მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1025 - ჯერ |  
შრიფტის ზომა


I

 

ახალგაზრდა დედა მკვეთრად აბრახუნებს დაირას, ოდნავი რხევით ტრიალებს და თავის შვილს შესცინის:

- ითამაშე, ტიტიკო! გაიხარე, ბიჭიკო!

ოთხი წლის ტიტიკო ისე იქნევს ხელ-ფეხს, როგორც ბუდიდან გადმოვარდნილი ყვავის ბახალა და არ იცის ვის აჰყვეს, დედას თუ მამას - აყლაყუდა დამპატიჟეს - რომელიც მეორე მხრივ უტრიალებს და ტაშ–ის კვრით უკარნახებს: - მარცხენა, გენაცვალე! მარჯვენა, გენაცვალე!

ცოტა მოშორებით ფიცრულის დირეზე ბალღის პაპა ზის, მკაცრად იბღვირება და ბურტყუნებს:

– მარჯვენა ხელი მოგტყდეს, შე ჩემი ცოდვით სავსევ, მარჯვენა!

ბედნიერ დედ-მამას მისი წყევლა არ ესმის. დაირა კვლავ რაკრაკებს, ტაში ღამის სატკეცივით ტლაშუნებს.

- იხტუნავე, ბიჭიკო! დაუარე, ჩიტიკო!

ქალს შავი თმა წელამდე ჩამოჰშლია, ლოყები შეჰფიცხებია, სახეზე ოფლი ნამივით მოსდებია, დიდრონი თვალები უბრწყინავს და კბილები თეთრად უელავს.

იმის ქმარს ოქროპირს - მეტსახელად დამპატიჟეს - ცხვირ-პირი კოდალას მიუგავს, სხეული კი კრაზანას: ზედა ტანი განიერი აქვს, წელი მეტად წვრილი, ხელ-ფეხი - უგრძესი, ხოლო მიხვრა-მოხვრა - უშნო და უნდილი. მისი ცალი ფეხი ალთას მიიწევს, მეორე კი ბალთას, ხოლო ხელებს ისე აბორიალებს, თითქო ნასესხები ჰქონდეს და პატრონს ანიშნებდეს - აჰა, წაიღეო.

- იხტუნავე, ბიჭიკო! ტაში-ტუში, ტიტიკოს!

- იმდენი გახტუნავოს ჩემმა გამჩენმა, რომ სამარემდის ვეღარ გაჩერდე! - ბურტყუნებს თევდორე და ამრეზილი მიდის იასამნის ბუჩქებისკენ, რათა იქაურობას მოშორდეს და გაიქარვოს კაეშანი, რომელიც დიდი ხანია ახრჩობს, სჭამს და ადნობს გრძელწვერა მებაღეს.

ის პანაშვიდის გუნებაზეა, ლამის წყალში გადავარდეს ან ყელში ეცეს ვინმეს, იქ კი ახალგაზრდებს, მზეს და ყვავილებს პირი შეუკრავთ: ერთმანეთს შესცინიან და შეფრქვევით შეჰხარიან, რათა თევდორე უარესად გაასივონ და ბოღმით მოწამლონ.

უცებ დაირა დადუმდა. ბაღ-ბოსტანს ბაბალეს კისკისი და დამპატიჟეს რახრახი მოედო: „იხი-ხი!.. ოხო-ხო!“ – ოხო-ხო შენ და ღვთის რისხვა! - წაილუღლუღა მებაღემ და ბუჩქნარიდან კორდზე გავიდა. გავიდა და ზევიდან გადაჰხედა ბაღ-ბოსტანს, რომელიც ამას წინათ ჩამოართვეს და კოლექტივ „იმედს“ გადასცეს.

„ვაი იმას, ვინც ამ „იმედის“ იმედით იქნება!“ აგერ იქ რომ ორსართულიანი ლამაზი სახლია, ისიც თევდორესი იყო, მაგრამ ისიც დაიჩემეს: ზემო სართულში „იმედის“ გამგეობა მოათავსეს, ქვემოთ ბაბალე და ოქროპირი ჩაასახლეს, ხოლო თევდორე და მისი ცოლი მაკრინე იქვე ფიცრულში შეაგდეს და უთხრეს: - იმის მადლობელიც იყავი, რომ შენც იქით არ გიკრეს თავი, სადაც სხვა კულაკები განისვენებენ.

„ვითომ ამაზე მეტს რას დამიშავებდნენ? - ახლაც გაიფიქრა თევდორემ. თავი მომჭრეს და მეუბნებიან: მადლობა გვითხარი, რომ ნეკი არ გატკინეთო“.

ეს ბაღ-ბოსტანი და აგერ ის სახლიც თევდორესი იყო. თუმცა - თევდორეს ტყუილი არ უყვარს და მართალს იტყვის - თითქმის თევდორესი იყო, დიაღ, თითქმის! თევდორე რომ მსაჯულთა წინაშე წამდგარიყო, თავით ბოლომდის უამბობდა თავის თავგადასავალს და ისინი ეტყოდნენ: „თევდორე, შენ ცამდე მართალი ყოფილხარ. წადი და ფლობდე მას, რაც შენი ოფლით შეგიძენია“. თუმცა - ვინ იცის, სწორედ ასე იტყოდა მსაჯული თუ სხვანაირად, ვინაიდან თევდორეს ჯერ არც მოსამართლე ენახა და არც სასამართლოს შენობაში ყოფილიყო.

ოდესღაც ამ მხარბეჭიან ბუღა-რაჭველს ქალაქში კურტანი ეკიდა და მარტოს გადაჰქონდა ხოლმე როიალი. მერმე ერთმა მემამულემ მებაღედ დაიქირავა და აქ დაასახლა. თევდორემ და მაკრინემ აქ დააღამეს თავიანთი დღენი, აქ ჩაღვარეს სიცოცხლედა ეს ხრიოკი მიწა ოც წელიწადში ხილისა და ყვავილების უშველებელ თაიგულად აქციეს.

შემდეგ, ექვსიოდე წლის წინათ, „სადღაც რაღაც მოხდა“, მემამულემ ბარგი ჩაალაგა და აქაურობას სამუდამოდ შეაქცია ზურგი. რამდენიმე კვირის შემდეგ სამი ჭაბუკი მოვიდა. იქაურობა დაათვალიერეს, რაღაც გამოიძიეს, ჩაიწერეს, და თევდორეს უთხრეს: - მოჯამაგირე ყოფილხარ და, რადგან ეს ბაღი შენ მოგიშენებია, ამიტომ შენ გერგება. იმუშავე და შეირგე.

- თევდორე, ავშენდით, ააშენოს ღმერთმა ამათი ოჯახი! - ამბობდა მაკრინე და იმ დღიდან ცოლ-ქმარმა შრომა გაისამკეცა. გაზაფხულზე ერთმა ჭაბუკთაგანმა ხელახლა შემოიარა, თან „დამპატიჟე“ მოიყვანა და თევდორეს გამოუცხადა: რადგან ეს ბაღი სამი სულისთვის დიდია, ამიტომ „ახალი კანონის ძალით“ ეს პატივცემული კაცი მონახევრედ უნდა მიიღოო.

თევდორემაც მიიღო - ან რა მეტი გზა ჰქონდა! - „ახალი კანონის“ ძალით მიიღო და ჩაისახლა. ჩაისახლა და მას აქეთ ამღვრეული და განაწამები დადის.

„მართლაც და ეს სადაური ამბავია! - ათასჯერ უფიქრია და უთქვამს თევდორეს. - ჩვენ სამნი ვმუშაობთ, ოქროპირი კი მარტოა და იმასაც ნახევარი არგუნეს? აზნაურივით დამჯდომია კისერზე და როდემდის უნდა ვზიდო? ეჰ, ალბათ საჭირო იყო და მარგუნეს“.

ოქროპირი მუშად რომ ვარგებულიყო, თევდორე ამ უსამართლობაზე ხმასაც არ ამოიღებდა. არც მაშინ იტყოდა რამეს, რომ მისი მონახევრე პატიოსანი მძორი მაინც გამომდგარიყო. დამპატიჟე უარესი ვინმე აღმოჩნდა. და რაც მოხდა, ყველაფერი ამის გამო მოხდა.

თევდორეს მონახევრე იკვეხნიდა კიდეც: - ძმაო, შენ მუშაობისათვის ხარ გაჩენილი, მე კი აზნაურის ჯიშისა ვარ. ამ ხელებში აღვირის, ხანჯლისა და ლამაზი ქალის მეტი ჯერ არაფერი მჭერია - არც თოხი, არც დანა და არც ნიჩაბი, ახლა კი გინდა ნეხვში გამასვრევინო? არ შემიძლიან! და რადგან მისი ნაკეთები განაფუჭებს სჭარბობდა, ამიტომ თევდორეს საქმის გაფუჭებას ისევ მისი ბალღური ჩხირკედელობა, უქმი დგომა და ხეტიალიც კი ერჩივნა.

ბოსტნის მორწყვის დროს დამპატიჟე თოხს დაებჯინება და იქამდე შესქცერის ღრუბელს, სანამ წყალი იქაც არ შეიჭრებოდეს, რაც მოსარწყავი არ არის. მოსათოხნს ოციოდეჯერ გაჰკრავს, გამოჰკრავს, ნერგს და ნამყენს მიწას გაატანს, მერმე თავს ჩაჰქინდრავს და თვლემაში გახევდება. თუ გამარგვლა, მოკრეფა ან დარგვა მიანდეს, დამპატიჟე ძლივს დაიღუნება, ასწლოვან ბებერივით აკვნესდება, ხელებს ოციოდეჯერ მოაფათურებს, შემდეგ ჩრდილში გაწვება, კოდალა ცხვირს აიშვერს და აღიღინდება:

შენც გინდოდა, მეც მინდოდა, კეკელჯან!

მოციქული რად გვინდოდა, კეკელჯან!

ცხარე საქმის დროს თევდორეს მოთმინება ელევა და ყვირის: - კაცო, ოქროპირ, ნუ აზნაურობ! მოსავალი იღუპება! გაანძრიე ეგ ოხერი ხელი, რაღა!

ოქროპირს არც მოსავალი ეპიტნავება და არც მოუსავლობა აწუხებს. - წელი მტკივა, - თავს იმართლებს დაუპატიჟებელი დამპატიჟე და კვნესის, მორიელივით იკლაკნება, ისევ ჩრდილს ეტანება და იქაც ღიღინებს:

ორი ქოთანი ვიყიდე, ვაააი!

- დაგწყევლოს ჩემმა გამჩენმა!

ყურიანი და უყურო, ვაააი!

- ვაი შენ და ნაცარი ცხელი! პირველ ხანს ბაღში მაინც დაფარფატებდა, მერმე ქალაქში სიარულს მოუხშირა და თითქმის ყოველდღე დილითვე წამოიძახებდა ხოლმე:

- მივდივარ!

- ჯანდაბას წასულხარ და აღარ დაბრუნებულხარ! - ჩუმად მიაყოლებდა ხოლმე მებაღე.

ოქროპირი სადილობისას დაბრუნდებოდა და ამბობდა: - ბაღი კინაღამ წაგვართვეს. არ გვასვენებენ. ძლივს გადავარჩინე.

თევდორემ დღესაც არ იცის, ვინ ართმევდა ბაღს. ვინ მტრობდა მას და ვინ ეხმარებოდა. ის კი იცის, რომ დამპატიჟეს მოციქულობა მეტად ძვირად უჯდება. ხიფათის აშორებას ხარჯი სჭირდებოდა, ხარჯი კი ბაღ-ბოსტანს უნდა გაეწია. ნობათი ზედიზედ მიდიოდა ქალაქში. ნარჩევი ხილი და ბოსტნეული კალათებით გაჰქონდათ მუშებს, ზოგს კი თვითონ დამპატიჟე მიათრევდა და მონახევრეს ნუგეშად უტოვებდა:

- ძმაო თევდორე, შენ არხეინად იცხოვრე და პატიოსნად იმუშავე. დანარჩენი კი მე და იმათ მოგვანდე.

თევდორეც პატიოსნად მუშაობდა, მაგრამ არხეინად ვერ ცხოვრობდა. ხან მისი ბაღი უნდა გაიყონ, ხან რვა ნაჭრად გასჭრან, ხან ჩამოართვან, ზოგჯერ კიდევ ვიღაც უნდა ჩაუსახლონ და ზოგჯერაც ისეთი გადასახადი აჰკიდონ, რომ სამი წლის მოსავალიც ვერ გაუძლებდა.

დროდადრო თევდორე ქალაქისკენ იწევდა, მაგრამ დამპატიჟე უნაყოფო ხეტიალს როგორ აკადრებდა! წინ გადაეღობებოდადა ეტყოდა: - რა შენი საქმეა კარდაკარ სიარული! მე აქ არა ვარ?

- ან კიდევ: - შენ „იმ კაცთან“ ვერ შეხვალ... არ შეგიშვებენ... არა სცალია. და მარტო თვითონ დადიოდა, „ხიფათს“ ეომებოდა, ახალ-ახალს იგონებდა, თვითონვე ჰფანტავდა და იმარჯვებდა. გამარჯვება კი ახალ-ახალ ხარჯს მოითხოვდა. „ის კაცი“ მარტო ხილსა და ბოსტნეულს არ კმარობდა. თურმე ღვინოც, თევზეულიც და მოხრაკულიც უყვარდა.

დამპატიჟე თევდორეს ხარჯით უწევდა მას „კამპანიას“, გალეშილი ბრუნდებოდა რიჟრაჟზე და იქაურობას ბღავილით აყრუებდა: ორი ქოთანი ვიყიდე, ვაააი!..

ბექობზე ჩამომჯდარ თევდორეს ახლა ერთი ამბავიც გაახსენდა: მას მოჰბეზრდა დამპატიჟეს უქმობა, ლოთობა, შფოთი და გამოუცხადა, ბაღი შუაზე უნდა გავიყოთო. მისი მონახევრე ყალყზე შედგა. ქალაქში სირბილს მოუხშირა, იქიდან ვიღაც მოიყვანა და თევდორეს მომაკვდინებელი ბრალი დასდო: - ეს კაცი კულაკია და მჩაგრავს, მიშველეთ! და საბუთებიც გადმოულაგა: თევდორეს აქ ამდენი აქვს გასესხებული, იქ სახლი აქვს ნაყიდი, ქალის მზითევისათვის ასი ოქრო აქვს გადადებული და უცნობ ბიძაშვილთანაც ორასი უნდა ჰქონდეს მიბარებული.

და დაიწყო უთავბოლო სირბილი, ცნობების მოგროვება, აბეზარი ჟივილი და გაუთავებელი შარი. თევდორეც დასდევდა ამ ჭორს და ნაცნობ-უცნობს ეფიცებოდა: - ღმერთი, რჯული, არაფერიც არა მაქვს, მოჯამაგირეობით რა უნდა შემეგროვებინა! წადით, იპოვეთ ის ოხერი ქონება და წაიღეთ. მიჩუქებია.

რადგან არც საპოვარი აღმოჩნდა და არც მპოვნელი, ამიტომის ჭორიც თავისთავად გაიფანტა და დამპატიჟემ კოდალა ცხვირი ძირს ჩამოუშვა. ამის შემდეგ თევდორემ უკეთ გაიცნო თავისი მონახევრე და უარესად გამწარდა: ოქროპირმა იფიქრა და თევდორეს მორბილება სხვანაირად სცადა: ერთ დილას დაიმკლავა და ისე დაეტაკა მიწას, რომ ყველანი გააოცა.

გაოცებული თევდორე სიხარულით ადევნებდა თვალყურს, მაგრამ მალე დაუდნა იმედი. ოქროპირს სამიოდე დღეს ეყო მხნეობა და მერმე ისევ გამოიფიტა.

თევდორემ აჩემებული აზრი არ მოიშორა და ერთხელ ჰკითხა ოქროპირს: - რატომ არ გინდა ბაღი შუაზე გავიყოთ?

იმიტომ არ უნდა დამპატიჟეს, რომ ცალ-ცალკე მუშაობის დრო გავიდა და შეკავშირების დრო მოვიდა. უფრო მეტსაც ეტყვის: - მალე აქაური მებაღეები ერთად მოვიყრით თავს, ერთად ვიმუშავებთ და მოსავალსაც თანაბრად გავიყოფთ.

- ნეტა მალე მოვიდოდეს ეგ დრო! - მიუგო თევდორემ. - თავმოყრილ შრომას რა სჯობია! მაგრამ მოსავლის თანაბარი გაყოფისა მე თანახმა არა ვარ.

ის დროც მალე დადგა. მაგრამ სანამ დადგებოდა, თევდორეს თავზე და ბაღში რამდენჯერმე დატრიალდა კორიანტელი. იმ დღეს თევდორემ მონახევრის თანხმობას აღარ მოუცადა, მეზობლები დაიბარა და ბაღი შუაზე გადაღობა.

- ეს რა ამბავია? - გაოცდა მეორე დილას ნაქეიფარი ოქროპირი და ოქროპირობას მოჰყვა: მას სჩაგრავენ, სდევნიან, აძევებენ და უშველეთ, თორემ სისხლი დაიღვრება!

- შე კაი კაცო, - უთხრა თევდორემ, - შარშან აქ ერთი მტკაველი მიწაც არ გებადა და ახლა ამ ბაღის ნახევარიც შენია და ამ სახლისაც. გინდ იმუშავე, გინდ გააქირავე და იცხოვრე. ამაზე მეტი რა გინდა? მ

ეზობლებიც ჩაერივნენ, დამპატიჟეს ბაღის დამუშავებაში დახმარება აღუთქვეს და დაამშვიდეს. ყველაზე მეტად ოქროპირი „გააქირავემ“ დააწყნარა. კეთილი და პატიოსანი: იმ პირობით დამშვიდდება, თუ მეზობლებიც უშველიან. ბაღს თვითონ დაამუშავებს, მაგრამ თუ ვერ მოერია, სხვას მიაქირავებს და გათავდება.

ერთი ზამთარიც გადნა. დამპატიჟემ ბაღი ვერც გააქირავა და ვერც შეამზადა. გაზაფხული რომ დადგა, თევდორეს ბოსტანი მოსავლით დამაკდა, ხოლო დამპატიჟესი ბერწად დარჩა და ბალახ-ბულახით შეიმოსა. თევდორეს მაძღრობა მოელოდა, ხოლო ოქროპირს შიმშილი მიუძღოდა წინ.

დამპატიჟემ ერთ ღამეს ძმაბიჭები დაჰპატიჟა და თევდორეს მეორე დილას აშლილი ღობე და გაერთიანებული ბაღ-ბოსტანი დაუხვედრა, ხოლო თვითონ ეზოში იდგა, ბარი ეჭირა და იღრინებოდა: - არ გაბედო, თორემ სისხლი დაიღვრება!

თევდორემ იყვირა, ღობის აღდგენაც სცადა, მაგრამ საქმე სასისხლოდ არ გაიხადა. ოქროპირს ძმაბიჭები მოეშველნენ, თევდორეს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ საწყალ ოქროპირს აღარ დაჩაგრავდა და ოქროპირთან ერთად საქეიფოდ წავიდნენ.

თევდორეს მოსავალი გაუნახევრდა, სამაგიეროდ დამპატიჟეს შიმშილის ავი ლანდი გაუქრა.

რაჭველი მებაღე ამასაც მოინელებდა, მაგრამ ბედი წარამარად უსაფრდებოდა და ზედიზედ უშენდა სასჯელს; სანამ თევდორე ღობის აშლაზე დავობდა, მაკრინე შეუჩნდა და ჩუმ-ჩუმად აპარებდა:

- კაცო, თავი დაანებე... საქმე მშვიდობიანად გაათავე. მუდამ მოჯამაგირე იყავი და ახლა მონახევრის მოიჯარადრე გახდები, მეტი ხომ არაფერი?

თექვსმეტი წლის ბაბალეც კი გაკადნიერდა და ურჩია: - მამილო, მართლა სჯობია ოქროპირი არ გააჯავრო, თორემა...

- შენ ვინ გეკითხება? - შეუტია თევდორემ. - დამეკარგე აქედან!

დედაკაცების მეტიჩრობის მიზეზს მერმეღა მიხვდა მებაღე, მაგრამ გვიანღა იყო. ერთ საღამოს მაკრინე გვერდზე მიუჯდა. ჯერ ნართაული საუბარი გაუბა და მერმე უთხრა:

- ბაბალე უნდა გავათხოვო და რას იტყვი?

- ვის უნდა მიათხოვო?

- ოქროპირს.

- ხომ არ გაგიჟდი, დედაკაცო?

არა, მაკრინე არ გაგიჟებულა. მეტი გზა არ არის, უნდა მიათხოვოს, იმიტომ, რომ...

- რატომ, დედაკაცო? გამაგებინე, რა მოხდა?

მაკრინე განზე გადგა და იქიდან გააგებინა: - მიტომ, რომ... ბაბალე ის არის... ბაბალე ფეხმძიმედ არის.

- რაო? ფეხმძიმედ არისო? ბაბალე? ჩვენი ბაბალე? - კეტს ხელი სტაცა, გარეთ გავარდა და იყვირა: - ბოზო! კახპავ! სად დამემალები? სად გამექცევი?

მაკრინემ ძლივს ჩააგონა, რომ ბაბალე შორს იყო დამალული და ვერ მისწვდებოდა.

- დამპატიჟე, შენ სადღა ხარ? დამენახვე! დედას გიტირებ, დე-დასა!

ისიც დამალულიყო.

- დედაკაცო, დაგიდგეს ეგ თვალები, რომ ვერაფერი დაინახე! ბარემ მომკალით! რას მიშვრებით მე უბედურსა! შერცხვენილი მამა იმ დღეს რეტიანივით დაბორიალობდა და საქმეს ვეღარ ეკარებოდა.

მეორე დღეს ჭიშკარში სამი კაცი შემოვიდა. დამპატიჟეც ქურდულად მოჰყვა, მოშორებით შედგა, ქოთნის ყურებივით შემოიყარა დოინჯი და კოდალა ცხვირი თევდორეს დაუმიზნა. ახალმოსულებმა თევდორე ქვევით ჩაიყვანეს, დამპატიჟემ კი მაკრინეს მოჰკრა თვალი და იმისკენ გატრიალდა. ესენი აქ ჩურჩულებდნენ, ქვევით კი თევდორე ბობოქრობდა. როცა ოთხივენი წავიდნენ, თევდორე მაკრინეს წინ გახევდა და დიდხანს შესცქეროდა, თითქო ვერა სცნობსო, შემდეგ გაოცებით ჰკითხა:

- დედაკაცო, გაიგე, რა მოხდა?

გაიგო, როგორ არ გაიგო! ის პირშავი დამპატიჟე აქ იყო, მაკრინეს მიუჯდა და ყველაფერი უამბო.

- ეჰ, ვინ იცის, იქნება კიდევაც სჯობდეს, - თავისთვის ჩაილაპარაკა დედაკაცმა.

- როგორ თუ სჯობდეს? რასა ჰოდავ, დედაკაცო! შენც ხომ მოსყიდული არა ხარ? შენ ეს მითხარი, როგორ მოხდა, რომ ეს ბაღი ვიღაც დამპატიჟეს მისცეს იჯარით და მე, მოჯამაგირეს, არც კი შემატყობინეს? სამართალი სად არის-მეთქი, სამართალი? არც მაკრინემ იცის სამართლის ბინა, მაგრამ ქალური ალღოს წყალობით გრძნობს, რომ სიმართლე ტყუის რეალობასთან, რომელსაც ის ცხადად ხედავს, გუმანით ესმის იგი და შეუძლიან სასწორზედაც კი დააგდოს.

- გაიგე, კაცო, გაიგე! საქმე სიმართლე კი არ არის, საქმე საქმეა და მეტი არაფერი. - ასეღა მოახერხა თავისი აზრის გამოთქმა. - სიმართლე ის არის, რაც არის, და რაც არ არის, ის სულ არარის, არა! „დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. მამაკაცს შეუჩნდება, სულსა და გულში ჩაეღვრება, ჯერ ბუზივით უკბენს, მერმე მისდგება და ისე გაავსებს თავისი აზრით და ნებით, როგორც კოკას ავსებენ ხოლმე“.

მაკრინემაც ჯერ ერთი წვეთი შეაპარა: - კაცო, სად უნდა წახვიდე? მეტი რა გზაა, უნდა დაემორჩილო! მართლა და სად უნდა წავიდეს? ახლა ბაღს არავინ მისცემს, ყველა თავის ნაჭერს კრუხივით აზის და თოფით უვლის გარშემო.

- ისევ მოჯამაგირედ წავალ, - ამოიკვნესა თევდორემ.

- კაცო, თუ მოჯამაგირეობა გინდა, ისევ შეჩვეული ჭირი არს ჯობია შეუჩვეველ ლხინსა? მუდამ ამ ბაღში იყავი მოჯამაგირედ და ახლაც აქ დარჩი და აქ იმუშავე.

„ეს კუდიანი მგონი მართალს უნდა ამბობდეს“.

- სხვაგან მირჩევნიან.

- რად გირჩევნიან?

„ეს დედაკაცი მართალს უნდა ამბობდეს. მადლიანი ბაღი, საუცხოო სახლი, შეჩვეული მეზობლები და ახალი პატრონიც - დამპატიჟეც - უდარდელი, ლაზღანდარა და მფლანგველი. იმან თავისთვის იაროს და იქეიფოს, მე კი არხეინად ვიმუშავებ და ხეირიან ჯამაგირს მივიღებ. არც ზარალი, არც დარდი, არც მაზანდა, არც იჯარა და არც ათნაირი გადასახადი. და თუ საქმე გაჭირდა, ოქროპირს შინაურულად მოვურიგდები, ორკეც საიჯაროს მივცემ, ბაღს უკეთ დავამუშავებ და მოგებაშიც დავრჩები“.

როცა მაკრინემ ეს აზრი ღრმად ჩაუნერგა, მერმე მეორეც მიაწოდა და ისიც მოანელებინა:

- კაცო, ახლა ამ გოგოზედაც იფიქრე. ესეც გაუბედურდება და ჩვენც თავი მოგვეჭრება.

სირცხვილს დამალვა უნდა, თორემ... - ჰოი გველო, გველო! აღარაფერი დაგრჩენია: არც ნამუსი, არც პატივი. მაშ ამქვეყნად დახლური ანგარიშის მეტი აღარა დარჩენილა რა? ჯერ ბაღის ნახევარი წამართვა, მერე ქალი შემიცდინა, ბოლოს მთელი ბაღი ჩამომართვა და ახლა ზედსიძედაც მივიღო? შინ ჩავისახლო? არა-მეთქი! არასოდეს!

- ნამუსი შეგვენახება-მეთქი, კაცო, ნამუსი!

„ქალი გველია-მეთქი, გველი! შემოგიჩნდება, შემოგაპარებს და... თუმცა... ვინ რას გაიგებს ამ გრძელთმიანი სულიერისას! ზოგჯერ უცაბედად სიმართლეც წამოსცდება ხოლმე: ბაბალესაც უბედურებას ავაცილებთ და ჩვენც ნამუსი შეგვრჩებაო... დაოჯახებული ოქროპირი დადინჯდება... ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო... ხელიდან წასული ბაღი ბარემ ისევ ჩვენი ქალისა და იმის შვილის კერძი გახდესო. ვინ იცის ხვალ-ზეგ რა მოხდეს და ეს ბაღი და სახლ-კარი ვის დარჩესო“.

- სთქვი, განა არ ემჯობინება?

- რას ჩამაცივდი, დედაკაცო? შუაღამე მოდის, დამაძინე!

„გველია-მეთქი, დედაკაცი, გველი! დაიჟინებს, შეგიჩნდებადა“... და უთუოდ თავისას გაიტანს.

შენიშვნა: ამ მოთხრობის ეს თავი შეკუმშული შინაარსია 1928 წელს დაბეჭდილი “დამპატიჟესი”, რომელიც სიუჟეტურად არ იყო დასრულებული და ამიტომ იგი, როგორც დასაწყისი, ამ მოთხრობას დავურთე იმავე ფონზე და თემაზე გაშლილი “რკინის საცერი” აუცილებლივ მოითხოვდა ამგვარ შედუღებას. ცხადია, ამ ოქროპირის თაღლითობა გამონაკლისი იყო. სამაგიეროდ თევდორეს და დამპატიჟეს შემდგომი ურთიერთობა და დასასრული ტიპიურ მოვლენად მიმაჩნია. (ავტორი)

 

II

 

- ოქროპირ, მიშველე, შე კაი კაცო! შენც ამ ოჯახისა ხარ და კარმიდამოში მაინც დატრიალდი! - ხშირად ეუბნებოდა თევდორე თავის ზედსიძეს.

- მე ქალაქში მელოდებიან. არა მცალიან!

ოქროპირი ვერასოდეს ვერ იცლიდა: ვერც დილით, ვერც შუადღეს, ვერც საღამოზე. არც ზამთარში ეცალა, არც შემოდგომაზე, ხოლო ზაფხულ-გაზაფხულის სიცხეში შრომა ვის გაუგია? დამპატიჟეს სულ სხვანაირი სისხლი აქვს. სიცხე დაჰკრავს და მორჩა, გათავდა! ბაბალე დაქვრივდება, ტიტიკო დაობლდება.

- ნეტამც აგსრულებია! შენს პირს შაქარი! ყველას გვეშველება! - ბუზღუნებდა თევდორე და მარტო მიათრევდა ბაღსაც და ოჯახსაც: ოქროპირს საიჯაროს უხდიდა, იმასაც და იმის ცოლ-შვილსაც აცმევდა და ჰკვებავდა. თვითონ ოქროპირი კი უწინდელზე ხშირად ბღაოდა „ვაი-ვაის“ და თან ოქროპირობდა:

- მალე მთელი სოფელი ან მისი ნაწილი გაერთიანდება. ყოველი მონაწილე ყველაფერს შეიტანს, რაც კი მოეპოვება: სახნავს, ბაღს, ვენახს, საქონელს და სამუშაო იარაღს.

- კი, გამიგია, მაგრამ ეს მითხარი: ზოგს რომ შესატანი არაფერი აქვს და ზოგს კი ათი ათასი თუმნის ქონება შეაქვს, ამას რა მოვუხერხოთ?

- ვისაც მაგოდენა ქონება აქვს, ის კულაკია და მისი ქონება კომუნას უნდა გადავსცეთ, თვითონ ის კი ჯანდაბასაც წასულა.

- ჩვენს მეზობელ მათიკაძეს ხომ იცნობ, ოქროპირ? ისინიც მოიჯარადრეები იყვნენ. ვეება ოჯახი აქვთ. ხუთნი ძმანი არიან. ცოლ-შვილიც რომ იანგარიშო, ოც სულზე მეტი გამოვა, მუშაობით კი თორმეტი სული მუშაობს. ახლა ის ქონება ყველას გაუყავი და იანგარიშე, თითო სულს რამდენი ერგება?

- მათიკაძეებს მოჯამაგირე ჰყავთ. სხვისი შრომით ცხოვრობენ და ამიტომ კულაკები არიან.

- ბალღი ხომ არა ვარ, ოქროპირ, რომ დავიჯერო? მაშ ერთ მოჯამაგირეს შესძლებია იმოდენა ბაღიც გაეშენებინა მათიკაძესთვის და ოცი სულიც გამოეკვება?

- მაშ მოჯამაგირეს არაფერი ერგება? - ჰკითხა თავის მხრივ დამპატიჟემ.

- აბა, შენვე მოსჭერი სიმართლე: ოც წელიწადში მათიკაძემ ოცი მოჯამაგირე გამოიცვალა. ახლანდელი მოჯამაგირე ერთ წელიწადს მუშაობს და ამოდენა ხალხი სოციოდე წლის ნაამაგარი მარტო მას უნდა არგუნო?

- ერგება და არგუნებენ.

- ძალიან კარგი, - დაუდასტურა თევდორემ და წამოდგა. - თუ იმ მოჯამაგირეს ექვსი თვის მუშაობაში იმოდენა ბაღს არგუნებენ, მე და ჩემ დედაკაცს ოცი წლის მუშაობაში ეს ბაღი არ გვერგება? იმის ნახევარსაც არ მოგვცემენ?

ოქროპირმა გადმოკარკლული თვალები უარესად გადმოყარა და პირღია დარჩა.

მაკრინემ ჩაიხითხითა. ბაბალემ გადიკისკისა. თევდორემ კი გაიღიმა და მიაყოლა:

- თუ ერთ მოჯამაგირეს ოცი სულის შენახვა შეძლებია, რატომ მე და მაკრინეს არ ჩაგვითვლიან შენს შენახვას?

- კი ჩაგითვლიან, მაგრამ... - წაილუღლუღა გაშტერებულმა სიძემ და კოდალა ცხვირი ჭერს დაუმიზნა.

- რის მაგრამ, რა მაგრამ! - აღარ დააცალა სიმამრმა. - შენ მოიჯარადრე ხარ და მე შენი მოჯამაგირე გახლავარ. მაშ შენ კულაკი ყოფილხარ და მე პროლეტარიატი, ხომ აგრეა? სთქვი, აგრეა თუ არა?

ახლა დედა-შვილის სიცილს ისეთი ხარხარი დაემატა თევდორესი, რომ მისი მსგავსი იმ სახლს არასოდეს სმენოდა. გახარებული სიმამრი გაფშეკილ ხელებს იტლაშუნებდა თეძოებზე და ხაფანგში გაბმულ სიძეს შვებას აღარ აძლევდა:

- სთქვი, კულაკი ხარ თუ არა? სთქვი, პროლეტარიატი ვარ თუარა?

დამპატიჟე მორცხვად გაიძურწა კარში, შიგნით კი კვლავ გაისმოდა სიცილი და მხიარული შეძახილი.

„საკვირველია, რატომ აქამდის არ გამახსენდა ეს საბუთი?“ - ფიქრობდა შინ მებაღე.

„თევდორემაც რომ ისწავლოს კულაკის და პროლეტარიატის გარჩევა, ხალხი სულ გაირყვნება და დაიღუპება“, - ფიქრობდა გარეთ მოიჯარადრე.

იმავე ხანებში სიმამრმა ერთი რამეც მოიფიქრა და ერთხელ სიძეს ჰკადრა:

- ოქროპირ, შენზე მითხრეს, პარტიაში ჩაეწერა და გიმალავსო.

- ჯერ არ ჩავწერილვარ, მაგრამ ვემზადები, - მიუგო სიძემ დათავისი მონაფიქრიც შეატყობინა: - ეს ბაღი და სახლი ნორმაში ჩამიწერეს და მე დამიმტკიცეს. აი საბუთიც აქა მაქვს. რაღაც ქაღალდი ამოიღო ჯიბიდან, სიმამრს ცხვირწინ გაუფრიალა და უკანვე ჩაიდო.

უწინდელი მეკურტნე დამუნჯდა. დამპატიჟემ დრო იხელთა დაგანმარტება მისცა:

- ამას იქით ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ, ჩემო თევდორე. უგუნური და უგულო კაცი ნუ გგონივარ, მართლა კულაკი კი არა ვარ. შენ ქვემო სოფელში იცხოვრებ, მე კი ზევით დავრჩები. ნუ გეშინიან, უნორმოდ არ დაგტოვებ. ეზოს ნახევარი და არხის გაღმა სულ შენია. შენზე დავამტკიცებინე. ოქროპირი მართლა უგულო არ ყოფილა: მზამზარეული ბაღ-ბოსტანი და მოკაზმული სართული თავისთვის დაიჩემა, ხოლო ბნელი ქვემო სართული და ცალიერი რიყე-თიხნარი სიმამრს დაულოცა. კულაკს კულაკური ედემი ერგება და პროლეტარს - პროლეტარული უდაბნო. ესეც ხომ სიძისებური სულგრძელობაა: თევდორე ცალკე გამოჰყო და ის ხრიოკი მიწა დაუმტკიცა.

თევდორეს თავში კორიანტელი ეცა და გააბრუა: ჯერ მოჯამაგირედ იყო. მერმე ბაღის მესაკუთრედ გახადეს. შემდეგ ვიღაც დამპატიჟე მოევლინა მონახევრედ. ერთი წლის შემდეგ ეს ჯამბაზი ზედსიძედ ჩაუსახლდა, მოიჯარადრედ იქცა და თევდორე მოჯამაგირედ გაიხადა. ახლა მისმა სიძემ ერთხელ კიდევ იცვალა ფერი და ეს ბაღი საკუთრებად დაიჩემა. მაშ ვინ ყოფილა თევდორე? ისიც მოჯამაგირე? მესაკუთრე? მოიჯარადრე? დამპატიჟეს მეკურტნე თუ მეტიჩარა ვინმე?

- სცდები, ჩემო კეთილო სიმამრო, კურტნის ხსენება რა საკადრისია! - თანდათან მოულბილა სიძემ. - რაც გერჩივნოს, ის აირჩიე: ან ცალკე იცხოვრე და შენთვის იმუშავე, ან ისევ ერთად დავრჩეთ და ტკბილად ვიცხოვროთ. მე კანონი მოგახსენე, თორემ სხვაფრივ გასაყოფი რა გვაქვს? ეს ბაღი და ეს შენა. თუ გირჩევნიან, ისევ ამ ბაღში იმუშავე, მაგრამ ამას იქით აღარც ჩემი მოიჯარადრე ხარ, არც მონახევრე და არც მოჯამაგირე.

- გამაგებინე, მაშ ვინ ვიქნები?

- ვინ და ჩემი სიმამრი.

- შეგეხიზნო? სამადლოდ უნდა შეგვინახო? მე და ჩემმა დედაკაცმა ისევ წელი ვიწყვიტოთ, სამი სული გაცხოვროთ და მაინც სამადლოდ ვითვლებოდეთ?

- თუ არ გინდა, ეს შენა და აგერ შენი მიწაც.

- ოქროპირ, სისხლი დაიღვრება!

- თევდორე, მიწის თოხნას მე ვერ გასწავლი და სისხლის დაღვრას შენ ვერ მასწავლი. ხელი დაიდო ჯიბეზე, სადაც რევოლვერი ედო და მაღალი ფეხები სირაქლემასავით გაიტანა ჭიშკარში.

მაკრინე დაბრუნდა. თევდორეს შეხედა და შეეშინდა: მისი ქმარი ფუტკრისგან დაკბენილ დათვს ჰგავდა.

- მორჩა! გათავდა! - ჰკიოდა მებაღე. - ან მე მოვკლავ, ან ის მომკლავს! - და ხუთი წუთის ნაუბარი ერთ საათს გააგრძელა, თან ბორგავდა, ვეება მუშტებს იბაგუნებდა მკერდზე და იმუქრებოდა: - მოვკლავ-მეთქი, მოვკლავ!

ესოდენ აღელვებული თევდორე მაკრინეს ჯერ არ ენახა. ვერც კი წარმოედგინა, რომ მუდამ ჩუმი და უწყინარი თევდორეს გულში ამოდენა ქუხილი და ჯავრი დატეულიყო. დიდხანს ამშვიდა ქმარი და, როცა სულ დაამშვიდა, ჰკითხა:

- ახლა რას აპირებ, თევდორე?

- ან მოვკლავ, ან ისევ კურტანს ავიკიდებ და ქალაქში წავალ, - უკვე ლმობიერად მიუგო ქმარმა.

მაკრინემ გაიღიმა და უთხრა: - აბა რა სახსენებელია კურტანი? შენც დაგცინებენ და მეც ვეღარ გავალ ხალხში.

- მაშ რა ვქნა, რა? - შეჰღაღადა ქმარმა.

ის უნდა ჰქნა, რასაც შენი ერთგული და ჭკვიანი მეუღლე გეტყვის: რა შესცვალა ოქროპირმა? არაფერი. რა შეიმატა მათმა სიძემ? არაფერი. რა დააკლდათ თევდორეს და მაკრინეს? - სულ არაფერი. აქამდისაც აი ეს კოჟიჟიანი ხელები აცხოვრებდა მათ და ამას იქითაც ის აცხოვრებს. ერთი ქალი ჰყავდათ და გაზარდეს. ამაზე მეტი მათ არაფერიც არ შემატებიათ. ახლა შვილიშვილი გაუჩნდათ და ისიც უნდა გაზარდონ, ზედმეტი ლუკმა მას უნდა დაუთმონ.

- არც აქამდის შეგვინახავს რამე შავი დღისათვის და ვერც ახლა შევინახავთ. მაშ რა შეიცვლება? არაფერი-მეთქი. ამიტომ ქალაქში წასვლაც კი არა ღირს საჩივლელად.

- დედაკაცო, დამპატიჟეს სამადლო უნდა გავხდეთ?

- კარგი, შენ კი გენაცვალე! ჩვენ კი არ ვიქნებით იმის სამადლო, აქამდისაც ის იყო, ისევ ის დარჩება. საქმე სიტყვა კი არ არის, საქმე საქმეა-მეთქი, საქმე!

„დედაკაცი გველია, გველი! შემოგიჩნდება, შხამს შემოგაპარებს და იმდენს გიკირკიტებს, სანამ თავისას არ გაიყვანს“.

ტკბილი ჩიჩინით მოთელილმა თევდორემ თვალები მილულადა ჩუმი ხმით იკითხა:

- დედაკაცო, შენ მაინც გამაგებინე, ვინ არის კულაკი, მე თუ ოქროპირი?

მაკრინემ ჩაიცინა და პასუხი არ გასცა.

თევდორე მაინც ვერ ისვენებდა და ხანგამოშვებით ამბობდა:

- დედაკაცო, წავიდეთ, ამ სოფელს მოვშორდეთ.

- სად წავიდეთ?

- აბა რა ვიცი. ქვეყანა დიდია.

გამბედავი მშრომელისთვის ქვეყანა ოღონდაც რომ დიდია, ხოლო ზანტი ჯაბანისთვის სათითეშიც ჩაეტევა. მაკრინეს შეჩვეული ჭირი შეუჩვეველ ლხინს ერჩივნა, ხოლო ზანტსა და გაქნილ ოქროპირს მეწველის დაკარგვისა ეშინოდა, ამიტომ მათ თითქო პირი შეჰკრეს. ოქროპირი მოლბა, ქლესაობას მოჰყვა და მისი „ვაი-ვაიც“ დროებით შეთხელდა, ხოლო მაკრინე, მუდამჟამ ალბობდა ნაწყენ ქმარს და ეჩიჩინებოდა:

- სად უნდა წახვიდე, კაცო? სიბერეში დღიურ მუშად უნდა გადავიქცეთ? სხვის კარზე უნდა დავლიოთ სული? ნუ ჩქარობ, საცაა ცხოვრება შეიცვლება და ჩვენც გვეშველება.

 

III

 

ცხოვრება მართლა ხშირად იცვლებოდა. მიწა ზედიზედ იძვროდა. ხოლო ერთხელ ისე შეზანზარდა, რომ ათასი წლის შენობას ხავსი და ჟანგი ჩამოსცვივდა, კედლები მოერღვა და საძირკველმაც კი მოინაცვლა ალაგი.

თევდორე და ის უბანი იმ უცნაურ დღეს არასოდეს არ დაივიწყებენ. ადამიანი ღამით ისვენებს. მიწა კი შემოდგომაზე ჩათვლემს, ზამთარში ჩაიძინებს და გაზაფხულამდე სძინავს. შემდეგ თბილ მკერდს გაიღეღავს და ექვსიოდე თვე იწველება. თევდორეს ბაღ-ბოსტანი შუა წველაში იყო, როცა ქალაქიდან ათიოდე ჭაბუკი ამოიჭრა, იქაური ახალგაზრდები და ღარიბებიც შეიერთეს, ფიცხელი მიტინგი გამართეს, მერმე სოფელს შეესივნენ, მიჯნები აჰყარეს, ღობე-ყორეც მოშალეს და თან გაიძახოდნენ:

- ძველებური კარჩაკეტილობა გვეყო! - აღარ გვინდა განიგან ცხოვრება! - ერთ ოჯახში მოვიყაროთ თავი, ერთად ვიმუშავოთ და მოსავალიც ძმურად გავიყოთ. - ძირს კულაკები! გაუმარჯოს კოლექტივს!

დამპატიჟეც იმათ მიეტმასნა, თითქო ნასესხებ გრძელ ხელებს იქნევდა, ღობეებზე მარდად ალაჯებდა და მისი გამყინავი ხმა თევდორეს ეზოშიც კი ისმოდა. ბოლოს ჭაბუკების ერთი რაზმთაგანი ოქროპირის წინამძღოლობით თევდორესაც მოადგა.

- ამხანაგებო! - დაიძახა ოქროპირმა. - აი ჩემი ნორმა. მეც შემომაქვს ეს ბაღი. ჩვენს კოლექტივს „იმედს“ გაუმარჯოს!

- გაუმარჯოს!

- ძირს მისი მტერი კულაკები! გავდევნოთ! გავანიავოთ! - გავანიავოთ! გავდევნოთ!

თევდორემ მუქარა იგრძნო, მაგრამ არ შეუშინდა და არც აუხირდა. მაკრინე უკან ედგა და ჩასჩურჩულებდა. - ხმა არ გასცე... თავი დაანებე...

თევდორემ მაინც ვერ მოითმინა და სიძეს შესძახა: - ვისი ნაოფლარი შეგაქვს, ოქროპირ?

ოქროპირმა პასუხი არ გასცა და დაიძახა: - ამხანაგებო, ავშალოთ! სიმამრო, შენც გვიშველე!

რაზმი ორთითებით და სამთითებით მიაწყდა ღობეს და დაიწყო აშლა და ძეძვის ფანტვა.

თევდორემ ვეღარ მოითმინა, მწკრივად გაშლილ ჭაბუკებს ჩაურბინა და უყვიროდა.

- ხალხო, რას შვრებით? ქურდები შეგვჭამენ, გაგვანიავებენ.

- ქურდობა აღარ იქნება, ძია! - გადმოსძახა ერთმა.

- აქაურობას საქონელი ააოხრებს! - გაახსენა თევდორემ.

- საქონელს ერთად მოვუყრით თავს და ბაღებში აღარ შეუშვებთ! - მიუგო მეორემ.

საქონელსაც აღარ შემოუშვებენ და ქურდობასაც ამოფხვრიან! წადი და ელაპარაკე! რაც თევდორეს თავისი თავი ახსოვს, ხალხიც და მთვარობაც საქონელსაც ებრძოდა და ქურდებსაც, მაგრამ ამ ჭირს ვერაფერი უწამლეს. საქონელს ღობე იჭერს, ქურდს კი - სასჯელი. ესენი კი ჰპირდებიან, ხვალინდელი დღიდან აღარც ერთი იქნება და აღარც მეორეო. „ვინ არის გიჟი, მე თუ ესენი?“ - გაიფიქრა თევდორემ და გაჩუმდა.

- მაგასაც დავიხსომებთ, სიმამრო! - მიძახა ოქროპირმა და რკინის სამთითით დაეტაკა ღობეს, რომელიც შარშან ძლივს განაახლა თევდორემ.

- რას დაიხსომებ, სიძევ?

- იმას, რომ განზე დამდგარხარ და არა გვშველი.

- ხალხს გაგიჟებაში მარტო მისი მტერი უშველის. შენც მტერი ყოფილხარ ხალხისა და იმიტომ ფაფხურობ, - გესლიანად მიუგო მებაღემ.

- მაგასაც დავიხსომებთ, მაგასაც! შენ კი მალე გაიგებ, ვინ არის პროლეტარიატის მტერი, მე თუ შენა.

თევდორე ბოღმით ივსებოდა და ცრემლს ძლივს იმაგრებდა. ღობე რომ გაუნახევრეს, დაიღალნენ და შეისვენეს. მერე განზე გადგნენ და თათბირი გამართეს. ხელმძღვანელად ბაგრატ ჯარიაშვილი ითვლებოდა, რომელიც იმ სოფლისა იყო, მაგრამ ცალი ფეხი ქალაქში ედგა და ცალი აქვე დარჩენოდა. მის ღარიბ მშობლებს მცირე, გაფხეკილი მამული ჰქონდათ. ბაგრატა უწინ ქალაქიდან თვეში ერთხელ ამოდიოდა, მერმე მოუხშირა, კვირაში ორჯერ მაინც გაჩნდებოდა, მიტინგებს მართავდა, ღარიბებს და ახალგაზრდობას რაზმავდა და ამ დღისთვის ამზადებდა.

ოქროპირი მას თავის მეგობრად სთვლიდა, თევდორე კი ოდნავ იცნობდა, მიტინგებს გაურბოდა და თავს მოუცლელობით იმართლებდა, თანაც ამბობდა: - ჩვენი ოჯახის მხრივ ოქროპირი დადის და ეგეც ეყოფა. მე სადა მცალიან! კრებაზე რომ ვიარო, მეორე დღეს გვიან ავდგები და საქმე გამიფუჭდება.

ოქროპირი ბუზღუნებდა. თევდორე და მაკრინე რომ ვერ აიყოლა, კრებაზე ბაბალე დაჰყავდა და მეორე დღეს სიმამრსა და სიდედრს ესაყვედურებოდა:

- მწნილივით დამჟავებულხართ და თქვენი ბაღის მეტი არა იცით რა. ქვეყანა გადატრიალდა, თქვენ კი არ გინდათ თვალი გაახილოთ და გაიგოთ რამე.

- ყველა ამბავი შენგან მესმის და მეტი რა მინდა! - ეუბნებოდა თევდორე. - ამ ქვეყნისას არც შენ ხედავ ყველაფერს.

- რას არა ვხედავ?

- იმას, რაც უწინაც მითქვამს: სოფელი შუაღამემდის ყაყანს უნდება, მეორე დღეს გვიან დგებიან და ცოტას მუშაობენ.

- ვიცი, ვიცი. ასჯერ გამიგია შენგან, მაგრამ ისიც იცოდე, რომ ახალგაზრდობა გიბღვერის და შენს განზე გადგომას არ დაივიწყებს. ბაგრატაც გემდურება და როდისმე გაგახსენებს.

აკი არც დაივიწყეს, აკი გაახსენეს. თათბირის შემდეგ ჯმუხა ბაგრატამ თევდორეს გვერდზე გაუარა და მკვახედ უთხრა:

- გიცნობ, ვინცა ბრძანდები.

- მეც გიცნობ. ბაგრატა არა ხარ? - გულუბრყვილოდ მიუგო მებაღემ.

- ეგ კი გცოდნია, რომ ბაგრატა მქვიან, მაგრამ ის კი არ იცი, ვინა ვარ და რა შემიძლიან. ახლა კი მივდივართ და ხვალ ისევ გეახლებით. გირჩევ ჭკუით იყო, თორემ...

- ღმერთმა შენც ჭკუით გამყოფოს, - უსურვა მებაღემ.

ბაგრატამ თითი დაუქნია და წავიდა. ოქროპირიც წასულიყო.

თევდორე შუა ეზოში იდგა ჩაფიქრებული. უცებ მაკრინეს ხმა მოესმა: - კაცო, რომელი გარდანქეშანი შენა ხარ, რომ მთავრობას ეომები?

- ვინ მთავრობას? რომელ მთავრობას?! - გაოცდა თევდორე.

- მთავრობის ხალხია და ესეც არ იცი?

- არა. ესენი მთავრობის ხალხს არა ჰგვანან! - უპასუხა ქმარმა. სამთითი აიღო და გააფთრებული შეუდგა ღობის აღდგენას.

გზა ძეძვით იყო სავსე. გაშიშვლებული მარგილები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ. თევდორემ ბინდამდის იმუშავა. მერმე შინ შემოვიდა და რა გაიგო, რომ ბაბალეც კრებაზე წასულიყო, მაკრინეს შეუტია:

- აი რა სულიერი გაგიზრდია! რა იმის საქმეა კრებაზე ხეტიალი?

 - ქა, რა ჩემი საქმეა! - წაიბუზღუნა მაკრინემ. - ქმარი ჰყავს და სადაც უნდათ, იქ წავლენ.

თევდორემ ყველი და პური გაიტანა და ისევ ღობეს მიაშურა. მთვარიანი ღამე იყო, ამიტომ მთელ ღამეს იმუშავა და შინ მაშინღა დაბრუნდა, როცა მამალმა მეორეჯერ იყივლა. დილით რომ გაიღვიძა, მზეს მოჰკრა თვალი და გაოცდა, ვინაიდან მზემ პირველად დაასწრო ადგომა და პირველად შეარცხვინა.

ორიოდე საათის შემდეგ ოქროპირი და ბაგრატა გამოჩნდნენ და აღდგენილი ღობე რომ დაინახეს, გაოცებით გადაჰხედეს ერთმანეთს.

- ჩვენ ვანგრევთ და ეს კი ისევ აშენებს, - უთხრა ოქროპირმა ბაგრატს. - აკი გეუბნებოდი, ხელს გვიშლის, გვებრძვის და აქაუ-რობას უნდა მოვაშოროთ-მეთქი.

- კაცო, ხომ არ გამიფუჭებია! სხვისი გაფუჭებული გავაკეთე და მადლობა მეკუთვნის. საქონელი შემოვა, ქურდი შემოიპარება და... და მიამიტი მებაღე ვერ მიხვედრილიყო, რომ იმჟამად მას და ამ ადამიანებს გაკეთებაც და გაფუჭებაც სხვადასხვანაირად ესმოდათ.

- ნამდვილი კულაკია-მეთქი, - სთქვა ოქროპირმა.

- მე ვარ კულაკი? შენ მაბრალებ კულაკობას? - წამოიძახა მებაღემ და ბაგრატს მიუბრუნდა: - მე მუდამ მოჯამაგირე ვიყავი. ეს ბაღი ჩემი გაშენებულია. ახლა ეს კაცი მოვიდა და დაიჩემა.

- ვიცი, გიცნობ, - გააწყვეტინა ბაგრატმა. - ეგ სხვაგან გამოარკვიე. მე კი ისიც ვიცი, რომ ეს ბაღი ოქროპირის ნორმა იყო და კოლექტივში შემოიტანა. ეს კაცი ჩვენს რიგებში დგას და გვეხმარება, შენ კი განზე გამდგარხარ, არც კრებაზე მოდიხარ, მტრის ბანაკში გადასულხარ და გვებრძვი. ჰოდა ვინც ჩვენ გვებრძვის, ის ჩვენი მტერია, კულაკია. 

- ვერც ახლა გაიგე, რა არის კულაკი? - ნიშნის მოგებითჰკითხა დამპატიჟემ და კოდალა ცხვირის ქვეშ კბილთა ელვამ ჩაურბინა.

კიდეც გაიგო და ვერც გაიგო. აქამდის ეუბნებოდნენ: კულაკი ის არის, ვინც სხვისი შრომით ცხოვრობს, ვისაც მოჯამაგირე ჰყავსო, ახლა კი გამოირკვა, რომ შესაძლებელია კულაკად თვითონ მოჯამაგირეც ჩათვალონ.

„არ მესმის. ვერ გავიგე“.

- ჩვენთვის სულერთია, ვისი ნორმაა ეს ბაღი, - განუმარტა ბაგრატმა, - შენი, ოქროპირისა, თუ სხვა ვინმესი. ახლა ის კოლექტივისაა და ვინც ამას არ დაემორჩილება, ის ჩვენი მოსისხლე მტერია და ჩვენც მტერივით დავუხვდებით, გაიგე?

თევდორემ ისღა გაიგო, რომ ის ქვეშ იყო მოქცეული, ხოლო ოქროპირი ზედ ედგა და გამარჯვებას ზეიმობდა. მაგრამ მწარე ფიალა არა თუ ჯერ დაცლილი არ იყო, მხოლოდ ახლა მიეყუდებინა.

ბაგრატმა ჰკითხა:

- გვითხარი, მტერი ხარ თუ მოყვარე?

თევდორემ მაკრინეს ნათქვამი გაახსენდა და მიუგო:

- რა გარდანქეშანი მე ვარ, რომ მტრობა გაგიწიოთ?

- მაშ ახლავე დაგვიმტკიცე, რომ მტერი არა ხარ.

თევდორეს შეეშინდა. ეგონა, ბაგრატა ჰკითხავდა, რას ჩურჩულებთ ხოლმე შენ, სევასტი, ნიკიფორე და ზოგი სხვა კულაკიო? მაგრამ ბაგრატმა ამაზე უარესი ელდა დააჯახა:

- დაგვიმტკიცე, რომ მოყვარე ხარ და მოსავალი შენი ხელით-ვე ჩაგვაბარე.

- ბარემ მომკალით!

- თუ მტერი ხარ, არც მოგკლავთ და არც გაცოცხლებთ, და თუ მოყვარე ხარ, დაგვემორჩილე, მოგვიდექი და მოსავალი ჩაგვაბარე. ჰა, სთქვი და გაათავე!

თევდორე სდუმდა.

- ან ჰო, ან არა! - გაახსენა ბაგრატმა. 

თევდორე კვლავ სდუმდა.

- ან მტერი, ან მოყვარე! - მიაწვა ოქროპირიც.

თევდორე მაინც სდუმდა.

- მაშ მტერი ყოფილხარ. - გამოიტანა განჩინება ბაგრატმა.

- არა-მეთქი! - ძლივს ამოიხრიალა თევდორემ.

- ეს მოსავალი და ეს თქვენა. მე რა ძალა მაქვს? მოკრიფეთ და წაიღეთ.

- არა, შვილოსან, ვერ მომატყუებ, - მიუგო ბაგრატმა, - ჩვენ რომ წავიღოთ, მთავრობასთან იჩივლებ და ყაჩაღობას დაგვაბრალებენ. შენი ხელით უნდა მოკრიფო და მოგვიტანო. ნუ გეშინიან, შენს სამყოფ სარჩოს დაგიტოვებთ. აგერ ის ცხენიც უნდა მოგვიყვანო და ძროხაც. ეს ღობე რომ აღადგინე, სოფელში თავი მოგვჭერი. ისევ რომ დავანგრიოთ და შენ კი ხელახლა გააკეთო, მასხარად აგვიგდებენ, ამიტომ გირჩევ შენივე ხელით მოფუშო. და რამდენჯერმე ჰკითხა:

- მოშლი თუ არა?

თევდორე ისევ მიწას დასცქეროდა და სდუმდა.

ახლა განჩინება ოქროპირმა გამოიტანა: - ეს ბაღი ჩემი ნორმაა, ხომ? მე შემოვიტანე კოლექტივში, ხომ? მოსავალიც ჩემია, ხომ? მოსავალიც მე შემოვიტანე კოლექტივში, ხომ? მაშ ამას რას ვეკითხებით?

- იმიტომ ვეკითხები, - მიუგო ბაგრატმა, - რომ მინდა გამოვცადო, მოვარჯულო, მტერს მოვწყვიტო და ჩვენს ბანაკში გადმოვიყვანო.

- ვერ გათეთრდება ყორანი, რაც გინდ რომ ხეხო ქვიშითა, - სთქვა დამპატიჟემ და უკანასკნელი ლოდი ესროლა თევდორეს:- ჩემი სიმამრი გაუსწორებელი კულაკია, აზნაურია.

მებაღემ ახლა კი ასწია თავი და გაიღიმა: - მე ვარ აზნაური თუ შენა? კულაკის სახელს აღარ უარჰყოფდა, მაგრად ჰქონდა მიჭედილი, მაგრამ ეს აზნაურობა რაღა ღვთის რისხვაა! დამპატიჟეს მანამდისაც უთქვამს მისთვის, აზნაური ხარო. თევდორეს ოხუნჯობა ეგონა. ახლა კი ხუმრობით აღარ იყო ნათქვამი. მაშ, სჩანს, მისი სიძე ყველგან ავრცელებდა ამ ჭორს და ახლა საჯაროდაც წამოროშა, შხამიანი ნესტარი დაჰკრა სიმამრს.

თევდორე ხშირად იმეორებდა სადღაც ყურმოკრულ აფორიზმს: „ათასად გვარი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა. თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა“. იმეორებდა და არც გლეხის სახელი მიაჩნდა სათაკილოდ, არც აზნაურობა - სამედიდუროდ.

ოქროპირი მას აქეთ, რაც თევდორეს მონახევრედ მოევლინა, დროულად თუ უდროოდ ბაქიობდა: - მე მიწამ გამზარდა... მე გლეხის შვილი ვარ... ფესვები მიწაში მაქვს გადგმული, და თუ ამოვიგდე, მაშინვე გავხმები.

თევდორემ ერთხელ კიდევ ჰკითხა ღიმილით:

- მე ვარ აზნაური?

- შენა ხარ! - თამამად მიუგო სიძემ. - მთელმა ქვეყანამ იცის და ვერ დამალავ, მამაშენი ლოთი იყო და ამიტომ დაგტოვა უსწავლელი.

- აბა ეგ ხელები მაჩვენე. - უთხრა თევდორემ და ისიც კი არა სთქვა, რომ მისი საწყალი მამის ლოთობა ჯერ არავის გაეგო: მხერხავი იყო. ცხინვალში გაციებულიყო და იქვე დაემარხათ.

ოქროპირმა სიმამრის გაშვერილ კოჟიჟიან ხელებს თავისი უკოჟიჟო ხელები არ დაახვედრა. თევდორემ თავი ჩაუქნია და უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ბაგრატმა დაასწრო:

- ხელების გასინჯვა რა საჭიროა! ამ კაცს კარგა ხანია ვიცნობდა ახლა შენც გაგიცანი. თუ ახლავე შეუდექი ღობის აშლას და ჭირნახულის ჩაბარებას, ხომ კარგი, თუ არა და მარტო შენს თავს დაემდურე. შუადღეზე დაგხედავთ და შენს მტერ-მოყვარეობასაც გავიგებთ. ორივენი წავიდნენ.

თევდორემ შეამჩნია მაკრინე, რომელიც ბოძის ძირში ჩამჯდარიყო და ჩუმად ტიროდა. იქვე ბაბალე ატუზულიყო და ისიც იცრემლებოდა. თევდორემ იცოდა, რაც მოელოდა იმათგან და შეშინებულივით ჩაუხვია ბაღისკენ. იქ ათასი საქმე ჰქონდა, მაგრამ გული უკვნესოდა, საქმეზე აღარ მისდიოდა. გარდა ამისა, სევასტისთვის და ნიკიფორესთვის უნდა მიეტანა ამბავი და, როგორც ურჩევდნენ, ისე მოიქცეოდა.

სევასტის ძროხა დაეკლა, ქათამი და ინდოური სულ გაეწყვიტა და ქალაქში წასაღებად ამზადებდა. ნიკიფორესაც ერთი ცხვარი და ორი ბურვაკი დაეკლა და ჰფუფქავდა.

სოფელს რამდენიმე დღეში გაენახევრებინა საქონელი. დაკლული საქონელი და ფრინველი დილით ქალაქში მიჰქონდათ, მერმე კი მთელი ოჯახობით სჭამდნენ, ლოთობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ძაღლებსაც ასუქებდნენ, თან ტიროდნენ და გაიძახოდნენ:

- გაწყვიტოს ბაგრატას ოჯახი, საქონელი რომ გაგვაწყვეტინა!

- ჭამე! დალიე! ამის მეტი რა შეგვრჩება!

- ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს!

- გიჟი ის არის, ვინც დოვლათი შეინახა!

ტუტუცი მარტო ბერი და კრიჟანგი გამოდგა, მფლანგველი კი წინდახედული და ჭკვიანი ყოფილა. თევდორესაც იპატიჟებდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ისიც აჰყოლოდა და იმასაც გაეწყვიტნა საქონელი. მაგრამ თევდორე არც ქეიფის გუნებაზე იყო და ვერც შვილივით საყვარელ საქონელს იმეტებდა.

დარიგების მისაღებად მისულმა თევდორემ ნიკიფორეს და სევასტის კარ-მიდამოში ახალგაზრდების ჩოჩქოლი შენიშნა, ჟივილ-კივილი მოესმა და მოერიდა, გამობრუნდა, სოფლის ნაპირას გავიდა და მუხის ქვეშ წამოწვა. წინა ღამის ნაჯაფევი იყო და ჩაეძინა. როცა გამოეღვიძა, მზეს აჰხედა და მიხვდა, რომ ბაგრატას მიერ მიცემული ვადა შორს დარჩენოდა.

„სულერთია, შინაც რომ ვყოფილიყავი, არ შევუსრულებდი. რაც უნდათ, ჰქნან, ყველაფერი გათავდა“. 

და როცა ღობიდან თავის კარ-მიდამოს და ბაღ-ბოსტანს გადაჰხედა, მაშინვე მიხვდა, რომ მართლა გათავებულიყო. ეზოში ხილით და ბოსტნეულით დატვირთული ურმები იდგა. ბაგრატა და ოქროპირი განაგებდნენ ბიჭებს, რომლებიც ბაღს შეჰსეოდნენ და ხილს სარებით ბერტყავდნენ, ტოტებს ამსხვრევდნენ და თან ოხუნჯობდნენ.

თევდორე ღობეს გადაევლო და შესძახა:

- ხალხო, რას შვრებით? სარით მაინც ნუ ბერტყავთ. ტოტები იმსხვრევა, ხილი იჟეჟება. ნახევარ ფასშიც ვეღარ გაჰყიდით.

- მოვიდა! მობრძანდა! აბა შენც გვიშველე! - მოაძახეს აქეთ-იქიდან.

- ახლა ეს ბაღი თქვენია და მერმისაც დაგჭირდებათ! - არა ცხრებოდა მებაღე და აქეთ-იქით დარბოდა. - მაგ მკუხე მსხალს რომ ჰკრეფათ, რა ოხრად გინდათ? ხვალვე გადასაყრელი გაგიხდებათ. მანდედან მოშორდით, თორემ... - ერთ მსხვილ სარს დაავლო ხელი და შეუტია - მოშორდით-მეთქი, თქვე ლაწირაკებო! აგერ ის დაკრიფეთ, წაიღეთ და შეხეთქეთ!.. ახლავე ჩამოდით მანდედან, თორემ ფეხებს დაგამტვრევთ! და სამიოდეს მაგრად მისცხო რბილ ალაგებში.

ჭაბუკებმა მხიარული ჭრიამული ასტეხეს:

- ბიჭოს! თევდორე აღარა ხუმრობს!

- ჰარიქა, თავს უშველეთ!

- ნუ მცემ, ძია! აჰა, ჩამოვდივარ.

ბიჭები ხის ტოტებიდან მაიმუნებივით ცვიოდნენ და სიცილით გარბოდნენ. შეფიცხებული თევდორე კი ისე მბრძანებლობდა მათ, როგორც საკუთარ ლაშქარს:

- სარით აღარ დაბერტყოთ... ზევით სამი კიბეა და მოიტანეთ, აბა ჩქარა! რას იზლაზნებით კამეჩივით? მალე გაიარეთ!.. თქვე ნჰეი, თოხით კომბოსტოს მოჭრა ვის გაუგია?.. ცინგლიანო, ეგ ნამყენი არ მოტეხო, თორემ მაგ ყვინჩილა კისერს მოგტეხავ.

ცოტა ხნის შემდეგ წესიერად ჰკრეფდნენ, წესიერად ალაგებდნენ გოდრებში და წესიერად გაჰქონდათ ეზოდან.

თევდორე კიმოსაკრეფს უჩვენებდა, კრეფას ასწავლიდა, თან მოტეხილ-დაგონჯებულ ხეებს ათვალიერებდა და ანგარიშობდა: სად რა უნდა მოეჭრა, სად უნდა წაეგლისა მალამო და როგორ განეკურნებინა ხეხილის ჭრილობანი. მკრეფავთა ჯარი მოზრდილი იყო და ადრე გაათავეს.

ბაგრატა და ოქროპირი თევდორეს კორდიდან ადევნებდნენ თვალყურს და მისი ყოფა-ქცევის მიზეზი ვერ გაეგოთ. ბოლოს ასე იფიქრეს: რადგან ამ ბაღისა თევდორეს არაფერი ეკუთვნის, ის კი მაინც გაისარჯა და კრეფის თადარიგიც იკისრა, ეს ალბათ დამორჩილების ნიშანია და უნდა შევამოწმოთო.

ბაგრატმა ამიტომ ჩამოუარა და ამიტომ ჰკითხა უხეშად:

- ხომ დაგვემორჩილე? ამას იქითაც იჯანჯლებ?

თევდორემ გაოცებით აჰხედა და მკვახედ მიუგო:

- სამორჩილო მე არაფერი მაქვს. თქვენ მოკრიფეთ და თქვენვე წაიღეთ. მე კი თავი დამანებეთ და ნურც ჩემი იმედი გექნებათ.

- ალბათ ჩივილს აპირებ.

- ეგ შენ არ გეკითხება.

ბაგრატა მოშორდა და ოციოდე კაცს თევდორეს სახლში შეუძღვა. ეს საქმეც ნახევარ საათში მოათავეს: ოქროპირი ქვემოთ ჩამოასახლეს, ზემო სართული კი „იმედის“ გამგეობას მიაკუთვნეს. მაგრამ რადგან ოქროპირმა თავისი სიმამრი ჭირიან კულაკად და აზნაურად გამოაცხადა და აღარ სურდა თევდორესთან ერთ ოჯახში ეცხოვრა, ამიტომ მას ქვემო სართულში ერთი მოზრდილი ოთახი დაუთმეს, ხოლო თევდორე და მაკრინე შეასახლეს სახლის მოშორებით მდგარ ძველ ფიცრულში, სადაც უწინ ხილის საწყობი იყო. მისი საკუთარი ბარგი და ავეჯი უკლებლივ შეუნარჩუნეს, საკმაო სარჩოც დაუტოვეს და წასვლა დააპირეს.

მაკრინე ცრემლის შეშრობას ძლივს ასწრებდა. გახელებულ ქმარს გვერდზე გაუარა და ჩაუსისინა:

- სულ შენი ბრალია, შენი! დროზე მაინც დაბრუნდებოდი, შეპირშავო! ცხენი წაიყვანეს და იქნება გეშველა რამე.

- ცხენიც?! - ამოიკვნესა ელდანაკრავმა ქმარმა.

ამ დროს გზაზე ნახირის ბღავილი გაისმა. თევდორეს ძროხამ ეზოში შემოიხედა და შესდგა. ბოძზე მიბმულმა ხბომ დაიღნავლა და დედისკენ გაიწია.

ბაგრატმა ერთ ჭაბუკს რაღაც ჩასჩურჩულა. ჭაბუკი გაიქცა, ძროხა გააბრუნა და წინ გაიგდო.

მაკრინემ შეჰკივლა: - უიმე, დამიდგეს თვალები! შე უღმერთო, შენა, ჩემს ტიტიკოს რაღა ვაჭამო?!

ბიჭო ბაგრატ, შხამად შეგერგოს დედის რძეც და ძროხისაც!

ბაგრატი უსიტყვოდ გავიდა ეზოდან.

ოქროპირი ფერწასული იდგა და სდუმდა. ვერც თევდორეს ამოეღო ხმა. ტიტიკო ტიროდა, ძროხისკენ იწევდა. ბაბალე ცალი ხელით შვილს იჭერდა და მეორე ხელით ცრემლს იხოცავდა. უცებ ქმარს მიუბრუნდა და მიაძახა: - ნეტა ის დღე არ გამთენებოდა, როცა პირველად დაგინახე, შე უნამუსოვ, შენა!

სამტრო ბანაკში მოქცეული დამპატიჟე ალაგიდან მოსხლტა და ბაგრატას დაეწია. ძროხა უკან იხედებოდა, ბღაოდა და შინისკენ მოიწევდა.

- ბიჭო, შე არ გასაზრდელო, - გასძახა მაკრინემ ძროხის წამყვანს, - ბარემ ეს ბოჩოლაც წაიყვანე, თორემ მშიერი მოკვდება, მოუკვდი მშიერი დედაშენსა!

აშვებული ხბო კუნტრუშით დაედევნა ძროხას, ფეხებში გაეხლართა და ძუძუებს ეცა. მაკრინე კი გამოტრიალდა და ცრემლმორეულ ქმარს ერთხელ კიდევ მიახალა:

- სულ შენი ბრალია, შენი! ახლა აგიშენდება ოჯახი, დაგიდგესეგ თვალები!

- დედაკაცო, რა გინდათ ჩემგან? - ცრემლიანი ხმით შეჰღაღადა ქმარმა, რომელიც ხანგრძლივ მოზიდული შვილდივით მოდუნდა. - რას მერჩი, რა დაგიშავე? გინდა თავი მომაკვლევინო? და რათა ყელში მომდგარ ბოღმას იქვე არ გადმოეხეთქა, ბაღში ჩავიდა და ვაშლის ძირში მიწვა.

როცა მაკრინემ გააღვიძა, შუაღამეს ბევრი აღარაფერი აკლდა. გააღვიძა და მისი ხშირი ქშენა რომ გაიგონა, მუხლზე დაიკრა ხელი და წამოიძახა:

- ვაიმე! ესღა მაკლდა!

თევდორეს მართლა ესღა აკლდა. ტანში ტეხას და ჟრჟოლას გრძნობდა. თავი ძლივს ასწია, ტანი ძლივს აიტანა, იღლიაში შემჯდარ ცოლს დაეყრდნო და თავის ახალ სადგომამდის ძლივს აეთრია. ხოლო რიჟრაჟზე უგონოდ ბორგავდა და ყვიროდა:

- სიძევ, ნუ გამიაზნაურდი!.. ბიჭებო, მკვახე ხილი რა ოხრად გინდათ?.. დედაკაცო, შენ რაღას მერჩი?..

 

IV

 

ჯიშმაგარი თევდორე კლანჭებიდან გაუსხლტა სიკვდილს და იმ უწყლო ხრიოკ მიწას ეძგერა, რომელიც არხის გაღმა მიუგდეს.

რიჟრაჟი რომ მოატანს, მისი ლანდი უკვე იქ დაცოცავს და იქაურობას ჰგლეჯს, ჰფქვავს და ჰკორტნის. გაშმაგებული ბარი დევის კბილივით კრიალებს და ჭახუნით ახრამუნებს თიხნარს და ქვიშნარს. გააფთრებული თოხი მშიერი ძაღლივით თქვლეფს ბალახბულახს. მაკრინეც იქვე მოხრილა რკალივით და მიწას ჰკვალავს, აფხვიერებს და ისე ჩაჰკირკიტებს, თითქო რაღაცას ასწავლიდეს და ვერ შეესმენინოს, თითქო დაკარგულს ეძებდეს და ვერ ეპოვნოს.

დროგამოშვებით თევდორე გოდორს აიკიდებს და გაღმიდან სასუქს და შავ მიწას მოაძუნძულებს. ამას წინათ იანგარიშა: ასე რომ იმუშავოს, თევდორე გაზაფხულის დამლევამდის ათას გოდორს გაიტანს, პატარა ბოსტანს გაიჩენს და ორი სულის სარჩოს იშოვის. ან რა ბევრი უნდათ თევდორეს და მაკრინეს? ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო და მწვანილი. ზედმეტს გაჰყიდის, სიმინდის ფქვილს იყიდის და ერთ წელიწადს იოლად წავლენ. მერ მეკი... ვინ იცის მერმისს რა მოხდეს, საქმე როგორ შეიცვალოს?

დიდი ხანია, რაც ცოლ-ქმარი მჭადს გადაეჩვია და პურსა და ხორცეულს შეეჩვია, მაგრამ განა ძნელია ხელახლა შეჩვევაც და გადაჩვევაც?!

გარდა ამისა, ზოგი ჭირი მარგებელია: „იმედმა“თევდორეს ბაღ-ბოსტანთან ერთად ჩამოაშორა დამპატიჟე და მისი ცოლ-შვილიც, რომელიც ხარჯის მხრივ ორ ოჯახს მაინც უდრიდა. მართალია, რაჭველ მებაღეს საკვები დააკლეს, მაგრამ სამაგიეროდ ტვირთი შეუმსუბუქეს. იმ დღიდან მისი ნაოფლარი „იმკაცებს“ აღარ მისდის, დუქნებში აღარ იფლანგება, დამპატიჟეს წუღა-მესტებში, აბრეშუმის ხალათებში და მყრალ თამბაქოში აღარ იხარჯება.

ავდარში და საღამოობით თევდორე შინ რჩება და ვერ გაუგია, ნიადაგ „იმედის“ გამგეობაში და ეზოში რატომ ტრიალებს იმდენი ხალხი? რად ყაყანებენ, რას დავობენ, რას იყოფენ? როდისღა მუშაობს ეს ხალხი? როდის ამუშავდება სოფელი უწინდელივით - რიჟრაჟიდან ბინდამდის და ორშაბათიდან კვირაძალამდის?

როცა თევდორე ამას წინათ სიკვდილის კლანჭებში ფართხალებდა, ყველაზე მეტად იმას სწუხდა, რომ ლოგინში უქმად ეგდო და ამ დროს სადღაც საქმე რჩებოდა გაუკეთებელი. ვინ დასთვლის, იმ ერთ თვეში რამდენი საქმე წაუვიდა ხელიდან? შრომას შეჩვეული თევდორე ვერც ავდარში ისვენებს: კალათებს სწნავს, ქალამნებს ასხამს, რაღაცას ცოდვილობს და ამ მცირე ნახელავს სოფელში ჰყიდის.

- აკი ვამბობდი, კულაკია-მეთქი! - არ ისვენებდა დამპატიჟე.- ახლა ვაჭრობაც დაიწყო. ეგეც კულაკებისთვის უნდა გაგვეტანებინა, აქედან უნდა მოგვეშორებინა.

თევდორე დაშინებული იყო. ნიკიფორეს, სევასტის და ზოგ სხვასაც კინაღამ ისიც გააყოლეს! ეშინოდა, მაგრამ ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ერჩია და ამიტომ ჩუმად განაგრძობდა უცოდველ საქმეს: დიდი ცოცხით ეზოს მიადგებოდა და იქაურობას ხელისგულივით ასუფთავებდა. მისი ნათქვამიც გამართლდა: მორღვეულ ღობეში საქონელი შემოდიოდა, ხეხილს ამტვრევდა, ბოსტანს აჩანაგებდა, თევდორესი არაფერიც არ ფუჭდებოდა, მაგრამ მაინც ვერ ითმენდა, საქონელს ერეკებოდა, მორღვეულ-ჩატეხილ ღობეს ამაგრებდა და ბაღის ახალ პატრონს - ბედოვლათ ბაგრატს ჩუმად ლანძღავდა.

ერთხელ ბაგრატმა მოასწრო, დაუბღვირა და უთხრა:

- ვინ გეკითხება, ამ ღობეს რომ აწვალებ?

- საქონელმა ბაღი აიკლო და მეცოდება. 

- ვიცი, რაც გეცოდება, - მუქარით მიუგო ბაგრატმა. - გგონია დაგიბრუნდება და იმიტომ გტკივა ეგ კულაკური გული. გირჩევ ხელი აიღო. ნურაფერს ელი, არაფერიც არ იქნება.

„მადლი მატლად მიაქცია“, - გაიფიქრა თევდორემ, ხოლო ბაგრატს უპასუხა:

- მე არაფერსაც არ ველი, თუნდ ძირიანად ამოუგდიათ თქვენი ბაღი.

მას შემდეგ საქმეს თითსაც აღარ აკარებდა, მაგრამ გულს საგულეში ვერ იტევდა და „იმედის“ ბედოვლათ ხელმძღვანელებ სწარამარა ჰკბენდა.

ბაბალე ხშირად შემორბოდა დედ-მამის ქოხში და ათასი ჭორი და მართალი მოჰქონდა, ჭირიან ნათესავებს პირს არიდებდა და ეშინოდა, „იმედის“ წევრებმა არაფერი დამწამონო.

ოქროპირი „იმედის“ მეკუჭნავე იყო და იქვე გვერდით გამოულეველი ჰქონდა ღვინო და ხილი, შაშხი და ერბო, ყველი, ფქვილი, კვერცხი, ჩირი და ყოველნაირი სანოვაგე. პირველ ხანს სამსახურში მეტისმეტად ფიცხობდა: დღეში იმ კიბეზე ასჯერ არბოდ-ჩამორბოდა. მისი კოდალა ცხვირი ხშირად მოსჩანდა აივანზე და ეზოში. გრძელ ხელებს უდროოდ იქნევდა ნიჩბებივით და ერთხელ გაცემულ განკარგულებას ათჯერ სცვლიდა და ათჯერ იმეორებდა. არ იცოდა როდის, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო და როგორ უნდა შეენახა ის ჭირნახული, რომელიც მას ჩააბარა „იმედმა“, მაგრამ იმ სოფელში გამკითხავი თითქმის არ იყო და ამიტომ დამპატიჟეს ხელში ის ჭირნახული დნებოდა, ლპებოდა და ჩუმად მიემგზავრებოდა ქალაქისკენ.

სოფელი რომ მიიძინებდა, ზოგჯერ „იმედის“ კანტორა ხელმეორედ იღვიძებდა და სუფრული, მრავალჟამიერი, ლეკური და „ვაი-ვუი“ თევდორეს ფიცრულს გათენებამდის აზანზარებდა. მეორე დღეს ადრე დილით მოსული იმედელები შუადღემდის ელოდნენ ხოლმე ხელმძღვანელებს და უშვერი გინებით იშლებოდნენ.

 

V

 

ზამთრის და გაზაფხულის მიჯნაზე გაზეთებმა სასიხარულო ამბავი მოიტანეს - მთავრობამ ახალი დადგენილება გამოიტანა: თუ სადმე, რომელიმე კოლექტივში კანონს არღვევდნენ, ამიერიდან ეს უნდა აღიკვეთოსო.

ამ ამბავმა თევდორეს მაშინ მიუსწრო, როცა სასუქით სავსე გოდორს მიაძუნძულებდა.

- თევდორე! - გადმოსძახა აივნიდან კიკნაძემ, - აქ მო, აქა! ეგ გოდორი დააგდე და წამოდი, აბა ჩქარა!

იმ აივნიდან რამდენიმე გლეხიც უქნევდა ხელს. აქეთ-იქიდან სხვებიც იქით მიეშურებოდნენ.

თევდორემ გოდორი მიწაზე დაუშვა და წავიდა. აივანი ხალხით გაივსო.

- კარგი ამბავია გაზეთში დაბეჭდილი და უნდა წავიკითხოთ, - უთხრეს თევდორეს.

გაზეთი კიკნაძემ წაიკითხა, თან ბორძიკობდა, თავის თავს თვითონვე აწყვეტინებდა და სხვებიც სიხარულის და გაოცების შენაძახებით აფერხებდნენ:

- ახლა კი გვეშველა!

- ყური უგდეთ, ყური!

აივანზე, ეზოში და სოფელშიც გაუთავებელი ყაყანი და ჟრიამული იდგა. ვინც „იმედში“ ძალით იყო შეთრეული, იმ გაზეთმა გაახარა, ვინც ნებსით შევიდა - ჩააფიქრა, ხოლო უხეირო თაოსნები დააღონა.

თევდორეს რამდენჯერმე ჰკითხეს: - თევდორე, შენ რაღას გვეტყვი?

არა, შვილოსა, თევდორე აღარ გაბრიყვდება, არაფერსაც არ ეტყვის, ჯერ მოისაზრებს, მოიცდის და მერმე მოსჭრის. შესაძლებელია ბაგრატა და ოქროპირი აქვე დარჩნენ და მაშინ... არა-მეთქი! სჯობს ჯერჯერობით სოფლის ყაყანს უგდოს ყური. ეს ყაყანი რამდენიმე დღეში კალაპოტს იპოვნის, ნათლად ჩამოყალიბდება და თევდორეც მაშინ აირჩევს გეზს. ახლა კი თავის გოდორს დაუბრუნდება და ამ საქმეს სასუქის ზიდვაში მოიფიქრებს.

კარგად რომ შეღამდა, „იმედის“ გამგეობის კრება დაიწყო და შუაღამემდის გაგრძელდა.

თევდორეს ჟრიამული და ყაყანი ესმოდა:

- თქვენი ბრალია! თქვენ მოგვატყუეთ!

- ტყუილია, მე არ მითქვამს!

ამ ჟრიამულს ბაგრატას ხმა ჰფარავდა.

- შენც აქ იყავი!.. შენც მხარს მიჭერდი!.. მარტო მე ნუ მაბრალებთ!.. შენც მოღალატე ყოფილხარ!

მეორე დღეს ბნელ ღამეში ოქროპირი ქურდივით შეიპარა თევდორეს ქოხში და ლაზღანდარულად დაიწყო:

- აზნაურო, როგორ ბრძანდები!

თევდორემ შეუბღვირა და მიუგო:

- ზოგი აზნაური ისევ აზნაურობს, მე კი მუდამ გლეხი ვიყავი...

- ვინ აზნაურობს ახლა?

- თუნდ ჩვენი დამპატიჟე. უწინ გლეხთან ლაპარაკისა და მისოჯახში შესვლისა და არც ერთ აზნაურს არ ეშინოდა. შენ კი შენი სიმამრის ნახვისა გეშინიან.

- მაგას თავი დავანებოთ.

- ახლა დავანებოთ, მაგრამ როცა დრო მოვა, მაშინ გავიხსენოთ.

- სიმამრო, ახლა მაგის დრო აღარ არის. მოდი წარსული დავივიწყოთ. შენ ძველი თაობის კაცი ხარ, მე კი ახალ დროებას მივდევ და ამიტომ გიყვირი ხოლმე განგებ, ამიტომ გექცევი მკაცრად. ყველგან რომ ნათესაურად მოგექცე, მეც კულაკებს გამაყოლებენ და ყველანი დავიღუპებით: შენც, მეც, შენი ქალი ბაბალეც და მაკრინეც.

- კარგი ნათესაობაა, შენ არ მომიკვდე! - წამოიძახა თევდორემ. - ყველაფერში მატყუებ, თაღლითობ, ქონებას ფლანგავ...

- კარგი, ჩემო თევდორევ! მე და შენი ქალი ახალგაზრდები ვართ და ჩვენც სიცოცხლე გვინდა, შენ კი კრიჟანგი ხარ და ამიტომ გატყუებ ხოლმე, თორემ...

- ახლა რისთვის მოხვედი? - სუსხიანად გააწყვეტინა სიმამრმა.

- გუშინ ერთხელ კიდევ დაგეხმარე: გადასახადის ნარჩენი ჩამოვაწერინე, - მიუგო სიძემ.

თევდორემ უკვე იცოდა, რომ ის ხუთასი მანეთი აღმასკომის თავმჯდომარის წყალობით აპატიეს, მაგრამ ხმა არ ამოიღო დაგატვრინდა.

- ამას წინათ შენი გადასახლება უნდოდათ, - განაგრძო სიძემ, - მაგრამ მე ზომები მივიღე და გადაგარჩინე.

- მაშ დავღუპულვარ! - გულწრფელად წამოიძახა თევდორემ.

- რატომ, შე კაი კაცო! გადაგარჩინე-მეთქი?

- სწორედ მაგიტომ დავღუპულვარ, - მიუგო სიმამრმა, - შენ ათჯერ გადამარჩინე და აი, მიიხედ-მოიხედე და ნახე, როგორ გადავრჩი. ახლა მეთერთმეტეჯერ გადამარჩინე და ალბათ სულიც ამომძვრება.

„ამან რომ ლაპარაკი ისწავლოს, - გაიფიქრა ოქროპირმა, - ჩემისთანა ხალხი შიმშილით ამოწყდება“. გაიფიქრა და ნაძალადევად გაიცინა.

თევდორემ კი გულისყური გაილესა და იფიქრა:

„დამპატიჟე ახალ მახეს მიგებს და ფრთხილად უნდა ვიყო“.

ოქროპირი მეასეჯერ მოუყვა კერძო საკუთრების მავნებლობას და კოლმეურნეობის უპირატესობას, კულაკების ხრიკებს და მათს გამოაშკარავებას, კერძო ხალხის გაჭირვებას და კოლმეურნეთა ჩაცმას, დახურვას და გაძღომას, - კოლმეურნეობა სოციალიზმის საფუძველიაო, დაურთო ბოლოს გაზეთიდან ამოკითხული სიტყვები.

- ნამდვილი სოციალიზმი შენი სამარეა, მე კი სწორედ მაშინ წამოვიწევ და გავხდები კაცი, - მიუგო თევდორემ.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამან ენა ამოიდგას“, - კიდევ გაიფიქრა ოქროპირმა და ჰკითხა:

- მაინც სთქვი, რატომ არ შემოდიხარ „იმედში“?

- იმიტომ არ შემოვდივარ, რომ გონიერი ხალხი შენობას ქვევიდან აშენებს და დასანგრევს ზევიდან ანგრევს. თქვენ კი ზევიდან აშენებთ და ქვევიდან ანგრევთ.

- ტყუილად მითხარი „თქვენ“. მე ჯერ პარტიაში არა ვარ. შესასვლელად ახლა ვემზადები.

- მე პარტიაზე კი არა, „იმედზე“ მოგახსენე.

- შენ მეტწილად მტყუანი ხარ, თევდორე.

- მე მუდამ მტყუანი ვარ. იმიტომ ვარ მტყუანი, რომ მართალი ვარ, სიმართლე მიყვარს და არა ვმალავ. შენ და ბაგრატა კი...

- დაიცა, ჩემო სიმამრო, მე მაგისთვის არ მოვსულვარ, - გააწყვეტინა სიძემ და აღარ დაუმალა:

- ან ახლა უნდა შემოხვიდე, ან არასოდეს.

თევდორემ იცოდა, რომ ამას წინათ გამგეობის გაფართოებულ სხდომაზე სამ წევრს შეეტია გამგეობისათვის და ეთქვათ: ჩვენს სოფელში და ახლომახლო თევდორე ყველაზე მცოდნეა, ყველაზე გამძლეა, ყველაზე შრომისმოყვარე, ყველაზე პატიოსანი და განზე რატომ დააყენეთო?

- მართალია, მართალი! - წამოიძახეს თურმე აქა-იქ.

თავმჯდომარეს განუცხადებია:

- თევდორე კულაკებს აჰყვა, თევდორე ჩვენი მტერია და ამიტომ...

 - ვისი მტერია, კოლექტივის თუ თქვენი?.. არა გვჯერა!.. ნუგვატყუებთ!.. - მიაყარეს თურმე აქეთ-იქიდან.

- ის კი არ გადაგვემტერა, თქვენ გადაიმტერეთ! - მოურიდებლად მიუხლია მისთვის კიკნაძეს.

ბაგრატს საქმე მიუფუჩეჩებია და სხდომა დაუხურავს, ახლა კიმოციქულს უგზავნის თევდორეს და განზრახული აქვს მისი სახელი გამოიყენოს, უკმაყოფილონი დააშოშმინოს და განახევრებული „იმედი“ ხელახლა შეავსოს.

- შემოხვალ თუ არა? - ჰკითხა სიძემ.

- მოვიფიქრებ, - მიუგო სიმამრმა, რომელსაც მოფიქრებულიც ჰქონდა და გადაჭრილიც: რა თქმა უნდა, არ შევა. იმიტომ არ შევა, რომ ბაგრატს და ოქროპირს ვერ მოურიგდება. მანამ არ შევა, სანამ ახალ ხალხს არ დაუნიშნავენ და საქმეს სხვანაირად არ წარმართავენ.

ოქროპირმა მეოთხე და მეხუთე დღესაც გაახსენა და ისევ ის პასუხი მიიღო:

- მოვიფიქრებ და მე თვითონ შეგატყობინებ.

და არაფერიც არ შეატყობინა.

ბაგრატა გამწყრალიყო და ეთქვა: რაკი აგრეა, ძალიანაც რომ შემეხვეწოს, აღარ მივიღებ, ან მე და ან თევდორეო.

ქალაქიდან ახალ-ახალი ამბები მოდიოდა: ვინც „იმედიდან“ გავიდა, ყველას მისი ქონება უკანვე დაუბრუნეთო, მაგრამ ბაგრატა უარზე იდგა, მაგისთანა ბრძანება არ მომსვლიაო. თევდორეს ბაღ-ბოსტანი დამპატიჟემ შეიტანა „იმედში“ და თევდორეს რა ხელი ჰქონდა! ამიტომ თევდორე არა ჩქარობდა, ხმასაც აღარ იღებდა, ისევ ღატაკ კულაკად რჩებოდა და თავის ჯერს უცდიდა.

დამპატიჟემ ერთხელ კიდევ გააფრთხილა სიმამრი:

- უკანასკნელად გეუბნები: თუ ერთ კვირაში შემოხვალ კოლექტივში, ხომ კარგი, თუ არა და მერე ქრისტე ღმერთიც ვეღარ გიშველის.

- ჯერჯერობით მთავრობამ გვიშველა, ღმერთმა ააშენოს იმათი ოჯახი, და ამას იქითაც იმის იმედით ვიქნებით, - მიუგო მებაღემ.

- „იმედიც“ იმის იმედით არის, - მოუჭრა ოქროპირმა.

- ეგ მეც ვიცი. თქვენი „იმედი“ და ჩვენი იმედი ერთად არიან. მაგრამ შუაში უხეირო ხალხი ჩაგვიდგა და ჩვენი იმედიც და თქვენი „იმედიც“ წყალს გაატანეს, - დინჯი ღიმილით მიუბრუნა თევდორემ.

- ნახავ, თევდორევ, მაგ წყალმა რა გიყოს, - გაათავა ოქროპირმა და გაბრუნდა.

მაშინ თევდორემ „წყლის“ მნიშვნელობა ვერ გაიგო, რამდენიმე კვირის შემდეგ კი თვალნათლივ გააგებინეს და თვითონ ის გადაუშვეს იმ წყალში, რომელსაც მან თავისი იმედიც და მათი „იმედიც“ გააყოლა.

თევდორემ ზამთრის დამლევამდის იმდენი ირბინა არხის გაღმა-გამოღმა, რომ ბილიკი გატკეპნა; იმდენი გოდორი სასუქი გადაიტანა, რომ ვერც კი დათვალა; იმდენი ურახუნა იმ ხრიოკს, სანამ თიხნარს არ დაამუქებდა, კვლებს არ გაიყვანდა, არ დათესავდა, არ შემოღობავდა, და როცა ყველაფერი მოათავა, რუს გაყვანას შეუდგა. შეუდგა და მაშინვე გააწყვეტინეს:

- ბაგრატა გეძახის, ახლავე მოვიდესო.

- ბაგრატას ჩემთან რა საქმე აქვს?

- იქ გაიგებ. აბა ჩქარა!

ბაგრატამ სალამზე არც კი გასცა პასუხი და ზედიზედ მიაყარა:

- შენმა იკლიკანტობამ თავი მოგვაბეზრა. სოფელი აგვირიე, ყველა შენზე ლაპარაკობს. დღე და ღამ გვიჩუჩხუნებ და აღარ გვასვენებ. ჯერ იყო და დაგინდეთ, არ გადაგასახლეთ. ცალკე მიწაც კი მოგიზომეთ. გვეგონა შენთვის იქნებოდი, მაგრამ უმადური და მოუსვენარი ვინმე ყოფილხარ. რატომ კოლექტივში არ შემოდიხარ?.. სთქვი, რას გაჩუმებულხარ! ხმა ამოიღე, რაღა!

- ჯერ ისინი დააბრუნე, ვინც გაიქცა, - ამოიღო ხმა თევდორემ, - და მერე მე მკითხე.

- შენ იმათ მოსარჩლედ ვინ დაგაყენა? - აუწია ხმას ბაგრატამ. - შენ კულაკების პოდკულაჩნიკი ხარ და ეს გალაპარაკებს, განა?!

- ეგ პოდკულაკი რაღა რაღა ჯანდაბაა?! - გაოცდა თევდორე.

- ეს ის ჯანდაბაა, რომელიც საბოლოოდ გამოგჭრის ყელს. პოდკულაჩნიკი კულაკის მაჩანჩალაა, გაიგე თუ არა?

ეს კი გაიგო, მაგრამ ის ვეღარ გაიგო: რა შესცვალა ამ კაცის გონებაში მთავრობის ახალმა დადგენილებამ? ხრიოკი და უწყლო ალაგი რომ მიუგდეს, რომელიც ჩალის ფასადაც არა ღირს, ეს რაღა დასაყვედრებელია? მზამზარეული საუცხოო ბაღ-ბოსტანი რომ დაიჩემეს. რატომ ამას არ აგდებენ ანგარიშში? თევდორე კარგა ხანია დამუნჯდა, ერთი სიტყვაც არ დაუძრავს და რაღა ახლა გაახსენდათ მისი ნაჩურჩულევი?

- სჩანს არ გინდა შემოხვიდე, - გაახსენა ბაგრატამ.

- მოვიფიქრებ.

- შენს მოფიქრებას ბოლო არ უჩანს, არც უწინ დაგვიტანებია ძალა და არც ახლა გატანთ.

- მაშ გეახლებით. მშვიდობით იყავით.

- დაიცა, რაღაც უნდა მეთქვა და დამავიწყდა... ჰო, მართლა: მგონი შენს ახალ ბოსტანში წყალი გაგყავს, არა?

- დიაღ, გამყავს.

- ხელი აიღე. ნებას არ მოგცემთ. წყალი „იმედისაა“ და ჩვენც არ გვყოფნის.

თევდორეს თავში ჟრჟოლამ დაჰკრა და ქუსლებში ჩაურბინა.

- როგორ თუ არა გყოფნით! ნახევარზე მეტი ტყუილად იღვრება.

- წლეულ აღარ დაიღვრება. მინდვრებში უნდა მივუშვათ, სათიბები და საძოვარი უნდა მოვრწყათ.

- მაშ საძოვრისთვის გაქვთ წყალი და ჩემთვის კი არა გაქვთ?

- არა გვაქვს. ტყუილად ნუღარ ვლაპარაკობთ. წადი და იფიქრე, შემოდიხარ „იმედში“ თუ არა? მაგრამ იცოდე, ძალას არ გატან.

- ძალაა, მაშ რა ჯანდაბაა!

- ძალას არ გატან-მეთქი. ახლა შენ იცი! - მოუჭრა „იმედის“ მეთაურმა და გავიდა.

თევდორე ძლივს ჩამობორიალდა კიბეზე, თავის ქოხს მიაღწია და მაკრინეს უთხრა:

- დედაკაცო, ახლა კი ვიღუპებით! - და ყველაფერი უამბო.

„დედაკაცი გველია. შეგიჩნდება, ჩაგიძვრება და“... და განა მუდამ გაიტანს!

თევდორე გაკერპდა და მაკრინეს ხვეწნა-ჩურჩულს კაჟივით დაუხვდა:

- არა-მეთქი, არა! - სჭრიდა მტკიცედ და ულმობლად. - ძალას არ გავყვები!

- რა ძალა გაქვს, რომ არ გაჰყვე?

- ცხენს შევაბამ, დღიურზე ვივლი და არ გავყვები!

- გენაცვალეთ, ეგ რა შენი საქმეა? მაგოდენა ბრგე ვაჟკაცი ჯაგლაგა ცხენს უნდა მისჩანჩალებდე?

- აგრე ვიზამ.

- მაშ ჩვენი რვა თვის მუშაობა წყალს გავატანოთ, რაღა!

საღამო ჟამს გალეშილი ოქროპირი შეხვდა თევდორეს და მიუგდო:

- ერთხელ კიდევ ხომ წაგაქციე, სიმამრო? - წაბარბაცდა, ბოძს მოეჭიდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა გააბა: ტაბახმელელ გოგოებმა ვაი რა მიყვესო, სტვირის გუდა დამიხიეს, ნიფხვად ჩაიცვესო. ჰაი-ჰუუი, გოგოებო!

ბაბალემ ძალით შეათრია ოთახში და კარი მოხურა. იქვე ეზოში ათიოდე იმედელი იდგა და ნიფხვის ხსენებაზედაც კი არ გაიღიმეს.

გამგეობის წევრი შალვა გიგაძე კიბეზე იდგა და ეს საუბარი იმანაც გაიგო. მერმე მწყრალი ნაბიჯით ჩამოვიდა და გლეხებს განრიგება მისცა:

- შენ და გოლა ხვალ რიჟრაჟზე მწვანილს ჩაიტანთ ქალაქში... შენ და მიხა კომბოსტოს ნერგს დარგავთ. ორ დედაკაცსაც წაიყვანთ... შენი სათბურები სულ არ ვარგა. მინები დამტვრეულია. ხვალვე ჩაასმევინე, თორემ ნერგი გაფუჭდება და ჯარიმას დაგადებ.

 

VI

 

კარგა ხანია, რაც თევდორე შალვას უთვალთვალებდა და ძლიერ მოსწონდა. მოსწონდა მისი თავდაჭერილი ქცევა, მისი მხნეობა, მოკლე, მკვეთრი ლაპარაკი. მოსწონდა მისი სუფთა სახლ-კარი, მისივე შრომით აყვავებული პატარა ბაღი, საძირკვლად რომ დაუდო „იმედს“. მოსწონდა მისი მაზარაც, კოხტად რომ ეცვა მკვრივ ტანზე და მუდამ შეკრული ჰქონდა. მოსწონდა მისი მაღალყელიანი ჩექმებიც. ტალახიან სოფელშიც რომ მუდამ უკრიალებდა. მას „იმედში“ ბაღები და ბოსტნები ებარა. ამ რთულ საქმეს ისე ბეჯითად ასრულებდა, ერთხელ თევდორემაც კი ღირსად მიიჩნი ათავისთვის გაეფიქრა:

„მუშაობაში მარტო ეს კაცი მაჯობებს და მეტი ვერავინა“.

ან რატომ არ უნდა ეღიარებინა ნამუსიან თევდორეს? შალვამ მრავალჯერ დაასწრო ადგომა: შალვამ შეიტანა თავის დარგში წესრიგი; შალვამ შეაჩვია თავის რაზმი ერთგულ შრომას; შალვამ გადააჩვია ზოგიერთი ლოთობას და ცუღლუტობას; შალვამ მოიხვეჭა ნდობა და სიყვარული მშრომელი ხალხისა.

მიუხედავად ამისა, „იმედი“ მაინც დნებოდა, ვინაიდან მეთაურ ბაგრატს არც სოფლისა ესმოდა რამე, არც ხალხის შერჩევის უნარი ჰქონდა და არც საქმის განრიგებისა. არ იცოდა ვისთვის რა ჩაებარებინა და ესოდენ მრავალფერი საქმისთვის თავი და ბოლო როგორ გადაება. „ეს კი გადააბამს. ხალხსაც იცნობს და სოფლის საქმესაც.

შალვა კაცური კაცი გამოვა. მე რომ ქალი ვყოფილიყავი, ღმერთმანი, შევიყვარებდი“, - გაიფიქრა თევდორემ და გაახსენდა, რომ შალვა და ბაბალე რამდენჯერმე დაინახა ერთად, გუშინწინ მათ საუბარსაც კი მოჰკრა უნებურად ყური.

- თექვსმეტი წლისა ვიყავი და ცოლ-ქმრობისა რა გამეგებოდა? - უთხრა ბაბალემ შალვას. - მაშინ ყველას შეეძლო შევეცდინე.

- ახლა ვეღარ შეგაცდენენ? - ჰკითხა შალვამ.

- მარტო ერთ ვაჟს შეუძლიან შემაცდინოს.

- ვის? ვინ არის ის ბედნიერი?

ამას რაღაც ჩურჩული და სიცილი მოჰყვა, მერმე ორივენი გამოვიდნენ ბუჩქებიდან, ორივენი ალანძულები იყვნენ და ორივეს თვალებში სველი საფერავის იერი გადაჰკრავდა.

ბაბალე ხშირად შესჩიოდა მაკრინეს და ზოგჯერ კიდევ ტიროდა:

- რა სულელი ვიყავი!.. ვის გადამკიდა ბედმა?! ლოთია, უსინდისო, გაიძვერა!.. მღალატობს კიდეცა. აღარ შემიძლიან! გავეყრები!

დედა კი ამშვიდებდა:

- ჯერ მოითმინე. ვინც შეება, უნდა კიდეც გასწიოს.

თევდორე ახლაც თვალს არ აშორებდა შალვას. მან იმედელებს ორ წუთში გაუთავა - მოკლედ, მკაფიოდ დაურიგა სახვალიო საქმე და უთხრა:

- ახლა წადით და დროზე დაიძინეთ.

- წავალთ, მაგრამ ამ კაცს რა ვუყოთ? - უთხრა ჩუმად ერთმა და ოქროპირის ოთახისკენ გაიქნია თავი.

- ჯერ არაფერი. მაგის დროც მოვა, - მიუგო შალვამ და გამობრუნდა.

თევდორემ შორიდანვე გაუღიმა.

- გამარჯვება, შალიკო!

- გაგიმარჯოს, თევდორე! რასა იქ? ცხოვრებამ ხომ არ დაგჩაგრა?

- ხან ის ამომიდებს ქვეშ და ხან მე. გამშველებელი კი არავინ არის. ერთმანეთს საპონივით ვღეჭავთ, ორივეს გული გვერევა და არ ვიცით, ერთმანეთს სად გავექცეთ.

- მაშ დამპატიჟემ ერთხელ კიდევ წაგაქცია?

- დამპატიჟე მუდამ მაქცევს, მე იმის ტოლი არა ვყოფილვარ და ამას იქით აღარც დავეჭიდები. ახლა წყალსაც აღარ მაძლევენ და აღსასრულის დღე დამიდგება. ესეც ჩემი სიძის ნახელავია. შენც გეცოდინება, რა კაცია: ქლესაობით მიეტმასნა ბაგრატას და...

- ვიცი, ვიცნობ. მალე მივწვდებით და თავის ალაგს მივუჩენთ. ახლა რას აპირებ?

- ცხენი უნდა ვამუშავო.

- რა შენი საქმეა? არ გაბედო!

- მაშ მირჩიე, რა გზას დავადგე?

შალვამ შავი მოკლე ულვაშები აიგრიხა, ჩაფიქრდა, თევდორეს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

- ციხე შიგნიდან უნდა გატყდეს, გარედან ვერას დააკლებ. განცხადება შემოიტანე. წევრიც იქნები, წყალსაც მოგცემთ და წლეულ იმ პატარა ბოსტნის მოსავალიც შეგრჩება. შენ აქ იმუშავე, ბოსტანს კი მაკრინეც აუვა. ახლა წადი და მოიფიქრე.

მართლაც და რა თევდორეს საქმეა ცხენის შებმა და ქალაქში ხეტიალი? ცხენის შებმის აზრი გამწარების დროს დაებადა და უდროოდ გამოსთქვა.

მას შემდეგ ის გაზეთიც მოიტანეს და საქმე სხვანაირად შეტრიალდა.

„ვიღა ჰკითხავს ბაგრატას? დღეს აქ არის და ხვალ აღარ იქნება. მე კი მეუბნებიან: ბატონო თევდორე, მობრძანდითო! რატომ არ უნდა შევიდე? რასა ვკარგავ? დავკარგავ კი არა, კიდევაც მოვიგებ. მე რომ ამ კარებში შევალ, ბაგრატა და მისი მაჩანჩალა დამპატიჟე მეორე კარებში გაბრძანდებიან. თუ ეს არ მოხდა, ის ახალი დადგენილება ფუჭი ყოფილა, ფუჭ წერილს კი ჩვენი მთავრობა არ დასწერდა“.

ბაბალეს ამბები მოჰქონდა: შალვა და ბაგრატა მუდამ ებრძვიან ერთმანეთს. ბაგრატა კეტის ტრიალის მომხრეა და კედელს შუბლით ანგრევსო, შალვა კი უფრო ჭკუას ენდობა და ძალას ხერხი და ადამიანობა ურჩევნიაო. თურმე ეს ახალგაზრდა ნიადაგ ემხრობოდა თევდორესთანა გლეხობას და იგი დასაყრდენ ბურჯად მიაჩნდა: ამ ბურჯის წყალობით ხიდს გავდებთ და ორივე ნაპირს დავიჩემებთო.

„აი, რისთვის მითხრა შალვამ, ციხე შიგნიდან უნდა გატყდესო. ჭკვიანი ყმაწვილია და ეს ამბები ჩემზე უკეთ ეცოდინება. მაშ კიდეც უნდა დავუჯერო და ბრმა ცხენივით გავყვე. ამგვარ ფიქრებში გართულმა თევდორემ დირეს გადაალაჯა და მაკრინეს იერიშს წააწყდა:

- სულ შენი ბრალია, შენი! ჯორზე შემჯდარხარ და ჩამოსვლას აღარ აპირებ.

- ჩამოვალ, მაგრამ...

- მაგრამ შენა და დარდუბალა!

- დედაკაცო!..

- დედაკაცის მადლი გაგიწყრეს, შე კერპო, შენა! ოცი წელიწადი შემოგწირე, შენს ხელში დავდნი, დაუდნი დედაშენსა! სიბერე კარზე მომადგა და ახლა კი... ვაი ჩემი ბრალი!

თევდორეს ქალის ცრემლისა ზარბაზანზე უარესად ეშინოდა, „დედაკაცი გველია-მეთქი, გველი! შეგიჩნდება, ჩაგაგონებს, ჩაგისისინებს, ატირდება და უცილობლივ დაგიმორჩილებს“.

- დედაკაცო, რა გატირებს! საწერ-კალამი მოიტა და გაჩუმდი.

ერთი საათის შემდეგ თევდორემ ბაგრატს განცხადება დაუდო მაგიდაზე და მოახსენა:

- თუ სამ-ოთხ დღეში წყალი არ გავიყვანე, მე და ჩემს დედაკაცს რვა თვის ჯაფა დაგვეკარგება და ჩვენი ცოდვა შენა ზიდე.

- რას მიზამ, რომ არ მოგცე?

- თუ არ მომცემ, ეგ განცხადება დახიე. შენ კი იმას გიზამ, რაც ერთმა რაჭველმა უყო მეგრელებს.

- რა უყო? აბა გვიამბე.

შალვა, ოქროპირი და მოანგარიშეც იქ იყვნენ და ყველა სმენად გადაიქცა.

- ის უყო, რომა... ერთი რაჭველი სამეგრელოში ჩასულა საქმისთვის. ცხენი ჰყავდა და იმავე ღამეს მოჰპარეს. რაჭველმა გამოუცხადა: პაპაჩემსაც ამ სოფელში მოჰპარეს ცხენი და თუ ორ საათში ჩემი ცხენი არ მოგირთმევიათ, მეც იმ დღეს დაგაყრით, რაც პაპაჩემმა თქვენს წინაპრებს დააყარაო.

ქურდებმა რაღაც საშინელება იფიქრეს და ცხენი გამოუჩინეს. რაჭველი თავის ცხენზე შეჯდა და წასვლა დააპირა. მეგრელები გარს შემოეხვივნენ და სთხოვეს: პატენი, გვითხარი, პაპაშენმა რა ქნაო? - უნაგირი აიკიდა და ფეხით წავიდაო, უპასუხა რაჭველმა, ცხენს მათრახი დაჰკრა და გააჭენა.

ყველამ გაიცინა. ბაგრატმა შალვას გადაჰხედა და ჰკითხა:

- შენ რას იტყვი?

- წყალი თავსაყრელი გვაქვს და უნდა მიგვეცა, - მიუგო შალვამ.

თავმჯდომარეს „უნდა მიგვეცა“ არ მოეწონა. შალვას შეეძლო ეთქვა: „უნდა მივცეთ“, მან კი „უნდა მიგვეცა“- ში სხვანაირი აზრი ჩასახა.

- წადი და წყალი გაიყვანე, - უგემურად მიუგდო სიტყვა ბაგრატმა თევდორეს.

თევდორეს უნდოდა არხის გასაყვანად მუშა დაექირავებინა, მაგრამ მაკრინემ ხელი ააღებინა.

- კაცო, გინდა ჩვენც კულაკების სიაში ჩაგვწერონ? ისევ მე გიშველი მუშაობაში. წავიდეთ.

თევდორემ ბარი აიღო, მაკრინემ - ნიჩაბი და მეხუთე დღეს იმ ნახრიოკალში სარწყავი წყალი პირველად შეაცოცეს.

- დედაკაცო! - უთხრა თევდორემ იმ ღამეს მაკრინეს. - მე „იმედში“ შევდივარ და არ ვიცი, ვიღუპები თუ ვშენდები?

- თუ დაიღუპები, მე დამაბრალე.

- მაგრამ თუ ავშენდით?

- თუ ავშენდით, რაც გინდა ჩაიცვი, დაიხურე და ისევ მოიპრანჭე, რომ შენი კოცნა მეც კი მომინდეს.

- დაგიდგეს ეგ თვალები, მართლა ბებერი ხომ არა გგონივარ?

- არა მგონიხარ, მაგრამ შენ ხომ არა გგონივარ ბებერი?

და იმ ღამეს ისე მხურვალედ დაუმტკიცეს ერთმანეთს უბერებლობა, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟსაც შეჰშურდებოდა.

 

VII

 

„იმედის“ საგანგებო კრება შენარევი იყო ყოველგვარი სტილის: ჩოხა, ტყავი, ფარაჯა, პალტო, ახალუხი, ხალათი და პიჯაკი, სვიტრი და ჟილეტი. ქუდი თუშური, სვანური, კეპი, კარტუზი, ფაფახი, ძაბრი და ისეთი ფორმისა და მასალისა, რომელსაც არც სახელი ჰქონდა, არც ფერი და არც ფასონი.

თევდორე სწორედ მაშინ შეესწრო კრებას, როცა კიკნაძე სარევიზიო კომისიის ოქმს კითხულობდა:

- ვაშლი დალპა სამასი ფუთი, აკლია ოთხმოცი, მსხალი დალპა ასი ფუთი, აკლია ორმოცი... ატამი დალპა ოთხმოცი... კომბოსტო - ორასი, კარტოფილი - სამასი, ყველი - ორმოცი, კვერცხი გალაყდა ხუთასი, აკლია ორასი... დალპა, აკლია, გაფუჭდა, გატყდა, დალპა, დაიკარგა, გაფუჭდა!

- გვეყო! აღარ გვინდა!.. მეკუჭნავე გააგდეთ! - შეაწყვეტინეს კიკნაძეს აქეთ-იქიდან.

კიკნაძემ ძლივს დაასრულა უგრძესი სია და დანაკლისის ფასი ხუთი ათას მანეთამდე აიყვანა.

- გაფლანგა!.. მოგვპარა!.. მუდამ მთვრალია! ვუჩივლოთ!

- უსამართლოდ შეგიფასებიათ! ათი ათასზე მეტი გამოვა!

თავმჯდომარემ მღელვარე ხალხი ძლივს გააჩუმა. ფერწასული ოქროპირი ორად მოხრილიყო კუთხეში.

- გაება თაგვი მახეში, - ჩაულაპარაკა ერთმა მოხუცმა თევდორეს.

- სჩანს თუ არა მეკუჭნავე ოქროპირის მუშაობაში აშკარა ბოროტმოქმედება? - ჰკითხა თავმჯდომარემ კიკნაძეს.

კიკნაძე შეიშმუშნა და წამოდგა.

- არა სჩანს, - უპასუხა ხმადაბლა.

ხალხი აზრიალდა:

- მაშ რა ფულით ქეიფობდა?

- კვირაში სამჯერ ვხედავთ მთვრალს! 

- თვეში ერთხელ ტანისამოსს ყიდულობს!

- ამხანაგებო! - განაგრძო ბაგრატმა. - გამგეობა იმ აზრისაა, რომ ოქროპირმა ეს ზარალი საქმის უცოდინარობით მოგვაყენა.

- მართალია, გამოუცდელი ვარ, - თხასავით დაიკიკინა დამპატიჟემ.

- ოქროპირს „იმედის“ ჩამოყალიბებაში დიდი სამსახური მიუძღვის, - განაგრძო ბაგრატმა სარჩლობა თავისი მარჯვენა ოქროპირისა. - ეს მშვენიერი სახლი და ბაღი იმის ნორმა იყო და თვითონვე შემოიტანა.

- ვიცით, ვისიც იყო და ვინც შემოიტანა!

- ბაგრატ, თევდორე აქ არის და იმას ჰკითხე! - წამოიძახა ვიღაცამ.

- ამიტომ ჩვენ საკმარისად მიგვაჩნია, რომ ოქროპირს ეს თანამდებობა ჩამოვართვათ და თოხი და ბარი მივცეთ ხელში.

- მე მომაბარეთ! - დაიძახა ვიღაცამ.

- თევდორეს მივაბაროთ, თევდორეს!

დარბაზში ხარხარმა იფეთქა.

- ისე მოწუროს, როგორც ხაჭო!

- სიქას გააცლის, სიქასა!

- თედორე ჯერ ჩვენი წევრი არ არის და ამიტომ... - დაიწყო თავმჯდომარემ, მაგრამ ათიოდე კაცმა შეაწყვეტინა:

- იქნება! იქნება!

- მაგაზე მერე მოგახსენებთ, - განაგრძო თავმჯდომარემ და მდივანს მიუბრუნდა: - ჩასწერე: ოქროპირი საქმის უცოდინარობის გამო გადაყენებულია მეკუჭნავის თანამდებობიდან. ახლა, ამხანაგებო, ახალი წევრები უნდა მივიღოთ. შემოტანილია ექვსი განცხადება. - სია წაიკითხა, თევდორეს სახელი ბოლოში მოაქცია და სთქვა: - ჯერ მიხა თოხაძის განცხადება მოვისმინოთ. გლეხია, 32 წლისა...

- არ მინდა! - წამოიძახა თოხაძემ და გაოცებულ ხალხს მიზეზი მოახსენა: - ჯერ თევდორე მიიღეთ და მერე ჩვენც თანახმა ვიქნებით.

- თუ არ მივიღებთ? - ჰკითხა ბაგრატმა.

- თუ არ მიიღებთ, ნურც ჩვენ მიგვიღებთ.

- მართალია! აგრეა! ჯერ თევდორეს უყარეთ კენჭი, თევდორეს! - მოითხოვა თითქმის მთელმა კრებამ.

- თუ თევდორე არ მივიღეთ, მაშინ რას იზამთ? - იკითხა კვლავ ბრაზიან ხმაზე თავმჯდომარემ.

- იმას ვიზამთ, რომ არც ჩვენ შემოვალთ! ეგ განცხადება დახიე! არც ჩვენ გვინდა!

- მაშ თევდორე მიღებულია! ხელი ასწიეთ! - დაიძახა ვიღაცამ და დარბაზში ვენახის სარებივით აჰყარეს ასიოდე ჩაშავებული მკლავი.

- თქვენ რაღა გაყვირებთ, ამხანაგებო? - მიმართა ბაგრატმა უკან მდგომ ჯგუფს. - თქვენ ხომ „იმედის“ წევრები არა ხართ?

- მე იმიტომ ვყვირი, რომა, - დაიძახა ერთმა იმ ჯგუფელთაგანმა, - თუ თევდორე მიიღეთ, გთხოვთ მეც მიმიღოთ.

- მეც!.. მეცა!.. მეც მინდა!..

- მეც ჩამწერეთ!.. საცა თევდორე, იქ მეცა! - მიაძახეს ზედიზედ თავმჯდომარეს.

ბაგრატა დაიბნა და მიაჩერდა ქალაქიდან ამოსულ კაცს, რომელიც გვერდზე ეჯდა და კრებას ღიმილით უგდებდა ყურს. მან რაღაც ჩასჩურჩულა და თავმჯდომარემ განაგრძო:

- მაშ კარგი. მეტი გზა არ არის და დაგითმობთ. შალვამ და ქალაქელმა კაცმა ამის გაგონებაზე წარბები აიყარეს, გაოცებით გადაჰხედეს ერთმანეთს და მერმე ორივემ თავი დაღუნა. ბაგრატამ კი ნაწყენ კილოზე განაგრძო:

- მაშ ჯერ თევდორეს განცხადება მოისმინეთ. გლეხია, 48წლისა...

- არ გვინდა! ვიცნობთ! მიგვიღია!

თავმჯდომარემ ისე გაშალა ხელები, თითქო ამბობდა: მე თანახმა არა ვარ, მაგრამ თქვენი ნებაა და რა გიყოთო.

- შენ არ გინდა, მაგრამ ჩვენ გვინდა და უნდა ჩასწერო!

- გვინდა, გვინდა! ჩასწერე! - მიაყოლეს აქეთ-იქიდან.

- ვინ არის თევდორეს მომხრე?

ყველანი.

- ვინ არის წინააღმდეგი?

არავინ.

ტაშმა დარბაზი შეაზანზარა. ქალაქელმა კაცმა კიდევ რაღაც ჩასჩურჩულა ბაგრატს. მან მხრები აიყარა და განაცხადა: - სხდომა შეწყვეტილია ნახევარი საათით. ვისაც განცხადების დაწერა უნდა, აქვე დაწეროს. გამგეობა აქვე განიხილავს და თავის აზრს მოგახსენებთ.

„იმედის“ გამგეობა და აქტივი მეორე ოთახში გავიდნენ. დარბაზში კი ყაყანი, სკამების ჭრაჭუნი და ჩოჩქოლი ატყდა. თევდორეს მოზრდილი ჯგუფი შემოეხვია. მას ჯერ ხმაც არ ამოეღო და უკვე მეთაურად გადაექციათ. მას ჯერ თითიც არ გაენძრია „იმედში“ და უკვე ბრიგადის ხელმძღვანელობას სთავაზობდნენ. ვისაც ბაღში ან ბოსტანში ემუშავა, ყველა მას შემოეხვია: სოლო, მიხა, კოტე, ათი, თორმეტი, თხუთმეტი! და ყველა ლამობდა იმედი გამოეთქვა, რომ თევდორე უკან მიმავალ „იმედს“ ხვალვე წინ წასწევდა.

- შალიკოც კარგი მუშაა, ყველას გვაჯობებს, მაგრამ არა სცალიან, - სთქვა პეტრემ. - მუდამ გამგეობაშია, ან ქალაქშია. ათასი სხვა საქმეც აწევს და ჩვენთვის ვერ იცლის. - შენ კი მხარში ამოგვიდგები, შენც გასწევ და ჩვენც გაგვაწეინებ, - ეუბნებოდნენ თევდორეს. - არ იცუღლუტებ... არ მოგვატყუებ... 

სხდომა ხელახლა გახსნეს და ყველა მსურველი მიიღეს წევრად.

ბაგრატი პირქუშად იყო, ვინაიდან ყველა მომხრე გადაუდგა და მარტო დარჩა.

- ახლა ჩემი განცხადებაც მოისმინეთ, - სთქვა მან მოულოდნელად და კარგა ხანს ეძებდა სიტყვებს. - დიდი ხანია, რაც ქალაქს მოვწყდი და მინდა... მინდა ისე დავბრუნდე... ამიტომ გთხოვთ, გამანთავისუფლოთ.

ხმა არავინ ამოიღო.

ბაგრატმა მდივანს სიტყვა „ჩასწერე“ მიუგდო და დაღრეჯით განაგრძო:

- ყველანი კარგად იცნობთ შალვას.

ხალხი უცებ გამოცოცხლდა:

- ვიცნობთ!.. ძალიან კარგად ვიცნობთ და გვინდა კიდეცა. გაუმარჯოს!

- მაშ თავმჯდომარედ ავირჩიოთ, - ცალი ყბით სთქვა ბაგრატმა. - მე კი...

- არჩეულია! აგვირჩევია! ძალიან კარგია!

- ვინ არის მომხრე?

რა თქმა უნდა, ყველანი.

- ვინ არის წინააღმდეგი?

რა თქმა უნდა, არავინ.

- კრება დამთავრებულია!

უცებ ვიღაცამ დაიძახა:

- დაიცა, ადრეა! ბაგრატ, გვითხარი, საქონელს როდის დაგვიბრუნებ!

სანამ ხალხი ყაყანებდა, ბაგრატა ქალაქელ კაცს რაღაცას ცხარედ ედავებოდა და რაღაცაზე უარს ამბობდა.

ქალაქელი კაცი ისე მისწვდა ზარს, თითქო თავმჯდომარეობის დაჩემებას აპირებდა. მაგრამ ბაგრატმა აღარ დააცალა, თვითონვე დააწყნარა ხალხი და ბორძიკით განაცხადა:

- ამხანაგებო! საქონლის და ფრინველის დაბრუნება... რომელიც უხეში ძალადობით ჩამოგართვეს...

- შენ ჩამოგვართვი, შენა! - გააწყვეტინა ერთმა და სხვებიც მიჰყვნენ:

- შენა! შენა! რაღა სხვას აბრალებ?!

- ის ჩამორთმევა შეცდომით მოხდა და ახალი გამგეობა დაგიბრუნებთ. სხდომა დახურულია! - ბრაზით დაუმატა მან და ქალაქელ კაცს მიუბრუნდა: - გამაგებინე, ამხანაგო, რა მოხდა?

- ის მოხდა, - მიუგო ღიმილით იმ კაცმა, - რომ ამ ტეტია თევდორემ არც ხმა ამოიღო, არც თითი გაანძრია და შენი თაღლითი დამპატიჟე წააქცია. წააქცია და შენც მიგაყოლა.

 

VIII

 

მეორე დღეს შალვამ თევდორე დაიბარა და ჰკითხა:

- ხომ შეგიძლიან წარმოიდგინო, რომ ამ სოფლის ყველა ბაღი და ბოსტანი ერთ პატრონს ეკუთვნოდეს?

- შემიძლიან.

- იმ პატრონს რა ჰქვიან?

- „იმედი“.

- მართალია. „იმედს“ გამგეობა ჰყავს. მე მისი თავმჯდომარე ვარ.

- შენ „იმედის“ იმედი ხარ, მისი მოურავი ბრძანდები.

- ვთქვათ აგრეა, - მიუგო შალვამ ღიმილით, - რა გარჩევაა უწინდელ მოურავსა და ახლანდელს შორის?

- მე ასე მიფიქრია, რომა, - ტკეპნით მიუგო მებაღემ, - ეს მიწები, ბაღები, ბოსტნები და მოსავალიც ერთის ან რამდენიმე ბატონისა იყო, ახლა კი იმისია, ვინც ამას ამუშავებს. უწინდელი მოურავი ბატონის სამსახურში იყო, ახლანდელი კი მშრომელი ხალხის სამსახურშია და თვითონაც მოზიარეა ჩვენი ჭირის და ლხინისა.

- მართალია. ახლა შენც მოზიარე გახდი ჩვენი საერთო საქმისა. თუ ერთგულად ვიმუშავებთ, ყველანი გავძღებით და მოვკეთდებით, თუ არა და ახლანდელზე უარესად დავბეჩავდებით.

- აგრეა. - ხომ ხედავ, ჩვენი ბედი ისევ ჩვენს ხელში ყოფილა. მაგრამ დიდ მამულს ერთი მოურავი ვერ მოუვლის. ბაღ-ბოსტნის გარდა ჩვენ სახნავ-სათესი ვენახები, საქონლის ფერმა და ათასი რამე გვაქვს. გამგეობას თანაშემწენი სჭირდება. ბრიგადის მეთაურები ჩვენი თანაშემწენი არიან. შენს თავს ყველანი გვთხოვენ. ჩვენ გადავწყვიტეთ მებაღეების და მებოსტნეობის ბრიგადის მეთაურად დაგნიშნოთ. ყველაზე ძლიერი ბრიგადა ეს არის და ამიტომ დიდ საქმეს გაბარებთ. ხომ თანახმა ხარ?

თევდორემ თითქო თავის თავს მიუგო:

- რაკი შევები, უნდა კიდეც გავწიო. რაკი ხალხი მოითხოვს, უნდა კიდეც ვემსახურო.

- აგრეა. ახლა ჩვენი ბაღ-ბოსტნები დაათვალიერე, მუშაობი სთადარიგი დაიჭირე, გეგმა შეადგინე და ხვალ ან ზეგ მოგვახსენე. მართლა შენი დამპატიჟე შენს ბრიგადაში ჩავწერეთ. ამაზე რას იტყვი?

თევდორე იმას იტყვის, რომ დამპატიჟე მას ძვალივით გაეხირა ყელში და ვეღარ ამოუღია. უწინ თევდორეს თავისი სიძე საკუთარ მუწუკად მიაჩნდა, კვნესოდა, იღრინებოდა და მაინც ზიდავდა. ახლა კი ეს ტვირთი „იმედმა“ უნდა აიკიდოს. რა ენაღვლება სიმამრს! მას ისედაც დიდი შეღავათი ეძლევა: ამ ტვირთის ზიდვაში ერთი მეასედიც აღარ ერგება. თევდორე უარს იტყვის დამპატიჟეზე. თავის ბრიგადაში არ შეუშვებს, დაე ეს სატენელა ვინმე სხვას მიუგდონ.

- წაიყვანე, იქნება მოარჯულო ეგ აზნაური, - უთხრა შალვამ.

- აზნაურობას მე მაბრალებს, - ღიმილით მიუგო თევდორემ, - ნამდვილად კი ნამდვილი აზნაურის ხასიათი აქვს.

- აგრეა, უწინდელი აზნაურია. ახალი აზნაური კი ის არის, ვინც პატიოსანი შრომით ცხოვრობს. ამ მხრივ შენ მალე გააზნაურდები, ესე იგი მოღონიერდები, შენი სიძე კი თავისთავად დადნება და ჩაიძირება.

- შენმა მზემა, შენი ნათქვამი მომეწონა! - ვისაც შრომა უყვარს, ის ჩვენი ღვიძლი ძმა არის, ზანტი კი ჩვენი მოსისხლე მტერია. წურბელასავით მოვიგლეჯთ და გადავაგდებთ.

- ოქრო სიტყვას ამბობ, ოქროსა, - მოუწონა თევდორეს. - ოქროპირის მორჯულებას შენს მეტი ვერავინ შესძლებს.

თევდორეს ამ სიტყვებმა უცებ სხვანაირი აზრი გაუღვიძეს. „წავიყვან, მოვარჯულებ, დედას ვუტირებ!“ - გაიფიქრა და გუშინდელ სხდომაზე წამონაძახი სიტყვებიც გაახსენდა: დამპატიჟე თევდორეს მივაბაროთ! ხაჭოსავით მოსწურავს, სიქას გააცლისო!

- კარგი, მიმყავს, - ღიმილით მიუგო შალვას და წამოვიდა.

წამოვიდა და თავისი მცირე ლაშქარი რკინის ბურთივით შეჰკრა. შეჰკრა და მოდუნებულ საქმეზე მიუშვა. მიუშვა და საქმეს საქმეზე ლევდა, ფხრეწდა, გლეჯდა. რამდენიმე დღის შემდეგ თევდორემ გაძვალტყავებული ცხენი, ძროხა და ბოჩოლა შინ მოიყვანა. მაკრინე, ბაბალე და ტიტიკო ისე დაუხვდნენ, თითქო დაკარგული მახლობელი ნათესავები ეპოვნათ - ცრემლით, სიცილით და ხვევნა-კოცნით. ცხენმა დაიჭიხვინა, ძროხამ დაიბღავლა, ბოჩოლამ ტიტიკოს თავი ჰკრა, წააქცია და აატირა.

თევდორემ წესად შემოიღო: თითო ზარმაცს თითო გამწევს მაინც მიუჩენდა, რომელიც კამეჩსავით ერეკებოდა მას. ოქროპირი კი თვითონ დაიჩემა და მუდამ გვერდით ჰყვდა. ბაღში და „იმედის“ კარ-მიდამოში ხშირად ისმოდა სიძე-სიმამრული საუბარი.

- ოქროპირ, შენ დღეს სასუქს მოზიდავ!

- სიმამრო, ტანისამოსი გამესვრება.

- ეგ აბრეშუმი გაიხადე, უბრალო ჩაიცვი და არა დაგიშავდება რა!

დამპატიჟეს უბრალო არაფერი აქვს, არ კადრულობს, სირცხვილია!

- ოქროპირ, ნუ გამიაზნაურდი! ჩქარა! დროს ნუ მაკარგვინებ.

ოქროპირი ბუზღუნებს, მაგრამ მეტი გზა არა აქვს და ემორჩილება; ემორჩილება, მაგრამ ჭამაში რომ ორ კაცად ითვლება, საქმეში ნახევარი კაცის ოდენასაც ვერ იწონის.

- ოქროპირ, ხელი გაანძრიე, გაცოცხლდი!

- თევდორე, მე და შენ სხვანაირი ჯიშისა ვართ: შენ მუშაობაში ცოცხლდები, მე კი გული მიღონდება. დამპატიჟეს გრილ დარში სცივა და ამიტომ ვერ მუშაობს, სიცხეში წელი სტკივა და გული მისდის. ბარვაში ხელის კოჟიჟი აწუხებს და განზე დგება. მას ისევ საქალო და საბალღო საქმე ურჩევნიან და ის ჩააბარეთ: მორწყვა, კრეფა, ქალაქში წასვლა, ჩიტირეკიობა და უქმი ხეტიალი.

მორწყვას რომ მიანდობენ, წყალს ერთ კვალში მიუშვებს, თვითონ ჩრდილში წამოწვება და მიიძინებს. მიიძინებს და მანამდის სძინავს, სანამ თევდორე ან სხვა ვინმე არ გააღვიძებს:

- აზნაურო, რა ღმერთი გიწყრება! წყალმა ბოსტანი წალეკა!

- ჩამძინებია, - ეტყვის თვალების ფშვნეტით ოქროპირი.

თუ ქალაქში გაგზავნეს, წავა და აღარ დაბრუნდება.

- ოქროპირ, სადა ხარ, კაცო?

იმის ბრალი არ არის: ივანე იქ არ დაუხვდა, პეტრეს სხდომა ჰქონდა, პავლე ავად ყოფილა.

ყველაზე მეტად ოქროპირს ხილ-ბოსტნეულის გაყიდვა უყვარს. მაგრამ საოცარია: როცა ჭირნახული იმას მიაქვს ქალაქის კოოპერატივში, „იმედის“ სასწორსაც სწორედ მაშინ მოუნდება ტყუილი და გაგზავნილ ჭირნახულს ორი ფუთი მაინც აკლდება.

- მორჩა, გათავდა! შენ ქალაქს ვეღარ ნახავ! - გამოუცხადა თევდორემ.

მას აქეთ ოქროპირი იშვიათად თვრება და უწინდელზე უფრო ხშირად სესხულობს ხუთიოდე მანეთს „რამდენიმე დღით“.

განა მარტო ოქროპირი ზარმაცობს, სხვებიც ცუღლუტობენ, სამუშაო დღეს ანახევრებენ და მძიმე საქმეს გაურბიან. ზოგი თხუთმეტ საათს მუშაობს და ორი კაცის საქმეს აკეთებს, ზოგი კი თაღლითობს, შვიდსაც ძლივს მუშაობს და მოსავალი კი თანაბრად უნდა გაიყონ. ამის გამო „იმედის“ წევრები გაუთავებლად  დავობენ, შარობენ, კინკლაობენ, ნამუშევარს და საათებს თითებზე ანგარიშობენ, ამაზე უთვალავ დროს ჰკარგავენ და ახალ-ახალ მტერს იძენენ.

- აღარ შეგვიძლიან! - გაიძახიან შრომისმოყვარენი. - ჩვენ წელი ვიწყვიტოთ და მუქთახორებს ვაჭამოთ?

ვეღარც თევდორემ მოითმინა და ერთხელ თავმჯდომარეს შესჩივლა:

- გენაცვა, შალიკოჯან, ნუკი გეწყინება და ერთი რამ უნდაგკითხო.

- სთქვი, თევდორე. დაჯექი, კაცო, ზეზე რათა დგეხარ?

ამ „დაჯექიმ“ და შალვას თავაზიანობამ თევდორე ადრევე მოხიბლა. შალვა ყოველ სიტყვას და საქციელს ძუნწივით ზომავდა და რასაც თევდორესავით პატიოსანს მიუზღავდა, გაიძვერა და ზარმაცისთვის იმის მეხუთედსაც არ იმეტებდა.

- სთქვი, ჩემო თევდორე, რამ შეგაწუხა?

- საქმე ხელიდან მიმდის. ვისაც მუშაობა შეუძლიან, ისიც განზე დგება.

- ვიცი, ყველა მაგაზე ლაპარაკობს, - გააწყვეტინა შალვამ. - შენც ერთი წილი უნდა მიიღო და ოქროპირმაც? შენც ეს გაწუხებს, არა?

- ეგ მაწუხებს. ნამდვილად კი ოქროპირი ჩემზე მეტს მიიღებს. სად არის სამართალი?

- სამართალი იქნება, - დაამშვიდა შალვამ. - ყველა მაგაზ ელაპარაკობს. მაგის გამო საქმე ზიანდება. ეს მთავრობამ ჩვენზე უკეთ იცის და რაღაცას იღონებს. ნუ ჩქარობ.

- ეგეც მართალია. ჰაი-ჰაი, რომ მთავრობას ჩემზე უკეთ ეცოდინება და რაღაცას იღონებს. - მაშ მოვუცადოთ.

- მოვუცადოთ, - და დამშვიდებული ბრიგადირი სხვათა დასამშვიდებლად წამოვიდა.

დავა და შარი დამპატიჟეს ხელობაა. ამ საქმეში ის ოსტატის ოსტატია. თუნდ მშიერი დასტოვეთ, თუნდაც ფეხშიშველი ატარეთ, ოღონდ შარისა და ჭორის ქსელი ხლართოს და ამაში ხელს ნუ შეუშლით, ნაქსოვს ნუ გაურღვევთ. მას გაგიჟებით უყვარს ამგვარი ფეიქრობა და ამ საქმეს წვრილად და გულმოდგინედ ასრულებს იმ სპარსელივით, რომლით შაჰინშაჰისთვის იშვიათ ხალიჩას ჰქსოვდა ხოლმე. მაგრამ მის ნახელავს თხელი ჭკუა აქვს, მოკლე ფეხები აბია და შორს ვერ გარბის. ოდნავი ნიავიც საკმარისია, რომ ქსელი გაურღვიონ, ამხილონ, შეარცხვინონ. დამპატიჟე ამას არ თაკილობს და ახალ ალაგას და ახალნაირად აბამს ბადეს. იგი თითქმის მუდამ თევდორესა და შალვას დასაჭერად არის მოჩმახული. მაგრამ ეს ორი ორაგული ისე გადის ბადეში, რომ მას არც კი ამჩნევენ, ან ამჩნევენ და ყურსაც არ იბერტყავენ.

მებადური ყელამდის იდგა წყალში და იმას კი ვერ ამჩნევდა, რომ ამ დროს ორი სულიერი სიყვარულის ბადეს ჰქსოვდა.

ერთხელ მაკრინემ თავის ქმარს ჩაუნიავა ყურში:

- ჩვენი ბაბალე თხოვდება.

- რას ამბობ, დედაკაცო? ქმარი ჰყავს და კიდევ თხოვდება? - გაოცდა თევდორე.

- რა ჩერჩეტი ყოფილხარ! - გაუცინა ცოლმა, - მთელმა სოფელმა იცის და შენ ვერ გაიგე? მამა ხარ და აქამდის უნდა გაგეგო.

- დედაკაცო, მე ქალვაჟური საქმისთვის არა მცალიან. ქრისტიანულად მითხარი.

- რაღა გითხრა! შალვას და ბაბალეს საქმე გაუთავებიათ.

- შალვას?!

- ჰო, შალვას, ჩვენს შალიკოს. ზეგ ქალაქში ჩავლენ, ბაბალე ოქროპირს გაეყრება და შალვას მისთხოვდება. ამას თურმე ერთი საათიც ეყოფა.

„რა დრო დადგა! ერთ საათში ქმარს გამოიცვლის! მე ერთ საათში ცხენსაც ვერ გავცვლი და ესენი ცოლსა და ქმარს იცვლიან“, - გაიფიქრა თევდორემ და აღარ იცოდა, სწყენოდა თუ გაჰხარებოდა. რა თქმა უნდა, ბაბალეს ბედი ეწვია. ოც წელიწადსაც რომ ეძებნა, ამისთანა ქმარს ვერ იპოვნიდა. ასეთ სიძეს ვერც თევდორე ინატრებდა, მაგრამ... ასე მოულოდნელად? ერთბაშად? სოფელი რას იფიქრებს? იტყვიან, „იმედი“ სიძე-სიმამრმა დაიჩემაო.

- ქა, რა შენი საქმეა, ვინ რას იტყვის? ბედი კარზე მოგვადგა და გინდა უკანვე გააბრუნო? დამპატიჟეს სულ მოვიშორებთ და ესეც ერთ რამედ ეღირება, - გაახსენა ცოლმა.

„ერთ რამედ კი არა, ოქროს ფასად ღირს, ოქროსი!“ - გაიფიქრა და გაიღიმა ქმარმა, ხოლო ხმამაღლა იკითხა:

- ოქროპირი რას ამბობს?

- რაც უნდა სთქვას, ჯერ არც კი იცის, მერე გაიგებს.

- ქმარი მერე გაიგებს?! დიდება შენდა უფალო, ეს რას მომასწარი! „თუმცა - ზოგი ჭირი მარგებელია. უწინდელ ქალს შალვას მსგავსი განძი რომ ეპოვნა, ერთი უბედურება დატრიალდებოდა: რადგან ცოლი შეძულებულ ქმარს ვერ გაეყრებოდა, ამიტომ ის თავის ახალ სატრფოს ხასად დაუდგებოდა და ადრე თუ გვიან უეჭველად გაუბედურდებოდა. ახლა კი გაყრაც და ხელახალი გათხოვებაც ერთ საათში თავდება“! და მცირე ფიქრის შემდეგ თევდორემ ვერც კი შეამჩნია, რა ადვილად შეიცვალა ძვალ-რბილში გამჯდარი რწმენა. აღარ შფოთავდა, მხოლოდ უკვირდა ახალი კანონის სითამამე და ძველი წესის უცაბედი გარდაცვალება.

ამას წინათ თევდორეს უამბეს: ახლა ნიშნობაც გადავარდაო. თურმე ქალ-ვაჟი უბრალო ტანისამოსს ჩაიცვამს, სადღაც ცოლ-ქმრად ჩაჩეწერებიან, მარტონი დაბრუნდებიან შინ და უბრალო ვახშამს გამართავენ. აღარც წირვა, აღარც ზარის ხმა, არც სანთლები, არც გვირგვინი და აღარც მაყრიონი.

თევდორეს გაახსენდა, რომ მას ამგვარი ქორწილი წლიურ ჯამაგირად დაუჯდა. გაახსენდა და უცებ გამოფხიზლდა და ის შფოთი და კივილიც გაიხსენა, რომელიც დროგამოშვებით ოქროპირის ოთახში იფეთქებდა ხოლმე. გაახსენდა ის ჭორიც, თითქო ოქროპირს ქალაქში საყვარელი ჰყოლოდა, რომელიც მას ძვირად უჯდებოდა.

- ჭორი კი არა, მართალია, - მოუჭრა მაკრინემ.

- თუ მართალია, მაშ ის საყვარელი მე შემინახია! - მწარე ღიმილით ჩაილაპარაკა თევდორემ და ტკიპი-სიძის მომავალი გამასხარავება წეღანდელზე მეტად მოეწონა.

ოქროპირი ოჯახშიც ორგულობდა. ამას წინათ თევდორემაც გაიგონა მისი წამონაროში: რევოლუცია ლამაზი ქალის ერთ ღიმილად არა ღირსო, და ერთი სალახანური რამეც დაუმატა: - ყოველ პატიოსან კაცს ერთი ცოლი შინ უნდა ჰყავდეს და მეორე კი გარეთო. ალბათ ის „მეორეც“ და „ერთი ღიმილიც“ იმ ხასაზე იქნებოდა ნათქვამი.

ეს ქვეყანა ქადაა, სთალე და ჭამეო, ხშირად როშავდა ოქროპირი და იმდენს სთლიდა, რამდენიც შეეძლო.

„ლაყე კაცია, მყრალი, სულნამცეცა, გარყვნილი!“

- მაშ თანახმა ხარ? - ჰკითხა მაკრინემ.

- რის თანახმა, დედაკაცო! რა ჩემი საქმეა! ერთხელ გავათხოვე ქალი და გავათავე.

- დავიჯერო არ გიხარიან? - ჩააცივდა ცოლი.

- რაც მართალია, მართალია, - გატყდა ბოლოს ქმარი, - შალვაზე უკეთეს სიძეს სიზმარშიც ვერა ვნახავდი. ყოჩაღ, ბაბალე, რომ მაგისთანა არამზადას საქვეყნოდ მოსჭერი კოდალა თავი.

რა უბრალოდ გათავდა ყველაფერი! არც სანთლები, არც ბეჭდები, არც ნიშნობა, აღარც გვირგვინი, არცა მაყარი და არცა მახარობელი.

შალვამ ოქროპირი ორი დღით გაგზავნა „იმედის“ საქმეზე ქალაქში. ერთი საათის შემდეგ თვითონ შალვა და ბაბალეც წავიდნენ, ორი საათის შემდეგ ნეფე-დედოფლად დაბრუნდნენ, ორმოციოდე სტუმარი მიიწვიეს და სუფრას მიუსხდნენ. გათენებამდის სვეს, ჭამეს, იმღერეს, იცეკვეს. შალვამ ყველანი დაათრო და ცეკვა-სიმღერაშიც აჯობა.

მაკრინემ ბაბალეს კაბაკუბა მოუგროვა და თავის ბედნიერ ქალს წაუღო, ხოლო დანარჩენი ნამზითვი - ჭურჭელი, ავეჯი და წვრილმანი ოქროპირს დაუტოვა. ასე მოინდომა შალვამ და სურვილი შეუსრულეს.

დამპატიჟე ქალაქიდან ნასვამი დაბრუნდა. შალვამ მაშინვე გაუგზავნა ქალაქიდან მოტანილი ცნობა. იმ ცნობაში ეწერა: დღეიდან ბაბალე თქვენი ცოლი აღარ არისო. ოქროპირმა ღმუილით გაიწია შალვას სახლისკენ, მაგრამ იმედელებმა არ გაუშვეს. შალვამ მისი გინება გაიგონა და წამოვიდა, მაგრამ არც ის გამოუშვეს და სთხოვეს მთვრალ კაცს არ გადაჰკიდებოდა.

- კარგი, - სთქვა შალვამ, - მაგრამ გინებას მაინც არ შევარჩენ. ან თქვენ გააჩუმეთ ეგ წუნკალი, ან მე გავაჩუმებ.

ოქროპირი თავის ოთახში შეაგდეს და ძლივს დააწყნარეს. მეორე დღეს ქმარი და ნაქმარევი „იმედის“ ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს.

- ოქროპირ, თქვენი წუხანდელი ლანძღვა გავიგონე, - უთხრა შალვამ და მაშინვე ზედ მიადგა. - ახლა რას იტყვით?

ორივეს მარჯვენა თავისთავად ეცა ჯიბეს. ოქროპირის ჯიბე ცალიერი აღმოჩნდა და ამიტომ მისი მარჯვენა უცებ ზევით ასხლტა, კოდალა ცხვირს ეცა და დაიფხანა. ნაქმრევი მეტოქე თითქო ამბობდა უსიტყვოდ: მე უიარაღო ვარ და რაც გინდოდეს, მიყავიო, ხოლო შალვას ხმამაღალი პასუხი გასცა:

- მთვრალი ვიყავი და აღარ მახსოვს.

- გირჩევ მეორეჯერ ნუღარ დათვრები, თორემ განა მუდამ შეგარჩენ. კარგად დაიხსომე, თორემ ინანებ და მე ნუღარ დამბრალდება.

შალვა დინჯად ავიდა ზემო სართულში, ოქროპირი კი უკვე მოტეხილი იყო, ფრჩხილებს იღრღნიდა და ახალ შერცხვენას ინელებდა.

რამდენიმე დღეს ჩაფიქრებული დადიოდა, მერმე ისევ ქალაქისკენ გაბრუნდა და მეორე დღეს ახალი ცოლი ამოიყვანა.

- რა რიგ შეცვლილა ეს ხალხი! - უთხრა თევდორემ იმ საღამოს თავის ცოლს. - უწინ ასეთი საქმე სისხლით თავდებოდა, ახლა კი თითქო ბუზი აიფრინესო.

- სისხლს ისევ ესა სჯობიან, - მიუგო მაკრინემ.

 

IX

 

ის წელიწადი „იმედმა“ წვალებაში გაათრია. ზანტი კვლავ ზანტობდა, მშრომელი შრომობდა, შარი შარობდა და დავაც დავობდა.

ვისაც მკლავი ერჩოდა, ისევ გარეთ მიიწევდა, ხოლო მუქთახორები კბილებით ეჭიდებოდნენ მათ და ერთობის შენარჩუნებას ლამობდნენ. მაგრამ ერთობა მაინც დღე-დღისით ირღვეოდა, ვინაიდან ზოგს მის სალაროში ერთი მანეთისა შეჰქონდა და თუმნისა გაჰქონდა, ზოგი კი თუმნისას იხდიდა და მანეთის საფასურს იღებდა.

ყველაზე მეტად თევდორეს მიერ თავმოყრილი რაზმი შფოთავდა და ნიადაგ გაქცევას ფიქრობდა. მაგრამ ცალ-ცალკე გასვლას ერიდებოდნენ და თავიანთი ბრიგადის ხელმძღვანელს აცდუნებდნენ, რათა ის წინ გასძღოლოდა და, ერთად შესულნი, ერთადვე გასულიყვნენ, მაგრამ თევდორე მტკიცედ იდგა. მას ბრმად სჯეროდა შალვას ნათქვამი: ყველაფერი მალე მოწესრიგდებაო, და თავისი რაზმიც ამ იმედით ეჭირა ხელში.

- კაცო, - ეუბნებოდა ბრიგადირი თავის ჯგუფს, - ორი გომური, კოოპერატივი, ხილის სახმობი და მარანი ავაშენეთ, ყველგან ამოდენა ოფლი ჩავღვარეთ და ახლა თავი მივანებოთ და გავიქცეთ? სირცხვილია! რას გვეტყვიან? ვერა ხედავთ, რომ „იმედი“თანდათან კალაპოტში დგება და ჩვენისთანა ხალხი წაგებაში კი არა, მოგებაში იქნება.

სანამდის ოქროპირი თევდორეს ეკიდა და მერმე „იმედის“ საწყობს ეჯდა ზედ, ბაღლინჯოსავით სივდებოდა, მერმე კი ორივეს მოსწყვიტეს და მას აქეთ უფესვო ხესავით იწყო ხმობა. მისი მეორე ცოლი ისევ ჰგავდა სიცოცხლით სავსე ლამაზ ბაბალეს, როგორც გარეული ყაყაჩო ბაღის ვარდს. ისიც თავისი ქმარივით ზანტი გამოდგა, სამაგიეროდ ისეთი აშარი იყო, რომ ყველა მეზობელი დააფრთხო, ხოლო დამპატიჟე ცხვირსახოცივით მოთელა და ჩაიჯიბა.

სანამ სარჩო ჰქონდათ, ცოლ-ქმრის დავა მხოლოდ ღრენით თავდებოდა, ხოლო სარჩო რომ გამოელიათ, მათი ცოლ-ქმრობაც გათავდა: ცოლი ეტლში ჩაჯდა და ისე გაიპარა, ქმარს არც კი შეატყობინა და ბაბალეს ზოგი მზითვიც თან გაიყოლა.

ოქროპირმა მეორე ცოლის ღალატიც ყველაზე გვიან გაიგო, დათვრა და ისეთი კივილი მორთო, რომ მთელ სოფელს ესმოდა: - დედაკაცი მზაკვარია, ვერაგი, მტყუანი! მამაკაცებო, გაიგეთ და ჭკუა ისწავლეთ. ქალს ნურაფერში ნუ ენდობით. მუდამ პირფერობს, მუდამ გვატყუებს. ქალი უმადური სულიერია. რაც კი მებადა, სულ ჩემ ცოლს შევაჭამე, იმან კი... ჰოი, მურდალო, კახპავ! გველსავით გაგსრესავ! დაგახრჩობ! მოგწამლავ! ვინ გაურეცხავს ახლა ოქროპირს საცვალს? ვინ მოუხარშავს სადილს? და მარტოდ დარჩენილი დამპატიჟე მაკრინეს და მეზობლებს ეხიზნება. ზოგი თეთრეულს ურეცხავს, ზოგი ლობიოზე ჰპატიჟებსდა ზოგიც დახეულს უკერებს.

ზამთარი გაზაფხულზე იწვა ლოგინად და ტკივილ-კრუსუნით შობა იგი. ველ-მინდორი მწვანე კაბას იცვამდა. ტყეში შინდი შეყვითლდა, ტყემალი თეთრად შეიკუნწლა. ხევებში წყალი ახმაურდა და ბაღებში ვაშლი, ნუში და ბალი თეთრად შეიმოსა. გარეული ფრინველი ასიათასობით მოფრინდა და იქაურობა ჟივილ-ხივილით შესძრა. მიწამაც გაიღვიძა, მკერდი გაიღეღა და მთესველს ელოდებოდა.

„იმედი“ დამკლავებული შეესია ბაღ-მინდვრებს, მაგრამ საქმე უნდილად მიდიოდა. ზამთარში მინელებული დავა, ანგარიში, საყვედური და კინკლაობა გაორკეცდა. შალვა, თევდორე, კიკნაძე და აქტივი აყაყანებულ „იმედს“ ძლივსღა უჭერდნენ თავს. მართალია, მან ორი ტრაქტორი, სალეწი, სათიბი მანქანები და მრავალი სამეურნეო იარაღი მიიღო და ამან განიგან მიმავალი კოლექტივი ისევ შეკუმშა, მაგრამ რღვევის მიზეზი ჯერ მოსპობილი არ იყო და ამიტომ უთანხმოებამ ხელახლა იფეთქა.

ერთ დღეში გამგეობას რვა წევრმა მიართვა განცხადება: თუ ჩვენს ქონებას დაგვიბრუნებთ, თვეში ხუთ დღეს გემსახურებით უფასოდ, თუ არა და ხელცარიელი გავდივართო. მათ შორის ოქროპირიც ერია. ყველანი იმ დროს შევიდნენ შალვასთან, როცა ის თევდორეს და კიკნაძეს ელაპარაკებოდა. შევიდნენ და განცხადებანი მაგიდაზე დაულაგეს.

თავმჯდომარემ წაიკითხა და ოქროპირს მიმართა, რომელიც ზურგში ამოჰფარებოდა სხვებს:

- წინ წამოდექი, სარდალი ჯარს წინ უნდა მიუძღოდეს, უკან როდი უნდა იმალებოდეს.

- მე... მე არ ვიმალები, - და ოქროპირი წინ წამოდგა.

- ყველა განცხადება თქვენი ხელით არის დაწერილი. თქვენ ძალიან შეეჩვიეთ ასეთი განცხადებების წერას.

- მთხოვეს და დავუწერე.

- კეთილი. მაგრამ ეს ჯგუფი თქვენ შეჰკარით, თქვენ ეწეოდით აგიტაციას.

- არც კი მიფიქრია.

- მე ისიც კი ვიცი, სად იკრიბებოდით და ვინ რას ამბობდა, თუ გნებავთ, ყველაფერს გიამბობთ.

ყველა სდუმდა. თავმჯდომარემ განაგრძო:

- მე ამათი უკმაყოფილების მიზეზი ძალიან კარგად ვიცი: სხვებზე მეტი შემოვიტანეთ, სხვებზე მეტს ვმუშაობთ და ზანტებზე ნაკლები გვეძლევაო. მაგალითად ყველაზე ხშირად თქვენ გასახელებენ, პატივცემულო დამპატიჟევ, ამაზე რას იტყვით?

დამპატიჟე არაფერსაც არ იტყვის. მხოლოდ კოდალა ცხვირს მიაბჯენს კედელს და გატვრინდება.

- აქამდის მარცხენა მხრიდან იბრძოდით, ბატონო ოქროპირ. მეც, თევდორესაც და ჩვენი ჭკუის ხალხს თქვენისთანა ზარმაცებს გვისევდით, ახლა კი, ეგ ფანდი რომ დაგიმარცხდათ, მეორე მხრიდან მოგვიარეთ და ეს პატიოსანი მშრომელი ხალხი დაგვიჯგუფეთ. თქვენ მათი მოუთმენლობით ისარგებლეთ და ფიქრობთ ამ ხერხით მაინც გახვიდეთ ფონს. მაგრამ მოტყუვდით. ერთი საათიც რომ მოგეცადნათ, ვერც თქვენ შემოიტანდით ამ განცხადებას და ვერც ამ შვიდ კაცს გააბრიყვებდით.

„იმედის“ წევრებში ხმა გავრცელდა: რვა კაცი თავს გვანებებს და ქალაქიდან რაღაც დიდი ამბავი მოვიდაო. აქეთ-იქიდან იხუვლეს, გამგეობას მოაწყდნენ, ოთახ-აივანი გაავსეს და ამ პაექრობას მიაჩერდნენ.

- ახლა სხვა რამეც გავიხსენოთ, - განაგრძო შალვამ და გაახსენდა: - სანამ ბაგრატა თქვენი მფარველი იყო, სანამ მაგრად აჯექით საწყობს და დღე-დღისით ქეიფობდით, მანამ „იმედში“ ყველაფერი თავის რიგზე იყო და ჩვენი კოლექტივი ჰყვაოდა, მე კი ყველაფერი ავურიე და თქვენც უსამართლოდ დაგაქვეითეთ.

- თქვენ ცოლი წამართვით და იმიტომ მემტერებით! - წამოიძახა ოქროპირმა.

შალვამ ღიმილით გადაჰხედა კიკნაძეს. მან წინ წამოიწია დამღელვარე ხმით სთქვა:

- შალვას მაგიერ მე გიპასუხებთ. თქვენ ხომ არ წაართვით შალვას ცოლი, იმან წაგართვათ, ამიტომ იმას კი არა აქვს თქვენთან სამტრო საბაბი, არამედ თქვენ, დიაღ, თქვენ. - ეს ერთი. გახსოვთ „იმედის“ უკანასკნელი კრება და სარევიზიო კომისიის ოქმი? დაპატიმრება არ აგცდებოდათ, მაგრამ თქვენ ოჯახობა შევიბრალეთ და დაგინდეთ. იმიტომ დაგინდეთ, რომ თქვენ კომისიას და გამგეობას მუხლებში ჩაგვივარდით, ქალივით იტირეთ და შემოგვფიცეთ, არავითარ თაღლითობას აღარ ჩავიდენო. მართალია თუ არა?

- აგრეა! ყველამ ვიცით! - წამოიძახეს აქეთ-იქიდან.

- ესეც ორი. - განაგრძო მკვახედ კიკნაძემ. - ყველაზე მეტად შალვა გესარჩლებოდათ. ეს მისთვის ხელსაყრელი არ იყო, რადგან... რადგან ბაბალე მაშინაც მოსწონდა. სხვა მის მაგიერ ამ შემთხვევას ძლიერ კარგად გამოიყენებდა. ჩვენ კი არც დაგითხოვეთ და ამისთვის საყვედური დავიმსახურეთ. რას გვიკეთებთ მას აქეთ? თითქმის არაფერს. წილი კი თევდორეს ოდენა გერგებათ, რომელიც ათ თქვენისთანას აჯობებს. -  ესეც სამი. თქვენ რომ ცოტა ხელი გაგენძრიათ და ნაკლებად გესვათ ღვინო, ჩენზე უკეთ იცხოვრებდით. აკი ცხოვრობდით კიდეცა.

- თევდორეს ნაოფლარით ცხოვრობდა! - წამოიძახა ვიღაცამ. - ესეც ოთხი. რაკი მუშაობის ძალა არ შეგწევდათ, ჩუმად მაინც იქნებოდით. „იმედი“ გაგიტანდათ, თქვენ კი ქვემძრომობას და გაიძვერობას მიჰყავით ხელი, ქსელი გააბით, ჭორიკანობთ, ხალხს ამხედრებთ. ჰოდა ის კი არ იცით, რომ „იმედი“ თავის თავმჯდომარეს ცამდის ენდობა და არ დაგაჩაგვრინებთ.

- ეგრეა! მართალია! - დაუბეჭდა კიკნაძეს ოციოდე იმედელმა. - ესეც ხუთი.

ახლა თევდორეს რა დღე დააყარეთ? ამისთანა პატიოსანი და ერთგული მუშა ახლომახლო არ მოიპოვება. თქვენ კი ზედ დააჯექით, სწოვეთ, კულაკად გამოაცხადეთ, ლაფში ათრიეთ, კინაღამ გადაასახლებინეთ და აზნაურობაც კი მოუგონეთ.

- აზნაურობა მოსპობილია. ახლა სახიფათო აღარ არის, - გაახსენა ოქროპირმა.

- ვიცით, მაგრამ თქვენ იმისთვის გვაწვეთებდით ყურში თევდორეს აზნაურობას, რომ ერით ლოდიც გესროლნათ და ეს კაცი ჩაგეძირნათ. - ესეც ექვსი. ახლა მეშვიდე და უკანასკნელი მოისმინეთ. გვიპასუხეთ, რა უფლებით დაიჩემეთ ეს სახლი და ბაღ-ბოსტანი?

- ნორმაში ჩამითვალეს.

- რა უფლებით ჩაგითვალეს? შინაურულად გაკვაჭეთ, განა?! ზოგი მოატყუეთ, ზოგიც დაქრთამეთ. მართალია თუ არა?

- თავი დამანებეთ. ბაღის დაბრუნებას არ გთხოვთ, - შეეხვეწა ოქროპირი.

- არც მოგცემთ, - გააწყვეტინა კიკნაძემ. - დაპატიმრების მაგიერ სხვისი ქონება მოგართვათ? ეს მამული, სულერთია, „იმედს“ ვერ ასცდებოდა. ახლაც ჩვენია და ჩვენი დარჩება.

- არა გთხოვთ-მეთქი! - ისევ გაახსენა ოქროპირმა.

- მაშ განცხადებაში რა სწერია?

- იქ სისულელე სწერია, - მიუგო ოქროპირმა, მაგიდაზე დაწყობილი განცხადებანი გადაშინჯა, ერთი მათგანი აიღო, დახია და სთქვა: - ვითომც სულ არ დამიწერია.

- თანახმა ვარ. - ჩაერია შალვა. - ვითომც ეს ლაპარაკიც არ ყოფილა. მორჩა! გათავდა! ახლა მთავრობის ახალ დადგენილებას წაგიკითხავთ და ყური დამიგდეთ.

ახალი კანონი წაუკითხა, განუმარტა და ჰკითხა: - გაიგეთ თუ არა?

გაიგეს, როგორ არა, კარგად გაიგეს! ამიერიდან კაცი - დღის მაგიერ შრომადღეს იანგარიშებენ. ესე იგი - სანარდო სისტემა დაწესდება. ესე იგი - ვინც რამდენს იმუშავებს და როგორც იმუშავებს, შემოსავალიც იმის მიხედვით მიეცემა.

- ესე იგი, - დაუმატა გახარებულმა თევდორემ, - მუშაკაცი გაძღება და ზარმაცი მშიერი დარჩება. ჩვენც ეგ გვინდოდა.

- აკი გეუბნებოდი, - მიუბრუნდა ღიმილით თევდორეს შალვა, - მთავრობა ამასაც წამალს მოუძებნის-მეთქი.

- მახსოვს, აგრეა! გენაცვალე მაგის დამწერსა!

ყაყანმა და ჩოჩქოლმა იმატა. ყველა მიხვდა, რომ „იმედი“ ერთხელ კიდევ შეზანზარდა, რომ „იმედს“ საიმედო საძირკველი ჩაეყარა და წევრები ახლავე ითვლიდნენ თითებზე. ვინ უნდა აშენებულიყო და ვინ უნდა დაქცეულიყო.

ოქროპირიც მიხვდა, რომ მართლა ერთი საათით აჩქარდა, რომ ტყუილად გააბრიყვა ის შვიდი გლეხი, რომელნიც, რა თქმა უნდა, უკვე ნანობენ და გადადგმულ ნაბიჯს უკანვე გადმოსდგამენ.

- სმენა იყოს, ამხანაგებო! - გამოაცხადა შალვამ. - ხვალ საღამოს საგანგებო კრება იქნება და ყველანი დაესწარით. - მერმე იმ შვიდ წევრს მიუბრუნდა, რომელთაც წეღან განცხადება გადასცეს და ჰკითხა: - ახლა რას იტყვით? განვიხილოთ თქვენი გან-ცხადება, თუ...

- რას ამბობ, კაცო? რაღა დროს განხილვაა? აქ მოიტა! - უპასუხა ერთმა მათგანმა და თავისი განცხადება ნაკუწებად აქცია.

- აქ მოგვეცი! დაგვიბრუნე! - მიაძახეს სხვებმაც.

- ჩვენი ჯერი მოვიდა და ახლა გავიდე?

- ვაი დამპატიჟეს, თორემ მე რა მიშავს? მოიტა! დახიე!

კიკნაძემ შალვას ჩუმი ხმით ჰკითხა: - დამპატიჟეს რა ვუყოთ?

- თავი დაანებე, - მიუგო თავმჯდომარემ. - თავისთავად მოკვდება.

- მეტისმეტს ვუთმენთ.

- ცოტაც მოვუთმინოთ...

- დედაკაცო, - მიაძახა შინ დაბრუნებულმა თევდორემ მაკრინეს, - ახლა კი გვეშველება. და როცა ყველაფერი უამბო.

ცოლმა ნიშნის მოგებით უთხრა: - აკი გეუბნებოდი, საქმე გამოსწორდება-მეთქი. ნახავ, თუჩვენი უწინდელი ოთახი არ დაგვიბრუნონ და რადიო არ დაგვიდგან.

- შენს პირს შაქარი, დედაკაცო!

 

X

 

ოქროპირს ორიოდე საბალღო საქმე ჩააბარეს, მაგრამ არც იქ ივარგა. რამდენჯერმე კიდევ გააფრთხილეს, რამდენიმე შრომადღეც ჩაუწერეს ჯარიმაში და ხუთჯერ შავ დაფაზე გააკრეს.

იქვე წითელ ზოლზე თევდორეც სწერია და ეს სახელი წაუშლელი რჩება, ხოლო ოქროპირი ცრემლით და მუდარით აშლევინებს თავის სახელს, რათა იმავე შავ ზოლზე ისევ მალე გამოჩნდეს და „იმედელებს“ მუდამ თავს აბეზრებდეს.

- ისევ თოხი მირჩევნია! - შეჰყვირა ბოლოს მან კიკნაძეს.

- ინებოს. მაგაზე როგორ აწყენინებენ!

თოხი მისცეს, სიმინდებში შეაგდეს და ნაკვეთი მოუზომეს. მაგრამ აქაც ცხელა, ისე ცხელა, რომ ოქროპირს საცაა მზე დაჰკრავს და გაათავებს. ამიტომ სხვები რომ დღეში ერთ შრომადღეს იწერენ, მისი ნაცოდვილევი ერთ მესამედსაც არ უდრის.

- ისევ მორწყვა მირჩევნია, - კვლავ განუცხადა კიკნაძეს.

არც ამაზე ეტყვიან უარს. მაგრამ ეს ტიელი მზე არც იქ ასვენებს. ჩრდილს აძებნინებს, ძილსა ჰგვრის და ოქროპირი ისევ შავ დაფაზე და საჯარიმო წიგნში იწერება. თევდორეს კი ჯილდო დთვეში ხუთ-ხუთი შრომადღე ემატება. მაკრინეც წევრი იყო და იმასაც ცალკე ეთვლებოდა.

ერთი წელიწადი კიდევ გავიდა. შემოდგომა მიიწურა. მოვიდა ჟამი მაძღრობისა, მოსავლის დათვლისა და ქორწილებისა. მინდვრები და ბაღები დაცარიელდა. მოსავალი მოკრიფეს, ასწონეს, მთავრობას მისი ხვედრი მიუზიდეს, დანარჩენი დათვალეს და გაინაწილეს.

იმ წელს პეტრეს 260 შრომადღე ერგო, პავლეს - 290, ნიკოს- 320, თევდორეს - 400. პელოს - 60, ქესოს - 80, დაროს - 90, შალვას ცოლს ბაბალეს - 94, ხოლო მაკრინეს - 150. 

- მე რამდენი მერგო, ძმობილო? - ჰკითხა მოანგარიშეს ოქროპირმა.

- თქვენა? - იკითხა მან და გაიღიმა. - თქვენ 55 გაგიკეთებიათ.

ქალებმა ხითხითი დაიწყეს, კაცებმა ხარხარი დააყარეს.

- შენი ჭირნახულის წაღებას ათი ურემი დასჭირდება, ოქროპირ.

- სამი კურდღელიც მოერევა.

- ვერ შესჭამს, დაულპება.

- იმ მელოგინე პელომ, შვიდი ბალღი რომ ჰყავს ერთიმეორეზე უმცროსი, იმანაც კი 60 შრომადღე გააკეთა და შენ იმასაც ვერ დაეწიე? - ქა, რა მეოჯახე გამოვა! ცოლ-შვილს სამ თვეში დახოცავს შიმშილით.

შერცხვენილი ოქროპირი ჩუმად გაიძურწა კარებში და ჩაფიქრდა. ჯერ ზამთარი არ დამდგარა და სარჩო ახლავე ელევა. 55 დღე ძლივს ერგო და ოცი ჯარიმაში ჩაუთვალეს.

„მე 55 დღე, თევდორეს კი 400?“ შეუძლებელია, დაუჯერებელია! ალბათ თაღლითობენ, საწყალ ოქროპირს ატყუებენ. - თოხი და ბარი ჩემი საქმე არ ყოფილა. სხვა საქმე ჩამაბარეთ.

ერთხელ კიდევ გამოსცდიან და საკოლმეურნეო სავაჭროში ჩააყენებენ. მაგრამ აქაც უმტრეს, მახე დაუგეს. არა, რაღა ღვინო-არყის გაყიდვა მიანდეს? თავიდანვე იცოდნენ, რომ სმა უყვარდა და სავსე ქვევრში ამიტომ ჩააგდეს.

ოქროპირი საღამოობით ჯერ თავის ოთახში ღიღინებდა ხოლმე: ტაბახმელელ გოგოებმა ვაი რა მიყვესო. მერმე კი შიგ დუქანშიც გაისმა მისი ბღავილი: - სტვირის გუდა დამიხიეს, ნიფხვად ჩაიცვესო, ჰაი-ჰუი, გოგოებო, მაგრად იყავით, ოქროპირი მოდის!

ჟამი დადგა და ოქროპირს მართლა გაუხიეს გუდა: თვის ბოლოს ორასი ბოთლი ღვინო-არყის დანაკლისი უანგარიშეს და ტკბილი საუბარი გაუმართეს:

- დღეში რვა ბოთლს მარტო თქვენ ვერ დალევდით.

- თქვენი პირით ჭეშმარიტება ღაღადებს, - დაუდასტურა დამპატიჟემ. - ზოგი მე დავლიე და ზოგი ჩუმად გავყიდე. მაშ როგორ მეცხოვრა?

- თქვენი პირითაც ჭეშმარიტება ღაღადებს, მაგრამ გაძევება და დაპატიმრება ვერ აგცდებათ და ამაზე რას იტყვით?

დამპატიჟე იმას იტყვის, რომ მას „იმედის“ დაფუძნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის და ორასი ბოთლისთვის ნუ გასწირავენ.

- მოდი მოვრიგდეთ, - შეევაჭრა ოქროპირი. - მე სოფელში არ ვვარგივარ, ქალაქში კი, შესაძლებელია, სასარგებლო კაცი გავხდე. თქვენც დამეხმარეთ, ხელი მომაწოდეთ და ფეხზე წამომაყენეთ. მოდი გავიყარნეთ, ერთმანეთს თავი დავანებოთ. ნურც გამაძევებთ, ნურც მიჩივლებთ. დღესვე გუდანაბადს ავიკრავ და წავალ.

- მაშ გინდა აქედან მთელი გუდა წაიღო?

- დიაღ, აგრე მინდა. მთელი გუდა გამატანეთ.

- მაინც ვერ შეინახავ. ტაბახმელელი გოგოები დაგიხევენ.

ცალკე ითათბირეს, ასწონ-გაზომეს და გუდა უვნებელი გაატანეს.

 

XI

 

ორი წელიწადი კიდევ გავიდა. „იმედი“ მოღონიერდა და იმედელებიც მოსუქდნენ.

თევდორე და მაკრინე ისევ იმ ოთახში ჩაასახლეს, სადაც უწინ ცხოვრობდნენ და რომელიც მერმე მათმა ნასიძარმა დაიჩემა. ცოლ-ქმარმა მხნეობას უმატა, ორივენი წელიწადში ხუთას შრომადღეზე მეტს აკეთებდნენ და დოვლათით ივსებოდნენ. თევდორემ ორი ბეჭედიც კი უყიდა მაკრინეს იმის სანაცვლოდ, რომელიც ოდესღაც გაჭირვებამ გააყიდვინა.

ერთხელ მაკრინემ უთხრა ქმარს: - კაცო, მოდი ქალაქში ჩავიდეთ. ბევრი რამე გვაქვს საყიდელი და ახლავე მოვიშოროთ.

- მოვიშოროთ, - დაეთანხმა თევდორე და წამოვიდნენ. თან რამდენიმე გოდორი ჭირნახული წამოიღეს, გაყიდეს, ივაჭრეს და საღამო ჟამს ურემი შინისკენ დასძრეს. ერთ ქუჩაზე უცებ ბღავილი მოესმათ:

- ორი ქოთანი ვიყიდე, ვააი!

- ვაი შენ და ნაცარი ცხელი! - წაიბურტყუნა თევდორემ.

- ის არის. - ის არის, კაცო, დამპატიჟეა, - უთხრა ქმარს მაკრინემ.

- ვიცი, მაშინვე ვიცანი, - მიუგო თევდორემ და მიიხედა.

მიიხედა და გულმა კვნესა დაუწყო. შორიახლოს ლაფში მობარბაცებდა მათი ნასიძარი, რომელიც ოქროპირის ლანდსაც კი აღარ ჰგავდა: ფეხშიშველი, ძონძებში გახვეული, უქუდო, ტალახში გასვრილი ნაძირალა, ბანჯგვლით ისე შემოსილიყო, გეგონებოდათ, არასოდეს სავარცხელი არ მიჰკარებოდა.

ოქროპირს უწინდელისა კოდალა ცხვირიღა შერჩენოდა, რომელიც მოლურჯოდ ჰყვაოდა, თითქო ადრინდელზე მეტად გაზრდოდა და მთელი სახე ცხვირად ექცია. 

- ვაიმე, შვილო, ბაბალე! - ამოიკვნესა მაკრინემ. - ნუთუნამის ცოლი იყავი?

- პირი მოარიდე, არ დაგვინახოს, - ურჩია ცოლს თევდორემ, მაგრამ გვიანღა იყო. დამპატიჟემ უკვე დაინახა და ყვირილით წამოვიდა მათკენ.

- ჩემო საყვარელო სიდედრო! ჩემო ძვირფასო სიმამრო! ხომ გეუბნებოდი, აზნაური ხარ-მეთქი! აბა, შემომხედე და ახლა მაინც დარწმუნდი, რომ შენ თავადი ხარ, თავადი! მე კი... მე... გამარჯობასაც აღარ მაკადრებთ?

- გამარჯობა, ოქროპირ, გამარჯობა, - ცალი ყბით მიუგეს ნათესავებმა და ნაძალადევად გაუღიმეს.

- რასა იქთ, როგორა ხართ? ისევ მოსუქდით, განა! ზედაც გეტყობათ, გაბურჟუებულხართ. „იმედი“ როგორღაა, „იმედი“?

- რა უშავს, შენდება.

- მეც აგრე გამიგია. ის შენდება, თქვენისთანა ხალხი კი დასაქცევია, გასაჟლეტია! - ყვიროდა დამპატიჟე და ურემს მისდევდა.

- რადა, ოქროპირ, რა დაგიშავეთ?

- ის დამიშავეთ, რომ ის წყეული სანარდო წესი შემოიღეთ.

- ჩვენ არ შემოგვიღია.

- სულ ერთია, ეგ რკინის საცერი თქვენთვის შემოიღეს. გააქნიეს, გამოაქნიეს და ჩემისთანა ნაკმაზი ქარს გაატანეს. სულ  თქვენი ბრალია, თქვენი! მართალს ვამბობ თუ არა, სიმამრო?

- მართალი ბრძანებაა, ოქროპირ, მართალი.

- ქა, ხმას ნუ გასცემ, - ჩასჩურჩულა ცოლმა.  - რამეს გადაგვკიდებს.

- ფეხებსაც ვერ მომჭამს, - ჩურჩულითვე მიუგო ქმარმა.

- ჰოდა ჩვენი დრო რომ დადგება, მე თვითონ ამოვალ და ყველა იმედელს ჩემებურ რკინის საცერში გავატარებ. ვინც ოთხას შრომადღეს აკეთებს, თავდაპირველად იმას მოხვდება. შეგმუსრავთ! გაგანიავებთ!

- აგრე ქენი, ოქროპირ, აგრე.

- ამიტომ... ამიტომ ჩემო საყვარელო სიდედრო და სიმამრო... ისა... რა უნდა მეთქვა?.. ჰო, მართლა, - და ოქროპირმა სლუკუნით დაასრულა მრისხანე სიტყვა: - ამიტომ იქნება თქვენი უბედური სიძისთვის ერთი მანეთი მაინც გაიმეტოთ.

მაკრინე ჩუმად ატირდა. თევდორემ კი, რაც ფული ჰქონდა, ამოიღო და ნასიძარს აცახცახებულ ხელში ჩაუდო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ