თქვენი სახელი ტკბილ-გამოსათქმელია. იგი ერის სათაყვანოდაც კი გამხდარა, ყველა იმ სახელით მოგმართავთ. მე კი ისეთს სახელს დაგიძახებთ, რომელიც მხოლოდ ჩემი იქნება, სწორედ ისე, როგორც მხოლოდ ჩემია ჩემი თქვენზე წარმოდგენა, სწორედ ისე, როგორც მხოლოდ ჩემია თქვენი სურათი ჩემის თვალებით გადაღებული.
ნაჰილი! თქვენ მოგწონთ სევდით. მოსილი ამბავი, სურათი, ნახატი. მომისმინეთ, ყურადღებას გთხოვთ. სამწუხარო ამბავია, მაგრამ სამწუხარო ამბავს აქვს მხოლოდ მნიშვნელობა და მიმზიდველობა. მხიარულების განცდაა კარგი - მისი მბობა კი შეუძლებელია, მისი დახატვა ტრივიალობაა. უსარგებლოა სხვისი მხიარულების, სიამოვნების და ბედნიერების შესწავლა. წარმოიდგინეთ, მავნეც კი არი. სხვისი გალაღებული, უნისლო და უღრუბლო ბედი სწორედ დაჩაგრულ ადამიანზე სტოვებს ჩრდილს, თითქოს, შესძახის არემარეს, მე ვბრწყინავ და შენ კი ქრებიო.
სულ სხვაა ნაღველში მოხარშული ამბავი! წაიკითხავს ბედნიერი, მადლით შეხედავს ბუნებას, ძმას, მეგობარს და კმაყოფილი იქნება მონიჭებულით. ჩაუკვირდება ცხოვრების მოლიპულ გზაზე ქვემიმავალი და შეიმსუბუქებს მძიმე ტვირთს - მეც მყოლია ტანჯვათა შორის თანამგზავრიო.