ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყოველი ავადმყოფი საწოლის გამოცვლის ჟინითაა შეპყრობილი. ერთს ურჩევნია, ღუმელის გვერდით იტანჯოს, მეორე ფიქრობს, რომ ფანჯარასთან გამოჯანსაღდება.
მუდამ მეჩვენება, რომ უთუოდ კარგად ვიგრძნობ თავს იქ, სადაც ამჟამად არ ვიმყოფები და ამ პრობლემაზე, ადგილის გამოცვლის პრობლემაზე, გამუდმებით ვესაუბრები ხოლმე ჩემს სულს.
„მითხარი, სულო ჩემო, საბრალო, გათოშილო სულო ჩემო, რას იტყვი, დავსახლდეთ თუ არა ლისაბოსში? იქ, ალბათ, ცხელა და შეს გამოცოცხდები, როგორც ხვლიკი მზის შუქზე. ეს ქალაქი ზღვის პირასაა, ამბობენ, იგი მთლიანად მარმარილოსგანააო ნაგები, ხოლო იქაურ მკვიდრთ იმდენად სძულთ თურმე მცენარეულობა, რომ ხეებს ანადგურებენ. აი, შენი გემოვნების შესაფერი ხედი “პეიზაჟი სინათლისა, ქვასა და წყალში არეკლილი სინათლისა“.
სული ხმას არ იღებს.
„შენ ხომ ესოდენ გიყვარს სიმშვიდე, მოძრავ სანახაობასთან შერწყმული, ხომ არ გსურს დავსახლდეთ ჰოლანდიაში, ამ კურთხეულ მხარეში? იქნებ გვეპოვა რაიმე ხალისი ამ ქვეყანაში, რომლის ლანდშაფტებითაც ესოდენ ხშირად დავმტკბარვართ ხოლმე მუზეუმებში? რას იტყვი როტერდამზე? შენ ხომ ძლიერ მოგწონს ეს ანძების ტყეები და ზედ სახლებზე მომდგარი ღუზაჩაშვებული გემები?“
სული ჩემი მდუმარებს.
„იქნებ ბატავია გიღიმოდეს ყველაზე მეტად? მანდ ვპოვებდით სულს განათლებული ევროპისას, ტროპიკების სილამაზესთან შერწყმულს“.
ხმა-კრინტი. - ხომ არ მომკვდარა, ნეტავ ჩემი სული?
„ნუთუ იმდენად ხარ გაოგნებული, რომ აღარაფერი გხიბლავს, გარდა საკუთარი ტანჯვისა? თუ აგრეა, გავიქცეთ იმ ქვეყანაში, სადაც ყოველივე სიკვდილის დაღს ატარებს. მაშ გადაწყდა, საბრალო სულო! ტორნეოში მივემგზავრებით. ან არადა, ბალტიის ზღვის უშორესი ნაპირებისაკენ; ან კიდევ უფრო განვშორდეთ ცხოერებას, იქნებ პოლუსზე დავსახლდეთ, იქ, სადაც გაზაფხულის მზის სხივები მსუბუქად ელამუნებიან დედამიწას, ხოლო დღე-ღამის მდორე მონაცვლეობა კლავს ყოველგვარ მრავალფეროვნებას და ჰქმნის მონოტონურობას, რომელიც სანახევროდ არყოფნაა თავისთავად. იქ მყოვარჟამ შთავინთქმით ხოლმე ბნელეთის წიაღში, ხოლო ჩრდილოეთის ნათება გაგვახალისებს ვარდისფერ სხივთა კონების ფრქვევით, ჯოჯოხეთის გულში დანთებული ფოიერვერკის ელვა-კრთომის დარი“.
ბოლოს და ბოლოს ჩემმა სულმა სძლია საკუთარ გაოგნებას და სავსებით გონიერად მიპასუხა: საითაც გსურს! საითაც გნებავს! ოღონდ განვშორდეთ ამ სამყაროს“.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია