იგი საკმაოდ მახინჯია და მაინც მომხიბვლელი! დრომ და სიყვარულმა უწყალოდ შანთეს იგი და აჩვენეს, თუ რამდენი სიყმაწვილე და ცინცხალი ძალები მიაქვს თითოეულ კოცნას და თითოეულ წამს.
იგი აშკარად მახინჯია; ეს რაღაც ჭიანჭველაა, ობობა თუ, უფრო სწორად, ჩონჩხი; მაგრამ ამავ დროს, იგი - სასმელია დამათრობელი, ჯადოქარი, კუდიანი! ერთი სიტყვით, გულის წამღები.
წლებმა ვერ გატეხეს მისი ცოცხალი და ნარნარი მიხრა-მოხრა და ლერწამი ტანი. სიყვარულმა ვერ წაართვა სიცოცხლე მის ბავშვურ სუნთქვას; არც მისი ფაფარი გახუნებულა ჟამისაგან, რომლის ცხოველურ არომატებშიც იგრძნობა მთელი ეშმაკეული ცხოველმყოფელობა საფრანგეთის სამხრეთისა - ნიმის, ექსის, არლის, ავინიონის, ნარბონის, ტულუზის, ამ კურთხეული მზის ქალაქებისა, მარად შეყვარებულთა და მომხიბვლელთა! ·
დრომ და სიყვარულმა ამაოდ შანთეს მისი სხეული ესოდენ ხარბად; მათ ვერ წაართვეს მომხიბვლელობა მის ბიჭურ მკერდს.
შესაძლოა, გატეხილია, მაგრამ დაუშრეტელი და მუდამ ხალისიანი - იგი ერთ-ერთ იმ ჯიშიან ცხენსა ჰგავს, რომელსაც ნამდვილი მოყვარულის თვალი მუდამ იცნობს დაქირავებულ კარეტაში, თუნდ ურიკაში შებმულსაც კი.
ამასთან რა ნაზია და რა შემპარავი! მან იცის ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ შემოდგომითაა შესაძლებელი; ზამთრის პირზე კვლავ ინთება ცეცხლი მის სულში, ხოლო მისი სინაზე და მზრუნველობა არაოდესაა მოსაბეზრებელი.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია