I
ერთ დილას ოთხმოცი წლის მდიდარ მემამულე კნეინას გაახსენდა, რომ „უპატრონო და მის სახლში სამადლოდ გაზრდილი" ნუცა უკვე ჩვიდმეტის წლისა შესრულდა, გათხოვების დრო დაუდგა და, მაშასადამე, საჭირო იყო ქათმების მოსავლელად სხვა უპატრონო ეშოვნა და ნუცასთვის კი, დაპირებისამებრ, საქმრო მოეძებნა და მზითევიც მოემზადებინა.
კნეინას მოგონება მოგონებადვე დარჩა, „უპატრონო და სამადლოდ გაზრდილი“ ნუცა კი ჩვეულებრივ ისევ საქათმის გამგის და კრუხ-წიწილების მომვლელის მოვალეობას ასრულებდა.
კნეინას სახლში ყველაზე ადრე ნუცა დგებოდა. ირიჟრაჟებდა თუ არა, თავის პაწაწინა და კიბის ქვეშ ჩაჭედილ ფიცრულ ოთახიდან გამოვიდოდა, საქათმიდან ბატებს, ქათმებს და იხვებს გამოუშვებდა, იქვე ჩამომდინარე რუზე წყალს დაალევინებდა და თვითონაც ეზოს გვერდით პირს დაიბანდა ხოლმე. შემდეგ წკეპლასა და ჭრელ ხელსახოცში გამოკრულ ყველსა და პურს იღლიის ქვეშ ამოიდებდა და ბატის ჭუკებსა და ქათმის წიწილებს იქვე სახლის უკან დიდ ვენახში გარეკავდა ხოლმე. იქ, სადმე კაკლის ქვეშ ან ვაზებშუა მოკეცილი იჯდა და მთელ დღეს კნეინას მოჯამაგირეებისათვის წინდებსა და პაჭიჭებს ჰქსოვდა.
შუადღისას სახლის დიდ ეზოზე ერთხელ კიდევ საჩქაროდ გაირბენდა ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ ქათმებისთვის ნაკმაზი დაეყარა, საბუდრებიდან კვერცხები ამოელაგა, თავისი ხვედრი ყველი და პური მიეღო და შემდეგ ისევ წიწილებისათვის მიეხედნა და ონავარი ფრინველის დასაფრთხობლად ცისთვისაც ეთვალთვალებინა.
ხშირად გაისმოდა მისი კივილი და ფეხშიშველი ქალი ქორსა და ძერას მისდევდა.
საღამოს ჟამზე სასაბუდრებში ახალ ბზეს ჰყრიდა, საქათმეს ჰგვიდა და, როცა შიგ ფრინველს დაამწყვდევდა, სამზარეულოდან ყველსა და პურს გამოიტანდა და ისევე თავის ფიცრულში ძვრებოდა. იქიდან მხოლოდ მეორე დილითღა გამოდიოდა. ცუდ დარში და ზამთრობით უმეტეს ნაწილად შინ იჯდა და ბუმბულს არჩევდა.
ყველა ნაბუშარს ეძახდა... უპატრონოს დედაც, როგორც ამბობდნენ, ნუცასავით უპატრონო იყო და სამადლოდ კნეინამ გაზარდა, მაგრამ ვერ გაათხოვა, რადგან ვიღაცამ შეაცდინა და ქალი გააჩენინა.
უმამო ნუცა იმავე ოთახში დაიბადა და მშობიარეც იქ გარდაიცვალა, სადაც უპატრონო მექათმედ ჩვიდმეტი წელიწადი გაატარა.
სხვა მოსამსახურეთა ცხოვრებაში ნუცა არასდროს არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. თითქო არავის არ ახსოვდა, რომ ჩვიდმეტი წელიწადი იმათ გვერდით, იქვე, კიბის ქვეშ განმარტოებული და ყველასაგან მივიწყებული უბრალო მექათმე და უპატრონო ნუცა სცხოვრობდა. მისი არსებობა უკანასკნელ დროს მხოლოდ მზარეულმა სოსიკომ და მებაღე ივანიკამ შეამჩნიეს. ყოველთვის თავჩაღუნულმა და სწრაფად მოსიარულე ნუცამ რამდენჯერმე იმათი ორაზროვანი ღიმილი შენიშნა, მაგრამ, როგორც ყველას და ყოველთვის პასუხს არ აძლევდა, თანხმობის ან უთანხმოების ნიშნად მხოლოდ თავს გაუქნევდა და ისევ ქათმებისაკენ მიეჩქარებოდა.
გაზაფხულზე კნეინა გარდაიცვალა. მაშინვე საიდანღაც განსვენებულის რამდენიმე ნათესავ-ნაცნობი მოვიდა. კნეინა დამარხეს და ნამდვილ მემკვიდრეთა მოლოდინში სახლის ზევითა სართულში დასახლდნენ.
ერთის თვის შემდეგ დაობლებულ სახლს ქალაქის ეტლით ორი ხანგადასული გასათხოვარი ქალი და ოცდახუთის წლის კაცი მოადგნენ. სამივენი კნეინას ახლო ნათესავი და მემკვიდრენი იყვნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ ნუცამ ბაღში მოსეირნე ახალი ბატონები დაინახა. ხელიხელ გაყრილი ქალები წინ მიდიოდნენ. ნუცა კაკალს ამოეფარა, დამალვა უნდოდა, მაგრამ რომ დაინახა ბატონები პირდაპირ კაკლისკენ მოდიან, უცებ გამოვარდა, ვაზებში შეერია და ახალი ყლორტების მტვრევითა და ხმაურობით ღობისკენ გაიქცა.
ქალებს შეეშინდათ. ერთხმად შეჰკივლეს, ბატონი კი გაქცეულ ნუცას გამოედევნა.
- შენ ჰეი! შენ ეი! შესდექი-მეთქი, გესმის, შესდექი-მეთქი!
ნუცა შესდგა.
- აქ მოდი! - უბრძანა ბატონმა და ხეივანში მდგომ ქალებისაკენ წავიდა.
ნუცა გაუბედავად უკან გაჰყვა, შორიახლო გაჩერდა და მიწას დააცქერდა.
- შენ ვინა ხარ? - ჰკითხა ბატონმა.
ნუცა სდუმდა, შეეშინდა, შერცხვა, გაწითლდა და გულმა ფანცქალი დაუწყო.
- რა გქვიან? - ჰკითხა ერთმა ქალმა.
- შენ გეკითხებიან! - მოაგონა მეორემ და ლორნეტით დაუწყო შინჯვა.
- შენი სახელი?
- ნუცა... - ძლივს წარმოსთქვა მექათმემ და გაქცევა დააპირა.
- დაიცა, სად მიხვალ!.. აქ რა გინდა? - განაგრძო ბატონმა.
- არაფერი...
ერთმა ქალმა მეორეს რუსულად რაღაც უთხრა, შემდეგ ორივემ კოტეს შეჰხედეს, მერმე ნუცა აათვალ-ჩაათვალიერეს, ისევ რაღაცა სთქვეს და ყველას გაეცინა.
- სადაური ხარ, ვისი ხარ? - დაიწყო ისევ ბატონმა.
- მე... მექათმე ვარ.
- ვისი? - ქალბატონისა...
ქალებმა ამოიოხრეს, ბატონს გაუკვირდა.
- ჩემთვის შენზე არაფერი უთქვამთ.
სიჩუმის შემდეგ ისევ რუსულად დაიწყეს ლაპარაკი, თავჩაკიდული და გასაქცევად მომზადებული ნუცა ერთხელ კიდევ გასინჯეს და გაიცინეს.
- კარგი, წადი, - ნება დართო ბატონმა და სირბილით მიმავალ ნუცას, იმის ფეხებს, მოშრიალე მოკლე კაბას და გაბურძგვნილ თმას თვალი გააყოლა.
ორი დღის შემდეგ ხეივანში მიმავალ ნუცას ვაზებიდან გამოსული ბატონი შეხვდა.
- დაიცა, სად მიხვალ?
ნუცა შედგა და ისევ თავი დახარა.
- სად მიხვალ?
- ბატებთან... - ჩურჩულით მიუგო ნუცამ და წასვლა დააპირა.
- დაიცა, რამდენი ხანი იყავ კნეინასთან?
- არ ვიცი...
- რამდენი წლისა ხარ?
- არ ვიცი...
- ამ სახლში ხომ არ დაიბადე?
- დიაღ...
- თვრამეტი წლისა იქნები?
- დიაღ... - პატარაობიდანვე ქათმებს უვლი?
- დიაღ...
- კნეინა გასათხოვრად გზრდიდა არა? ხმა ამოიღე, რისა გრცხვენიან? მაშ არ იცი? გათხოვება არ გინდა? სთქვი რაღა, გინდა გაგათხოვო?
- არ ვიცი...
- მაშ საქმრო რომ გიშოვნო და მზითევიც მოგცე... დაიცა, სად მიხვალ? - და გაქცეულ ნუცას დაეწია, ხელში ხელი წაავლო, ახლო მიიზიდა, ნიკაპი აუწია და სირცხვილით აწითლებულს ლოყებსა და შეშინებულ თვალებში ჩააცქერდა.
- სად მირბიხარ, ჰა? რათ მერიდები? ჩემი რათ გეშინიან? - ღიმილით ეკითხებოდა ბატონი და შიშით გონებადაკარგულ უპატრონოს ამხნევებდა და არიგებდა:
- ჩემი ნუ გეშინიან... არაფერს გიზამ... აბა რა შენი საქმეა ქათმები? დღეის შემდეგ ზევით ამოდი, ჩაის შემოიტან, ტანისამოსს გამიწმენდავ... ქალბატონებს ემსახურები. ტანისამოსი უნდა გამოიცვალო, თორემ... ფეხშიშველა ნუ დადიხარ... აი, ყველაფერი იყიდე. - თუმნიანი ძალით ჩაუდო მთრთოლვარე ხელში და წავიდა.
ნუცა იმავე ადგილზე დიდხანს იდგა. ორი წიწილა დაკარგა, შინ გვიან დაბრუნდა და საქათმეც დაუგველი დარჩა. ერთი კვირის შემდეგ თავის ახალ ტანისამოსით ახალ მოვალეობის ასრულებას შეუდგა. ათასნაირ მაგიდებით, სარკეებით, ხალიჩებით და სკამებით გაჭედილ ოთახში სიარული არ იცოდა, წამდაუწუმ ჭურჭელს ამტვრევდა, სკამებს აქცევდა, ლაპარაკს ვერ ახერხებდა, ჩურჩულებდა და ერთი ნივთის მაგივრად მეორე მიჰქონდა.
ქალბატონები დასცინოდნენ, ბატონი ამხნევებდა, სხვა მოსამსახურეთ იმისი დაწინაურება შურდათ. თითქმის ყველა აჯავრებდა, ქათმების მოურავს ეძახდნენ და გასაჯავრებლად ურჩევდნენ:
- წადი, ისევ ქათმებს მიჰხედე.
- მაგან ბატონის ოთახი კი არა, საქათმე უნდა დაგავოს.
ნუცას რცხვენოდა, ტიროდა, ისევ ქათმებთან დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ბატონი არ უშვებდა, სხვა რამეზედ ელაპარაკებოდა, ბევრ რამეს ჰკითხავდა, ბევრ რამეს ურჩევდა, თმებს, ტანს და პირსახეს უქებდა და როცა ნუცა პასუხად მხოლოდ სდუმდა, წელზე ხელს ხვევდა, შემკრთალ თვალებში ჩასცქეროდა და ღიმილით უჯავრდებოდა:
- რატომ ხმას არ მცემ, ჰა? რათა გრცხვენიან, რისა გეშინიან?
ნუცა უფრო წითლდებოდა, სირცხვილით იწოდა და განთავისუფლება უნდოდა, მაგრამ ბატონი არ უშვებდა და არიგებდა:
- დაიცა, აბა, სად მიეჩქარები? როცა უფროსი გელაპარაკება, პასუხი უნდა მისცე. ხმა ამოიღე, შენ გეუბნები!
ერთ დილას ნუცამ, ჩვეულებრივად ბატონის ოთახში გაწმენდილი ტანისამოსი შეიტანა და ფეხაკრეფით უკანვე წამოვიდა, მაგრამ ბატონმა გაიღვიძა, დაუძახა, ძალით საწოლზე დაისვა დალაპარაკი დაუწყო.
ნუცა პასუხს არ აძლევდა, წამდაუწუმ იწევდა, ადგომა უნდოდა, მაგრამ ბატონი არ უშვებდა, წელზე ხელი მოჰხვია, ორივე ხელი დაუჭირა, უკან გადაიწია, ლოგინზე გადააქცია და ჩუმის ხმით ლაპარაკი განაგრძო.
ნუცა გაინაბა, აღარაფერი ესმოდა, გულის ფანცქალით და შიშით რაღაც საშინელებას ელოდა და... თავის ტუჩებზე ბატონის ულვაშების მიკარება იგრძნო. ხმა არ ამოიღო, მაგრამ თავის სუსტის ღონით ბატონის მკლავებიდან განთავისუფლება სცადა, ფართხალებდა და პირსახეს ბატონის ტუჩებს არიდებდა.
- დაიცა... ნუ გეშინიან, - უთხრა ბატონმა და კარებისაკენ წავიდა.
ნუცა წამოხტა, მეორე კარებიდან აივანზე გავარდა, საჩქაროდ კიბეზე დაეშვა და საღამომდის ვაზებს შუა ბალახებში იწვა.
II
ორი დღის შემდეგ ქალბატონები ეტლში ისხდნენ და ბატონს ეთხოვებოდნენ. ნუცა დაიბარეს, ღიმილით აათვალ-ჩაათვალიერეს, ბატონს რუსულად რაღაც უთხრეს, გაიცინეს, ნუცას თითო მანეთი აჩუქეს და წავიდნენ.
იმავე საღამოს ბატონის ყველა მოსამსახურენი გაღმა გორაზე აშენებულ ძველ ეკლესიაში წავიდნენ. მთელი სოფელიც იქ გაიკრიბა. ღამე იქ უნდა გაეთიათ, რადგან მეორე დღეს დღეობა იყო. მთელი სახლში მარტო ნუცა და ბატონიღა დარჩნენ. ნუცა ვერსად წავიდოდა, რადგან ბატონისთვის ჩაი უნდა მოემზადებინა.
დაღამდა. ნუცა სამზარეულოში ადუღებული სამოვრის წინ იჯდა და ღია ფანჯრიდან ვენახს გადასცქეროდა. ბაღიდან ახლად მოთიბულ ბალახის და კაკლის ფოთლების მძიმე სუნი მოდიოდა. ზაფხულის თბილი ჰაერი ოდნავ ირხეოდა, ბალისა და თუთის ხეების ფოთლებს არხევდა, ვაზებს შუა დაფუსფუსებდა და აქა-იქ ჩამალულ ფრინველებს აღვიძებდა.
რუზე ჩამომდინარე წყალი ოდნავ ჩუხჩუხებდა და ხანგამოშვებით ნიავისაგან გაღვიძებულ ფრინველთა ფრიალი მოისმოდა ფოთლებს შუა. სადღაც შორს, ჭალის ბოლოში, ჭოტი კიოდა. გაღმა გორიდან ღამის მთეველთა ტაშის და დაირის არეული ხმა ისმოდა. იქვე მოსჩანდა აქა-იქ ხეებს შუა მოციმციმე ცეცხლი.
ნუცა მაგიდაზე ნიდაყვდაყრდნობილი იჯდა, ხან გაძლიერებულს და ხან მიმქრალ ცეცხლებს და იმის წინ გადაჭიმულ ბნელ სივრცეზე უფრო ბნელს ვენახს და უშველებელ ხეებს უყურებდა, წყლის ჩუხჩუხს, ფოთოლთ და ფრინველთ შრიალს, ტაშის და დაირის ხმას ყურს უგდებდა. უცებ იგრძნო, რომ იგი მთელს ქვეყანაზე სრულიად მარტოდ-მარტოა, რომ იგი ზედმეტია, უპატრონო, ყველასგან დატანჯულ-დაჩაგრული, ყველას შეუძლიან იმისი დაბრიყვება და გამოსარჩლება კი - არავის.
იქ, გაღმა მთელი სოფელი ლხინობს, მისი ტოლები ცეკვავენ და იცინიან, ის კი... "ვაი, რა საბრალო ვარ!"
ყელში რაღაც მოაწვა, მხრებმა ტოკვა დაუწყეს, მთელი ტანი აუძაგძაგდა და თვალებიდან ღაპაღუპით ცრემლები ჩამოსცვივდა.
ჩამქრალ სამოვარს შიშინი გაჰქონდა. ჭრაქი სუსტად ანათებდა. მთელი სახლში სიჩუმე იყო. ნუცა კი ისევ იმ ადგილას გაუნძრევლად იჯდა, ისევ ვენახს და ჩაბნელებულ კაკლებს გადასცქეროდა და ჩუმად ტიროდა.
ზევით იატაკმა დაიჭრიალა, ფეხის ხმა მოისმა. ნუცა წამოხტა, ცრემლები მოიწმინდა და ყური დაუგდო. მოაგონდა, რომ ბატონი ჩაის უცდის და შეკრთა, შეშინდა, საჩქაროდ ჭრაქი ჩააქრო, თავის ოთახში შევარდა, ლოგინზე მიწვა, გაინაბა და გულის ფანცქალით რაღაცას ელოდა.
ცოტა ხნის შემდეგ კიბემ ჭრიალი დაიწყო, ბატონი ნელი და ფრთხილის ნაბიჯით დაბლა ჩამოვიდა, სამზარეულოში შეიხედა და შემდეგ ნუცას ოთახისკენ გამობრუნდა. ფეხაკრეფით მოდის... თანდათან ახლოვდება... კარებთან გაჩერდა, შემოაღო, შემოიხედა და...
- ნუცა! - გაისმა ბატონის ჩუმი და მთრთოლვარე ხმა.
ნუცა გაინაბა, სუნთქვა შესწყვიტა, თავი მოიმძინარა და თვალები დახუჭა. შორიდან ტაშის კვრა, დაირის ხმა და წყლის ჩხრიალიღა ისმოდა. სიჩუმის შემდეგ თავის ყურთან ბატონის ქშენა მოესმა, ხელზე სხვის მძიმე და ცხელი ხელი იგრძნო... სულის განაბვას ვეღარ გაუძლო, ჰაერი უნდოდა და... შეჰკივლა, წამოხტადა კარებისაკენ გაექანა, მაგრამ ბატონმა გზა გადაუღობა.
- რატომ ჩაი არ მოგაქვს?
- ეხლავე... მოვიტან...
- ჩქარა, - და ისევ ზევით ავიდა.
ნუცამ ჩაი აიტანა, დიდხანს იდგა ბატონის ოთახის კარებთან, შესვლას ვერ ჰბედავდა, უკან გამობრუნება უნდოდა, მაგრამ ბოლოს გაბედა, კარები ფრთხილად გააღო და შევიდა.
ოთახში თითქმის ბნელოდა, სკამს დაეჯახა, მაგიდა ძლივს იპოვნა, ზედ ჩაი დადგა და ჩქარის ნაბიჯით უკანვე წამოვიდა, მაგრამ კარებში ბატონი დაუხვდა. ნუცა ისევ აივნის კარებს ეცა, მაგრამ ისიც დაკეტილი იყო. კუთხეში გაჩერდა, უნდოდა დაეყვირა, მაგრამ ხმას არ იღებდა და მობუზულ-გაშეშებული თავისკენ მომავალ ბატონს უყურებდა.
ცოტა ხნის შემდეგ სუსტი და სამადლოდ გაზრდილი ნუცა ბატონის მკლავებში ესვენა. არ ეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ ჩუმის ტირილით ეხვეწებოდა:
- თქვენი ჭირიმე-ე-ე-ეთ... ნუ გამიმეტებთ... თქვენ გენაცვალე-ე-ეთ... ნუ გამაუბედურებთ.
ბატონის ოთახიდან შუაღამისას გამოვიდა, ბარბაცით კიბეზე ჩავიდა და თავის ოთახთან გაჩერდა.
გაღმა დაირის და ტაშის ხმა მისწყდა. მხოლოდ ორგან ენთო ცეცხლი. აღარც ნიავი ჰქროდა. ფრინველებიც მიყუჩდნენ. წყალი განუწყვეტლივ ჩუხჩუხებდა და დროგამოშვებით შორიდან ძაღლის ყეფა მოისმოდა. მთების უკნიდან მოწითალო მთვარე ამოსულიყო და ნახევრად კაკლის ფოთლებით დაფარულ იქაურობას სუსტად ანათებდა. ირგვლივ ყოველივეს თხელი ნისლი გადაჰკროდა.
ნუცა დიდხანს იდგა ერთ ალაგას, მიწას დაჰყურებდა და ფიქრობდა. შემდეგ ოთახში შევიდა, ტახტზე ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, დიდი, უმოძრაო და უაზრო თვალებით კუთხეს დააცქერდა და სიბნელით, მარტოობით, უსაზღვრო შიშით და სირცხვილით შებოჭილი მამლის ყივილამდის არ განძრეულა.
მეორე დილას ბატონს ჩაი აღარ აუტანა, მთელი დღე შინ იჯდა. მხოლოდ საღამოზე გამოვიდა და ფრთხილად, ქურდულად სამზარეულოსკენ წავიდა. აქეთ-იქით იხედებოდა, ხმაურობას ყურს უგდებდა და რომ არავინ შეხვდა, საჩქაროდ ყველი და პური მოტეხა და ისევ თავის ოთახისკენ გაიქცა.
საღამოზე ბატონთან დაუძახეს, მაგრამ განგებ თავი მოიავადმყოფა და ორი დღე ლოგინში იწვა. მესამე დღეს დილით თვითონ ბატონი ჩამოვიდა, მაჯა გაუსინჯა, რაღაც დაალევინა და საღამოზე ისევ დაიბარა.
ნუცამ ჩაი აუტანა. ბატონმა კარები დაუკეტა და ოთახიდან რიჟრაჟზე გამოუშვა.
ამის შემდეგ ბატონი საღამოობით ჩაის მხოლოდ მაშინ თხოულობდა, როცა ყველგან და ყველას უკვე ეძინა. მხოლოდ ნუცა სამზარეულოში ჩამქრალ სამოვართან იჯდა და ბატონის ბრძანებას ელოდა. ზევიდან რომ იატაკს დააკაკუნებდნენ, დაღლილ-დაქანცულ უპატრონოს ბატონის ოთახში ჩაი აჰქონდა, ბნელ კუთხეში იტუზებოდა და მოთმინებით ჩაის გათავებას და სანთლის ჩაქრობას უცდიდა.
დღისით თავის ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა, ყველას ერიდებოდა, ყველასი რცხვენოდა და ეშინოდა. მთელი დღე ნადირივით იმალებოდა. ყველას განზე უვლიდა და თუ ვინმე დაელაპარაკებოდა, ყურებამდის წითლდებოდა, თავს დაბლა ღუნავდა, პასუხს არ აძლევდა და შეშინებული თავის ოთახში მირბოდა. მხოლოდ აქ შეეძლო დამშვიდება, ფიქრი, ბალიშებ და საბანქვეშ დამალვა და თავისუფლად ტირილი.
ერთხელ ნუცასავით სამადლოდ გაზრდილმა ბებერმა სალომემ კიბის ქვეშ შეიხედა, თვალებდაწითლებულ ნუცას დააცქერდა და ჩუმი ხმით ჰკითხა:
- გოგო, ეგ რა მოგდის, რა გემართება?
ნუცა საჩქაროდ წამოდგა, ორი თვის ხელუხლებელს ბუმბულით სავსე გოდორს ეცა, ჩამოიღო და კარებში მდგომ სალომეს ზურგი შეაქცია.
- რა გემართება, რა გატირებს?
- არა, რათა... მე... მე არა ვტირი... რათ უნდა ვიტირო... არა ვტირი. - ჩურჩულით და ხმის კანკალით მიუგო ნუცამ და ბუმბულს რჩევა დაუწყო.
სალომემ უნდობლად შეხედა, ხელში ხელი წაავლო, სინათლეზე გამოიყვანა და თვალებში ჩააცქერდა.
- აბა, რათა სტყუი, ჰა? განა ვერა ვხედავ, რომ... აი, ეხლაც სტირი, აი ცრემლები... აი, აკი სტირი, აი, აი, - იმეორებდა სალომე და თავის გამხდარის თითით ნუცას ნიკაპიდან ღაპაღუპით ჩამონადენ ცრემლებსა სწმენდდა.
ნუცა სწორედ იდგა. უმოძრაო და მოქუშული სახე გვერდზე მიებრუნებინა, ცრემლებით სავსე თვალები კუთხისკენ მიეპყრო, ტუჩებს იკვნეტავდა და თან ცრემლების შემაგრებას სცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. თვალებში ცრემლები თავისთავად იბადებოდა, ლოყებზე მოცურავდა და წვეთ-წვეთად მიწაზე ცვიოდა. სალომე კი თავის თითს ისევ სველ ლოყაზე უსვამდა და იმეორებდა:
- აი, კიდევ... აი... აი... აი...
ნუცამ თავი ვეღარ შეიმაგრა, მუხლები ჩაეკეცა, პირსახეზე ხელები მიიფარა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. მალე დამშვიდდა და სალომეს მოშორება ტირილის მიზეზის დამალვითღა უნდოდა.
უკანასკნელ დროს ბატონი უპატრონო ნუცას თითქმის ყოველდღე უკეტავდა კარებს და ოთახიდან ერთი ან ორი საათის შემდეგ უშვებდა. წინათ თუ ელაპარაკებოდა და რაღაცეებს ჰკითხავდა, ეხლა პირიქით, ხმას არა სცემდა.
ნუცამაც თავისი მოვალეობა ისე კარგად შეისწავლა, რომ ბატონის ოთახში შესვლისა და იქიდან გამოსვლის დრო დანამდვილებით იცოდა.
ორ თვეზე მეტი გავიდა. ერთ ღამეს ბატონმა ჩვეულებისამებრ კარი ჩაკეტა, კუთხეში მჯდომი ნუცა მიისვა, ჯერ რაღაცეები გამოჰკითხა და ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ პირდაპირ უთხრა:
- უნდა გაგათხოვო.
ნუცამ თავის ჩვეულება დაარღვია, აქამდის დახრილი თავი მაღლა აიღო და ბატონს გაკვირვებით და შიშით შეხედა.
- დროა, უნდა გათხოვდე, თორემ დღეს-ხვალ წავალ და იქნება აღარც კი დავბრუნდე, გაიგე?
ნუცა სდუმდა.
- გაიგე-მეთქი?
- დიაღ, - ჩურჩულით მიუგო უპატრონომ და ისევ თავი დახარა.
- ვინ გინდა, ვის მისთხოვდები?
- არ ვიცი...
- მაინც ვინ მოგწონს?
- არ ვიცი...
- მზითევად რა გინდა, მიწა თუ ფული?
- არ ვიცი...
- რა არი, სულ არ ვიცი და არ ვიცი! მახარაანთ თედოს გაჰყვები?
- დიაღ...
- მებაღე ივანიკას?
- დიაღ...
- მჭედელ ჰავლეს?
- დიაღ...
ბატონი წამოდგა, რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და ნუცას წინ გაჩერდა:
- მჭედელ პავლეს მამას აკოფას მოველაპარაკე და ვუთხარი, რომ მზითვად ათ თუმანს მივცემ-მეთქი, ან აი იქ, ბაღის ბოლოზე ერთ დღიურ მიწას და თუ სახლებსაც ააშენებთ, მასალასაც უფასოდ დაგითმობთ-მეთქი, რა გირჩევნია?
- არ ვიცი...
- პავლემ მიწა და სახლის მასალა არჩია.
- დიაღ...
ამით მორიგდნენ.
მეორე დღეს ბატონი და მოხუცი აკოფა - პავლეს მამა - მთელ საათს ვენახის ბოლოში დადიოდნენ და მიწას ზომავდნენ. შემდეგ შინ დაბრუნდნენ, მჭედელ პავლეს დაუძახეს, რაღაცაზე მოილაპარაკეს და ისევ დაიშალნენ. იმავ საღამოს ბატონმა უთხრა ნუცას:
- პავლე თანახმაა, შეგირთავს. - და პასუხს მოუცადა - შენ რას იტყვი?
- არ ვიცი...
- როგორ არ იცი? პავლე გთხოულობს, გაჰყვები თუ არა?
- დიაღ...
- ვენახის ბოლოზე ერთი დღიური მიწა მივუზომე.
- დიაღ...
- ტყეც მივეცი და დაგნიშნავს თუ არა, სახლის შენებასაც შეუდგება. მოემზადე, ხვალ საღამოს მოვა.
ნუცა შეკრთა, შეშინდა და ბატონს დააცქერდა. „ხვალ საღამოს... მოვა“.
- ქორწილი ორი კვირის შემდეგ გექნებათ.
ნუცას თითქმის აღარაფერი ესმოდა. „ორი კვირის შემდეგ ქორწილი“.
- ხვალ უნდა წავიდე. ყველაფერი მღვდელს მივანდე და რაც გითხრას დაუჯერე. ერთი ხელი ტანისამოსი ხომ გაქვს? ხომ გაქვს-მეთქი?
- დიაღ... მაქვს...
- დანარჩენსაც ბიჭის ხელით ქალაქიდან გამოგიგზავნი - სიჩუმის შემდეგ კარები ჩაკეტა და სანთელი ჩააქრო.
III
მეორე დღეს დილით ბატონი ეტლში იჯდა და მღვდელს და აკოფას ელაპარაკებოდა. ნუცა თავის ოთახში იდგა და მოლაპარაკეთ ჭუჭრუტანიდან უყურებდა. ბატონმა არ დაიბარა, არაფერი უთხრა. ნუცა კი მთელი საათი იდგა ერთ ადგილას და ბატონის ყოველ მოძრაობას, ხელის განძრევას და ლაპარაკს გაფაციცებით თვალ-ყურს ადევნებდა. მუხლები უკანკალებდა, მთელი ტანით თრთოდა, ცახცახებდა და გაფითრებულ შუბლიდან წამდაუწუმ ცივ ოფლს იწმენდდა.
ხარებმა ჟღარუნი დაიწყეს, ეტლი რიხრიხით დაიძრა, მტვერში გაეხვია და ღობეს რომ მიეფარა, ნუცას გულიდან მოკლე და კვნესის მაგვარი ოხვრა აღმოხდა. გამხდარი თითებით ფიცრებს კაწვრა დაუწყო, მთელის ტანით ხტოდა, ძაგძაგებდა და უცებ კარი გამოაღო, გამოვარდა, უნდოდა ქვეით გაქცეულიყო, ბატონს დასწეოდა, ყველაფერი ეთქვა, აეხსნა, შეხვეწოდა, შებრალება ეთხოვა, მაგრამ იქვე მოლაპარაკე მღვდელი და აკოფა დაინახა, შედგა და უმალვე პირი იბრუნა.
მას არავინ ხედავდა. საჩქაროდ ეზო გადაირბინა, ბაღში შევიდა, ვაზებში ჩაწვა და ქვითინი დაიწყო. სახლიდან და ეზოდან რამდენჯერმე უძახდნენ, ეძებდნენ, მაგრამ სულგანაბული უპატრონო ხმას არ აძლევდა, ბალახებში უფრო ღრმად ძვრებოდა, ვაზების ხშირ ფოთლებში ნადირივით იმალებოდა და ვით ქურდი და ბოროტმოქმედი, შიშით თრთოდა და თავის მძებნელთა სიარულს და ფაჩიფუჩს ყურებდაცქვეტილი თვალყურს ადევნებდა.
ტირილით დაიღალა და იქვე მიეძინა. როცა მებაღე ივანიკამ იპოვნა და გამოაღვიძა, მზე უკვე ჩასულიყო. ნუცა წამოხტა, ბარბაცით თავის ოთახისკენ გასწია და იქ ტახტზე მიწვა. არც იქ მოასვენეს. სალომე შემოვიდა, თითქმის ძალით წაიყვანა თავის ოთახში, ძალათვე ჩააცვა ახალი ტანისამოსი, დაარიგა და სამზარეულოში შეიყვანა.
დაბალ ტახტზე მზარეული სოსიკო და ბებერი აკოფა ისხდნენ. რკინის გახურებულ ფეჩთან თავჩაკიდული და ახალ ტანისამოსში გამოწყობილი მჭედელი პავლე, ნუცას მომავალი საქმრო იჯდა. ძარღვიანი, ტლანქი და ახალის ჩოხით ლურჯად შეღებილ ხელებზე გაშავებული და უწვერულვაშო პირსახე დაებჯინა. განიერი მხარ-ბეჭი სანთლისკენ ჰქონდა მიქცეული. შუა ოთახში თეთრი სუფრით გადაფარებული მაგიდა იდგა. ზედ ადუღებული სამოვარი და ღვინით სავსე ბოთლები ეწყო.
- ე-ე, ძლივს არ იპოვეს, - მხიარულად წამოიძახა მზარეულმა და კარებში გაჩერებულს ნუცას სკამი მიუდგა. - მოდი, დაჯექი.
პირმოპარსული, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნით და ღვინის სმით განთქმული აკოფა ზეზე წამოდგა და თავის მომავალ რძალს შოთას დამახინჯებული სიტყვებით მიეგება:
- ქალი კაცისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. მობრძანდი, გვეწვიე.
აწითლებული და მოუხეშავი უპატრონო კუთხეში აიბუზა და თითების კვნეტა დაიწყო. პავლე ადგილიდან არ დაიძრა, თავი უფრო ძირს ჩაჰკიდა და პირსახის სრესას მოჰყვა.
- რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია, - ისევ შოთას მიჰმართა აკოფამ და დაუმატა: - შე დალოცვილო, ე კუთხეში რომ ატუზულხარ, რა საკადრისია! მოდი, დაჯე, ვილაპარაკოთ, ვივახშმოთ და საქმეც გავარიგოთ.
- მო, მოდი, ნუციკო, მოდი, - მიიპატიჟა მზარეულმა.
- ათასად ღვინო დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა...
- ი-ი, კარგი ერთი და-ა, - გააწყვეტინა სალომემ, - ხუთმეტი წლის გოგომ რა ზრდილობა უნდა იცოდეს. - ნუცას ხელი წაავლო, მაგიდასთან მიიყვანა, სკამზე დასვა და წინ სანთელი დაუდგა.
- თუ კაცი მსმელად არ ვარგა, ცუდია გვარივილობა, - დაამთავრა თავისი აზრი აკოფამ და ნუცას სინჯვა დაუწყო.
ნუცამ პირი იქით მიიბრუნა, სირცხვილით აღარ იცოდა რა ექნა, თითებს იტკაცუნებდა და ცრემლებს იმაგრებდა.
ბოლოს მაგიდას მოუსხდნენ და ვახშმობა დაიწყეს. ნუცა კი ისევ იქ იჯდა, ხან იატაკს სინჯავდა და ხან სიბნელით მოცულ ვენახს გადასცქეროდა.
- საბრალოა სიყვარული, პავლეს შეიქმს გულმოკლულად, - დაარღვია სიჩუმე აკოფამ, თავჩაკიდულს და მორცხვ საქმროს გადახედა, მერე ბოთლიდან ღვინო ჩამოასხა და განმარტა:
- ბოთლისა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების.
სალომე და მზარეული გულიანად იცინოდნენ, პავლე ძალდატანებით იღიმებოდა, ნუცა კი სდუმდა.
- რასაცა დალევ შენია, რაც არა დაკარგულია. დალიე, იმერელო! - და სავსე ჭიქა მზარეულს გადაუდგა.
- აჰა, შენ რავა შეგედრები: სმაში განთქმული კაცი ხარ!
- სჯობს სიფხიზლესა ნაძრახსა, სიმთვრალე სახელოვანი!
- ი-ი, კარგი თუ ღმერთი გწამს-და! მაგდენი სმა როგორ შეიძლება, - უსაყვედურა სალომემ.
- ზოგჯერ სმა სჯობს არა სმასა, ზოგჯერ სმითაც დაშავდების, -პასუხი მოუჭრა აკოფამ და ცოტა ხნით დავიწყებული ნუცა ხელმეორედ მოაგონდა: - ქორწინებას ვერ ვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქნების.
პავლემ ჭრელი ხელსახოცით ცხვირი მოიწმინდა, თავი დაღუნა და კარგა ხანს ქალამანს ისწორებდა. ნუცა წამოდგა და კარებისკენ წავიდა, მაგრამ აკოფამ არ გაუშვა, ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა და პავლეს სადღეგრძელოს დალევა სთხოვა.
- დალიე, ნუცაჯან, დალიე! ისე შეგინახოს, როგორც მარგალიტი.
ნუცა ჯერ უარზე იდგა, სტუმრებს ზურგი შეაქცია. ბევრი თხოვნის შემდეგ გაწითლებული მობრუნდა, თავჩაკიდულ საქმროს თავი დაუკრა, ჭიქა ტუჩებზე მიიდო, მაგრამ უცებ ხელი გაუშვა, ღვინო დაღვარა, ჭიქა გატეხა და ტირილით გარეთ გავარდა.
ნუცა მეორე დღეს დანიშნეს. წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხმა არ ამოუღია. ბატონის ბრძანებას ეხლაც ისე დაემორჩილა, როგორც ყოველ იმის სურვილს ემორჩილებოდა ხოლმე.
რამდენიმე დღის შემდეგ აკოფამ და პავლემ ბატონისაგან მოზომილი მიწა შემოღობეს და გზის ნაპირას სახლის შენება დაიწყეს. ძველი სახლი, რომელიც აკოფას რჩებოდა, უფრო ქვეით იყო. ერთი თვის შემდეგ მიწური სახლი, ძარი და ფიცრული სამჭედლო უკვე მზად იყო. ამ ერთი თვის განმავლობაში პავლე მხოლოდ ორჯერ ამოვიდა ნუცას სანახავად. დანიშნულებს მარტო სტოვებდნენ, მაგრამ ორივენი შორი-შორს ისხდნენ და სდუმდნენ. პავლე ხელებს ისრესდა და იატაკს თვალს არ აშორებდა. ნუცა თითებს იკვნეტდა და ოთახის კუთხეს შინჯავდა.
ქალაქიდან ბატონის ბრძანება მოვიდა, ქორწილი დააჩქარეთო. რამდენიმე დღის შემდეგ თვალცრემლიანმა ნუცამ ეკლესიაში ჩურჩულით პავლესთან შეუღლების სურვილი გამოაცხადა და იმავე საღამოს სამუდამოდ მჭედლის ახალ ბინაში გადასახლდა.
დაიწყო ერთფეროვანი ცხოვრება. ყოველ დილით პავლე ტყავის წინსაფარს იკრავდა და სამჭედლოში გადიოდა. იქიდან მიწის სახლში მომუშავე ნუცას საღამომდის პავლე სჩაქუჩის მედგარი რახარუხი და საბერვლის გრიალი ესმოდა. შუადღისას პავლე მოკლე ხნით შინ შემოირბენდა, ერთ ჯამს ლობიოს ან შვინდის შეჭამანდს დასცლიდა და ისევ სამჭედლოში მირბოდა ხოლმე.
ნუცაც მალე შეეჩვია თავის მოვალეობას. ქმარს სადილს უმზადებდა, საღამოზე სადილის დანარჩენს უთბობდა და თავისუფალ დროს წინდა-პაჭიჭების ქსოვაში ატარებდა. ზოგჯერ მატყლ-ბუმბულსაც არჩევდა. მალე ქათმებიც გაიჩინა. პავლემ იმდენი ფული შეიძინა, რომ შემოდგომის დამდეგს ძროხა და ორი ღორიც კი იყიდა.
ერთმანეთს იშვიათად ელაპარაკებოდნენ. ხშირად, უქმე დღეს ან ღამე, ბუხრის წინ საათობით ისხდნენ და უსიტყვოდ ცეცხლს ჩასცქეროდნენ. ზოგჯერ ორი ან სამი დღე ისე გავიდოდა, რომ ერთმანეთსთვის ერთი სიტყვასაც არ ეტყოდნენ.
ნუცა ეხლაც ყველას ერიდებოდა. მთელ სოფელში თავის მაზლების და მამამთილ-დედამთილის მეტს არავის იცნობდა, მეზობლები არა ჰყავდა და არც თვითონ ითვლებოდა ვისიმე მეზობლად. სოფლურ ქორწინებაში და კვირა-უქმობით გამართულ ცეკვა-თამაშში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. ყოველ დილით კოკით წყალზე მიდიოდა და სოფლის დედაკაცებს მხოლოდ იქ ხედავდა. თუ იმისი ჯერი არ იყო, განზე დგებოდა, ხმას არავის სცემდა და როცა კოკას აავსებდა, უკან თითქმის სირბილით მოდიოდა ხოლმე.
სოფლის ქალები მტრულად უყურებდნენ. კოკით ხელში განზე მდგომ ნუცას ხშირად შეუნიშნავს თავის შესახებ დედაკაცების ბუტბუტი, გულგრილობა, ზიზღი და ზოგჯერ უმიზეზო სიძულვილიც კი.
ზოგჯერ მასთან მამამთილი შემოივლიდა ხოლმე და თუ კარგ გუნებაზე იყო, თავის ჩვეულებრივ „რასაცა დალევს“ იტყოდა. ცოტახნით ნუცას გაამხიარულებდა და შემდეგ სამჭედლოში შევიდოდა.
ნუცამ შემოდგომას აკოფას რთველში უშველა, მერე თავისი ხვედრი ლობიო-სიმინდი მოკრიფა, შეინახა და ზამთრის დამდეგს ისევ პაჭიჭებს და წინდებს დაუბრუნდა.
უკანასკნელ დროს ნუცამ დასრულება და სიმძიმე რამდენჯერმე შეამჩნია, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე დღე არაფერი გაუკეთებია, მთელის საათობით ბნელ სახლში ბუხრის წინ იჯდა და ცეცხლს ჩასცქეროდა.
ერთხელ დილით წყლის მოსატანად წავიდა. იქ უკვე რამდენიმე დედაკაცი შეგროვილიყო და ყველა თავის ჯერს უცდიდა. ნუცა ჩვეულებრივ განზე დადგა და გაჩუმებული თავის რიგს ელოდა. ცოტა ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ დედაკაცებმა ჯგუფი შეჰკრეს, განზე გამდგარ ნუცას გაკვირვებით შინჯავდნენ, ათვალიერებდნენ, ჩურჩულებდნენ და ერთმანეთს იმაზე უთითებდნენ.
ნუცამ ზედ დაიხედა, ტანისამოსი დაათვალიერა. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერს მიხვდა და შეკრთა, თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაეხვია, გაწითლდა და რომ არ წაქცეულიყო, ცარიელი კოკა მხარზე აიგდო და სირბილით შინისკენ გამოსწია. ფეხებს ძლივს ადგამდა, გზას არ სინჯავდა და წამდაუწუმ ქვებს და ორმოებს აწყდებოდა.
შინ შემოვარდა, კოკა კუთხეში მიაგდო, ყველაფერი მოაგონდა და უხმოდ იქვე ჩაიკეცა. დიდხანს იჯდა გაუნძრევლად და თავის გათხოვებიდან თვეებს სთვლიდა. მხოლოდ ხუთი თვე დათვალა. იმ დღეს სადილი დააგვიანა. პავლე რომ პურს სჭამდა, ნუცა ტახტზე იჯდა, მუხლებზე კალათი ედგა და ბუმბულს არჩევდა. სადილის შემდეგ ბუხარს მიუჯდა და საღამომდის იქ იჯდა. ეხლა მხოლოდ სასწაულსღა ელოდა და გულუბრყვილოდ სწამდა, რომ განგება შეიბრალებს მას, გაიგებს იმის მდგომარეობას და ბუნებაც თავის სასტიკს და საყოველთაო ცხრა თვეს ნუცასთვის თორმეტ ან თოთხმეტ თვედ გადააკეთებს.
ერთ საღამოს აკოფა შემოვიდა, ჩვეულებრივად „რასაცა დალევ“ ახსენა, პავლეს რაღაცაზე მოელაპარაკა და შემდეგ კუთხეში მჯდომ ნუცას მიუბრუნდა:
- იცი რა? ე იმერეთშიაც ვყოფილვარ, კახეთიც მინახავს, ბაქოშიც ვიყავი, სათათრეთიც ვნახე და... მთელი საქართველო შემომივლია. ცოლიცა მყავს, ძმებიცა მყავს, შვილიცა მყავს, მაგრამ...მოდი, რაც გახდეს, გახდეს და ერთი შვილიშვილი მაჩუქე. ჰა? რას იტყვი?
ნუცა მაშინვე გარეთ გავარდა. კარებთან გაჩერდა და აკოფას წასვლას ელოდა. გარეთ ციოდა, თოვდა. სახლიდან აკოფა და პავლე გამოვიდნენ ლაპარაკით. ნუცა ძარს ამოეფარა და იმათ ლაპარაკს ყური დაუგდო.
- ბიჭო და, ხუთი თვეა, რაც ჯვარი დაიწერე და... მთელი სოფელი მაგაზე ლაპარაკობს და მე რა ვიცი. - ამშვიდებდა აკოფა.
- მე რაღა ვიცი! ილაპარაკონ რა!
- მერე და მართალი რომ გამოდგეს?
- მაგასაც მოვესწრობით
და ერთმანეთს დაშორდნენ.
ნუცა დიდხანს იდგა ძარქვეშ. მერე ფრთხილად კარები შეაღო და სახლში შევიდა. პავლე დაწოლილიყო, მაგრამ არ ეძინა. იმ ღამეს ორივემ ბევრი იტრიალეს, არ ეძინებოდათ. პავლე წამდაუწუმ ახველებდა, დგებოდა, ცეცხლს უჩხიკინებდა და ისევ წვებოდა. ნუცა რამდენჯერმე გარეთ გავიდა, იქ უსაქმოდ იდგა და სიცივისგან გაფითრებული უკანვე შემოდიოდა, მაგრამ მაინც ვერ დაიძინეს. მამლის ყივილმა მოატანა. პავლემ ხვრინვა ამოუშვა, ნუცა კი თითქმის რიჟრაჟამდე იჯდა ბუხრის წინ და მიმქრალ ცეცხლს ჩასცქეროდა.
ნუცამ მეორე დღეს შენიშნა, რომ პავლე მას ჩუმად და ქურდულად ათვალიერებს და რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არაფერი სთქვა, გარეთ გავიდა და სამჭედლო მთელი დღე დაკეტილი ჰქონდა.
საღამოზე ნუცას დედამთილი მოვიდა, სანთელი აანთო, რამდენჯერმე „უპატრონო“ აათვალ-ჩაათვალიერა, შემდეგ პავლეს დაქორწინების დღე მოიგონა და მას აქეთ გასულ თვეების თვლა დაიწყო.
ნუცამ ლაპარაკი არ დაამთავრებინა, გარეთ გამოვიდა და პირდაპირ ბატონის სახლში წავიდა. უკან მხოლოდ მეორე საღამოს დაბრუნდა. პავლე გაჩაღებულ ბუხრის წინ იჯდა და საჭმელს თვითონ ხარშავდა. ნუცა სახლში თითქმის შეიპარა, პავლეს ხმა არ გასცა, თავდაღუნული პირდაპირ თაროსკენ წავიდა და ჭურჭელს ცივი წყლით რეცხვა დაუწყო. პავლე არც კი მობრუნებულა, ისევ ბუხარში იხედებოდა, მხოლოდ ჩუმი ხმით ჰკითხა:
- სად იყავი?
ნუცამ ხმა არ ამოიღო.
- საჭმელს მოამზადებდი და ისევ წახვიდოდი. - უსაყვედურა პავლემ და იმის ხმაში უკმაყოფილება და აღელვება მოისმა.
- საქმე მქონდა...
- ისეთ საქმეს მოგცემ, რომ... - წამოდგა, ტყავის ასაფარებელი მოიგლიჯა, განზე გადააგდო და სიჩუმის შემდეგ თავის ქნევით და ნაწყვეტ-ნაწყვეტად განაგრძო:
- ვიცი... ვერ მომატყუებ... დამაცა, დამაცადეთ... ვიცი... ვიცი...
- რა იცი? - წამოსცდა ნუცას, თავისივე კითხვის შეეშინდა და კარებისკენ მოიხედა.
- ვიცი... ვიცი... ვიცი... - ბუტბუტებდა პავლე, ერთ ადგილას ტოკავდა, აქეთ-იქით იხედებოდა, რაღაცას ეძებდა. შემდეგ უცებ მობრუნდა, თავჩაღუნულ ნუცას მივარდა და სილა გაარტყა.
- ვი-ცი! - მიაძახა და ერთხელ კიდევ გაარტყა.
ნუცამ თავპირზე ხელები აიფარა და იქვე ჩაჯდა. თავდავიწყებული და გამხეცებული პავლე განაბულ ნუცას ფეხებით და ორივე ხელით თავსა, მხრებსა, ხელებში და საცა კი მოხვდებოდა სცემდა, სთელავდა და განუწყეტლივ ყვიროდა:
- ვიცი! ვიცი! ვიცი! - მერე რა დაინახა, რომ ნუცა წინააღმდეგობას არ უწევს, არ მიურბის, შედგა და არ იცოდა რა ექნა.
- ვიცი... ვიცი-მეთქი. - ერთხელ კიდევ ჩუმად და არეულად გაიმეორა, ბუხარს მიუჯდა და მაშით ცეცხლს ქექვა დაუწყო.
ნუცა ისევ ისე იჯდა, როგორც ჩაიკეცა. მოიკუმშა, მოიკუნტა, დაპატარავდა, ხელები ისევ თავპირზე ჰქონდა აფარებული და სასჯელის გამეორებას ელოდა. შემდეგ ჩუმისა და სუსტის ხმით ტირილი დაიწყო.
პავლემ ბუხრის წინ ქეჩა გაიშალა, თავთ მუთაქა დაიდო, მაზარა წაიხურა, ძილი უნდოდა, მაგრამ ოთახში კიდევ დიდხანს ისმოდა მისი ხანგამოშვებითი ხველა და ისევ იქვე მჯდომ ნუცას მისუსტებული ტირილი.
ამ დღიდან იმათი ცხოვრება გამოიცვალა. ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ მათ შორის უსიტყვო ბრძოლა დაიწყო. პავლე ყოველთვის ჩხუბის მიზეზს ეძებდა, პირსახეზე გაჯავრება და უკმაყოფილება ეტყობოდა, ხშირად ნუცასგან მომზადებულ საჭმელს იწუნებდა და სასადილოდ აკოფასთან მიდიოდა.
ნუცა სდუმდა, ქმარს ერიდებოდა და ყოველდღე და ყოველ საათს ცემას ელოდა.
IV
შუა ზამთარი იყო. სამი დღე განუწყვეტლივ თოვდა. მთები, მინდვრები და სოფლები ღრმა თოვლში იყო ჩაფლული. მხოლოდ აქა-იქ მიწის პირიდან ცოტათი აწეული სახლის კედლები, ეკლესია და სათივეების ბოძები ირგვლივ გამეფებულს თეთრ ფერს არღვევდა. ყველგან მოძრაობა შეწყდა, ყოველივეს საბნად თოვლი წაეხურა და ისვენებდა.
იმ დღეს ნუცამ დილიდანვე მუცლის სუსტი ტკივილი იგრძნო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. შუადღისას ტკივილმა უმატა და ნუცაც დაფიქრდა, შეშინდა, შეძრწუნდა. სადილობისას, პავლე რომ ბუხართან იჯდა და ლობიოს ელოდა, იქვე ჩამჯდარმა ნუცამ სავსე ჯამი ხელიდან გაუშვა, გატეხა, ზეზე წამოიჭრა და სუსტად ამოიკვნესა. პავლემ ცერად გადახედა და დაუბღვირა. ნუცა თაროსკენ გაიქცა, რაღაცის ძებნა დაიწყო, ნამდვილად კი, რომ არ დაეყვირა, თითებს იკვნეტავდა და ტკივილისგან დაღმეჭილ სახეს პავლეს მკაცრ თვალებს არიდებდა.
სადილის შემდეგ მარტო დარჩა, თავისუფლად კვნესოდა, ხან ტახტზე წვებოდა, ხან ბუხრის წინ ჯდებოდა, ხან დადიოდა, ტკივილის დასახშობას თითებს იმტვრევდა, საბნის ქვეშ ძვრებოდა, პირში ხელსახოცს იდებდა, ჰგლეჯდა, ღრღნიდა და ხანგამოშვებით ყრუდ ქვითინებდა. საღამოზე ლობიოს გასაცხელებლად ძლივს ადგა, ქვაბი ცეცხლზე შემოდგა და ისევ მიწვა.
სამჭედლოში რომ ჩაქუჩის რახარუხი შესწყდა და კარებთან პავლეს ფეხის ხმა მოისმა, ნუცა ლოგინზე წამოჯდა, ადგომა უნდოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა.
პავლე პირდაპირ ბუხრისკენ წავიდა, კერაზე ჩამოჯდა და ცეცხლს დააცქერდა. ნუცა ისევ ბალიშზე მიწვა და საბანი წაიხურა. შუაღამე გადასული იყო. მამლებმა პირველად იყივლეს. გარეთ ქარი დასრიალებდა, ბუხარში ტრიალებდა, ნაკვერჩხალს აღვივებდა და კერასთან მწოლარე პავლეს ანათებდა.
ნუცამ ტკივილს ვეღარ გაუძლო, კვნესოდა, ლოგინში ტრიალებდა, უნდოდა შველა ეთხოვნა, მაგრამ ვერა ჰბედავდა. არც პავლეს ეძინა. ხშირად ახველებდა, ბუხარში მუგუზლებს ასწორებდა. ბოლოს ადგა, გაიარ-გამოიარა და ნუცასთან გაჩერდა.
- რა გაყვირებს? - ჰკითხა და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა: - რა გაყვირებს-მეთქი?
- დაუძახე... დაუძახე ვისმეს...
- მოკვდი და გათავდი! - მერე კარებთან მივიდა, დაფიქრდა, შემდეგ ასაფარებელი აიკრა და გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სამჭედლოდან საბერველის გუგუნი და ჩაქუჩის რახარუხი მოისმა.
მისუსტებული და გაფითრებული ნუცა ბალიშზე ესვენა. თავი გვერდზე გადმოეგდო, თავის გვერდით მწოლარე ახლად დაბადებულ ბავშვს დაჰყურებდა, გამხდარის ხელებით ჩვრებში ახვევდა, საბანს ხურავდა და დასარწევად ლეიბს ანძრევდა. ბავშვი ტიროდა, პაწაწინა ხელებს იქნევდა და არ ჩუმდებოდა.
ბოლოს სამჭედლოში მუშაობა შეწყდა, მაგრამ პავლე ჯერ არსად ჩანდა. ნუცამ უკვე გაჩუმებული ყმაწვილი საბნის ქვეშ ჩაიწვინა და ისვენებდა. გარეთ ხველა მოისმა, კარებმა დაიჭრიალა. ნუცამ თავზედაც საბანი წაიხურა, ყმაწვილს ხელი მოხვია და მიყუჩდა. რამდენსამე წუთს გაუნძრევლად იწვა, თუმცა გრძნობდა, რომ იქვე ტახტთან პავლე იდგა და მას დაჰყურებდა.
დასცხა, ჰაერი შემოაკლდა, საბანი ოდნავ ასწია, გამოიხედა და... წამოხტა. იმის წინ პავლე იდგა, ხელში ჩაქუჩი ეჭირა და ამღვრეულის თვალებით ჩაციებით ბავშვს დასცქეროდა. ყმაწვილს ცივი ჰაერი მოხვდა, გაიღვიძა და ტირილი დაიწყო. ცალ ხელზე დაბჯენილი ნუცა ხან პავლეს და ხან შვილს უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა, რა ექნა.
- ბიჭია... ბიჭია... - ხმის კანკალით და ჩუმად დაიწყო ნუცამ და ისევ გაჩუმდა.
- აბა, მაჩვენე, - არაჩვეულებრივისა და ძალდატანებულის ღიმილით წაიჩურჩულა პავლემ და ერთი ხელი ტირილისაგან გაწითლებულ ბავშვისკენ გაიშვირა.
ნუცამ პავლეს ერთ და იმავე დროს მოქუშულს და მოღიმარე სახეს შეხედა და მასზე რაღაც გადაწყვეტილება გაარჩია. ყმაწვილს ხელი სტაცა, თავისკენ მიიზიდა, კიდევ წამოიწია და დაიჩოქა.
- დაიცა... დაიცა... ეხლავე... აი, ეხლავე... - ლუღლუღებდა ახალგაზრდა დედა და შვილს საჩქაროდ რაღაც ჩვრებში ახვევდა.
- მაჩვენე, ნუ გეშინიან... ღმერთმანი არაფერს ვუზამ... ღმერთმანი... ღმერთმანი... - ყმაწვილს ხელი წაავლო, თავისკენ გასწია.
დასუსტებული ნუცა ტახტიდან გადმოხტა, ორივე ხელი ყმაწვილს სტაცა და მოღიმარე პავლეს პირდაპირ დააცქერდა.
- დაიცა... ეხლავე გაჩვენებ, - შვილს ხელი გაუშვა, პავლეს ზევით აწეულს ხელს ეცა, კბილები ჩაუჭირა, უკბინა, ხელიდან ჩაქუჩი გააშვებინა. შემდეგ მიწაზე მოფართხალე ყმაწვილს ხელი დასტაცა და კარებისაკენ გაექანა.
კარებში პავლე წამოეწია, ხელი დასტაცა, ჰაერში აიყვანა და ტახტისკენ წაიღო. ნუცამ გაიწია, ხელი გააშვებინა და ორის ნახტომით ისევ კარებთან გაჩერდა, იმავ დროს გულზე რაღაც მოხვდა, რაღაცამ დაიჩახუნა.
ბავშვი გაჩუმდა, მოდუნდა, ხელფეხს აღარ იქნევდა, აღარ ტიროდა. ფეხშიშველი, პერანგის ამარა და თმებგაშლილი ნუცა გარეთ გავარდა, მიყუჩებული ყმაწვილი თავის პერანგში გამოახვია, გულზე მიიკრა და გაიქცა.
ყოველივე თოვლით იყო დაფენილი. ციოდა. ქვენა ქარი ნამქერს მოაქროლებდა. ყოველივეს ეძინა. ნუცა სამჭედლოს გასცდა. ძარს მიუახლოვდა და უცებ შესდგა, გაშეშდა. გულზე სითბო იგრძნო, ხელი მოისვა, პერანგზე დაიხედა. ხელი დაუსველდა, თეთრი პერანგი შავად ჰქონდა შეღებილი. თავის სახლიდან კარის ჭრიალი მოესმა, ყმაწვილს ხელი გაუშვა და ისევ გაიქცა. თოვლი მუხლებამდე სწვდებოდა, გზის ნაპირას გათხრილ არხში იფლობოდა, ღობეს აწყდებოდა, ტოტებიდან ჩამონაცვივი თოვლი თავზე ეყრებოდა, საყელოს და თვალ-პირს უვსებდა, სუნ-თქვას უშლიდა. ძაღლმა დაჰყეფა და დაედევნა, მაგრამ თოვლში ჩაიფლო, შესდგა და ფოფხვით მიმავალი ნუცა ყეფითღა გააცილა.
ნუცა აკოფას სახლს მიუახლოვდა, რაღაცას ფეხი წამოჰკრა, წაიქცა, მაგრამ მაშინვე წამოხტა, დერეფანში შევარდა და ორივე ხელით კარებს ბრახუნი დაუწყო.
- ვინა ხარ, რა ამბავია?
ნუცამ ხმა არ გასცა და კარებს გაყინული მუშტები უფრო ძლიერ დაუშინა.
- ვინა ხარ-მეთქი?
- თქვენი ჭირიმეთ... გამიღე-ეთ... - შეეხვეწა ნუცა და კარებს მიაწვა.
აკოფამ კარი გაუღო. უპატრონო ოთახში შევარდა, კარი მიიხურა, ურდული გაუყარა და თვითონაც ზედ მიაწვა.
- არ გაუშვაააათ... მოდის... არ გაუღოოოთ - ევედრებოდა თოვლში ამოვლებული ნუცა და კარებს არ შორდებოდა.
ყველანი ლოგინში იწვნენ. ბნელოდა.
- ვინ მოდის, რა ვქნა?
- რა დაგემართა, გოგო?
- სთქვი, რაღა, რა ამბავია? - ეკითხებოდნენ აკოფა, დედამთილი და მაზლები.
- არ გაუშვაათ... არ გაუღოოთ... თქვენი ჭირიმეეეთ...
ჭრაქი აანთეს, დასისხლიანებულ ნუცას შეჰხედეს და ყველანი წამოიშალნენ.
V
თენდებოდა. ორიოდე ვარსკვლავი ოდნავ ციმციმებდა. თოვლით დაფენილი მინდორი, ტყე და ველი თალხი ლურჯით შეიღება. აქა-იქ ბუხრებიდან ბოლი ამოდიოდა.
პავლეს სახლის წინ ხალხი შეიკრიბა. ზევიდან და ქვეიდან კიდევ მოდიოდნენ მაზარებსა და ქურქებში მობუზული გლეხები. ძართან თოვლზე გალურჯებული და გაყინული ახლადდაბადებული ბავშვი ეგდო. იმის ახლოს კუნძზე ქურქში გახვეული ნუცა ჩამომჯდარიყო, ცახცახებდა და თავის შვილს თვალს არ არიდებდა. სამჭედლოსთან წინ და უკან თავჩაღუნული პავლე დადიოდა და განუწყვეტლივ ბუტბუტებდა:
- მე რა?.. რა ჩემი ბრალია!.. მომიხდა... რა ჩემი ბრალია!..
სამჭედლოს დირეზე პავლეს მოხუცებული დედა იჯდა. გულმი მუშტს იცემდა, წინ-და-უკან ქანაობდა და მოთქმით ტიროდა. ცოტა მოშორებით ხალხი იდგა. ყველანი ოხრავდნენ თავს იქნევდნენ და თვალცრემლიან აკოფას გულს უმაგრებდნენ. გზის გადაღმა, სახლის დერეფანში, მეზობელი ქალები იდგნენ და ხმამაღლა ტიროდნენ. ხალხის ჯგუფი ხან იზრდებოდა, ხან პატარავდებოდა. ზოგი უკანვე მიდიოდა და ზოგიც ეხლაღა მოდიოდა.
მამასახლისი და გზირიც მოვიდნენ და პავლე დააპატიმრეს. პავლე წინააღმდეგობას არ უწევდა და ჰბუტბუტებდა:
- მე რა. სად უნდა გავიქცე?.. წამოვალ... მე რა... მომიხვდა...
გზირმა და ორმა გლეხმა პავლე წინ გაიძღოლეს და ბოსელში დაამწყვდიეს. მზე უკვე ამოსულიყო. პავლეს სახლის წინ მამასახლისი, აკოფა და ათიოდე გლეხიღა დარჩნენ. ნუცას დედამთილი ტირილით და მოთქმით თავის შვილს გაჰყვა, მაგრამ ძალით დააბრუნეს და შინ წაიყვანეს. მამასახლისი აკოფას ელაპარაკებოდა. ნუცა ისევ კუნძზე იჯდა და შვილს დაჰყურებდა. უპატრონოდ დარჩენილ სახლიდან ხბო და ძროხა გამოსულიყვნენ და ძარის ქვეშ თივას ეძებდნენ. სანეხვეზე ქათმები საჭმელს დაეძებდნენ, მამალი ფრთებს იბერტყავდა, ბეღურებს ჟრიამული გაჰქონდათ. მარგილიდან მარგილზე კაჭკაჭი დახტოდა.
მამასახლისის ბრძანებით ვიღაცამ მაზარა გაიხადა, ყმაწვილს გადააფარა და თვითონაც დარაჯად დადგა. რამდენიმე გლეხი და მამასახლისი ნუცასთან მივიდნენ.
- ადე, შინ წადი. - უთხრა მამასახლისმა.
- მე არ დაუშლი... არ დაგიშლით... ჩემთვის ვიქნები...
- შინ წამო, გაიყინები. - უთხრა აკოფამ და ხელი წაავლო.
ნუცა მოიბუზა და თავის გარშემო მდგომთ ვედრებით გადახედა.
- თქვენი ჭირიმეთ... არ დაგიშლით... არ წავალ...
ორმა გლეხმა ხელი ჩასჭიდა და ძალით წამოაყენეს.
- არ წამოვაააალ... თქვენი ჭირიმეეეეთ... თქვენ გენაცვალეე-ეეთ... გამიშვიიიით... გამიშვიიით... - იხვეწებოდა, ტიროდა, ყვიროდა, ხელებს იქნევდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს, აკოფას სახლში წაიყვანეს და იქ დაამწყვდიეს.
მაზლები გარეთ არ უშვებდნენ, დედამთილი განუწყვეტლივ სწყევლიდა, აკოფა ყველას ამშვიდებდა. ვახშამი არ უჭამიათ, ადრე დაწვნენ, მაგრამ გვიან დაიძინეს, ნუცა ტახტის ბოლოზე იწვა და თავის მაზლებისა და აკოფას ხვრინვას ყურს უგდებდა. ბუხარში ცეცხლი ჩაქრა, მთელს ოთახში სიჩუმე და სიბნელე მეფობდა. ნუცამ ოდნავ წამოიწია, ყურები დაცქვიტა და ჩუმად დაუძახა:
- პაპა... პაპა!..
აკოფას ეძინა, არავინ ხმა არ გასცა.
ნუცა ნელ-ნელა წამოდგა, ფრთხილად ბუხართან მივიდა, ბუხრის თავიდან თავისი სახლის გასაღები ჩამოიღო და, როგორც წინა ღამეს, ფეხშიშველა და პერანგის ამარა კარებისკენ წავიდა. ყოველი ნაბიჯის შემდეგ ჩერდებოდა, ხვრინვას ყურს უგდებდა, რამდენსამე წუთს ურდულს ეწეოდა. კარები გააღო, გარეთ გავიდა და შედგა. ყინვა იდგა. მოწმენდილი ცა მოციმციმე ვარსკვლავებით იყო შეჭედილი. არსაიდან ხმაურობა არ ისმოდა.
ნუცამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უღელს წააწყდა. კბილებით და მთრთოლვარე ხელებით აპეურები დახსნა, დაახვია, პერანგის ქვეშ ამოიდო და ნელი ნაბიჯით გზას გაუდგა. იმის ფეხქვეშ გაყინული თოვლი იმტვრეოდა, სუსტი სიო ტიტველა ფეხებზე ეხვეოდა, ტანს უსუსხავდა, პერანგს უშრიალებდა, თმას უფრიალებდა.
ნუცა ხშირ-ხშირად ჩერდებოდა, აქეთ-იქით იხედებოდა და ქურდივით თავის სახლისკენ მიიპარებოდა.
ძარი გამოჩნდა... აგერ შავი სამჭედლო... სახლის კარები... კედელზე აყუდებული შეშა... კუნძი და... ფეხით გასინჯა. ის ადგილი შავი და ფხვიერი მიწით მოეფინათ. ცოტა ხნით შედგა, შემდეგ სირბილით სახლისკენ გაიქცა, კლიტე გააღო, შინ შევიდა, კარი გადარაზა და შედგა. მძიმედ ქშინავდა, იქაურობას ათვალიერებდა, მაგრამ სიბნელეში მხოლოდ აწეწილი ლოგინი და ბუხარში თეთრი ნაცარიღა მოსჩანდა.
ციოდა. ორი ნაბიჯი გადადგა, ფეხი მაგარს და ცივ რაღაცას დაადგა. დაიხარა, აიღო, ხელით გასინჯა და... გადააგდო. ჩაქუჩი ჭურჭელს დაეცა, ხმაურობა ასტეხა. ნუცა შეკრთა, შეშინდა, კარგა ხანს ყურს უგდებდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. პერანგის ქვეშიდან აპეურები გამოიღო, ერთმანეთზე გადააბა, ტახტზე შედგა, დაბალ ჭერს შესწვდა, აპეურები გარდი-გარდმო გადებულ კოჭას ჩამოაბა და ყულფი გაუკეთა. შემდეგ ტახტი გვერდზე მისწია, ისევ ზედ შედგა და ყულფს ხელი წაავლო.
საიდანღაც, შორიდან ძაღლის ყმუილი მოისმა, ოთახში თითქოს უფრო დაბნელდა, ჰაერი უარესად გაცივდა... ნუცა შედგა, გააჟრჟოლა, თმა ყალყზე აუდგა... ძაღლის ყმუილი უფრო გარკვევით და ხანგრძლივად მოისმა, ბუხარში სიომ ბუტბუტი დაიწყო, კარებმა თითქოს დაიჭრიალა. ნუცამ ფეხები საჩქაროდ ტახტს მოაშორა...
ძაღლების ხროვა საზარლად ყმუოდა, ჰყეფდა, კარები ჭრიალებდა, იმტვრეოდა... ქარმა დაიგრიალა, დაიზუზუნა, დატრიალდა... ყოველივე აირია, შეინძრა, დაინგრა.
* * * * * * * * *
გაღმა გორაზე, სოფლის სასაფლაოს მოშორებით, თოვლით დაბურულ-დახრილ კუნელებსა, ზღმარტლსა და ასკილებშუა ორ გლეხს გრძელი და ვიწრო ორმო ამოეთხარათ. იქვე ცეცხლი გაეჩაღებინათ. გარს შემოსხდომოდნენ და საფლავის პატრონის მოლოდინში ხელებს ითბობდნენ.
ქარბუქს გრიალი გაჰქონდა, ბუჩქნარში დახტოდა, დასრიალებდა და იქვე იშლებოდა, იკარგებოდა.
ოთხმა გლეხმა აკოფას მეთაურობით ექვს დამპალ ფიცარშუა ჩაჭედილი ნუცას გვამი ამოიტანეს, საფლავში ჩაუშვეს და ხელში ნიჩბები აიღეს.
გლეხები მიწას აყრიდნენ, ქარი თოვლს უერთებდა. მალე ამოავსეს, თავთან ქვა დაუდეს. შემდეგ ქუდები მოიხადეს, პირჯვარი გადაიწერეს, ამოიოხრეს და ცოტა ხნის შემდე გქარბუქში მიიმალნენ.
ქარი კი ნუცას საფლავს ისევ თოვლს აყრიდა, მთლად დამალა და გლეხების ნაფეხურებიც მოშალა.
უპატრონოს ზევიდან კუნელა დასთრთოდა, ასკილი ქანაობდა, ქარი განსვენებას უმღერდა.
















