მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 233 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფანჩიულე იყო ბრწყინვალე მასხარა და თითქმის მეგობარი პრინცისა. თუმც ის ადამიანები, რომელნიც თავისი მდგომარეობით კომიკოსთა როლისათვის არიან განწირულნი, რაღაც საბედისწერო მიმზიდველობას ხედავენ ხოლმე ყოველივე სერიოზულში! მართალია, ძნელი წარმოსადგენია, რომ მასხარას გონებას ესოდენ დესპოტურად დაუფლებოდნენ თავისუფლებისა და მამულის ცნებები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფანჩიულეც გაერია რამდენიმე უკმაყოფილო დიდებულის მიერ მოწყობილ შეთქმულებაში.

ყოველთვის მოიძებნებიან ხოლმე კეთილი ნების ადამიანები, რომელნიც ასმენენ ხელისუფლებასთან ამგვარ ბოროტად განწყობილ ინდივიდებს, მიზნად რომ დაუსახავთ ხელმწიფეთა დამხობა და საზოგადოების გარდაქმნა მათი თანხმობის გარეშე. ფანჩიულე და სხვა შეთქმულნი დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს დაუყოვნებლივ.

მე მზადა ვარ ვირწმუნო, რომ პრინცი თითქმის შეწუხდა, როდესაც დაინახა თავისი საყვარელი მასხარა ურჩ ქვეშევრდომთა სიაში. ეს პრინცი არაფრით განსხვავდებოდა სხვა პრინცებისაგან, მაგრამ უკიდურესად ფაქიზი მგრძნობელობა მას სხვებზე გაცილებით უფრო მკაცრსა და დესპოტურს ხდიდა. იგი ხელოვნებაზე იყო შეყვარებული და კარგადაც იცოდა ხელოვნება, ამავე დროს გაუმაძღარი გახლდათ განცხრომაში. ადამიანების მიმართ გულგრილი და ზნეობის საკითხებში განურჩეველი, თვით ნამდვილი არტისტი იყო და სცნობდა მხოლოდ ერთადერთ საშიშ მტერს - მოწყენილობას. და ის ხრიკები, რომელთაც პრინცი მიმართავდა კაცობრიობის ამ ტირანის დასამარცხებლად, ნამდვილი ურჩხულის რეპუტაციას შეუქმნიდნენ მას მკაცრი ისტორიკოსის თვალში, მაგრამ ამ სამფლობელოში წერა შეიძლებოდა მხოლოდ სასიამოვნო და საკვირველ ამბებზე, რომელნიც კაცს შვებას ანიჭებენ.

პრინცის უდიდესი უბედურება იყო ის, რომ მას არ ჰქონდა დიდი არენა თავის უნართა გამოსავლენად. ბევრია ასეთი ჭაბუკი ნერონები, რომელთაც სული ეხუთებათ ძალზე ვიწრო ჩარჩოებში და რომელთა სახელი და ქველი მიდრეკილებანიც სამუდამოდ იკარგება შთამომავლობისათვის. წინდაუხედავმა განგებამაც ამ პრინცს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნარნი მიანიჭა, ვიდრე სამფლობელონი.

უეცრად გავარდა ხმა, რომ სუვერენმა განიზრახა შეწყალება შეთქმულთა. ეს ხმა დაირხა იმის შედეგად, რომ კარზე გამოაცხადეს საზეიმო სპექტაკლი, რომელშიც ფანჩიულეს უნდა შეესრულებინა ერთ-ერთი მთავარი, თავისი საუკეთესო როლი და რომელსაც უნდა დასწრებოდნენ სიკვდილმისჯილი დიდებულნი, რაც უტყუარი ნიშანი უნდა ყოფილიყო შეურაცხყოფილი პრინცის სულგრძელობისა, - ასე ამბობდნენ მალემრწმენნი.

ბუნებით ესოდენ ექსცენტრიული ადამიანისაგან მართლაც რომ მოსალოდნელი იყო ყოველივე, თვით სიკეთე და ქველმოქმედებაც კი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ხედავდა ყოველივე ამაში რაიმე მოულოდნელ განცხრომას, მაგრამ მათთვის, ვინც ჩემგვარად იყო ჩახედული ამ თავისებური და ავადმყოფი სულის სიღრმეში, უფრო ბუნებრივი იყო დაეშვა ის, რომ პრინცმა განიზრახა სიკვდილმისჯილი ადამიანის სასცენო ტალანტების გამოცდა. მას სურდა ესარგებლა შემთხვევით, ეწარმოებინა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დაკვირვება და შეემოწმებინა, თუ რამდენად შეიძლება შეიცვალოს ჩვეულებრივი ნიჭი მსახიობისა ან მიიღოს სხვაგვარი სახე იმ უჩვეულო სიტუაციის ზეგავლენით, რომელშიც იგი იმყოფება; იყო თუ არა ეს, მისი მხრით, რაიმე გარკვეული განხრახვა შეწყალებისა? ეს საკითხი, როგორც ჩანს, მარად გაურკვეველი დარჩება.

და ბოლოს, დადგა ღირსშესანიშნავი დღე; პატარა სასახლე მოიკაზმა მთელი თავისი სიმდიდრით, ენით უთქმელი პომპითა და ბრწყინვალებით, რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო ესოდენ მცირე და ღარიბი სახელმწიფოს ზეიმისათვის. ეს იყო მართლაცდა ორმაგი ზეიმი: ერთის მხრივ - სიმდიდრითა და ფუფუნებით, მეორე მხრივ - იმ ამაღელვებელი, იდუმალი ინტერესით, რომელთანაც იგი გახლდათ დაკავშირებული.

ფანჩიულე განსაკუთრებით გამოირჩეოდა უტყვ როლებში, რომელნიც თითქმის მუდამ მთავარნი არიან ფეერიულ დრამებში, სადაც სიმბოლურად არის ასახული ცხოვრებისეული მისტერიები. იგი მსუბუქი ნაბიჯით გამოვიდა სცენაზე, სავსებით თავისუფლად, რამაც კიდევ უფრო დაარწმუნა კეთილშობილი საზოგადოება პრინცის ლმობიერებასა და გულმოწყალებაში.

როდესაც რომელიმე მსახიობზე ამბობენ, კარგი მსახიობიაო, იგულისხმება ის, რომ პერსონაჟში, რომელსაც იგი განასახიერებს, მაინც მოჩანს თვით მსახიობი, მისი ხელოვნება, მისი ნება. მსახიობმა რომ მიაღწიოს პერსონაჟთან მიმართებაში იმას, რასაც აღწევენ მშვენიერების იდეასთან მიმართებაში საუკეთესო ანტიური ქანდაკებები, - ნამდვილად ცოცხალნი, გასულიერებულნი, მოძრავნი, თვალხილულნი, - ეს იქნებოდა სავსებით მოულოდნელი და განსაცვიფრებელი ამბავი.

მაგრამ იმ საღამოს ფანჩიულე იმდენად სრულყოფილი განსახიერება იყო იდეალურისა, რომ მას სხვაგვარად ვერც წარმოიდგენდით. ეს ხუმარა დადიოდა, მოძრაობდა, იცინოდა, ტიროდა და ამავე დროს მას თავს ადგა უქრობი ნათელი, - სხვათათვის უხილავი, ჩემთვის კი ხილული, რომელშიც საოცრად შერწყმულიყო ხელოვნების სხივი მოწამეობრივ შარავანდედთან. რაღაც განსაკუთრებული მადლით გასხივოსნებული ფანჩიულე ღვთაებრივსა და ზესთაბუნებრივს აქსოვდა თავის უკიდურესად ექსტრავაგანტურ ხუმრობებშიც.

კალამი მიკანკალებს და თვალები ცრემლით მევსება მღელვარებისაგან, როდესაც ვცდილობ აღგიწეროთ ის დაუვიწყარი საღამო.

ფანჩიულემ მთელის გარკვევით და უდავობით მარწმუნებინა იმ საღამოს, რომ ხელოვნებით თრობას ყველაზე მეტად ძალუძს თვალთათვის უჩინო-ქმნა ქვესკნელის მთელი საშინელებისა; რომ გენიას ძალუძს კომედიის თამაში საფლავის კართან სიხარულით, რომელიც ფარავს მისგან საფლავს, რამეთუ ამ დროს იგი სამოთხეში ნეტარებს, რაც გამორიცხავს ყოველგვარ აზრს საფლავისა და ხრწნადობის შესახებ.

დამსწრე საზოგადოებამ, მიუხედავად მთელი თავისი მოყირჭებისა და ფუქსავატობისა, მალე იგრძნო თავისთავზე ხელოვანის ძალმოსილება. აღარავინ ფიქრობდა წამებაზე, სიკვდილსა და მწუხარებახე. ყველამ დაივიწყა სადარდებელი და მთლიანად მიეცა იმ ორკეც სიამოვნებას, რომელსაც გვანიჭებს ჭვრეტა ცოცხალი ხელოვნების შედევრებისა.

სიხარულის და აღტაცების მქუხარე ხმები ჟამიდან ჟამზე არყევდნენ შენობის თაღებს, თვით ექსტაზში შესულმა პრინცმაც შეუერთა თავისი აპლოდისმენტები ქვეშევრდომთა ტაშს. ამასთან, ნათელმხილველ მზერას არც ის გამოეპარებოდა, რომ პრინცის ექსტაზს კიდევ სხვა რამ ერთვოდა ზედ. გრძნობდა თუ არა იგი თავს დამარცხებულად დესპოტურ ძალმოსილებაში? გრძნობდა თუ არა იგი თავს დამცირებულად თავის ხელოვნებაში, რაც გამოიხატებოდა ადამიანთა გულებში შიშის დათესვასა და მათი გონების ჩახშობაში? ან იქნებ იმედგაცრუებულად გრძნობდა თავს და ვარაუდებში მოტყუებულად? ასეთი ვარაუდები, სხვათა შორის, არსებითად გაუმართლებელნიც და შეუმოწმებელნიც, მომდიოდა თავში იმ დროს, როდესაც თვალს ვადევნებდი პრინცის ფერმკრთალ სახეს, ამჯერად კიდევ უფრო რომ გადაფითრებულიყო, თითქოს თოვლს თოვლი მომატებოდა. ბაგენი შეკუმშოდა, თვალები აგზნებოდა შინაგანი ცეცხლით, იჭვიანობის ფარული ბოღმის ცეცხლს რომ პგავდა, მაშინაც კი, როდესაც იგი დემონსტრატიულად უკრავდა ტაშს თავის ძველ მეგობარს, ამ საკვირველ ხუმარას, რომელიც ესოდენ განსაცვიფრებლად დასცინოდა სიკვდილს.

მე თვალი ვკიდე ერთ მომენტმი, ვით დაიხარა მისი უდიდებულესობა და რაღაც უჩურჩულა მის გვერდით მდგომ პატარა პაჟს. პატარა ბიჭუნას ონავარი სახე გაებადრა ღიმილით და მაშინვე დასტოვა ლოჟა პრინცისა, თითქოსდა ჩქარობსო რაღაც გადაუდებელი დავალების აღსრულებას.

რამდენიმე წუთის შემდეგ უხეშმა, ხანგრძლივმა სტვენამ შეაწყვეტინა ფანჩიულეს ერთ-ერთი საუკეთესო მიზანსცენა თავისი როლისა, თან ყური მოსჭრა მსმენელთ და გული დაუკოდა მათ. ხოლო დარბაზში, იმ ადგილიდან, საიდანაც მოისმა ეს უეცარი ნიშანი გმობისა, სიცილით წამოხტა პატარა ბიჭუნა და კორიდორში გაიჭრა.

ფანჩიულე თითქოს ოცნებისაგან გამოერკვაო. ჯერ დახუჭა თვალები, შემდეგ ასევე არაბუნებრივად დაჭყიტა ფართოდ, შემდეგ დააღო პირი, თითქოსდა სურს ღრმად ჩაისუნთქოსო, ოდნავ წაბარბაცდა ჯერ წინ, შემდეგ უკან და... მკვდარი დაეცა სცენაზე.

გაამართლა თუ არა საბოლოოდ ჯალათის ანგარიშები ამ ხმალივით მჭრელმა სტვენამ? გრძნობდა თუ არა პრინცი თავისი ხრიკის მთელს ჯოჯოხეთურ ძალას? ძნელი სათქმელია. შეებრალა თუ არა მას თავისი ძვირფასი, შეუდარებელი ფანჩიულე? სასიამოვნოც იქნებოდა და კანონზომიერიც ამის გაფიქრება.

დანაშაულში გარეული დიდებულებიც უკანასკნელად დატკბნენ თეატრალური სანახაობით, ისინი იმავე ღამეს გამოასალმეს წუთისოფელს.

მას აქეთ მრავალი მსახიობი, მრავალ ქვეყანაში ღირსეულად დაფასებული, ჩამოდიოდა საგასტროლოდ სამეფო კარზე, მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრებოდა ნიჭით ფანჩიულეს საოცარ ტალანტს და ვერც იმსახურებდა მისებრ წყალობას.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ