* * * * * * *
მწყემსი, ახალგაზრდა ვით გაზაფხული და ძლიერი ვით ბუნება, ამოეფარებოდა სასახლის წინ მდგომ ხეს და აკვნესებდა, ავედრებდა, ატირებდა სალამურს.
* * * * * * *
მეფის ქალი, ნაზი ვით ალერსი და მომხიბვლელი ვით ხელოვნება, სიამოვნებით ყურს უგდებდა სტვენას; აზრი კი არ ესმოდა, სანამ ერთ სუსხიან, ქარ-ბუქიან ღამეს გადიამ არ მოახსენა: „გაყინულა საცოდავი მწყემსი... სულ შენ სახელს იმეორებდა სიკვდილის წინო“.
* * * * * * *
დაყუდებულმა ბერმა აკლდამიდან გადმოხედა ქვეყანას, დილის პირველი სხივებით აფერადებულს, დიდებას ღვთისას თაყვანი სცა და აღტაცება უაღრესი შემოქმედებასა შეასხა, ქებათა-ქება უღაღადა.
* * * * * * *
მრავალგზის ტანჯული მონა საპყრობილეში დიდხანს სჭედდა ფარულად ჯაჭვს თავის ხსნისას. რომ გაათავა, მომავლის თავისუფლებით დამთვრალს მიეძინა, მტარვალმა იგი შებორკა ხსნისთვის გაჭედილი ჯაჭვით.
გონს მოსულმა მონამ ბედის კრულვა წამოიძახა.
* * * * * * *
მტრის ჯარი დაინახა მხედარმა და ცნობის მისაცემად თავისიანთა ბანაკს მიაშურა. მდევარი დაეწია და თოფი კრა. სასიკვდილოდ დაჭრილმა, სანამ ცხენიდან გადმოვარდებოდა, თავისივე სისხლში ამოვლებული თითით უნაგირს რამდენიმე სიტყვა დააწერა, მერე ცხენს გავაში ხანჯალი ჩაარჭო, რომ ცხენი ბანაკში მისვლამდი არ შეჩერებულიყო და თითონ...
* * * * * * *
დედოფლის მოახლემ არ იცოდა წერა, რომ ბარათი გაეგზავნა ნამალევად; არ ქონდა ნება, რომ დიდხანს ეცქირა, მაგრამ ერთის თვალის გადავლებით, შეხედვით, ერთის უეცარი შეხებით, როცა იარაღს მიართმევდა, ან ნაბადს მოახურავდა მთელ გულის ნადებს მსხვერპლად შეწირულის თავისას ეუბნებოდა გაღმერთებულს ბატონიშვილს.
















