(„ჩუქურთმიდან“)
განსვენებულის სიმონ-მღვდელის დიდი იმედები ვერ გაამართლა მისმა ვაჟმა, დედისერთა გრიგოლამ.
მართალია, თვით ცხონებულს განსაკუთრებული, თითქმის შეუძლებელი წარმოდგენა ჰქონდა შვილის მომავალზე.
მაინც როცა ჩალევდა სადმე აღაპზე და მოვიდოდა სახლში ღრუბელივით გაბუჟუჟებული, პირზე ჟინჟღლმოკიდებული, გაიხდიდა ანაფორას და ცოლს მიუგდებდა; მოიხდიდა ფართო, რბილ, გაცრეცილ ქუდს და მოლზე დააგდებდა; გაიხსნიდას კაბა და გამოიჩენდა შეყვითლებულ-განაცრისფერებულს პერანგს, არხეინად დაჯდებოდა ტოტებაკაპიწებულ კოპიტის ძირში, მიუშვერდა შუბლს მაგრილებელ სიოს, და იწყებდა ფიქრს, რომელიც მალე გადადიოდა ოცნებაში - ო... მაშინ ეჩვენებოდა მამას შვილის უსაზღვრო ბედნიერება, სიმდიდრე და ყოველი სიკეთე ამა ქვეყნისა.
- თლად ცუდად არ ჩამიტარებია, ღვთის მადლით, ჩემი წუთისოფელი - ყოველგან ცას მეძახიან. სხვა მღვდლები თუ ცხოვრობენ, ჩვენც ვჭამთ პურს არსებისას. ღმერთი ხომ არის მოწამე, თუ შემძლებია, ბევრს ქე დავხმარებივარ. სხვისთვის არ წამირთმევია, ენაბეზღობით და წელში მოხრით წინ არ წავწეულვარ, მარა ჩემისთანა გაუნათლებელთან შედარებით კარგად მოვეწყვე - მრევლი დიდია და მადლიერი. ცოლი მომჭირნე დედაკაცია. ე ჩემი შვილი კი გამომაჩენს, ჩემს სახელს არ გააქრობს: ღმერთს ქრისტიანს ვუმზადებ, ქვეყანას - მსახურს შევძენ. მეტი რა უნდა მექნა: კაი ათი თუმანი ქე დამიჯდა მისი მომზადება, მარა დროზედაც ქე შევიყვანე კლასში. ცხრამეტი წლის რო იქნება, სემლარიას გაათავებს... მერე აკადემიაში წავა... იქაც გაათავებს... მერე დამიბრუნდება, არა! რატომ? ჯერ ჯანსაღად ვარ. ხელს შევუწყობ.. გენერალი შტაბიაო. სულ გუბერნატორები გამოდიანო - ისიც გაათავოს... გევიწვალებ თავს, მაგიერად ყველაფერ გათავებული რომ ჩაძოვა, თითით საჩვენებელი იქნება... წევიყვან მათ ძეუფებასთან. ის წინ შევა.... არა, შვილი მამაზე ყოველთვის უმცროსია - მე წინ შევალ, ის შემომყვება, მდაბლად თავს დავუკრავ, ხელს ვემთხვევი ეფისკოპოზს და მოვახსენებ: „აი, ვითარცა აბრამს, მომყავს, თქვენო მეუფებავ, პირმშო შვილი ჩემი და მოიღე კურთხევა". აკურთხებს. მიესალმება გამოკითხავს ამბავს. შეატყობს, რომ ღვთისმოსავია, ჭკვიანი და განათლებაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს - ყველაფერი იცის: ზემოთ ვარსკვლავთა რიცხვი, ქვემოთ - ერთა და სახელმწიფოთა გულის საიდუმლონი. ეფისკოპოზი სთხოვს: „ახლავე არხიმანდრიტად გაკურთხებ, და ერთ წელიწადში ქორ-ეფისკოპოზობას უნდა ელოდეო“. გამიხარდება, მარა ჩემი გრიგოლა ეტყვის: „ნება მომეცი ღმერთს შევევედრო, მოვიფიქრო, ღირსი ვარ თუ არა მძიმე ტვირთი მღვდელ- მონაზვნის მივიღოვო“. ეფისკოპოზს მოეწონება თავდაბალი პასუხი. ვერ მიხვდება, რომ გრიგოლას სხვა უფრო დიდს ადგილს სთავაზობენ და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელზე დასთანხმდეს... გუბერნატორი ეხვეწება, მაზრის უფროსობა იკადრე ამ ხანობით, მერე კი გუბერნატორი რომ იქნები, სიტყვას გაძლევო... თავადაზნაურობა წინამძღოლობას ეხვეწება.
აქ ცხონებულს მოაგონდებოდა, რომ ყველა თანამდებობათა შეერთება არ შეიძლება, და კანონის ძლიერ უკმაყოფილო რჩებოდა. იგი ამ დროს დიდი მომხრე იყო - ერთ კაცს ჰქონოდა სასულიერო, სამოქალაქო და სამხედრო უმაღლესი უფლებანი.
მაგრამ განსვენებულის სვიმონ-მღვდლის დიდი იმედები ვერ გაამართლა მისმა ვაჟმა, დედისერთა გრიგოლამ, სასულიერო სასწავლებლის მესამე კლასიდან ფორხილი დაიწყო, სემინარიის პირველ კლასში დარჩა და მეორე კლასიდან გამოვიდა.
სვიმონამ შეჩვეული საკუთარი მრევლიც კი მიატოვა: პატარა ეზო გაყიდა; ქუთაისის ერთ ჭაობიან ბნელ ქუჩაზე თავისი პატარა სამოთახიანი ოდა გადმოიტანა და ქალაქის ახლო მდებარე მიწერილ ეკლესიის მეორე მღვდლად შევიდა, რომ შვილისთვის ყური ეგდო.
ამაოდ!
გრიგოლა უნიჭობის გამო მშვიდად დაითხოვეს მეორე კლასიდან.
სვიმონა მალე გარდაიცვალა.
ძნელი გამოსაცნობია, რომ მოუსპო დღე; ჩვეულებისა და ჰაერის გამოცვლამ, იმედების გაცრუებამ, რაიმე სენმა, თუ ისე - მოვიდა სიკვდილი და მოჰკლა.
ქვრივს დაუნიშნეს რვა მანეთი პენსია.
რას გასწვდებოდა ორ ადამიანს, ისიც ქალაქში!
კიდევ კარგი, რომ ჭერი ჰქონდათ, სადაც წვიმიდან თავს იფარავდენ. კიდევ კარგი, რომ იატაკი ჰქონდათ, სადაც ფეხს მოიკიდებდენ.
გულში, ვინ იცის, რას ფიქრობდა სუსტი, უნიჭო. მაღალ-მაღალი გრიგოლა, საქმეს კი არა ჰკიდებდა ხელს და საწყალი ქვრივი არაქათგამოლეული რას არ აკეთებდა, რა ხერხს არ ხმარობდა, რომ შიმშილიდან თავი დაეღწია.
ასეთი მდგომარეობა სამუდამოდ უცვლელი დარჩებოდა, რომ ვიღაცას სამადლოდ არ ეთქვა მზეზე მოხეტიალე გრიგოლასთვის: „წადი, ფოსტაში ადგილი იხსნება, იქნებ მოგცენო“.
გრიგოლა გაექანა.
მხოლოდ ამ სიჩქარეზე თუ შეატყობდა კაცი, რა მოსურნე იყო ეს უსიტყვო ბიჭი დედას დახმარებოდა.
მცირე ადგილი, რომელიც იმ დროს თავისუფალი იყო, ადვილად მიანიჭეს გრიგოლას, რადგანაც მასავით ნასწავლი სხვა არავინ გამოცხადდა.
ამ ადგილს აღარ გაჰშორებია გრიგოლა.
როგორც პირტიტველა, თხელი ყმაწვილი არტყამდა ბეჭედს სხვადასხვა უმნიშვნელო წერილებს, ისე თხელწვერიანი, კბილებჩამტვრეულ-ჩაყვითლებული, საფეთქლებთან თმაში ჭაღარაშერეული გრიგოლა ცდილობდა დროზე დაემთავრებია წერილების გროვაზე ბეჭდების დასმა.
ამაოდ!..
წერილები სოკოზე სწრაფად ამოდიოდა; ზღაპრულ დევის თავებივით მრავლდებოდა.
გრიგოლას შემდეგ ბევრი შევიდა სამსახურში, ერთ ხანს ურტყა გრიგოლასავით ბეჭედი და მერე ან დაზღვეულ ბარათების მიმღებათ გადიყვანეს, ან მარკების ყიდვა მიანდვეს. ზოგიერთი გრიგოლას ამხანაგი ცალკე განყოფილების უფროსადაც კი დანიშნეს. გრიგოლა ხშირად ამჩნევდა სიხარულს გვერდში მდგომ მოხელეს წარჩინების მიღების გამო, ხშირად გაკვირვებით უყურებდა ახლადმოსულ ამხანაგს, რომლის მოადგილე სადღაც მიმალულიყო,
თვით გრიგოლას კი მხოლოდ ერთხელ მოუმატეს ჯამაგირი - ოცის მაგიერ ოცდახუთი მანეთი მისცეს მხოლოდ ერთხელ რაღაც მედალი უბოძეს „დიდი ხნის უმწიკვლო სამსახურისათვის."
ერთ თოვლჭყაპიან დღეს გრიგოლს აღერღილი დაბრუნდა - გაცივებულიყო.
მოხუცმა დედამ ცხელ წყალში ფეხები ჩაადგმევინა.
სახლში თუმცა დადიოდა გრიგოლა, მაგრამ სამსახური იმ დღის შემდეგ ვეღარ წავიდა.
დედა ირეოდა.
ქინაქინა მიიღო. საოფლე ჩაი დალია. სახეზე თითქოს ჩვეულებრივზე უკეთესად იყო, მაგრამ სახლს ვერა შორდებოდა.
ისევ და ისევ შინაურ საშუალებას არ აკლებდა დედა: მურაბას უკეთებდა, მეზობლის ქალის მიერ მიცემულს წვეთებს ასმევდა, რაღაც აბებს აყლაპებდა, მაგრამ
ამაოდ!..
დედა ირეოდა.
ფერშალმა იწყო სიარული. წამლებს უწერდა, ხან გამართ ჯვების ნიშნათ გაიძახოდა: „სიცხემ დაიწიაო“, ხან ბრძნულად ამბობდა: „აიწია, მარა არაფერიაო“.
დედა ირეოდა.
როცა ერთ დილა საწყალ ქვრივს ტაშტი მეჰქონდა, დაიძახა:
- ვაი, შვილო, ამდენი სისხლი რა ღვთის რისხვაა ჩემზე.
საღამოს ფერშალი მოვიდა.
დედა ირეოდა.
- ვიღუპები! მიშველე, ღვთისნიერო - ჩუმად ეუბნებოდა დედა ფერშალს.
- რა იყო, შე ქალო? სიცხე ქე დაუკლია, და მეტი ახლა... მე ღმერთი კი არა ვარ!..
- დედა, შენ ვინ შეგბედავს რასმე, მარა ერთი ტაშტი სისხლა დაუქცევია, რა ექნა, რა წყალს ვეცე? მითხარი მაინც.
- მევიყვანოთ ექიმი...
- მევიყვანოთ, მევიყვანოთ, შენი ჭირიმე, თუკი რამე გვეშველება, მარა, - დაირცხვინა დედაკაცმა, - რამდენი უნდა მივცეთ?
- სამი მანეთი.
- ვაი, შვილო,
- აბა, ჩემსავით ვინ წამოგყვება- თითქმის საყვედურით უპასუხა ფერშალმა, რომ მის უანგარობას არ აფასებდენ.
- არა, ბატონო, მაგისთვის არ მომიხსენებია, მარა გვიშველის რამეს?
- რა ვიცი ახლა?.. ღმერთი არც ის არის და მორჩენით მაგისთანა ავადმყოფი მეც ბევრი მომირჩენია.
- კარგი, ბატონო, დაუძახე, ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს. მე გეახლებოდი, მარა ვერ მივაგნებ.
- ფული ხომ გაქ დამზადებული - ის კი არ მოგიცდის.
- თლათ არ მაქ, მარა აგერ სიდონიას დავესესხები.
- ხო და, წამლის ფულიც დეიმზადე; მეც რომ მომცემდე ცოტას, კაის იზამ.
- კი, შენი ჭირიმე, აბა, სხვისთვის რად მინდა, თუკი რა მე გამაჩნია. შენ ერთი ორი დღე კიდო მოგვიცადე... აგერ ჯამაგირს ეიღებს და მოგართმევ.
ფერშალმა თავი გადააქნია.
ექიმი დიდხანს არ სინჯავდა ავადმყოფს. გულზე, ბეჭზე დაადო ყური, წარბშეჭმუხვნილი, გულმოსული დაეკითხა ფერშალს სიცხის ცვალებადობაზე და, რადგან ფიქრობდა, აქ რუსული ფერშლის გარდა არავინ იცისო, მკვახედ მიაძახა:
- Где вы до сих пор были? Он уже труп!
ექიმს წამალიც არ გამოუწერია. ურჩია მხოლოდ: „რძე სვი, კვერცხი ჰყლაპე და ფანჯრები ხშირად გააღებინე, რომ სუფთა ჰაერი შემოვიდესო“.
- რა თქვა, რა? - მივარდა დედა ფერშალს, როგორ კი ექიმო კარებში მიიმალა,
ავადმყოფმა არ დააცალა ფერშალს პასუხის მიცემა:
- არაფერი, დედა, არაფერი, მალე კარგად იქნებაო.
- ღვთისნიერი კაცია ის ექიმი, - ფული არც ქე წეიღო, - ეუბნებოდა ცოტა ხნის მერე ფერშალი დედაკაცს, - ამას მე დევიტოვებ, კიდევ ორმანეთ ნახევარი დარჩება.
- მოგართმევ, ბატონო, ზეგ მობრძანდები და მოგართმევ. სხვა რა თქვა, შენი ჭირიმე?.
- არაფერი, ისე უწამლე, როგორც წინათო. ოღონდ მეტი რძე ასვი და კვერცხი აყლაპეო. გარდა ამისა, ფანჯრები უნდა გააღო ხშირად - ჰაერი გაიწმინდება.
დედა მაინც ირეოდა,
მეორე დღეს ავადმყოფი უფრო კარგად გამოიყურებოდა. გრიგოლამ სასთუმლიდან ძველი ქისა გამოიღო, სანთელი მოითხოვა, ქისიდან რაღაც სურათი ამოიღო, დახედა და დასწვა. მერე საწერ-კალამი მოატანინა და სუსტის ხელით დაწერა:
„ქალბატონო ვერიკო
ძლიერ ავად ვარ. ვერ ავდგები, წინადაც ვატყობდი, რომ თქვენი ღირსი არ ვიყავი, ამიტომ გადაჭრილს ვერაფერს გეუბნებოდით. მადლობა ღმერთს, რომ ქვრივი მაინც არ დამრრჩით. რა იქნებოდით? ჩემს სანახავათ ნუ მოხვალთ - სახელი გაგიფუჭდებათ. გასვენებაზე კი უსათუოთ დამესწარით, მგონია, ვიგრძნო. თქვენი სურათი და წერილი დავწვი, რომ არავის ენახა, ცუდი ენა აქვს ხალხს, თვარა რა უნდა თქვას კაცმა. როცა ვლოცულობდი, თითქოს ხატის წინ დაჩოქილი ვყოფილიყავ ღმერთი ისეთს ცხოვრებას მოგანიჭებთ, როგორისიც ღირსი ხართ, - მიამება, რომ ჩემთან შეხვედრას არ დაუჩაგვრიხართ.
თქვენი უკუნითი უკუნისამდე გრიგოლ.
ეს წერილიც დახიეთ - არ ვარგა, რომ ვისმე ჩაუვარდეს ხელში“.
ბარათი პაკეტში ჩადო, მისამართი დააწერა, ფანჯრიდან პატარა ბავშს დაუძახა და თხოვა - ფოსტის ყუთში ჩაეგდო.
ცოტა ხნის შემდეგ გრიგოლამ დედას თხოვა;
დედა, წადი, ჩემი ჯამაგირი აიღე. იქვე საამხანაგო კასის ზედამხედველი იკითხე და გამოართვი რაც კი მერგებოდეს. - სულ ხუთი ან ექვსი თუმანი იქნება, გზაზე მიყიდე ვარდის წყალი, ტკბილეულობა, ყვავილები: ია, ზამბახი, ვარდი, იასამანი, რაც კი შეგხვდეს ლამაზი და სურნელოვანი.
- რათ გინდა, შვილო, რა გემართება?! რაებს მეუბნები..
- კი, დედა, კი ექიმმა მითხრა - სიამოვნება მოგიხდეაბა, მალე მოგარჩენო და მიტომ გეუბნები.
- რამდენის ვიყიდო?
- არ ვიცი, დედიკო... ჩვენი დიდი კალათი სულ ყვავილებით გაავსე. ექვს-შვიდ კაცს რომ ეყოს, იმდენი კონფეტები, რძიანი პური იყიდე... მერე შოკოლადი... მართლა, დედა, შენ ყველაფერს ვერ მოახერხებ. ამ საღამოსთვის დაჰპატიჟე ლიზიკო. მასვე თხოვე დაგეხმაროს და ის ყველაფერს გასწავლის.
- გიყვარს, შვილო?
- არა! არა, დედა კარგია და მინდა იმასაც ვასიამოვნო. გიტარასაც დაუკრავს, იოსებიც დავპატიჟოთ, ლიზიკოს ეამება.
- არ მოვა, შვილო, არ გვიკადრებს.
- შენ ოღონდ უთხარი, რომ ლიზიკო ჩვენთან იქნება, და მოვა.
- კარგი, შვილო, კარგი. ყველაფერს ლიზიკოს ვკითხავ, თუ საჭირო იქმნა, სიდონიასაც მოვიხმარ,
- კი, დედა. ეს წიგნიც მიყიდე. ლიზიკოს ეცოდინება, სად იშოვება. დედა, არ დაგავიწყდეს: ლიზიკოს უთხარი, მისი პატარა ძმა, კოტე წამოიყვანოს,
- ოღონდ შენ გეამებოდეს და თუ გინდა მთელ ქუჩაზ შევკრებ.
- ერთი ბოთლი ღვინო და პატარა საუზმეც წამოიძღვანიე.
ასე უცნაურად თავის დღეში არ იქცეოდა გრიგოლი და ამიტომ დედა ირეოდა.
* * * * * * *
საღამოს გრიგოლას ოთხი არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა.
ორი ლამპის გარდა რამდენიმე სანთელი ენთო. იასამნის სურნელება იდგა. ლიზიკო, ოქროსთმიანი, უფასო სასწავლებლის მოკლე კაბაში გამოწყობილი, ხან გიტარას უკრავდა, ხან სუფრას აწყობდა: მისი მიჯნური, იოსები, მეორეხარისხოვანი მოხელე, აქ დიდ კაცად მიჩნეული, ხან გიტარას დაამღერებდა - ქალის ეშხით ხმა უტკბებოდა, ხან მოწყალედ ბაასობდა გრიგოლთან.
გრიგოლას დედას დღეს სუფთად ჩაეცვა, სიხარულით სახე უღიმოდა,
გრიგოლა, როცა პატარა კოტე წასვლას დააპირებდა, ხუჭუჭ თმაზე ხელს გადაუსვამდა და ყვავილებსა და კონფეტებს სთავაზობდა.
სტუმრები: ნასიამოვნები დაიშალნენ.
ლიზიკომ ხუმრობით უთხრა გრიგოლს:
გრიგოლ, თქვენ პოეტი ყოფილხართ, ისე გყვარებიათ მუსიკა, ყვავილები... რას მივაწეროთ, რომ დღემდე ეს ნიჭი ვერ შეგამჩნიეთ?
- ლურჯსა ფერს,
ცისა ფერს,
სიყრმიდან ვეტრფოდი, - დარცხვენილის ღიმილით უპასუხა გრიგოლამ.
იოსებმა დიდი მადლობა გადაუხადა დედა-შვილს.
- ახლა კარგად გამოიყურები, შვილო, - უთხრა დედამ გრიგოლას, როცა მარტო დარჩნენ,
- ასე იცის, დედა, სიამოვნებამ. აწი ყოველთვის კარგად ვიქნები, მარა, თუ რამე დამემართოს, ნუ შეგეშინდება. ეს სახლი გაქვს. პატარა პენსია. ჩემთვისაც მოგცემენ ცოტა შემწეობას.
- მანამდი თვალი კი დამიდგა... რას მეუბნები, შვილო..
- ჰო, დედა, ყველაფერი მოსავალია... გთხოვ, ერთი წირვისა და უბრალო კუბოს მეტი არაფერი დახარჯო.
- გაჩუმდი, გაჩუმდი, შვილო! დეიძინე, დაღალული ხარ!
შვილის მომავალ ბედზე სასოწარკვეთილი დედა ირეოდა.
გრიგოლა კედლისკენ გადაბრუნდა. მეტი ხმა აღარ ამოუღია.
მეორე დღეს სული განუტევა.
დედა ირეოდა.