- როგორ, ამას რას ვხედავ! თქვენ აქ ბრძანდებით, ჩემო ძვირფასო? ასეთ უღირს ადგილას? თქვენ, რომელიც ნექტრითა და ამბროზიით საზრდოობდით? მართლაც რომ შეიძლება ჭკუაზე შეცდეს კაცი!
- ძვირფასო, თქვენ ხომ მოგეხსენებათ, რარიგ მეშინია მე ცხენებისა და ეკიპაჟებისა. ასე რომ, ამას წინათ, როდესაც აჩქარებით გადაკვეთე ბულვარი და თან მივხტოდი ტალახის წუმპეებზე, ამ ქაოსში, სადაც ყოველის მხრიდან სიკვდილი მოჰქრის, მკვეთრი მოძრაობისაგან შარავანდი გადმომიცურდა თავიდან და ტალახში ჩავარდა. მე ვეღარ გავბედე მისი აღება. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სჯობს დათმო შენი რეგალიები, ვიდრე ძვლები გადაგიმტვრიონ. გარდა ამისა, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი ვიფიქრე, ახლა შემიძლია თავისუფლად სეირნობა, ყოველგვარი უკუღმართობის და გარყვნილების ჩადენა უბრალო მოკვდავთა მსგავსად - მაინც ვერავინ მიცნობს. ჰოდა, აი, მეც აქ გახლავართ, ყველაფრით თქვენი მსგავსი, როგორც ხედავთ.
- თქვენ მაინც უნდა მიგეცათ განცხადება გაზეთში თქვენი შარავანდის დაკარგვის შესახებ, ან ზომები მიგეღოთ მის მოსაძებნად პოლიციის მეშვეობით.
- მართალი გითხრათ, არ ღირდა. მე აქ კარგად ვგრძნობ თავს. თქვენ ერთადერთმა მიცანით. გარდა ამისა, მომბეზრდა ჩემი ღირსების შენარჩუნებაზე ზრუნვა. თან მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ჩემს შარავანდს იპოვის რომელიმე ცუდი პოეტი და თავხედურად შეიმკობს თავს. ხომ დიდი სიამოვნებაა - ვიღაცის გაბედნიერება, არა? განსაკუთრებით - თუ შეიძლება დასცინო ამ გაბედნიერებულს? წარმოიდგინეთ ერთი ვინმე X ან Z, ჰა?
ხომ შეიძლება მოკვდეს კაცი სიცილით?
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია
პოეზიის გვერდი • • • • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა |