მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 242 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე ვმოგზაურობდი. პეიზაჟი ჩემს გარშემო კეთილშობილი სიდიადით სუნთქავდა და აი, ამ დროს, სულში ჩამრჩა ერთი ამბავი.

ჩემი აზრები მსუბუქად ქროდნენ, ქვენა ვნებები - მიწიერი სიყვარულიც და სიძულვილიც, ისევე შორს იყვნენ ჩემგან, როგორც ღრუბლები, უფსკრულის პირად გაშლილნი, ხოლო სული ჩემი წმინდად და უსასრულოდ მეჩვენებოდა, როგორც ცარგვალი მიწიერი მოგონებები ექოდღა მოდიოდნენ ჩემს გულამდე, როგორც იმ შორეული ფარების ეჟვნები, შორს, მეორე მთის ფერდობზე რომ შეფენილიყვნენ. პატარა უძრავ ტბაზე ღრუბლის ჩრდილი გადაივლიდა ხანდახან - თითქოს ვეება ჰაეროვანმა გიგანტმა გადაიფრინაო ცაზე და მისი მოსასხამი ირეკლებაო ტბის ზედაპირზე, მახსოვს, ეს უჩვეულო შთაბეჭდილება სავსებით უხმაურო მოძრაობისა საზეიმო, თუმც შიშნარევი შვებით აღმავსებდა.

მოკლედ, ჩემი გარემომცველი ზეაღმტაცი მშვენიერებისაგან სულიერ მშვიდობას შევიგრძნობდი საკუთარ თავში და მთელს სამყაროში და, ვგონებ, ასეთი ნეტარებისაგან სავსებით დავივიწყე მიწიერი ბოროტება და მზად ვიყავ მერწმუნა არცთუ ისე უსაფუძვლო მტკიცებანი გაზეთებისა იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანი თავისი ბუნებით სიკეთისკენაა მიდრეკილი.  მაგრამ ამ დროს, ყოვლისშემძლე მატერიის მოთხოვნილების შესაბამისად, ვიწყე ფიქრი ჭამასა და მოსვენებაზე, ესოდენ ხანგრძლივი აღმასვლის შემდეგ. ჯიბიდან ამოვიღე პურის დიდი ნატეხი, ტყავის ფინჯანი და მათარა, ელექსირით სავსე, რომლის აღრევაც შეიძლებოდა თოვლიან წყალთან (იმ დროს ასეთი ელექსირები აფთიაქმი იყიდებოდა ტურისტებისათვის).

მე გულმშვიდად გავტეხე პური, მაგრამ ამ დროს ჩუმი შრიალი შემომესმა და აღვმართე მზერა. ჩემს წინაშე იდგა ძონძებში გახვეული, პატარა არსება, შავი, თმაგაწეწილი, თვალებჩაცვენილი და კუშტი. იგი თითქოს თვალებით მევედრებოდა, თვალებით ჭამდა ჩემს პურს. მე გარკვევით გავიგონე მისი ხრინწიანი ჩურჩული: „ნამცხვარი".

მე ცხადია, გამეცინა, ასეთი სახელი რომ უწოდეს ჩემს ნახევრად თეთრ პურს, მოვუტეხე დიდი ნაჭერი და გავუწოდე პატარას. იგიც ფრთხილად მომიახლოვდა, თან თვალს არ აშორებდა სანუკვარ საგანს. შემდეგ უეცრად გამომტაცა ნაჭერი და სწრაფად უკუდგა, თითქოს ეშინოდა, რომ მე ვატყუებდი მას ან მოვასწარი გადაფიქრება.

მაგრამ იმავ წუთს ეტაკა მას მეორე პატარა ველური და ძირს დასცა. უფალმა უწყის, საიდან გაჩნდა იგი ან ვით ჰგავდა ესოდენ პირველს, ტყუპისცალივით. ორივენი მიწასე გაგორდნენ და არ ანებებდნენ ერთმანეთს ძვირფას ნადავლს, ვინაიდან, როგორც ჩანს, არც ერთი მათგანი არ აპირებდა ძმისთვის პურის გაზიარებას. პირველი გაავებით სწვდა მეორეს თმაში; ეს კი კბილებით ჩააფრინდა ძმას ყურში და წამსვე გადმოაფურთხა გასისხლიანებული ნაგლეჯი ხორცისა, თანაც ერთი ლაზათიანად, მდაბიურად შეიგინა. ნამცხვრის კანონიერმა მფლობელმა თავისი პატარა ფრჩხილებით დააპირა უზურპატორისთვის თვალების გამოკაწვრა, ხოლო მან, თავის მხრივ, დაძაბა მთელი ძალები, რათა ცალი ხელით მოეხრჩო მოწინააღმდეგე, ხოლო მეორით თავის ჯიბეში ჩაეჩარა ბრძოლის ნადავლი. მაგრამ სასოწარკვეთილი დამარცხებული წამოდგა, მუცელში აძგერა თავური და ძირს დასცა იგი.. თუმც რა საჭიროა ამ საზიზღარი ბრძოლის აღწერას რომელიც უფრო დიდხანს გრძელდებოდა, ვიდრე მოველოდი მათი ბავშვური ძალებისაგან!

ნამცხვარი ხელიდან ხელში გადადიოდა, ჯიბიდან ჯიბეში, ბოლოს იგი სავსებით შეიცვალა და მოცულობითაც დაპატარავდა, ასე რომ, როცა ბოლოს და ბოლოს შეჩერდნენ ისინი, განაწამებნი, გასისხლიანებულნი, გულამომჯდარნი, რამეთუ აღარ შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელება, მათ უკვე აღარ ჰქონდათ ხელთ საბაბი ბრძოლისა: პურის ნატეხი განადგურდა, დანამცეცდა, ქვიშას შეერია.

ამ სანახაობამ ჩამაშხამა ის პეიზაჟიც და ის ჩუმი შვებაც, რომელიც აღავსებდა ჩემს სულს მანამდის, ვიდრე ვიხილავდი ამ პატარებს.

დიდხანს ვიდექი დამწუხრებული და ვიმეორებდი გულში: „აი, თურმე არსებობს საოცარი ქვეყანა, სადაც უბრალო პურს ნამცხვარი ჰქვია და ისეთ უცხო ხილად ითვლება, რომ ძალუძს გამოწვევა ჭეშმარიტად ძმათამკვლელი ომისა!“

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ