მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 240 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

„დიახ, ჩემო ძვირფასო, თქვენ ნამეტნავად დამღალეთ; თქვენი გმინვა-ოხვრის მოსმენა მართლაც რომ აუტანელია! კაცი იფიქრებს, თითქოს მეტად იტანჯებოდეთ, ვიდრე სამოცი წლის დედაბერი, ნამჯაში რომ აგროვებს თავთავების ნარჩენებს, ან მოხუცი მათხოვარი, კაბარეს კართან რომ დაეძებს ნამუსრევს.

„თქვენი ოხვრა სინდისის ქენჯნას მაინც რომ გამოხატავდეს, პატივისცემის ღირსი იქნებოდით, ასე თუ ისე; მაგრამ ვაი, რომ იგი მხოლოდ მოყირჭების და მცონარების გამოვლინებაა. გარდა ამისა, თქვენ ხშირად ისვრით ისეთ უსარგებლო ფრაზებს, როგორიცაა: „რატომ არ გიყვარვართ უფრო მეტად? ხომ იცით, როგორ მჭირდება ალერსი! მანუგეშეთ, მომეფერეთ აი, ასე, აი, ამრიგად“ და ა. შ. ჰოდა, მეც გადავწყვიტე თქვენი მორჩენა; იქნებ ორიოდე სუს საფასურად ვიშოვოთ შესაფერისი წამალი სადმე ახლომახლო, ამ საზეიმო ორომტრიალში?

„გეთაყვა, მოდით, კარგად დავუკვირდეთ, აი, ამ მაგარ რკინის გალიას, რომელშიც ორანგუტანგივით დაძრწის ბანჯგვლიანი ურჩხული დაწყევლილივით ღრიალებს და არყევს რიკულებს, ტყვეობით შმაგქმნილი. თან შესანიშნავად ბაძავს ხან ვეფხის ნახტომებს, ხანაც თეთრი დათვის ბაჯბაჯს, ჰოდა, აი, ეს მაჯლაჯუნა თავისი იერით საოცრად ჩამოგგავთ თქვენ” დიახ, ეს მაჯლაჯუნა ერთი იმათთაგანია, ვისაც ჩვეულებრივ უწოდებენ ხოლმე „ჩემს ანგელოსს“ - იგი ქალი გახლავთ. მეორე მაჯლაჯუნა კი, გვერდს რომ უმშვენებს მას, უშველებელი კეტით ხელში და ღრიალებს მთელი ხმით - ქმარია მისი. მას თავისი კანონიერი ცოლი ჯაჭვით დაუბამს ტყის ნადირივით და დაატარებს საჩვენებლად ბაზრის მოედანზე, - ცხადია, ხელისუფლების ორგანოების ნებართვით.

„აბა, კარგად დაუკვირდით! ნახეთ, რა ხარბად ნთქავს იგი ცოცხალ ბაჭიებს „და ფრინველებს, რომელთაც უყრის თავისი პატრონი და თან დასძახის: „გეყოფა! მთელი შენი ავლადიდება ერთ დღეში ხომ არ უნდა შესანსლო!“ ამ ბრძნული სიტყვით იგი სტაცებს ხელს და უკანვე ართმევს ნადავლს უწყალოდ, რომლის ნაწლავნიც კბილებში ეჩხირება სისხლმწყურვალ მხეცს, ანუ ველურ ქალს.

„აპა, მიიღო მან ლაზათიანი კეტი, გასაყუჩებლად. მისი ხარბი თვალები კი მაინც წართმეული საზრდოსაკენ იცქირებიან. ღმერთო ჩემო, ეს კეტი ბუტაფორია როდი გახლავთ თუ გსმენიათ ოდესმე ხმა ამგვარი დარტყმისა, ხმა ცოცხალი ხორცისა, მატლის სქელი ფენაც რომ ვერ აყრუებს? აი, ახლა თვალები გადმოკაკლა, იგი უფრო ბუნებრივად იღრინება. გაავებისაგან ცეცხლს ჰყრის პირიდან როგორც გავარვარებული რკინა უროს დარტყმისაგან.

„ასეთია ოჯახური ცხოვრება ადამისა და ევას ამ ორი ნაშიერისა, ხელთა შენთა მიერ შექმნილთა, უფალო ჩემო. ეს ქალი უთუოდ უბედურია, თუმც, შესაძლოა, მისთვისაც არ ყოფილიყო დროდადრო უცხო დიდებით ტკბობის გრძნობა. სხვათა ყოფა ხომ კიდევ უფრო მძიმეა და უიმედო. იმ სამყაროში, რომელშიც იგი გადმოსტყორცნა ბედმა, მას ვერ წარმოედგინა რომ მისდარი ქალი სხვაგვარ ბედს იმსახურებდა.

„ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ ორის ამბავს, ჩემო ძვირფასო! იმ ჯოჯოხეთის შემყურემ, რომელიც აღავსებს მთელს სამყაროს, რა უნდა ვიფიქრო თქვენს ტკბილ ჯოჯოხეთზე როდესაც ვხედავ, რომ განსვენება ძალგიძთ მხოლოდ საკუთარი კანივით ნატიფ ქსოვილებზე, მირთმევა ძალგიძთ მხოლოდ შემწვარ-მოხრაკულისა, რომელსაც მარდი ხელშინაურნი წვრილად დაკეპილს მოგართმევენ ხოლმე ლანგარზე?

„რას უნდა მოასწავებდნენ ჩემთვის ეს თქვენი ნაზი ოხვრანი, სურნელოვან მკერდს რომ გიტოკებენ, შეუვალო პრანჭიავ? ან თქვენი ნათამაშები ჟესტები, წიგნებიდან ამოკრეფილნი, ან ეს თქეენი მუდმივი მელანქოლია, რომელიც მნახველში აღძრავს გრძნობას, სიბრალულისგან სავსებით განსხვავებულს? ღმერთმანი, ზოგჯერ მოთხოვნილება მაქვს გიჩვენოთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ვაება.

„კაცი რომ შემოგხედავთ, ჩემო ცუგრუმელაევ, ვით მიაბიჯებთ ტალახში თავაწეული და მეოცნებე თვალებით ასცქერით ზეცას, თითქოს მეფისწულის ჩამოსვლას ელითო, - ნორჩ ბაყაყს ჰგავხართ მაშინ, იდეალზე მეოცნებეს და თუ გეზიზღებათ დოყლაპია (ჩემი სახით, მაშინ უფრთხილდით წეროს, რომელიც აგკენკავთ, გადაგყლაპავთ და გაგაქრობთ ერთ წუთში, ჟინის მოსაკლავად!

„მართალია, პოეტი გახლავართ, მაგრამ არც ისე იოლია ჩემი გაცურება, როგორც თქეენა გგო-ნიათ, და თუ კვლავაც მომაბეზრებთ თავს თქვენი მანჭვა-გრეხით და კრუსუნით, მოგეპყრობით, როგორც ველურ ქალს ან გადაგისვრით ღია ფანჯრიდან, ცარიელი ბოთლივით".

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ