მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 291 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სასეირნოდ გამოსული ბრბო ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილიყო მოედანზე და მხიარულობდა. ეს იყო ნამდვილი სახალხო დღესასწაული, რომლის დადგომაზეც წინასწარ ოცნებობენ ყოველი ჯურის კომედიანტები, ჯამბაზები, მხეცთა მგეშავნი და მეწვრილმანენი, იმ იმედით, რომ აინახღაურებენ მთელი წლის დანაკლისს.

ასეთ დღეებში, როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება ყველაფერი - სადარდებელიც და საზრუნავიც; ყველანი ბალღებს ემსგავსებიან. ბალღთათვის ეს დღე ხომ შვების დღეა, სკოლის დავიდარაბისაგან განთავისუფლებას მთელი დღე-ღამით. მოზრდილთათვის კი ეს ზავია ცხოვრების მტრულ ძალებთან დადებული, თავის დაღწევაა გამუდმებული დაძაბულობისა და ბრძოლისაგან.

თვით საზოგადოებაში გამოსული კაციც კი, ინტელექტუალური შრომით მცხოვრები, ჩაებმება ზოგჯერ ამ გადამდებ მხიარულების ფერხულში, ძალაუნებურად მასაც ჩაითრევს ხოლმე საყოველთაო უზრუნველობის ატმოსფერო. მეც, როგორც ჭეშმარიტ პარიზელს, არასოდეს გამიშვია შემთხვევა ქუჩის ამ სანახაობათა ჭვრეტისა, განსაკუთრებით უქმე დღეებში.

ირგვლივ მართლაცდა საშინელი კონკურენციის ატმოსფერო სუფევს: ისმის ღრიალი, ყმუილი, კივილ-წივილი; ეს ხმები სპილენძის გუგუნსა და აფეთქების ხმებს ერწყმიან. ჭრელჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი მასხარები ათასგვარად მანჭავენ შავგვრემან, ქარცემულ სახეებს, წვიმისა და მზისაგან გაკაჟებულნი, დიდი მსახიობის აპლომბით ისვრიან ენამახვილ კალამბურებს, მოლიერის იუმორივით მძიმესა და სოლიდურს. ჩაფსკვნილი ძალოსნები ამაყობენ თავიანთი დაბერილი კუნთებით, ორანგუტანგისებური ჩაჭყლეტილი თავ-კისრით გოროზად დააბიჯებენ წინადღით საგანგებოდ გარეცხილ შემოჭერილ რეიტუზებში. მოცეკვავე გოგონები ფერიების დარად დაცქრიალებენ ფარნების შუქზე, მათ ბრჭყვიალა ქვედაკაბებზე რომ ირეკლება.

ყველგან სინათლე, სიხარული, ყაყანი, ციებ-ცხელება. ერთნი ფულს იხდიან, მეორენი იხვეჭენ, თანაბარის ხალისით. ირგვლივ დიდი გამოცოცხლებაა, ბალღები დედის კალთებს ჩასჭიდებიან, თხოვენ შაქარყინულს, ხანაც მამებს ასხდებიან მხრებზე, რათა უკეთ დაინახონ ილუზიონისტი, მათ თვალში - ბრწყინვალე ღვთაება. აქ ყველა სხვა არომატს ახშობს ტაფაზე აშიშხინებული ერბოს სუნი, თითქოსდა საკმეველიაო ამ დღესასწაულისა.

ფარდულების რიგის ბოლოში დავინახე საბრალო, ბებერი ჯამბაზი, მოკაკული, ძალმიხდილი, თითქოს სირცხვილით გამოქცევიაო ამ დიდებულ ზეიმს - ეს იყო რაღაც ნანგრევი ადამიანისა. იგი თავისი გახუნებული კარვის ერთ-ერთ სვეტს მიყრდნობოდა, ასეთი დაძენძილი კარავი არც ერთ დაჩლუნგებულ და გაუბედურებულ ველურს არ ექნებოდა. აქ ძლივსღა ბჟუტავდა ორი, თითქმის ბოლომდე დამწვარი სანთელი.

ყველგან სიამე, სიხარული, ღრიანცელი, სარფა, ხვალინდელი დღის იმედი; ცხოველმყოფელი ხალისი; აქ კი უიმედობა, სიდუხჭირე - თანაც სიდუხჭირე ჯამბაზის ჩვრებში მორთული, თვით გაჭირვება ჰქმნიდა მყვირალა კონტრასტს, ყოველგვარი ხელოვნების გარეშე. ეს უბედური როდი იცინოდა! იგი არც ტიროდა, არც ცეკვავდა, არც მღეროდა, ჟესტითაც კი არ ითხოვდა შველას. იგი უძრავად და უტყვად იდგა, დამორჩილებოდა ბედს, დაეყარა ფარ-ხმალი. მისი ბედი გადაწყვეტილი იყო.

მაგრამ რა ღრმა, რა დაუვიწყარი მზერით ათვალიერებდა იგი ამ ბრბოს, ამ შუქურებს, რომელთა მორევი შეგუბებულიყო მისი დუხჭირი სადგომის მახლობლად! ბოღმა მომაწვა ყელში, თვალები ცრემლით ამევსო, იმ ჯიუტი ცრემლით, რომელიც თითქოს არ ლამობსო თვალთაგან გადმოღვრას.

რა მექნა? ხომ არ მეკითხა ამ უბედურისათვის, რა იშვიათობის, რა უცნაურობის ჩვენებას აპირებდა იგი აქ, იმ აყროლებულ ფარდულებთან, პატარა სცენაზე? მართალი გითხრათ, ვიდექი და ვყოყმანობდი, მეშინოდა, გული არ ვატკინო-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე ცოტაოდენი ფული ჩამედო მისთვის, იმ იმედით, რომ იგი სწორად გამიგებდა, მაგრამ ამ დროს რაღაც ალიაქოთი ატყდა, ბრბო დამეტაკა და წამიღო სხვა მხარეს და იგი დავკარგე თვალთაგან.

უკან ვიხედებოდი, თითქოსდა დევნილი ამ ზმანებით, თან გულისტკივილით ვამბობდი: რა ვნახე ახლა? განა ეს მოხუცებული მწერლის ხატება არ იყო, თაობა რომ შემოეცლება, რომლისთვისაც იგი ბრწყინვალე გართობის წყაროს წარმოადგენდა; განა ეს მოხუცი პოეტი არ იყო, რომელსაც არც მეგობრები ჰყავს, აღარც ოჯახი, აღარც შვილები, რომელიც გაჭირვებამ და უმადურმა საზოგადოებამ სრულ დაცემამდე მიიყვანეს და რომლის ფარდულშიც ამ გულმავიწყ და ცვალებად ხალხს აღარ უნდა შესვლა?

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ