მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 198 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვუძღვნი ჯოზეფ ა. სტივენსს

 

მე არასოდეს მრცხვენოდა, თვით ჩემი საუკუნის ახალგაზრდა მწერალთა წინაშეც კი იმ აღტაცებისა, რომელსაც იწვევს ჩემში ბიუფონი (ფრანგი ნატურალისტი და ფილოსოფოსი), თუმც დღეს როდი მივმართავ სულს ამ მეცნიერისას, რომელიც გვისურათხატებს ბუნებას მთელი თავისი დიდებულებით.

მე უფრო მეტი ხალისით სტერნს (ინგლისელი მწერალი) მივმართავდი და ვეტყოდი ასე: „გარდმოხდი ციდან, ან აღსდეგ ელისეს მინდვრებიდან და შთამაგონე ქება ამ საბრალო, კეთილი ძაღლებისა, - ქება შენი ღირსი, სანტიმენტალურო ხუმარავ, უბადლო ხუმარავ! დაგვიბრუნდი იმ უკვდავ ვირზე შემჯდარი, რომელიც მუდამ თან გახლავს შთამომავლობის ხსოვნაში; თანაც მთავარია, რომ ვირი წარმოგვიდგეს იმ დაუვიწყარი ორცხობილათი, რომელიც პატრონმა სიყვარულით მიამაგრა მის აღვირს“.

ჯანდაბას აკადემიური მუზა! რა მესაქმება ამ ბებერ უკარებასთან! მე ვუხმობ უფრო მახლობელ მუზას, ქალაქის ქალს, სიცოცხლით სავსეს, - დე, შემეწიოს იგი ამ კარგი ძაღლების ქებაში, საბრალო, ჭუჭყიანი ძაღლების ქებაში, რომლებსაც ყველა აძევებს და მიერეკება, თითქოს ჭირიანები ან მუნიანები იყვნენ, - მათი ამხანაგის, ღატაკის გარდა, და პოეტის გარდა, რომელიც მათ თანამოძმის თვალით უყურებს.

მიმიფურთხებია კოკობზიკა ძაღლებისათვის, ამ ოთხფეხა პოზიორებისათვის, - ამ კინგჩარლზებისათვის, დანიური გოშიებისათვის, პუდელებისათვის, რომელნიც იმდენად არიან მოხიბლულნი საკუთარი თავით, რომ უცერემონიოდ ებლანდებიან ფეხებში მომსვლელს, ან მუხლებზე ახტებიან მას, საკუთარი თავით ზედმეტად მოხიბლულნი, ბავშვებივით ონავარნი, ლორეტებივით სულელნი, თანაც ღვარძლიანნი და თავხედნი, ხელშინაურთა მსგავსად.

მიმიფურთხებია მწევარ-ლევრეტებისთვის, ამ ოთხფეხა გველებისათვის, ნიადაგ რომ თრთიან ამპარტავანი იერით. მათ წაგრძელებულ ცხვირებს იმდენი ყნოსვაც არა აქვთ, რომ მოძებნონ მეგობრის ნაკვალევი, ხოლო ჩაჭყლეტილ თავებში იმდენი ჭკუაც არ აბადიათ, რომ დომინო მაინც ითამაშონ.

აბა, ადგილზე, აუტანელო უქნარებო!

ისხედით ჭკვიანად თქვენს რბილ, კომფორტაბელურ ხულებში. მე კი ვუმღერ ჭუჭყიან, საბრალო ძაღლს, უსახლკაროს, მაწანწალას, ან აკრობატს - ძაღლს, რომლის ინსტიქტიც, ღატაკის, ბოშის ან ჯამბაზის ინსტინქტის მსგავსად, გაფაქიზებულია გაჭირვებით, ამ კეთილი დედით, ყოველგვარი დახვეწილობისა და გონიერების ჭეშმარიტი მფარველით.

მე ვუმღერი მაწანწალა ძაღლებს, - მათ, რომელნიც მარტოდმარტო დაეხეტებიან ჩვენი უშველებელი ქალაქის დაღვლარჭნილ შუკებში და მოსახვევებში, აგრეთვე მათ, რომელნიც აეკიდებიან, უსახლკარო კაცს და ეუბნებიან თავიანთი ჭკვიანი პარპალა თვალებით: „წამიყვანე შინ - იქნებ შევაერთოთ ჩვენი ორი დუხჭირი ცხოვრება და მცირეოდენი შვება მაინც ვპოვოთ!“

„საით მიეჩქარებათ ძაღლებს?" - გვეკითხებოდა ერთ დროს ნესტორ როკეპლანი თავის უკვდავ ფელეტონში, რომელიც თავად მას, როგორც ჩანს, უკვე დაავიწყდა, და რომელიც მხოლოდ მე მახსოვს დღემდე და ალბათ კიდევ სენტბევს.

საით მიეჩქარებათ ძაღლებს? თქვენც მეკითხებით, დაუკვირვებელო ადამიანებო? მათ მიეჩქარებათ საქმეებზე.

მათ აქვთ თავიანთი საქმიანი შეხვედრეზი, პაემანები. ნისლში, თოვლჭყაპში, წვიმასა თუ ხვატში, ისინი სადღაც მიიჩქარიან, მირბიან, მიფართხუნობენ, ქვეშ უძვრებიან ეკიპაჟებს, რწყილებისაგან გაღიზიანებულნი, მათი სტიმულია ვნება, მოთხოვნილება, ან მოვალეობის შეგნება. ისინიც ჩვენსავით დილაადრიან უკვე ფეხზე არიან და მიიჩქარიან სარჩოს საძებრად, თავის ნებაზე დარბიან.

ზოგი მათგანი ღამეულ თავშესაფარს ჰპოულობს სადმე, ნანგრევებში, ხოლო შემდეგ ყოველდღიურად, გარკვეულ დროს მოდის და მოწყალებას ითხოვს პალე-როიალის ერთ-ერთი სამზარეულოს წინ; სხვები ჯგუფ-ჯგუფად გაირბენენ ხუთ ლიეს, რათა გაიზიარონ ურთიერთშორის ტრაპეზი, რომელიც მოუმზადა მათ რომელიმე სამოცი წლის შინაბერამ, რომლის მოცალე გული ცხოველებს ეკუთვნის, ვინაიდან სულელმა მამაკაცებმა უარყვეს იგი.

არიან ისეთნიც, რომელნიც, ლტოლვილი ზანგებივით ვნებისაგან შეშლილნი, გამორბიან თავიანთი სოფლებიდან და მოაწყდებიან ქალაქს, რათა რამდენიმე საათს იხტუნონ და ითამაშონ კეკლუცი ძუკნას გარშემო, რომელიც, მართალია, ოდნავ დაუდევარია თავისი ტუალეტით, მაგრამ მაინც ამპარტავანია და მადლიერი.

მაინც რა ზუსტნი არიან ისინი - ყოველგვარი ჩანაწერების, უბის წიგნაკების და დავთრების გარეშე!

იცნობთ თუ არა თქვენ ზანტ ბელგიურ ძაღლს, და დამტკბარხართ თუ არა ჩემგვარად ამ მძლავრი ნაგაზებით, ყასბის, მერძევის ან მეფუნთუშის ურეკაში რომ არიან შებმულნი; განა ისინი თავიანთი ძლევამოსილი ყეფით იმის დასტურს არ გამოხატავენ, რომ შეუძლიათ მეტოქეობა გაუწიონ ცხენებს?

ახლა ამ ორ არსებას დამიხედეთ, კიდევ უფრო ცივილიზებულ სამყაროს წარმომადგენლებს! ნება მიბოძეთ შეგახედოთ ჯამბაზის ოთახში მისი არყოფნის დროს. შეღებილი ხის საწოლი, უფარდებო იატაკზე გადმოვარდნილი საბანი, ბაღლინჯოებით გასვრილი, ჩალის გადაკრული ორი სკამი, თუჯის ღუმელი და ორი-სამი გატეხილი მუსიკალური ინსტრუმენტი. სევდის მომგვრელი გარემო! მაგრამ შეხედეთ ერთი ამ ორ ჭკვიან არსებას, გაცვეთილი, მაგრამ მაინც მდიდრული მოკაზმულობით, რომელნიც მოგვთათვის დამახასიათებელი კონცენტრაციით უცქერიან ამ უსახელო ბალზამს, ნელ-ნელა რომ დუღს ღუმელზე, ხოლო ქვაბიდან გამოჩრილა გრძელტარიანი კოვზი, თითქოს ბაირაღიაო, შენობის დამთავრების მაუწყებელი.

მაგრამ განა სამართლიანობა არ იქნება, რომ ამგვარმა გულმოდგინე კომედიანტებმა წასვლამდე აივსონ კუჭი ესოდენ ნოყიერი სუპით და ნუთუ არ აპატიებთ ამ მცირე მგრძნობელობის გამოვლინებას ამ საბრალო არსებებს, რომელნიც იძულებულნი არიან დილიდან საღამომდე გაუძლონ მაყურებელთა გულგრილობას და დასის ხელმძღვანელის უსამართლობას, რომელიც ითვისებს ლომის წილს და ოთხი კაცის სამყოფ ულუფას მიირთმევს?

რამდენჯერ ვუჭვრეტდი თანაგრძნობით ამ ოთხფეხა ფილოსოფოსებს, ადამიანის მონა-მორჩილთ, რომელთაც რესპუბლიკური სიტყვარი თავისუფლად მიაკუთვნებდა სახელმწიფო თანამდებობის პირთა რომელიმე კატეგორიას, რესპუბლიკა მხოლოდ ადამიანთა კეთილდღეობაზე რომ არ ზრუნავდეს და ჰპოვებდეს დროს, რათა მიუზღოს დამსახურებისამებრ ძაღლებსაც.

ხშირად მიფიქრია რომ ამგვარი მამაცობის, მოთმინების და შრომის მუქაფა იქნებ მიეზღოთ-მეთქი მათ ძაღლებისათვის განკუთვნილ სამოთხეში (რა ვიცი, იქნებ არსებობს ასეთიც!), სადაც მოხვდებიან ეს საბრალო, კეთილი, დასვრილი და გაწამებული ძაღლები. ხომ გვარწმუნებს სვედენბორგი, თითქოს არსებობს ცალკე სამოთხე თურქებისათვის და ცალკე - ჰოლანდიელებისათვის!

ვერგილიუსის და თეოკრიტეს მწყემსები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სიმღერის ხელოვნებაში და მოელოდნენ ჯილდოდ ერთ თავ ყველს, კარგად ნახელოვნებ სალამურს ან ჯიქანდაბერილ თხას. პოეტმა კი, რომელმაც უმღერა საბრალო ძაღლებს, საჩუქრად მიიღო მშვენიერი, მდიდრული, მაგრამ გახუნებული ჟილეტი, რომლის შემხედვარეს გახსენდება შემოდგომის დაღლილი მზე, მიმჭკნარ ქალთა სილამაზე და მიმავალი ზაფხულის უკანასკნელი ნათელი დღეები სენ-მარტენში.

ვინც იმ დღეს დაესწრო ამ სცენას ვილა-ჰერმოზას ქუჩის ტავერნაში, არ დაივიწყებს, თუ რა ხალისით გაიძრო ეს ჟილეტი მხატვარმა და გადასცა პოეტს: იმდენად ცოცხლად შეიგრძნო მან, თუ რა კეთილშობილება იყო ამ საბრალო ძაღლებისთვის ხოტბის შესხმა.

ძველი დროის იტალიელი ტირანიც ასევე მიართმევდა ხოლმე ღვთაებრივ არეტინოს (იტალიელი პოეტი), ხან ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ხანჯალს, ხანაც საკარისკაცო მანტიას, დახვეწილი სონეტისთვის ან საოცარი სატირული პოემისათვის.

და ყოველთვის, როდესაც პოეტი იცვამს ამ ჟილეტს, იგი უნებლიედ ფიქრობს ამ კეთილ ძაღლებზე, ამ ფილოსოფოს ძაღლებზე, მიწურული ზაფხულის უკანასკნელ ნათელ დღეებზე სენ-მარტენში და მიმჭკნარ ქალთა სილამაზეზე.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ