მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 600 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საქმე საქმეზე რომ მიდგა - ვენახები ჩაიკრიფა, ხილი დაბინავდა, ტკბილმაც დაიდუღა და მაჭარმა ქვევრიდან დაწმენდილი თვალებით ამოიხედა, ამოიფშვინა, მოჰფინა მარანს ღვინის სურნელი, როცა შუამავლებმა, პარტორგმა კაკომ და მოანგარიშე მერაბამ აღმა-დაღმა სიარულში დაქნეს გზა და, ყოყმანის შემდეგ, დიდყურაანმა ნიშანი დაიტოვეს, საპატარძლო პეპელამ კი ყვავილიან, სრიალა კრეპდეშინის ხალათში გამონაკვთა მომლოდინე, დასაწურად მოწეული გაფუებული სხეული, მოირგო ლალისფერი ბეჭედი, მაჯაზე გადაირკალა ოქროს წყალში გავლებული საათი, როცა ბუღასავით აღერღილმა, დამორცხვებულმა სასიძომაც გადმოაბოტა ზღრუბლზე, მოშინაურდა, სისხლი კიდევ უფრო აიჩქროლა ურწყავის "ჩინურით", სწორედ მაშინ გაჯიქდა, გაკერპდა შაქრო, გადაუბრუნდა შუაკაცებს, არა და არაო, ნაჩაფრალის შვილიშვილს გოგოს ვერ გავატან, ვერ ვიზამ, ვერა, მამაჩემიც რომ წამოდგეს და დამიჩოქოსო, ჩვენაო, ძმაო, დიდყურაანი ვართ და მაგათი ჯილაგის ხალხს ნათესავებად ვერ მოვეკიდებითო.

ჭყიტა თვალები შინაურმა თუ გარეულმა – გიჟია? არც გიჟია! ჭკვიანია? არც ჭკვიანიაო!

კოჭლობის მიზეზით გაუთხოვრად დარჩენილმა მამიდამ, შავმა მარომ, ძმას ქოქოლა მიაყარა, - შენ თუ რამეს გახდები, თორე ეს ისეთი გაქირაა, ჩვენ უძლურები ვართო, მიუგდო ღრმად ჩაფიქრებულ პარტორგს და გაწიწმატებული განზე გადგა.

პარტორგმა - კაცო, ეგეთი მოუღუნავი რა ხარ, ეხლა გაიგე, პაპა პრისტავი თუ ჩაფარი რო ჰყავდა? ანდა რაღა დროს ჩაფრობააა, მეექვსე ხუთწლედია სოციალიზმს ვაშენებთო.

გინდა მეათე იყოს, რა ფეხებზე მკიდიაო, ენა დაუკრეფავში გადაუცდა შაქროს. გადაუცდა კი არა, კარგა ღრმადაც გადატოპა და დაყვავებით რომ ვეღარას გახდნენ, ფეხი ამაზეღა დააჭირეს - შენაო, სიკერპეს თან ერთად იოდეოლგიურადაც, რბილად რო ვთქვათ, არასაიმედო ყოფილხარო, საჩვენებლი თითი მაგიდაზე დააკაკუნა პარტორგმა, ღვინის ჭიქა გვერდზე გასწია და აზიაცკების ჭრაჭუნით გაიარ-გამოიარა.

ავბედითი სიჩუმე მეორე ოთახის ოდნავ შეღებული კარის ჭრიალმა გაბზარა - თვალცრემლიანმა პეპელამ, მამა რას იტყვისო, სმენა დაძაბა.

ჩემი შვილი, ჩემი ნებააო, ესღა ამოილუღლუღა ნირწამხდარმა მამამ, მაგრამ პარტორგმა იგრძნო, რომ მოუზომავმა ნათქვამმა შაქროც გატეხა და, ვიდრე ხელახლა გაკერპდებოდა, მაგიდას ახლა მუშტი დასცხო, ჭკუაზე მოეგე ამხანაგო, ანდა საციმბიროდ თბილი ტანსაცმელი გაამზადეო.

მეორე შუაკაცმა ჩუმად ცერი აუწია, ყოჩაღო, მარომ კიდევ, - რა გამზადება უნდა, რაც აცვია, თბილიც ეგა აქვს და ცივიც, ეხლავე მოგვაშორეთ, დაგვასვენეთო.

მოკლედ, ციმბირითღა დაითანხმეს... ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, თორე... თანაც ვის დააბრალოს, თავისმა ენამ უყო... ეგ კი არა, ომის დროს, რაკი თქვა, ბლინდაჟიდან ვერ გამოიყვანეს, ფეხი ვერ მოაცვლევინეს - მთელმა ბატალიონმა უკან დაიხია, ზემოდან გადაახტნენ თავისიანებიც და შეტევაზე გადასული გერმანელებიც, გადააბობღდნენ ტანკები და, როგორც იჯდა, ეგრე ჩამარხა ყუმბარის აფეთქებით გადმოყრილმა მიწამ. ბატალიონმა პოზიცია რომ დაიბრუნა, შემთხვევით მიაგნეს, ამოათრიეს, მოასულიერეს, თორემ დღესაც იმ ბლინდაჟში იჯდებოდა.

კაცის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდესო, უყვარს თქმა და, სწორედ ამ სიტყვებმა, თითქოს უწყინარმა წამოძახილმა გააბა მახეში. ანკი როგორ მოუთმინეს, სოფლიდან მართლა არ აახვევინეს - დედამიწის ერთი მეექვსედი ხუთწლედებს ელოლიავება, წელებზე ფეხს იდგამს, რომ საქმე წინ წაიგდოს, დამკვრელური ტემპით ხუთწლედში გასაკეთებელი ოთხ წელიწადში შეასრულოს და... კიდევ კარგი, ფეხების ნაცვლად, სხვაგან არ დაიკიდა, თორემ მაშინ ნამდვილად ვერ გადარჩებოდა.

დადუმდა. ჩაიგდო ენა. ჩაიწყვიტა ხმა. ვეღარც კარგი თქვა, ვეღარც - ავი. იჯდა ბოღმით გაგუდული სუფრასთან და გამობრუჟული შუამავლები როცა წავიდ-წამოვიდნენ, თვითონაც გადაბარგდა ვენახის თავში დადგმულ ქოხში.

ორი დღე რომ არ გამოჩნდა, ჯერ ცოლმა ჩააკითხა, სირცხვილია, ნადირივით ხომ არ უნდა ეგდოვო და, ლამის სახრე გამოსტყუა, ახლა და ჩაჩლახუნდა, ტაბიკებს ნუ ამტვრევ, მოსახდენი მაინც მოხდებაო, მაგრამ ისიც რომ დაიფრინა, შავმა მარომ შორიდანღა მიაწყევლა, ბატალიონმა ვერ გამოგიყვანა, მე რას გავხდები, ეგეთი ქვის ნატეხი იყავი ბავშვობაში და სულიც კერპობაში ამოგხდებაო.

ნიშნობის დღეც დადგა, თანაც შესამჩნევად აცივდა კიდეც, მალე, ალბათ, რთვილს გააგდებდა და ისევ პარტორგი მიუგზავნეს, ნიშნობაზე ამოდი, თორემ შენი ნათქვამი კი არ დამვიწყნია, დავრეკავ სადაც საჭიროა და აქედანვე აგაორთქლებენო.

ღმერთმა დალოცოს ციმბირის მომგონი, შაქრო გველნაკბენივით წამოაგდო ჭილოფგადაფარებული თივიდან.

წადი და ამოვალო.

არ დამაღალატო, იცოდეო.

ჰოო, გავიგეო, დააკრაჭუნა კბილები და გულში ლოცვა-კურთხევა გაუგზავნა ხუთწლედების მომგონ-შემსრულებლებს.

მაინც აითრია ფეხი, ეზოში შეღამებულზე შეიძურწა.

კიბესთან მიწოლილი ძაღლი წამოვარდა, მაგრამ პატრონი რომ იცნო, გაგრძელებული წკმუტუნით მიეგლისა ფეხებზე.

შაქრომ დაუყვავა, გააჩუმა, ფანჯარასთან მიწყობილ ვაშლის ყუთებზე შედგა და ოთახში შეიჭყიტა - პეპელა და ჩაფარის შვილიშვილი სუფრის თავში დაესხათ, შექეიფიანებული სტუმარ-მასპინძლების დროსტარებით თუ ვიმსჯელებდით, შაქროს არყოფნას მაინცდამაინც არა დარდობდნენ, არც ცოლი, არც შვილები, არც ძმა და, მითუმეტეს, არც შავიმარო, ნაზამთრალი კაჭკაჭივით რომ დაფრიალებდა სუფრის გარეშემო...

რა ვიცით, ეგებ უკვე ციმბირშიც ეგონათ, ეგებ არც მიმდინარე და არც მომავალ ხუთწლედებში აღარ ელოდებოდნენ, - შაქრომ ამოიხვნეშა.

კარი გაჯახუნდა.

ყუთებიდან ჩამოხტა, მოკლე, მოაჯირიან კიბეს, მოცემენტებულ პარმაღზე რომ ადიოდა, გვერდი აუარა, მარანში ჩავიდა და ხელისგულისოდენა, აბლაბუდიანი სარკმელიდან ეზოს მიაჩერდა.

მაღლა ისევ დაიჯახუნა კარმა. მალე შინიდან გამომკრთალი სინათლის შუქზე მარო დაინახა. ქალს მკლავები დაგორგოლებული, ფარდაგში გამოხვეული საბან-ბალიშისათვის მოეხვია და მიკუსკუსებდა.

გაუკვირდა, რა ხდება, სად მიაქვსო.

მარომ ეზო კოჭლობით გადაიარა. მეზობლის სახლის კედელზე მიდგმული ხის ჯანიან ფეხებზე შემდგარი სათივე-სასიმინდე ფიცრულს მიადგა. ფიცრულს კიბე მიაყუდა, ყოჩაღად აიტანა ლოგინი მოსწორებულ თივაზე გაშალა, მიხურა მოწნული კარი და ისევ სახლისაკენ გამოკუსკუსდა.

მიხვდა, იგუმანა რაღაც და, დასცხა, აეწვა ყვრიმალები.

"დამაცა, ჯერ დამაცა, თუ ეგ მეორე ფეხიც არ მოგამტვრიო", - ფიცრულს ცეცხლს მივცემ, ავაბურბურებ და მერე მიყარონ კაკალიო, გამწარებულმა მუშტებით ჩაიბეგვა მკერდი.

ყოფილ მესანგრეს არ გაუჭირდებოდა, ტკუცა-ტკუცს აუყენებდა ყავარით გადახურულ ფიცრულს, მაგრამ, ისევ ოხერი ხუთწლედები გამოედო ფეხებში, დაბორკა, ზღურბლზე არ გადმოუშვა.

ცოტა ხანში კიბეზე ვიღაცეები ჩამობრაგუნდნენ.

მაროს ხმა იცნო:

- წადით, მოისვენეთ, ქაა, ამ გალექებულ ხალხს ხო არ უყურებთ... აბა, მარჯვეთა, ბიჭო! _ დაადევნა სასიძოს და თავადაც მიჰყვა, უჯიკავებდა, სიცილსიცილში მილალავდა, მისდევდა დამორცხვებულ წყვილს ფიცრულისაკენ.

მარო გამობრუნდა თუ არა, ნაჩაფრალის შთამომავალმა, კიბეზე ფეხშედგმულ პეპელას ხელი შეაშველა, ღონივრად უბიძგა წელზე და თვითონაც აჰყვა, მოხრილმა ძლივს შესტია მხრები ფიცრულში.

"ვაი, შენს დასაბრმავებელ თვალებს, შაქრო, ეს რა ხდება, ცხადია თუ სიზმარი, კაცო!" - კიდევ ერთხელ ჩაინგრია გულისფიცარი. დაბორიალებულმა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, დაიგმინა და დედაბოძს გამეტებით სდრუზა შუბლი.

წამით ყველაფერი განათდა - მუხლმოკვეთილი ღმუილით გაჩოჩდა მოტკეპნილ თიხნარზე, ახლადგადაღებულ, გაპიპინებულ ქვევრს სიპი ქვა გადახადა, დაემხო და კარგა ხანს თავი არ აუღია - სვამდა, ნთქავდა, ხვრეპდა ღვინოს, როგორც უღლიდან გამოხსნილი, გალექებული კამეჩი გუბეს.

უცებ ავარდა თავში გრადუსი, ქვევრის კიდეებს დაყრდნობილი წამოიწია, წამოდგა და, ვეღარც წამოდგა.

ახლა ისეთ მდგომარეობაში იყო, ექვსი კი არა თექვსმეტი ხუთწლედიც ვეღარ შეაჩერებდა, მიურ-მოურევდა სუფრას და გოგოსაც დროულად დაიხსნიდა, მაგრამ მთვრალმა გასასვლელისაკენ გზა ვეღარ გაიგნო, ამოძრავდნენ, აირივნენ რიყის ქვით ნაშენი კედლები, სარქენად თავდაღუნულმა საითკენაც გაიწია, ყველგან დედაბოძი დახვდა, წინ გადაუდგა, აღარ გაუშვა, არ გაატარა...

რამდენია ეს ოხერი, მე ერთი მახსოვდაო, ამოიგმინა და აღარ შეჩერებულა, გაქანებულმა ბოძს ხელმეორედ მიანაყა შუბლი.

რაღაც ძალამ შაქრო უკან გაისროლა და ხილის ტახტზე გულაღმა გადააგდო.

გადააგდო და წამოდგომა აღარც უცდია...

სუფრასთან, ასლოკინებული პარტორგი ცხრა თვეში მოსავლენი ჩვილის დღეგრძელობისათვის ემზადებოდა.

სარდაფში ნაქარი ვაშლის ხორას მიხუტებული შაქრო ხვრინავდა.

გარეთ კი, სიბნელეში ქანაობდა, კუთავდა, ტკბილად კვნესოდა ჯანიან ხის ფეხებზე შემდგარი ფიცრული და ნაჩაფრალის შვილიშვილი დაჰღმუოდა შაქროს გოგოს.

დილამდე დიდი დრო იყო: პარტორგი კიდევ დალევდა მორიგი, წარმატებული ხუთწლედის სადღეგრძელოს.

თუკი ფიცრული გაუძლებდა, ნებაზე მიშვებული ბიჭიც, გადაჭარბებით შეასრულებდა "შემხვედრ გეგმას"...

აი, შაქრო კი... შაქროსი აბა რა გითხრათ, აღარაფერი ესმოდა, როგორც ბრძოლის ველზე წაქცეული გმირი, შუბლზე ნაურმალივით გადავლილ ნაიარევს დაემშვენებინა და არავინ იცოდა, როცა გამოფხიზლდებოდა, რას იზამდა, მოიშუშებდა ჭრილობას თუ ხელმეორედ დაეჭიდებოდა გამომწვევად გახიდულ ბოძს.

გათხოვებაზე კარგახნის ხელჩაქნეული, შავი-მარო ფანჯარასთან შეთქმულივით იდგა და თვალი სიბნელეში გაუჩინარებული ფიცრულისაკენ ეჭირა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ