ცხელი ზაფხულის გრილ საღამოს გერმანიის მივარდნილ პატარა ქალაქის ეზოიან ყავახანაში გზათ გამვლელი უნგრული მუსიკა უკრავდა. აქ იყვნენ პატარა ქალაქის პატარა არისტოკრატები, პატარა ქალაქის პატარა მდიდრები, სტუდენტები და მუშები.
მხიარულ, ამღზნებ მუსიკის ხმაზე საზოგადოება ლუდს ხშირად ეწაფებოდა.
განსაკუთრებულს ყურადღებას იქცევდა მუშათა სუფრა. აჩქარებით ლაპარაკობდენ, ლუდს საერთო ჭიქიდან სვამდენ, შედარებით ცოტას, რადგან ლუდი აქ ძვირია. უფრო მდარე ყავახანიდან უნდა მოსულიყვნენ მუსიკის მოსასმენად, სმა-ჭამით უკვე დაკმაყოფილებულნი.
ერთი მუშათაგანი მუსაიფში თითქმის არ ერეოდა და როცა ხმას ამოიღებდა, ამხანაგები მეგობრულად წაკრავდენ მუჯლუგუნს და ეტყოდენ:
- ნამდვილი პატრიოტი ხარ, ერთი წელიწადია ჩვენთან ცხოვრობ და ერთ სიტყვას ვერ იტყვი მართლად! - და ყველა გაიცინებდა.
უნგრელი იყო ჩუმი მუშა: იგი მოწყენით ისმენდა მუსიკას, ფიქრები ხმებს თან მიჰყვებოდა და სადღაც სხვაგან ტკბებოდა ჰანგებით.
მუსიკამ ჯერ ერთი დაუკრა, მერე მეორე, ხან ეს, ხან ის და ერთხელაც იყო დაიწყო ჩარდაში.
უნგრელს სახე გაუბრწყინდა. ვინ იცის, რა წარმოუდგა, რა მოაგონდა. სუფრის ქვეშ ფეხები აუთამაშდა; ქუსლები დააბაკუნა.
- ეი, კელნერ! - დაუძახა მან მსახურს: მთელი საზოგადოება მას მიაჩერდა - კელნერ, მიართვი დამკვრელთ ოთხი ბოთლი ჩვენებური, უნგრული ღვინო! უთხარით, კიდევ დაუკრან ჩარდაში.
კელნერი გაიქცა.
- ოღონდ ჩქარი... ჩქარი.. თითქოს ველში გრიგალი ტრიალებდეს... ცეცხლი და ქარიშხალი! - თვითონ გადასძახა მუსიკოსებს, რომელნიც ცოტა მოშორებით იდგენ.
მუსიკამ ხელმეორედ დაიწყო.
უნგრელი წამოხტა. ბუქნით ჩამოუარა, გაუსვა და შეტრიალდა, ერთი გასწორდა წელში და ისევ ბუქნას მიჰყო ხელი.
- ჩქარი! ცეცხლი! მეტი ცეცხლი!
მუსიკამ კიდევ აუჩქარა, მაგრამ უნგრელი წინანდებურად ცერებზე ტრიალებდა მწყობრად, ბუქნის დროსაც არც ერთი ტაქტი არ შეშლია.
- მეტი ცეცხლი სიცოცხლე და სიკვდილი! - კიდევ დასჭყივლა უნგრელმა.
მუსიკამ, მართლაც ცეცხლი მოუკიდა. უნგრელს ფეხი აერია, შემოტრიალდა, უეცრად დაჯდა სკამზე, მუშტი მუხლზე დაირტყა და სასოწარკვეთილებით ჩაიბუტბუტა:
- წამხდარვარ, წამხდარვარ კაცი: ფეხი ვეღარ ავაყოლე, ჩქარია... ლუდი და ჩარდაში ვერ არის მოწყობილი... ღვინო უნდა მესვა. მაშინ გაჩვენებდით, როგორ ცეკვავენ ჩვენი ბიჭები მთვარიან ღამეში, სოფლის გარეთ, იქ, დუნაის პირად.