მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6282 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

- ლაზარე ჩიჩილაშვილი! - დაიძახა შუა ეზოში გამოსულმა ზედამხედველმა.

აივნზე გადმომდგარმა ტუსაღებმა ეს სახელი იმავე წუთს მოიტაცეს და საკნით-საკნამდე გადაისრილეს:

- ჩიკილაშვილი! - ჰყვიროდა ერთი.

- კირიკაშვილი! - გაჰკიოდა მეორე.

- ნიკილაშვილი! - რომელია დიკილაშვილი? - დაეძებდა მესამე.

ბიკილაშვილი!.. სად არის ტიკილაშვილი?.. რომელი ხარ ქიტილაშვილი? - გაიძახოდნენ ყოველი მხრიდან და დაკარგულ ტუსაღს ვერ ჰპოულობდნენ.

ბოლოს, როგორც იყო, ერთ თანდილა-ბიჭს წააწყდნენ. მიყრუებულ საკნის კუთხეში იჯდა და გულმოდგინედ ზელავდა წითელ ცომს. მკლავები იდაყვებამდე ცომით ჰქონდა შეთხუპნული. ცხვირი, ყური და მონაფხანი ალაგებიც წითლად ჰქონდა დაწინწკლული.

- შენ რა გქვიან, ბაჩილა?

- ვისა, მენა? - დინჯად აიხედა დაკარგულმა ტუსაღმა, რომელიც პურის მძივებით ზედმეტ ლუკმას შოულობდა.

- ჰო შენა, შენ გეკითხებით.

- მენა... ბაჩილა მქვიან.

- შენი ნამდვილი სახელი ეგ არის?

- ეგ არის, მაშა!

- ლაზარე ხომ არა გქვიან?

- ლაზარეცა მქვიან, მაშა!

- გვარი?

- გვარი? - გვარად ჩიჩილაშვილი გახლავარ.

- დღეისთვის არა ხარ სამართალში დაბარებული?

- მენა? აბა რა ვიცი.

- როგორ თუ არ იცი! ოქმი ხომ მიიღე? ხომ ადრევე გამოგიცხადეს?

- მე კითხვა არ ვიცი, ის კი... რომელიცა რომა... რა ჰქვიან... აი უბეში მაქვს ი ქაღალდი. აჰა, ამოიღე. და გაღეღილი მკერდი მიუშვირა.

მაგრად შეუტიეს, ცოტაოდენიც წაუთაქეს, დააფეთეს და მაშინვე წამოახტუნეს.

- ეხლავე დაემზადე, შე ცინგლიანო, შენა!

ბაჩილას დასამზადებელი არაფერიც არა ჰქონდა. რაც ებადა, ზედვე ეცვა: გახუნებული თუშური ქუდი, დაკონკილი პერანგი და ოდესღაც ლურჯი შარვალი, რომელიც ხუთიოდე უალაგო-ალაგას მხიარულად იღრიჭებოდა.

ბაჩილამ მკლავებიდან ცომი ჩამოიფხიკა და პირსაბნისკენ გაძუნძულდა, თანაც შარვლის მოღიმარე ალაგებს ისე აფარებდა გრძელ ხელებს, თითქო ეუბნებოდა: ნუ იღრიჭები, სირცხვილიაო.

ბაჩილა ჩიჩილაშვილმა უკვე ერთი წელიწადი გაატარა საპატიმროში, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არავინ არ იცოდა. ვერც ის გაიგეს, რისთვის იყო დაპატიმრებული. შარშან ერთ საკანში ქურდივით შეიპარა, მყრალი ტაშტის გვერდით გაწუწულ ქათამივით აიბუზა და იმიერიდან იქვე დასახლდა: იატაკი ლეიბად გაიხადა, ბალიშის ნაცვლად მკლავი ამოიდო და საბნის მაგიერ მაზარის ნაგლეჯი წაიხურა.

- რა გქვიან, ძმობილო? - ჰკითხეს მეორე დღეს.

- ბაჩილა, შენი ჭირიმე.

- რას გაბრალებენ?

- მენა?.. აბა რა ვიცი.

- მაინც?

- ღმერთმანი, არ ვიცი.

ამ პასუხს შეეჩვივნენ და თავი მიანებეს. მეორე დღიდანვე ბაჩილა თავისთავად გადაიქცა საკნის მოსამსახურედ. ისევ იმ ალაგას იწვა. ღამღამობით ტუსაღები ტაშტსა და ბაჩილას ასველებდნენ. დილით სხვებზე ადრე წამოხტებოდა, ტაშტს გაიტანდა, საკანს დაჰგვიდა, იატაკს გარეცხავდა დაადუღებული წყლისთვის გაიქცეოდა. საკნის ალაგებაც და წყლისმოტანაც ტუსაღების საქმე იყო: ყველას რიგრიგად უნდა მოეხადნა ეს ვალი, მაგრამ ბაჩილამ ყველას ჯერი ჩამოართვა და თავისთავიც დააჯერა, ვითომ ალაგებაც და წყლის ზიდვაც მხოლოდ იმის მოვალეობას შეადგენდა.

დაჩემებულ საცხოვრებელ ადგილსა და მძიმე საქმეში ბაჩილას არც ერთი ტუსაღი არ შეეცილა, იგი დიდი ხალისით დაუთმეს და ორივე მალე მიივიწყეს - თავიანთი ვალიც და უჯამაგირო ბაჩილაც. უგვარო და უცნაურ ტეტიას ზოგჯერ ათში ერთ თუ გაიხსენებდა: ერთ ნატეხს შაქარს ან გამოხრილ ძვალს მიუგდებდნენ და მერმე თვალებს დაიბრმავებდნენ. ბაჩილა კი ნაცემი ძაღლივით ჩაცუცქულიყო თავის კუთხეში და მშიერი თვალებით ქვეშ-ქვეშურად გასცქეროდა თეთრ პურს, მოხარშულ ფრინველს, თევზსა და ათნაირ გემრიელ სანოვაგეს, რომელიც უხვად მოსდიოდათ ქურდებს, ჯიბგირებს, ავაზაკებსა და უფრო კი ხაზინის მფლანგველებს.

ცოდო იყო სხვის ხელში ცქერა, მაგრამ რა უნდა ექნა ბაჩილას! სახაზინო ულუფა უგემურიც იყო და უკმარიც. ზოგჯერ ნასწავლსა და სუფთად ჩაცმულსაც შეიყვანდნენ ხოლმე იმ საკანში. ისინი თუ შეიბრალებდნენ ბაჩილას და ნასუფრალს მიაწოდებდნენ, მაგრამ იმ საკანში დიდხანს არ დგებოდნენ: ისევ თავიანთებს ეტანებოდნენ და ზემო სართულისკენ მისცოცავდნენ.

მადლობა უფალსა! იმ საკანში ერთი ღვთისნიერი ადამიანი მაინც გამოჩნდა. მთელ საპატიმროში შავი პურის ნატეხებსა და ნამცეცებს აგროვებდა და ცომის კრიალოსნებს, კალათებს, ყვავილებსა და ხილს აკეთებდა, მერმე ამ ნაცოდვილარს ჰყიდდა და ერთ ლუკმას ბაჩილასაც აძლევდა. სანამ ბაჩილას ის უბედურება არ შეემთხვა, მანამ ის სულ სხვანაირი ბიჭი გახლდათ: თავმომწონე, თავისუფალი, გამრჯელი და შნოიანი. არც ქედს მოუხრიდა ვინმეს, არც ხელში შეჰხედავდა, ხოლო შემდეგ, როცა ეშმამ შეაცდინა, ერთ ღამეში მოიდრიკა კისერი და ისე გარდაიქმნა, რომ თავისთავს თვითონაც ვეღარა სცნობდა.

დღეს დღე მისდევდა, კვირას კვირა და ბაჩილა ერთხელაც არავინ მოიკითხა, არც საცვალი შემოუგზავნეს, არც ფული, არც ყველი და არც პური.

- უპატრონო ხომ არა ხარ, ბიჭო? - ჰკითხა ვიღაცამ.

ბაჩილამ მტკივნეულად გაიღიმა:

- უპატრონო ვარ, მა რა! გაწითლდა, აირია და ისე გაბრუნდა, თითქო რაღაც ნათხოვნზე ცივი უარი მიიღო.

ზოგჯერ, როცა საზელავი გამოელეოდა ხოლმე, მართლა უპატრონო ბაჩილა საქონელივით დაყიალებდა. ღამით კი ყველაზე გვიან იძინებდა და ტუსაღებს მოსვენებას არ აძლევდა. სანამ დაიძინებდა, მოუსვენრად შფოთავდა, შეწუხებულივით ოხრავდა და ანცი ბავშვივით ტოკავდა. ძილშიაც უცნაურ რამეს ჰბოდავდა, შიშით ძრწოდა და ზოგჯერ დედ-მამას და ვინმე მათეს იგონებდა:

- მამა, მომშორდი!.. დედილო, თავი დამანებე-მეთქი! მათე...მათე!..

უცებ ბუტბუტით წამოჯდებოდა და გონს ძლივს მოვიდოდა. მთელი ტანით ცახცახებდა და მთრთოლვარე ხელებით შუბლიდან შიშს ოფლს იწმენდავდა.

- რა გაყვირებს, შე ოხერო, შენა?! - შეუტევდა რომელიმე ძილდამფრთხალი ტუსაღი. ხოლო ზოგნი უშვერ გინებასაც მიაყოლებდნენ ხოლმე.

ბაჩილა არავის ხმას არ გასცემდა. გადატრიალდებოდა და, სულგანაბული, საკუთარ გულის ძგერას გააყოლებდა ყურს.

 

II

 

ბაჩილა მოაჯირის ჩარჩოში ზის. დარბაზი უცნობი ხალხით არის სავსე. წითელ მაგიდას მოსამართლენი შემოსხდომიან. რაღაც წაიკითხეს. მერმე ბაჩილას ჰკითხეს:

- თქვენს დანაშაულს აღიარებთ?

- დამნაშავე ვარ. - ამოისუნთქა ბაჩილამ.

- მაშ გვიამბეთ, როგორ იყო საქმე?

ბაჩილა შორიდან იწყებს. ლუღლუღით და ბორძიკით, კვნესით და ოხვრით, მსაჯულის და ვექილის დახმარებით ისეთი გაჭირვებით შლის თავის საქმეს, თითქო არტახებით შეკრულ მოტეხილ ფეხს იხსნიდეს.

ლაზარე ჩიჩილაშვილი მენახშირე იყო. ნახშირს საგურამოს ზემოთ, ზედაზენის ქედზე, სწვავდნენ. ექვსი იყვნენ: ბაჩილა, იმისი ძმა მათე, მათი მამა ანდრო და სამი სხვა ნათესავი. რადგან ბაჩილა ქალაქს შეეჩვია, რადგან ვაჭრობის ფხაც სხვებზე მეტი ჰქონდა და ოციოდე რუსული სიტყვაც იცოდა, ამიტომ ნახშირის გაყიდვაც იმას მიანდეს.

კვირაში ორჯერ პატარა ურმით ჩამოვიდოდა ქალაქს, ქუჩებს დაუვლიდა და გულმოდგინედ გაჰკიოდა:

- ხაოშ უგლე-ე-ე-ეი!

როცა დასჭირდებოდა, თავისებურ რუსულსაც მოიშველებდა ხოლმე:

- მეშოკი სტოიტ ორი რუბლი და ერთი აბაზუ.

ნახშირს რომ გაჰყიდდა, დაღლილ საქონელს საბურთალოს ბაკებში დაასვენებდა, თვითონაც სულს მოითქვამდა და მეორე დღეს რიჟრაჟზე ისევ თავის გზას გაუდგებოდა.

ერთხელ ბაკების გვერდით ერთ რუსის ქალს შეხვდა. ერთმანეთს გაუღიმეს და ორიოდე სიტყვა მიუგდეს.

- გოგო! - დაუძახა ბაჩილამ. - მოდი, ერთი მაკოცნინე.

- ცადი, ჩორნი ჩორტ! - შეუტია ქერამ და ძროხებს გაჰყვა, მაინც რამდენჯერმე მობრუნდა და ბაჩილას მოლურჯო თვალებით დაუძახა.

იმ დღიდან ბაჩილა რომ ბაკებში მივიდოდა და საქონელს დააბინავებდა ხოლმე, პირს საპნით დაიბანდა, გათეთრდებოდა, თმასაც დაივარცხნიდა და იქვე მინდორზე გავიდოდა. მაშკაც იქვე ცხოვრობდა. მაშკა ქართულს ამტვრევდა, ბაჩილა რუსულს აწვალებდა, ასიოდე ჯორ-ცხენული სიტყვით ერთმანეთს მაინც უთხრეს სათქმელი და გულის ნდობა გააგებინეს.

მაშკას დედა ჰყავდა, ბაჯბაჯა და რძით გაპოხილი, რომელიც ყურს იყრუებდა და თვალებსაც ხუჭავდა, მოსახდენი მალე მოხდა: ბაკის მაგიერ ბაჩილამ მაშკასთან დაისადგურა. ქალაქიდან რომ გამობრუნდებოდა, ქვრივ დედაკაცს დაცლილი ურმით დ ასავსე უბე-ჯიბით მიადგებოდა ხოლმე, ხოლო მამას და მოზიარე ნათესავებს ეუბნებოდა: - ნახშირი გაიაფდა.

მაგრამ იმ მხრიდან სხვებიც ეზიდებოდნენ ნახშირს. ტყის კაცებმა ჯერ გუმანი აიღეს, მერმე ყოველივე გაიგეს და ბაჩილასუთხრეს:

- შენ აქ დარჩები. ახლა მათემ უნდა იაროს ქალაქში.

იმ დღიდან ბაჩილა სანახშირესაც მოსწყდა და სოფელსაც. გულისყური დაეხშო და შრომის უნარიც დაებურა. ორი საათის საქმეს მთელ დღეს ანდომებდა. ზოგჯერ გახურებულ საქმის დრო სხეს მიეყუდებოდა, იმ ხესავით გახევდებოდა და გონებით საბურთალოში გადასახლდებოდა, სადაც დაკარწახებული ქერა ქალი, - მხიარული, ცქვიტი, თვალჟუჟუნა და ფიცხი, - ბაჩილასავით დარდობდა და საყვარლის უცაბედ დაკარგვას ჰგლოვობდა.

ბოლოს მამამ ბაჩილა სოფელში ჩაჰგზავნა, თვითონ კი იმის მაგივრად სანახშირეზე ავიდა. შეყვარებულ მენახშირეს მაინც არაფერი ეშველა. გული ქალაქისაკენ მიუწევდა. უთხრას მამას? გაუმჟღავნოს თავის გულის წუხილი? დანიშნოს მაშკა? არა, აქედან არაფერიც არ გამოვა. ანდრო უცხო ქალს შინ არ შემოუშვებს. შესაძლებელია არც მაშკა გამოჰყვეს. თვითონ ბაჩილასაც გული ეთანაღრებოდა. თქმას ადრევაც აპირებდა, მაგრამ ქალაქს უდროოდ მოსწყვიტეს. ახლაც იქით მიიწევს, მაგრამ საბაბი აღარა აქვს და ამიტომ სდუმს და ნელ ცეცხლში იწვის.

ხანი გავიდა. ერთხელ გულმა დასძლია. საღამო ჟამს სანახშირის ნახვა მოიმიზეზა, თავი დაღუნა და ზედაზენის ქედს შეუდგა. ისე მიდიოდა, როგორც მონადირე მშიერი მგელი, რომელსაც გათენებისა ეშინიან, - ძუნძულით, ქაქანით და ზოგჯერ კი სირბილითაც.

შუა ღამე იქნებოდა, რომ ქალაქს მიაღწია: ვერის ხიდთან მოუხვია და საბურთალოზე გავიდა. ბაკებს შორიდან მოუარა, ვინაიდან მათეს ერიდებოდა. მაშკას სახლს მიეპარა და ფანჯარაზე დაუკაკუნა. შეჩვეულმა ძაღლმა კინაღამ დაჰგლიჯა. მაშკას დედამ სარკმელი გამოაღო, ბაჩილა იცნო და ჩასჩურჩულა:

- მაშკა შინ არ არის, კალაკშია. ცადი, ცადი! და ფანჯარა ცხვირწინ მიუჯახუნა.

ბაჩილამ კარგახანს იბორიალა, მერმე იმავე ეზოში შეიპარა და სიბნელეში რაღაცას წააწყდა. ხელები მოუცაცუნა და იცნო: აყირავებული ქართული ურემი გამოდგა.

„რა ვქნა, ქართულ ურემს აქ რა უნდა?“ - გაიფიქრა და ჩაფიქრდა. მერმე მოაგონდა, რომ მაშკას დედას ვიღაც ნატახტრელი ნათლიდედა ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ურმით ჩამოდიოდა ხოლმე ქალაქში. „ალბათ იმისი იქნება, რა თქმა უნდა, იმისი იქნება“. მერმე ისევ თავი დაღუნა და გზას გაუდგა.

ზემო ავჭალასთან ხიდზე გავიდა და მზე რომ ერთი შუბის ტარზე ამოვიდა, ბაჩილა თავიანთ ეზოში შევიდა. შემთხვევით ხელებზე დაიხედა და გაოცდა. ორივე ხელი ნახშირით ჰქონდა შემურული:

„საიდან? როდის? როგორ?“ უცებ წუხანდელი ამბავი გაახსენდა. იქ, საბურთალოზე... ეზოში რომ დაბორიალებდა. „ნუთუ?.. ვითომ?.. მართლა? მათეს“. შუა ეზოში იდგა ბოძივით და კვლავ ხელებს დასცქეროდა.

- საიდან მოდიხარ, ბიჭო? - გამოეხმაურა სანახშირედან ჩამოსული ანდრო.

ბაჩილა აირია და ალუღლუღდა: - მენა... იქიდან... არაგვიდან ნახირს გავყევი.

- შენ სანახშირეზე ადი, მე კი აქ დავრჩები.

- წავალ.

სანამ წასასვლელად ემზადებოდა, კვლავ წუხანდელზე ჰფიქრობდა: „მაშკა შინ იყო. ქალაქში რა უნდოდა! ალბათ მათეც იქ იყო ან ვინმე სხვა მენახშირე ეყოლებოდა. სულ ერთია: ვიღაც ჰყავდა“.

უცებ მეორე ამბავიც გაახსენდა. დიღმის ველი რომ ილეოდა, ბაჩილა ურემს წამოეწია. უკანა მეურმეს გამოელაპარაკა. ის ბიჭი ახატნელი გამოდგა. „იქნება ისიც ჩემსავით მენახშირე იყო? ჩვენზე მეტი გზა აქვთ და ამიტომ უფრო ადრე გამოდიან ქალაქიდან. იქნება აგრეც იყოს... იქაც სწვავენ ნახშირს... რა თქმა უნდა, მენახშირე იქნებოდა. ხელები რომ ჭალებს მოვავლე, ალბათ მაშინ გამიშავდა.

- ნახშირი ისევ გაიაფებულა. ეუბნება მას ანდრო. - ვერ იქნა, ერთ დონეზე ვერ დადგა.

ბაჩილას რაღაცამ უკბინა. „ვიცი ვინ გააიაფა. მათეც ქალს გადაეკიდა... ვის, მაშას?.. რაღა მაშკა, სხვებიც ათასობით არიან ქალაქში“.

იმ საღამოს მათეც სანახშირეზე ავიდა. ხელ-პირი სუფთად ჰქონდა დაბანილი.

- პირი სად დაიბანე, მათე, - ჰკითხა ბაჩილამ.

- ბაკებში. მერმე, რაო. რად მეკითხები?

- ისე გკითხე... არაფერი.

დიღმის ველზე შენახვედრი ახატნელი ურემი თავისთავად დაავიწყდა. გულში თავიანთი გამურული ურემი ჩაუვარდა, და იმ ურემმა ნამდვილის ოდენა ალაგი დაიჭირა.

ნახშირს ფასი ეკარგებოდა. ხმები მოდიოდა, სხვები ტომარას თერთმეტ აბაზად ჰყიდიანო, მათე კი რვა ცხრა აბაზად ძლივს ასაღებდა. ან როგორ გაჰყიდდა კარგ ფასად? მათე ქალაქში ნავალი არ იყო და ყვირილიც კი არ იცოდა. უგემურად დაიძახოდა: „ხარაში უგლიე“. ვიღაცამ გააბრიყვა და დამტვრეული რუსული ასწავლა. ბაჩილამ რამდენჯერმე გაუსწორა:

- ბიჭო, ვიღაცას გაუბრიყვებიხარ. მე გასწავლი, როგორ უნდაიყვირო: ხაოშ უგლე-ე-ეი!

- სტყუი! აგრე კი არა, ასე უნდა ხარაშ უგლიე-ე-ეი!

ძმები ვერ მორიგდნენ და იმ ტყეში ვერც მომრიგებელი იშოვნეს.

ერთხელ ბაჩილას უთხრეს.

- ბიჭო, ბაჩილ, მოდი, შენც ჩაირბინე ქალაქში და გაიგე, რა ღმერთი უწყრება ე ნახშირს.

ბაჩილა ხალისით წამოვიდა. ბაკებს რომ მოადგა, შუადღეს აღარაფერი აკლდა. მათე წინა დღეს წამოვიდა და, საცაა ცარიელი ურმით ქალაქიდან უნდა ამოსულიყო.

შევიდეს თუ არა მაშკასთან? არა, არ შევა. ვინ იცის, იქნება იმის ძმაც მაშკას საყვარელია? ისევ ისა სჯობია, რომ ბაჩილამ წაასწროს მათეს. ბაჩილა ახლო-მახლო მიიმალება და უთვალთვალებს. დაფიცრულ ღობეს აჰყვა, ქურდივით მიეპარა და უცებ მაშკას დედას - „მათუშკას“ წააწყდა.

- მაშკა შინ არი?

- მაშკა კალაკშია. ცადი, ცადი. ზავტრა, ზავტრა.

ბაჩილამ რუსულ-ქართულად გამოჰკითხა და გაიგო, რომ მაშკა ერთ მეგობართან წასულიყო, რომელიც თურმე რკინის გზი სსადგურთან ცხოვრობდა.

„სულ ერთია, ეს დედაკაცი მათეს ჩემზე არაფერს არ ეტყვის, რადგან ჩვენი ძმობა არ ეცოდინება. ღამით დავბრუნდები და ამის ოთახში რომ წავაწყდები, ნამდვილსაც მაშინ გავიგებ“.

ბაჩილამ საღამომდე იხეტიალა, მაგრამ ნაძებარს ვერ მიაგნო. სამაგიეროდ ვერაზე ერთ ბიწმენდელ ბიჭს შეხვდა. ის ბიჭი ნათესავადაც კი ერგებოდა. ერთმანეთი მოიკითხეს, დუქანში შეიპატიჟეს და შუაღამემდე სვამდნენ. მერმე თავთავიანთ გზას გაუდგნენ.

ბნელი ღამე იდგა. ცხელი ქარი ჰქროდა. ბაჩილას შიგნიდან და გარედან ცეცხლი ეკიდებოდა. სანამ საბურთალოზე გავიდოდა, უფრო უარესად შეხურდა. ბოღმა თანდათან ემატებოდა და ქუნთრუშასავით აღრჩობდა.

საბურთალოზე თავის მებაკე ჭიპუა გააღვიძა და ჰკითხა:

- ჩემი ძმა აქ არის?

- ვინ შენი ძმა? რომელი?

- საგურამოელი მათე... მათე ჩიჩილაშვილი.

- მათე შენი ძმა არის? არ ვიცოდი. იქ არის.

- სად იქა?

- სადაც შენ გაიჩინე ბინა.

ბაჩილას ძაღლისა ეშინოდა, ამიტომ ღობის მარგილი ამოაძრო, მხარზე გაიდო და მაშკას ბინას მიადგა. როგორ მოხდა, რაც მერმე მოხდა, ბრალდებულს აღარ ახსოვს.

- მოიგონეთ. - ეუბნება მსაჯული.

ბაჩილაც ფორთხილით იგონებს:

- მე ღობეზე გადავედი და ეზოში რომ შევედი, ძაღლი დამედევნა. კეტით მოვიგერიე. მერმე ჩვენს ურემს წავაწყდი. ხარებიც ურემზე იყვნენ გაბმული. ძაღლის ხმაზე მათე გამოვიდა დაიძახა, ვინა ხარო. მე ხმა არ გავე. ეზოში ჩამოვიდა და კიდევ დაიძახა, რომელი ხარო.

„ჰაი შე ძაღლო, აქ რა გინდა-მეთქი?“ „ძაღლიცა ხარ და ვირიცაო. შენ თვითონ რას მოთრეულხარ და შპიონივით რად დამდევო“. შემომიტია და ისე გამათრია, რომ მტერსაც არ ეტყვიან, რაც იმან მითხრა.

„მათე, ნუ მლანძღავ-მეთქი“ - ვუთხარი მენა და უკან წამოვედი.

„გაგლანძღავ კი არა, უარესსაც გიზამო“, სთქვა და ერთ ისეთი დამკრა ზურგში, რომ იქვე წავიქეცი. თურმე ხელში კეტი ეჭირა ი ცხონებულსა. წამოვიწიე და კეტი ისე მოვიქნიე, რომ ვერც კი დავინახე, ვის ვუმიზნებდი და ვის არა. მერმე გამოვიქეცი და ბაკებში დავიმალე. რიჟრაჟზე დამიჭირეს. ეს იყო და ეს.

- რად გაიქეცით? - ეკითხება მსაჯული.

- იმიტომა რომა... ი ცხონებული ისე წაიქცა, რომ ხმაც არ ამოუღია. მეც შემეშინდა და გავიქეცი.

დაპატიმრებული ბაჩილა დილით იმავე ეზოში შეიყვანეს. საფეთქელგაჩეხილი მათე გულაღმა ეგდო და გახელილი და გაყინული თვალებით ცას შესცქეროდა.

ბაჩილამ რომ მოკლული ძმა დაინახა, ალაყაფის კარს მოეჭიდა და ეზოში ვეღარ შევიდა. ისე იწევდა უკან და ისე გაურბოდა საზარელ სანახავს, როგორც გაუხედნავი და დამფრთხალი მოზვერი, რომელსაც უღელში პირველად აბამენ.

დარაჯებს უსხლტებოდა და თანაც ემუდარებოდა:

- არ მინდააა... ნუ შემიყვააანთ... თავი დამანებეეთ...

- ლაზარე ჩიჩილაშვილო, - ლბილი ხმით ეუბნება ახლა ბაჩილას მსაჯული. - სხვა რამ მტრობა ხომ არაფერი გქონიათ ძმასთან?

- მტრობა მათესთან?! ერთადერთ ძმასთან?! მტრობა რა სათქმელია! ან სამტრო რა უნდა ჰქონოდა უფროს ძმასთან, რომელმაც ბაჩილა საკუთარი ხელით გაზარდა. ერთხელაც არ დაუტუქსავთ ერთმანეთი და ერთი საწყენი სიტყვაც არ უთქვამთ.

- მაშ განსვენებული გენანებათ? არა? ნანობთ თუ არა თქვენს ცოდოს? - ეკითხება მსაჯული დაბალი ხმით.

რა სასტიკი ვინმე ყოფილა ბაჩილას მსაჯული! ეს რა ჰკითხა ლაზარე ჩიჩილაშვილს?! მოკლული ძმა გენანება თუ არაო?! ნეტა საჭიროა პასუხის გაცემა? თუ პასუხი სავალდებულოა, ნეტა რ აუნდა მიუგოს. ან სად უნდა იპოვოს ბაჩილამ ისეთი სიტყვა, რომ მსაჯულს თავის გულისჭირი გადაუშალოს და სათქმელი გააგებინოს?

ენადაბმულმა და არეულმა ბრალდებულმა ისე გადახედა დამუნჯებულ ხალხს, თითქო მათგან დარიგებას და მოშველებას მოითხოვდა. გადახედა და შეჰკრთა. ისედაც ფერმკრთალი მკვლელი უარესად გაფითრდა. დაბნეულ სახეზე ღიმილის მსგავსი ნაოჭები აისახა და ერთ ალაგს მიაშტერდა. იქ, კუთხეში, ჩიჩილაანი ისხდნენ: ბაჩილას მამა ანდრო - ასე მალე გათეთრებული, თავის ფარაჯასავით შეჭმუჭვნული და შეყვითლებული მოხუცი რკალივით მოღუნულიყო და მიმქრალი თვალებით გასცქეროდა მოსამართლეს, ლაზარეს დედა პელაგო, თავით ფეხამდე შავშალში შეხვეული და ისეთნაირად მობუზული, თითქო თვალწინ მათეს გვამი ესვენაო.

როდის შემოვიდნენ, ან როგორ შემოიპარნენ ის ლანდები, რომ ბაჩილამ აქამდე ვერ შეამჩნია? წეღან, სანამ მსაჯულები გამოვიდოდნენ, ბაჩილამ უსაქმო და უცნობ ხალხს რამდენჯერმე მოავლო შეშინებული თვალები და გაიფიქრა: ვაი თუ „ისინიც“მოვიდნენ! ვაი თუ ერთმანეთი დაინახეს! ეგების დედამ გულს ვეღარ გაუძლოს და ბაჩილას შემოხედოს ან დაელაპარაკოს! რა ჰქნას მაშინ ბაჩილამ, სად დაიმალოს, ან საით წაიღოს თავისი შავი პირი, სისხლიანი ხელები და საქვეყნოდ შერცხვენილი თვალები?

ეხლა შიში გაუმართლდა. ნეტა რად მოვიდნენ? რა უნდათ ამ დარბაზში? ალბათ სურთ საკუთარი თვალებით ნახონ შვილის გაუძლისი აუგი და ღირსეული სასჯელის მიძღვნა ძმის მოკვლის გამო - ბაჩილას ძმისა და აგერ იმ მოხუცების შვილისა, იქ რომ მობუზულან... აგერ იქ რომ ისე ჩამომსხდარან, თითქო მათეს დასტირიანო. „ათი წელიწადი!“ ნეტა ოციც გადაუწყვიტონ! თუნდა მეტიც, თუნდა ორმოციც! ოღონდ კი მალე გათავდებოდეს ეს აუტანელი ჯვარცმა და ნეტა ერთ ჭერქვეშ აღარ მოათავსებდნენ ჭირიან ბაჩილას და მის დედ-მამას.

ერთხელ კიდევ მიიბრუნა კუთხისკენ პირი და ისე გადაიხარა, თითქო მკერდზე ვიღაცა მიაწვაო. პელაგო მას შიგ თვალებში შესცქეროდა - მკვახედ, ცივად და ბღვერით. დედას თვალების უპეებში შავი ყინული ედო, ხოლო შეკრულ ტუჩებზე უსიტყვო წყევლა და შეჩვენება ეკერა.

- მაშ შენი ძმა გენანება? - თითქო შორეული ოთახიდან მოესმა ბაჩილას. - რატომ პასუხს არ იძლევი?

ბაჩილა უსიტყვო პასუხს აძლევს: ორივე ხელით მოაჯირს ეჭიდება და მკვდარივით ქვავდება. თვალებიდან ცრემლი წვეთ-წვეთად ჟონავს მოაჯირზე და კურცხლებად იფრქვევა.

მოსამართლემ ბაჩილას პასუხი გაიგო და მოწმე დაიბარა.

ჯერ მაშკა შემოვიდა. ღმერთო, დიდებულო! ამ ქალისთვის შემოაკვდა ბაჩილას მათე? ამ დაბროწილი თეთრი შოთისთვის დაიდო ძმის სისხლი?! ამ ჩალის თმისა, წყლის თვალებისა და ამობურთული ყბებისთვის დაჰღუპა ოჯახიც და თავის თავიც?! „ვაი, სირცხვილო! ვაი, ჩემო უბედურო თავო!“

ბაჩილამ მოწყვეტილი ტანი სკამზე დააგდო, ალანძული პირსახე ხელებში ჩაიმალა და სმენა გულში ჩაიგდო. აღარც დედ-მამას უყურებდა და არც სხვებს უსმენდა. ხანგამოშვებით დამალული ქურდივით აიხედავდა, მაგრამ მაშინვე ფარივით აიფარებდა ხელს და მხოლოდ იმასღა ნატრულობდა, რომ მისი წამება მალე გათავებულიყო და ათი წლის განაჩენით შემსუბუქებული ბაჩილა ისევ მეტეხში დაბრუნებულიყო.

მოწმეთა შემდეგ ჯერ ბრალმდებელმა ილაპარაკა. ბაჩილამ ისე გაიგო, თითქოს ის კაცი ბაჩილას ბრალსაც სდებდა და იმავე დროს ძმის მკვლელი მართალიც გამოჰყავდა. შემდეგ ვექილმა დაიწყო. ჯერ კარგად ილაპარაკა, მერმე კი მოჰყვა და ლაზარე ჩიჩილაშვილი აღდგომის ბატკანივით გაათეთრა.

ბაჩილა ტოკავს. რა ვქნა, ე საით გასწია ამ კაცმა? დამნაშავე არ არისო! უნდა გაამართლოთო? ვინ ეკითხება ბალი ათ შაურად არისო? ვინ დააბარა, რომ ასეთი ჟინით მოითხოვს ბაჩილას გამართლებას? არა, არა! ბაჩილას არც გამართლება უნდა და არც მეტეხიდან გამოსვლა. ბაჩილამ წამოიწია, სალაპარაკოდ პირი დააღო და ხელებიც აატოკა.

მოსამართლე ბაჩილას მოუსვენრობას ამჩნევს და ანიშნებს, დაჯექიო. ბაჩილა ისევ ჯდება, მაგრამ ვერ ისვენებს, ვექილი კი ისევ თავისკენ ეწევა და „მიჰქარავს“:

- მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლენი ამ უბედურს ზნეობრივ ტანჯვასაც აკმარებენ და გამართლების განაჩენს გამოუტანენ. ვექილმა ბოლოს ოფლი მოიწმინდა და ისე დაჯდა, თითქო ბაჩილას დაუვიწყარი სიკეთე დასდოო.

- ლაზარე ჩიჩილაშვილო! - ეუბნება მსაჯული. - უკანასკნელი სიტყვა გეკუთვნით, გაქვთ რამე სათქმელი?

როგორ არა, როგორ არა! მადლობა ღმერთსა, ბაჩილას სათქმელს ათქმევინებენ! სათქმელი კი ბევრი აქვს, ძალიან ბევრი! ოღონდ მოთმინებით მოუსმინეთ, თორემ იქნება საღამომდისაც ძლივს გაათავოს სათხოვნელი.

- მენა... ის უნდა მეთქვა, რომა... რომელიცა რომა... აი ამ კაცმა ილაპარაკა, სულ ტყუილები ილაპარაკა.

ჩუმმა ხითხითმა ლაზარე არია და სათქმელი გაუფანტა. მერმე ძლივს იპოვა ენა და ლუღლუღით განაგრძო:

- ამ კაცმა ჩემზე სთქვა, ლაზარეს ძმის მოკვლა არ უნდოდაო. უცაბედად შემოაკვდაო და ამიტომ უნდა გაამართლოთო. რაც მართალია, მართალია. მათე უცაბედად შემომაკვდა, მაგრამ ისა რომა გაამართლეთო, ეს კი მართალი არ არის. მე გამართლებაარ მინდა. მეტი არაფერი. სთქვა და დაჯდა.

მოსამართლენი გავიდნენ, დარბაზი დაცალიერდა. ანდრო და პელაგოც ისე გაიძურწნენ, რომ ბაჩილას ერთხელაც აღარ შეხედეს. ნახევარი საათის შემდეგ ხალხიც დაბრუნდა და მსაჯულებიც გამოვიდნენ, თავმჯდომარე დიდხანს კითხულობს განაჩენს.

ბაჩილას არაფერი აღარ ესმის. მხოლოდ უკანასკნელი სიტყვები გაიგო:

- და განთავისუფლებულ იქნეს სასჯელისაგან.

ვიღაცამ ამოიოხრა. სხვები აჩიფჩიფდნენ, მერმე აჟრიამულდნენ და ბაჩილას ზურგი შეაქციეს. ზოგმა გაუღიმა, ზოგიერთმა ოდნავი სალამიც კი მისცა. ანდრო და პელაგო წეღანდელივით ხალხის ტალღაში გაითქვიფნენ და ისე გაჰქრნენ, თითქო შვილის გამართლება ეწყინათო.

დაღვრემილი ბაჩილა მეტეხისკენ მიალაჯებს.

- რამდენი წელიწადი მოგაკრეს, ბაჩილა - ეკითხება ვიღაც ტუსაღი ლაზარე ჩიჩილაშვილს, რომელიც ისე შევიდა დიდ საკანში, თითქო თან დახვრეტის განაჩენი შეათრიაო.

- არ გესმის, ბიჭო?

- მენა? - ჰო, შენა, შე ტეტიავ! რამდენი აგკიდეს-მეთქი?

- არაფერი, დღეს გამიშვებენ. - შეწუხებული ხმით უპასუხა ბაჩილამ.

ლაზარე მეტეხში დააბრუნეს და განაჩენიც მიაყოლეს.

საღამოზე ზედამხედველმა ერთხელ კიდევ დაიყვირა შუა ეზოდან:

- ლაზარე ჩიჩილაშვილი!

- აქ არის, აქა! - დაიყვირა ერთმა ტუსაღმა და ბაჩილას მიუბრუნდა: - შე ოხერო, ისე გატრუნულხარ, თითქო დასახვრეტად გეძახიანო. ადე, გაეთრიე!

ბაჩილა ზლაზვნით წამოდგა და ისე გაეთრია საკნიდან, თითქო სასახლიდან საქათმეში გადაჰყავთო.

 

III

 

ლაზარე ჩიჩილაშვილი მეტეხის შესავალთან დგას.

ბაჩილასთავის ყურშა ძაღლიც ისე არ გაუმეტებია ზამთარში, როგორც ეს უპატრონო პატიმარი გაიმეტეს: საპატიმროდან გამოიყვანეს და კარები მოუკეტეს.

ეზოში გაგდებული ძაღლი ისევ თავის სახლშია. შესაჭმელს ან თვითონვე იპოვის, ან პატრონი სალაფავს დაუსხამს. მაინც საკუთარი ბინა აქვს. ან თივაში შეჰყოფს თავს, ან სათონეში მოიბუზება, ან კიდევ თბილ გომურში შეძვრება. ბაჩილა კი ქალაქში შეაგდეს. ქალაქში ხალხსა და შენობებს თვლა არა აქვს. მაგრამ აქაურები საგურამოელ მენახშირესთვის უფრო უცხო და შორეული არიან, ვიდრე სხვა ტომისა და რჯულის გლეხები.

- ჰეი, ძმობილო! - ეძახის დარაჯი. - აქ დგომა არ შეიძლება. გაიარე.

ნაპატიმრალმა გაიარა და ხიდთან შედგა. დგას ბაჩილა და ფიქრობს: საით წავიდეს, ზევით თუ ქვევით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, გაღმა თუ გამოღმა? ვის შეაფაროს თავი? ვისთან მივიდეს და ვის გაანდოს ფიქრი და გულის ტეხა? არავინა ჰყავს ლაზარეს ქალაქში: არც ნათესავი, არც მეგობარი, არც ვინმე ნაცნობი, რომ ბაჩილა შეიკედლოს და ფეხზე დააყენოს, ან სამუშაო მისცეს, ან სხვაგან უშოვოს, ან დაარიგოს და გზა ასწავლოს.

ტფილისი კაშკაშებს და ჰგუგუნებს, ბაჩილასთვის კი დედაქალაქი უჩინოა და სმენადახშული, გულჩაკეტილი და ბნელი. მათ ერთმანეთისა არაფერი ესმით, ურთიერთს ვერა ხედავენ და ვერც გრძნობენ. სუსხიანი ღამეა, ცივა, ქარი იღრინება და ბაჩილას მაზარის კალთებს ძაღლივით უძიძგნის.

ხიდის ქვეშ დედა-მდინარე ჰგუგუნებს, ხრიალებს, ჰგრგვინავს. ბაჩილას გაგონილი აქვს: კამეჩისთანა მოცურავე ცხოველი სხვა არ მოიპოვებაო. მაგრამ მეტეხის მორევს ვერც ერთი კამეჩი ვერ მოერევაო. მაშ... ბევრი არაფერი არ უნდა. მოაჯირს რომ გადაალაჯოს...

- ნუ, ბაჩილა-ბიჭო, თავს ნუ გაიმეტებ! აგრე ადვილად ნუ დასთმობ ჭაბუკობას. ჯერ გაღმა გადი, ქალაქს შეერიე, თვალი გაახილე და ხელი გაანძრიე. იქნება ბედი გელის სადმე. შესაძლებელია აგერ კუთხეშიც დაგიხვდეს. ეგების დედამ მიგიღოს და მამამაც შენზე გული მოიბრუნოს, ნუ, ბაჩილავ, ნუ!

ნატუსაღარმა თავი ჩაჰქინდრა და ხიდი გადასჭრა. მიდის და აღარა ფიქრობს, ვისთან და რისთვის მიდის. ფეხები თავისთავად მიათრევენ უკანასკნელ სულშესაფარიდან გამოდენილს, შეუწყნარებელ ცოდვილს, რომელიც ხან ერთს აწყდება, ხან მეორეს ეჯახება.

- ბნელა? - მიაძახა ერთმა.

- ბრმა ხარ, შე ოხერო? - ჩასძახა მეორემ.

- მთვრალია. - გადასწყვიტა მესამემ.

ძმის მკვლელი შუა ქუჩაში გადადის. მართლა მთვრალივით მიჰბარბაცებს. ისე მიჰბორიალებს, თითქო მართლა ბნელოდეს, ან ბაჩილა უჩინო ყოფილიყოს. მეეტლენი უტევენ და აგინებენ.

- არა, ეს მუტრუკი რომ გავჭყლიტო, ვითომ ამასაც კაცად ჩამითვლიან და პასუხს მომთხოვენ? - ყვირის ერთ მათგანი და დაკარგულ ტეტიას შოლტით ზურგს უწვავს.

მაგრამ ბაჩილას არაფერიც არ ესმის. შოლტიც ძლივს იგრძნო, და ნაკრავი კი ისე მოიფხანა, თითქო რწყილმა უკბინაო. სიარულს გადაჩვეული იყო და ადრე დაიღალა. ვერის ხევის ხიდზე მუხლები შეასვენა და ჭიპოს ბაკს ისე მიადგა, თითქო საქურდავად ეპარებოდა.

ეზოში ათიოდე ურემი დგას - ზოგი კონკილაზე შემდგარი, ზოგი აყირავებული და ზოგიც წაჩოქილი.

ბაჩილა მთვარის შუქზე ურმებს ათვალიერებს. ანდროს ურემი არსად მოჩანს. გომურში შეიხედა, ჭრაქი ჩამოიღო და საქონელს დაუარა. არც მისი ლაბა კამეჩია და არც ნიშა ხარი.

- რას ეძებ, ბიჭო! - ეკითხება ვინმე ბუხრის წინ მწოლარე.

- ჩვენებიანთ საქონელს.

- სადაველი ხარ?

- ახალსოფლელი, საგურამოელი.

- ერთ ურემი იყო და წეღან წავიდა.

- ვისი იყო, არ იცი?

- აბა რა ვიცი. ერთ ხნიერი კაცი იყო, თან დედაკაცი ჰყავდა. აიისა... იმის შვილმა რომ ძმა მოჰკლა. დღეს ლაპარაკობდნენ.

ბაჩილას გული აუჩქროლდა. მაშ წავიდნენ, შვილს აღარ მოუცადეს! მაშინაც აღარ შეუშვებენ!

- შენ ხომ არა ხარ ი ბიჭი, რომელიცა რომა... - ეკითხება უცნობი.

- მე! - ძმის მკვლელი?... ხომ არ გაგიჟდი! - და მაშინვე ეზოში გამოვარდა.

მთვარეულივით მიჩანჩალებს ძმის მკვლელი. ფეხებმა თავისთავად გადაუხვიეს გზას და გაბრუებული მენახშირე იქით წაიყვანეს, სადაც წითელი ფარდებით დაჩრდილული ორი პატარა ფანჯარა ორი ანთებული თვალივით მოსჩანდა. ანაზდად ალაყაფის კარს წააწყდა. შიგნიდან იმ კარს გაანჩხლებული ძაღლი მოაწყდა.

იმ ფიცრულმა ერთ თვალი გაახილა და იმ თვალიდან ვიღაცამ გადმოიძახა:

- კტო ტამ? - რომელი ხარ?

ბაჩილას თითქო ჩაქუჩი ჩაჰკრესო: უცებ გონს მოვიდა და ისე გამოიქცა, თითქო საყაჩაღოდ მისულიყო და ეხლა მდევარი ფეხდაფეხ მისდევდაო.

ძაღლი ღობეზე გადმოხტა და დაედევნა. ბაჩილამ ისე დაიყვირა, რომ ძაღლს თვითონვე შეეშინდა, უცებ ხმა ჩაიწყვიტა და კუდამოძუებული გაიქცა უკანვე. ბაჩილა კი ისევ მორბის - უგზო-უკვლოდ, ტორტმანით, ხვნეშით და ქაქანით მორბის. უცებ ფეხი რაღაცას წამოჰკრა, პირქვე წაიქცა და ისე გაინაბა, თითქო მდევარს ემალებოდა.

„ვინც კაცი მოჰკლა, - აგონდება ბაჩილას ვიღაც მოხუცებული გლეხის ნათქვამი, - ის როდისმე ისევ იქ უნდა მივიდეს, სადაც კი სისხლი დაჰღვარა“.

სული რომ მოითქვა, წამოდგა და იმ უბანს შორიდან მოუარა. ისევ დიდ გზაზე ჩამოვიდა და იმ გზას გაჰყვა.

ბრმა კამეჩივით მიიზლაზნება ლაზარე ჩიჩილაშვილი. ქარი მაზარას უფრიალებს და თვალებს, ცხვირ-პირსა და უბეებს მტვრით და ყინვით უვსებს. წინ ჩრდილი მიუძღვის, დიღმის მინდორი უთავბოლო დაფას ჰგავს, საცა სწორე და მოთეთრო ლარი დაუხაზავთ. ის ლარი სადღაც შორს ბინდბუნდში იკარგება. მთვარე ზოგჯერ ღრუბლებს ეფარება, მინდორი უზარმაზარი და უცნაური ჩრდილებით იბურება. ზოგჯერ ქარის სისინში ავჭალის მხრიდან წამოსული მატარებლის მოკლე კივილი შემოიჭრება, მერმე უცებ შესწყდება და ისევ მხოლოდ ქარის შხივილიღა გაისმის. ხანგამოშვებით ქარს ქალაქში მომავალი ურმების ჭრიჭინი და მეურმეთა შეძახილი მოაქვს.

ბაჩილა გზას გადასცდება და ბილიკს მისდევს. ურმები აჩრდილივით გაივლიან და ბინდში ჩაიმალებიან. შუაღამე იქნება. ბაჩილა ბრმა კამეჩივით გადის მცხეთის ქვემოთ მუხათგვერდასთან რკინის ხიდზე და საგურამოს გზას მისდევს. წიწამურას რომ გასცდა, ღრმა ხევში შევიდა, წყალი დალია და იქვე გზის ნაპირას მიწვა.

ქვევიდან ურმები ჭრიალით და ხრიალით მოიზლაზნება.

„ალბათ ავჭალიდან მოდის - ჰფიქრობს ბაჩილა, - ან რკინის ხიდზე გამოვიდოდა. ჩემი გზა უფრო მარჯვე იყო და ამიტომ გამოვუსწარი“. ნეტა სადაველია ის ურემი, ან ვისია? ბაჩილა დაღლილია. შეაჯდება და საგურამომდე მაინც ავა.

მეურმე ბაჩილას ვერ ხედავს. კოფოზე ზის და კამეჩებს ზანტად მოერეკება. ბაჩილა წამოჯდა და ასადგომად დაემზადა. უცებ ის ურემი მთვარის შუქზე გამოვიდა. ურემზე შავებში გახვეული დედაკაცი მობუზულა.

- ტფეჰო! - ზანტად იძახის ანდრო და ლაბა კამეჩს სახრეს უქნევს.

ბაჩილა ისევ გულაღმა გადავარდა და გაინაბა. თვალებიც დახუჭა, შიშისგან აძაგძაგდა და მხოლოდ ურმის ჭრაჭუნი და საკუთარი გულისცემაღა ესმოდა. მადლობა ღმერთსა, გაიარეს!

ჭრაჭუნი რომ შესწყდა, წამოდგა და იმ ურემს პატრონის მიერ გაგდებული ძაღლივით დაედევნა. ურემი რომ ლანდივით გამოჩნდებოდა, ან მისი ჭრიალი მოესმოდა, ბაჩილა შესდგებოდა და ურმის დაშორებას მოუცდიდა ხოლმე.

საგურამოს გასცდნენ და ახალსოფელში შევიდნენ. ბაჩილა ჩატეხილ ღობეზე გადავიდა და თავის სახლს ბაღის მხრიდან მოუარა. იმავე დროს ურემიც ეზოში შემოჭრიალდა და ყურშა ყეფით და წკმუტუნით მიეგება.

პელაგო ჩამოვიდა და შინ შევიდა. ანდრომ კამეჩები გამოუშვა და ბოსელში შერეკა. ნეტა რად წამოვიდა ბაჩილა ქალაქიდან? რად მოეთრია ამ სოფელში? ქალაქში მშველელი არა ჰყავდა? მშიერი დარჩებოდა? მერმე რაო! აქ რაღა უნდა? აქ კი ვისთან მოვიდა? ვითომ თავის სახლში დაბრუნდა? მერმე, ვინ მისცა ბაჩილას ეს სახლი? დედ-მამას აღარ ეკითხება?

ანდრო ბოსელიდან გამოდის და შინ შედის. ისმის ურდული სჩხაკუნი. დაიძინეს, არხეინად დაიძინეს! არც კი იციან, რომ მათი შვილი ღობის ძირში მობუზულა და სიცივისაგან ცახცახებს. ეგების იციან კიდევაც, მაგრამ მათს გულში ბაჩილა აღარ შვილობს. დილანდელი არ იყოს: ბაჩილას ზედაც არ შეხედეს და ერთი სიტყვაც არ მიუგდეს. ბაჩილას კი ის ერთი სიტყვა უფრო ენატრებოდა, ვიდრე ყურშას - ბატკნის ბარკალი. არ გაიმეტეს. ალბათ გამწარებულნიც იქნებოდნენ იმის გამო, რომ მსაჯულებმა შვილი გაუმართლეს.

ახია ბაჩილაზე მისი გამართლება, ახი! მართალია, იმ ღამეს ნაღვინევი იყო, მაგრამ მას არაფერიც არ დავიწყებია. მათემ რომ შეუტია, ბაჩილამ რაღაცას ფეხი წამოჰკრა და უღელზე დაეცა. უცებ ზეზე წამოვარდა და ძმას გამეტებით დაჰკრა.

სანამ დაიჭერდნენ, ტყუილი მოიფიქრა და უღლის დანაკრავი მათეს კეტს მიაწერა. რაღაი ერთი იტყუა, ტყუილზე შედგა და ვეღარ გადმოვიდა. არ მოელოდა ბაჩილა გამართლებას, თორემ დღეს სასამართლოში მართალსაც იტყოდა და ისეთსაც დაუმატებდა, რომ მგონი ათი წელიწადიც არ ეკმარებინათ.

ყურშა ღრენით მორბის. არა ჰყეფს, თითქო პატრონს შორიდანვე მიაგნოო. მართლა იცნო და აწკმუტუნდა, კუნძზე ჩამომჯდარ ბაჩილას ზედ შეებობღა და თავპირი მოულოკა.

სუ, ყურშა, იყუჩე! ნუ წკმუტუნებ, თორემ ანდრო გამოვა და ბაჩილას მოსვლას რომ გაიგებს... მართლა, რას იტყვიან ბაჩილას დედ-მამა შვილის მოსვლა რომ გაიგონ? როგორ დაუხვდებიან? როგორ მიიღებენ? მიიღებენო? ვინა როშავს ბაჩილას გულში, ვითომ ცეცხლით დამწვარი ანდრო და პელაგო შვილის მკვლელს მიიღებენო?! თუ მიღება უნდოდათ და პატიება შეეძლოთ, განა დღეს დილით იქ არ იყვნენ?

მსაჯულებმა გაამართლეს. უცხო ხალხმა გაუღიმა. ზოგმა შორიდან სალამიც კი მისცა და გული გაუმაგრა. დედ-მამამ კი მტერსავით შეაქცია ზურგი და გულბოღმიანი წამოვიდნენ.

ყურშა, სუ! გაჩუმდი-მეთქი, ძაღლო, გაჩუმდი, თორემ... კარგად იცოდნენ, რომ ბაჩილას საღამოზე გამოუშვებდნენ. მაგრამ შვილს აღარ მოუცადეს და გამოიპარნენ, ახლა არც ფიქრი უნდა და არც ლაპარაკი: ცხადია, რომ დედ-მამამ ბაჩილაზე ხელი აიღო. ყოველივე გათავდა: არც მშობელი, აღარც სახლ-კარი და აღარც ნათესავი.

მართალია, აგერ იქ ბაჩილას ბიძა ცხოვრობს, აი აქ იმის დეიდას სახლია, ქვევით ანდროს ბიძაშვილები დგანან, ნავდარაანთ კარში და ბიწმენდშიც ჰყავს ნათესავები, მაგრამ განა მიიღებს ვინმე ბაჩილას? განა ძმის მკვლელს და ნათესავების თავისმომჭრელს თავშესაფარს მისცემენ?

ყურშა, დაწყნარდი! ნუ წკმუტუნებ, შე ტიელო, თორემ... სამიოდე დღით რომ კიდევაც მიიღონ მერმე სად წავიდეს? ვის შეხედოს შავი პირით? ვის დაელაპარაკოს, ან როგორ გაუღიმოს? ჭირიანი ბაჩილა, ჭირიანი! ყველა გაექცევა და თვალს მოარიდებს. ყველანი იტყვიან: თუ ძმა არ დაინდო, არც ჩვენ დაგვინდობსო. დაწყევლილ ბაჩილას ორღობეშიც რომ შეჰხვდნენ, უკანვე გამობრუნდებიან.

მაშ რაღა დარჩა ბაჩილას? ვის ელის? რაღას ელოდება? მთვარეულივით დაჰბორიალებს შეჩვენებული შვილი პატარა ეზოში. ძაღლი მხიარული წკმუტუნით დასდევს და მოდუნებულ ფეხებში ებლანდება. დაეხეტება და რაღაცას ეძებს უძღები შვილი. დღეს მსაჯულებმა ვითომ მადლი დასდეს. განაჩენი რომ წაუკითხეს, ერთმა მათგანმა ჩუმადაც კი გაუღიმა.

ოოჰ, მეტეხის ხიდზე რომ იდგა... რა კარგი ადგილი იყო! ერთი უნდა გადახრილიყო და... მეტიც აღარ უნდოდა. ხმა გაკმინდე, შე ტიელო ძაღლო, თორემ...

ჯერ სათივეს შემოუარა, მერმე სასიმინდეს მოუფათურა და შემდეგ დერეფანში აყუდებულ უღელს მიადგა. იცის ბაჩილამ ჭირიანობის წამალი, იცის!

ყურშა მიყუჩდა და ჩამორჩა. შუა ეზოში ჩაცუცქდა და მობორიალე პატრონს თვალი აადევნა. საითაც ბაჩილა გატრიალდება, ყურაცქვეტილი ყურშაც იქით მიიბრუნებს ძაღლურ ცხვირს. მერმე თითქო გუმანი აიღო და რაღაცას მიაგნო: მოუსვენრად ატოკდა, კუდამოძუებული, უცნაურად დაბორიალდა. ნეტა უზურში ავი ხომ არაფერი ჩაიდო ყურშას პატრონმა? ბაჩილამ ტაბიკებს აპეურები დახსნა და ძარისკენ წავიდა.

ყურშა ფეხებში ეხლართებოდა და შიშით ჰყეფდა. მერმე ეზოს ჩამოურბინა და ისეთი შფოთით აყეფდა, თითქო სოფელს გასძახოდა: მიშველეთ, დამეხმარეთო! შემდეგ სახლის კიბეზე აბობღდა. საცოდავად აწკმუტუნდა და ფრჩხილებით ააფხაჭუნა ფიცრები.

- რა დაგემართა, შე ოხერტიალო! - აბუზღუნდა შიგნით მისი დიდი ბატონი.

ძაღლი უკანვე გამოიქცა, ძარის ძირში ჩაცუცქდა, თავი ზევით ასწია და იქვე ჩამოკიდებულ პატარა ბატონს ისე შეჰღმუვლა, თითქო ბაჩილას ფეხებს ეკითხებოდა:

„ბიჭო, ბაჩილ, ეგ რა ჰქენი, შე საწყალო?.. ბაჩილა-ბიჭო - ეგ რა ჩაიდინე, შე უბედურო?..“

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ