თქვენი გულისნადების გამოხატვა მსურდა.
მივაღწიე საწადელს თუ არა, განსაჯეთ.
ულმობელი იყო ახალგაზრდა დედოფლის ხვედრი.
თავგასულმა სარდალმა მოუწამლა ქმარი, გადიბირა დიდებულნი, მოატყუა ხალხი, დააბრმავა თვალთმაქცური ღვთის მოსაობით სამღვდელოება და დღე-დღე ემზადებოდა, თვით ასულიყო ტახტზე.
ქვრივ დედოფალს ერთი სასახლეღა შერჩენოდა. სამარისებურ სიჩუმით შეპყრობილ, ფარდებჩამოშვებულ ოთახებში წყნარად, თითქოს თავისივე ფეხის ხმის ეშინიაო, დადიოდა დედოფალი. შავ ძაძებში, შავი თავსაფრით თავწაკრული, ფერმკრთალი, კრიალოსნით ხელში აკლდამის სულს ემსგავსებოდა.
უტახტოდ შთენილი დედოფალი ხშირათ დაიჩოქებდა ხატის წინ. მას ავედრებდა სულს მიცვალებულის საყვარელ ქმრისას; ემუდარებოდა მოეღო მოწყალება და ისიც მალე წაეყვანა ადგილსა მას ყვავილოვანსა, რომ ცოდვას ქვეყნისას არ დაეყენებია იგი გზასა განსაცდელისასა.
ლოცვაში არ ქონდა ადგილი ბიწიერს რასმე. არ უჩიოდა იგი ბედს. საყვედურსაც კი არ ამბობდა მტრებზე და მოღალატეებზე, იგი მხოლოდ მოწყალებას თხოვდა ყოვლად სათნო უფალს.
მაგრამ, როცა გამოვიდოდა ეზოში, დაინახავდა მოწმენდილ ცას, გაფურჩქვნილს, თუმცა მოუვლელს ბაღჩას, მზის სხივებით გაბრწყინებულს და მოღიმარს ყვავილებს, ქვრივს უნებლიეთ გაუვლიდა გულში: „რა დავაშავეთ, უფალო, რად აგვაღე ხელი, რად შესწყვიტე მოწყალება? მოხედე, უფალო, ჩემს გაჭირვებას, ჩემთა და ჩემის ქმრის მტერთა ბოროტებას“.
გაიფიქრებდა თუ არა ამ აზრს, შეეშინდებოდა თავისივე ბოროტებისა და თავს აფარებდა წყნარ სახატეს, სადაც ისევ უსიტყვოთ, უზადოთ ლოცულობდა.
ურიცხვ ამალისაგან სამი დარჩენილიყო სასახლეში, სხვები ნელ-ნელა მიიმალენ. ეს მცირერიცხოვანი ამალა კი ძველებურად სცემდა პატივს, როგორც დედოფალს.
მოხუც გამდელს ხშირად წამოცდენია, მიუხედავად გაზრდილის უსაზღვრო სიყვარულისა, ბედის კრულვა. წინათ ლოცვებში გართული, ყოველივე ზრუნვისაგან განთავისუფლებული, ახლა სადილ-ვახშმის მზადებაში იყო.
ახალგაზრდა ნათლული დედოფლისა ხმას არ იღებდა. ძველებურათ თან ახლდა: სასთუმალთან უჯდა; ხალისიანად ხელზე ემსახურებოდა: ხან ნემსს მიაწოდებდა, ხან კრიალოსანს მიართმევდა, მაგრამ მწუხარება ყოველ წუთში თან დასდევდა. დაეკარგა ნანატრი მომავალი: ჭირისუფალი საჭირისუფლო შეიქნა, და ეს აზრი უღრღნიდა გულს და უკრთობდა ფერს.
ვაჟთაგან მხოლოდ ერთმა არ უმტყუნა დედოფალს,
საკვირველი იყო, რომ თვით მთავრის შვილი არ სტოვებდა ყველასაგან მიტოვებულს. განსვენებული მეფის კურთხევის დღეს, იგი მამას მოყვა და მას აქეთ აღარ გაშორებია სასახლეს.
იწვევდა მამა. დასცინოდენ ამხანაგ-მეგობრები: ბატონიშვილობას მხლებლობა არჩიაო... თითქოს არ ესმისო - იგი რჩებოდა სასახლეში; იგი დაყვებოდა მეფეს და ემსახურებოდა დედოფალს.
იჭვნარევი კითხვებითაც მიმრთავდენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ქალები:
- ვინ უყვარს ნეტავი გედევანს?
- თუ უყვარდეს, რა უშლის, ვინ დაიწუნებდა?.. შეიძლება მიუწვდომელია მისი სატრფო?
- ?! - მობაასეს ღიმი გადაკრავდა და ენაზე მომდგარ სახელს კბილებით იჭერდა. მაგრამ, როცა გედევანმა დაჭრილი, თითქმის შეპყრობილი მეფე ხელჩართული ომიდან გამოიყვანა, მაშინ დარწმუნდენ, რომ იგი მეფის მეტოქე არ იყო დედოფლის გულის დაპყრობაში. მაშ ვის შეტრფის მთვარიან ღამეში - ვისზე დამღერს ნაღვლიანი ხმით ტკბილ ქნარს საოცნებო სიტყვებს:
- ცას შევყურებ; ნურვინ იფიქრებს, რომ მოციმციმე ვარ სკვლავის ცქერით ვტკბებოდე, არა, იქ ვეძიებ გულის სატრფოს.
ვუსმენ იადონს, არავის ეგონოს სტვენა მხიბლავდეს, არა - ყურს ესმის სხვა სანეტარო ტკბილი ხმა.
ვარდს მოწიწებით ვყნოსავ - სურნელება კი არ მცემს, ასე მგონია სანეტაროს გაშლილ ბაგეთ ფარულად ვეხებოდე.
მაშ რისთვის არის მოწყენილ-გაჩუმებული წინათ ენა-ტკბილ მოუბარი, მომღერალ-მოცეკვავე?
არვინ იცოდა.
სასახლის ტურფანი თავისთავს მიაწერდენ გედევანის აღტაცებულს, გაბრწყინებულს სახეს და კრიალა შემოძახილს ბაიათისას; მოხერხებული ყმაწვილი არ არღვევდა მათ შეცდომას, იქნებ ნამდვილ მიჯნურს ავაცდინო მოლაყბეთა გესლიანი ენაო.
ვინც მართლა იყო აზრთა და ოცნებათა საგანი, მანაც ორჯერ-სამჯერ შეამჩნია, თუ რა გრძნობას უღვიძებდა გედევანს გულში, მაგრამ ისე ლმობიერათ შეანიშვნია თვისი სიმტკიცე მეუღლე-მეფისადმი, ისე უყურადღებოთ დასტოვა გედევანის სიყვარულის ალი და მაგიერად და-ძმური ღიმილით დააჯილდოვა, რომ სამუდამოთ დაამალვინა აბჯრის ქვემ უკანონო ვნებათა-ღელვა.
გავიდა შვიდი წელი. დამალულია ყოველივე. დედოფალს აღარ ახსოვს ის ორიოდე გიჟური სიტყვა, გედევანს რომ წამოცდა; აღარ აგონდება უცნაური გამომეტყველება სახის. ან კი როგორ ემახსოვრება დედოფალს? ასეთი სიტყვა ხომ ათასს წამოცდენია, ასეთი თვალებით ხომ ყველა უყურებდა მას წამსა ბედნიერებისას.
სცდება დედოფალი.
გედევანის გამომეტყველება სხვა იყო, მის სიტყვებს სხვა ფასი ქონდა.
დედოფლის ბედნიერ დღეებში იგი ცდილიბდა ყოველივე ჭმუნვა, მწუხარება მისთვის აეცდინა. მეტოქე მეფეს თავს ევლებოდა, დედოფალს არ მიადგეს უსიამოვნება მეფის ავითო.
ანლაც კი, როცა დაქვრივდა დედოფალი, დარჩა უმწეოდ, გედევანი არაფერს ამჩნევინებდა.
სიყვარულმა რომ შეურაცხყოს დედოფლის ისედაც დაკოდილი გული, რომ იფიქროს მიშოვა დროვო, ჩემი დაცემით სარგებლობსო... ეს არ უნდოდა გედევანს. თვით სიყვარულს დედოფლისადმი ჩააქრობდა, უჩინარ ყოფდა, მაგრამ არ შეძლო დედოფლის ცუდი აზრი დაემსახურებინა. ვერ მოახერხა ისე შეყოლოდა საქმეს, რომ დაეჯერებინა, თუ რა უშრეტი გრძნობა დროთა სვლაში ღვიოდა მის გულში,
ფარულად გედევანი ცდილობდა აღედგინა სამეფო, გაედევნა მტერი, ტახტზე აეყვანა მის გრძნობათა და აზრთა დედოფალი, ქვრივი დედოფალი.
არავითარი პირადი ანგარიში არ ერეოდა მის სურვილში. მთავრის შვილს, ვაჟკაცს, ერთს პირველთაგანს სამეფოში, მასაც უნდა ქონებოდა განზრახვა, თუ მტარვალს გადააგდებდენ ტახტიდან, თვით დამჯდარიყო მეფედ. მაგრამ როცა ამ მიზანზე ერთს საიდუმლო მოლაპარაკებაში სიტყვა გადუკრეს, სახლში დაბრუნებული დაეცა ძელის ჭეშმარიტის წინ და აღთქმა მისცა, თუ სურვილი ამისრულდება, ბერათ აღვიკვეცები და სამუდამოდ მივატოვებ მიწიერ ზრუნვასო.
ამაოდ.
ცდამ, უფლისა მიმართ ვედრებამ, ვერ უშველა ქვეყანას, ვერ გაანთავისუფლა დედოფალი მტარვალის კლანჭებიდან, პირიქით, გამარჯვებული სარდალი ნელა, მაგრამ ბეჯითად ზღუდავდა გავლენას და უფლება დედოფლისას; როცა დრო მოვიდა, უდარდელად გაემგზავრა დედოფლის სასახლისაკენ უკანასკნელი საქმისათვის,
- აქ დაბრძანდი ტახტზე, - ურჩია დედოფალს გედევანმა, მიიღე ისე, როგორც შენ შეგეფერებოდეს.
- ნეტავი რა უნდათ ჩემგან?
- არ ვიცი, დედოფალო, კარგს ნურაფერს მოელი, მაგრამ სიამაყეს ნუ დაკარგავ.
- შენ არსად წახვიდე...
- არა, დედოფალო, მიბრძანე, რაც გენებოს,
შემოსულმა სარდალმა ერთი გადახედა იქაურობას, დაცინვით აათვალიერ-ჩაათვალიერა სამეფო ტახტი. მისი თვალები თითქოს ამბობდა „რაღა დროს შენი „მეფობიას“ თამაშიაო“ და მოურიდებლათ უთხრა:
- თქვენ აქედან უნდა წახვიდეთ!..
- სად? - ხმის კანკალით დაეკითხა დედოფალი.
- სადაც გსურთ. ყოველგან მოგენიჭებათ შესაფერი პატივი.
- რატომ? რა დავაშავე? - ძლივს წაოძოთქვა ქალმა, თვალები ცრემლებით აევსო. მთელი სხეული უთრთოდა.
- შენ მეთაურობ შეთქმულებას; შენი აქ დარჩენა შეუძლებელია! - მკვახედ და უზრდელად მიახალა სიტყვა სარდალმა.
- ღმერთმა კი იცოდეს, აქ არც ვინმე იყრიდეს თავს, არც ვისმე ვიცნობდე შეთქმულთაგანს. აი ეს ერთად ერთი კაცია...
ქალს შიშისაგან გონება დაკარგოდა და სიტყვებს უნებლიედ ლაპარაკობდა.
- ვიცი, ვინც არის... მაგას კურობა არ ყოფნის და სურს, თავი მეფედ და შენ დედოფლად დაგაგვირგვინოს, მაგრამ... ადექი, კმარა!
სარდალმა ხელი ჩასჭიდა ქალს და უნდოდა ტახტიდან ჩამოეგდო.
- ჭეშმარიტად კმარა! - ჩაიფუჩუნა ყმაწვილმა. ერთი ხერხიანად ჩაკრა ხანჯალი მტარვალს... უსულო გვამი უხმოდ დავარდა დედოფლის წინ.
- დედოფალო, ხმა არ ამოიღო, ახლავ შემოვარდებიან.
- მაშ მეც მომკალი, გადამარჩინე ტანჯვას.
- არა, დედოფალო! როგორც დიდებული იყავი, ისევ დიდებულად დარჩი უკანასკნელ წამამდი.
- მაშ რა ვქნათ? ამის დამალვა ხომ არ შეიძლება?!
- არც არის საჭირო, დედოფალს არ ეკადრება დამალვა.
- გავიქცეთ, წამიყვანე.
- დედოფალო, შენთან გაქცევა... გაშორება ქვეყნის, მხოლოდ შენთვის ზრუნვა - ოცნება იყო მთელი ჩემი ცხოვრება. მაგრამ ახლა აღარ შეიძლება. შენს სახელსა და სიამაყეს უნდა შევწირო ჩემი სიყვარული და შენი სიცოცხლე. ჩვენ უნდა დავრჩეთ... შენ - ტახტზე მუდამ დედოფალი; მე - შენი ქვეშევრდომი, მტერთაგან დამცველი.
დედოფალი წამოიწია,
- ბრძანდებოდე, დედოფალო. ერთი სიტყვაც კიდევ გამიგონე, მე დიდხანს ვიომებ. ბრძოლაში შენც მოგკლავენ. ვინიცობაა ბედმა ამაშიაც არ გაგვიღიმა - თვით მოიკალი თავი... აი დამბაჩა, არავის შეამჩნევიო კი... მოასწარი შორს გადაგდება... არავინ თქვას: დედოფალმა სილაჩრით მოიკლა თავიო.
გედევანმა დაიჩოქა, აიღო ცოცხალ-მკვდრად მუხლებზე დაყრილი ხელი დედოფლისა, მოწიწებით ეამბორა, შემობრუნდა და ხმამაღლა დაიძახა:
- გაუმარჯოს დედოფალს!..
შემოცვივდა სარდლის ჯარი.
გედევანი ხალისით და გაშმაგებით იბრძოდა; ჭრილობებს და სისხლისგან დაცლას თითქოს ვერ გრძნობდა, სანამ დედოფალს არ მოხვდა ტყვია; მაშინ კი დაიყვირა: „დედოფალი ტახტზე ბრძანდებოდა, სანამ არ მოკლა ურდოდ მოსულმა მტერმა; და ვერ მოკლეს დედოფალი, სანამ ერთი ერთგული ყმა მაინც იყო ცოცხალი“.
ამ სიტყვებით ტახტის წინ დაჩოქება სურდა, მაგრან სიკვდილმა არ დააცალა და პირქვე დასცა.