მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 223 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ამბობენ, რომ არსებობს ერთი დიდებული ქვეყანა, აღთქმული ქვეყანა, - ჩემი ოცნებაა ვეწვიო მას ჩემს ძველ სატრფოსთან ერთად. ეს უჩვეულო მხარე ჩვენი ჩრდილოეთის ნისლებშია ჩაძირული და მას შეიძლება ეწოდოს დასავლეთის აღმოსავლეთი, ან ევროპის ჩინეთი - ესოდენ ჭარბად ჩქეფს იქ ფანტაზია, ესოდენ გულდასმით მოუხატავს მას ეს მხარე თავისი დახვეწილი, ნაზი ყვავილებით.

ნამდვილი საზღაპრო კუთხე, სად ყოველივე სიმშვიდით და მშვენებით სუნთქავს, სად უნაკლოა ყოველივე, სად თვითკმარი ჰარმონიის ფუფუნებაა, სადაც ცხოვრება სიუხვეა და სიამტკბილე, საიდანაც განდევნილია ყოველგვარი შემთხვევითობა და ამაოება; სად თვით საკვებიც პოეტურია და ზეაღმტაცი; სად ყოველივე შენა გგავს, ჩემო ანგელოსო.

გიგრძვნია თუ არა ოდესმე ეს ციებ-ცხელება, რომელიც გვეუფლება ტანჯვის ბნელეთში, ეს ლტოლვა აროდეს ხილული სამშობლოსაკენ, ეს მტანჯველი მოთხოვნილება შეუცნობელის შეცნობისა? არის ქვეყანა, შენი მსგავსი, სად ყოველივე მშვენიერია, მდიდრული, მშვიდი და უნაკლო - ფანტაზიამ შეჰქმნა ეს მხარე და მოხატა ეს ჩინეთი დასავლეთისა სადაც ცხოვრების სიამტკბილე ბედნიერებას შობს გამოუთქმელს. მისკენ გავწიოთ! მისკენ გავწიოთ! იქ ვიცხოვროთ და იქავ მოვკვდეთ!

ჰო, გავემუროთ იმ ქვეყნისაკენ, რათა ვისუნთქოთ მისი ჰაერით, ვიოცნებოთ და გავიხანგრძლივოთ საათები შეგრძნებათა უსასრულობის. კომპოზიტორმა შექმნა „მიპატიჟება ვალსის ცეკვად“, - ნეტავ ვინ შექმნის „მიპატიჟებას სამოგზაუროდ", რომელსაც უძღვნის საყვარელ ქალს, რჩეულ დას თვისას?

დიახ, ღირს ცხოვრება იმ ატმოსფეროში, სადაც შენელებული დრო უფრო მდიდარია აზრებით, სად საათები რეკავენ სადიდებელს ნეტარებისას, უფრო ღრმააზროვნად და საზეიმოდ, ვიდრე აქ, ჩვენთან. ბრწყინვალე პანოები, მოოქროვილ ტყავებზე უხმო ყოფა სურათებისა, - ღრმა, უდრტვინველი, როგორც სული მათი შემქმნელი მხატვრისა. ჩამავალი მზის სხივები აფერადებენ დარბახებს, მდიდრული ფარდები, მოხატული მინები მოსევადებული, წვრილად რიკულებდატიხრული ფანჯრებისა ამქრქალებენ მზის შუქს. ავეჯი მასიური, იშვიათი, საკეტებიან-სამალავებიანი, დახვეწილი სულის მსგავსი. მდიდრული სარკენი და ფარდები, ბრინჯაო და ოქრომჭედლობა, - მუნჯ, იდუმალ სიმფონიას ასრულებენ კაცთა მზერისთვის. ყოველ კუთხიდან, ყოველ საგნიდან, კარადებიდან თუ ქსოვილებიდან რაღაც უცნაური სურნელება იფრქვევა, თითქოს სუმატრა ცოცხლდებაო, სული ამ სასახლისა.

ნამდვილი აღთქმული ქვეყანა, სად ყოველივე დიდებულია და მშვენიერი, ვით სუფთა სინდისი, საარაკო ჭურჭელი, ბრწყინვალე ოქრომჭედლობა, თვალნი პატიოსანნი.

მთელი სამყაროს სიმდიდრე აქ მოზღვავებულა, ვით მსოფლიოში სახელგანთქმული, დაუცხრომლად მშრომელი კაცის სამფლობელოში. ეს საოცნებო ქვეყანა აღემატება ყველა სხვა ქვეყნებს, ვით ხელოვნება აღემატება ბუნებას, რამეთუ ბუნება ოცნებით არის მასში გარდასახული, გაკეთილშობილებული, გარდაქმნილი და შემკული.

დე, გამუდმებით ეძებონ და ეძებონ მებაღეობის ალქიმიკოსებმა თავიანთი საწადელი, ზარდონ და ზარდონ საზღვრები თავიანთი შვებისა! კვლავაც დააარსონ პრემიები სამოცი, ასი ათასი ფლორინის ოდენობით, თავიანთ პატივმოყვარე ჩანაფიქრთა განსახორციელებლად, მე კი ვპოვე ჩემი შავი ტიტა და ცისფერი გეორგინი ჩემო შეუდარებელო ყვავილო, ახლად ჩენილო ტიტავ, ალეგორიულო გეორგინო, - განა იმ საოცნებო ქვეყნისაკენ არ მიდის ჩვენი გზა, - განა იქ არ უნდა ვიცხოვროთ და ვიყვავილოთ? განა იქ შენივე მსგავსება არ შემოგადგება გარს, ჩარჩოსავით, განა შენივე თავის ჭვრეტა არ მოგელის იქ, მისტიკოსთა თქმით, შენსავე შესატყვისობაში?

ოცნება, ოცნება, მარად და მარად! რაც უფრო ნაზია სული, რაც უფრო მომთხოვნი, მით უფრო შორს მიჰყავთ იგი ოცნებებს შესაძლებლობის ფარგლებს კიდეგან. ყოველ ადამიანში არის თანდაყოლილი, ბუნებრივი დოზა ბანგისა, რომელსაც იგი გამუდმებით გამოჰყოფს: დაბადებასა და სიკვდილს შორის. განა ბევრია ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი შვებითა და ცნობიერი, ქველი საქმით სავსე წუთები? ნუთუ ვიცხოვრებთ ოდესმე იმ სურათში, რომელიც შექმნა ჩემმა ფანტაზიამ? იმ სურათში, შენ რომ გგავს ეგზომ?

ეს განძი, ეს ავეჯი, ეს ფუფუნება, ეს ჰარმონია, ეს არომატები, ეს სასწაულებრივი ყვავილები - ყოველივე ეს შენა ხარ. ეს დიდი, მდორე მდინარეები და არხებიც შენა ხარ. უშველებელი გემები რომ მისცურავენ ზედ, ლარით დატვირთულნი, მეზღვაურთა სიმღერის თანხლებით, - ეს ჩემი აზრებია, შენს მკერდზე რომ რონინებენ; შენ წარმართავ მათ ოკეანისაკენ - უსასრულობისკენ, ჭვირვალება და მშვენება შენი სულისა ირეკლავს სილურჯეს მაღალი ცისას. და როდესაც ღელვებით დაღლილი, აღმოსავლეთის სიმდიდრით დამძიმებული გემები კვლავ უბრუნდებიან მშობლიურ ნავთსაყუდელს, ეს ჩემი აზრებია ისევ და ისევ; გამდიდრებულნი ბრუნდებიან უსასრულობიდან და კვლავ მოილტვიან შენკენ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ