მამაკაცთა ბუდუარში, ანუ ელეგანტური სამორინეს თამბაქოს მოსაწევ ოთახში, ეწეოდა და სვამდა ოთხი მამაკაცი. ისინი არც ისე ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ არც თუ მხცოვანნი, გარეგნულადაც სილამაზემდე ბევრი უკლდათ, მაგრამ ვერც მახინჯებს შეარქმევდა კაცი: თუმც, მიუხედავად ასაკისა, ყოველი მათგანი ატარებდა დაღს განცხრომათა ვეტერანისას, ყოველ მათგანში იგრძნობოდა რაღაც ცივი და დამცინავი სევდა, რომელიც თითქოს გარკვევით ამბობს: „ჩვენ კარგად ვიცხოვრეთ, კარგად ვატარეთ დრო, ახლა კი ვეძებთ ისეთ რამეს, რის სიყვარულსაც შევძლებთ და პატივისცემასაც“.
ერთმა მათგანმა ქალებზე დაიწყო საუბარი. რა თქმა უნდა, მისი მხრივ უფრო ჭკვიანური იქნებოდა, საერთოდ არ წამოეწყო საუბარი ამ თემაზე; მაგრამ ხომ არსებობენ ისეთი ჭკვიანი ადამიანებიც, რომელნიც თითო-ოროლა ჭიქა ღვინის შემდეგ არ ერიდებიან ბანალურ თემებს. ასეთ შემთხვევაში მთხრობელს უსმენენ ხოლმე, როგორც მსუბუქ საცეკვაო მუსიკას.
„ჩვენ ყველანი მამაკაცები ვართ და აღარა ვართ ქერუბინოს (პაჟი ფიგაროს ქორწინებიდან) ასაკში, როდესაც დრიადების უყოლობის გამო მუხის ხეებს ეხვევიან ხოლმე. ეს პირველი სტადიაა სიყვარულისა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ უკვე გარჩევას, ზედმეტი განსჯა კი უცილოდ დაცემის დასაწყისია. აქ ჩვენ დავდევთ მხოლოდ სილამაზეს. რაიცა შემეხება მე, ბატონებო, შემიძლია დავიტრაბახო, რომ უკვე მივაღწიე კლიმაქტერიულ ასაკს - მესამე პერიოდს ცხოვრებისას როდესაც სილამაზე თავისთავად უკვე აღარ გვაკმაყოფილებს, თუ მას არ ახლავს არომატები, მორთულობა და ა. შ. მე მზადა ვარ ვაღიარო, რომ ველტვი ზოგჯერ რაღაც მეოთხე სტადიას, როგორც ნეტარებას, რომელიც სრულ სიმშვიდეს მომიტანდა. მაგრამ ჩემი ცხოვრების მანძილზე, - რა თქმა უნდა, ქერუბინოს ასაკის გამოკლებით, - მე მუდამ განსაკუთრებით მაღიზიანებდა აუტანელი სისულელე და შეზღუდულობა ქალებისა. თუ რამ მიყვარს ცხოველებში, ეს არის მათი უშუალობა და უბრალოება. აწ კი თვით განსაჯეთ, თუ რა გადავიტანე ჩემი უკანასკნელი საყვარლის წყალობით.
იგი გახლდათ ბუში ერთ-ერთი პრინცისა. რა თქმა უნდა, გარეგნულად ლამაზი იყო, - სხვაგვარად ხომ არ ავიყვანდი მას! მაგრამ ეს შესანიშნავი გარეგნობა შეხამებული იყო მასში აუტანელ, მახინჯ პატივმოყვარეობასთან. ეს იყო ქალი, რომელიც მუდამ მოწადინებული იყო ეთამაშა მამაკაცის როლი. „თქვენ რა მამაკაცი ხართ! აი მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავ! ჩვენ ორ შორის მე ვარ მამაკაცი!“ - აი, გამუდმებული, თავის მომაბეზორებელი სიტყვები, რომლებიც მესმოდა მისი პირიდან, საიდანაც მხოლოდ სიმღერის მოსმენა მეწადა.
როდესაც მომეცემოდა რაიმე შემთხვევა და გამოვხატავდი ჩემს აღტაცებას რაიმე წიგნით, პოემით ან ოპერით, იგი მეტყოდა: „მაშ თქვენ ძალას ხედავთ ყოველივე მაგაში, არა? რა გესმით თქვენ ძალისა!“ და იწყებდა დასაბუთებას.
ერთ მშვენიერ დღეს მან დაიწყო შესწავლა ქიმიისა, და მას შემდეგ ჩემსა და მის ტუჩებს შორის მუდამ რაღაც სინჯარა იყო გამოჩხერილი. ამასთან საკმაოდ უკარება ვინმე გახლდათ. როდესაც სიყვარულით ანთებული, შევეხებოდი ხოლმე ოდნავ გაუფრთხილებლად, იგი კრუნჩხვებით მპასუხობდა, როგორც მიმოზა“...
“- რით დამთავრდა ეგ ყოველივე? - იკითხა ერთ-ერთმა სამთაგან. - არ მეგონა, თუ ასეთი მომთმენი იყავით!“
- უფალმა მიხსნა განსაცდელისაგან, - მიუგო პირველმა. - ერთ მშვენიერ დღეს ეს მინერვა, იდეალურ ძალაზე მეოცნებე, დავიჭირე ჩემს მსახურთან ისეთ პოზამი, რომ სხვა გზა არ დამრჩენოდა, უჩუმრად უნდა გავცლოდი იქაურობას, რათა არ გამეწითლებინა ორივე. საღამოს ორივე დავითხოვე, თან გადავუხადე, რაც ერგებოდათ ჩემგან.
- ჩემი ამბავი კი ასეთია, - თქვა მან, რომელმაც ამასწინ შეკითხვა დაუსვა თანამოსაუბრეს, - მე მხოლოდ საკუთარი თავისადმი მეთქმის საყვედური. ბედმა გამიღიმა, მაგრამ დროზე ვერ შევიცან ბედი. არც ისე დიდი ხნის წინათ ხელში ჩამივარდა ქალი, რომელიც უდავოდ უნაზესი, უმორჩილესი და უერთგულესი არსება იყო, მუდამ მზადყოფნით აღსაგსე თან ყოველგვარი გატაცების გარეშე! „კი ბატონო! რა თქმა უნდა! ოღონდ ისურვეთ! - ასეთი იყო, ჩვეულებრივ, მისი პასუხები. ურტყით ჯოხები ამ კედელს ან ტახტს და თქვენ გაცილებით უფრო მეტ გმინვა-ოხვრას გაიგონებთ მათგან, ვიდრე ჩემი საყვარლის მკერდს აღმოხდებოდა, ვნების თვით უკიდურესად მძვინვარე შეტევების დროსაც კი. თითქმის ერთი წლის თანაცხოვრების შემდეგ იგი გამომიტყდა, რომ ვერც ერთხელ ვერ იგრძნო ჩემთან სიამოვნება.
მე მომბეზრდა ჩვენი უთანასწორო დუელი და ეს შეუდარებელი ასული ბოლოს გათხოვდა. შემდგომში მე მომეპრიანა მისი ნახვა, მან მაჩვენა ექვსიოდე მშვენიერი ბავშვი და მითხრა: „ასე ჩემო ძვირფასო, თქვენი ყოფილი საყვარელი მეუღლეობაშიც ქალწულად დარჩა“. მასში არ შეცვლილიყო არაფერი. ზოგჯერ გული მწყდება, რატომ არ შევირთე ცოლად!“,
ყველამ: გაიცინა და ახლა დადგა მესამის ჯერი.
მანაც დაიწყო:
„ბატონებო, მე გამოვცადე სიამენი, რომელთაც თქვენ, შესაძლოა არც კადრულობდით. მე ვილაპარაკებ კომიკურ მომენტზე სიყვარულში, - კომიზმის იმ სახეობაზე, რომელიც, ამავე დროს, არ გამორიცხავს აღტყინებას. მე გაცილებით უფრო აღტაცებული ვიყავი ჩემი უკანასკნელი საყვარლით, ვიდრე თქვენ გყვარებიათ ან გძულებიათ თქვენები. ამასთან, ყველა ჩემგვარად იყო აღტაცებული ამ ქალით. როდესაც ჩვენ რესტორანში შევდიოდით, რამდენიმე წუთში ყველას ავიწყდებოდა ჭამა და მას უთვალთვალებდნენ. თვით ლაქიები და მოლარეებიც კი ივიწყებდნენ თავიანთ მოვალეობას და ეძლეოდნენ ამ გადამდებ აღტაცებას.
ერთი სიტყვით, რამდენიმე ხანს ნამდვილი მოვლენის გვერდით მომიწია ცხოვრებამ. იგი დაუსრულებლად ჭამდა: ღეჭავდა, ცოხნიდა, ყლაპავდა, ნთქავდა - თან ყოველივე ამას სჩადიოდა საოცრად პაეროვანი და უზრუნველი იერით. იგი დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემსას. რაღაც სათუთი მეოცნებე, ინგლისური თუ რომანტიული მანერით იტყოდა ხოლმე: „მშია!“ ამ სიტყვებს იმეორებდა გამუდმებით, დღისით თუ ღამით, თანაც აჩენდა მსოფლიოში უბრწყინვალეს კბილებს, გულისმომწყვლელს და შესაქცევს ერთდროულად. ალბათ გავმდიდრდებოდი, ბაზრობაზე რომ გამომეყვანა იგი და მეჩვენებინა ხალხისათვის, როგორც მონსტრი პოლიფაგი ანუ ყოვლისჩამნთქმელი მონსტრი. მე მას კარგად ვკვებავდი, მაგრამ მაინც მიმატოვა...
- პროვიანტის მომმარაგებელთან ხომ არ გაგექცათ?
- დიახ, რაღაც ამდაგვართან. - ეს იყო რომელიღაც საინტენდანტო მოხელე, რომელსაც ჰქონდა რაღაც უცოდველი შემოსავალი და შეეძლო უზრუნველყოფა ამ საცოდავისა რამდენიმე ჯარისკაცისთვის სამყოფი პორციით. ასეთია ჩემი ვარაუდი, ყოველ შემთხვევაში.
- მე კი, - თქვა მეოთხემ, - საშინელი ტანჯვა გადამხდა სწორედ იმის გამო, რაც დიამეტრულად უპირისპირდება ჩვეულებრივ ქალურ ეგოიზმს. მე ვთვლი, რომ თქვენ ამაოდ უჩივით თქვენი საყვარლების არასრულყოფილებას, თქვენ, ბედნიერნო მოკვდავნო!
ეს ფრიად სერიოზული ტონით წარმოითქვა. ამის მთქმელი მშვიდი და დარბაისლური იერის მქონე კაცი იყო, ფიზიონომიის მიხედვით შეიძლებოდა სასულიერო პირად ჩაგეთვალათ იგი; მაგრამ ამ ფიზიონომიას რაღაც უცნაურად ანათებდნენ გამჭვირვალე, მონაცრისფრო თვალები, რომელნიც თითქმის ამბობდნენ: „მე ასე მსურს!“ ან: „ასეა საჭირო!“ ანდა: „მე არ გაპატიებთ!“
„თქვენ, ბატონო გ... თქვენი ნევროზულობით, ან თქვენ ორივენი, ბატონებო, კ... და ჟ... თქვენი სულმოკლეობით და ფუქსავატობით რომ ყოფილიყავით დაკავშირებულნი ისეთ ქალთან, რომელთანაც მე მქონდა საქმე, უთუოდ გადაიხვეწებოდით სადმე ან დაიხოცებოდით. მე კი, როგორც ხედავთ გავუძელი. წარმოიდგინეთ პიროვნება, რომელიც არასოდეს სცდება, არც გრძნობაში, არც ანგარიშში, წარმოიდგინეთ ეს აუტანელი გარკვეულობა და სიმშვიდე ხასიათისა, ეს ერთგულება ყოველგვარი სიყალბისა და პათოსის გარეშე, უდრტვინელობა სისუსტის გარეშე, ენერგია უხეშობის გარეშე.
ჩემი სიყვარულის ისტორია ჰგავს დაუსრულებელ მგზავრობას რაღაც წმინდა, სარკისებრ გაპრიალებულ ზედაპირზე, თავბრუდამხვევად ერთფეროვანზე, საიდანაც ირეკლება ყველა ჩემი გრძნობა თუ ქცევა ჩემივე სინდისის ულმობელი მგრძნობელობით, - ასე გასინჯეთ, მე ვერ მიმეცა ჩემი თავისთვის უფლება რაიმე გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმისა, ან გრძნობასს აყოლისა, კგინაიდან თანმდევდა მუნჯი საყვედური ამ მარადის ჩემგან განუყრელი აჩრდილისა. სიყვარული რაღაც მეურვეობად იქცა ჩემთვის. რამდენი სისულელის ჩადენისაგან მიხსნა მან და რაოდენ ვნაღვლობ, რომ არ ჩავიდინე ისინი! რამდენიმე ვალი გადამახდევინა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ! მან წამართვა ყველა ის სიამე, რისი მონიჭებაც შეეძლო ჩემთვის ჩემსავე დაუფიქრებლობას. მისი ცივი, ულმობელი კანონები გზას უღობავდნენ ჩემს ყველა კაპრიზს. თანაც ყველაფრის დაგვირგვინება ის იყო, რომ როდესაც გადაივლიდა საფრთხე, იგი ჩემგან მადლობასაც არ მოითხოვდა.
რამდენჯერ ლამის ვეცი ყელში და შევძახე: „კმარა ეგ სრულყოფილება, შე უბედურო, მე მინდა მიყვარდე ამ გაღიზიანების და ამ ტვირთის გარეშე!“ რამდენიმე წელს ვინახავდი გულში მისდამი სიძულვილს და მაინც დაჩოქილი ვიყავი მის წინაშე, და ბოლოს მისი წერა აღმოჩნდა სიკვდილი და არა ჩემი...“
„როგორ! - წამოიძახეს დანარჩენებმა. - მაშ, გარდაიცვალა?“
- დიახ. შეუძლებელი იყო ასე გაგრძელება. სიყვარული სულისშემხუთველ კოშმარად იქცა ჩემთვის. გამარჯვება ან სიკვდილი, ეს ხომ დევიზია პოლიტიკური ბრძოლისა, - ასეთივე იყო ალტერნატივა, რომელიც ბედმა დააყენა ჩემს წინაშე. ერთ საღამოს, ტყეში... წყლით სავსე თხრილის პირას... მელანქოლიური გასეირნების შემდეგ, როდესაც მის თვალებში ირეკლებოდა ცის სიწმინდე, ხოლო ჩემს გულში დუღდა ჯოჯოხეთი...
- რაო?
- როგორ?
- რისი თქმა გსურთ თქვენ?
- ეს გარდუვალი იყო. მე ძალზე სამართლიანი კაცი ვარ და ვერ გავლახავ და ვერც გავაგდებ მსახურსაც კი, რომელსაც ბრალი არ მიუძღვის. მაგრამ ეს გრძნობა ხომ უნდა შემეთავსებინა იმ შემზარავ სიძულვილთან, რომელიც მქონდა მის მიმართ; ხომ უნდა გავთავისუფლებულიყავი ამ არსებისაგან და, თანაც, არ შემებღალა ჩემი მისდამი პატივისცემა. რას დავაკლებდი მას, თქვენი ახრით, თუ იგი ესოდენ „სრულყოფილი იყო?“
დანარჩენმა სამმა მოსაუბრემ მას გაურკვეველი, ოდნავ დაბნეული მზერა შეავლო, რომელიც თითქოს ამბობდა: ჩვენ არ ძალგვიძსო ესოდენ სასტიკი, თუმც საკმაოდ გამართლებული საქციელის ჩადენა.
შემდეგ მოატანინეს კიდევ რამდენიმე ბოთლი ღვინო, რათა როგორმე მოეკლათ ეს სიცოცხლისუნარიანი დრო და შეემოკლებინათ დამდორებული მდინარება ამ წუთისოფლისა.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია