მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 159 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნიკო ლორთქიფანიძის მემკვიდრეობა ჯერჯერობით არ არის საკადრისად შეფასებული და, ამდენად, დაფასებულიც. და ეს ითქმის არა იმის გამო, რომ „თავსაფრიანი დედაკაცის“ ავტორზე არაფერი დაწერილა რიგიანი. არსებობს საყურადღებო მონოგრაფიებიც და საინტერესო წერილებიც, მაგრამ დღემდე გაწეული შრომა არ არის საკმარისი. ჭეშმარიტად დიდი მწერლის ერთი ნიშანთაგანი ისიც არის, რომ იგი ერთბაშად არ შეიცნობა და არც ამოიწურება.

ნიკო ლორთქიფანიძე ეკუთვნის ისეთ მწერალთა რიგს, ვის სიდიადესაც ყველა გრძნობს, ვის არაჩვეულებრივ ნიჭიერებაშიც ყველა დარწმუნებულია, მაგრამ ამ სიდიადისა და ნიჭიერების შესაფერისად არ არის აღიარებული. ასეთი მწერლები აუჩქარებლად, თანდათან იპყრობენ დიდ სივრცეს, თანდათან აღიმართებიან ჩვენს წინაშე მთელი სიმაღლით.

ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული აზროვნების სტილის უხმაურო, ღრმა ქვეტექსტებით, ფრაზის შეკუმშულობით განსაზღვრულს - ქართული პროზის განვითარებაში იქნებ ნაკლებ შესამჩნევი, მაგრამ სინამდვილეში არაჩვეულებრივი წვლილი შეაქვს.

დღეს იგი განსაკუთრებით ღირებულია ჩვენთვის თავისი კანონებით, სტრუქტურით, აზროვნების ფორმებით და კიდევ უფრო ღირებული იქნება ხვალ, რადგან იგი ნამდვილად არის მომავლის პროზა, ქართული პროზის ხვალინდელი დღე.

მოვლენასთან, საგნებთან, სიტყვასთან ნიკო ლორთქიფანიძისეული დამოკიდებულება არის ჭეშმარიტი მწერლობის ნიმუში. ამდენად განუსაზღვრელია მისი როლი ახალგაზრდა პროზაიკოსების ჩამოყალიბებაში.

კლასიკოსები ჩვენ გვასწავლიან მაშინაც კი, როდესაც ცოტას ვფიქრობთ მათზე, ისინი ზემოქმედებენ მაშინაც კი, როდესაც სრულიად განსხვავებულ გზასა და სტილს ვირჩევთ ან ვფლობთ. ყოველი მათგანი არის დიდი მასწავლებელი, წარმმართველი ძალა, ზურგის ქარი, სუნთქვას და მოძრაობას რომ გვიიოლებს.

დიდი მასწავლებელია ნიკო ლორთქიფანიძე. დიდი მასწავლებელი, თანამდგომი და მეგობარია იგი ახალგაზრდობისათვის.

სანიმუშოა თავისი დროისადმი „რაინდების“ ავტორის დამოკიდებულება. მისთვის დღევანდელობა არასდროს ყოფილა მეორეხარისხოვანი. მთელი არსებით განიცდიდა მეოცე საუკუნის დიდი მოვლენების არსს, მაგრამ არასდროს აჩქარებულა შეფასებისას, მათთან დამოკიდებულების განსაზღვრისას, რადგან ნაუცბადევი გამოხმაურება მუდამ წარმოშობდა ზედაპირულ აზროვნებას, უწონო აზრს. ნიკო ლორთქიფანიძე კი როგორც ეს ჭეშმარიტად დიდ მწერალს შეშვენოდა, თავის თავში გადახარშავდა დროის დინების წარმმართველ ფაქტებსა და მოვლენებს, რათა ბოლომდე შეეცნო მათი არსი არსთაგანი. ამ გზით მოვლენათა სიღრმესა და მასშტაბურობას უცდომელად აფასებდა და მასზე თქმული სიტყვაც არაჩვეულებრივ ღირებულებას იძენდა.

მას შესწევდა ძალა ეპოქის საოცარი რიტმი და ნერვიული ბუნება მოექცია დიდ სიმშვიდეში, მის შემოქმედებაში რომ დგას. ეს სიმშვიდე თითქოს საუკუნეთა სიღრმიდან მოსდევს მის სულს და ეუფლება მეოცე საუკუნის მძაფრ ცხოვრებასაც, ბილიკებიდან ლიანდაგებზე არნახული სისწრაფით გადასულს და აჟრიამულებულს. იგი არნახული ბუნებრიობით აკავშირებდა ერთმანეთთან წარსულსა და აწმყოს იმ ბუნებრიობით, როგორითაც უკავშირდება ყველა დრო ერთმანეთს როგორის თანდათანობითა და შეუმჩნევლობითაც გადადიან ისინი ერთმანეთში.

ნიკო ლორთქიფანიძე არად აგდებდა მოვლენების გარეგნულ, ხმაურიან ნიშნებს, იგი მუდამ ხედავდა ამ გარეგნულის იქით არსებულს, ღრმად დაფლულს, იმ ღერძს, რაზეც იყო დამოკიდებული დროის მოძრაობა და რისი წყალობითაც წარმოიშობა ის ხმაური. ამიტომ არ ირღვევა მის არც ერთ ნაწარმოებში ჩუმი სტილი, ამიტომ არ ხმაურობს ფრაზა, არ გვხვდება ბრჭყვიალა სიტყვები, ხმამაღალი მოწოდებები თუ შეგონებანი.

ამიტომ გვასწავლის იგი ძალიან ბევრს, ამ შემთხვევაში საკუთარი დროის ღრმად, დარბაისლურად შეცნობასა და მიღებას გვასწავლის. გვაწვდის ნიმუშს დროსთან მწერლური დამოკიდებულებისა.

როდესაც ნიკო ლორთქიფანიძის შედევრებს ეცნობით და სწავლობთ, გაოცებთ მისი ყოვლისმომცველობა, მრავალმხრივობა. ესეც დაფარული ნიშანია. ერთი შეხედვით გევიწროვებათ კიდეც ეს სამყარო. დანგრეული ბუდეების ქვეყანად გესახებათ იგი. მაგრამ საკმარისია მთლიანობაში გავიაზროთ ის სათქმელი და მოტივები, ის თემები და საგნები, რაც ამ შედევრებშია მოქცეული, რომ დიამეტრალურად იცვლება ჩვენი წარმოდგენები.

„რაინდები“, „მრისხანე ბატონი“, „თავსაფრიანი დედაკაცი“, „ეპისკოპოზი ნადირობაზე“, „სოფლის აშიკი“, „კერიასათვის“, „ჟამთა სიავე“, „შელოცვა რადიოთი“, „დანგრეული ბუდეები“, „ფეოდალები“, „ხელოვანთა ყავახანა“, „ტრაგედია უგმიროდ“, „ბუმბერაზი“, „საქართველო იყიდება“, „ბებრები“, „გლეხის მოსახლეობა იმერეთში“. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. მთავარია თუნდაც აქ დასახელებული შედევრების სათქმელის და მათში მოქცეული ქვეყნის ბოლომდე შეცნობა. ამის შემდეგ აღმოვაჩენთ იმ დიდ სამყაროს, რასაც ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება ჰქვია.

ამის შემდეგ დავინახავთ მის მრავალმხრივობას, ისტორიისა და თანამედროვეობის უწყვეტ კავშირს, მის ყოვლისმომცველობას. დავინახავთ, როგორ უპყრია მწერალს მრავალი დროის სადავე, როგორ ასახლებს თავის ქვეყანაში უშორესი წინაპრების გვერდით ფეოდალური საქართველოს შვილებს. მეცხრამეტე საუკუნის დეგრადირებული კლასის უკანასკნელი მოჰიკანებს, სოციალური უსამართლობით გატანჯულ გლეხთა წოდებას... მეოცე საუკუნის შვილს ქართველ კაცს. მისი შემოქმედებისათვის ისტორია პროცესია, უწყვეტი, დინამიური, სევდით და იმედით გაზავებული. ამ პროცესის განცდა მას განასხვავებს სხვა მწერლებისაგან, რადგან იგი მისი თვისებაა, მისი გმირების გეოგრაფიული თუ ისტორიული სარბიელია.

ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებები გვასწავლის წარსულთან დამოკიდებულებას. იგი კი არ ხატავს, თითქოს გადავყავართ წარსულში, რაღაც ჯადოსნური ძალით გვაახლოებს უშორეს დროში მცხოვრებ წინაპრებთან.

წინაპრების თემა, იგივე წარსულთან დამოკიდებულება, მისთვის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი გახლდათ. მცირე მოცულობის ნაწარმოებში „ბუმბერაზი“ აიდგა თითქოს ფეხი თემამ - გოლიათური სხეულისა და ამაღლებული სულის შერწყმა. ეს ფენომენი განაპირობებდა ნიკო ლორთქიფანიძისათვის ქართველი კაცის ფესვების სიმტკიცეს და სათავის გამჭვირვალობას. ფრანგულაშვილების სიმბოლური სახიდან მოდიოდა მწერლის რწმენით ქართველი კაცის ჯანსაღი სული და ჯანსაღი სხეული, მისი უბრალოებიდან იღებენ სათავეს ეროვნული ხასიათი, რაც რაინდულ ნიშნებს თან დაატარებდა თვით ქვეყნის უსაშველოდ დაცემისა და დაკნინების ხანაშიც.

ნიკო ლორთქიფანიძეს, დახვეწილი, არისტოკრატიული სულის შემოქმედს, ორგანულად არ შეეძლო შერიგება პროვინციულ, გაფუყულ წარმოდგენებთან, რასთანაც იყო ხშირად და ახლაც არც თუ იშვიათად არის გაიგივებული ქართველობის არსი. იგი ფხიზელი თვალით ჭვრეტდა და აფასებდა მდგომარეობას, რაშიც ჩავარდა საქართველო, როგორც სახელმწიფო თავის დროზე. ცხადად ხედავდა იმასაც, როგორ ჩიხში მოექცა ეროვნული გრძნობები და საბოლოოდ ეროვნული ენერგიაც.

„რაინდების“ კითხვისას ცხადად გრძნობთ ყოველივე ამას, გრძნობთ მძიმე პოზიციაში მოხვედრილი ქართველი კაცის რაინდულ ბუნებას და ამაღლებული იუმორით განელებულ ჩუმ სევდას. შთამბეჭდავ სტრიქონებს თითქოს ჟამთა სიავისაგან დახრულ ფოლადის ხერხემალს მძიმე, ტკივილიანი განწყობილება ამოაქვს საუკუნეების სიღრმიდან.

ნიკო ლორთქიფანიძის მახვილ თვალს არ გამორჩენია ჩვენი ყოფის ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაც. ფუნქცია დაკარგული ქვეყნის წიაღში გაჩნდნენ უმიზნობით გამკაცრებული ერთეულები. „მრისხანე ბატონი" ამ სიცარიელისაგან წარმოშობილი საშინელი სულის დემონსტრირებაა. ადამიანების ხასიათში დაძრული დესპოტიზმის ნაკადი უმიზეზო სასჯელებს იგონებს და აუხსნელი რისხვის სიცივისაგან იტანჯება. მწერალმა ხანგრძლივი დაკვირვება მოახდინა ამ მოვლენაზე და მიგვახედა რა ისტორიის სიღრმეში დაძრული პროცესისაკენ, გვაგრძნობინა მისი საგანგაშო ბუნება, რითაც ქართველ მკითხველს დაავალა სათანადო დასკვნების გამოტანა და, ვინ იცის, იქნებ ბრძოლაც.

ნიკო ლორთქიფანიძისათვის ერთმანეთისაგან განუყრელია სოციალური და პოლიტიკური მოვლენები, სოციალური და კულტურული პროცესები, სოციალური და ეროვნული პრობლემები. მან არაჩვეულებრივი წვდომის უნარით გაგვაოცა ყველა, როდესაც სოციალურად დაჩაგრული ადამიანების ტრაგიკული ყოფა გაგვაცნო. „თავსაფრიანი დედაკაცი“ და „ტრაგედია უგმიროდ“ ადამიანის სულიერი ცხოვრების ისეთ ნიუანსებს დაგვანახებს, რომელთა გარეშე ადამიანის არსებობის აზრის ამოცნობა ფუჭი მცდელობა იქნებოდა, მაგრამ რომელთა შემჩნევა და მზის სინათლეზე ამოტანა უდიდეს ოსტატობას მოითხოვდა. ამგვარი ნიუანსების წყალობით იკითხება ამ ნაწარმოებებში  სოციალურად დაჩაგრული ადამიანის გასაჭირი, რომელთაც ფოკუსის ფუნქცია აკისრიათ, და რომლებშიც სრულად იხსნება დატანჯულ ადამიანთა მთელი არსი.

მწერალი თავისი ჯადოსნური კვერთხით ეხებოდა სოციალური მოვლენების სიღრმეთა უკიდურესად მგრძნობიარე წერტილებს და მის ქმნილებებში თითქოსდა ერთბაშად ფეთქდებოდა აქამდე გარინდული ტანჯვა-წამების ადამიანთა სამყაროები. ამგვარი განზოგადებისა და წვდომისაკენ მოუწოდებს იგი ქართულ პროზას, ამგვარ სიფაქიზეს ავალებს მოვლენებთან დამოკიდებულებაში ახალგაზრდებს.

მისთვის არც დეგრადირებული თავად-აზნაურთა კლასის ტრადიციული თემა იყო უცხო. იგი ბრწყინვალე გამგრძელებელია ამ თვალსაზრისით დავით კლდიაშვილის მიერ გაკაფული გზისა, მაგრამ კი არ იმეორებს მოტივებსა და სათქმელს, არამედ ახალი ორიგინალური შტრიხებით ამდიდრებს მას.

დიდი პატრიოტი ნიკო ლორთქიფანიძე შეუპოვარი, პირდაპირი, მაგრამ მუდამ გონივრული და ზუსტი ფორმებით აღჭურვილი მწერალია. მისი დიდი გაფრთხილება, „საქართველო იყიდება“, მისი დიდი მოწოდება „მოუარეთ საქართველოს“ აბსოლუტურად თავისუფალია პროვინციული პატრიოტობისა და პირუტყვული შიშისაგან.

იგი, მოვლენათა მდინარეში ჩამდგარი დიდი მამულიშვილი, ყოველი მიმართულებით ადევნებს თვალს სამშობლოს თავზე დაგროვილ ღრუბელთა მოძრაობას და სეისმოგრაფის მგრძნობელობით ამჩნევს მოსალოდნელ უბედურებებს, მზადყოფნისაკენ მიმართავს თავისი ხალხის სულს, არ ეძებს მიზეზებს გარეთ და ამ მიზეზებს პოულობს ჩვენსავე არსებობაში. ნიკოს განკურნების გზებიც ქართველობაში ეგულება, ოღონდ ითხოვს უმკაცრეს სიფხიზლეს, შეგნებულ, გონივრულ ქმედებებს და ნამდვილ პატრიოტიზმს, რადგან მოჩვენებითი, ყალბი პატრიოტობით ფონს გასვლა გამორიცხულია.

ნიკო ლორთქიფანიძე როგორც სიტყვის დიდოსტატი დიდი მასწავლებელია. მისი ფრაზა, მისი სტილი -  სიტყვის უაღრესი ეკონომიით და გამომსახველობითი სიზუსტით რომ გამოირჩევა, მისაბაძი და განუმეორებელი აღმოჩნდა ქართველი პროზის შემდგომი განვითარების გზაზე. იგი როგორც დიდი აღმზრდელი ახალგაზრდა მწერლებისა, მოითხოვს დიდ დაკვირვებას, ანალიზს, საფუძვლიან შესწავლას, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება საკუთარ შესაძლებლობების აღმოჩენა და ქართული პროზის მომავლის მსახურება.

დიდი ჰუმანისტი, ადამიანის კეთილშობილური ბუნების ქომაგი და მაღმერთებელი ნიკო ლორთქიფანიძე მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ადამიანთა სულიერი ცხოვრების გაფაქიზების კეთილშობილურ საქმეს, ადამიანთა სამყაროს გაბედნიერებისა და სრულყოფის ამოცანას. მისი უნიკალური მწერლური ოსტატობით აღბეჭდილი შედევრები, ქმნიან ქართული ლიტერატურის დიდ წარსულს, ამოძრავებს აწმყოს და გვეგებება მომავლიდან, როგორც გუშინდელის, დღევანდელისა და ხვალინდელის სინთეზი.

ჩვენ მუდამ მოწიწებით მივაპყრობთ მზერას იმ სიმაღლისაკენ, სადაც მისი წმინდა შუქი დგას, როგორც ჩვენი გზის მანათობელი.


ჟურნალი ცისკარი - 1982 წელი Nº10

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ