მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 467 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იმ სოფელში ბიჭი არ მოიპოვება, რომ მეორე სახელიც არაჰქონდეს: ცქვლიფი, გაყვლეფილი, მისწრება, საბრალო, კუპრაჭა, დამპატიჟე, ატყაპუნე, ბელტიყლაპია, ორშაურა და კიდევ მრავალი - ერთი მეორეზე უცნაური და ზედმოჭრილი.

თედოს ბიჭსაც - ცამეტი წლის ბესოსაც - მიაკრეს ასეთი სახელი - კანჭა-ბიჭი.

თვითონაც მაღალია და ფეხებიც გრძელი აქვს, ამიტომ შერჩა ბალღობიდან მიკერებული „კანჭა-ბიჭი“.

ეხლა ბესო ცარიელ საკირეს დასცქერის და მჭრელი თვალით ზომავს: გადაახტება თუ ვერა? თუ ორმოს ხახა ხუთ ნაბიჯზე განიერი არ იქნება, ზედ გადაუვლის, მაგრამ თუ ერთი ციდით მაინც მეტი გამოდგა, მოსხლტება და ხუთიოდე ადლის სიმაღლიდან რიყის ქვებზე დაეცემა.

- აბა, კანჭა ბიჭო, - აქეზებს მაცდურივით გოჭი-ბიჭი, - აფშიკე შენი კანჭები და გადაეშვი!

- გადაეშვები ორმოს ძირში და იქ გაფშიკავ ფეხებს. - აფრთხილებს ბესოს ჩიყი-ბიჭი.

- არ შეარცხვინო მამა შენი, კანჭავ! - ჩასძახის ორგროშა.

- ჩიტივით გადაფრინდება, ვენაცვალე კანჭებში! - იღიმება შავი ბიჭი.

დამპატიჟემ ისევ ნაცად ხერხს მიჰმართა: - თუ კანჭა ამ ორმოზე გადახტება, ას კაკალს ჩამოვდივარ. ვის უნდა ნიძლავი?

- მე მინდა!.. მე!.. მეც!.. მეცა!.. - იხუვლეს აქეთ-იქიდან.

- წამო, თავი დაანებე. - ურჩევს წიწილა-ბიჭი, - არ გაგაბრიყვონ. რომ ჩავარდე, მეტიც არ გინდა.

- დაანებეთ თავი, თქვე ცინგლიანებო, თქვენა! - შეუტია მაცდურებს ბელტიყლაპიამ. - მამა გიცხონდათ, თქვენ გაუწევთ შვილის მაგივრობას ამის დედ-მამას, არა?!

სწორედ სარჩლობამ დააფრთხო კანჭა-ბიჭის ყოყმანი. ამას წინათ და ყოველთვისაც ასე ხდებოდა: წამქეზებელს იშვიათად აჰყვებოდა, მაგრამ თუ ვინმე დარიგებას დაუწყებდა, კანჭა-ბიჭი პირუკუღმა მოიქცეოდა. შარშანაც დამპატიჟე აუხირდა: ჭანდრის კენწეროზე ვერ ახვალო: მაშინაც ბელტიყლაპია წაესარჩლა და ბესოც სწორედ ამიტომ აცოცდა ასი წლის ხეზე. ძლიერი ქარი ქროდა. ჭანდარი ჰღმუოდა, ჰბორგავდა, ღრიალებდა. მისი წვერი ისე ქანაობდა, თითქო, კანჭას გასროლა შურდულის ქვასავით უნდოდაო. დაღლილი, გაცრეცილი და აცახცახებული ბესიკო ძლივსღა ჩამოცოცდა.

გაზაფხულზე შუკასხევი მოდიდდა. ხორგი და ლოდი გრიალით მოჰქონდა. მაშინაც დამპატიჟე შეუჩნდა, მაშინაც წინ აღუდგნენ ჭიყალა, ლოხოშა, ჭუჭა, ბაჭაჭო და წიპრუა. გადაეშვა კანჭა-ბიჭი. კინაღამ დაობლდნენ სოფელი, შეგირდები და ბესოს დედ-მამა. ძლივს ამოათრია გზად მომავალმა პაპა მიხამ.

კიდევ მრავალი ასეთი თავგადასავალი ჰქონდა კანჭა-ბიჭს. ტოლ-ამხანაგებში ყველგან და ყოველთვის პირველი იყო, ამიტომ პირველობის შენარჩუნებისათვის უკან არ იხევდა არსად, არასოდეს, არაფერში. ეხლაც მთელი სკოლა შეგროვდა. მოზრდილებიც მოცვივდნენ. ბესომ უკან დაიხია, გამოსაქანებელი მანძილი მოიზომა და დაიმკლავა - თითქო საჭიდაოდ ემზადებაო. წამქეზებლებს თვითონვე შეეშინდათ:

- კანჭა-ბიჭო, ხელი აიღე! - თავი დაანებე, ბესიკო! - მართლა აპირებ, ბიჭო კანჭა?

- ხელს ნუ შეუშლით, გაჩუმდით, თორე აირევა და... - აღარ გაათავა მაცდურმა გოჭი-ბიჭმა.

შეგირდები საკირეს რგოლივით შემოეხვივნენ. მხოლოდ ერთგან გახსნეს რკალი. ათიოდე ნაბიჯზე შუბლაკრული კანჭა სდგას. მანძილს ანთებული თვალებით ზომავს. მარცხენა ფეხი წინ აქვს წამდგარი და თვითონაც ამხანაგების წრესავით არის მორკალული. ჟივილ-ხივილი თავისთავად მოისხიპა. კანჭა-ბიჭი დაიძრა და ჯოხნაკრავ ჩილიკასავით წამოვიდა. ორმოს ხახამ გამოფრენილ ბიჭის ქვეშ თვალის დახამხამებაზე გაისრიალა. ბესომ პირღია საკირე გასროლილი რკალივით გადაჰქროლა და ორივე ფეხი ტყაპუნით მეორე ნაპირს დაჰკრა. მაგრამ ჩამორჩენილი ტანი წინგავარდნილ ფეხებს დროზედ ვერ მიაყოლა: უკან გადმოიხარა, შეტორტმანდა, შეირხა და ხელები უცნაურად გაასავსავა.

- უ-უ-უჰ! - ერთად აღმოჰხდა ოხვრა და კვნესა სულშეგუბულ შეგირდებს. კანჭა-ბიჭი ჯამბაზივით აიგრიხა. წელში გაინასკვა, ორმოს ტუჩზე შეტრიალდა და შეჩვეული შეძახილი შესძახა:

- ესეც ასე! აბა, ვისაც შეუძლიან მომყვეს!

მაგრამ შამძლე არავინ არის. არცა სცალიათ. ფრინველ-ბიჭს ეხვევიან, იძახიან:

- უჰ, ვენაცვალე კანჭა-ბიჭსა!..

- აი ბიჭიც ასეთი უნდა!..

- შენი გამზრდელის ჭირი მე, შენი!..

- შაგერგოს დედის რძე, ბესოჯან, შაგერგოს!

თავიანთი პირველი ყაყანით და ჟრიამულით მოიტაცეს და ოხთურმის ლარი გააბეს. რგოლებივით გადადიან ერთმანეთზე. კანჭას ჯერი რომ მოდის, მოღუნული ბიჭები განგებ სწორდებიან და ქუდებსაც ისე იმართავენ თავზე, ვინძლო ბესოს ჩამოვაგდებინოთო. მაგრამ ბიჭია, ბიჭი თედოს ბიჭი! არწივის ფრთებივით მიაქვს კანჭა ფეხები და მერცხალივით გადადის ტოლების თავებზე.

გოჭი-ბიჭმა უმუხთლა. უცებ ჩაჯდა და გამოქანებული ბესიკო ყირამალა გადაატარა. ვერა, გოჭი-ბიჭო, კანჭას ვერსად წაუხვალ! არ შეგრჩება ღალატი! დაგეწევა, დაგატრიალებს, ჩოხასავით დაგბერტყავს, ტომარასავით მოგიკიდებს, გოგრასავით გაგაგორებს, თვითონ კი უმალვე წამოხტება და თავისას დაიძახებს:

- ესეც აგრე! ვისაც გული ერჩის, მოვიდეს! გული მრავალს ერჩის. ჯერ საბრალო დაეტაკება, მაგრამ ისიც კისრულით აფშეკილი, მიწას მტვერს აადენს და ლეკვივით აწკმუტუნდება. კანჭა-ბიჭი ვერც კი გასწორდება, რომ უკნიდან ატყაპუნე იღლიებში შეუძვრება, ბესო ყირაზე გადადის, ატყაპუნეც გადააქვს და მწვანე ფარდაგზე ლავაშივით ჰშლის. წამომდგარს კუპრაჭა შაეჩეხება. ნალოსავით დაითრევს, გარეთა სარმას გამოჰკრავს და ბალღივით დასვამს მიწაზე. ბელტიყლაპია ზაქივით დაეძგერება. კანჭა-ბიჭი ქათამივით დააბორიალებს, დაარეტიანებს, შუა სარმას კავივით გამოსდებს, წელში გადაზნექავს, შოთივით გადასტეხავს და იმასაც მიწაზე ცხვრის ქურქივით გააკრავს. ორშაურაც აქ ყოფილა! - ჰაი, დედი შენის ღმერთსა! გამაგრდი, ორშაურავ! და ზეზეურმა მოგვერდმა ორშაურა ორშაურიანივით დააბზრიალა. - შენც აქა ხარ, გაყვლეფილო? მაგრა დადექი, შე ცინგლიანო! და „ცინგლიანი“ ბოყინით გაიშოტა.

ჩიყი-ბიჭს შავი-ბიჭი მიჰყვა, წიწილას - მისწრება, ხოლო ცქვლიფს - ბელტიყლაპია. ყველანი რომ გაჰფანტა. ბოტივით გაიჭიმა, ბოძივით დაერჭო, დოინჯი შემოიყარა, გრძელი ლაჯებით თითქო მიწაში ჩაერჭო და დაიყივლა:

- აბა, მოდით, რომელი ხართ კიდევა!

მაგრამ მეგობრები დაკბენილ და ფეხმოტეხილ ძაღლებივით უვლიდნენ კბილალესილ მგელბიჭას. იწევდნენ, უტევდნენ, ერთმანეთს აქეზებდნენ და ურთიერთის ზურგებს ეფარებოდნენ.

- ესეც აგრე! - მიუგდო დაწიოკებულებს და მეორე გუნდს მიუვარდა. იქ ლახტობანას თამაშობენ. ათიოდე ბიჭი წრეში დარბის, ათიოდე გარშემო უვლის და მომწყვდეულებს ქამარ-აპეურებითს ცემენ. კანჭამ თავის სანაცვლოდ თრითინა-ბიჭი შეუგდო, თვითონ კი ლახტს დაავლო ხელი და ელვასავით დაატრიალა. მოკლე საბელი ბესოს ხელში კრაზანასავით ჰბზუის. ქარივით ჰშხუის და შოლტივით ტკაცუნებს. ბიჭებს წვივები ცეცხლივით აუხურდათ. ჯერ ქორდავლილ წიწილებივით შეჯგუფდნენ, შემდეგ, აპეურის ტკაცატკუცს რომ ვეღარ გაუძლეს, იხუვლეს და გაიფანტნენ.

- ჰაი, თქვე ბატის ჭუჭულებო, სად მირბიხართ, სადა! - ეძახის თამაშის დედა. კანჭა-ბიჭი აპეურის ქნევა-შხუილით დაედევნა, მერე ისევ ბოძივით დაერჭო და მიაძახა:

- ესეც ასე!

- ბიჭია კანჭა, ბიჭი! - იძახის გოჭი-ბიჭი.

- ვენაცვალე მარჯვენაში! - ელამუნება ჩიყი-ბიჭი.

- შაერგოს დედის ძუძუ, შაერგოს! - ლოცავს ორგროშა.

- ისეთი ფალავანი დადგება, რო ქალაქელებსაც გააცურებს. - წინასწარმეტყველობს ბატიჭამია. 

- რაღა დადგება, - ეკამათება ბატიჭამიას დამპატიჟე, - ამის ტოლებში ეხლაც არავის მოიძებნება.

ბიჭები ბესოს ეხვევიან და გაჰკივიან:

- დაიჭირეთ!... ავაგდოთ!.. ცაში ავაგდოთ!

კანჭა მირბის. მეგობრები მისდევენ. მაგრამ ამ დროს ყველანი ისე ხევდებიან, თითქო ზეცა ჩამოინგრაო.

სწორედ ამ დროს სოფელში უსულო და უხარკამეჩო ურემი შემოდის. ქვემოდან - საყვირის მძლავრი ხმა მოისმის: - ღო-ოტო-ტო-ოტო!.. ოტო-ტო!.. ოტო-ტო!.. და ვიწრო გზაზე შემტვრიანებული ავტომობილი გამოჩნდა. ოღრო-ჩოღრო გზაზე ბორძიკით და ბარბაცით მოჰხტის, წინ კი კუდგაფშეკილი ბოჩოლა მოურბის. დაფეთებული ბატები ჯერ მარცხნივ გაქანდნენ, მერე მარჯვნივ წაბარბაცდნენ, შემდეგ იხუვლეს და ისეთ სისინ-ყიყინით, ისეთი გაშმაგებით და თავგანწირულებით მიესივნენ უცხო მხეცს, თითქო თავზეხელაღებული ლაშქარი იერიშით ციხის ასაღებად მიდისო.

ინდოურები აიბურძგნენ, აყოყლოჩინდნენ, მარაოებივით გაიშალნენ და, თავმომწონე კნეინებივით სწორედ შუა გზაზე გაბაჯბაჯდნენ. ზარდაცემული და თავჩაღუნული ქათმები კაკანით და ფართხალით განიბნივნენ. ოდნავ ფეხამოდგმული გოგო-ბიჭებიც წიწილებივით დაფრთხნენ, აღნავლდნენ, აკივლდნენ და დედების კალთებს ჩაეჭიდნენ. ერთი ბალღი გზის ნაპირას წაქცეულა, შიშველ ფეხებს ტლინკებივით ისვრის და ისეთი უიმედობით იჭაჭება, თითქო ვინმე ყელსა სჭრიდესო.

დედაბერს სავსე კოკა გაუგორდა, თვითონ კი შიშისგან სცახცახებს, პირჯვარს იწერს და დაღრეჯილ პირს ისე აცმაცუნებს, თითქო შიგ ცხელი კარტოფილი ჩაუდესო. იქვე გოჭი ჭყვიტინებს და იგრიხება, რადგან ავტომ წელი მოსწყვიტა. ერთი ძაღლი ქვიტკირის ნანგრევზე აცუცქებულა და ძრწოლით და ზარით შეჰყმუის ზეცას. სხვები კი სოფელში შემოჭრილ ეშმას შორიახლოს მოსდევენ, შიშნაჭამი ხმითა ჰყეფენ და თანაც, უკან იხედებიან, თითქო სოფელს ეკითხებიან: სადა ხართ, სად მიიმალეთ, რატომ არ გვესმის თქვენი რისხვა, შეძახილი და თოფის ჭექაო?

თოფის ნაცვლად ავტო სჭექს, ჰქუხს და ბღავილ-ხრიალით შემორბის სკოლის მოედანზე. იქვე, კარებთან შესდგა და აძიგძიგდა - თითქო ციებამ მოუარაო. ორნი გადმოხტნენ და სკოლაში შევიდნენ. კოჭლი მასწავლებელი, შეგირდებისაგან ფეხბარად წოდებული, მართლა ბარვით შეჰყვა.

შეგირდებმა ჟრიამული უმალ ჩასხიპეს: მთელი სოფელი სკოლისკენ მორბის. მოხუცებიც მოჩანჩალებენ. დიდი და პატარა ისე ეხვეოდა ავტოს, თითქო სკიდან ფუტკარი გამოსულიყო გასაფრენად. რამდენიმე ასეული თითი, გაფშეკილი ხელი და ანთებული თვალი საარაკო მანქანას მიებჯინა, რომელიც მყუდრო და ხავსიან სოფელში პირველად შეიჭრა.

- ჰე-ე-ეი, რა ყოფილა! - გაოცებულია ჯაგარა.

- ჰე-ეი, და-და-და-და!! - აღტაცებულია მაჩვი-ბიჭი.

- არა, შვილოსან, ეს ისეთი რაღაცა ყოფილა, რომააა... - ვეღარ ამთავრებს ცხვირკოდალა.

- ჩვენებურ ურემს არა ჰგვანებია! - დასცინის თავის თავს დოყლაპია. 

- მა რა გეგონათ, შვილოსა, რომ გეუბნებოდით და არა გჯეროდათ! აბა ეხლა თქვენივე თვალით ნახეთ და გასინჯეთ. - თავი მოაქვს ბუდეჭამიას.

ბესო ყველაზე წინ არის დარჭობილი. მისი თვალები ავტოს მინასავით ბრწყინავს. ხელი ჯერ ავტოს ნესტოს დაადო, სადაც ორთქლი ამოდიოდა, მერე დახრილულ დინგზე მოუსვა, შემდეგ მიწაზე წაწვა და ყელში შეჰხედა, საიდანაც უნახავი მხეცის იდუმალი გუგუნი, ხრიალი, ღრუტუნი და ფეთქვა მოისმოდა.

- არა, შვილოსან, ე ჩვენთვინ არ არის გამოგონილი. - გადასჭრა ცხვირსათითემ. - მაშ არა და! ჩვენს სოფელშიც ძლივს ამოცოცდა. ბანიდან ვუყურებდი. ჩემი კამეჩივით მოიზლაზნებოდა. - აბა ერთი ცხვირგორაზე ავიდეთ, თუ მართლა შაუძლიან რამე, თორე აქა...

- ცხვირგორაზე შეშის მოსატანად ხო არ წავა, შე სულელო, შენა! რა უნდა იქა?

- გაიგეთ ხალხო, ამას ისეთი სწორი გზა უნდა, როგორც ხელის გული. - არიგებს სოფელს დასვრეპია.

- მაგითანა გზაზე ხომ ჩემი ლაბაც გაიქცევა. - იქადნის წვერჭამია.

- სწორ გზაზე ე ტიელი ისე მირბის, რო მაშინას არ დაუვარდება.

- ჩვენი ბესო მაინც დაეწევა. - სთქვა კბილამ და გაიცინა.

- ჰაი, ჰაი, დაეწევა! - კვერი დაუკრა მეჭეჭამ.

- შენ ხუმრობ და... - ჩაერია ლუღლუღაც - მე კი ვიცი, რო და-ეწევა.

- თუ ამას წინათ ჩვენს ჯაგლაგს გაუწრო, ამასაც გაუსწრობს. - წააქეზა გოჭი-ბიჭმა.

- იმიტომ გაუსწრო, რო ჯაგლაგა თოხარიკით მიდიოდა. ეს კი მერცხალივით გაფრინდება. - ხმა ამოიღო დამპალამ.

- ვერ გაიგე, რა სთქვა თითიღეჭიამ! ჩემი ურემივით მოიზლაზნებოდაო. - მოაგონა ატყაპუნემ.

- აღმართი იყო, იმიტომა. აქედან კი ჩიტივით გაფრინდება. - ამ ოღრო-ჩოღროზე ბატივით წავა. შენ რას იტყვი, კანჭა?

- ვნახოთ. - უნებურად ჩაილაპარაკა ბესომ. და შეჯიბრება გადასწყდა.

- ყოჩაღ, ბესო! - მაშ დღეს დოღი გვექნება. კალთაგორაზე დავსხდეთ და ვუყუროთ. - გზაც ერთი ექნებათ. ალბათ ე ტიელიც უკანვე დაბრუნდება. - მა სად წავა, ამას იქით საამისო გზა არც არის. - გაუსწრობ, ბესიკო?

- ვცდი. ვნახოთ, მაინც ჩემი სოფლისკენ უნდა წავიდეს. გზაც ერთი გვაქვს.

- აბა, ბიჭებო, თუ მალე დაიძრა, სეირს ვნახავთ. - დაფაცურდა გოჭი-ბიჭი.

- ნიძლავი, რო ბესო გაუსწრობს. - ნიძლავი.

და სოფლის ბიჭებმა ნიძლავი დასდეს: ოცი კაკალი, ხუთიოდე ვაშლი და ათიოდე ტარო სიმინდი. მოცდა არ დასჭირდათ. მგზავრები სკოლიდან გამოვიდნენ და ჩასხდნენ.

- აბა, კანჭა არ შეარცხვინო ჩვენი სოფელი.

- გაუტიე!

- მიჰყე!

- გაუსწარ!

- შაები!

კანჭამ ქალამნები გაისწორა, შალვრის ტოტები წინდებში ჩაიკეცა და თასმის ქამარი მოიშვა.

ავტო აგუგუნდა, ახრიალდა, გლეხებს მყრალი ბოლი შეუბოლა და მოსხლტა.

- შუკას ხევთან უნდა გაუსწრო, თორემ სოფელში ჯერი არ არის. - მოაგონა კანჭას ორშაურამ.

ბესომ თავი ჩაუქნია და მეგობრებს გაუღიმა. მერე ისიც მოსხლტა და გაიქცა.

- მშვიდობით და გამარჯვები, კანჭა! - მიაძახა საბრალომ.

- გამარჯვებით! გამარჯვებით! - მიაყოლეს ტოლებმა და თვითონაც იხუვლეს: - კალთაგორაზე! კალთაგორისკენ!

ავტო ბექობზე ჩასრიალდა. ბესო შორიახლოს მისდევს. ჯერ არა სჩქარობს: ჯანი უნდა შეინარჩუნოს. შუაკაანთ-ხევი ჯერ შორს არის. ეხლა რომ გაუსწროს, გამარჯვებაში არ ჩაეთვლება. ავტომ გზა გაისწორა და სირბილს მოუმატა. ბესომაც მოუჩქარა. დიდ მანძილზე ვერ ჩამორჩება, თორემ მერე მისი დალევა გაუძნელდება. მანძილი მაინც მატულობს არა უშავს-რა! ტურას ბაღთან გზა რიყეს ჰგავს და „ი ტიელიც“ სირბილს დაუკლებს. აჰა ყურას ბაღიც. ავტო ბორძიკობს, ხტუნაობს და იღლება. აბა, მოუმატე, კანჭა-ბიჭო! აჩქარდი, გასწი, თორემ ავტო შუკასხევს გასცდება და წაგივა.

- ა-ა-ა ბიჭო! - ესმის ბესოს კალთაგორიდან ამხანაგების გამ-ხნევება. - ჰე-ე-ეი!.. ჰუ-უ-უ!.. მიდი-ი-ი!.. მიჰყე-ე-ე!.. - მიდი, კანჭავ! მიჰყე, ბესო! მიდი, თორემ წაგივიდა.

და კანჭა-ბიჭიც კანჭა მწევარივით ეჭიმება. ლოდებიან გზაზე კაჭკაჭივით მოჰხტის და თვალით ზომავს გრძელ მანძილს, რომელსაც ხარბად სჭამს, სვამს, ამოკლებს.

აი, ავტო გადიზნიქა... ისევ გასწორდა. აი, ეხლა აყირავდა, თითქო კიდევაც შესდგა. ოცი ნაბიჯი-ღა დარჩა, ოცი! აჰა შუკას-ხევიც! „ი ოხერი“ წყალივით მისრიალებს. მაგრამარა უშავს-რა! გამაგრდი კანჭავ! კანჭებში ჩაიგროვე რაც ძალა გაქვს და გაიქე, გაფრინდი, მიდი, მიჰყე! ათიოდე ნაბიჯიღა დარჩა, ათი! აბა, ერთ კიდევ, ერთიც და... ხუთზე მეტი აღარ იქნება, ხუთზე! მიდი, გენაცვალოს სოფელი, მიდი! ავტოს ბოლი გახჩობს? მტვერი გაბრმავებს? არაფერია. თვალები დაჰხუჭე! სული შეიგუბე! რა თქმა უნდა, მართალი ხარ: „იმ ოხერს“ არც ბოლი აბრმავებს. არც მტვერი ახჩობს, არც სული უგუბდება, რადგან სულიც არ აქვს, სული! ერთხელ კიდევ გაიწიე, ერთხელ! აჰა, თითქმის დაეწიე. ერთხელაც რომ გაიკანჭო, გვერდით ამოუდგები. გასწი ხელი, გასწიე და მისწვდები.

კანჭა-ბიჭი ხელს მართლა იშვერს. აჰა, თითქმის მისწვდა კიდევაც მაგრამ... - ო-ო-ოჰ, ტიელო! მაგრამ ავტო ლანდივით გაუსხლტა და წაუვიდა. შუკას-ხევი უკან დარჩა. კალთაგორიდან ყრუ ჟივილიღა ისმის.

ნიძლავი წაგებულია! როგორ არა, ასე ადვილად დასთმობს კანჭა-ბიჭი თავის სახელს? კანჭა ბიჭო, ხელი აიღე, ნუ ეჯიბრები უსულო ქალაქს! მყრალი ნავთიც ხომ სულია - უფრო მძლავრი, უფრო გამძლე, უფრო ზვიადი და თავმოყვარე, ვიდრე შენი სისხლი, შენი სული და შენი კანჭები. ხელი აიღე, სოფლის ბიჭო!

ვერა, სოფლის ბიჭი უსულო სულიერს ვერ დაუთმობს. გზაც ერთი აქვთ. შუკას-ხევთან ვერ დაეწია? სხვაგან - ან ჭალასთან, ან რიყესთან, ან კიდევ თავის სოფელთან მაინც მიეწევა. ქალაქის ავტოში ქალაქი ზის და მიჰქრის. უკან არც კი იხედებიან არც კი იციან, რომ კანჭა-ბიჭი უსულო სულიერს ქროლვაში ედავება. ნეტა მოიხედონ და დაინახონ ქალაქ-სოფლის დოღი. თუმცა... არა, ნუ მოიხედავენ, თორემ შეიძლება შეიბრალონ და სირბილს უკლონ. მაშ ორივემ თქვენი გზით გასწით. კანჭა-ბიჭი მაინც თავისას გაიტანს!

აბა, ბესიკო, ისევ მოდი! ისევ მიჰყე! და ბესიკოც მისდევს - ქაქანით, ოხვრით, ხრიალით და ქოშინით მირბის. არ უჯერებს უცხო ხმას, უხმოდ რომ ჩასძახის: „შესდექი, კანჭა-ბიჭო! მიანებე თავი, გლეხის ბიჭო! დაე, თავის გზით ირბინოს ქალაქელმა. შენც შენი გზით იარე. გადად იმოკლე ბილიკზე და შენს თედოსა და შენს ტასოს მშვიდობით დაუბრუნდი“.

არა, არ იქნება! რაკი ბესომ გაიწია, უნდა თავისიც გაიტანოს. ასეა შეჩვეული კანჭა-ბიჭი! და ისევ მიდის, ისევ მირბის, ისევ მისდევს. და მდევრის დევნას დასასრულიც აღარ უჩანს. ავტო ახტა. თითქმის შესდგა. აჰა დევნის დასასრულიც! აბა, ბესო, დრო იხელთე! მოუჩქარე! და ბესოც ჩქარობს. ყელიდან ხრიალიღა ამოსდის. გული დაჭერილ ბეღურასავით უფართხალებს. ძარღვები ლამის დაუსკდეს თვალებში ბინდი ჩაუსახლდა. თავი დაურეტიანდა, მაგრამ... მაგრამ ავტო ახლოა, ახლო! საცაა მიეწევა. კალთაგორა ძალიან შორს არის. მაგრამ ბიჭები ალბათ იქვე სდგანან და სოფლის ფალავანს გულის ფანცქალით უმზერენ. მაშ ოხრადაც დარჩომილა კანჭას გულიც და ფილტვებიც! ახლოა მეთქი ავტო, ახლო! მაშ მიდი! მიჰყე!

აგერ ურემი ზლაზვნით მიდის. შიგ ორნი სხედან - ქალი და მამაკაცი. ნეტა ვინ არიან? სად მიდიან? ავტომ გვერდით გაურბინა და გაუსწრო. მანძილი დამოკლდა. ურმის მგზავრებმა ავტოს თვალი გააყოლეს. მაშ ვინ არიან მგზავრები? სად მიდიან? ეხლავ გაიგებს კანჭა-ბიჭი. აჰა, დაეწია კიდევაც.

- სად მირბიხარ, ბიჭო? - უი დამიდგეს თვალი! - ერთად შესძახეს ურმიდან ბესოს.

როგორ დაავიწყდა, რომ დღეს დილით ორივენი ბაღში წავიდნენ სამუშაოდ! ეხლა კი ისევ შინისკენ მიდიან.

- სად მირბიხარ მეთქი, ბიჭო? - ხელმეორედ მიაძახა თედომ.

- დამიდგეს თვალები! - ისევ წამოიძახა ტასომ და წამოიწია. - ეგ რა ფერი გადევს, შვილო!

ბესომ ზაფრანისფერი სახე ძლივს მიიღრიცა და ძლივსღა ამოიღო ხრიალი:

- მივდევ... უნდა... და... დავე... ვეწიო. ნიძლა.. ავია.

- აგრე, გენაცვალოს მამა! დაეწიე, დაეწიე!

მაგრამ დედის თვალი უფრო მჭრელია, დედის გული უფრო მხილავია.

- შვილო, დაბრუნდი!.. შვილო, დაიცა, დაიცა! - და შვილი რომ ვერ მოაბრუნა, ქმარს შეუტია: - რა გემართება, კაცო! ვერა ჰხედავ, რა ფერი ადევს? დააბრუნე, დააბრუნე მეთქი!

- დაანებე თავი, დედაკაცო, ბალღია და თამაშობს.

მართლა რა ფერი დაედო კანჭა-ბიჭს! პირსახე თითქო თეთრ სანთლად გადაექცა. მანძილი კვლავ კლებულობს. ავტო ფორხილობს. მაგრამ ბესოც უფრო ხშირად ბორძიკობს. მაინც მირბის და მისდევს.

ეჰ, კანჭა-ბიჭო, რა შენი საქმეა მანქანასთან დოღში გასვლა! გატყდი, დაუთმე, ხელი აიღე. გზის ნაპირას ჩამოჯექი, სული მოითქვი, ფერი დაიბრუნე, ფეხი დაასვენე და შენც დაისვენე. მერე მამაშენს ურემზე შეუჯექი და ტაატით გადი სამშვიდობოს.

გატყდი, ბესო, გატყდი და დაუთმე, თორემ... რაღა თორემ! ვითომ ვერ დაეწევა? აჰაა, ზედ მიადგა კიდევაც. ორივენი ერთმანეთივით ლასლასებენ, ხრიალებენ, ოხრავენ და თრთიან. ხუთ ნაბიჯზე მეტი არ იქნება. კანჭამ რომ ნაბიჯს მოუხშიროს... აბა, ბიჭიკო, მოიკრიბე რაც რამ დაგრჩა გულსა და ძარღვებში. აჰა ზედა ხარ, ზედა! ოთხი ნაბიჯიღა დარჩა, ოთხი!

- შვილო, დაბრუნდი! დაბრუნდი! - შორიდან მიჰკივის დედის მხილავი გული.

დედას თავი დაანებე! ყურს ნუ უგდებ: ქალია, მხდალია! გაიჭიმე, ბესიკო, დაიჭიმე კუნთები! სამზე მეტი აღარ იქნება. მაშ მიდი, მიჰყე მიაწექი! დაიჭიმე კანჭები, დაიჭიმე!

- შვილო, გეყო, გეყოფა!

ყურს ნუ უგდებ მეთქი! საცაა გათავდება. ორი კიდევ, ორი! „მიდი, კანჭა, მიჰყე და მიასკდი!“ საცაა მიასკდება. ეხლავე ჩასჭიდებს ხელს, ეხლავე! ერთი ნაბიჯიღა დარჩა, ერთი! ერთიც და - დაეწევა, გათავდება!

და გათავდა.

ავტოს დასაჭერად გაშვერილი ხელები მოტეხილი ფრთებივით გაასავსავა. ჯერ წაიფორხილა, მერე გალასლასდა, შემდეგ მოჭრილ ბოძივით მოსწყდა და გულაღმა დაეცა. მტვერშიც ისე აფართხალდა, თითქოს წამოწევას აპირებსო: ფეხებით მიწა გაგლისა და ორივე ხელით მტვერი დამუჭა. მაგრამ ვეღარც მიწისფერი თავი აიტანა და ვერც ტანი დასძრა. ერთხელ კიდევ გაიწია, გაიჭიმა და დამშვიდდა. ტუჩის ძირიდან სისხლმა წითელ წყაროსავით გამოხეთქა.

თედო ისე მორბის, თითქო ისიც ავტოს დაედევნაო. ტასოც მორბის და მოჰკივის:

- რა მოგივიდა, შვილო!.. უი მე, დამიდგა თვალი!.. მიშველეთ!.. მიშველეთ!

შველა დაგვიანდა, დედი. შვილი გაგითავდა. აი, მიირბენ, დაინახავ და გაიგებ. ავტო კი მიდის, მირბის, მიჰქრის! ქალაქელებმა ერთხელაც არ მოიხედეს და ისიც ვერ გაიგეს, რომ სოფლის ბიჭი იმ უსულოს სირბილსა და გამძლეობაში ედავებოდა!

ე-ე-ეჰ, კანჭა-ბიჭო, აკი გითხარი - დროზე აიღე მეთქი ხელი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ