გაისმა კვალად მწუხარე ხმა ზარისა. ეს ნიშანია იმისა, რომ ყველას გული მოიცვას მწუხარებამ. როცა ადამიანი სწუხს, მაშინ მიდრეკილება აქვს კეთილის საქმნელად, ფიქრთა და გრძნობათა გასაწმენდად. ღვინო რომ უსაზღვროდ არ ამხიარეულებდეს ადამიანს, როდი ჩაითვლებოდა ცოდვების მშობელ დედად, მაგრამ, რადგან იგი ახელებს ადამიანის გუნებას, იმიტომ უნდა ერიდოს ყოველი ადამიანი, ვისაც ცოდვები აშინებს: ავაზაკობა, მრუშობა, გამცემლობა და ღალატი მოძმეთა.
და განა მარტო ღვინო ახარებს გულსა კაცისასა? არა, ყოველი ხორცეული, კარგი საჭმელი ამავე თვისებისაა. საჭმლით და სასმლით გამაძღარს, დაკმაყოფილებულს ადამიანს ავიწყდება ღმერთი, ხოლო მშიერს, ძალაუნებურად, აგონდება იგი. ღმერთია მხოლოდ მშიერთა, ტანჯულთა და დავრდომილთა ნუგეში.
დიდ-მარხვაც სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ შიმშილის მეოხებით, ლეშის დატანჯვით მიეცათ ადამიანთათვის საშუალება კეთილ ფიქრთა და გრძნობათა ასაღორძინებლად. მარხვა სინონიმია სინანულისა და მოთმინებისა. „მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო“, გვასწავლის მარხვის მომგონი და დამწესებელი.
* * * * *
მოთმენაც არის და მოთმენაც. რა უნდა დავთმოთ? რა უნდა მოვითმინოთ? მოთმინებაზე სჯობს ჩვენი საკუთარი აზრით ვიხელმძღვანელოთ გარეშე სამღვთო წერილისა, შავი თეთრისაგან სჯობია თავის საკუთარის თვალებით გავარჩიოთ. მაშასადამე, კარგი ბოზბაში რომ ლობიოს ვანაცვალო, ესეც მოთმინებაა, შენ დოშაკზე მოგასვენო და მეც ცარიელს მიწაზე დავეგდო ესეც; შენ მლანძღავდე და მცემდე და მე ხმასაც არ გცემდე - ესეც მოთმენაა; ერთის ლუკმის პატრონმა და ერთის პერანგისამ შენ შეგმოსო, გაგაძღო, მე ტიტველი და მშიერი დავრჩე, ამ ჯურის მოთმენა საქებურიცაა, განაღამც დასაძრახავი.
ხოლო მოსათმენია განა, მე გემუდარებოდე შენ, ძალით და ღონით შემოსილს: მშიან, შიშველი ვარ, მაჭამე, შემმოსეო, შენ კი სახლკარგს თავზე მაქცევდე და ჩემ ცოლ-შვილს ჩემს თვალწინ აუპატიურებდე? განა ესეც უნდა მოითმინოს ადამიანმა? განა ამისთანა მოთმენაც საქებარია? საქებარია კი არა, ღირსია წყევლისა და კრულვისა, დიდი ცოდვაა წინაშე ღვთისა და კაცისა, რადგან შენ შენის მოთმინებით ხელს უწყობ ტარვალის ბუნებას გაძლიერდეს და განვითარდეს იგი, უფრო ფრთები შეისხას, გათამამდეს; შენ კი უდანაშაულო ადამიანმა, ის სულ უბრალო გრძნობა თავმოყვარეობისა გულში ჩაიკლა და შენსავით უბედურთ და დავრდომილთ ამით მისცე მაგალითი უმსგავსის მოთმინებისა, თავის ადამიანობის გათელვისა საკუთარის ფეხებით?! არა და არჯერ არა!..
* * * * *
ბევრი ეკლესია დაუქმდა წელს, დიდმარხვაში, და ბევრი ზარი დადუმდა, რომ აღარც სამწუხარო, სადიდმარხვო ხმას გამოსცემს და აღარც სამხიარულოს, სდუმს, როგორც მკვდარი სამარეში. „ტარასტა“ ვეღარ ბედავს ზარის თოკს ხელი მიაკაროს და ჩამოჰკრას. ვისთვის? რისთვის? მოძღვარი კი აღარსადა სჩანს და!.. დიაკვნებს დარჩათ დღეს ბურთი და მოედანი; კიდეც უხარიათ, რომ იმათი მღვდლები საბნელოდან გამოიცქირებიან. აძლევენ, სადაც ჯერ არს „პროშენიეს“ „პროშენიეზე“ და ეფიცებიან მთავრობას, რომ მხოლოდ ისინი არიან ერთგულნი მთავრობისა, პირნი „კეთილსაიმედონი“, ამამაღლებელნი ერისა გონებრივ და ზნეობრივ, და რომ ისინი აკურთხოს არქიერმა მღვდელებად, თხა და მგელი ერთად მოსძოვს და დამყარდება კაცთა შორის სათნოება და სიყვარული.
ასე ყოფილა და იქნება მუდამ. „ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანიო“, ნათქვამია და არც ტყუილად. დიაკვნები იმედოვნებენ, რომ მათი თხოვნა უსათუოდ შეწყნარებული იქნება, დრო იგდეს ხელთ, დრო! განა არ მოგეხსენებათ: „ჟამიჟამსა, თორემ ჟამი სულ მუდამაც იწირვისო“, „დააკარ პური, ვიდრე თორნე ცხელიაო...“ ბედნიერია ის დიაკვანი რომლის მღვდელი საბნელოში მოჰყვა, ხოლო სთვლის თავს უბედურად იგი, ვინაც საბნელოს გარედ დარჩა.
* * * * *
დიაკვნები რა სათქმელია და რა ანგარიშში მოსატანი. ყველა ხილულმა და უხილავმა შავმა ძალმა, როგორც გაზაფხულზე სითბოს სუნზე გველებმა, თავები წამოყაყვა, იცქირება ამაყად, მამაცად. როცა ჰხედავდნენ, საქვეყნო აზრი იმარჯვებსო, ერთობის ადამიანებად ასაღებდნენ თავიანთ თავს და დღეს კი, როცა დარწმუნდნენ, მოწინააღმდეგეთა ფიქრმა და ძალამ გაიმარჯვა, ერთობასაც სწყევლიან და ერთობის მიმდევართაც. დღეს ისინი ჭკვიანობენ, კრიტიკოსობენ, მჭევრმეტყველობენ, ეს ასე უნდა ყოფილიყო, ეს ისეო და ამასობაში თავიანთ პირად საქმეებს სჩარხავენ; როგორც დღეს არიან უსარგებლონი, ისე გუშინ იყვნენ და ამას კი აღარ ვარაუდობენ, არა სთვლიან თავიანთ სირცხვილად, რომ კეთილი საქმე იმათ წყალობით იღუპება, ფუჭდება, არ არსებობს მათთვის სინანული, არც სიბრალული და მოთმინება.
რად მოითმენენ, როცა ძალა მათ ხელთ არის, ქარი უქრისთ? რას შეინანებენ, როცა, თუნდ მშობელ დედას ძუძუ მოაჭრან, რაც უნდა სხვა საძაგლობა ჩაიდინო, იმათ პირის კანს სიწითლე არ მიეკარება?! დღეს ერთობას ნიშნს უგებენ, ჩუმად ხითხითებენ, ეშმაკებს აცინებენ, ხოლო ანგელოზებს ატირებენ. აი მათი კაცობა, მოქალაქეობა და მამულიშვილობა. არ იციან უბადრუკთ, რომ მალე დადგება ისევ ის დრო, როცა მთელის ერის პირით გაიგონებენ ძლიერს, შეუწყნარებელს მსჯავრს: „კათაკმეველნო, განვედით!.. რაოდენიც მორწმუნენი ხართ მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთო“.
* * * * *
სინანული? ცოდვილთათვის არ არსებობს იგი; შავი ძალებისათვის ღმერთს არ გაუჩენია სინანული. დღეს სინანულში ჩავარდნილან მართალნი, ქვეყნის ერთგულნი, ენანებათ დღესდღეობით დაჩაგრული სიმართლე; სწყინთ, რომ ვერ მოიპოვეს მას გამარჯვება. დღეს ესენი არიან ნამდვილნი მარხულნი, რადგან სულით მარხულობა ბევრით აღემატება ჭკუით მარხულობას. მართალნო, ქვეყნის ერთგულნო! ნუ დაივიწყებთ თქვენს ღმერთს, ილოცეთ იგი! შეინანეთ ის შეცოდებანი, რამაც ხელი შეგიშალათ, და ეცადეთ მომავალში აიცდინოთ თავიდან. დაჰგმეთ ის პარტიული თავმოყვარეობა, წვრილფეხა, მჩატე პატივმოყვარეობა, რომელმაც შეუშალა ხელი ჩვენს ერთობას, ერის მისწრაფებას: მოიგონეთ ის, ნოეს დროის, ცხრა შვილის პატრონი მეფე, რომელმაც ცხრა, ერთ კონად შეკრული ისარი დაუტოვა შვილებს ერთობის სიმბოლოდ. ხომ გახსოვთ რომ, ერთად მუხლზე მოდებით ვერავინ ვერ შესძლო ისრის კონა გაეტეხა, ხოლო სათითაოდ კი ყველამ შესძლო ისრების დამსხვრევა?
ზოგჯერ დამარცხება გამარჯვებას სჯობია, რადგან ყველასათვის აშკარად გამოჩნდება დამარცხების მიზეზი, ყველა გაიგებს, ყველა შეიგნებს და სამერმისოდ აღარ გაიმეორებს იმ შეცდომებს და უკეთს ბრძოლის და შრომის საშუალებას მოიპოვებს... გაითვალისწინეთ ყველამ თვითეული თავისი სიტყვა, გადადგმული ნაბიჯი, ასწონ-დასწონეთ. უვარგისი დაიწუნეთ საჯაროდ, ნუ შეგრცხვებათ, სირცხვილი და ცოდვა ის არის, როცა ადამიანი ჭირსა ჰმალავს. გამომჟღავნება თავის შეცდომისა და ცოდვებისა იგივე გმირობაა. ხოლო ნუ შეინანებთ ნურავინ დახოცილ ნათესავთ, მითუმეტეს საქვეყნოდ. უმსხვერპლოდ არსად რა გაკეთბულა, არც გაკეთდება, ნუ შეინანებთ დანგრეულს და გადამწვარს სახლ-კარს, რადგან სინანულით არც მკვდრები აღზდგებიან და არც სახლი და კარგი განახლდება...
ღმერთმა დაგიფაროთ, ამას ამბობდეთ: ჩემთვის ჭკვიანად რომ ვყოფილიყავ, ხომ არც ეს უბედურება დამემართებოდაო. ეს მადლისა მატლად ქცევა გამოვა, მადლში ცოდვის შერევა მისი გაბათილება. რა დაგვრჩენია ბოლოს? რა ვსთქვათ? რა ვიფიქროთ?
დიდო-მარხვაო! დიდად მარხულნი ვართ, ჩვენი განა მარტო თვალები? გული და გონებაც ცრემლის მორევში დასცურავს, ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს გვექმნას მზედ და მფარველად, მოგვეცეს ჩვენც ჩვენის ქვეყნის შვილთ, ძალი და ღონე მოვუაროთ, ვუპატრონოთ თავის თავს, თავის ქვეყანას, რათა ვძლიოთ ეშმაკს და მოვიპოვოთ ცხოვრება საუკუნო, მოვესწროთ აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ!
დიდ-მარხვა (1906)
სწორედ რომ დიდ-მარხვაა. ნუ გაგიკვირდება კი, მკითხველო, და უნდა მოგახსენო, რომ ამისთანა დიდ-მარხვა საქართველოს დიდი ხანია არა სწვევია. დღეს ჩვენი ყველასი სასმელ-საჭმელი ისეა შენელებული რაღაც უცნაური სანელით, რომ. კუჭი თავისთვის იყოს, სული გეხუთება, გული და გონება იკუმშება, სისხლი ძარღვებში იყინება, გუბდება, ჩვეულებრივ აღარ მდინარებს თავში. და - განა ერთის თავში, არა, ყველას თავში, თვით იმ „გარადავოის“ თავშიაც კი, რომელსაც ხმლისა და რევოლვერის გარდა წვერზე ხიშტჩამოცმული ბერდენა დაუჭერია და ქუჩებზე დაყიალობს. დღეს ოოი ერთმანეთის მოჯიბრე და მოწინააღმდეგე აზრი დანავარდობს, ერთსა ჰქვიან სახელად „ჰო“, მეორეს „არა“. ამ „ჰოსა“ და „არას“ დარჩა ბურთი და მოედანი ჩვენს თავში. ერთმანეთს ეჩხუბებიან, მუშტებს უღერებენ, უნდა ერთს მეორე დაამარცხოს და მარტოკა თავად დარჩეს ადამიანის თავში ბატონ-მბრძანებლად, და იქამდის გულუბრყვილონი არიან საწყლები. ჰგონიათ, რაკი ჩვენს თავში ერთი მათგანი გაბატონდება, უსათუოდ ცხოვრებაც მიიღებს მის ბატონობას... დიაღ, სწეწენ ერთმანეთს. ჰგლეჯენ, ჰფლეთენ და მათი წეწვა-გლეჯა კი ჩვენ გვიხდება ჭირად, ჩვენა გვტანჯავს, გვქელავს, სულს გვიხუთავს, სიცოცხლეს გვიმწარებს.
მართლაც, თუ კარგად ვიფიქრებთ და ვიტყვით სიმართლეს, დღეს ის დღეა, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება, ქათმის როლს ასრულებს, იმ ქათმისა, რომელიც ერთხელ ჩიოდა: ღორი დაკლეს ზედ წამაკლეს. ცხვარი დაკლეს - ზედ წამაკლეს, ძროხა დაკლეს ზედ წამაკლესო. სწორედ ადამიანი დღეს ქათამია: ქათმის სიცოცხლე მეტად ფასობს, ხოლო ადამიანის სიცოცხლემ დაკარგა ყოველივე ფასი, აღარა ღირს ჩალად. ეს „ჰო“ - „არაც“ საცოდავ ადამიანს სტანჯავს შიგნიდან, სტანჯავს და აწამებს, და გარედან ხომ ხიშტებია მზად. მიდიხარ არხეინად ქუჩაზე და ვინ არის თავდები. რომ ვინმეს არ მოუვლის პოხონდრია, მასხრობის ჟინი არ აიტანს და ხიშტს არ გატაკებს?! წადი და იჩივლე. ისე ჩაივლის თქვენის მტრის სიცოცხლე, როგორც ჩაილულის წყალი. მოკვდა ადამიანი? არაფერი. ნება აქვს: ალბათ საჭირო იყო ადამიანის მოკვლა და მოჰკლა. მორჩა და გათავდა. აი დღევანდელი სამართალი, დღევანდელი ხელშეუხებლობა პიროვნებისა!
ინავარდეთ მხოლოდ თქვენ „ჰო“ და „არავ“, კაწრეთ ერთმანეთი, და გვტანჯეთ ჩვენც, ადამიანები, თქვენი უმორჩილესნი მონანი, თქვენს ფერხთ ქვეშ მდებარენი.
* * * * * * *
განა მარტო „ჰო“ და „არა“ ჩხუბობენ? ამათ ფეხის ხმას აჰყოლიან ჩვენი გაზეთებიც; ან კი რა გასაკვირალია, თუ კაცის თავსა და სისხლში ასეთი ორჭოფობაა, ქაღალდზე. რომელიც უფრო მომთმენია, რა თქმა უნდა. მუშტის-კრივი გაიმართოს, - კრივი ფრაზებისა, სიტყვებისა და სხვადასხვა? მე არ მიკვირს. რადგან ეს დღევანდელ დღეს მოსალოდნელია. მხოლოდ ის უფრო საკვირველია: ფაქტი, მოვლენა, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ერთნაირია, ხოლო შეხედულება ამ მოვლენაზე, ამ ფაქტზე სხვადასხვანაირი, ე.ი. იმდენი, რამდენიც თავია ტანზე ამოსული. დღეს გონების დავთრები დავკარგეთ, უკუღმა დავიწყეთ ფიქრი. რადა? რისთვის? ფიქრმა, აზრმა რა დააშავა? თუ საშუალება აზრის მისაღწევად უვარგისი გამოდგა, ეს იმას როდი მოასწავებს, თვით აზრს წიხლით შევდგეთ და ზედ ვინავარდოთ, ვთელოთ, ვაფურთხოთ, ვლანძღოთ? ეს ხომ ლაჩრობაა. სულმდაბლობაა. არა. ნუ შეურაცხვყოფთ წმიდათა წმიდას, ნურც შიშის გამო. რომელიც ხშირად ამრუდებს ადამიანის აზროვნება, ნურც ხათრისა და დობილ-ძმობილობის გამო.
ხოლო რომელ აზრს... აღარ ვიცი რა ვთქვა, ან რომელი აზრი დავასახელო? დამერწმუნეთ, მიჭირს ამ აზრის დასახელება. რადაო? იკითხავთ. მადა, ჩემო კარგო, რომ ლანძღვა-გინებისა მეშინიან; მეშინიან, თუმც ვიცი ლანძღვაში არაფერი ყრია და ვერც რასმე ჩამოჰრჩება ლანძღვა პატიოსან ადამიანს, მაგრამ მაგარი ის არის, რომ ვაი თუ მეც ლანძღვის საღერღელი ამეშალოს და ვაი მაშინ ბრალი აზრისა; ასეა მუდამ, - ჩვენ ერთმანეთის ლანძღვას მოვუნდებით და აზრი კი დაგვავიწყდება, - ის, რაც უფრო საჭიროა ჩვენთვის.
კიდევ აზრი?! ჰმ!
რა ჰქნას ადამიანმა? რა ვქნა, რომ ისევ აზრი არ ვახსენო. რადგან ძალაუნებურად ენაზე მადგება და უიმისოდ არც ერთი ფეხის გადგმაც არ გამომადგება?! დიაღ, აზრი. აზრი, აზრი! მაგრამ რომელი აზრი?
ეჰ, თუმც ვერიდები მის გამომჟღავნებას, მაგრამ ტყუილად! ვიტყვი, რაც იქნება - იქნება, დაე მლანძღონ, ისევ მოქალაქობრივ სიმამაცის გამოჩენა სჯობიან გაჩუმებას, მხოლოდ ვეცდები ისეთი აზრი ვახსენო, კლანჭი არსაიდან გამოედვას, ყველა პარტია მოვიმადლიერო, ყველამ, თუ გული-გულში დამემდურება, აშკარად მაინც ვერ გაბედოს ჩემი გალანძღვა და შეურაცხყოფა. ეს გახლავთ: აზრი ქვეყნის ხსნისა.
ნუთუ ეს არ კმარა, რომ ყველა პარტიამ ეს იწამოს და ამ აზრის ქვეშ მოუყაროს თავი თავს? ან იქნებ აკლია ამ აზრს განმარტება? აკლიაო? დიაღაც რომ აკლია და კიდეც აქ არის ძაღლის თავი დამარხული, კიდეც ამის გამო არის, რომ ერთმანეთს გაზეთები სწეწენ. ცხვირ-პირს აჭამენ: ქვეყნის ხსნა ერთს ასე ესმის, მეორეს ისე. რადა? რისთვისაა ასე? ნუთუ ძალიან ძნელია გაგება უნდა აზრს ქვეყნის ხსნისას?.. არა, ბევრს კარგადაც ესმის. კარგადაც გრძნობს, მაგრამ ძალად თვალებს და გონებას იბრმავებს, სჭირს პარტიული სიჯიუტე, რომელზედაც ჰერბერტ სპენსერი ამბობს, რომ ეს სიჯიუტე დიდად აფერხებს ქვეყნის კეთილდღეობასაო. სპენსერის ხსენება ან კი რა საჭიროა, სხვა რამდენი გონიერი კაცი ამბობს და ფიქრობს ამასვე. დიაღ, გონიერი, ხოლო გონიერი ჩვენში... გონიერება ჩვენში... ჰმ!..
წყეულო სატანავ, განვედი ჩემგან! ხომ გახსოვსთ, როდის უთხრა მაცხოვარმა ეს სიტყვები მაცდურს? გაიხსენეთ, მოიგონეთ ეს სურათი დიდ-მარხვისა და სთქვით მედგრად, მტკიცედ!
წყეულო სატანავ, კვალად გეტყვი შენ, განვედი ჩემგან!
* * * * * * *
ვიწერ ამ სიტყვებს და თანაც ვიმედოვნებ, რომ იქნება გასჭრას ჩემმა მოწოდებამ მეთქი. საწყალი მეფელეტონე!.. რა იმედი გაქვს, როგორ გულუბრყვილოდ მსჯელობ და არ უკვირდები საქმეს, სინამდვილეს. სხვები შეიძლება დაითანხმო, მაგრამ იმათზე რაღა სიტყვა გეთქმის, ვინც ეროვნებას, ენას და ყოველ ეროვნულ ნასახებს უარყოფს? კიდევ იმედს არა ვკარგავ და ასე ვფიქრობ: ეს დროებითი სენი უნდა იყოს, გარდამავალი, როგორც ჟამი, ხორველა, ომიანობა, ავდარი, ზამთარი. ღმერთმა ქმნას. ისეთივე დროებითი გა- მოდგეს ამ ადამიანთა რწმენა, როგორც ეს დალოცვილი დიდ-მარხვაა; მალე გამხსნილდება, მალე აღდგომა მოვა და ყველანი ერთად შემოვძახებთ: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
ადრე ნუ ჰკარგავთ იმედსა,
მალევ ნუ დასწვრილმანდებით;
ქედს ნუ მოიხრით მონურად,
მალევ ნუ დაიჩაგრებით.
და დაგიმჩატდათ ზნეობა?
აღსდგება ქრისტე, აღსდგება,
შემოიკრიბეთ მხნეობა!
გმირების აღმაფრენასა.
დიდის ტანჯვისა მნახველი,
აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით;
ყველას დამწვარი სულგული:
ქრისტე აღსდგაო, დასძახებს
ქრისტეს მოსავთა სახელი.
მთა-ბარად ნაზი ბულბული,
რად მალე გული გაგიტყდათ
გაგვინათლდება აღდგომით
ნეტარხსენება ვაჟკაცებს,
ვინც ქრისტეს დაემოწაფა,
იმასთან ერთად აღსდგება
თავი შეაკლა რწმენასა,
დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა
თავისუფლების დღეობა,
სისხლს - გულით ნადენს, ცრემლს - თვალით,
შესცვლის ლხინი და ღრეობა!..
| პოეზიის გვერდი • • • |
















