I
- აბდულ ქერიმ! - მიუბრუნდა სასამართლოს თავმჯდომარე აბდულას! - ხომ გაიგეთ: თქვენ მეურმეების გაძარცვას გაბრალებენ, სოფელ ჯანდრის მახლობლად თქვენ იარაღით დაუხვდით ვორონცოვკელ მალაკნებს, წაართვით ფული, ქალაქში ნაყიდი საქონელი, ერთი კაცი ხანჯლით დასჭერით და ერთიც მოჰკალით.
- ალაჰ! - ამოიოხრა აბდულამ.
- თქვენ სამნი იყავით. ორი ამხანაგი ჯერაც არ დაგისახელებიათ. მეორე დილით კვალი სოფელ სარვანში მოვიდა. თქვენ სარვანელი ხართ არა?
- ბალი აღა, აბდულა სარვანელია.
- კვალი თქვენი სახლის დერეფანში შევიდა. ახლა გვიამბეთ, როგორ მოხდა ეს ამბავი?
- მე არ ვისი, ვალაჰ, არ ვისი! - წრფელის გულით დაიყვირა ახოვანმა აბდულამ და გაქონილი მჯიღი განიერ მკერდზე დაიბრაგუნა. - ვალაჰ, არ ვისი!
- კეთილი. იმავე დღეს მილიციამ თქვენს დერეფანში, გოდრის ქვეშ, წართმეული საქონლის ნაწილი იპოვნა - აი, ეს ჩითი, პირსახოცი და ახალი რუსული ქუდი. ეს როგორღა მოხდა?
- ღმერთმანი არ ვისი! ვალაჰ ბილმერამ, - ისევ წამოიძახა აბდულამ, თან უიმედოდ გადახედა ხალხს და მათს თვალებში უნდობლობა ამოიკითხა.
- კეთილი და პატიოსანი, აბდულ ქერიმ ოღლი! გაძარცულმა მალაკნებმა გიცნეს და ხელი დაგადეს. ამაზე რაღას იტყვით?
- ვალაჰ, იანღიდლარ! ვალაჰ, იალანდი! კურან აჰკი, იალანდი! - ღმერთმანი შესცდნენ! ღმერთმანი ტყუილია! ყურანის მადლს ვფიცავ, ტყუილია-მეთქი!
- აბდულ ქერიმ, გვიამბეთ, ის დღე და ღამე სად გაატარეთ?
აბდულა ძლივს ამტვრევდა ქართულს. სადაც გაუჭირდებოდა, თათრულს ჩაურევდა და თარჯიმანს მოიშველიებდა ხოლმე.
- იმ დღეს დილით აბდულამ ბოსტანი მორწყო. მისმა მოხუცმა დედამ, ზოვრამ, ახლა აგერ იქ ხალხში რომ ზის ჩადრმოხვეული და კოკოშიანი, ბოსტანში „მასონი“ მიუტანა. მერმე აბდულა შინ დაბრუნდა და თავის „სოლს ფათმას გაუჯავრდა“, რადგან ფათმამ აბდულას საყვარელ ლურჯას წყალი გვიან დაალევინა. - აბდულას ერთი მოჯამაგირე ჰყავს - ალი ყურბანი. იმ დღეს მოჯამაგირე ქოჩში გაჰყვა აბდულას საქონელს, რომელიც ლელვარის მთებში გაისტუმრა საზაფხულოდ. მხოლოდ ამიტომ დაავალა აბდულამ ფათმას „სხენის“ მოვლა (აგერ ფათმაც იქა ზის, ზოვრას გვერდით), თორემ აბდულა სხვა დროს ასეთ საქმეს ცოლს არ მიანდობდა, ვინაიდან მას ისე უფრთხილდებოდა, როგორც საკუთარ თვალებს.
- განა ცოლის გაგზავნა წყალზე სირცხვილია? - ღიმილით ეკითხება თავმჯდომარე.
- არა, სირსხილი კი არ არის, სახიფათოა. შეიზლება ლამაზი სოლიც დაგვეკარგოს და ლამაზი სხენიც. ოქროს ოქრო ვერ მოუვლის, ორივეს მოიტასებენ.
დარბაზში იცინიან.
- მერე, მერე?
- შემდეგ ფათმას შეურიგდა: „სოტა აკოსა, ერთი ბატარა ფირუზი უფეშქაშა და ხრამზე სავიდა არხში წყლის გამოსაკვანად“, ხოლო საღამოზე ისევ შინ დაბრუნდა.
- მინდვრიდან ნახირი მოვიდა. აბდულას ერთი მოზვერი დააკლდა, თათარმა „ჟოხი საიღო და სავიდა“. სად არ იყო იმ ღამეს აბდულ ქერიმი, სად არ ირბინა, სად არ იხეტიალა! ალგეთის და ხრამის ნაპირები მოირბინა, ჯანდრის მიდამოებიც მოიარა, მარნეულშიც ავიდა და საჰკალთუთანის გორამდისაც კი „სავიდა“, მაგრამ მოზვერი ვერ იპოვა. - მთელ ღამეს „სვიმდა“. აბდულა „ზალიან“ დასველდა და რიჟრაჟზეღა დაბრუნდა. კარები დედამ გაუღო. არც ფათმას დასძინებოდა. ჰკითხეთ აბდულას „ანასს“ და „არვადს“ - დედას და ცოლს. ორივენი აქ არიან, აგერ იმ კუთხეში სხედან. ისინი გეტყვიან სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს, ვინაიდგან... - ვალაჰ, ეი ბოხ, არც ერთის პირს ჯერ ტყუილი არ მიჰკარებია.
მეორე დღეს მილისია მოვიდა და დამიჩირა, მაგრამ, ვალაჰ, მა-ნიმ სუჩუმ იოღდი! - ღმერთმანი, მე ბრალიანი არა ვარ, ღმერთმანი, აბდულამ არაფერი არ ვისი! ეი ბოხ, ნეტ! მაია ნეტ! აბდულამ სათქმელი სთქვა და გაჩუმდა.
- მოწმე ხომ არა ჰყავს სარვანელ თათარს?
- არა, აბდულას „მოსმე“ არა ჰყავს. იმ ღამეს მარტო დაეხეტებოდა მინდვრებში. ან რა საჭიროა „მოსმე?“ აბდულამ ათჯერ „დაიფისა“. თუ გნებავთ, ყურანზედაც დაიფისებს. „დაუზახეთ“ მოლას, მოიტანეთ ყურანიც. აბდულა ტყუილუბრალოდ არ „დაიფისებს“-მეთქი, აბდულა პატიოსანი კაცია! ჰკითხეთ სარვანელ მოლას, თუნდა იქაურ ხელისუფლებს, თუნდაც დანარჩენ ბორჩალოელებსაც.
- მოწმეს დაუძახეთ. - სთქვა მოსამართლემ და ერთხელ კიდევ აავლო თვალი გრუზა თათარს, რომელიც ხარის თვალებს ანათებდა, თეთრ კბილებს აელვარებდა, გაღეღილ მკერდზე კვლავ მუშტს იბრაგუნებდა და სამს ენაზე გაიძახოდა: - ღმერთმანი არა! ვალაჰ, მანიმ სუჩუმ იოლდი! ეი ბოხ, მაიანეტ, ეი ბოხ! ეი ბოხ! მერმე დიდ დარბაზს გადაავლო თვალი და გაჩუმებულ ხალხში რომ ვერა ჰპოვა გამოძახილი, წელმოწყვეტილივით დაეშვა, გრძელი ხელები გაასავსავა, მუხლებზე დაირტყა და მორჩილად შეჰღაღანდა:
- ალაჰ, ალაჰ! სუია დუშტუნ, სუდა დუშტუნ! - თუნდ სამართალში ჩავარდნილხარ, თუნდ წყალში გადავარდნილხარ.
სამმა მალაკანმა აბდულ ქერიმს დაბეჯითებით დაადო ხელი და სამივენი მტკიცედ გაიძახოდნენ:
- ეს არის, სწორედ ეგ არის!.. კარგად გვახსოვს... ძალიან კარგად გვახსოვს.
- კარგად დააკვირდით არ შეცდეთ. - რამდენჯერმე ურჩია რუსებს მოსამართლემ. - უბრალოდ არ დაიდოთ ცოდო, სინდისი არ დაიმძიმოთ.
- ეს არის, სწორედ ეს არის. - მაინც გაიძახოდნენ მალაკნები... ეს ჩითიც ჩვენია, ეს პირსახოციც და ეს ქუდიც... ქალაქში ვიყიდეთ, შინ მიგვქონდა. ბევრი საქონელი წაგვართვეს, მაგრამ დანარჩენი დაკარგულია.
- ეი ბოხ ნეტ! ეი ბოხ! - პირში შესძახოდა მათ აბდულა. მაგრამ მოწმენი ისევ თავიანთ ნათქვამს იმეორებდნენ.
ბრალმდებელმა და დამცველმაც ბევრი ილაპარაკეს, მერმე აბდულას უკანასკნელი სათქმელი ათქმევინეს.
ეხლა რაღა სთქვას აბდულამ? სათქმელი უკვე ნათქვამია. ამიტომ, რაკი საბუთი აღარ აქვს, იქნება ფიცმა და შეძახილმა მაინც გასჭრას:
- ღმერთმანი არა! ვალაჰ, მანიმ სუჩუმ იოღდი! ეი ბოხ ნეტ! ეიბოხ! ეი ბოხ! - ერთხელ კიდევ წამოიძახა, ისევ აიბაგუნა მკერდი და სკამზე ჩამოჯდა.
მოსამართლენი სათათბირო ოთახში გავიდნენ.
ორი ჩადრიანი „კიზი“ - ზოვრა და ფათმა - მოაჯირთან მივიდნენ, აბდულას ჩურჩული დაუწყეს და თანაც თეთრ კბილებს აელვარებდნენ. ზოვრას ზურგზე ლურჯი ბოხჩა ჰკიდია. იმ ბოხჩიდან აბდულას ერთი წლის ვაჟის შავი თავი მოსჩანს. ის თავი მაიმუნივით იღრიჭება, გოჭივით ჭყივის და ისე მიიწევს მამისაკენ, რომ ლამის ბოხჩიდან ამოვარდეს.
აბდულამ შვილი კნუტივით აიტაცა, ათიოდეჯერ დალოშნა, აათამაშა, მკერდზე მიიკრა და გაუცინა.
ორმა დედაკაცმა და მათმა ერთამ დიდხანს ილაპარაკეს, ერთმანეთს გაუცინეს, მოუალერსეს, იმედი მისცეს და გული გაუმაგრეს.
- ყოჩაღ, ოლუნ, ყოჩაღ! ყორხან. ბეგიუნ ჩიხარამ. - ყოჩაღად იყავით, ნუ შეშინდებით. დღესვე გამოვალ, დღესვე, - უთხრა უკანასკნელი სიტყვა აბდულამ და წამოდგა.
მოსამართლენი უკვე გამოდიან. თავმჯდომარე დიდხანს კითხულობს განაჩენს, რომელიც ასე თავდება:
- ...მიიღო რა მხედველობაში... რადგან... ვინაიდან... ამიტომ აბდულ ქერიმ ოღლის ათი წლით დაპატიმრება მიესაჯოს.
მოსამართლენი კვლავ გაბრუნდნენ და გავიდნენ.
აბდულა გახევებული შეჰყურებდა მიმავალ ზურგებს. მერმე მობრუნდა, ხალხს თვალი გადაავლო, სასოწარკვეთილი ღიმილით გაიღიმა და ათრთოლებული ხმით წაიბუტბუტა: - ალაჰ, ბუ ნა ხაბარდი?! - ღმერთო, ეს რა ამბავია!
ზოვრამ კოკოშიან თავში წაავლო ხელები და დაიკვნესა, ფათმამ შეჰკივლა და ქმრისკენ გაიწია. პაწაწა ვალის ჭყვიტინმა დიდი დარბაზი გასტენა, ხოლო აბდულა ხარის თვალებს უაზროდ აცეცებდა და ისევ იმ კარს გასცქეროდა, სადაც მოსამართლენი მიიმალნენ.
მსაჯულები რომ ვეღარ დააბრუნა, დარაჯებს მიუბრუნდა, მკერდზე მუშტები წაიშინა და ცხარე ხმით აყვირდა:
- ვალაჰ, ბილმერამ!... ღმერთმანი არ ვისი! ეი ბოხ მაია ნეტ! ეიბოხ! ეი ბოხ!
II
ერთი საათის შემდეგ აბდულა ორი დარაჯით შუა ქუჩაში მიაბიჯებს, ხელებს განივრად იქნევს და ხანგამოშვებით ბურტყუნებს:
- ალაჰ, ბუ ნა ხაბარდი?
ფათმა და ზოვრა ჩუმის მოთქმით მისდევენ და ზოგჯერ რამდენიმე სანუგეშო სიტყვას მიუგდებენ ხოლმე. ბოლოს, ორთაჭალის საპატიმროს რომ მიადგნენ, აბდულა მოტრიალდა, დარაჯებს გაუსხლტა, დედა, ბავშვი და ცოლი განიერ მკერდზე მიიხუტა და აბუტბუტდა. ბორჩალოელ თათარს ენა დაება, ტუჩები აუცახცახდა, კისერი მოედრიკა. დიდი თავი ორივე დედაკაცს დაუდო მხარზე და თავის შვილივით ატირდა. დედაკაცებიც მოეხვივნენ და აკივლდნენ.
დაფეთებულმა დარაჯებმა დედაკაცებს პატიმარი ძლივს მოჰგლიჯეს და დიდ შენობას რკინის პირში შეუგდეს.
პირველად დაემართა აბდულას ქალური სენი: პირველად იტირა საქვეყნოდ და პირველად დაანახა ადამიანს თავისი ცრემლი. აბდულა ვაჟკაცია, ნამდვილი თათარი ვაჟკაცი. ვინმეს რომ გაეგო მისი ქალური ტირილი, მთელ ბორჩალოში სახელი გაუტყდებოდა და საპატიმროშიც თავი მოეჭრებოდა. თათარმა კი იცოდა, რომ საპატიმროში კარგი ვაჟკაცის სახელს უფრო მეტი სახელი ჰქონდა, ვიდრე ბორჩალოში, ამიტომ, როცა ტალანში დაბრუნებულ ტუსაღს ჩხრეკავდნენ, მან ფიცხლად შეიშრო თვალები და ნაძალადევად გაიმაგრა გული.
დიდს ეზოში რომ გავიდა, აქეთ-იქიდან ტუსაღების ჟივილი მოესმა:
- აბდულ, ხოშ გელდი! აბდულ, როგორ გადარჩი?
აბდულამ შავ წვერ-ულვაშში თეთრი კბილები გააკრიალა და პირსახეზე ჯვარცმულის ღიმილი აისახა, მერმე ორივე ხელი ასწია, ათივე თითი აფშიკა და გაბზარული ხმით დაიძახა:
- ონ ილ! ათი სელისადი, ათი! ჟივილ-ხივილი მაშინვე მოისხიპა და მთელი შენობა ერთი წუთით გაინაბა. აბდულას ყველანი იცნობდნენ და ათწლიან განაჩენს არ ელოდნენ, რომელიც ზურგმაგარმა თათარმა იმ დღიდან იმ შენობისოდენა ტვირთივით აიკიდა.
თავჩაღუნულმა აბდულამ ეზო გადაჭრა, მეხუთე სართულზე აიჭრა და მაღალ ფანჯარას ეცა. მისი საკანი იქ არის. იქიდან ხელისგულივით მოსჩანს ნავთიანი სამგორის მინდორი, სოღანლუღის მიდამოები, შავნაბადის ქედი, მირზოევის უწინდელი ბაღი და სასახლე. აი, ორთაჭალის ბაღ-ბოსტნებიც, გველივით დაკლაკნილი მტკვარიც. შორეული რკინის ხიდიც და ბორჩალოს გზაც, რომელიც საპატიმროს გვერდით გადის და შავნაბადას სერის ძირში იკარგება. ამ გზაზე უნდა გაიარონ ზოვრამ და ფათმამ, ისინი ურმით დაბრუნდებიან სარვანში.
აბდულა რკინის მოაჯირს ჩაებღაუჭა და გაშეშდა. ბორჩალოელთა რამდენიმე ურემმა გაიარა. ბოლოს აბდულას ურემიც გამოჩნდა. ტუსაღმა თავის წითელი ხარები, ტანმაღალი მოჯამაგირე ალი ყურბანი და გასუდრული ცოლი და დედა იცნო. ურემი საპატიმროს გაუსწორდა. ზოვრა და ფათმა აქეთ იხედებიან. ალბათ, აბდულას ეძებენ, მაგრამ ვერ ჰპოულობენ. ტუსაღი უფრო აიწევს, მოაჯირში ხელს გაჰყოფს, ჭრელ ხელსახოცს აიქნევს და მძლავრი ხმით დაიძახებს:
- ჰაი, ანა-ა-ა!.. ფათმა-ა-ა!
დედაკაცები ურემში წამოიჭრებიან და აკივლდებიან:
- აბდულა-ა-ა-ა!!! აბდულა-ა-ა! - სალამა-ათ! სალამა-ა-ათ!
- მშვიდობით! მშვიდობით! - სასოწარკვეთილი ბღავის ტუსაღი.
- სალამა-ათ, აბდულა, სალამა-ა-ათ! - ისმის ადუღებული პასუხი.
გარედან დარაჯი ჰყვირის, მაგრამ აბდულას აღარაფერი არ ესმის: კვლავ წითელ ჩვარს იქნევს, მოაჯირს ანჯღრევს და გრგვინავს:
- სალამა-ათ, ანა!.. სალამა-ა-თ, ფათმა! სალამა-ათ!
გალავნის ძირში თოფმა იგრიალა და ტყვიამ კედლის მტვერი თათარს პირსახეში შეაყარა.
ხიფათმა აბდულა უარესად გააანჩხლა: კვლავ ორივე ხელით ანჯღრევს რკინის მოაჯირს და გააფრთებული დაჰკივის მსროლელ გუშაგს:
- ჰაი ქოფა-ოღლი! ით! დომღუზ! ვურ! გენა ვურ, გენა! - მამაძაღლო! ღორო! მესროლე! კიდევ მესროლე, კიდევ!
ტუსაღები აბდულას ეცნენ, ძალით მოგლიჯეს მოაჯირს და ფანჯრის რაფიდან ძლივს ჩამოათრიეს. მაგრამ აბდულა უარესად გამწარდა, გამხეცდა. ლომივით იბრძვის, დაჭრილივით ჰღმუის, ჰგმინავს, ჰბღავის, ტუსაღებს ბავშვებივით ჰფანტავს. ფანჯრის რაფაზე დათვივით მიბობღავს და დარაჯს გასძახის:
- ით! დონღუზ! ვუ-ურ! დარაჯო, ესროლე, ერთხელ კიდევ ესროლე და მოჰკალი საწყალი თათარი! რას გაჩუმებულხარ?! რას შესცქერი გაკვირვებული უბედურ აბდულას?! ნუ დაგიღია პირი! ესროლე-მეთქი, ისედაც მომაკვდავი აბდულა ქერიმი, უცებ გაათავე.
- ანა-ა! ფათმა-ა-ა!... ვალი-ი! ტუსაღებო! მეგობრებო! „ზმებო და ყარდაშებო!“ თქვენ რაღა დაგემართათ?! რას ჩააცივდით თქვენს „იოლდაშს?!“ რად ეჭიდებით, რად ებრძვით?! ხელი გაუშვით ბეჩავ აბდულას! თავი უნდა შეაკლას გუშაგს. აღარა სურს თათარს მკვდარი სიცოცხლე, ისიც ოთხ კედელში, უდედოდ, უცოლოდ, უშვილოდ. ათი წელიწადი! ათი გაუთავებელი და გულდამლევი წელიწადი! ვიღა შეინახავს თათრის ცოლ-შვილს? ვინ მოუვლის საქონელს? ვინ მოუხნავს მინდვრებს? ვიღა მისცემს „ქომაგს“ აბდულას ოჯახს?! დაინგრევა თათრის ბუდე, გატიალდება სახლ-კარი, დაილევა „ქულფათი“ და საქონელი! დაიღუპა აბდულ ქერიმი! დაიღუპა მისი ახალგაზრდობა და გათავდა მისი სიცოცხლეც!
ერთხელ კიდევ ავარდა ფანჯარაზე და გზას გახედა. აღარც ზოვრა, აღარც ფათმა, აღარც ვალი. ურემი ტყავეულობის ქარხანას მიეფარა. პატიმარმა მოწყვეტილი ტანი ძლივსღა ჩამოათრია, ტახტზე კუნძივით მიეგდო და თავპირი ჭრელი და გაქონილი ხელსახოცით დაიფარა.
III
დღეს დღე მისდევს და კვირას კვირა - აბდულას მომავალივით გრძელი, ბნელი და სევდიანი.
აბდულა დარდს მუშაობაში ახრჩობს. რიჟრაჟით საღამომდე სამზარეულოში მუშაობს: შეშას აპობს, ცეცხლს ანათებს, ხორცსა სჭრის და ქვაბებს ხეხავს. საღამოზე ადრე წვება, მაგრამ შუაღამემდე ძილს ვეღარ იკარებს: უძიროდ ოხრავს. მძიმედ ქშინავს. მოუსვენრად ტოკავს და ზოგჯერ ძილში უცნაურ რამეს გაჰკივის.
სიტყვაზედაც მეტისმეტად გაძუნწდა, თითქმის დამუნჯდა. მხოლოდ შაქროს ენდობა აბდულა.
შაქრო ძველი ტუსაღია. სატუსაღოში დაიბადა, იქვე გაიზარდადა, ალბათ, იქვე მოკვდება. შაქრო აბდულას „ზმა-ბიჩია, კარგი ვაჟკაცია, ყოჩია, ნამდვილი ფაშაა, "ფალავანია“. ტუსაღები „აღას ნოქრები“ არიან, აღა-შაქროს ემსახურებიან, ხარკს აძლევენ, ყველაფერში ემორჩილებიან და მუდამ პირში შესცქერიან.
აბდულა და შაქრო დიდი ხანია „დაზმობილდნენ“. ზოგჯერ განზე გავლენ, ან ერთ ტახტზე ჩამოსხდებიან და ხანგრძლივ მუსაიფს გააბამენ.
- ზალიან მტკივა გული, ზმაო შაქრო. - სჩივის აბდულა - ღმერთმანი, აბდულა უბრალოა!
- ვალაჰ, მართალია!
შაქროს „ყარდაშის“ უცოდველობა სჯერა და ესმის „იოლდაშის“ ტანჯვა, ამიტომ მას ტუსაღური ნუგეშით ამაგრებს და მომავალი თავისუფლებით ამხნევებს.
- აბდულ ყორხმა, ნუ გეშინიან, ორ წელიწადში გარეთ იქნები. და ნუგეშ-ბაასი ჩუმი ბაიათით თავდება:
- აი ბალამ, ბალა-ა-ამ... აზიზიმ ვაი დარდიმ, ვაი დარმანიმ ვაი დარდი-ი-იმ. ელლარ ვაი აქტი, გულ დარდი. მან გულ აქტიმ ვაი დარდ-იმ... ვაი დარდიმ... - თათრის სიმღერა სტირის, ჰკვნესის და უნუგეშო მოთქმით ჰგლოვობს.
თათარი შაირს ოხვრით იწყებს და გმინვით ათავებს. ზოგჯერ გაინაბება და ქონიან თათს ქურდულად მოისვამს თვალებზე, ზოგჯერ კი რაღაც ცეცხლით ადუღდება და ბურტყუნებს:
- ვისი ვინ დამღუპა. ისის აბდულამ, ისის! მაგრამ... მაგრამ აბდულა ჯერჯერობით სდუმს: ნათესავის გაცემა „სირსხვილია“. ესეც რომ არ იყოს, აბდულას საბუთი არა აქვს, სხვის დანაშაულს ვერ დაამტკიცებს და ტყუილად შერცხვება. ამიტომ სდუმს აბდულა, ამიტომ იხრჩობს გულში დარდს და ბედის განაჩენს ელოდება. სწამს აბდულას ბედი და მისი ულმობელი სამართალი. ალაჰი კი არა სწამს თათარს. სანამ ათ წელიწადს მიუსჯიდნენ, დღეში ნამაზლიკს - პაწია ხალიჩას - ხუთჯერ გაშლიდა, პირს მექასკენ მიიბრუნებდა და სალოცავს ბუტბუტით იტყოდა ხოლმე. ახლა კი ალაჰმა და აბდულამ ერთმანეთს ზურგი შეაქციეს. რატომ არ უშველა ალაჰმა აბდულას?! რატომ არ გამოიჩინა ძალა და სამართალი? რას ერჩოდა ალაჰ „სასხალსა“ და უწყინარ აბდულას? რა დააშავა სარავანელმა თათარმა ისეთი რამ შეუნდობარი, რომ ასე სასტიკად დასაჯა ალაჰმა? არა, აღარც ცაში ყოფილა ალაჰ და აღარც აქ ჰქონია ძალა.
აბდულა რომ დარდს გაიხსენებს და შაქროს რომ გულის ტკივილს შესჩივლებს, ოხვრას მუქარით და აფეთქებით ასრულებს ხოლმე: დიდი საბერველივით აქშინდება; მკერდზე მუშტებს აიბრახუნებს, გაქონილ თითს ბორჩალოსკენ გაიშვერს და დათვივით ბურტყუნებს:
- ყურუმსაღ მუსტაფა! ყაჩაღ მუსტაფა! დაისადე... დაასადე აბდულას, დაასადე! აბდულამ შენი სოლშვილის სისხლი უნდა დალიოს და შენი ხორსი ზაღლს უნდა აჩამოს... დონღუზ!.. ით!.. ქო-ფა-ოღლი!
აბდულას შავი ვარამი რომ ერევა, ტუსაღები თათარს ფეხაკრეფით უვლიან და მასთან ლაპარაკსაც ერიდებიან. მაგრამ ყველამ არ იცის აბდულას ხასიათი. ზოგჯერ ვინმე ტუსაღი უდროოოდ აუხირდება და მეშაბათესავით ჩამოეკიდება. აბდულა აბეზარს ერიდება, იღრინება და გულში ბრაზის შადრევანს იგუბებს. მაგრამ ზოგჯერ ის შადრევანი უნებურად ამოხეთქავს, ბორჩალოელი თათარი ყუმბარასავით სკდება, და საერთოდ წყნარსა, ჩუმსა და უწყინარ აბდულას მაშინ ვერავინ იმაგრებს. უცებ სადმე ღმუილი, ხრიალი და ღრიალი იფეთქებს. თათრის ნახტომი ფოცხვერის კამარას ჰგავს. სეტყვასავით ისმის ლაწუნი, ბაგუნი, რახუნი და აბდულას შეძახილი:
- ჰაი ანასინი!.. დონღუზ! ით! ქოფა-ოღლი!
იმსხვრევა ტახტი, სკამი, ჭურჭელი, კბილები და ნეკნები. ტუსაღები ფუტკარივით ეხვევიან აბდულას და ჩაბღუჯულ მსხვერპლის გამოგლეჯას ლამობენ. აბდულა ამ ქვეყნის აღარ არის. ვეღარას ხედავს, აღარც ტუსაღების ჟრიამული ესმის და აღარც ნაკბენს, დანაკრავსა და ნაღრძობსა ჰგრძნობს.
მარტო შაქრომ იცის აბდულას მოსულიერების ხერხი. როგორმე მისწვდება ხოლმე და ყურში ჩასძახებს:
- აბდულ, გეყოფა - აბდულ, იეთარ!
აბდულა რომ შაქროს ხმას გაიგებს, მაშინვე მოუშვებს რკინის მუხრუჭებს და მიბნედილ-დასისხლიანებულ ზვარაკს შვებას მისცემს. მერმე პირქვე მიწვება და ყველას ცოდვას ნანობს - საკუთარსაც და სხვისასაც.
IV
აბდულა უსმელ-უჭმელი დარჩება, ოღონდ ფანჯარაში ააფოფხეთ. ოღონდ გარეთ გაახედეთ. იქიდან უზარმაზარი ქვეყანა მოსჩანს. ნავთიანიდან გამოსული მატარებელი გველივით მისრიალებს. ნეტა სად მიდის იგი, ბაქოში თუ ბორჩალოსკენ? ზოგჯერ მარჯვნივ მიუხვევს, ხიდს გადასჭრის, შავნაბადას კლდესთან თითქოს ხვრელში შეცურდება და თან აბდულას აკვნესებულ გულსა და ადუღებულ სულს გაიყოლებს.
ორი საათის შემდეგ ის მატარებელი ალგეთს გადასჭრის და სარვანს გვერდით ჩაუვლის. იქნება ზორვამ და ფათმამაც დაინახოს რკინის „შაითანი“ და როგორმე მიიღონ აბდულას მხურვალე სალამი, რომელსაც იმ მატარებელს გააყოლებს ხოლმე.
ოოოჰ, ნეტავ თათარი ახლა ერთ ვაგონს ჩამოეკონწიალოს! ჯანდარს რომ გასცდებიან, აბდულა გაქანებული ვაგონიდან ისკუპებს, სარვანში სირბილით შევარდება და თავის ცოლ-შვილს ისე ჩაეხუტება, როგორც რკინის მოაჯირს, რომელსაც ახლაც ისე აწვება, რომ ლამის გაჰგლიჯოს და იმ საკნიდან შორეულ მატარებელზე გადაჰფრინდეს.
ალაჰ, ალაჰ! ოღონდ გალავანს გადააცილე აბდულა, თორემ სარვანისკენ სხვა გზასაც იპოვნის. აგერ ის შარა გზაც იქით მიდის. აი ბორჩალოელი ურმებიც იქით მიიზლაზნებიან. აჰა, მარნეულელთა ურმებიც... აი ჯანდარელი თათრებიც... აგერ მარაბდელი ქართველებიც.
იცნობს აბდულა, იცნობს ყველა ბორჩალოელს! ან რად უნდა აბდულას ურემი და შარაგზა? ტუსაღი შავნაბადას ქედს აყვება, საპატიმროდან ასი ნაბიჯის მანძილზე რომ იწყება, მერმე კუმისის ტბასთან ჩაირბენს, იქიდან იაღლუჯას სერს გადასჭრის და პირდაპირ სარვანში ჩავა.
აგერ ბოსტანში სამი კაცი მუშაობს, ქარხნის კარებთან ქალ-ვაჟი არშიყობს. გზაზე ბავშვი მირბის, უკან ძაღლი მისდევს. სოღანლუღისკენ ხუთი ყვავი მიჰფრინავს. ოოოჰ, რა ბედნიერები არიან ყველანი! ნეტავი თქვენ, ბოსტნის მუშებო, ქალ-ვაჟო და ბავშვო, რომ თავისუფლები ხართ! ნეტა თქვენც, მეურმეებო, რომ ბორჩალოში მიდიხართ, რომ ამაღამ თქვენს ოჯახში მიხვალთ და თქვენს ცოლ-შვილს საჩუქარსაც მოუტანთ.
ნეტა თქვენც, უკუდო ძაღლო და შავო ყვავებო! თქვენც აბდულაზე ბედნიერები ხართ, ათჯერ და ათასჯერ უფრო ბედნიერები, ვინაიდან ფეხები და ფრთები შეკრული არა გაქვთ და თავისუფლად შეგიძლიანთ თუნდ მარცხნივ გაფრინდეთ, თუნდ მარჯვნივ გაიქცეთ, თუნდ იმღეროთ, თუნდაც იჩხავლოთ, ჰყეფოთ, ან ყირამალა დასდგათ და იკოტრიალოთ.
აბდულა კი... აბდულას გულიანად ბაიათის თქმაც კი აკრძალული აქვს! და გულაჩქროლებული თათარი ისე ჩუმად ჰკვნესის და ჰგოდებს, რომ თავის გულის ოხვრა თვითონაც ძლივს ესმის:
- ჰაი ბალამ, ბალა-ა-ამ... ელლარ ვაი აჰქტი, გიულ დარდი, მან გიულ აჰქტიმ, ვაი დარდ-ი-იმ... ვაი დარდიმ... ჰაი ბალამ, ბალამ...
V
დღე არ გავა, რომ ტუსაღს ნათესავები და მეგობრები არ მოუვიდნენ და გემრიელი საჭმელი არ მოუტანონ. მარტო აბდულა დაივიწყეს ალაჰმაც, ნათესავებმაც, მეგობრებმაც. აბდულა ამის გამო გაუსაძლისი დარდით დარდობს, მაგრამ არავისზე გულნატკენი არ არის, რადგან არც ბორჩალოა ახლო და არც ბორჩალოებს სცალიანთ, რომ აბდულას სანახავად სამიოდე დღე დაჰკარგონ.
აბდულას „ანა და არვადი“ - ზოვრა და ფათმა - სამ-ოთხ თვეში ერთხელ ჩამოვლენ. რკინის მოაჯირს აქეთ-იქიდან ორმოციოდე ტუსაღი და მათი ნათესავი მიეკვრება და ისეთს ყაყანსა და წივილ-კივილს ასტეხენ, რომ ერთმანეთის ნალაპარაკევი ზოგჯერ სულაც არ ესმით.
თათარი რომ ზოვრას და ფათმას დაინახავს, რკინის მოაჯირს ისე მძლავრად მიაწვება და ისე გაჰყვირის ხოლმე, რომ ლამის ჩარჩოები გაანგრიოს და თავის ხმის გარდა აღარავის არა გააგებინოს რა.
აბდულა რომ ძლივს მოსწყდება მოაჯირს და საკანში დაბრუნდება, მოტანილ სანოვაგეს შაქროსაც გაუნაწილებს და კვლავ აბურტყუნდება:
- ჩემი ლურჯა გაუყიდნიათ... სამოსი სხვარი ყაჩაღებს მოუტასნიათ.
ან კიდევ:
- ორი ზროხა მომიკვდა... ოჯახი ხელიდან სავიდა, ზმაო შაქრო, სულ სავიდა, - „გეთტი!“
გარეთ უხილავი ხელი მუშაობს, ქალაქელი მუსლიმანები მაჰმადის წესს ერთგულად ასრულებენ: შესაწირავს აგროვებენ და კვირაობით პატიმარ თათრებს უგზავნიან, აბდულა თავის წილს შაქროსაც უნაწილებს და ეუბნება:
- ჩამე, ზმაო შაქრო, ჩამე. ალაჰ აღარ არის, მაგრამ კეთილი ხალხი ამ ყურუმსაღ ქოყანაში კიდევ ბევრი ყოფილა.
ერთი „სელისადი“ გავიდა. ოქტომბერში აბდულას დაუძახეს, ათასი რამ გამოჰკითხეს და მერმე „გამოუსხადეს“, რომ აბდულას პატიმრობის ვადა „სამი სლით შეუმსირეს“.
„ექვსი სელისადი“-ღა დარჩა აბდულას, მხოლოდ ექვსი! ექვსჯერ უნდა მოვიდეს ზამთარი და ექვსჯერ გამოზაფხულდეს, მერმე კი... მერმე აბდულა აგერ იმ გზას დაადგება, სარვანში ჩავა, მუსტაფას მიადგება და... რას ეტყვის აბდულა მუსტაფას? როგორ გადაუხდის სამაგიეროს? არა, აბდულა ამას ვერავის ვერ ეტყვის, ვერავის - გარდა შაქროსი, თავის „ზმისა და ყარდაშისა“. მუსტაფამ ჯერ იაროს და „ისხოვროს“ დუნიაზე. „ექვსი სელი-სადი“ არც იმდენად ბევრია, რომ აბდულამ ვერ გაუძლოს. არა უშავს რა, „მოისადოს ყურუმსაღ მუსტაფამ, მოისადოს!“ და თვითონ აბდულაც იცდის და ითმენს.
კიდევ გავიდა ერთი გრძელი და გაუთავებელი წელიწადი. ოქტომბერში კიდევ ერთხელ „დაუზახეს“, კიდევ ერთხელ „გამოუსხადეს, რომ აბდულას კიდევ სამი სელისადი დაუკლეს, ახლა ორიწელიწადიღა დარჩა მას, ორად-ორი, მხოლოდ ორი!“ ალაჰ, შენ უშველე აბდულ ქერიმ ოღლის! აგერ ექვსი თვე იქნება რაც აბდულას აღარც თავის ჯალაბი უნახავს და აღარც მათი ამბავი გაუგია.
ბოლოს ერთხელ კიდევ მოვიდა სანატრელი დღე: აბდულა მოაჯირთან მიუშვეს.
- ფათმა! ყურბან ოლემ სანა! ნეჯასან? შენ გენასვალე, შენა! როგორა ხარ „მარალიმ“ - ჩემო შველო, ჩემო ქურციკო? ფათმა, მარტო რად მოხვედი? სად არის ზოვრა? რატომ აბდულას „ანა“ არ ჩამოვიდა? რაო, რა სთქვი? ავად არის? იქნება... ფათმა, ნუ დაუმალავ აბდულას! მართალი უთხარი. უთხარი რაღა, მაშ ზოვრა... - ალაჰ, ალაჰ! მაშ ზოვრა მოკვდა?.. როდის? როგორ? მაშ ზოვრა რომ ალაჰს აბარებდა სულს, მართლა აბდულას სახელს იხსენებდა? ალაჰ, შენ უშველე ახლა აბდულას დანგრეულ ოჯახს და გააძლებინე მხოლოდ ორი წელიწადი, ორად-ორი! მერმე თვითონ იცის სარვანელმა თათარმა. თვითონვე მოუვლის ფათმასაც და ვალისაც, თვითონვე მიუძღვნის საზღაურს მტერსაც და მოყვარე-საც.
- ფათმა! მარტო ნუ ხარ ოჯახში. ალი ყურბანი ვაჟკაცია... აბდულას შენი ერთგულება სჯერა, მაგრამ ხომ იცი, სოფელი ჭორიანია. აბდულას მამიდა გადმოიყვანე და მოიშველიე.
- რა სთქვი მარალიმ? უკვე მოიყვანე? მაშ ერთად ცხოვრობთ? ჰაი ყოჩაღ, ფათმა-ქალო, ყოჩაღ! ყურბან ოლემ სანა ფათმა, ყურ-ბან! რაო, წასვლის დროც მოვიდა? დარაჯო, სოტა კიდევ მოისადე! აბდულა დაობლებულია, აბდულას დედა მოუკვდა, დედა! ჯერ არ გაუთავებია ლაპარაკი. ჯერ ბევრი აქვს დასარიგებელი და სათქმელი.
- მოისა, კასო, მოისადე-მეთქი! ოოჰ დონღუზ! ით! ქოფა-ოღლი! ფათმა, ყურბან ოლემ სანა! ვალი, სალამათ! სალამა-ა-ათ! და მოაჯირს მოგლეჯილი თათარი ისე მიიზლაზნება, თითქომის კამეჩისებურ კისერს რკინის ვეება უღელი დაადგესო.
VI
ნუთუ აბდულას ოჯახს დედაბოძი გამოეცალა? ნუთუ იმის კერას წყალი დაესხა? ნუთუ მართლა ინგრევა აბდულას ბუდე? ფათმა ყოჩაღი ქალია, მაგრამ მაინც ქალია. ამქვეყნად შურიანი ხალხიც ბევრია. უპატრონობით ისარგებლებენ და აბდულას ქონებას ნაჭერ-ნაჭერ დაიტაცებენ. აი, აკი უთხრა დღესაც ფათმამ: ათი ცხვარი, ერთი დეკეული და მრავალი წვრილმანი კიდევ დაიკარგაო. რაღა დარჩა ახლა აბდულას? ერთი კამეჩი, ორი ზაქი, ერთი ძროხა, სამი დეკეული, ერთი ვირი და... ვეებერთელა დარდი.
ცხადია, ტუსაღის ოჯახში უბედურება ჩასახლდა და სანამ არ ამოიკვეთს ფეხს, მანამ თვითონ აბდულა არ გააგდებდეს.
- ალაჰ, თუ სადმე ხარ, ახლა გამოიჩინე შენი ძალა და ახლა უშველე აბდულას! ალაჰ! ალაჰ!
დრო ზლაზვნით და ფოფხვით მიდის, თითქო კიბო მისჩოჩავსო, და თათრის სულსაც ნალოსავით მიათრევს. საპყრობილის მიდამოები ერთხელ კიდევ დაითოვლა და ერთხელ კიდევ აბიბინდა. წინათ აბდულას ორიოდე თვეში ერთი წერილი მაინც მოსდიოდა ფათმასგან და სამ-ოთხ თვეში თვითონაც ჩამოდიოდა ქალაქში. ახლა კი აგერ ექვსი თვეც გავიდა, რაც აღარც წერილი მოსჩანს და აღარც ფათმა.
რა დაგემართა, ფათმა კიზი-ქალო, შენც ზოვრას ხომ არ გაჰყევი? იქნება ავადა ხარ? იქნება მოგიტაცა ვინმემ? რას დადუმებულხარ და საწყალ აბდულას რად აწამებ? არც მულა იძლევა პასუხს, არც აბდულას მეორე ბიძაშვილი სოიუნი.
ერთხელ კიდევ დაუძახეს აბდულას და ერთხელ კიდევ „გამოუსხადეს, ერთი სელისადიც მოგჩრესო“.
ძმაო შაქრო, ერთი უშველე აბდულას! „შენი ჩირიმე“, შაქრო, კარგად დასთვალე, როდის გავა აქედან „შენი ყარდაში“ ქერიმი? რა სთქვი? ხუთი თვის შემდეგო? - ალაჰ, ილ ალაჰ! მთავრობავ, ჩოხ საღოლ, ჩოხ! ალაჰ სანაიახშილიღ ვერსინ. - დიდი მადლობელი ვარ, დიდი! ღმერთმა სიკეთე მოგსეს მთავრობავ!
შაქრო, ახლა ერთი „სერილი მისცერე“ ჯანდარის სადგურის დარაჯს მიხა კიკალიშვილს, რომელიც ფათმას გადასცემს. რაკი სარვანელი მულა აბდულას პასუხს „არ აზლევს, მიხა ფათმასთან სავა, სერილს საუკითხავს და პასუხსაც დასერს“. მიხა აბდულას „ყონაღია“, მისი „ზმა ბიჩია, კარგი იოლდაშია. აბა დაჯექი და ასე დაისხე:
„ფათმა, ჩემო ფათმა! ექსი თვე სავიდა და შენი სერილი არ მოდის, არს შენ მოხვედი. ფათმა, ავად გახდი თუ აბდულა დაივისხე? ორი სერილი მოგსერე, მაგრამ პასუხი არ არის. არ ვისი, ვიტირო თუ გავისინო. როსა შენ მაგონდები, თვალები სრემლით მევსება. ფიქრმა ზალიან შემასუხა. იქნება აბდულა დაივისხე? იქნება სხვა „ქიში“, სხვა ქმარი იპოვნე? ეხლა სისილიც მინდა, რადგან ზალიან გახარებული ვარ. ხუთი თვე დამრცა. მერე სარვანში მოვალ და ისევ დავისხებ სისოსხლეს. შენც გიხარიან განა! გაიხარე, გენასვალოს აბდულა, გაიხარე და გაისინე. მაგრამ ეხლა გული მაინც ზალიან სუდად მაქს. რატომ შენგან ხაბარ-ამბავი არ მოდის? რად დამივისხე? როგორ არის ჩემი შვილი ვალი? ჩემი საქონელი და ოჯახი? ფათმა, ჩემო ფათმა! ეს სერილი რომ აიღო, ჩქარა სამოდი ქალაქში და სოტა ფულიც მოიტანე. თუ ვერ სამოხვედი, ერთი „ბალაჯა“ სერილი მაინც გამოგზავნე, თორემ აბდულას დარდისგან აღარ ეზინება. თუ ორ კვირაში არ ამოხვედი, ან ერთი სერილი არ დასცერე, შენი აბდულა ჯავრით მოკვდება.
ფათმა, ასჯერ აკოცე აბდულას მაგივრად ბალაჯა ვალის. აბასალამათ ოლ, ფათმაჯან! ალაჰმა ხეირი მოგსეს. მშვიდობით, ფათმა, მშვიდობით! შენი ქიში აბდულ ქერიმ ოღლი“. აბდულა „სერილს“ ელის. მოლოდინის ორიოდე კვირა თითქოს ურმით მიდის და აბდულას გულიც იმ ურმის თვალზეა გაკრული. ორ კვირას ორიც მოჰყვა. სულმდუღარე აბდულა კი ვერც საჯდომს ჰპოულობს და ვერც დასაწოლს. სარვანელი თათარი დარეტიანებული პირუტყვივით დაბორიალებს და ხელების ქნევით ეკითხება თავის თავს:
- ალაჰ, ბუ ნა ხაბარდი? ალაჰ, ბუ ნა ალამათტი? ვეღარც შაქროს ნუგეში სჭრის და ვეღარც მისი „ზმაბიჩური სისილი“. აბდულა მოიღუშა და ზამთრის ღამესავით დაბნელდა. შაქროს პატიმრობის ვადა გაუთავდა.
- მშვიდობით, ძმაო აბდულ, მშვიდობით!
- სალამათ, ზმაო შაქრო, სალამათ! შენი იოლდაში და ყარდაში აბდულა არ დაივისხო.
შაქრომ აბდულას თავის ბინა ასწავლა, გული გაუმაგრა, „ზმა-ბიჩურად“ გადაეხვია და წავიდა.
- სალამათ ოლ, ზმაო შაქრო, სალამათ! იმავე დღეებში აბდულამ საპყრობილის გამგეს უთხრა:
- მეს მინდა ავჭალაში სავიდე და ვიმუშაო. აბდულას ოთხი თვეღა ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ რამდენიმე დღის შემდეგ აბდულაც ზაჰესში გაჰგზავნეს სამუშაოდ. ახლა თათარი თითქმის თავისუფალია. დადის, მუშაობს და იქაურობას ათვალიერებს.
მუშა-ტუსაღებს მხოლოდ დაღამებისას დასთვლიან, ფიცრულ შენობაში ჩაჰკეტავენ და მეორე დილით ისევ სამუშაოდ გამოუშვებენ.
ერთხელ ტუსაღების დათვლის დროს აბდულ ქერიმის სახელიც რომ ამოიკითხეს, მისი ჩვეულებრივი პასუხი - „აქა ვარ“ - აღარ გაისმა. მიიხედ-მოიხედეს, მოიკითხეს, მოსძებნეს და გაიკვირვეს. აბდულა გაიქცა? სამი წელიწადი დალია და სამ თვეს გაეპარა? ისევ მოიკითხეს, მოსძებნეს, ქაღალდი დასწერეს და დამშვიდდნენ.
VII
შუაღამე გადასულიყო. სადგურ სანდარს მატარებელი მიუახლოვდა.
მიმავალი მატარებლიდან თავახვეული ვინმე გადმოხტა და სიბნელეს შეერია. ერთი საათის შემდეგ მისი აჩრდილი სოფელ სარვანში შეიპარა. გველივით მისცურავდა აბდულა. აგერ მისი ბიძაშვილის მუსტაფას სახლიც.
- ჰოი, ყურუმსაღო, ჰოი, ყაჩაღო მუსტაფა!
აი სოიუნის მიწურიც. აჰა აბდულას პაწაწინა ბოღჩაც. აბდულას სახლში ალბათ ყველას სძინავს. როგორ გაოცდება ფათმა! როგორ გაიხარებს ვალი! როგორ ჩაიხუტებს აბდულა სამი წლის დაქვრივებულ ფათმას! ჩქარა, აბდულ, ჩქარა! დაბალ ღობეზე ვეფხივით გადახტა, გაოხრებული ბაღჩა გაირბინა, გომურს მოუარა და... ღმერთო, დიდებულო! ალაჰ ძლიერო! ეს რა ამბავია?! ბუ ნახაბარდი! ქვითკირის პატარა შენობას აღარც სახურავი აქვს, აღარც აივანი, აღარც კარები და აღარც ჩარჩოები. კედლებიც დანგრეულია. მხოლოდ ბუხარიღა მოსჩანს შავად ნშავ ღამეში, როგორც სქელი და გარუჯული სვეტი. აღარც საქათმეა, აღარც ბეღელი, აღარც სათივე. მარტო ბოსელიღა დარჩენილა, ისიც ალბათ იმიტომ, რომ მეზობლებს გამხმარი წნელის მოტაცება დაჰზარებიათ.
აბდულამ ტორტმანით შემოუარა მოშლილ ბუდეს, მერმე დანგრეულ ღობეს გადაალაჯა და სოიუნას მიწურს მიადგა.
- სოუნ, გარეთ გამოდი, სსუ... ნუ ჰყვირი!.. ჩუმად ილაპარაკე... აბდულა გეძახის, აბდულა, ვეღარ იცანი? აბდულ ქერიმია, შენი ბიძაშვილი.
- საიდან გაჩნდი, აბდულ?
- რა დროს ეგ არის! უთხარი, სოიუნ, ჩქარა უთხარი აბდულას, რა დაემართა იმის ოჯახს? რად დაინგრა მისი სახლ-კარი? სად არიან ფათმა და ვალი?
სოიუნა ბორძიკით ლაპარაკობს. სიტყვებს ეძებს და ძლივს პოულობს.
- დაიცა, სული მოითქვი და გეტყვი. ახლა ყური მიუგდე აბდულ: საწყალი ზოვრა რომ მოკვდა, ფათმა მარტოდმარტო დარჩა. ფათმას ნათესავი ქვრივი დედაკაცი მოეშველა, მაგრამ მალე ისევ არახლუში დაბრუნდა.
- მერმე...
- ნუ შეგეშინდება, აბდულ! დაიცა, ხელი გამიშვი... რა გემართება?
- ჩქარა სთქვი, ჩქარა! - თეზ ელა, თეზ!
- მერმე სოფელში ხმა გავარდა, ვითომ შენი მოჯამაგირე ალი ყურბანი და ფათმა...
- ჰა, ხმა ამოიღე! ნუღარ მაწვალებ!
- ვითომ ისინი ქიში და არვადი გამხდარიყვნენ. - ვაიმე! - ამბავი გამართლდა... ფათმა დაორსულდა.
- ალაჰ!
- ფათმას ვაჟი ეყოლა... რა დაგემართა, აბდულ? ხელი გამიშვი-მეთქი.
- ღმერთო დიდებულო!... სთქვი და გაათავე!
- როცა შენი წერილი მოვიდა და გაიგო, რომ შენ მალე უნდა გამოსულიყავი „ყალადან“, ფათმამ საქონელი გაჰყიდა და გადაიკარგა. ამბობენ, ალი ყურბანმა ყაზახში წაიყვანაო... აბდულ, გამაგრდი! კარგი ვაჟკაცი ხარ და აყალმაყალს ნუ ასტეხავ. ორიოდე წელიწადში წელს მოიმაგრებ და ერთ ლამაზ „ყიზის“ კიდევ იშოვნი.
- რა სთქვა აბდულამ? თოკიო? - თოკი რად გინდა, აბდულ?.. რაო?.. კეთილი. სოიუნას თოკი აქვს, ახლავე გამოგიტან, მაგრამ... მაინც, ნეტა რად უნდა აბდულას თოკი? - აბდულ, ამ დროს სად მიდიხარ? სოიუნას სახლში შედი, დაიძინე და ხვალ დილით...
- თოკი-მეთქი, ჩქარა!
ხუთი წუთის შემდეგ თოკი მხარზე გადაიგდო და ბიძაშვილს მიუგდო:
- სალამათ, სოიუნ. მეტი არაფერი სთქვა და სწრაფი ნაბიჯით შეერია წყვდიადს.
ცოტა ხნის შემდეგ მუსტაფას მიწურის ბანზე აჩრდილი აცოცდა. იმ აჩრდილმა ბანის კოჭს თოკი გამოაბა, მეორე ბოლო სანათურში ჩაუშვა და თხუნელასავით ჩაძვრა შიგნით. მცირე ხანიც გავიდა. იმ მიწურიდან ჯერ ხანგრძლივი ბუტბუტი, მუდარა და „ალაჰის“ ხსენება მოისმა. მერმე სანათურიდან დედაკაცების, ბავშვებისა და მუსტაფას უიმედო ღრიალი, გმინვა და ხრიალი ამოვარდა.
ხმაურობა რომ შესწყდა, იმ მიწურიდან მუსტაფას გომურში ერთი აჩრდილი გასხლტა. ორი წუთის შემდეგ გომურიდან უბელო ცხენი გრიგალივით გამოვარდა და ლანდი-მხედარი სანდარისკენ გაიტაცა.
მუსტაფას დერეფნიდან სოფელს დედაბრის გაბმული ღრიალი მოედო. მერმე სოფელში ჟივილ-ყვირილი ასტყდა. აქეთ-იქიდან ჭრაქებით გამოცვივდნენ, ყველაფერი გაიგეს და ჩოჩქოლი და ყაყანი მორთეს, მაგრამ ცხენის თქარათქური უკვე მიმწყდარიყო და ლანდიც შორს სადმე გამქრალიყო.
VIII
მზე უკვე ამოვიდა, როდესაც სისხლში მოსვრილმა თათარმა აქაფებული ცხენი ორთაჭალის საპყრობილეს მოაგდო.
- ჰეი, ზმობილო, კარი გააღე!
ასტყდა სირბილი, ჩოჩქოლი და ტელეფონის წკარუნი. ვინ არის აგრე მძლავრად და ასე ადრე რომ არახუნებს რკინის კარს და დაჟინებით მოითხოვს, შემიშვითო?
- აბდულა ვარ, აბდულ ქერიმი, თქონი სინანდელი ტუსაღი, რომელიც ზემო ავჩალიდან გაიპარა. კარი გააღეთ, რაღას მასდევინებთ, რა ამბავია!
- აქვს თუ არა აბდულას პროკურორის ქაღალდი?
- რომელი ქაღალდი! რა დროს ქაღალდია! აბდულამ ხუთი კასი მოჰკლა, ხუთი! აბდულა პირდაპირ ბორჩალოდან მოდის. აი საბუთიც: აბდულა სისხლით არის გასვრილი. ქალებისა და ბავშვების სისხლით! აჰა, შეხედეთ! გასინჯეთ! დარწმუნდით! - კარი გააღე, ზმობილო, გააღე-მეთქი, თორემ სავალ და მერე მეზებეთ.
სანამ ქალაქიდან ბრალმდებელი და გამომძიებელი არ მოვიდნენ, აბდულა „ჩემი სიხეში“ არ შეუშვეს. დაკითხვა და ოქმის წერა ორ საათს გაგრძელდა. მერმე სისხლით გათხუპნული თათარი გავიდა და შექუჩებულ ტუსაღებს შესძახა:
- გამარჟობა, იოლდაშლარ! გამარჟობა, ამხანაგებო, ზმებო! აი თქონი აბდულა დაბრუნდა... ეხლა აბდულ ქერიმ ოღლი ყაჩაღია, დიდი ყაჩაღი! ხუთი კაცი მოვკალი, ხუთი! - და თათარმა ხუთი სისხლიანი თითი წითელი კელაპტარივით აფშიკა.
- ერთი კასი მუსტაფა მოვკალი, იმისი ლამაზი სოლი - ზეინაბი, იმის დედა და ორი „ბალაჯა“ ყმასვილი, სულ ხუთი კასი, ხუთი! - სათქმელი ხრიალით სთქვა, თავი ჩაღუნა და თავის წინანდელ საკნისკენ ბარბაცით გაემართა.
რამდენიმე თვის შემდეგ აბდულა ისევ იმ დარბაზში იდგა, სადაც სამი წლის წინათ „ათი სელისადი აიკიდა“.
დიდი ოთახი ისევ ხალხით არის სავსე, მაგრამ კუთხეში აღარც კოკოშიანი ზოვრა მოსჩანდა და აღარც ალთვალა ფათმა ანათებს დარბაზს. მარტოა ახლა აბდულ ქერიმი, მარტოდმარტო! მხოლოდ „ზმობილმა“ შაქრომ გაიხსენა და მოვიდა. შორიდან ცერა თითი აჩვენა იოლდაშს და გული მოუმაგრა.
მოსამართლენი ისევ იმ ოთახიდან გამოვიდნენ და ისევ იმ მაგიდას მიუსხდნენ.
- აბდულ ქერიმ ოღლი, თქვენი ამბავი გვიამბეთ.
აბდულა წამოიწია და მოაჯირზე დაეყრდნო. ჯერ შორიდან დაიწყო, მერმედ უბრალოდ უამბო სამი წლის ტანჯვა და ბოლოს უკანასკნელ ამბავს მიადგა.
- მე ავჩალაში მუშაობდი. გაქსევა არ მინდოდა, ვალაჰ, არ მინდოდა. სამი თვე დამრჩა, ქალაქში ერთი ზმა ბიჩი და კარგი გიურჯი ყარდაში მქონდა. - და შაქროსაკენ მიიხედა.. - ერთხელ იმ ყარდაშმა შემომითვალა: ზმაო აბდულ, შენი საქმე სოფელში ზალიან სუდად არისო, გულმა ვეღარ გამიზლო. ვთქვი: სავალ, ხაბარს გავიგებ და მეორე დღესვე დავბრუნდები-მეთქი.
სავედი, მაგრამ... ალაჰ, შენ ისი აბდულას გულის ჟავრი. აღარს სახლი, აღარს სოლი, აღარს შვილი! ჩემი სოლი ფათმა და ჩემი შვილი ვალი ჩემმა ნოქარმა ალი ყურბანმა მოიტასა და ყაზახში საიყვანა. სოტა საქონელიც მქონდა. ძროხა და კამეჩიც გაჰყიდეს და საიღეს. სახლიც მეზობლებმა დაანგრიეს, აბდულას კი შავი ბუხარი, სოტა ქვა და ბევრი სრემლი დაუტოვეს. აბდულა დაიღუპა. დაინგრა ცემი ოჯახი! მერმე ვთქვი: აბდულ ქერიმ, რაღად გინდა ასეთი სისოსხლე? ვისთვის უნდა ისხოვრო ეხლა? ვისთვის უნდა მოისხვიტო სელი? მერმე ვთქვი: აბდულ ქერიმ! ვინ დაღუპა შენი სოლ შვილი? ვინ დაანგრია შენი ოჯახი? ვინ საიყვანა სიხეში? შენმა ბიძაშვილმა მუსტაფამ, მუსტაფა ხალილ ოღლიმ! ვთქვი და სავედი.
- აბდულ ქერიმ, სანამ სოიუნასგან გაიგებდით თქვენი ოჯახის ამბავს, მუსტაფას მოკვლა გქონდათ თუ არა გულში?
- ღმერთმანი არა! ვალაჰ, არ მინდოდა!
- განაგრძეთ.
- როგორ სავედი - არ ვისი, თოკი სავიღე და ბანიდან ჩავედი. მუსტაფას ზალიან ეზინა. ზეინაბმა გამოიღვიზა და ჩრაქი აანთო. ვუთხარი: ზეინაბ, თუ დაიყვირე, მუსტაფას მოვკლავ-მეთქი. მერმე მუსტაფაც გავაღვიზე, ყელზე ხანჯალი დავადე და ვთქვი: მუსტაფა, მითხარი, ურუსებს როგორ საართვი საქონელი და შენი ნასვლად აბდულა როგორ გაგზავნე-მეთქი სიხეში?
მუსტაფამ თქვა: შენი მოზვერი ჩონ მოვიპარეთ და განგებ საძებნელად გაგგზავნეთ.
- ვინ ჩვენ? მუსტაფას გარდა ვინ იყვნენ?
- არ ვისი. მუსტაფამ არა თქვა.
- განაგრძეთ.
- მუსთაფა თქვა: ჩონ ვისოდით, რომ აბდულა მოზვერის საზებნელად სავაო. მერე ჩონ სხენებით სავედით მარნეულისაკენ, სამურუსს საქონელი და ფული სავართვით და სამოვედითო. სვიმიანი ღამე იყო. მილისია კვალი მოიტანდაო, ამიტომ მე კვალი ავრიე, შენი სახლში მოვიტანე, იქ სოტა მოტასებული საქონელიც დავაგდე და სავედიო.
- იმ რუსებმა რაღად დაგადეს ხელი?
- იმიტომ, რომ მე და მუსტაფა ბიზაშვილები ვიყავით. ისე ვგავართ ერთმანეთს, როგორს ორი კვერსხი. ზოგჯერ სოფელში მე მუსტაფას მეზახოდნენ და მუსტაფას კი აბდულას ეზახოდნენ.
- მერმე, მერმე?
- აბდულას თავში სისხლი მოეკიდა. - მომაგონდა ზოვრა... ჩემი სასხალი დედა... ჟავრით მოკვდა... მომაგონდა ჩემი შვილი ვალი... ჩემი სოლი ფათმა-ქალი... ჩემი საქონელი და დანგრეული ოჯახი. მომაგონდა და... მუსტაფას ყელში ხანჯალი მივესი...
- მერმე რა მოხდა?
- მერე... არ ვისი, აღარ მახსოვს.
- მუსტაფას დედა როგორღა მოჰკალით?
- არ ვისი, ღმერთმანი, არ ვისი.
- მუსტაფას ცოლი?
- არ ვისი... ვალაჰ აღარ მახსოვს! - ხმას აუწია თათარმა.
- ბავშვები? რატომ ბავშვები მაინც არ დაინდეთ?
- არ ვისი-მეთქი... ვალაჰ აღარ მახსოვს... აღარაფერი არ მახსოვს... ღმერთმანი, არ მახსოვს, - გამწარებით გაჰკივის თათარი.
- მოწმეს დაუძახეთ.
მუსტაფას შინ ერთი მოხუცებული ნათესავი ქალი ჰყავდა. ის ქალი ბნელ კუთხეში წოლილიყო და ისე გადარჩენილიყო, რომ აბდულას მისი იქ ყოფნა ვერც კი გაეგო. ახლა კი გაახსენდა: როცა რომ აბდულამ სარვანიდან ცხენი დასძრა, ვიღაც დედაკაცმა საზარელი ბღავილით გააღვიძა მთელი სოფელი. ახლა იმ დედაბერმა აბდულას ნალაპარაკევიც და მუსტაფას ნათქვამიც დაადასტურა.
- აბდულ ქერიმ ოღლი! თქვენ უკანასკნელი სიტყვა სთქვით.
- იოლდაშებო! მოსამართლენო! აბა რა უნდა სთქვას აბდულამ? თავის ამბავი გიამბოთ და წრფელი გული გადაგიშალათ. თქვენ ყველაფერი გაიგეთ და დაინახეთ. დამალული აღარაფერი აქვს აბდულას, ეხლა კი... - ეხლა თქონი საქმე თქონ ისით. მაგრამ ერთი ბარაქაც მომესით: აბდულას სისოსხლე გათავდა. მე სხოვრება აღარ მინდა. ანსხალში გადამაგდეთ, ან თოფი მესროლეთ, ან ხეზე ჩამომკიდეთ. ყოლაფერი კარგი იქნება. ოღონდ სიხეში ნუღარ ჩამაგდებთ. ვალაჰ, სიხე სხალზე უარესია. ღმერთმანი, ისევ ტყვია სჯობია! იოლდაშებო, ყარდაშებო... ზმებო... ამხანაგებო! მე სიხე არ მინდა... ღმერთმანი აღარ შემიზლიან! და ბორჩალოელი თათარი ერთხელ კიდევ შერცხვა: მოაჯირზე დაემხო, მძლავრი გულით აქვითინდა და დასაკლავი ხარივით აბღავლდა:
- სიხე აღარ მინდა, არ მინდა-მეთქი!
ისევ იგივე მოხდა, რაც სამი წლის წინათ იყო: მოსამართლენი გავიდნენ.
ახლა სარვანელი თათარი მარტოდმარტო იჯდა. აღარც დედა ელამურება მაშინდელივით, არც ცოლი უღიმის თეთრი კბილებით, აღარც შვილი ეტანება მოშავო თათებით.
ერთი საათის შემდეგ მოსამართლენი ისევ იმ კარებში გამოჩნდნენ. თავმჯდომარემ უწინდელივით გრძელი განაჩენი წაიკითხა:
- რადგან... ვინაიდან... აბდულ ქერიმ ოღლის ათი წლით დაპატიმრება მიესაჯოს. ხოლო რადგან... ვინაიდან... და მიიღო მხედველობაში, რომ... დაადგინა: სასჯელი პირობითად ჩაითვალოს. აბდულამ მხოლოდ „ათი წელიწადი“ გაიგო: წატორტმანდა, ხელები გაასავსავა და ყელგამოჭრილივით ამოიხრიალა:
- ალაგ, ბუნ ნა ხაბარდი?.. იოლდაშებო, ეს რა ამბავია?
- აბდულ ქერიმ ოღლი, თავისუფალი ხართ. წადი და პატიოსნად იცხოვრეთ.
ერთ მეხს - „ათი წელიწადს“ - მეორე მოჰყვა: „წადი და იცხოვრეო“.
აბდულას მუხლები ჩაეკეცა. ეს რა სთქვა იოლდაშმა მოსამართლემ? აბდულა თავისუფალია?! აბდულა სავიდეს?! მაშ... მაშ სიხე აღარ იქნება?
- აბდულ, დღეს ჩემი სტუმარი ხარ, - ეუბნება შაქრო ყარდაში.
- ალაჰ ილ, ალაჰ! - აბდულამ სიამის მეხს ვეღარ გაუძლო და ქვითინს ხარხარი დააყოლა. შემდეგ გრძელი ხელები ფრთებივით გაშალა და დათვივით აბუტბუტდა:
- იოლდაშლა-არ!... ყარდაშლა-არ! ზმებო!.. ამხანაგებო! აბდულა სასხალია... აბდულა უბრალოა. აბდულა მართალი კასია! ჩოხ იოლდაშებო!... ყარდაშებო!.. მადლობელი ვარ, მადლობელი!... ჩოხ, საღოლ, ჩოხ! სალამათ, ყარდაშებო, სალამათ!
სალამათ და მშვიდობით, მართალო აბდულავ!