჭრელი ხელსახოცი ჰქონდა აკრული, ხელში ორთითი ეჭირა. ადამიანისთვის თუნდაც პირისპირ რომ შეეხედა, გაშლილ ხელს უეჭველად წარბზე მიიდებდა და ახელილ თვალს დაიჩრდილავდა. ლაპარაკში მეტად ძუნწი იყო და სიტყვას არავის არ ეტყოდა, რომ ზედ ერთი კოკა შხამი არ დაეყოლებინა.
შვილს და მუსუსს მოულოდნელად წაადგა. ერთი ხელით თვალი დაიჩრდილა, ნაოჭად გადაქცეული გაცრეცილი ტუჩები ააცმაცუნა და გადმოაგდო:
- იიი, თქვე ცინგლიანებო, თქვენა! რეებს მიჰქარავთ აქა?
- არაფერი, მამილო, აი მიხა ქალაქიდან დაბრუნდა და... ამბები მოიტანა. - აურ-დაურია ფეფელომ და თავი ჩაღუნა.
- გამარჯობა, ძია პეტრე! - მხიარულად მიესალმა მუსუსი.
პეტრემ მუსუსს ხმა არ გასცა, ფეფელოს მხარში ხელი წაავლო, მიატრიალა და ერთადერთი მოწამლული სიტყვა მიუგდო:
- დაიკარგე!
ფეფელომ იცოდა მამის მოკლე სიტყვების ძალა და ამიტომ უმალვე დაიკარგა.
სანამ ფეფელო სათივეს მიეფარებოდა, პეტრე ქალის ზურგს შესცქეროდა და გათეთრებულ ტუჩებს აცმაცუნებდა. მერმე მუსუსს მოუტრიალდა, ზიზღით გაზომა თავით-ფეხებამდე და იმასაც ერთი სიტყვა მიუგდო:
- წაეთრიე!
მუსუსი თავის ბაღში იდგა და არ წაეთრია, მან გამხმარ პირსახეში გაუღიმა პეტრეს და მისი მოლბილება სცადა:
- როგორა ხარ, ძია პეტრე?
პეტრემ პასუხი არ გასცა.
- როგორც გეტყობა, ისევ ყოჩაღად ყოფილხარ. - განაგრძო მუსუსმა.
პასუხად ისევ დუმილი, ტუჩების ცმაცუნი და ზიზღი მიიღო.
იქვე სათივესთან ძეძვი ეყარა. პეტრე დინჯად მიტრიალდა, ორთითით ერთი კონა ძეძვი აიღო და მუსუსის ცხვირისწინ დინჯად ჩამოაცვა ღობის მარგილს. მერმე მეორედ და მეხუთედაც მიტრიალდა, კიდევ ხუთი კონა ჩამოაცვა, თან ისეთი ბრაზით ურტყამდა ორთითს იმ ძეძვს, თითქო გველს ჰკლავდაო. ჩატეხილი ღობე თავის სიმაღლეზე აამაღლა, ორთითი მხარზე გაიდო და მთვარეულის ნაბიჯით მიეფარა სათივეს.
გულამღვრეული და თავჩაქინდრული მუსუსიც გამობრუნდა, ღობეს გამოჰყვა, ეზოში შეიხედა და დერეფანში სიკოს მოჰკრა თვალი. სიკო და პეტრე ერთ კარებში შევიდნენ. თითქმის იმავე დროს მეორე კარებიდან ფეფელო გამოვიდა. მოდიოდა და თავსაკრავს იკრავდა. უცებ მოიხედა, ღობისგადაღმა მუსუსის თავი დაინახა და გაუღიმა. გაუღიმა და ცერა თითით გაამხნევა: ნუ გეშინიან, მაგრა ვდგევარ სიტყვაზეო.
- ყოჩაღად, ფეფელო, ყოჩაღად! - მიაძახა მიხამ და თვითონაც სოფლის გზაზე გავიდა.
ფეფელო ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა თეკლესთან, ალბათ ავყი ასიკოს ემალებოდა. შორიდან ერთხელ კიდევ მოიხედა და გაიღიმა. ცერა თითით ერთხელ კიდევ გაამხნევა და ნაბიჯს მოუჩქარა.
სახლიდან ფეფელოს დედა ტასო გამოვიდა, მიიხედ-მოიხედადა მუსუსს ჰკითხა:
- მიხა, ფეფელოს ხომ არ გაუვლია ამ გზაზე?
- არა, არ გაუვლია.
- დიდი ხანია, რაც აქ სდგეხარ?
- ერთი საათი იქნება.
ტასო შებრუნდა და ეზოში რამდენჯერმე გაისმა მისი ხმა.
- ფეფო!.. ფეფელო!.. ქალო, ფეფელო!
III
ის ღობე კიდევ ორ ალაგას იყო ჩატეხილი. ფეფელო და მუსუსი ხან ერთ ჩატეხილ ალაგს მიადგებოდნენ და ხან მეორეს.
ტასო ჰბუზღუნებდა, მართა კი თავის მიხას ეხმარებოდა და ზოგჯერ გადაკვრით იტყოდა ხოლმე პეტრეზე:
- ი პირშავი ბებერი ტყეში მიდის. ან კიდევ: - ი წუწკი ყანაში წავიდა.
იმ დღეს „წუწკი“ სიმინდის სათოხნელად წავიდა, რომელიც ვენახის ბოლოს ჰქონდა. მუსუსი უმალვე ღობეს ჩაჰყვა და ჩატეხილ ალაგიდან მეზობლის სახლს გადაჰხედა. იმ ჩატეხილს მალე მეორე მხრიდან ფეფელოც მოადგა.
- ფეფელო, გამარჯობა!
- გაგიმარჯოს, მიხო!
- როგორა ხარ, გოგონა?
ორივემ მიიხედ-მოიხედეს. მერმე ღობეზე გადაეყუდნენ და ერთმანეთს ტუჩებით მიესალმნენ.
- გოგონი, როგორა ხარ-მეთქი?
- ეჰ, ნუღა მკითხავ... - ამოიოხრა ფეფელომ.
ერთხელ კიდევ გადაეყუდნენ და გული ტუჩებით მოიოხეს.
მუსუსი მხრებში წასწვდა ფეფელოს.
- გეყოფა... გამიშვი, თორემ მაშინდელი ამბავი არ დაგემართოს.
- ნუ გეშინიან, - დაამშვიდა მუსუსმა, - მაშინ მართლა რაღაც ახირებული ანბავი დამემართა. ეხლა თავს შევიმაგრებ. ერთი კიდევა და... და ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადასწვდნენ.
მერმე მუსუსმა ჰკითხა:
- მიამბე რაღა, ფეფელო, პეტრე რას ანბობს?
- ძალიან ჯავრობს და მემუქრება. -
რას ამბობს, რა მინდაო?
- იცის ჩვენი ამბავი. მოიშალეო, თორემ ძალით გაგათხოვებო.
- ძალითაო? მერმე, სიკო გაჰბედავს შენს ძალით წაყვანას?
- ვერ გაჰბედავს. ესეც იცის. ამიტომ ანბობს, ვინმე თავზე ხელაღებულს გაგატანო.
- თუ ანგრეა, ჩემზე ხელაღებულს სადღა იშოვნის?
- დედამაც ანგრე უთხრა, მაგრამ მამამ აიჩემა: ოღონდ სირბილაანთ მიხა ნუ იქნება და ვინც უნდა იყოსო: თუნდ თათარიო, თუნდ ოსიო და თუნდაც ჯანდაბაო. დრო მიდის და ვინ იცის რა მოიგონოს ბებერმა. შენ ვერაფერი მოიგონე?
- კაცი უნდა გაუგზავნო.
- უარესად გაანჩხლდება. მაინც სცადე, თორემა...
მიხამ სიტყვა აღარ გაათავებინა: ღობეზე გადაიწია და ჩაეხუტა. ჩაეხუტა და უცებ მწარედ დაიკვნესა. დაიკვნესა და გველნაკბენივით მოსწყდა ფეფელოს. იფნის სახრემ ბეჭები ცხელი შამფურივით აუწვა.
- იიიჰ, შე ცინგლიანო, შენა! - შხამიანი სიხარულით დააყოლა სახრეს პეტრემ და აკანკალებული ხელი კიდევ ასწია. მუსუსი დროზე გაუსხლტა, პეტრე კი სახრეს ჰაერში აცანცარებდა და ჩიფჩიფებდა:
- ანდე, შეჭამე? იიიჰ, შე წუწკო, შენა! აქეთ მოდი, აქეთ მოიწი, შე უნიფხოვ, შენა! მოიწი, მოიწი-მეთქი, ორიოდე კიდევ უნდა გაჭამო, შე სალახანავ, შენა!
- რას მერჩი ძია პეტრე? ისეთი რა მოხდა, რომ ანგრე რიგად გამიმეტე? - ღიმილით ჰკითხა მიხამ, თან ნაკრავ ალაგს იფხანდა და ტკივილისგან იღრიჯებოდა.
- ერთი დახე! ერთი დახე ამ ცინგლიანსა! - გაიკვირვა პეტრემ. - შენ ჰეი, წუნკალო! თავი დაანებე ი გოგოსა, თორემააა...
- ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. - იმართლა თავი მუსუსმა.
- ერთი დახე, ერთი დახე ამ ნაცარქექიასა!
- რაღათა ვარ ვითომ ნაცარქექია? ბიჭი არა მჯობია ამ სოფელში, პირველი მოჭიდავე მე ვარ და...
- ერთი უყურე ამ ქარაქუცას ამასა! იიიჰ, შე ტუტრუცანავ, შენა! ჭიდაობით უნდა არჩინო შენი ცოლი?
- ისე ვთქვი, თორემააა... მუშაობაშიც ვერავინ ვერა მჯობნის.
- ზედ არ გეტყობა?! იიიჰ, შე მასხარავ შენა! აქეთ მოიწი-მეთქი, ორიოდეც რომ გაჭამო, მაშინღა მოხვალ ჭკუაზე, შე უნიფხო, შენა!
- არც ანგრეა საქმე, ძია პეტრე! ამას წინათ გითქომს ჩვენზე - სირბილაანთ ოჯახი რა ოჯახიაო, ერთი ვაჟკაცი გარეთ მუშაობსო, მეორეს ჯერ რძე არ შეშრობია პირზეო. მართალია, ჩემი ძმა თედოი სამუშაოზეა წასული, მაგრამ სამაგიეროდ მე დავბრუნდი სახლსა. ხუთიოდე წელიწადში ოჯახს ფეხზე დავაყენებ და...
- იიიჰ, შე წუწკო შენა! შენი აშენებული ოჯახი შენვე დაგემგვანება. დამეკარგე აქედან, შე უნიფხოვ, შენა! მეორედ არ დაგინახო ი გოგოსთანა, თორე მაგ თავს წიწილასავით მოგწყვეტავ. წადი, წაეთრიე!
პეტრე გაბრუნდა და ისე წავიდა, თითქო სხვისი ფეხები ჰქონდა მიბმულიო.
- ძია პეტრე!.. ერთი სიტყვა კიდევ უნდა გითხრა... ძია პეტრე, ძია პეტრე!
„ძია პეტრე“ მოტრიალდა, მუსუსს თვალებით შეასხა გესლი და გადმოანთხია:
- იიიჰ, შე წუნკალო, შენა! დაიკარგე-მეთქი! წაეთრიე! იიიჰ, შეუნიფხოვ, შენა!
ისევ გატრიალდა და წავიდა. მუსუსი კი ზურგს იფხანდა და ჰფიქრობდა.
ცოტა ხნის შემდეგ პეტრემ ორთითი გამოიტანა და ძეძვი ასწია. შორიდან შხამიანი ბებერი მოძრავ საფრთხობელას ჰგავდა, რომლის თავზედაც ძეძვის კონა ჩამოეცვათ. კარგა ხანს იარა იმ ფშუტურამ და კარგახანს ისმოდა მისი ორთითის ბრახუნი და ძეძვის ლაწუნი. ბოლოს ორგან ჩატეხილი ღობე ამოავსო და წავიდა.
ფეფელო ისევ თეკლესთან გაქცეულიყო.
IV
მუსუსი მასხრობის გუნებაზე აღარ იყო, მაგრამ სხვებმა გაამასხარავეს. სოფელში ვერ გაივლიდა, რომ აქეთ-იქიდან სიცილი არ აეტეხათ.
- ბიჭო, მუსუსი, როგორი იყო, რომ იმ ორღობეზე მელანამ შენ და ფეფელო ძლივს გაგაშველათ?!
- მუსუსი, ერთი გვითხარი, რა გემო აქვს პეტრეს სახრესა?
ზოგნი კი თავიანთ მიხას ესარჩლებოდნენ და შველას აძლევდნენ:
- ბიჭო, მუსუსი, მოდი მოვიფიქროთ რამე.
- რა მოვიფიქროთ?
- ი ცინგლიან სიკოს მაგისთანა ქალი არ უნდა გავატანოთ.
- არც გავატან, მაგრამ პეტრე როგორ დავიყოლიოთ?
- არც როგორა. ქალი ხო შენ ნებაზეა?
- ჩემ ნებაზეა.
- მაშ მოვიტაცოთ.
- მეც ანგრე ვიფიქრე, მაგრამ არ ივარგებს. სად უნდა წავიყვანო?
- თიანეთისკენ გავიყვანთ, ან ქსანზე გავალთ, ან დულეთი აქვე არ არის?
- ეგ ძაან ადვილია, მაგრამ მერე ისევ შინ არ უნდა დავბრუნდე? პეტრე ისეთი კაცია, რომ ან მე მომკლავს, ან თავს შემომაკლავს. სხვა გზა უნდა ვეძებოთ.
- კაცები მიუგზავნე. ცდა ბედის მონახევრეაო.
მეორე დღეს შათირაანთ თევდორემ ძალიან შორით მოუარა პეტრეს. ჯერ სიტყვა ხევსურეთის ბილიკივით გააგრძელა და დახლართა და ბოლოს, როგორც იყო, მიხას სახელი ახსენა. პეტრე შეიშმუშნა, პირი ააცმაცუნა და თევდორეს მოკლედ მოუჭრა:
- თევდორევ, თუ სტუმარი ხარ, ე არაყი დალიე, მაგრამ სირბილაანთ წუწკზე ხმა აღარ ამოიღო, და თუ მაჭანკლობა გიკისრია, ეხლავე მომშორდი.
- კაცო, პეტრე, რით იწუნებ ანგრე რიგად ი ბიჭსა?
- უნიფხო მასხარას ქალს არ მივცემ.
- მასხარა კი არა, მხიარული ბიჭია.
- მასხარაა, ლაზღანდარა, ქარაქუცა. ი ცინგლიანი თხუნელა ქალის შემნახველი არ არის. ტყუილად ცდილობს თევდორე. პეტრე უარესად კაჟდება და ბრაზდება. როგორ, დიდმა პეტრემ, პეტრე ჯიღაურმა მასხარას უნდა მიათხოვოს ქალი? სირბილაშვილებს უნდა დაუმოყვრდეს?იმოდენა ჯაფით ნაშოვნი ქონება სირბილაანთ მიხას უნდა დაულოცოს? უწინამც კუბოში ჩაწოლილა ბებერი პეტრე, სანამ ლაზღანდარა მუსუსს თავის ქონებას და ფეფელოს დაუთმობდეს. არა, პეტრეს თავის ერთადერთი ქალი უნიფხო მიხასთვის არ გაუზრდია!
- შენს დედაკაცს მაინცა ჰკითხე. მარტო შენ ნუ აიღებ ქალის ცოდოსა.
- ვინც თავის ცოლს ჰკითხავს ჭკუასა, იმას ქალზე მეტი ჭკუა არა ჰქონია.
- ფეფელოს შენი სიკო არ მოსწონს.
- მერმე, ფეფელოს ვინა ჰკითხავს?
- ფეფელოს მიხა ჰყვარებია.
სიყვარულის გახსენებაზე პეტრე ფეხზე წამოიჭრა და ისე აიშალა, რომ სიმწრისგან კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა და გრძელს ჩხირ თითებს აფათურებდა ჰაერში. მერმე ისევ შხამი და ბალღამი გადმოანთხია:
- იიიჰ, შე ტუტრუცანავ, შენა! შენც იმ ქალა-ბიჭებს აჰყოლიხარ? წადი, დამეკარგე აქედანა! იიიჰ, შე უნამუსოვ, შენა! წადი-მეთქი, გაეთრიე აქედანა!
- შე კაი კაცო, რათა მლანძღავ სტუმარსა? შენი ხნის კაცი ვარ და არ მერგება. მე წავალ, მაგრამ ერთს მაინც გეტყვი.
თევდორე წამოდგა. პეტრემ თოხს დაავლო ხელი და ვენახისკენ წავიდა.
- ერთი რამე მაინც უნდა გითხრა. - პეტრეს ზურგს ეუბნებოდა თევდორე და ქუდს ხელში სჭმუჭნიდა. - ყური მიგდე, პეტრე!
მაგრამ პეტრე გზით მიდიოდა.
- ისე მოკვდები, რომ ქალის ცოდოს და ქვეყნის წყევლას თან წაიღებ. - მიაყოლა პეტრეს ზურგს თევდორემ. - ჩემს გალანძღვას კი არ შეგარჩენ.
პეტრემ არც კი მოიხედა, ეზო გადასჭრა და სათივეს მიეფარა.
V
პეტრე და ტასო ფეფელოს სოფელშიც აღარ უშვებენ. რამდენჯერმე თავის ბიძაშვილ თეკლესთან გაიარა, მაგრამ ეხლა ვეღარც იქ მიდის. დედას თავისი ქალი კაბის კალთაზე ჰყავს მიკერებული. როცა ტასო გავა სოფელში, ფეფელოსაც თან წაიყვანს. თუ ფეფელო მოინდომებს ნათესავების ნახვას, დედაც უკან მისდევს.
გაჰყარეს ფეფელო და მუსუსი.
ფხაჭა სიკოს ეთქვა: სანამ ქალი თანახმა არ გახდება, არ წავიყვანო. ელის მას აქეთ ბებერი პეტრე ფეფელოს თანხმობას. წარამარა ბუზღუნებს და ქალს ზიზღის მორევში აბანავებს:
- იიიჰ, შე ქარაფშუტავ, შენა! ჭკუა თვალში გქონია. გეტყობა ნამდვილი ქალი ჰყოფილხარ.
ფეფელო მართლა ნამდვილი ქალი იყო ხასიათით, თვალით, ჭკუითაც და სისხლითაც. პეტრეს კი ჰსურდა, რომ ყინული ცხელი ყოფილიყო, ცეცხლი კი - ცივი, რომ ფეფელოც პეტრეს ჰგვანებოდა, რომ საგულეს თვრამეტი წლის ცხელი და ქალური გულის მაგივრად ფეფელოსაც სამოცი წლის ჩვარი სდებოდა.
დღე არ გავიდოდა, რომ მამას ფეფელოსათვის არ მიეგდო:
- აღარ გნახო ი ცინგლიანთანა, თორემააა... და ზოგჯერ მუქარასაც დააყოლებდა: - რაკი სიკოს ყადრი არ გცოდნია, შენს თავს ლეკს, ოსს, ან თათარს მივუგდებ!გადი, გაეთრიე, შე ქარაქუცავ, შენა! დაიკარგე, შე ციმფიავ, შენა!
ფეფელოს ნატვრაც ეს იყო: წავიდოდა და დაიკარგებოდა, მაგრამ ეზოს მაინც ვერ გასცილდებოდა. პეტრემ ბევრჯერ დაავლო ხელი სახრეს, მაგრამ ტასო ფრთხილად იყო. მამა-შვილს უმალვე შუაში ჩაუვარდებოდა, მოქნეულ სახრეს საკუთარ ხელებსა და ზურგს შეუშვერდა და გასათხოვარ ქალს არ დააკვრევინებდა.
პეტრე ბრაზით მუნჯდებოდა, სახრეს ამტვრევდა და იქაურობას შორდებოდა, მაგრამ შორს არსად მიდიოდა. იქვე ახლო სადმე დაბორიალებდა და ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა ცოლ-შვილს, ბებერ მელას ეშინოდა ცოლის ღალატის, მუსუსის შემოპარვისა და ფეფოს „გაფუჭებისა“.
მუსუსს ძილი გაუფრთხა. დღედაღამ პეტრეს სახლ-კარს დასტრიალებდა და თავის საბედოს უთვალთვალებდა. მუსუსმა პეტრეს ცივი უარი შეიტყო, იმავე დღეს სამჯერ შემოუარა სანატრელ ბუდეს, მაგრამ ფეფელოს თვალიც ვერ მოჰკრა. მერმე ისევ ვენახში შევიდა და ღობეს დაჰყვა. ღობეში ერთი ბალის ხე იდგა. ის ხე მიხას და პეტრეს სანახევროდ ითვლებოდა. როცა ბალი დამწიფდებოდა, ერთად მოჰკრეფდნენ ხოლმე და მოსავალს შუაზე გაჰყოფდნენ.
მუსუსი იმ ხეზე აცოცდა. პეტრეს კარ-მიდამო ხელისგულივით მოსჩანდა. კარგა ხანს იჯდა ხის ტოტზე და ფეფელოს გამოჩენას ელოდებოდა. ბოლოს კიდეც გამოჩნდა. მუსუსმა რამდენჯერმე დაუსტვინა. ფეფელომ მიიხედ-მოიხედა, ხეზე ასული მუსუსი დაინახა და ფრთხილად წამოვიდა. უცებ მუსუსმა პეტრეს მოჰკრა თვალი. ისევ დაუსტვინა, ფეფელო ხელის ქნევით უკანვე გააბრუნა, თვითონაც ჩამოცოცდა და მიიმალა.
ათიოდე წუთის შემდეგ მუსუსს ვენახიდან ჩახაჩუხი მოესმა. ყური არ ათხოვა, მერმე ვენახში გავიდა და დაინახა: ბალის ხე თრთოდა და ზანზარებდა. მიხა პეტრეს მიუხვდა და თვითონაც ათრთოლდა. კომბალს ხელი დასტაცა და გაიქცა: სანამ მიირბენდა, ხის ჭაჭუნი მოესმა, შესდგა, ზევით აიხედა და დაინახა: მაღალი ხე შეტორტმანდა, ჯერ ნელ-ნელა გადმოიხარა, მერმე შხუილით წამოვიდა და ლაწალუწით ჩამოწვა მუსუსის ვაზებში.
მიხა რამდენიმე ნახტომით მოჭრილ ხესთან გაჩნდა. ხის ძირას ღობე აყრილი დაუხვდა. ხე შიგ ძირში იყო მოჭრილი.
- პეტრე, ეს რა ჰქენი, კაცო?
პეტრეს ცული მხარზე გაედო და არხეინად მიდიოდა.
- კაცო, პეტრე, ეს რა ჰქენი-მეთქი?
პეტრე დინჯად მოტრიალდა და დინჯადვე უპასუხა:
- მეორედ აღარ ახვალ მაგ ბალზე.
- ნახევარი ხომ ჩემია და მე რატომ არ მკითხე?
- შენისთანა ბღარტს რომ კითხვა დავუწყო, შენსავით უნიფხვო დავრჩები.
- ე ზარალი რომ მომაყენე?
- ე ხე შენი იყოს, შუაკაცებს დაუძახე. რამდენსაც იტყვიან ორჯერ მეტს მოგცემ. ეხლა კი დამეკარგე მანდედანა! ცული დააგდო, ორთითი აიღო და აშლილი ღობე ხელახლა შეავსო.
მუსუსმა ესეც მოითმინა, გულში კი სთქვა: „ეხლა კი გავიგე შენი ხერხი. მეტი გზა არა მაქვს. კარგი ჭკუა დამარიგა ტიტემ, ოღონდ როგორმე ხელთ ვიგდო ფეფელო თუნდაც ხუთი წუთით და... მერმე რაღას იტყვი? სიკოც მაშინვე მომშორდება“.
VI
მაგრამ ფეფელო ხელთ ვერ იგდო. პეტრეს არ ეძინა. ფეფელოს სადარაჯოდ თავის ცოლი ტასო არ იკმარა და შორეულ სოფლიდან ერთი გუშაგი გამოიწერა - თავისი ქვრივი დაი სოფიო - ისიც პეტრესავით პირქუში, აშარი, ანჩხლი და უკმეხი.
უწინაც პეტრეს მეზობლობას ცეცხლის მეზობლობა სჯობდა. ეხლა კი დორბლიანი მოხუცი დღედაღამ იდგა და განგებ ჩხუბის საბაბს ეძებდა.
მუსუსი უსიამოვნებას ერიდებოდა, რადგან იცოდა, რომ დამწყვდეულ ფეფელოს ნახვისთვის უფრო ციხის დარაჯის მიძინება სჯობდა, ვიდრე მისი გახელება.
„უნდა ავჩქარდე, - გადასწყვიტა მუსუსმა, - თორემ ხიფათი მატულობს. ან უცებ გაათხოვებს ან გაჰგზავნის სადმე“. და სიფხიზლეს მოუმატა. იმავე საღამოს მეზობლის კარ-მიდამოს შემოუარა და საბძელთან სიბნელეში პეტრეს წააწყდა.
- იიიჰ, შე წვინტლიანო, შენა! - მიაძახა მაშინვე პეტრემ და შინდის ჯოხი მოუქნია.
მუსუსი ჯოხს გაუსხლტა. პეტრე ცანცალით და ხრინწიანი ყვირილით დაედევნა:
- აქ რას დაწანწალებ, შე წუწკო, შენა! გაქცეულ მუსუსს ის ჯოხი წვივებში სდრუზა და მიაყოლა:
- იიიჰ, ანდე! შეჭამე?! მოგხვდა?! იიიჰ, შე ღამის ქურდო, შენა! აკოჭლებული მუსუსი შინ დაბრუნდა.
მართამ ჰკითხა:
- რა დაგემართა, შვილო?
- არაფერი, სიბნელეში წავიქეცი.
მეორე დილით მართამ უთხრა:
- გადი, შვილო, ი ვენახში ვიღაცის ღორი შემოსულა. გადი გააგდე.
მუსუსი ფეხათრევით გავიდა. პეტრეს დიდი ღორი ღრუტუნით გაიქცა, ღობეს გაჰყვა, ლაწალუწი ასტეხა და დაიკარგა. ღობის ძირში მუსუსი ღორის ნარღვევს წააწყდა. ჩაფიქრდა და უცებ გაიღიმა, თითქოს რაღაცას მიჰკვლიაო. ჭიგო ამოიღო და ნარღვევი გააფართოვა. თეკლესთან გაიქცა, რაღაც უთხრა და დაბრუნდა. თეკლეც შორიახლო გამოჰყვა. მუსუსი ძართან აიტუზა, თეკლე კი ფეფელოსთან შევიდა. ისევ მალე გამოვიდა, მუსუსს თავი დაუქნია და ისევ თავის გზას გაუდგა.
მუსუსმა იმ ღამეს ძლივს დააღამა. შუაღამემ რომ მოატანა, მუსუსი ფრთხილად წამოდგა და ფეხაკრეფით გავიდა. ღორის მიერ გატეხილ ადგილს მიაგნო, დაწვა და თავი ხვრელში შეჰყო. ეკალი თავსა და პირსახეს სჩხვლეტავდა. დაჩხვლეტილი ხელებით ნარს იშორებდა და თითო გოჯით მიიწევდა. ძლივს გაძვრა და ძირში ჩაცუცქდა. პეტრეს ძაღლი ყეფით გამოექანა, მაგრამ მუსუსი იცნო, კუდის ქნევით მიესალმა და თვითონაც იქვე ჩაუცუცქდა.
ჟამი ტაატით მიიზლაზნებოდა. სათივეს გვერდით ცხენმა დაიჭიხვინა. იქვე ძროხამ დაიბღავლა. საქათმეში და სოფელში მამლებმა პირველი ყივილი ასტეხეს. მერმე ყოველივე მისწყდა. უცებ სათივეს უკნიდან კარების ფრთხილი ჭრაჭუნი მოისმა. მუსუსმა ყურები სცქვიტა. ისეთი სიჩუმე იწვა, რომ მას საკუთარი გულის ცემაც კი ესმოდა. ძაღლი მხიარული წკმუტუნით გაიქცა და რამდენიმე წუთის შემდეგ სათივეს ძირში ქალისა და ძაღლის ლანდები გამოჩნდა. ფეფელომ ნაბიჯს უმატა, მერმე გამოიქცა და მუსუსს მკლავებში ჩაუვარდა. მაგრამ იმავე წუთს წეღანდელი ჭრაჭუნი განმეორდა, უფრო ნელი და ფრთხალი.
- ვაიმე, გამიგეს! - წაიჩურჩულა ფეფელომ. - გამიშვი... გამიშ-ვი-მეთქი, ბიჭო! არ გესმის? გამიგეს-მეთქი, მოდიან.
ხელიდან ძლივს გაუსხლტა და გაიქცა.
- ხვალ ამ დროს, ფეფელო! - ჩურჩულით მიაძახა მუსუსმა და თხუნელასავით შეძვრა ხვრელში და თან ოდნავ ლაწუნიც ასტეხა.
სამშვიდობოს რომ გავიდა, ყური მიუგდო და ფეფელოს ბუტბუტი შემოესმა:
- რა ვქნა, რა გინდათ ჩემგან? გარეთაც არ გამოვიდე?
სოფიოს ჩიფჩიფი კი ვეღარ გაიგო.
VII
მეორე დღეს მუსუსი ხან ვენახს დაეძგერა, ხან სიმინდს სთოხნიდა, ზოგჯერ ურემს აკოწიწებდა და ხან კიდევ უსაქმოდ დაჰბორიალებდა.
- შვილო, რა დაგემართა? რათა ხარ დღეს აგრე მოუსვენარი?- ჰკითხა მართამ.
- არაფერი, - მიუგდო მიხამ და სათივეს ეცა.
ის დღე ძლივს დააღამა. სანამ შუაღამე მოატანდა, მუსუსს მღელვარებისგან კინაღამ გული წაუვიდა. რამდენჯერმე წამოდგა და ნახევარი დოქი წყალი დასცალა. თავპირი მაინც ვერ დაიცხრო. ისე ეწვოდა, თითქო ცეცხლი ჰქონდა მოდებულიო. გულის-ტეხას რომ ვეღარ გაუძლო, დერეფანში გავიდა, ანთებულ თავ-პირზე წყალი გადაისხა, ოდნავ გაგრილდა და რამდენიმე წუთის შემდეგ გუშინდელ ხვრელს მიადგა. დიდხანს იდგა ღობის ძირში და მშიერი მგელივით სუნავდა ჰაერს.
სრული სიჩუმე იდგა. ხიფათი არსად მოსჩანდა. მუსუსმა დაიჩოქა და თავი ხვრელში შესდო, მერმე გაწვა და მხრებიც შეიტანა. კიდევ გაიწია და თეძოებამდე შეძვრა. თავი უკვე მეორე მხარეს გაიტანა. ერთი კიდევ გაიწია და... და უცებ რაღაცამ დაიჩახუნა. მუსუსმა ოდნავ დაიგმინა და უკან გაიწია, მაგრამ ხელები გაშვერილი დარჩა.
- იიიჰ, შე წუნკალო, შენა! ანდე! დაგიჭირე ტურასავით თუ არა, შე წუწკო, შენა?! - მოისმა სათივესთან ქოფაკის შხამნარევი სიხარული.
ხელებგაშლილი მუსუსი უკან-უკან იწევდა. თევზივით ფართხალებდა და თავპირს ეკლით იკაწრავდა, მაგრამ ამაოდ: პეტრეს მახეს ორფეხა ნადირი მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული. რკინის სალტები ძაღლის კბილებივით ჩაეჭიდა მაჯებში. რამდენსაც გაიწევდა მუსუსი, რკინის ძაღლიც წვეტიან კბილებს იმდენად უფრო მაგრა უჭერდა.
სიხარულისგან აყეფებული პეტრე თავთ წაადგა. ხითხითებდა და ჩიფჩიფებდა:
- ანდე! ანდე, შე მურდალო, შენა! იიიჰ, შე ციმფიავ, შენა! აღარც ეხლა მოიშლი სხვის ქალების დევნასა? იხიიი-ხი-ხი!.. ნუ ფართხალობ, შე წუნკალო, შენა!
გრძელი და განიერი ორთითი კისერში გაუყარა, მისი წვერები მიწაში ჩაურჭო და დაბმული ნადირი კისრითაც მიწას მიაბა. პეტრეს ხმაზე ძაღლიც მოვარდა და ანჩხლი ყეფით თავთ დაადგა მუსუსს.
- ეხლა დამაცა... დაიცა... ისეთი სეირი გაჩვენო რო შენი მოწონებული. - დაემუქრა პეტრე და ძუნძულით გაიქცა.
განაბული მუსუსი მიწაზე ფიცარივით იყო პირქვე გაკრული. ორთითით მიჭერილი კისერი უკვნესოდა. ღვედებივით გაჭიმული ხელები დაუდუნდა. ყურებში წივილი და შხუილი აუვარდა. ცხვირ-პირი მიწით გაეტენა და სულის მოთქმაც გაუძნელდა. ჯერ გაქაჩულ ნადირივით ოდნავ ბღუოდა, მერმე ხრიალი ამოუშვა, ბოლოს კი მიიბნიდა და მიყუჩდა. თავთ ძაღლი ედგა და იღრინებოდა, მუსუსს თითქო სცნობდა კიდევაც და ვერცა სცნობდა. მერმე ძაღლიც გაჩუმდა, მუსუსის თავი დაჰსუნა, იცნო, იქვე ჩაწვა და ისიც მიხასავით გაინაბა.
ქვრივი სოფიო - პეტრეს გუშაგი - კარით-კარამდე დარბოდადა იძახოდა: - ქაა, ქურდი დავიჭირეთ! არ გინდათ ნახოთ? მოდით, სეირი ნახეთ! მელიასავით ხაფანგშია გაბმული. ტასოს ჭრაქი მოჰქონდა. პეტრეს თვალცრემლიანი ფეფელო მოჰყავდა. სამივენი ღონემიხდილ მუსუსს წაადგნენ.
- ანდე, ნახე შენი საბედო. - სთქვა პეტრემ და ფეფელო წინ წამოაყენა.
- შე პირშავო, შენა. აგეთი მეზობლობა გაგვიწიე? მართლა საქურდავად შემოიპარე? - ჰკითხა მუსუსს ტასომ და ჭრაქი თავთან დაუდგა.
- ტყუილია, ტყუილი! - ამოიკვნესა ფეფელომ. - მიხა ქურდი არარის.
- მაშ რითვინ შემოიპარა ჩემ ეზოში?
- შეუტია ფეფელოს პეტრემ. - თქვი, რისთვინ შემოიპარა-მეთქი?
- მე რა ვიცი... აბა საიდან მეცოდინება? - ბორძიკით წაიჩურჩულა ფეფელომ და არ იცოდა რა სჯობდა, მუსუსის ქურდობა თუ საკუთარი თავის შერცხვენა.
ამასობაში ათიოდე მეზობელიც მოვიდა.
- ერიჰააა! ე კარგი კაპუეტი დაგიჭერიათ! - სთქვა ერთმა.
- ბიჭოს! ე რა მსხვილფეხა ნადირი გაბმულა! - გაიკვირვა მეორემ.
- ბიჭო, მუსუსი, ე როგორ დაგემართა, შენ უნამუსოვ, შენა! - უსაყვედურა მესამემ.
მუსუსი სდუმდა. არც ინძრეოდა და არც ხმას იღებდა.
ვიღაცამ სთქვა: რა ვქნა, რატომ ხმას არ იღებს? ემანდა არაფერი დაემართოს ამ ბიჭსა.
- ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. - გაამხნევა მთქმელი პეტრემ. მიწიდან ორთითი ამოაძრო და მუსუსს შეუტია:
- შენ ჰეი, ცინგლიანო, აქეთ გამოდი!
„ცინგლიანი“ არც კი გაინძრა.
- ბიჭო, შენ გეუბნები! აქეთ გამოძვერი-მეთქი!
მუსუსმა თავი ოდნავ შეანძრია.
- ყური ნუ მოიყრუე, შე თხუნელავ, შენა! - შეუტია პეტრემ და ორივე ხელით კისერში დასწვდა. დასწვდა, გამოსწია და ცხვირ-პირით მიწა ააქექინა. გამოიტანა და გულაღმა გადააბრუნა.
მუსუსს პირსახე შეთხუპნული ჰქონდა და თავს ისე აკანტურებდა, თითქოს კისრის ძარღვები დაწყვეტილი ჰქონდაო, და პირსაც უწყლო თევზივით აღებდა.
- ვაი მე, დედილო!.. ვაიმე!... წაიბუტბუტა ფეფელომ და ჩაიჩოქა.
- წყალი! ჩქარა წყალი! - დაიძახეს აქეთ-იქიდან და აფუსფუსდნენ.
ტასო ფეფელოს მიეშველა, სოფიო წყლისათვის გაიქცა. მუსუსმა თვალები გაახილა და ისევ დახუჭა.
- იიიჰ, შე ქურდო, შენა! - გადაასხა შიშნარევი შხამი პეტრემ. - შენ უნდა მომატყუო? გეუბნებით, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდე-ბა-მეთქი.
- კაცო, პეტრე, ე ხელები მაინც აუხსენი. - უთხრა ერთმა.
- აუხსენი, აუხსენი! - ურჩიეს სხვებმაც.
- სულ ერთია ვერსად ვერ გაიქცევა.
პეტრე მოლბა. ხაფანგი გახსნა და მაჯებიდან რკინის კბილები მოაშორა. კეკემ წყალი მოარბენინა. ფეფელოს და მიხას პირსახეზე შეასხეს და ორნივ მოასულიერეს.
- ალბათ ორთითმა უყო. - განმარტა ერთმა. - ისე ჩაუჭირა ყურის ძირებში და კისერში, რომ სისხლი შეუგუბა.
მეორემ ფეფელოს გაჰხედა და წაიბუტბუტა:
- ჰაი დედასა! რა ძალა ჰქონია სიყვარულს! ტასომ და სოფომ გონმოსული ფეფელო წაიყვანეს.
- აბა, ეხლა გვითხარი, შე წუწკო, შენა, რის მოპარვას აპირებდი? - დაიწყო გამოძიება პეტრემ.
მიხა სდუმდა და პეტრეს გაშტერებულ თვალებს არ აშორებდა.
- თქვი-მეთქი, შე ყაჩაღო, შენა! - კვლავ შეუტია პეტრემ,
- რა უნდა მოგეპარნა?
- სთქვი, ბიჭო, სთქვი! სთქვი, ნუ გრცხვენიან, რა უნდა გაგეტანა აქედან? - ჰკითხეს აქეთ-იქიდანაც.
- არაფერი. - ძლივს ამოიხრიალა მიხამ და წამოჯდა.
- როგორ თუ არაფერი? მაშ რითვინ შემოიპარე?
მუსუსი სდუმდა.
- დაანებე თავი, პეტრე! - სთქვა ერთმა და ორთითი მუსუსი სკისერს მოაშორა. - სულ ერთია ვერსად წაგივა. მერმე იტყვის.
- წამო, წამოეთრიე! - დასწვდა მიხას კისერში პეტრე. - წამოეთრიე-მეთქი, შე უდღიურო შღარტო, შენა! იიიჰ, შენი ქოქი კი ამოწყდეს აჰა! ადექი-მეთქი!
მუსუსმა წამოიწია, მაგრამ ტანი ვერ აიტანა. ერთი გლეხი იღლიაში შეუჯდა და წამოაყენა. მუსუსმა წეღან თვალი მოჰკრა ფეფელოს და ეხლაც თვალი მოავლო იქაურობას, მაგრამ ფეფელო არსად აღარ იყო. ფეხები ძლივს აითრია და წელმოწყვეტილივით გაჰყვა ორ კაცს, რომელნიც იღლიებში ჰყვანდა შემსხდარი.
საბძელში შეიყვანეს და კარები გადაურაზეს. ისე იყო დაბეჟილი და დათენთილი, რომ უმალვე ბზეზე მიწვა და ბურანში წავიდა. ისიც კი ვერ გაიგო, რომ ხუთიოდე წუთის შემდეგ პეტრე ბუტბუტით დაბრუნდა, იქაურობა ჭრაქით მოანათა, მერმე გარედან კარებს ბოქლომი დაადო და წყევლა-მუქარით გავიდა.
VIII
მეორე დილით პეტრემ მუსუსი ძლივს გააღვიძა.
- იიიჰ, შე ტურავ, შენა! ადექი! აათრიე ე დასამიწებელი თავი!
მუსუსი უმალვე გამოფხიზლდა და წუხანდელი ამბავი გაახსენდა.
- რა გინდა ჩემგან?
- ის მინდა, რომ იმ ქალს თავი უნდა დაანებო.
- მერმე?
- მერმე არაფერი. ადე და ი ქარაქუცას პირში უთხარი, თავს განებებ-თქო. მერმე ორიოდე კვირით დაიკარგე, სანამ ქორწილს არ გავათავებ.
- თუ არ წავედი? - თუ არ წახვედი, ძალით წაგიყვანენ. ქურდი ხარ. ხელებს შეგიკრავთ და ციხეში გაგგზავნით.
- მე ქურდი არა ვარ.
- წუხანდელი?
- წუხანდელი? წუხელი... შენც იცი, საქურდავად არ შემოვსულვარ.
- მეც ვიცი რისთვისაც მოდიოდი. მაგრე იტყვი სასამართლოში?
- რატომ არ ვიტყვი? - თუ არ გამიშვებ, აგრე ვიტყვი.
- იიიჰ, რა მურდალი ყოფილხარ! თითქო ფეფელო მიყვარსო, შე წუწკო, შენა! მაშ ი ქალს არ დაინდობ? საქვეყნოდ თავს მოჭრი?
- თუ შენ მე არ მინდობ, არც მე დაგინდობ. სულ ერთია, ჩვენი ამბავი ქვეყანამ იცის.
პეტრეს ეს გარემოება გაზომილი არ ჰქონდა. ტუჩები ააცმაცუნა, ატოკდა და ჰკითხა:
- მაშ აგრე იტყვი? მაშ არც ქალს ანებებ თავსა?
- არ ვანებებ.
- მაშ კარგი. შენი ოხტიდან მაინც ამოვალ. დაიცა... დამაცადე... აქ მომიცადე... და ბურტყუნით წავიდა კარებისაკენ.
მუსუსმა რამდენიმე ნახტომით გზა უყელა:
- იცი რას გეტყვი, ძია პეტრე? აქამდე შენი პატივი მქონდა და ვანბობდი: უფროსი კაცია, დაუთმობ-მეთქი. ეხლა კი გათავდა. ეხლა შენ შენთვინა და მეც ჩემთვინა. ვინც ბურთი გაიტანოს, მინდორიც იმისი იქნება. და კარებისკენ გამოსწია.
პეტრე კალთაში მისწვდა.
- სად მიხვალ, შე ყაჩაღო, შენა! შენ დაჭერილი ხარ და აქედან ვერსად ვერ წახვალ.
მუსუსმა კალთას ხელი გააშვებინა.
- ვინა, შენა? შენა ხარ ჩემი დამჭერი? როცა მაგის ნებას მოგცემ, მაშინ დამიჭირე. ჯერ კი იქნება მე დავაჭერინო შენი თავი ჩემი დამწყვდევისთვინა.
პირღია პეტრე ბრაზის ცახცახმა აიტანა. კარებში მართა გამოჩნდა. თავთ ქოქოლა დაიყარა და აწუწუნდა:
- უი მე, შვილო, ეს რა ამბავია ჩემ თავზედა?! ქურდობას გაბრალებენ?
- კარგი, დედი, კარგი. არაფერსაც არ მაბრალებენ. წამო, წავიდეთ.
მაგრამ წასვლა აგრე ადვილი არ იყო. სოფლის ბიჭები აქეთ-იქიდან სიცილით და ლაზღანდარობით მორბოდნენ.
- ბიჭო, მუსუსი, ე რა დაგემართა?
- ბიჭო, ხაფანგით დაგიჭირეს წუხელი? სიცილი ხითხითად გადაიქცა.
- ე რა დიდი ნადირი დაუჭერიათ, და!
- ვინ დაგიგო, ბიჭო, ი მახე, პეტრემ თუ ფეფელომა?
- ფეფელოს რომ დაეგო, ეს ორფეხა მგელი აქ კი არ ეყოლებოდა დამწყვდეული.
მუსუსი ამხანაგების სიცილს აჰყვა.
- ეხლა კი წავიდა შენი დრო. - უთხრა თანდილამ და მხარზე ხელი დაადო.
- ე ხელები ალბათ ისე დაგიდუნდა, რომ ბალღიც წაგაქცევს. და მუსუსს მოულოდნელად გამოჰკრა სარმა. მუსუსი გულაღმა გაიჭიმა. ზედ სიცილი დააყარეს. მუსუსი უმალვე წამოიჭრა, თვალის დახამხამებაში თანდილას საკინძეში მისწვდა და კისრულით წამოიღო. თანდილამ ორივე ფეხები აათამაშა ჰაერში და ტომარასავით გაიშალა. მუსუსი ისევ წამოვარდა, პავლეს მოგვერდი ჰკრა, ისე მოისროლა სამ ნაბიჯზე, რომ პავლემ ბოყინი ამოიღო. მერმე დანარჩენებსაც დაერია: თომა გარეთა სარმით გაშალა. ცუცქა შიგნითა სარმით მოსტეხა, ცხვირა ჩოქელათ გადაიტანა, როცა წამოდგა, პირისპირ სიკოს წააწყდა, შესდგა, პირი მოიღუშა, თავით-ფეხებამდე გაზომა და გაყინული ხმით ჰკითხა:
- შენ რაღა გინდა აქ?
სიკო გაშრა და აირია.
- მენა?
- ჰო, შენა, შენა!
- მე არაფერი... ისე მოვედი. სხვები მოდიოდნენ და მეც წამოვედი.
- გეგონა მუსუსას ხელები დაამტვრიეს და ეხლა მეშველებაო? ვერ მოგართვი! ერთხელ კიდევ ახედ-დახედა და გამოტრიალდა.
გამობრუნდა და დაინახა: მხარზე კოკაშედგმული ფეფელო საბძელთან იდგადა მუსუსს გვერდულად გამოსცქეროდა. პეტრე ფეფელოსკენ მთვრალივით მოდიოდა, სახრეს აცანცარებდა და პირს ჩიფჩიფით აცმაცუნებდა:
- იიიჰ, შე უნამუსოვ, შენა! რას უცქერი ი წვინტლიანსა იმას!... დაიცადე... დამაცადე... მუსუსმა პეტრესკენ გაიწია, მაგრამ ფეფელომ მამის ბუტბუტი დროზე გაიგო, მიბრუნდა და სირბილით მიეფარა საბძელს.
პეტრემ წამოსული მუსუსი დაინახა, სახრე ჰაერში აღმართადა დაემუქრა:
- იიიჰ, შე ყაჩაღო, შენა! დაიცა... დამაცა... მე შენ გაჩვენებ სეირსა!
- ფეხებსაც ვერ მომჭამ! - მიაძახა მუსუსმა და გაიცინა.
სხვებმაც გადაიხარხარეს. ცხვირამ მუსუსს მკლავში ხელი გაუყარა და სთქვა:
- წამო, მუსუსი, წამო ჩვენთან.
- წავიდეთ, წავიდეთ. - მიაძახეს სხვებმაც. და პეტრეს კალოდან დაიძრნენ.
მიდიოდნენ, იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ. მოშხამული ბებერი კი ისევ იმ ალაგას იდგა, ჰაერში სახრეს აცანცარებდა, უკბილო პირს აცმაცუნებდა და ჩიფჩიფებდა:
- იიიჰ, თქვე სალახანებო! იიიჰ, თქვე ციმფიებო, თქვენა!... და-იცადეთ... დამაცადეთ. და მერმე საბძელთან ატუზულ სიკოს მიუბრუნდა: - წამო, საქმე გავათავოთ, თორემააა...
იმავ საღამოს, როდესაც დაბნელდა, თეკლე სირბილაანთ სახლში შეიპარა და მიხას ჩურჩულით უთხრა:
- ბიჭო, მიხა, ხვალ დილით ფეფელოს ათხოვებენ.
- რას ანბობ, თეკლე?!
- ჰო, ბიჭო, ჰო! ხვალ დილით ჯვარს გადასწერენ. ფეფელომ შემოგითვალა: თუ შეგიძლიან რამე, მიშველეო.
მუსუსი ამას არ მოელოდა. იცოდა, რომ პეტრეც და სიკოც ფეფელოს თანხმობას უცდიდნენ და იმედიც ჰქონდათ, რომ დღეს თუ ხვალ ქალს მოსტეხავდნენ. მუსუსმა ისიც იცოდა, რომ მისი ფეფელო არ მოიდრიკებოდადა ნებაყოფლობით მიხას სიკოზე არ გასცვლიდა. ამიტომ მიხა გულმშვიდად იყო და ბედის წყალობას იმედით და მოთმინებით ელოდებოდა.
მუსუსი მოჭრილივით ჩამოჯდა თონის ნაპირზე. ეხლა კი გაიშალა კვანძი. ბედის ღიმილი მარტო ღიმილად დარჩა. მუსუსი მოტყუვდა. ხვალ ფეფელოს ავყია სიკოს ჩააბარებენ. გათავდა ტკბილი სიზმარი. მაშ ასე: ამიერიდან მიხა ახლოც ვეღარ მიეკარება ფეფელოს, ვეღარ ჩაეხუტება განიერ მკერდში.
- რას მეტყვი, ბიჭო?
მუსუსი დამწვარივით წამოხტა. რას ეტყვის თეკლეს მიხა? ეხლავე გინდა პასუხი? ერთი წუთითაც არ შეიძლება დაყოვნება? ჰო, ჰო, იცის მიხამ, რომ დაგვიანება აღარ შეიძლება, თორემ... მაშ ასე: თეკლე! შენ შინ დაბრუნდი და პასუხს იქ მოუცადე. მუსუსი მადლობელია, დაო თეკლე, ერთგულ დობისთვის. მიხა ხელმოკლე ბიჭია, მაგრამ შენ სამსახურს მაინც არ დაგივიწყებს. კარგი, კარგი. მაშ მადლობაზე მერე ვილაპარაკოთ, ეხლა კი შინისკენ გასწი. მიხაც იქ მოდის. და ცოტა ხნის შემდეგ მუსუსმა თავისი ძმა-ბიჭები იპოვნა:
- ბიჭებო, თქვენი თავი დამჭირდა.
- გვიმსახურე, მუსუსი!
- ხვალ ფეფელოს ათხოვებენ.
- მართლა, ბიჭო?
- რას ანბობ, კაცო? აკი სიკომ შეუთვალა პეტრესა, სანამ ქალი ნებით არ წამომყვება, მე მაგის წამყვანი არა ვარო?
- აგრე შეუთვალა, მაგრამ პეტრემ დღეს თურმე მზითევი მოუმატა და დაითანხმა.
- მუსუსი, არ დასთმო! - დაიძახა ერთმა.
- არ დაანებო, ბიჭო, თორემ დუნიაზე თავი მოგეჭრება. - მხარი მისცა მეორემაც.
- მოვიტაცოთ! - გამოსთქვა საერთო სურვილი მესამემ.
- მეც მაგითვინ მოვედი. - სთქვა მუსუსმა. - ძმა ძმისთვინაო და ამ დღისთვინაო.
ნახევარ საათს ფიცხად და აღგზნებით იჩურჩულეს და მერმე სიბნელეში გაიფანტნენ.
IX
მამლებმა მეორედ იყივლეს. სამგზავროდ დამგზავრებული მუსუსი პეტრეს საბძელში დაბორიალებს და ფეფელოს უცდის. ფეფელომ დრო უნდა იხელთოს, შინიდან გამოიპაროს და საბძელთან მივიდეს. აქედან ხუთიოდე წუთში ფშატის ჭალაში ჩავლენ, იქ სამი ძმა-ბიჭი უცდის ცხენებით და საგზალით. შესხდებიან და უმალვე შეერევიან ბუჩქნარს, მერმე ტყეში შევლენ და ისე მიიმალებიან, რომ მთელი სოფელი ვეღარ იპოვნის.
ყოველივე მზად არის, ოღონდ ფეფელო გამოვიდეს. ფეფელოც მოვა, უეჭველად მოვა. აქამდისაც მოვიდოდა, მაგრამ იგვიანებს. საცაა ინათლებს. ალბათ ფეფელოს მარტოს არ უშვებენ ეზოში, ალბათ ასე იქნება, თორემ აქამდე...
იქნება ფეფელომ მართლა ვერ მოახერხოს ასიოდე ნაბიჯის მანძილზე გამოპარვა?! იქნება მართლა ასე დატრიალდა მუსუსის საქმე? მერმე, რა უნდა ჰქნას მუსუსმა? როგორ მოიქცეს? რ აგზას დაადგეს? თუ აგრეა, მაშ ორივენი დაღუპულან. მაშ მათი სიყვარულიც და სიცოცხლეც მორჩენილა და გათავებულა!
შიშისაგან და მოუთმენლობისგან ანთებული მუსუსი ხშირ-ხშირად გამოდის კალოზე და ღობეს გასცქერის. იქიდან უნდა გამოჩნდეს ფეფელო. მაგრამ მთვარიან ღამეში ფეფელოს მაგიერ მუსუსმა ორი მამაკაცის აჩრდილი დაინახა. ალბათ იქვე სადმე არიან ეხლაც. ამ ალაგს ფშატის ხევისკენ მიმავალი მუსუსი ვერ ასცდება. ორივენი სიკოს ბიძაშვილები არიან. პეტრემ და სიკომ ალბათ ალღო აიღეს და ერთი ღამით აქა-იქ დარაჯები დააყენეს.
მამლებმა მესამეჯერ იყივლეს. ცოტა ხანიც გავიდა, ცას მტრედისფერმა დაჰკრა, სოფელი ჯერ შეიშმუშნა, მერმე ნელ-ნელა აფუსფუსდა. ბეღურა-ჩიტებმა ჟივილ-ხივილი ასტეხეს, ბატებმა ყიყინით გასწიეს რუსკენ. სადღაც ურმის ჭრიალიც გაისმა და სოფლის ბოლოს ნახირის ბღავილიც ატყდა.
მაშ ყოველივე გათავდა! დაიღუპა მუსუსი! დროა თვითონაც გავიდეს საბძლიდან, თორემ... უცებ ღობის ძირში თეთრი კაბა აფრიალდა. მორბის თავჩაღუნული ფეფელო. მორბის გამალებული, თმაგაშლილი და მისი მარდი ფეხები დილის სინათლეზე სწრაფად მოელვარებს.
მუსუსს სიხარულის ჟრუანტელმა ჩაურბინა. უმალვე გამოვარდა საბძლიდან და ფეფელოს გზა უყელა. ჩქარა, ფეფელო, ჩქარა! სირბილს მოუმატე, მოუმატე, თორემ საცაა მთვარე გაჩნდება. შავ ყორნებსა და ავ ალქაჯებს არა სძინავთ. აგრე, გენაცვალოს მუსუსი შველის ფეხებში, აგრე!
მორბის გაწეწილი და თავჩაღუნული ფეფელო. მორბის და თეთრ კაბას მოაფრიალებს. მორბის და... და უკან შავი ყვავის ჩხავილი მოსდევს:
- მიშველეთ, ქააა!.. გაიქცა! გაიქცა!.. სად, ხარ, პეტრეეე!.. მიშველეთ, ქა-ა-ა, მიშველე-ე-ეთ!
აბა, ფშატის ხევისკენ! მოუმატე ნაბიჯს, ფეფელო, მოუმატე! მიჰყე მიხას, მიჰყე! არ ჩამორჩე, არ წაიქცე, თორემ... საცაა ორღობეც გათავდება... ხევიც აქვეა... ცხენები... ჭალა... ტყე.
აბა, ფე-ფელო, მიჰყევი მუსუსს, მიჰყე! აგრე, გენაცვალოს მისი თავი, აგრე! აი ორღობეც თავდება. მაგრამ - ღმერთო დიდებულო! - ეს რა ამბავია?! სოლო და სანდრო, სიკოს ბიძაშვილები, ორღობის ბოლოში ატუზულან! გზა გადაუჭრეს და თოფები მოიმარჯვეს!
- უი მე, დამიდგა თვალები!
- ნუ შეშინდი, ფეფელო! დავბრუნდეთ! აბა გამოიქეცი!!!
პირი იბრუნეს და უკანვე გაიქცნენ. ქვეით ისევ სოფიოს ჩხავილი ისმის. იწეწება და იგლიჯება. გზა ჯერ თავისუფალია. თუ დიდ გზაზე გავიდნენ, შესაძლოა იქიდანაც ჩაუხვიონ ფშატის ხევისკენ. აბა, აჩქარდით! გასწით!
კალოზე რომ ჩაირბინეს, გზის თავშიც ორი ლანდი გამოჩნდა: სიკო და პეტრე ყვირილით და მუქარით მორბოდნენ:
- იიიჰ, თქვე წუწკებო, თქვენა! - დედას გიტირებ, მუსუსო, დედასა!
ფეფელომ დაიკვნესა:
- ვაიმე, დედა! დავიღუპენით! შესდგა და პირსახეზე ხელები აიფარა.
მუსუსმა მაჯაში ხალი დასტაცა და აითრია:
- აქეთ წამოდი, აქეთა! ჩქარა! ჩქარა! ერთი წუთის შემდეგ მოდუნებული ფეფელო საბძელში შეაგდო, თვითონაც მიჰყვა, სქელი კარები მიაჯახუნა და ურდული გაუყარა.
იმავე წამს კარებს გარედან ოთხი კაცი დაეტაკა. ერთმანეთს აღარ აცლიდნენ:
- იიიჰ, შე ცინგლიანო, შენა! ეხლა სადღა წამიხვალ?
- ბიჭო, მუსუსი, კარები გააღე! სულ ერთია ხელში მყევხარ.
- ბიჭო, მუსუსი, დაგვნებდი!
სიფიო, ტასო, მართა და ხუთიოდე მეზობელიც მოცვივდნენ და საბძელში ჭუჭრუტანებიდან იცქირებოდნენ.
ფეფელო ბზეზე ჩამოჯდა და შერცხვენილი პირსახე კალთაში ჩაიმალა.
მუსუსი კუნძს დაეჭიდა, კარებთან მიაგორა, შეუყუდა და გაამაგრა.
გარეთ ჟივილ-ხივილი და ყაყანი მატულობს. სოფლელები მორბიან და საბძელს ფუტკარივით ედებიან.
- იიიჰ, შე წუწკო, შენა! - ჩიფჩიფებს პეტრე. - ე კარებს რომ ამაგრებ, ვითომა რა მინდაო? - ალბათ საბძელში უნდა დასახლდეს.
- ოღონდაც, ოღონდაც, რომ დავსახლდები! - მიაძახა შიგნიდან მუსუსმა. მერმე ერთი გრძელი ჭიგო მოიმარჯვა და გარეთ გასძახა:
- აბა, ვისაც მკლავი აქვს, შემოვიდეს!
მტერთა ბრაზი და მოსარჩლეთა სიხარული ერთად შემოესმა მუსუსს:
- ერთი დახე ამასა!.. ერთი დახე, ამ წუწკსა, ამასა! კიდევაც რომ იმუქრება! - დაიძახეს ზოგიერთებმა.
- ანგრე, შენი ჭირიმე, ანგრე! - მიაძახეს მეორეებმა.
მიხას გული მიეცა. გამხნევდა და გაიჭიმა.
- აბა, რომელია მანდ ვაჟკაცი? ვისაც თავი მოსძულებია, ჯერ ის შემოვიდეს.
კარებთან აღშფოთების კიჟინმა იფეთქა.
- ჯერ ნეფე შემოვიდეს, ნეფე! - გასძახა მუსუსმა.
- ბიჭო, სიკო, უკან ნუ დგები. შემოდი, თუ ბიჭი ხარ, შემოდი და შენი დედოფალი წაიყვანე. ისე გაგაგორო, როგორც წიწილა, შე ფუტუროვ, შენა!
- უუჰ, შენი ჭირიმე, შენი! - მოესმა მეორე მხრიდან მუსუსს მეგობართა ჟივილი.
- ანგრე, გენაცვალე, ანგრე!..
მერმე ერთმანეთში აირია მტერთა და მოსარჩლეთა მუქარა, გამხნევება, ყაყანი და წივილი.
ერთნი გაიძახოდნენ:
- კარები შეამტვრიეთ!
- დაიჭირეთ ეს ყაჩაღი ესა!
- დროა ლაგამი ამოვდოთ ამ მუსუსას, ამასა!
- სოფელი აიკლო... -
ქალები გარეთ ვეღარ გამოსულან...
- გზას აღარავის არ აძლევს ეს წუწკი, ესა...
მეორე ბანაკი პირველს კრიჭაში უდგა:
- თავი დაანებეთ!.. - რა გინდათ მაგ საწყალისგან?
- ერთმანეთი მოსწონთ, რას გადაეკიდეთ მაგ უბედურებს?
- დროება გამოიცვალა: ვისაც ვინ მოსწონს, იმას გაჰყვება.
- შევარცხვინე სიკოს ვაჟკაცობა, აჰა!
- ხო ხედავს, რომ ქალს არ მოსწონს და მზითვის გულისთვისთავს რად ირცხვენს?
- ისედაც თავსაყრელი აქვს.
- ეგ ობობა მეტისმეტად გაიბერა!
- მსუნაგი!.. ხარბი!.. გაუმაძღარი!.. დროა ცოტა ქონი ჩამოვათალოთ! - მაგის ქონება რო პეტრეს ქონებას მიემატოს, ყველას შეგვჭამს.
- რა ბევრს ალაპარაკებთ! მიდი!.. დაჰკა!.. კიჟინას და ყაყანს უმატეს, ერთმანეთზე მიიწიეს და ჰაერში კომბლები და სახრეები აღიმართა.
სოფლის ხელისუფალნიც ჩაერივნენ. მოჩხუბრებს შეუტიეს და გააშველეს. მერმე იჩურჩულეს და გადასწყვიტეს: სანამ ქალი გათხოვილი არ არის, დედ-მამის მორჩილი უნდა იყოს, ძალადობა და მოტაცება არ შეიძლება. ამიტომ ფეფელო დედ-მამას უნდა ჩავაბაროთო.
კვლავ ყაყანმა და ჟრიამულმა იფეთქა. ხალხის უმრავლესობა ხელისუფლებას მიემხრო. მიხას მომხრე ათიოდე ახალგაზრდა დაიბნა და ნელ-ნელა მიყუჩდა.
სოფლის მეთაური კარებს მიადგა. ახალგაზრდები ჭუჭრუტანებს ეცნენ.
- ბიჭო, მუსუსი, კარები გააღე! - დაუძახა სოფლის მეთაურმა.
- არ გავაღებ! - მტკიცედ უპასუხა მუსუსმა.
აქეთ-იქიდან ძმა-ბიჭებმაც გაამხნევეს:
- უჰ, შენი ჭირიმე, შენი!..
- არ გაუღო! არ გაუღო! - ანგრე, გენაცვა, ანგრე!
ხელისუფალმა ერთხელ კიდევ უბრძანა:
- ან კარი გააღე, ან ქალი გამოუშვი.
- არც კარს გავაღებ და არც ქალს დაგანებებთ. - ისევ გადაჭრით უპასუხა მუსუსმა.
მეგობრებმა ისევ შესძახეს:
- ანგრე, მუსუსი, ანგრე!
- არ დანებდე, ბიჭო, არ დანებდე!
- მაშ თუ ანგრეა, - გააფრთხილა სოფლის თავმა, - კარებსაც დავამტვრევთ და შენც დაგიჭერთ.
- ფეხებსაც ვერ მომჭამთ! - გამოსძახა მიხამ და კეტი მოიმარჯვა.
- ჯერ სიკო მოუშვით, სიკო! ფხაჭავ, სადა ხარ, შე ხაშმო, შენა!
- აქა ვარ, შე ყაჩაღო, აქა! - ხმა მისცა გადიდგულებულმა სიკომ.
- შენ შემოდი, შენ ქალაჩუნავ, შენა!
- გამიშვით, მაგის დედა და მამა! სიკო გათამამდა და კარებს დაეჯახა.
კეტმომარჯვებული მუსუსი ძეგლივით იდგა და მომწვანო თვალებს აბრიალებდა. სიკოს სხვებიც მიეშველენ და კარებს ერთად დაეძგერნენ.
კვლავ ჟრიამული და ალიაქოთი ატყდა. მუსუსის დედა მართა გარშემო ურბენდა საბძელს და წუწუნებდა:
- ბიჭებო, უშველეთ!.. უშველეთ, თქვენი ჭირიმე, თქვენი!.. ქალებო, თქვენც ხმა ამოიღეთ, გენაცვალეთ, თორემ აქ სისხლი დაიღვრება. პეტრეს დაი სოფიო მართას კუდში დასდევდა და კაჭკაჭივით ჩხაოდა:
- ქაა, ეს სადაურია! ძალაზეა? ქალს არ ვაძლევთ, მორჩა დაგათავდა! ე ბიჭ-ბუჭები გააჩუმეთ, თორემ ყველას ციხეში დავალპობთ.
საბძლის კარები მხრებით ვერ დასძრეს. პეტრემ ურმის ღერძი მოიტანა და გესლით აჩიფჩიფდა:
- იიიჰ, შე გველის წიწილავ, შენა! ეხლა რაღას იტყვი?.. მომეცალეთ, გზა მომეცით...
სიკომ და სოლომ ის ღერძი გააქანეს და კარებს დააჯახეს. კარებმა დაიკვნესა. ირგვლივ უნებური სიჩუმე ჩამოვარდა. მუსუსმა თავი ჩაჰქინდრა და კეტი დაუშვა. ფეფელო კვლავ განაბული იდგა. მუსუსის მოდუნება მეგობრებსაც გადაედოთ და აქეთ-იქიდან გულნატკენი ხმები მოისმა:
- საწყალი მუსუსი...
- ეჰ, ბედი არა ჰქონია...
- ან რას უნდა გახდეს ერთი ბიჭი?
ღერძი ერთხელ კიდევ დაეტაკა და ერთი ვიწრო ფიცარი შეანგრიეს. აქეთ-იქიდან კვლავ დაუძახეს:
- ბიჭო, მიხა! გააღე კარები, სანამ არ შეგვიმტვრევია.
- ბიჭო მუსუსი, ნუ ახირდი!
მუსუსი მოტყდა. ან რას გაიტანდა იმოდენა ხალხში? ორიოდეს თავს გაუჩეხავდა, სიკოს უეჭველად გააგორებდა. მაგრამ მერმე? შეჰკრავდნენ და დაამწყვდევდნენ.
ეხლა კი ყოველივე გათავდა. იმედის ყუნწიც აღარა მოსჩანს. სადაც არის სამუდამოდ გაჰყრიან ფეფელოს. პეტრე ფეფელოს ჯერ სცემს და მერმე იმ ავყია სიკოს ხურჯინივით გადაჰკიდებს.
- დაიცა, გეყოფა! - შეუტია სიკოს სოფლის მეთაურმა. - თვითონვე გააღებს. და ისევ მუსუსს მიუბრუნდა: - ბიჭო, მიხა! ხუმრობა გეყოფა. კარები გააღე, თორემ ერთს მოვაწვებით და მეტიც არ უნდა.
მუსუსმა თვალები მოიფშვნიტა და მხრებში გასწორდა, ანაზდად გაიღიმა და თვალები ისე ააბრიალა, თითქო ახალი რამე მოაგონდა და გასაქცევი გზა იპოვნაო. უცებ მიტრიალდა, ფეფელოს დაუჩოქა და ცხარედ აჩურჩულდა:
- ... მეტი გზა არა გვაქვს... ჰო, ჰო, აქვე... ეხლავე... უცებ ბზეზე გადააგორა გულაღმა და შეებრძოლა.
გარეთ კივილის შადრევანმა ამოხეთქა. ვინც განზე იდგა, ისიც საბძლის წნელებს ეცა და ზედ მიაკვდა! დედაკაცები აკრუხდნენ. ქორისაგან დამფრთხალ ქათმებივით დარბოდნენ, ხელებს თავპირსა და მუხლებში იცემდნენ და ჰკაკანებდნენ:
- უიმე, დამიდგა თვალები! ეს რა ამბავია, ქაა!
- ვაი, სირცხვილო! ქააა. ამაზე მეტი შერცხვენა კიდენ იქნება?
- გააფუჭა! გააფუჭა! - ჰბუტბუტებდა გულწასული ტასო.
- უშველეთ, კაცებო, უშველეთ! - გაჰკიოდა ფეფელოს მამიდა სოფიო და ხელებს ასავსავებდა.
- უშველეთ, თქვე უღმერთოებო, თორემ დაიგვიანებთ.
- უიმე, დამიდგა თვალები!
- უიმე, მომიკვდა თავი!
გიჟური ხარხარი, სირცხვილის წკმუტუნი, აღშფოთების ღმუილი, მიშველების ძახილი და გამხნევების კიჟინი გაერთიანებულ ღრიალად გადაიქცა და მთელ სოფელს მოედო. ახალგაზრდების ჟრიამულმა დედაკაცების წივილი და მამაკაცთა ღმუილი შთანთქა.
- გაიმარჯვა! გაიმარჯვააა!
- გათავდა! გათავდა!
- განგებ შვრება, განგება, სიკოს შერცხვენა უნდა, თორემა... - ვერ მოახერხებს, ვერა!
ხელისუფალს საბძლის წნელში ჩაეყო თავი და იძახდა:
- დაჰკარით!... გასტეხეთ, თორემ დაიგვიანებთ! ჩქარა, თორემ დაიგვიანებთ! სიკომ და სოლომ ხუთიოდეჯერ დააჯახეს ღერძი, კარებს ჭაჭა-ჭუჭი გაჰქონდა, მაგრამ მუხის ფიცარი არ ტყდებოდა.
სოფლის მეთაურმა წნელებიდან ამოიღო ცხვირ-პირი, მოტრიალდა, ხელი ჩაიქნია, ღრმად ამოიოხრა და უიმედოდ გადმოაგდო:
- გათავდა... დაიგვიანეთ.
სიკოს და სოლოს ღერძი ხელიდან გაუვარდათ, თევდორემ სიკოს პირში მიახალა: - ეხლაც წაიყვან ფეფელოსა?
სიკომ ნათესავებს გადაჰხედა. ყველანი თავჩაღუნული იდგნენ, თითქო ქურდობაში დაიჭირესო. სიკომაც თავი ჩაჰქინდრა. მერმე მოტრიალდა და ლასლასით წავიდა. ნათესავებიც კუდამოძუებულ მგლებივით გაჰყვნენ.
პეტრე სიძეს ჩანჩალით გამოუდგა. დიდხანს აცმაცუნა პირიდა მერმე ხრინწიან მამალივით ამოიხრიალა:
- კაცო, სად მიხვალ?
- მე გატეხილი ქოთნის მუშტარი არა ვარ. - გადმოუგდო მწარე ღიმილით და ისევ გატრიალდა.
პეტრე მიწაში ჩასაძვრენ სოროს ეძებდა, მაგრამ იგი არსად იყო და ისევ საბძლისკენ წამოვიდა. გზაც იქით ჰქონდა. გაფითრებული მოხუცი ცახცახით მოათრევდა სხვის ფეხებს, მთრთოლვარე თითს აკანკალებდა და ზაფრანისფერ ტუჩებს შოშის ბღარტივით აცმაცუნებდა:
- დაიცადე... დამაცადე... - ისეთი ნელი ჩურჩულით იმუქრებოდა, რომ თავის ხმა თვითონაც ძლივს ესმოდა.
მუსუსი კალოზე იდგა. გარშემო სოფელი ფუტკარივით ეხვეოდა. მართამ, თეკლემ და ორმა ახალგაზრდა ბიჭმა ფეფელო ძალით გამოიყვანეს საბძლიდან. პირსახეზე ხელსახოცი ჰქონდა აფარებული. ტიროდა და ხელებს იქნევდა.
- ძია პეტრე, დაგვლოცე! - გადასძახა მუსუსმა სიმამრს.
პეტრემ დიდხანს აცანცარა თავი და თითი, მერმე ბებერი ყვავივით ამოიხრიალა:
- მაჯობე... წაიყვა. მაგრამ მზითევს ვერა ნახავ.
- არც მინდა, ძია, არ მინდა.
- არ გინდა? მაშ კარგი. ტიტველმა შიშველი აიკიდა და მესამე მათხოვარა გააჩინესო. დამეკარგეთ, თქვე ცინგლიანებო, თქვენა! თვალით აღარ დამენახოთ, თორემა... წავიდა და ბიჭების ლაზღანდარობა და ხარხარი გაიყოლა.
- აბა, ბიჭებო! - დაიძახა თანდილამ. - ნამდვილი ნეფე-დედოფალი წავიყვანოთ. და მაყრული შემოსძახა. უმალვე ოციოდე ხმაც მიეშველა. შუაში ნეფე-დედოფალი ჩაიყენეს და მაყრულის სიმღერით მუსუსის სახლისკენ გასწიეს:
- მოვდივართ, მოგვიხარიან, მოგვყავს წითელი ხოხობიიი...
მათი ახალგაზრდული გუგუნი სოფელს აზანზარებდა, სიხარული, სიცილი და ლაღი ოხუნჯობა კარით-კარამდე ისმოდა. ახლად ამოსული მზეც იცინოდა და მაყრიონს თვალებში ჩასცქეროდა.
















