მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 231 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვოვენარგე (XVIII ს. ფრანგი მორალისტი) ამბობს, რომ საზოგადოებრივ ბაღებში არის ხეივნები სადაც იკრიბებიან იმედგაცრუებული, ცხოვრებაზაე გულაყრილი ადამიანები, ხელმოცარული გამომგონებლები, დიდების კიდეგან შთენილნი, გაბხარული გულები, თავისთავში ჩაკეტილი, მშფოთვარე სულები, რომლებშიც ჯერაც არ განელებულა ცხოვრების ქარიშხლისაგან შემორჩენილი ოხვრა და რომელნიც თავს არიდებენ გახარებულთა და სვებედნიერთა უტიფარ მზერას. ეს ჩრდილოვანი სადარნონი - ცხოვრებასთან ბრძოლაში დასახიჩრებულთა თავშეყრის ადგილებია.

პოეტი და ფილოსოფოსი განსაკუთრებით ეტანებიან ასეთ ადგილებს. აქ მათ უტყუარი ნადავლი ელით. ადრეც მითქვამს, რომ ისინი ყველაზე მეტად არიდებენ თავს მდიდართა და მორჭმულთა მხიარულ თავყრილობებს. მათ უაზრო ჟრიამულში ისინი ვერ ჰპოვებენ ვერაფერს სახეიროს და პირუკუ, მათ იზიდავს ყოველივე სუსტი, დათრგუნული, დაჩაგრული და დაობლებული.

გამოცდილი თვალი აროდეს ცდება ასეთ შემთხვევაში. ამ გაქვავებულ და გატანჯულ სახის ნაკვთებში, ამ ჩაცვენილ და ჩასიებულ თვალებში, რომელნიც ზოგჯერ უკანასკელი გაბრძოლების ცეცხლით ელავენ, ამ აურაცხელ, ღრმა ნაოჭებში, ამ მძიმე და არათანაბარ მიხრა-მოხრასა და სიარულში პოეტი იოლად ამოიცნობს ხოლმე უიღბლო სიყვარულის, გაწბილებული ერთგულების, ამაო ცდის, უდრტვინველად გადატანილი შიმშილისა და სიცივის ამბებს.

ნუთუ არასოდეს შეგიმჩნევიათ ბაღში ქვრივები ეულ, მივარდნილ სკამებზე, საბრალო ქვრივები? მათ იოლად შეიცნობთ, გინდ შავებში, გინდ უშავებოდ, გაჭირვებული ადამიანის ტრაურს ხომ ყოველთვის რაღაც აკლია, და ეს დისჰარმონია კიდევ უფრო ამძიმებს შთაბეჭდილებას.

ღატაკი იძულებულია მწუხარებაშიც ხელმოჭერილი იყოს, მდიდარი კი საჩვენებლად გამოჰფენს ხოლმე თავის გლოვას მთელი სისრულით.

რომელია ამ ქვრივებს შორის უფრო სევდიანი, რომელი იმსახურებს უფრო მეტ სიბრალულს - ის, რომელსაც ბალღი მიჰყვება ხელჩაკიდებული, მისი მწუხარე ფიქრების გაზიარება რომ არ ძალუძს, თუ ის, რომელიც სრულიად მარტოა? არ ვიცი.. ერთხელ რამდენიმე საათს ვაკვირდებოდი ამგვარ სევდიან, მოხუც ქალს, მახსოვს იგი, წელში გამართული, თავაწეული, გაცვეთილი შალი რომ მოეხვია და მთელს მის არსებაში სტოიკოსის სიამაყე რომ მჟღავნდებოდა.

ჩანდა, მას სრული სიმარტოვე მიუსაჯა ბედმა, რის შედეგადაც მას უცოლო კაცის ჩვევები დასჩემდა და ეს მამაკაცური ცხოვრების წესი ერთგვარი პიკანტური იდუმალებითაც კი მოსავდა მთელს ყოფას მისას. არ ვიცი, რომელ იაფფასიან კაფემი ისაუზმა მან იმ დღეს, ან როგორ ისაუზმა. მე გავყევი მას და მივაცილე სამკითხველომდე. დიდხანს ვაკვირდებოდი მის ცრემლით ამომწვარ თვალებს, რომლებიც გულდასმით ეძებდნენ გაზეთში რაღაც ცნობას, პირადად მისთვის ფრიად საინტერესოს და აუცილებელს.

ბოლოს, ნაშუადღევს, შემოდგომის მშვენიერ ცის ქვეშ, გუნდ-გუნდად რომ გვათოვს მოგონებებს და გულისტკივილს, იგი ჩამოჯდა ბაღის მივარდხილ კუთხეში, რათა ბრბოსაგან განმარტოებით მოესმინა კონცერტი იმ სამხედრო ორკესტრისა, პარიზის მკვიდრთ რომ სთავაზობდა ხოლმე მუსიკას.

როგორც ჩანს, ეს ერთგვარი მცირე ნადიმი იყო ამ ასაკოვანი, უმანკო სულისა (ან ასაკოვანი და ცოდვათაგან განწმენდილი სულისა) - მცირე ნუგეში ერთ-ერთი მძიმე დღისა, რომელიც მან გაატარა მეგობრისა და მისანდობელის გარეშე, უტყვად და უხალისოდ. ასეთ დღეებს კი, როგორც ჩანს, განგება ხშირად უგზავნიდა წლების განმავლობაში, შესაძლოა, წელიწადში სამას სამოცდახუთჯერაც.

აი, მეორე:

მე თავს ვერასოდეს ვიკავებ და დიდხნობით ვუცქერ ხოლმე, თუ სრული სიმპათიით არა, ცნობისწადილით მაინც, სახოგადოებრივი პარკის ღობესთან შემოჯარულ ბრბოს, მუსიკას რომ უსმენს გარედან. ორკესტრი ღამეულ სიბნელეში საზეიმო აკორდებს ისვრის, ტრიუმფისა და აღტყინების აკორდებს. გრძელი, ნაოჭებიანი კაბების შრიალი, მზერათა შეხლა, მცონარენი, უსაქმობით დაღლილნი, აქეთ-იქით რომ დააბოტებენ ზანტად, ვითომდაც მუსიკის მოსასმენად მოსულნი, ბაღში მხიარულებაა და სიმდიდრე, ყველაფერი უზრუნველყოფითა და ცხოვრების ხალისით სუნთქავს, ყველაფერი, ამ ბრბოს გარდა, ბაღის მესერს რომ აწვება, რათა დაიჭიროს ქარის მოტანილი უფასო მუსიკის ხმები და დატკბეს იმ ბრწყინვალებით, ღობის გადაღმა რომ მოჩანს.

მუდამ საინტერესოა, ვით ირეკლება მდიდრის შვება-მხიარულება ღატაკის თვალებში. მაგრამ იმ დღეს, ამ ჩითის კაბებითა და ბლუზებით მოსილ ბრბოში შევნიშნე არსება, რომლის კეთილშობილი იერიც საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა გარსმოჯარულ მდაბიორებთან.

ეს იყო მაღალი ქალი, ისეთი დიდებული და კეთილშმობილი იერისა, რომლის მსგავსიც არ შემხვედრია თვით ძველი დროის არისტოკრატ ლამაზმანთა სურათების კოლექციებშიც კი. მთელი მისი არსება საოცარი სიამაყითა და სიქველით სუნთქავდა, მის გამხდარ, მწუხარე სახეს საოცრად უხდებოდა შავები. იგიც, ბრბოს მსგავსად, დაფიქრებით უცქეროდა ამ გაჩახჩახებულ სამყაროს და თავის ქნევით აჰყოლოდა ორკესტრის ტაქტს.

საოცარი ხილვა! მე გამიელვა: „ეს სიღატაკე, თუ ეს მართლაც სიღატაკეა, მაინც შეუთავსებელია ამგვარ წვრილმან ეკონომიასთან. ასეთი კეთილშობილი სახის პატრონს ეს არ შეჰფერის. რად დარჩენილა იგი ნებაყოფლობით ამ ბრბოში, რომლისგანაც ესოდენ მკვეთრად გამოირჩევა?“

მაგრამ როდესაც გვერდით ჩავუარე მას, მივხვდი ყოველივეს. ამ მაღალ ქვრივ ქალს გვერდით ედგა ხელჩაკიდებული, მასავით შავად მოსილი ბალღი. რაოდენ მცირეც არ უნდა ყოფილიყო ბაღში შესვლის ღირებულება, ეს თანხა მას გამოადგებოდა ამ პაწაწინა არსების რაიმე სურვილის დასაკმაყოფილებლად, სათამაშოსთვის, ან რაიმე კაპრიზისათვის.

იგიც, როგორც ჩანს, შინ ბრუნდებოდა ფეხით, ეული, სავსებით ეული, ფიქრებსა და ოცნებებში წასული; ბალღი ხომ ჭირვეულია, მოუთმენელი, ეგოისტი და უგრძნობელი; და მას არ ძალუძს, თუნდაც ცხოველის, ძაღლის ან კატის მსგავსად, გაზიარება მარტოსული დარდისა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ