მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 190 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მშვენიერ ბაღს ჩამავალი მზის ნაგვიანევი სხივი აფერადებდა, მომწვანო ცაზე მოხეტიალე მატერიკებივით მიცურავდნენ ოქროს ღრუბლები, ხოლო ბაღის შუაგულში ოთხი მშვენიერი ბიჭენა, რა თქმა უნდა, თამაშით დაღლილი, საუბრობდა ურთიერთშორის.

ერთი ამბობდა: „გუშინ თეატრში წამიყვანეს. ამ დიდებული სასახლის სიღრმეში მოჩანს ზღვა და ცა, იქ სიმღერით ლაპარაკობენ ქალნი და კაცნი, სერიოზულნი და პირქუშნი, მაგრამ გაცილებით უფრო ლამაზები და კარგად ჩაცმულნი, ვიდრე ჩვენი მახლობლები. ისინი ხან ემუქრებიან ურთიერთს, ხან ევედრებიან, ხან სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და ზოგჯერ ხანჯალზეც იტაცებენ ხოლმე ხელს. აჰ, რა მშვენიერია ეს ყოველივე! ქალები აქ გაცილებით ლამაზები არიან და მაღლები, ვიდრე ჩვენი სტუმრები, და თუმც საშიშად გვეჩვენებიან დიდთვალებიანნი და სახეგაბრწყინებულნი,მაგრამ არ შეიძლება არ შეგიყვარდეს ყოველი მათგანი. გზარავს, ტირილი გინდა და მაინც გსიამოვნებს. და შემდეგ, რაც ყველაზე მეტად საკვირველია, გებადება სურვილი ასე ჩაცმისა, ასეთი ქცევისა, და მათსავით სიმღერით ლაპარაკისა.

ოთხთაგან ერთ-ერთმა, რომელიც ყურადღებით უსმენდა ამხანაგს და თან რაღაც წერტილს შესცქეროდა ცაში, უეცრად თქვა: „შეხეთ! შეხეთ! ხედავთ თუ არა მას? განმარტოებულ ღრუბელზე რომ ზის, პატარა ცეცხლოვან ღრუბელზე, ნელა რომ მიცურავს.. თითქოს დაგვცქერისო ზევიდან!“

„ვინ არის ეგ?“ - ჰკითხეს დანარჩენებმა.

„ღმერთი!“ - მიუგო ბიჭუნამ დაბეჯითებით.

„აჰა, იგი უკვე შორსაა: მალე მიეფარება თვალს; ალბათ მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში. შეხეთ, შეხეთ, ახლა იგი ხეებს გადაუვლის, - აი იქ, თითქმის პორიზონტზე. ახლა კი სამრეკლოს მხარეს დაეშვა.. აჰ, უკვე აღარ ჩანს!“ - ბავშვი კიდევ დიდხანს იდგა იმ მხარეს მიბრუნებული და თვალს არ აშორებდა ცისა და დედამიწის გამყოფ თვალსაწიერს, მისი მზერა ექსტაზითა და სინანულით ასხივებდა.

„აი, სულელი! მაგის ღმერთს ვერავინ ხედავს თავად მის გარდა! - წამოიძახა მესამე ბიჭუნამ, რომლის მთელი ფიგურაც საოცრად ცოცხალი იყო და მოძრავი. აი მე კი მოგითხრობთ ისეთ ამბავს, რაც არც ერთ თქვენგანს არ უგემია არასოდეს და რაც გაცილებით უფრო საინტერესო იქნება თქვენს თეატრზეც და თქვენს ღრუბლებზეც.

ამ რამდენიმე დღის წინათ მშობლებმა სამოგზაუროდ წამიყვანეს. გავჩერდით სასტუმროში, სადაც აღარ იყო ადგილები და მე ჩემს ძიძასთან ერთად უნდა გამეთია ღამე, - შემდეგ მან ახლოს მოიზიდა ამხანაგები და ხმადაბლა განაგრძო: - იცით რა უცნაური გრძნობაა, როდესაც ძიძასთან ერთად წევხარ, ლოგინში მარტო. მე არ მეძინებოდა და ვერთობოდი, ვიდრე ძიძას ეძინა: ვეფერებოდი მას ხელებზე, კისერზე, მხრებზე. ხელები და კისერი მას სხვა ქალებზე გაცილებით უფრო მსხვილი აქვს, თანაც ისეთი ნაზი კანი აქვს, თითქოს საფოსტო ქაღალდიაო, ან აბრეშუმი. ისე სასიამოვნო იყო, რომ მე დიდხანს ვეფერებოდი ძიძას, მაგრამ მერე უეცრად შემეშინდა, ვაითუ გაეღვიძოს-მეთქი, და კიდევ არ ვიცი, რად შემეშინდა. შემდეგ ჩავრგე თავი მის თმაში, ხშირი ფაფარივით მხრებზე გადმოყრილ თმაში, დამიჯერეთ, ისეთი საამური სუნი აქვს ამ თმას, როგორც აი ამ ბაღის ყვავილებს. სცადეთ ერთხელ, თუ მოახერხოთ, იგივე და თქვენც დარწმუნდებით!“

ამას ჰყვებოდა პატარა ავტორი ამ საოცარი აღმოჩენისა და თან თვალებგაფართოებული აქეთ-იქით იცქირებოდა, თითქოს უკვირდა თავისი განცდილი, ხოლო ჩამავალი მზის სხივები მისი წითური კულულების გარშემო თითქოსდა გოგირდოვან ნათებას ჰქმნიდნენ ვნებისას.

ამასთან აშკარა იყო, რომ მომავალში იგი არ დახარჯავდა თავისი ცხოვრების წუთებს ღრუბლებს მიღმა არსებული ღმერთის ძიებაზე და სულ სხვა ამბებში ჰპოვებდა ცხოვრების მიზანს.

ბოლოს მეოთხემ თქვა. „იცით, ჩემი ყოფა უხალისოა; მე არავის დავყავარ თეატრში, ჩემი მეურვე ძალზე ძუნწია, არც ღმერთი ზრუნავს ჩემზე და ჩემს დარდებზე, არც ლამაზი ძიძა მყავს, რომ მანებივროს. ხშირად მიფიქრია, ერთადერთი რამ მომიტანდა შვებას: პირდაპირ, სულ პირდაპირ მევლო შორეთისაკენ, ისე, რომ არავის სცოდნოდა ჩემი ასავალ-დასავალი და სულ ახალ-ახალი ქვეყნები მომენახულებინა. მე ვერსად გერასოდეს ვიგრძნობ თავს კარგად, ვინაიდან ყოველთვის მეჩვენება, რომ სხვაგან უფრო კარგად ვიქნები, ვიდრე იქ, სადაც ამჟამად ვიმყოფები, აი მაგალითად, მეზობელ სოფელში უკანასკნელ ბაზრობაზე ვნახე სამი კაცი, რომელთა ცხოვრებაც ძალზე მომეწონა. ალბათ არ მიგიქცევიათ მათთვის ყურადღება. ტანმორჩილნი იყვნენ, სავსებით შავნი, მაგრამ ამაყნი, მიუხედავად თავიანთი ძონძებისა; იფიქრებდით, არაფერი არ ადარდებთო, დიდი შავი თვალები უბრწყინავდათ საკრავებზე დაკვრის დროს; ისე საოცრად უკრავდნენ, რომ მომინდა ცეკვაც და ტირილიც ერთდროულად, - ლამის ჭკუაზე გადავედი სიამოვნებისაგან, ერთი მათგანი ნელ-ნელა უსვამდა ვიოლინოს ხემს, თითქოს რაღაც დარდზე ჰყვებაო; მეორე პატარა ჩაქუჩს ურაკუნებდა თავის კისერზე ჩამოკიდებულ მცირე იარაღს, თითქოს დასცინისო თავის მეზობლის კვნესას, მესამე კი ამ დროს მთელი ძალით ურტყამდა ციმბალებს. მათ იმდენად მოსწონდათ თავი, რომ მაშინაც კი განაგრძეს ეს ველური მუსიკა, როდესაც ხალხი დაიშალა. მე კი დამაინტერესა - თუ სად ცხოვრობდნენ ისინი, ავედევნე ტყის პირამდე და მაშინღა დავრწმუნდი, რომ თურმე არ ჰქონიათ სახლი.

აქ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „ხომ არ გაგვეშალა აქ კარავი?“ - „მე მგონი, არ ღირს, - მიუგო მეორემ, - ისედაც კარგი ღამეა!“

მესამე კი ფულს ითვლიდა ამ დროს და ამბობდა: „ეს ხალხი ვერ გრძნობს მუსიკას, მათი ქალებიც დათვებივით ბაჯბაჯით ცეკვავენ. საბედნიეროდ, ერთ თვეში ავსტრიაში ვიქნებით, - იქ გაცილებით უფრო სასიამოვნო ხალხია“.

„ესპანეთში ხომ არ წავსულიყავით? შემოდგომა კარზეა. სჯობია გავასწროთ წვიმების სეზონს და იქ ყანყრატოები გავისველოთ“. - ამბობდა ერთ-ერთი.

„ხომ ხედავთ ყველაფერი დავიმახსოვრე... შემდეგ მათ დალიეს თითო კათხა არაყი და დაიძინეს ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. თავდაპირველად მსურდა მეთხოვა მათთვის - თან წამიყვანეთ და მასწავლეთ-მეთქი დაკვრა თქვენს ინსტრუმენტებზე, მაგრამ ვერ გავუბედე, ვინაიდან ძნელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, თანაც მეშინოდა, ვაითუ გზაში დამიჭირონ, ვიდრე მოვასწრებ-მეთქი საფრანგეთის ფარგლებიდან გასვლას“.

დანარჩენი სამი ბიჭის განურჩეველმა სახეებმა მაფიქრებინა, რომ მათ არ ესმოდათ ამ ბავშვისა. მე კარგად დავუკვირდი მის სახეს: მის გამოხედვაში, მისი შუბლის მოყვანილობაში ნაადრევად ცნაურდებოდა რაღაც საბედისწერო, რომელიც, ჩვეულებრივ, განიზიდავს ადამიანებს, ჩემში კი რატომღაც სიმპათიას აღძრავს მხოლოდ. წუთით უცნაური აზრიც კი დამებადა. ხომ არ მყოლია-მეთქი ძმა რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი დღემდე?

მსე ჩაესვენა. ბნელი გამეფდა. ბაეშვები დაიმალნენ, ყოველი მათგანი თავის გზას გაჰყვა, რათა არაცნობიერად, სხვადასხვა გარემოებათა და შემთხვევითობათაგან დამოუკიდებლად, ეპოვნათ თავისი ბედი, ეწვალებინათ მახლობლები, გამოევლინათ ლტოლვა დიდებისკენ თუ მოყივნებისკენ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ