მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 209 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გარეუბნის ბოლოში ვიყავი, გაზის მოცახცახე ნათელში მივიკვლევდი გზას, როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ხელკავი გამომდო და მიჩურჩულა ყურში:

„თქვენ ექიმი ხართ, მუსიო, ხომ?“

მოვიხედე: ეს იყო მაღალი, ჩასუქებული ქალი, ფერუმარულიანი, თმაგაშლილი და ფართოთვალება. ქარი უწეწავდა თმას და ქუდის ბაფთებს.

- არა, არ გახლავართ ექიმი. ხელი მიშვით, თუ შეიძლება.

- რას ბრძანებთ! თქვენ ექიმი ხართ, დანამდვილებით. განა ვერ ვხედავ! წამობრძანდით ჩემსას. თქვენ ძალზე კმაყოფილი დარჩებით, გარწმუნებთ!

- კარგი, უსათუოდ შემოვიელი, ოღონდ ექიმის შემდეგ, ჯანდაბას!

- აჰ! ახლა მივხვდი, - გადაიხარხარა მან, თან ხელს არ მიშვებდა, - თქვენ ხუმარა ექიმი ბრძანდებით! ასეთებიც შემხვედრიან. წამობრძანდით!

მე ძალზე მიყვარს იდუმალება, ვინაიდან არ ვკარგავ ხოლმე იმედს მისი შეცნობისას. ამიტომაც გავყევი ჩემს თანამგზავრს, უფრო სწორად - უეცრად მოვლენილ გამოცანას.

მე აღარ აგიწერთ მის ხუხულას, - მას შეხვდებით ბევრ კარგად ცნობილ ძველ პოეტთან. ერთი დეტალი ოღონდ, რომელიც გამორჩა რენიეს: ორი-სამი პორტრეტი ცნობილი ექიმებისა ეკიდა კედელზე.

რა პატივში აღმოვჩნდი! გაღვივებული ბუხარი, შემთბარი ღვინო, სიგარები; ეს უცნაური ქალი თავადაც სიგარას ეწეოდა და თან მეუბნებოდა: „იყავით, როგორც შინ, ჩემო ძვირფასო; მოეწყვეთ, როგორც გენებოთ; ეს გაგახსენებთ კლინიკას და თქვენი ახალგაზრდობის კეთილ ჟამს - ესეც ასე, როგორ მოახერხეთ გაჭაღარავება? თქვენ ხომ არ ბრძანდებოდით ასეთი, როდესაც ინტერნად იყავით ექიმ ლ...-სთან, მე მახსოვს თქვენ მისი ასისტენტი იყავით მძიმე ოპერაციებისას, - აი კაცი, რომელსაც უყვარს ჭრა და ჩეხვა! თქვენ ინსტრუმენტებს აწოდებდით მას, ძაფებს და ბამბებს... - ხოლო ოპერაციის დასასრულს, იგი დახედავდა საათს და ამაყად იტყოდა ხოლმე: „ზუსტად ხუთ წუთში, ბატონებო, - მე ხომ ყველგან დავდივარ, მშეენივრად ვიცნობ ამ ბატონებს“.

რამდენიმე წუთის შემდეგ იგი უკვე შენობით ლაპარაკზე გადმოვიდა და კვლავ განაგრძო თავისი სიმღერა: „ექიმი ხარ, არა, ჩემო ფისუნიავ?“

ამ გაუგებარმა რეფრენმა უცებ წამომახტუნა.

- არა-მეთქი, - დავიღრიალე.

- ქირურგი, ხომ?

- არა, არა-მეთქი! შენ რომ თავი წაგაჭრა, გავხდები, კი! ეშმაკმა წაგიღოს!

- მომხედე, - მითხრა მან და გამოიღო კარადიდან მთელი დასტა ლითოგრაფიებისა, ეს აღმოჩნდა კოლექცია იმ დროს ცნობილი ექიმებისა, მორენის ნამუშევრები, რომელნიც რამდენიმე წლის განმავლობაში გამოფენილი ჰქონდათ quai Voltaire-ის ბუკინისტებს.

- აჰა, სცნობ ამას?

- ჰო, ეგ ხომ X-ია, სხვათა შორის, სახელი ზედ აქვს მიწერილი, მაგრამ მე პირადადაც ვიცნობ მას.

- გასაგებია, X.. ეს კი Z-ია, რომელიც ხშირად ამბობდა ხოლმე X-ის შესახებ ლექციებზე: „ეს არის ურჩხული, რომლის მთელი ზნედაცემელობა აღბეჭდილია მის სახეზე“, - იმის გამო, რომ ვერ შეთანხმდნენ რაღაც საკითხში... რამდენს იცინოდნენ ამაზე ჩვენი მედიკოსები იმხანად. გახსოვს?

- აი ეს არის, რომელიც ასმენდა მთავრობასთან მეამბოხეებს, მის კლინიკაში რომ იწვნენ. ეს ამბოხის დროს იყო. საკვირველია, ასეთი ლამაზი მამაკაცი და ასეთი უგულო?.. ეს კი გახლავს ცნობილი ინგლისელი ექიმი; მე დავიჭირე იგი პარიზში ჩამოსვლისას. შესახედად კი ნამდვილი ქალიშვილია! არა?

- მაცალე, - თქვა მან, რა დაინახა, რომ მე ხელი შევავლე ზონრით შეკრულ პაკეტს იქვე, მაგიდაზე. - ეს ინტერნი ექიმები იყვნენ, ამ პაკეტში კი - ექსტერნებია.

მან მარაოსავით გააწყო უამრავი ფოტოსურათი, გაცილებით უფრო ახალგახრდა სახეებისა.

„როდესაც კიდევ გნახავ, ხომ მომცემ შენს ფოტოსურათს, ჩემო ოქროვ?“

- კი მაგრამ, - მივუგე მე, მასავით ერთი და იგივე აზრით შეპყრობილმა, - მაინც რატომ გგონივარ ექიმი?

- იმიტომ, რომ შენ ასეთი საყვარელი ხარ და ასეთი კეთილი ქალებისადმი!

„უცნაური ლოგიკაა!“ - გავიფიქრე მე...

- არა, ვერ გამაცურებ; მე ხომ ამდენი ექიმი მინახავს, იმდენად მიყვარს ისინი, რომ ხშირად დავდივარ ხოლმე მათ სანახავად, თუმცა ავად არა ვარ. არიან ისეთებიც, რომელნიც ცივად მეტყვიან ხოლმე: „თქვენ არა ხართ ავად!“ სხვებს კი ესმით ჩემი - მე ხომ ვეკეკლუცები მათ და თვალებს ვუნაბავ!

- და თუ ვერ მიგიხვდნენ?

- იმ შემთხვევაში, თუ ამაოდ მომიხდა მათი შეწუხება, ვტოვებ ბუხარზე ათ ფრანკს - ეს ადამიანები ისეთი კარგები და ალერსიანები არიან! ლა პიტიეში ერთი ახალგახრდა ინტერნი გამოვჩხრიკე, ანგელოსის სახიანი, თან ისეთი ყურადღებიანი! რამდენს შრომობს საბრალო! მისი მეგობრები მეუბნებოდნენ, გროში არ გააჩნიაო, მშობლები ღარიბებია და ვერაფერს უგზავნიან თურმე. ამან გამათამამა. სიმართლე უნდა ითქვას, მე ხომ საკმაოდ ლამაზი ვარ, თუმც არც ისე ახალგაზრდა. მეც ჩავჩურჩულე მას: „შემოიარე ჩემსას ხშირად! ნუ შეგრცხვება: მე არ გთხოვ ფულს“. მაგრამ, ალბათ გესმის, რომ ეს პირდაპირ კი არ მიმიხლია მისთვის, არამედ ქარაგმულად შევაპარე! იმდენად მეშინოდა ამ საბრალო ბიჭის შეურაცხყოფისა, დამიჯერებ, ერთი უცნაური სურვილი მაქვს, ოღონდ ვერ გამიმხელია მისთვის! - მინდა, იგი ერთხელ მოვიდეს ჩემთან თავისი ინსტრუმენტებითა და წინსაფრით, ოდნავ სისხლითაც რომ იყოს შესვრილი!“

ეს სავსებით უცოდველი იერით თქვა, ისე როგორც მგრძნობიარე კაცი ეტყოდა მსახიობ ქალს: „მინდა გნახოთ იმ კაბით, თქვენი ცნობილი როლის შესრულებისას რომ გეცვათ!“

მე დავუბრუნდი ჩემთვის საინტერესო საკითხს და ვკითხე: „არ შეგიძლია გაიხსენო, როდის და რა ვითარებაში დაგებადა პირველად ეგ მიდრეკილება?“

უცებ ვერ გავაგებინე, მაგრამ ბოლოს, როცა მიმიხვდა, მომიგო სევდიანად და რამდენადაც მახსოვს, თავდახრით: „არ ვიცი.. არ მახსოვს, მართალი გითხრა."

რა და რა უცნაურობას არ წააწყდები კაცი დიდ ქალაქში ხეტიალისას და გარემოზე დაკვირვებისას! შენს გარშემო ცხოვრება სავსეა ამ უწყინარი ურჩხულებით. - უფალო, ღმერთო ჩემო! შემოქმედო, ყოვლისმპყრობელო! მსაჯულო, ყოელისმიმტევებელო! შენ შექმენ კანონი და თავისუფლება, წყაროვ ყოველთა მიზეზთა; შენ, რომელმან შთამინერგე სულში მიდრეკილება საშინელისაკენ, ეგებ იმიტომ, რომ მოაქციო გული ჩემი, ისევე როგორც დანა არჩენს ტკივილს ადამიანისას. ჰოი, უფალო, შეიწყალე შეშლილნი! უფალო დამბადებელო! ხომ არსებობენ ურჩხულები. მის წინაშე, ვინც ერთადერთმა უწყის მათი არსებობის მიზანი, უწყის, რად არიან ისინი ამგვარად შექმნილნი და არა სხგაგვარად?

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ