მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2513 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნაწილი პირველი

1

 

რიონის პირად, დიდი მანძილი მაღალი ჯარჯიანი მესრითაა შემოზღუდული; ცაცხვებით, ჭანდრებით და ნიგვზებით დაფენილი ეზო, ოდნავ გამოკაფულ ტევრს ემსგავსება.

ძლივს მოსჩანს ხეებში მიმალული დაბალი აივნის სვეტები, ყავრის ხავსიანი მოღუშული სახურავი და ისლითა და ჩალის ღეროებით დაბურული ფაცხები.

ნასადილევია... ისვენებს ყოველი სულდგმული.

ხის ძირში სადგომების მოშორებით გაშლილ ნოხზე ზის საიდუმლო მუსაიფში გართული ოთხი კაცი.

- აი, მეფეს ნებავს დიდი წყალობა გიბოძოს.

- ისედაც კისრამდი სავსე ვარ ბატონის სიუხვით..

- მაგრამ მეფეს სურს გაიგოს, თუ რამდენად ერთგული ხარ მისი. ხომ იცი რა დროა ეხლა... ცარიელ სიტყვებზე აღარავინ არის სანდო.

- მართალი ბრძანებაა! ჯერ არაფრით დამიმსახურებია ნდობა... თუმცა სულით და გულით მზადა ვარ.

- ნდობა რომ დიდი აქვს, უტყუარია.. მხოლოდ შენც უნდა გაამართლო ნდობა.

- რითაც კი შემიძლია...

- დიდი საქმეა!

- მეფისათვის თავს დავდებ!.. განსვენებული მამაც მუდამ ამას მეუბნებოღა.

- მომწონს ჭეშმარიტად, რომ მამის კვალს მისდევ... ხომ იცი, დიდ ნადირს, დიდი ნაგაზები უყეფენ. დიდ მეფეს კი დიდი თავგასული ქვეშევრდომები ეურჩებიან.

- მათი მოდრეკა ბრძანოს მეფემ და ქუდზე კაცი გამოვალთ.

მაგი არ კმარა, ყოველი ჩვენგანი ცალ-ცალკე უნდა ეცადოს მეფის ორგული ჭკუაზე მოიყვანოს... მოსპოს..

- ჭეშმარიტი ბრძანებაა, - დაუდასტურა მეორემ.

- ხომ იცი, არჩილმა მეფის ურჩობა არ იკმარა და ახლა მთლად გადადგომას გვიპირებს...

- დიახ, ბატონო, ცოტა რამ მეც მსმენია... რაჭის ერისთავთან ერთად ცდილობს კახელი ბატონიშვილი გაამეფოს იმერეთში...

- მერე შენ რას აპირებ, იულონ? განსვენებული მამაშენი მეფის მარჯვენა ხელი იყო, თავს არ იზოგავდა, - შეაქო სახლთუხუცესმა იულონისთვის სათაყვანებელი მამის სახელი.

- რასაც მეფე მიბრძანებს. აი, ამას ვუცდი დიდი ხანია. პირველათ არაფერს ვამბობდი, რადგან ჯაშუშობა არ არის ჩემი ხელობა; მერე, როცა შეგამჩნიეთ, რომ თქვენც იცით ნამდვილი ამბავი, ველი მეფის ბრძანებას... ინებებს...

- შენ კი ნამდვილათ იცი?

- რაღა დასაფარავია, ორჯერ-სამჯერ ისეთი სიტყვები ჩამილაპარაკა, რომ უეჭველია, კარგი რამე არა აქვს გულში.

- და ამდენს ხანს არაფერს ამბობდი?

- აკი მოგახსენეთ მიზეზი... უსაბუთოდ ლაპარაკი რა საკადრისია!

- ვერ გამოგიჩენია საკძაო ერთგულება.. ნეტარხსენებული მამაშენი ასე არ მოიქცეოდა: მეფის განდგომილ ყმას თვით გასცემდა საკადრის პასუხს...

- მე რა ვუთხარი, ეს მე ვიცი... ყოველი სიტყვა არ მინდა დავამადლო მწყალობელ მეფეს, - ფიცხლად მიუგო იულონმა მობაასეს.

- კარგი, კარგი, იულონ, დამშვიდდი. კამათი არა ღირს, არც დრო გვაქვს. ჩვენ მოვილაპარაკოთ, თუ როგორ მოვაწყოთ საქმე, - ჩაერია მუსაიფის ჩუმი მსმენელი, მემარჯვენე ჯარის სარდალი, სეხნია, დიპლომატიური ნიჭის დიდი მოტრფიალე და თაყვანის მცემელი. მან გადასწყვიტა იულონის სულიერი განწყობილება გამოეყენებია. სარტყელზე ჩამოკიდებულ კვესზე სახლთუხუცესს ხელი დაადვა. თითქოს ეუბნებოდა, მაცალე, იულონი ცოტათი შემკრთალია, რომ მეფის ერთგულება მისებურად მტკიცედ ვერ დაიცვა, და მე როგორც ნათქვამია: „გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილათ მოუბარიო“

ეტყობოდათ, დიდებულ კარის კაცებს წინადვე მოელაპარაკნათ, იულონის მოსანადირებლად ვინ რას გააკეთებდა.

- ბრძანე, სარდალო, შეკრიბონ ჯარი, და, რაც შემფერის, ორი იმდენი კაცი თუ არ მოგიყვანო და ოდესმე უკან დავიხიო, მეფის სალამიც კი მომაკლდეს...

- ეხლა მაგ ზომა გამოუდეგარია...

- რატომ?

- არჩილს ქვემო იმერეთი გამოესარჩლება; რაჭის ერისთავი ხომ მუდამ მზად არის შვილის სისხლი აიღოს. ამით ისარგებლებს კახეთის ბატონიშვილი და ისე შემოვა ქუთაისში, რომ ხმალსაც არ ამოიღებს ქარქაშიდან...

- ...და სწორედ ის მოხდება, რაც ზოგიერთს გულში კი სურს, მაგრამ ვერ ამჟღავნებს, - თითქოს ვერ მოიმინაო, მზაკვრულად გააგრძელა სარდლის სიტყვები მესამემ.

- ბატონო, გადაკრული სიტყვების არ მეშინია. სჯობს საქმეზე ვილაპარაკოთ, - ამაყად უპასუხა იულონმა.

- პილპილი თუ არ გიჭამია, ენა რათ გეწვის? - ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა სახლთუხუცესმა, მაგრამ სეხნიამ ძლიერ ჩამოსწია წელში გარჭობილ მათარას...

- მოითმინეთ, ბატონებო, მოითმინეთ, დარწმუნებული ვარ, ორივე მეფის ერთგული ხართ და განსაცდელის თავიდან ასაშორებლად კარგი საშვალება რომ კერ გიპოვნიათ, ფიცხდებით; მაგრამ სიფიცხით ქვეყანა არავის მოუჭამია... ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერიო, ნათქვამია...

ყველა დადუმდა...

თავთავიანთ ფიქრებს მიეცენ.

ბოლოს იულონმა იკითხა:

- მაშ რას არჩევ, სარდალო?

- ზეგ შენი ციხის ახლო ჩამოივლის არჩილი... სულ ორი კაცი ეხლება, რადგან ნამალევად მიდის საწერეთლოში... შეიძლება გაჰყვეს კაცი და, სადაც მოსახერხებელი იქნება, იქ...

სარდალი გაჩუმდა.

სხვებიც სდუმდენ.

- რას იტყვი ამაზე, იულონ?..

– მე ვერ ვიზამ ამას და სხვა თუ იქმს, არც მას მოვუწონებ... - დაბალის ხმით უპასუხა იულონმა.

- წარმოიდგინე, სწორედ შენ უნდა ქნა.

იულონი ფეხზე წამოდგა.

სხვებიც ადგნენ.

- შენს მეტი არავინა გვყავს, შენ უნდა გვიშველო - ფეხზე ადგომის დროს დაუმატა სეხნიამ.

- ახლა რაღა დროს უარია! - წყრომით მიმართა იულონს სახლთუხუცესმა.

- ასე ადვილად ვერ გვეტყვის უარს - დაიქადა მესამე მობაასემ.

- რავა, ძალით მიპირობთ სახუნდარიდან კაცი მომაკვლევინოთ?.

- ასეთ სამსახურს თუ არ გაუწევ მეფეს, მაშ რად გიწყალობა უბრალო აზნაურს ციხე და მამული?

- ჯალათობა მამა ჩემს არ მართებია და ბაბუაჩემს, მე რაღა დაბალი ღობე მნახეთ?!.

- საიდუმლო გამოგვტყუე და ეხლა უარს გვეუბნები, სიტყვას ბანზე აგდებ?!.. - მრისხანედ უპასუხა სახლთუხუცესმა.

სამივე მობაასე ირგვლივ შემოერტყენ ყმაწვილს. ეტყობოდა, რაც ცბიერებით ვერ გააწყვეს, ძალით უნდოდათ მოეგვარებიათ... ყმაწვილი ცდილობდა თავიდან აეშორებია სამარცხვინო დავალება:..

„თუ გაჭირდა, ძვირად დაუსვამ თავს, მაგრამ თუ სისხლი დავღვარე, რომც გავიმარჯვო, მეფის რისხვასთან მთელი გვარეულობის და შეიძლება სამისაც მტრობა თავს დამატყდეს... სულელურად მოვიქეცი, თავიდანვე შემეჩერებია... ბავშვური ცნობისმოყვარეობა...“ - გაუელვა თავში იულონს.

- ნებით იქნება თუ ძალით, შენ უნდა გადაგვარჩინი არჩილს, - მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე მესამე მობაასემ.

თითქოს რაღაცა მოაგონდაო, ყმაწვილმა სიხარულით წამოიძახა:

- ჯანი გავარდნია! - ხმალში გამოვიწვევ!

ყმაწვილის სიტყვები ადამიანის გულის ნადების დახელოვნებულ მკითხველთაც წრფელად მოეჩვენებოდათ.

- მაგარი მკლავი გაქვს, მუხლი გერჩის და თვალი გიჭრის, - შეაქო სახლთუხუცესმა, - მაგრამ ჯერ ნამეტანი ყმაწვილი ხარ, გამოუცდელი, შენ კიდევ იზრდები, არჩილი კი ბევრი ომ-ჩხუბის ნაჭედი მომწიფებული ვაჟკაცია; ტყუილად ნუ ფიქრობ გაუმაგრდე... მერე რა ვუთხრათ დედაშენს, ჩვენც ღმერთი გვწამს და ქრისტიანები ვართ! - შენზე უღამდება და უთენდება... ერთად ერთ ნუგეშს შენ გიყურებს... ჩვენთვის კი როგორადაც უნდა გათავდეს შებრძოლება, შედეგი ცუდი ექნება, ყველა იტყვის, აქ მეფის ხელი ურევიაო. არჩილი ისე უნდა გაქრეს, რომ დაბურული ტყისა და მოღუშული ცის მეტი არვინ იყოს მოწმე... თუ...

რაკი ყმაწვილმა ერთხელვე დათანხმების ზოგიერთი ნიშანი აჩვენა, სახლთუხუცესი ძლიერ დინჯად და ჩუმათ ლაპარაკობდა... იულონი მიუახლოვდა... მობაასეთა სიფრთხილე ამან უფრო დაასუსტა: ყველა შეჯგუფდა და სახლთუხუცესს დაუწყეს სმენა...

იულონმა ისარგებლა წამით, ისეთი შეჰკივლა „აუ!“ რომ შეაკრთო იქ მყოფნი. სახლთუხუცესს სიტყვა გააწყვეტინა, გაფრინდა, გზა და გზა ჩოხის კალთები აიკაპიწა, ხმალი მოიმარჯვა და მესერს გადაევლო.

მოხუცებულნი ჯერ სახტად დარჩენ, მერე გამოეკიდენ, ღობეზე გადახტომა სახლთუხუცესმა არ იკადრა: სარდალი გადახტა, მაგრამ რაკი სახლთუხუცესი ჩამორჩენილი ნახა, მალე უკანვე დაბრუნდა; მხოლოდ მესამემ ერთხანს სდია. იულონი შემოუბრუნდა და მიაძახა:

- ტყვილა თავს ნუ შემაკლავ.. იანგარიშე, თუ მოსაგები არაფერი იყოს, თავიდან მომშორდი...

და მანაც თავი დაანება.

 

2

 

ჩქარი სიარული ფიქრმა შეუნელა, მიიხედ-მოიხედა და ისევ ჩაფიქრდა:

- ჯერ მეფემ არაფერი იცის, თორემ ისე სულელია, რომ დღეს წამოტორტლავდა რამეს... ცისკრიდან ვახლავარ... ხეირიანი სიტყვა რომ ვერ იპოვა, მუჯლუგუნს მირტყამდა... ასე ნებავდა, გავერთე. დედა, რა საწყალი რამეა ეს ცოდვის შვილი!.. მეფე მაინც არ იყოს!.. ერთხანს იჩხუბებენ ეს სულ წამწყდრები... ერთმანეთს დააბრალებენ, არა შენ იყავი დამნაშავე, არა შენო. არა შენ გაუშვი, არა შენ უნდა მიმხვდარიყავი, რომ უარს იტყოდაო; მერმე იფიქრებენ, დააწყობენ გეგმას, მეფესთან წავლენ, მომიწვევს ან მართლა ქურდულად მომაკვლევინებენ იმ კაცს, ან მე თითონ გამრისხავენ სასახლიდან... არა სჯობია შინისკენ გავეშურო, მაინც დიდი ხანია აქ დავრჩი... ყველაფერი ხელს მიწყობს შინ წასასვლელად... გამოთხოვებაც არ არის საჭირო... ვიტყვი, დედოფალთან შესვლა ვერ გავბედე, ნაღვინევი ვიყავი-მეთქი, ბატონს კი ნასადილევს გამოვეთხოვე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია-მეთქი... მეფეც არ ამხელს, რომ თვითონ იყო მთვრალი, და დაიჩემებს, კარგად მახსოვს როგორ მაკოცა ხელზეო...

 

* * * * * * *

 

გზის პირად ხის ძირში იულონის მხლებელს თედოს მკვდარსავით ეძინა.

- ადე! ადე! - და იულონმა ფეხი ჰკრა.

გიჟივით ფეხზე წამოვარდა.

- გეილეშე? შე საწყალო, თუ ნახე ღვინო, უნდა ბუზივით ჩაიხჩო შიგ. გეიქეცი და უთხარი, ბარგი შეკრან, ცხენები შეკაზმონ; შინ მივდივართ.

- ახლავე, შენი ჭირიმე.

ბიჭი ძუნძულით მირბოდა და ფიქრობდა: ამას რაღა ბუზარიკა შეუძვრა - გადირია ქვეყანა... მეც აზნაურიშვილი ვარ... რავა, უფრო ღარიბი რომ ვარ, იმიტომ მიგდებს?

 

* * * * * * *

 

- ერთი ახლა ლამაზი გოგო მოგვცა და ტკბილად ჩაგვაკოცნია;

- შენ საცოლეს ესმოდეს, გაყურებიებს სეირს...

- ვინ იცის, ძამია, ის ვის კოცნის? ახალწლიდან აქ ვყრივართ და.. მართლა, კი არ გეხუმრები! დღეს წყალწითელასკენ ვიყავი... რაცხა ხმაურობა მომესმა... რაცხა ამბავი უნდა მომხდარიყოს... შევჯდეთ ცხენებზე, გავიდეთ გაღმა, ავყვეთ სერს და გადაღმა ისეთს ორ გოგოს წავაწყდებით, ვარსკვლავს ეთამაშებიან და მიწაზე ფეხს არ ადგამენ... თუ უჭირთ - მოვეხმარებით, თუ არა და, მოვიკითხავთ, ვეტყვით: უბედურება რამ შეგემთხვათ გვეგონა და მოსახმარებლად გეახელთ-თქო... იამებათ... გამოვეცნაურებით.

- ვინ გოგოებია, ბიჭო?

- აგიაშვილის მეღორის შვილებია.

- ჰო, მეღორე კი არა, შე სულელო, აზატია ნამდვილი და თან იმ გოგოებს რომ უყურებ, შენ არ ჩამოგივარდებიან... თუ გეცენ, ქვეშ მოგიქცევენ...

- მასედაც იყოს... ქვევიდანაც მოუხერხებ, ერთი ძუძუში მოჰკიდე ქალს ხელი, და მერე ლავაშივით მოგეკვრება.

- ცივი ღომი პირს არ დაგწვავს...

- რას ბლანდავ, აზატიაო?

- რავა და, კარგად... ის ადგილი წინათ მესხის ყოფილა; მესხი ამოწყვეტილა და მეფეს მიუცია აგიაშვილისთვის. მასაც აქ გადმოუსახლებია ერთი ოჯახი... მერე სამად გაყოფილან... ხო იცი, ბატონის წყალობა და აქაური მიწის სიუხვე მალე გაუმაგრებდა ზურგს. მესხები მუდამ ედავებიან. ორი ძმა მოუკლავთ. ეს ერთი დარჩა. მას შემოეხიზნენ დანარჩენი ძმების შვილებიც. ორი ქალიშვილი და ერთი პატარა ბიჭი.. მოხუცის ძმისწულები არიან...

- სულ ერთია აზატია თუ არა, არ მოგეწონება თუ?.. - ფილიპემ ულვაში გადიგრიხა და უნაგირს ხელი სტაცა... - წავიდეთ...

- რამ გადაგრია... ჩემი ცხენი ავად არის.

- ჯორზე შეჯექი...

- კაია შენმა მზემ! თუ გლახად წევიდა საქმე, მე უნდა მომბეგვონ - შენ კი ითოხარიკებ, რა გიჭირს?!.

- დღეს თუ არა, ზეგ იყოს...

- ზეგ... მართლა ზეგ მარიამობაა: მეფეს წვეულება ექნება, მეორე დილამდის გასტანს... ჩვენც ჩვენებურათ წევიქეიფოთ...

ასე ლაზღანდარობდენ წამოწოლილი ბიჭები, რომ თავს წააწყდათ თედო.

- თქვე ოხრებო, რომ გიძახით, სადა ხართ?

- ერთი ბატონი შენ გამოგვიჩნდი? რომ ღრიალებ, რას ღრიალებ? - შეუტიეს ბიჭებმა.

- ჩქარა ადექით, თორემ გაიგებთ ვინცა ვარ...

- რა მოხდა, რა ამბავია?

- მივდივართ! ახლავე ბატონი მოვა! იჩქარეთ, თვარა მე არ ვიყო დამნაშავე...

- ჩემი ცხენი ავად არის...

- რა დაემართა?

- ყურები აქვს ჩამოყრილი, არაფერს ჭამს...

- ბატონს არ გაუმხილო, თორემ წაყვანითაც წაგიყვანს და რტყმევითაც ბევრს გირტყამს, რა გენაღვლება, სიარული იქნებ კიდეც მოუხდეს თუ მოსარჩენია, თუ არა და, ჯანდაბამდის გზა ქონია... ჩქარა!

მათ ლაპარაკზე ორი ყმაწვილი კიდევ მოადგა ფაცხას.

- სად დაიკარგეთ? ბატონი მარტო მობრძანდა და თქვენ სად დეეთრეოდით?! - შეუცაცხანა თედომ.

- კაცო, სასახლეში ვიყავით, ბატონს სულ თვალებში უყურებდით. ერთი წამით მოვშორდით - სახლთუხუცესის მოურავმა თითო ყანწი ღვინო დაგვალევია და მერე ვერსად ვნახეთ... სულ მოვრბოდით... ტყლიპი ჩაგვაწყდა.

 

* * * * * * *

 

იულონმა ეკლესიის გალავანში შეუხვია.

ხის ძირში, საფლავის ქვებზე, აქა-იქ ისხდნენ მამა ესტატეს შეგირდები: ზოგი გალობით დავითნს კითხულობდა, ზოგი ამოსაღებს იზეპირებდა; ორი კი, მიმალულ ადგილს მჯდომი, კოჭების თამაშით ერთობოდა.

ახალუხის ამარა, წვერ-ულვაშაბურძგნულმა მამა ესტატემ დერეფნის ჩრდილში მოვარჯიშე სამ დავაჟკაცებულ შეგირდს თავი მიანება და, სენაკიდან ძლივსძლივს გამოსულს, ფოსტალში ტიტველ-ფეხგაყრილ მოხუც მეუღლითურთ იულონს მიეგება.

- კურთხევა, მამაო, - მხიარულად მიესალმა იულონი.

- გაკურთხოს უფალმა და სამას სამოცდა ხუთმა წმინდა გიორგიმ. - მოწიწებით უპასუხა მღვდელმა.

- მამაო ესტატე დღეს მივდივარ, ცოტა რამ ხაბაკი მრჩება - ცოტა შემინახე, დანარჩენი მოიხმარე... ფქვილია, ღვინოა - ახლა იმას ხომ არ წევიღებ შინ.

- ახლავე, ბატონო, ახლავე... - ქმრის მაგიერ უპასუხა ანასტასიამ, რომელმაც აღარ იცოდა როგორ გამოეკვება თავისი ცხრა თუ რვა (თვითონაც ეშლებოდა რიცხვი: მგონი, ოცჯერ იყო ორსულად - მრავალჯერ მუცელი მოეშალა და ზოგიც დაეხოცა) საკუთარი შვილი და სახელოვანი მგალობელის, ოსტატი ქმრის აუარებელი შეგირდი.

- აბა, შვილებო, ეახელით ბატონს, - მიმართა ესტატემ იქ მდგომ ყმაწვილებს.

ბავშებმა იცოდენ, რას ნიშნავდა ეს ხლება; იცოდენ, რომ გზაში არა ერთს „ყლუნწსა და წრუპს“ უზამდენ ღვინით სავსე დოქს და თავ-ქუდ მოგლეჯილი აპირებდენ გაქცევას, მაგრამ ცოტათი შერცხვათ, მოერიდენ სახელი გაეტეხათ კეთილი დიასახლისის პურ-მარილისათვის და უფროსებს მწყობრად უკან გაყვნენ.

 

* * * * * * *

 

იულონის მხლებლებს დასალაგებელი და შესაკრავი ბევრი არაფერი ჰქონდათ.

პატარა საბანი, რომელსაც ბატონი იმ იშვიათ შემთხვევაში ხმარობდა ლებად, როცა ზევით ნაბადს გადაიხურავდა, ხურჯინში ჩასდვეს, ზურგზე თოფები გადაიგდეს და მზად იყვნენ.

კეცები ერთმა პაწია შეგირდმა აიღო ხელში; ტახტი სიცილით თავზე დაიდგა მეორემ; ფქვილი ანასტასიამ არავის დაანება, დამიბნევენო, და ღვინის დოქის ირგვლივ კი სამი დაულვაშებული ყმაწვილი ტრიალებდა, რომ შემდეგ მღვდლის გულკეთილი მეუღლის ბუზღუნზე - „დალახვროს ღმერთმა ან ბაღნების ეშმაკები, აკი გამინახევრეს ამოდენა კოკა“ ვითომდა წყენით ეპასუხნათ: „სადაური კოკაა, ერთი ნამცეცა დოქიაო“.

მოხუცმა ცოლ-ქმარმა ლოცვა-კურთხევა უკვე გაათავა, მაგრამ იდგნენ დაცარიელებულ ისლით დახურულ ფაცხის წინ, სანამ ერთხელ მიმალული მგზავრები გადახრილი მზით ასხივოსნებულ შარა გზაზე ისევ არ გამოჩდენ.

 

3

 

- ბატონო, აი ბიჭები როტავენ... იმ კედაროდან რაცხა ხმაურობა იყოო... ნეტავი აგიაშვილის კაცებს ხომ არ დაცემიან?

იულონმა ვაყა ცხენივით დაცქვიტა ყურები. თვით ყნოსვამ აგრძნობინა ნადირის სიახლოვე.

ჩაფიქრდა.

შარა გზით დიდხანს არ უვლიათ - იულონმა ცხენი ბილიკზე გადაიყვანა.

- ბატონო, თუ შინ მიბრძანდები, ძველი გზით ჯობია, - მორიდებით მოახსენა თედომ.

- მთვარე მალე ჩავა და სადმე გადავეჩეხებით, ამ სულელს ცხენი ქე გოუფუჭებია. კოჭლობს და გაძვალტყავებულია. - იულონმა წყრომით გადახედა მხლებელს. - ისევ მწიგნობართან გავითენოთ ღამე და ხვალ წირვის გამოსვლამდე ქე მივალთ შინ.

- თქვენი ნებაა...

- ბიჭო, ე, რო გეუბნებოდი, მზეთუნახავებს ვნახავ-თქვა, სწორეთ იმ გზაზე გევივლით - ჩაუფუჩუნა ერთმა მხელებელმა მეორეს.

- ვინ მზეთუნახავია, რას ბოდავ?

- რო გეუბნებოდი, მივეპაროთ-თქვა...

- შე ჩიჩია შენ, სახე მაინც გქონდეს ადამიანის?! ვინ მეგეკარება, რომ დეიწყებ ლაქლაქს?

- უი შე კაცო, ჩემისთანა ყაძახის შვილის კი არა....

- კაი ყველაფერი, მარა ბატონი რას გვეტყვის? - ბევრმა ლაპარაკმა ეს ბიჭიც ხასიათზე მოიყვანა.

- რას გვეტყვის და, არაფერს... მწიგნობრისას გევითენოთო რო თქვა, ვინ იცის, იქნებ, მოიმიზეზა და ნამდვილად კი ეძებდეს სხვისი ნანადირევის აკრეფას... თუ ღმერთი გაწყრა და პირდაპირ წევიდა, იქიდან გამევიპაროთ, ხვალ დილას ქე გავყვებით უკან, რავარც ახლა მივყვებით... მერე თუ გინდა, თითონ მე ვუამბობ, და იცინებს ბევრს...

- ვაი რომ გუნებაზე არ იქნეს და მოგვცხოს ორივეს!.. შენ არ ჩავარდნიხარ მგონია ხელში, გულმოსული რომაა მაშინ...

 

* * * * * * *

 

- ე, ბიჭო, კვამლი რო მოდის, იმათი ეზოდანაა. ხეები ფარავს... იმე, იმე, ეს რა ამბავია? - გაუკვირდა ბიჭს. იმე, რავა გადაბუგულა ყველაფერი... არც კაცი მოჩანს და არც საქონელი.

გაკვირვებული ბატონი და მხლებლები ერთი გორაკიდან მეორე გორაკისაკენ იცქირებოდნენ.

- წევიდეთ, ერთი ვნახოთ, რა მოხდა? - ბრძანა იულონმა.

თითქოს მარტო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სურთო, მაგრამ მხლებლებმა ბატონის გულის-ნადები იაზრეს:

- აკი გითხარი, თითონ შეუხვევს-თქვა! - ჩუმად შენიშნა ერთმა.

 

* * * * * * *

 

- ეი, არავინ ხართ ცოცხალი? - გამეიხედეთ!..

ჯერ ერთი ქალი გამოჩნდა, მერე მეორე... - ბუჩქებში იმალებოდენ... ეშინოდათ... რცხვენოდათ... ერიდებოდენ უცხო კაცებს...

- რა მოხდა, რა ამბავია?

- დაგვეცენ, დაგვწევს, დაგვხოცეს... '

- დალაგებით თქვი, დაია, რა იყო? - დაეკითხა ხელმეორედ იულონი და ცხენიდან ჩამოხტა. - თუ კარგი ვერაფერი მოგიხერხეთ, ცუდი მაინც არ გვინდა თქვენთვის...

- მოახსენე, მეფის ტოლი კაცია, შეგიბრალებთ... - გაათამამა თედომ.

- საზღვრებზე მუდამ ჩხუბი გვქონდა მესხთან, ბატონო, და...

- საზღვრებს მიზეზობდენ მესხები, თვარა ამ გლეხის დაფლობა სურდათ, შენი ჭირიმე, - ჩაერია ლაპარაკში თედო, რომ საგანი კარგათ გამოერკვია. - ესენი წინათ აგიაშვილის ყოფილან. მარა ცხონებული გაიოზ აგიაშვილს გაუაზატებია... მესხი კი თავს არ ანებებდა.

- მერე? - ისევ დაეკითხა იულონი ქალებს.

- დღეს საწყალ ჩემ ძმას საქონელი გაედენა... დაიჭირეს, ჩვენს ადგილებში ბალახობსო... მამა გამოსახსნელად გეიქცა... ჩვენც მივყვებით, ერთი გაშობა ქე გავაშობიეთ, მარა მეეხმარენ სახლიდან, პატარა ბიჭი მოჰკლეს და მამა დაჭრილი წეიყვანეს... ჩვენ ძლივს დაუძვერით ხელიდან...

- კარგათ მოუწყვიათ საქმე, - განმარტა თედომ ქალის სიტყვები. - ბიჭის მოკვლით ოჯახს ბურჯი გამოაცალეს, ბებერი მაინც მოკვდება და ეს ქალები სადმე წავლენ, აბა რას იზამენ?..

- გეეთხოვებია დალოცვილს ამდენ ხანს. - შენიშნა იულონმა.

„წაუწყდა სული“, - გაიფიქრა უმცროსმა ქალმა, რომელსაც ცხოვრების ჟინი უფრო ძლიერ ჰქონდა გაღვიძებული, მაგრამ არაფერი სთქვა და თავი მეორე დაზე უფრო დაბლა დახარა...

იულონი ჩაფიქრდა. დუმილი უხერხული იყო, ფიქრსაც კი უშლიდა, ამიტომ სთქვა:

- ერთი, ჩემი დაია, წყალს ვერ მიშოვი?

- ახლავე, ბატონო. - დები გაიქცენ.

იულონი ქვაზე ჩამოჯდა, შუბლზე ხელი გადაისვა, ფეხი-ფეხზე გადაიდვა და მიიხედ-მოიხედა.

ქუთაისის ახლოს... ორი მოსახლე... შეპატივებული... - უსრიალებდა თავში აზრი იულონს - ვსინჯოთ... ცდა ბედის მონახევრეა.

 

* * * * * * *

 

- კაცი ამას ქვია! - შენიშნა უმცროსმა.

- ვაი შე საცოდავო, მუდამ მაგი გახსოვს.

- კაი კია და...

- კაი თვარა შენთვისაა შენმა მზემ! - თითქოს შეეხარბა, რომ მალული სურვილის გამოთქმა დამ მოასწრო, გულის გასახეთქად უპასუხა უფროსმა.

 

* * * * * * *

 

- კაი გოგოები კია! - სთქვა იულონმა და გადახედა რევაზსა და ხოსიკას.

- კაი მოგცეს ღმერთმა! - კვერი დაუკრა თედომ.

- რავა დარჩენ ამდენ ხანს... ნებით თუ არა, ძალით მაინც უნდა შეერთოთ. ვაჟკაცები აღარ არიან, მგონი, ამ ქვეყანას.

- ღვთის წინაშე ცოდვაც კია მათი უქმროდ დატოვება, - და ეხლა თედომ გადახედა ბიჭებს.

ბიჭებმაც თავი ჩაღუნეს და ნელ-ნელა იქით დადგენ, საიდანაც ქალები უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ქალებმა სუფთა დოქით წყალი მოარბენიეს.

იულონმა მოიყუდა დოქი, ხარბად დალია - „აგაშენა ღმერთმაო“ - უთხრა და დოქი თედოს გადასცა.

- აბა, მეტი არ მცალია... ესაა ღამდება... ხოსიკა, რევაზა, თქვენ დარჩით და უპატრონეთ ქალებს... რაც აქვთ, ის მაინც არ წაართვან... თედო, ერთი თოფი დაუტოვე რევაზს. - არ დაკარგო, ბიჭო... - ხოსიკა, შენ ხანჯალიც გეყოფა.

- ერთი თოფი ჩვენც გვაქ, - ჩაიბუტბუტა უმცროსმა ქალმა.

- გაჩუმდი, შე სულელო, - წაუფუჩუნა რევაზამ, მაგრამ გვიან იყო.

- ეჰ, მცოდნოდა, აღარ დაგიტოვებდით ჩემ თოფს, მარა რაც ნათქვამია, გათავებულია... ხვალ ჩამოვივლი და იქნებ რამე დაგარიგოთ.

- გაკურთხოს ღმერთმა გულკეთილობისათვის. მადლი უთხარით ბატონს, მადლი, - თედო, როგორც კარგი დალალი, არიგებდა ქალებს.

- გმადლობთ, ბატონო, ღმერთმა გადაგიხადოს...

იულონი შემცირებული ამალით გაუდგა გზას.

 

* * * * * * *

 

- რა ამბავი ხდება ამ ჩვენს ქვეყანაში, - დაიწყო იულონმა მცირე სიჩუმის შემდეგ.

- რა ხდება და, ჭკუა უნდა ჰქონდეს კაცს...

- რავა?

- რავა და, შე დალოცვილო, ამდენ მგლებში რომ არ დააყენებდენ აზატათ, ვერ მიხვდა?.. სანამ ჯანი ჰქონდა და ღონე, კიდო ჰო, მარა, რომ დაბერდა, მეენახა სიძეები და ჩეესიძებია... ცუდი არავინ იკადრა, კარგს ხელში არაფერი მისცა და ცარიელ-ტარიელ ქალს ვინ ოხერი შეირთავდა?.. გლეხებისგან დაწყებული მირონცხებულ მეფემდის ყველას სჭირია ძლიერი მფარველი, მოყვარე და ნათესავი.

„ესაა ჩემი უბედურება, რომ არც ნათესავი მყავს და მოყვარე საიმედო, გაჭირვების დროს რომ მანუგეშოს, წელში გამამაგროს... დედულეთი სჯობია სხვებს, მაგრამ ისინიც დაუძლურებული არიან და შორს იმყოფებიან... ცოლოური კი ღმერთმა შეინახოს!“ - გაიფიქრა იულონმა, და რათა უსიამო ფიქრებიდან თავი დაეღწია, ხმამაღლა ჰკითხა თედოს:

- ვაჟისათვის უნდოდა უსათუოდ ყველაფერი.

- იმას ვამბობ სწორედ... სულწაწყმედილმა ეს ქალები სწორედ ვაჟს გადაატანა... არ გაათხოვა, ოჯახს მომვლელი დედაკაცი უნდაო და ახლა რაღას იზამს?

- ასეა, ძმაო, ყველას უნდა გვარი არ დაიკარგოს, ოჯახის კერა არ გააცივოს.

- შე მამაცხონებულო, რომელი ბაგრატოვანი და ბარათაშვილი მაგია? რა მაგის საქმეა გვარის ამპარტავნება... ჭამს, სვამს და ეყოფა ჩემგვარ კაცს... ვინმე ძლიერი კაცისთვის თავი დეეკრა, ორი ბიჭი ჩაესიძებია - ამ სიბერის დღეს ტკბილ ძილში გაატარებდა, პატარა ვაჟიშვილიც ცოცხალი ეყოლებოდა და კარმიდამო მთელი ექნებოდა.

- შენ, როგორც გეტყობა, თვითონ გეჭირა თვალი მაგ გოგოებზე?

- შენი რისხვა არ მომეცეს!

- არა! აჰ! აბა, რაზე იქნებოდი ასე გაბრაზებული?

- ბატონი არ მომიკვდეს... პატარა ბიჭი რომ ვიყავი, მაშინ კი გადმომკრა აგიაშვილის მოურავმა.

- რაო? სად გნახა?

- ქალბატონმა გამაგზავნა სააღდგომოდ კვერცხებისათვის... იქ ძაან მაგარი კვერცხი იცის, დაკირულივითაა და თქვენთვის უნდოდა.

- ჰო, ჩემო თედო, როცა ყმაწვილი იყავი, შეგახუმრეს, როცა დამოწიფულდი - უარი გითხრეს, და როცა ჩემთან დაწინაურდი, მაშინ ქე შეგეხვეწენ, მარა შენ აღარ იკადრე... ასე იქნებოდა... და ახლა უცოლშვილოდ, უსახლკაროდ რომ რჩები - ბუზღუნებ, გინდა ამოიყარო ჯავრი.

- ეშმაკია თუ საიდან გაიგო? - გაიფიქრა თედომ.

 

* * * * * * *

 

- აბა, დღევანდელ ამბავზე კრინტი არ დასძრათ...

- რავა გეკადრება, ბატონო? - უპასუხეს მხლებლებმა და გულში კი გაიფიქრეს: უყურე ხოსიას რა ბედი ეწვია?

 

4

 

მეფის სასახლეს ჩამოშორებული, მეგობარ-ნათესავებს მოკლებული ოტია, თავისის მოხუცი ცოლით წლობით არ გადადიოდა ჭიშკარზე, ყურადღებას არ აქცევდა, რომ ყმა გლეხობა მოვალეობას აღარ ასრულებდა, რომ დიდი ნაწილი მისი მამულისა მეზობლებმა მიითვისეს და კმაყოფილდებოდა, თუ დროგამოშვებით იშოვიდა დაობებულ ხელნაწერს და გაყვითლებულ ფურცელზე ერთ საყურადღებო ცნობას მაინც ამოიკითხავდა.

იულონი და მისი მხლებელი ოთახში შევიდენ. ყველაფერო ღარიბული იყო: კუთხეში ტახტზე გაფენილი უზეწრო საბანი და ლები... სასთუმლად უნაგირის ბალიში; კედელზე თარო წიგნებით; შუა ოთახში მაღალი სკამი, მის წინ მაღალივე თავდაქანებული მაგიდა და ზედ ჩამოკიდებული მელნით სავსე ხარის რქა; გრძელი სუფრა კედელზე მიბჯენილ სკამ-ლოგინის წინ და კიდევ ერთი სკამი.

- მობრძანდი, მობრძანდი, თქვენი სახლია, - ხელგაშლით მიეგება სტუმარს ოტია.

- მშვიდობა ამ სახლს და პატივი და თაყვანისცემა კეთილშობილ მასპინძელს, - კრძალვით უპასუხა იულონმა. მსახურმა ორივ მხრით გატენილი აბგა სუფრაზე დადგა. ქაღალდი ვიშოვე და მოგართვი, ვიცი როგორ საჭიროებთ.

მოხუცი მიუთმენლათ მივარდა აბგას, გადაათვალიერა ქაღალდი და უთხრა:

- აი მეფური საჩუქარი! დაბრძანდი! ეხლავე სამუდამოდ უნდა მოვიბოდიშო, რომ შესაფერისად ვერ შეგხვდები, მაგრამ რაც მაქვს, გულწრფელად მსურს გაუზიარო კეთილ სტუმარს. ერთს მაინც დაგავალებ... მცირე-ღა დამრჩა. ჯერ მენანებოდა, მერე მრცხვენოდა, მაგრამ ნელ-ნელა მაინც გამოვეთხოვე ჩემ საყვარელ წიგნებს... დამრჩენ ისეთნი, ურომლისოდაც აღარ შემიძლია ჩემის ნაშრომის დამთავრება და დამრჩა კიდევ უკვდავი შოთა, გულთასაოხად... როცა მეტისმეტათ შავი დარდი შემიპყრობს, ავიღებ შოთას, წავიკითხავ რამოდენიმე ტაეპს და დავშვიდდები. ჩემი მეუღლე ვერ იმეტებს სიტყვის ჯადოქარს... წინათაც მითქვამს, ანდერძშიაც მაქვს დაწერილი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი რჩება შენს უფროს ვაჟს... ოღონდ თუ ჩემი ბებერი ცოცხალი დარჩა, ჭადს ნუ დაამადლი და აი ამ წიგნებს მოუარე. ტყულა ნუ დაატაცინებ უმეცართ და ბიწიერთ.

- ღმერთმა დაგიფაროს სიკვდილი.

- არა, შვილო, მე თვითონ მინდა დიდხანს ვიცოცხლო: ჯერ არ დამიმთავრებია დიდი მატიანე საქართველოსი, მას ზედ უნდა დაერთოს რუქები და გეოგრაფია... მსურს აგრეთვე ავწერო რისიც დამსწრე ვარ... ხუთი მეფე გამოვიცვალე... შე რომ ცოლი შეირთე - უ, რა ბავში იყავი მაშინ, - მივატოვე სასახლე, მაგრამ მას მერმეთაც არ მასვენებენ... როცა დასჭირდებათ, მოვლენ, მკითხავენ, მაკითხებენ... სასახლის ამბავი ვიცი... ქათინაურად არ გეუბნები, ქაღალდს ხომ ვეღარ წამართმევ, - იოხუნჯა მოხუცმა, - დიდად მოხარული ვიყავი, რომ ჩემი კარგის მეგობრის შვილი და ჩემი დისწულის ქმარი დღევანდელ ბოროტებასა შინა არ ეფლება და ამას ყოველთვის მივაწერდი მშობელთა შენთა. აქაც, როგორც ყოველთვის, მართლდება ძველთა ნათქვამი; კვიცი გვარზე ხტისო...

მოხუცი მართალს ამბობდა. საქართველოს დიდების კარგად მცოდნეს, აწმყოთი გულმოკლულს, იმედი ჰქონდა მხოლოდ ახლადგამოჩეკილი აზნაურებისა, რომელნიც თავისი გამჭრიახობით, გამსჯელობით, სისპეტაკითაც კი ბევრად მაღლა იდგნენ მოდუნებულ სიფლიდეზე და მოტყუებაზე, მოანგარიშე დიდებულებზე და მათ მიერ სასაცილოდ აღებულ მეფე-მთავრებზე.

იულონი განცვიფრებით, პატივისცემით და თან შებრალებით შესცქეროდა მოხუცს, რომელსაც მისალმებაც კი დავიწყებოდა და პირველ დანახვისთანავე ისეთ უჩვეულო, ცხოვრებასთან დაშორებულ ლაპარაკს მიჰყო ხელი:

- თქვენს ოჯახში ბევრი უნდა იყოს სიგელ-გუჯრები, მეფეთა ბრძანებანი, დასტურლამალნი და მრავალნი მატიანენი... არ შეიძლება, რომ მათხოვო?..

- წიგნებს, როგორც გეახლები სახლში, მაშინ მოგართმევთ, სიგელეჯრებს კი... მომიტევეთ ეხლა ისეთი დროა, რომ საკუთარ შვილსაც კი საჩივრად გაგიხდიან, მეშინია მათი დაკარგვა... თუ გამაბედნიერებთ და მობრძანდებით, მე ყმა და თქვენ ბატონი...

- კეთილი, კეთილი, წიგნები ადრევე გამომიგზავნეთ, სიგელ-გუჯრებისთვის მე თვით გეახლებით.

- რაღასთვის გადავდოთ, ბატონო... ხვალვე წამობრძანდით... გაერთობით... დედაც დიდი მოხარული იქნება... თქვენი დისწული კი გემსახურებათ...

- გმადლობ, ვიცი პატივსაცემი დედათქვენის სტუმართმოყვარეობაც, მაგრამ ზეგ მარიამობაა და მივატოვო ოჯახი... - მოხუცს თანამედროვე ზრდილობა ნებას არ აძლევდა წინადადება დაემთავრებია, ეთქვა ცოლიო - უხერხულია...

- იქნებ ქალბატონმაც გამაბედნიეროს...

- არა, ბატონო იულონ, მას ცხენოსნობა აღარ შეუძლია, მომიხუცდა და დამიავადმყოფდა, თანაც წმინდა ზიარებისთვის ემზადება...

- შემდეგში მაინც მექნება იმედი...

- მე უსათუოდ ვისარგებლებ თქვენი პურ-ღვინით და ჩემი მეუღლე კი - ვეჭვობ...

- რატომ, ბატონო, ურმით არ დაიღლება!

- ე, ამ ჩვენ კრიახ გზებზე გოგორას თუ ააჭრიალებ, თორემ ურემი სად ივლის?! ქართლის გზები რომ იყოს... ყველაფერი რომ დალოცვილია იმ ქართლში, ჰავაც მშრალი და შეზავებული, ჩვენებურ უჟმურიან ჭაობს არა ჰგავს... ხილი გემრიელი და საამო სახილავი; ადამიანნი გულმართალნი და მტკიცენი, მეცნიერნი თავმდაბალნი, ჩვენ რაღა ცოდვა გაგვიდიდდა?

 

* * * * * * *

 

- ჩვენი ნეტარხსენებული მეფის სიკვდილის შემდეგ რომ კანონიერი მემკვიდრის მაგიერ ეს უნიათო გაამეფეს, განა იმიტომ არა, რომ ბურთივით სათამაშოდ ჰყოლოდათ?.. ახლა სარგებლობენ... ჩვენს საცოდავ მეფეს არც გონება აქვს მახვილი და არც ხორცით არის ძლიერი. რთულ საქმეს ვერ არჩევს და იძულებულია მას დაუჯეროს, ვინც რასმე ჩაჰფუჩუნებს.

- მაშ ასე დაიღუპება ჩვენი ქვეყანა?

ოტიას გაეღიმა... ხავსმოკიდებულ მოღუშულ სალ-კლდეს რომ დასცემს ქარ-ბუქი და წვიმა-თოვლი, ისე ბეჯითად ვერ გამოიყურება, გამოძახილი გამოქვაბულში ისე მედგრად ვერ გიპასუხებთ, როგორც მან სთქვა:

- აჰ, ფინიკიელები ვაჭრები იყვნენ, - გვჯობნიდენ მოხერხებით - დაიღუპნენ; ჩვენ - დავრჩით; ძლიერნი იყვნენ ჯარში რომაელნი - გვძლიეს; მაგრამ ჩვენ დავრჩით. სილამაზის მარად მსახურნი ბერძენნი გადაშენდნენ. ჩვენ კი ვართ, როგორც ჭანდარი სხვა ხეთა შორის... ჩვენ ვაჭრებიც ვართ, მეომარნიც და ქურუმნიც მშვენიერებისა, მაგრამ არაფერში ვაჭარბებთ... ჩვენი დღეც დადგება ოდესმე, უეჭველია, მაგრამ განგებას ჯერ არ გადაუწყვეტია.

- მაშ რა ვქნათ? რა უშველის ქვეყანას და რა მოგვცემს ოდნავ მყუდრო ცხოვრებას?

- ოტია დიდხანს ჩაფიქრებული იყო და ბოლოს ისე მოწყვეტით მოსჭრა:

- გადააგდეთ მეფე...

- რაჭის ერისთავს ავყვეთ?

- არა! არა! მაგას ღმერთმა გაშოროსთ: რაჭის ერისთავმ უნდა მხოლოდ ისეთ მეფე მოიწვიოს, რომელსაც წერეთლებისა და აბაშიძეების მაგიერ მარტო დაეპატრონოს და სურვილისამებრ ათამაშებდეს...

მოხუცი გაჩუმდა.

- მაშ როგორ? ვერ გავიგე თქვენი აზრი...

- იმოქმედე ისე, როგორც მამაშენი მოქმედებდა თავის დროზე. დედის მაგალითითაც ისარგებლე, - მცოდნე და გამოცდილ პირთაგანის სწავლა გამოიყენე. იცი შენ, რითი ამაღლდა შენი ოჯახი? როდის მიაქცია მტერმა და მოყვარემ განსაკუთრებული ყურადღება? მას მერე, რაც დედაშენმა ცხონებულ ბენედიქტე პატრს დაუჯერა და თხრილებით და წყალში დამალულ ჯებირებით გააღრმავა ციხის ირგვლივ მდინარე და მდინარეზე გადვა ასაღები, ჯაჭვზე დაკიდებული ხიდი. თქვენისთანა ციხე საქართველოში ახლა მეფეებსა და მთავრებს არ აქვთ. ასე რომ გამაგრდა ციხე, შემოგეხიზნენ გლეხები, აზნაურებმაც შენს კალთას შემოაფარეს თავი. გაძლიერდი, შვილო, გაძლიერდი, მაგრამ ძლიერება მოახმარე შენს ქვეყანას და სარწმუნოებას. აპატიე ჩემს ხნოვანებას, აგრე მამაშვილურად რომ გელაპარაკები.

- რას ბრძანებთ?! რას ბრძანებთ?! თქვენი დარიგება განგებისად საძებარია, მაგრამ მამაჩემი მეფის ერთგული იყო, ხომ?

- დიახ, მეფის... ნამდვილი მეფის... მთელ, განუყოფელ, ერთობილ საქართველოზე გამრჯელის მეფის, ძლიერის და არა იმერეთის პამპულა მეფის...

- დაწვრილებით მიბრძანე...

- აი რა, შვილო: საქართველო ირგვლივ მტრებია გარემოცული... ოსმალო, სპარსი, ლეკი. ეხლა მოსკოვიც ძლიერდება. ცალ-ცალკე ქართლი, კახეთი, გურია ოდიში ვერ გაუძლებს მოზღვავებულ მტერს... ნელ-ნელა გვწეწენ, გვანიავებენ... ხომ უყურებ, როგორ თათრდება საქართველოს საუკეთესო ნაწილი სამცხე, მესხეთი - სამშობლო პეტრიწისა, ნიადაგი ოპიზისა, მაგრამ თუ ერთად ვიქენით, თუ შინაური შფოთი მოისპო, მეფე თუ გვეყოლა ძლიერი და დიდებულთაგან დამოუკიდებელი, არაფერი გვიჭირს... დრო თამარისა და დავით აღმაშენებლის ისევ განანათლებს ღვთისმშობლის ხვედრ ქვეყანას. საქართველოს მესამედი ოსმალეთს უპყრია; დიდი ნაწილი სპარსეთმა დაიუფლა; თავისუფალი ჩვენი პატარა იმერეთი-ღა დარჩა... და ჩვენ უნდა გადავუხადოთ წინათ ჩვენზე გაწეული ამაგი საქართველოს დანარჩენ კუთხეებს.

- და მერე ვინ უნდა გააერთიანოს?

- შენ, მე, ყოველმა ჩვენგანმა...

- მამაჩემიც ამ აზრს ადგა?

- ჭეშმარიტად! და როცა ვერარას გახდა, ჩაიკეტა თავის ციხეში...

 

* * * * * * *

 

ტკბილ მუსაიფში ვერ შეამჩნიეს, რომ ფარეშს უკვე შემოეტანა ვახშამი - ამოლესილი ლობიო ღა დოქით ღვინო და ეხლა ხელსაბანი წყალით თავს ადგათ.

ხელი დაიბანეს. ვახშამი საჩქაროდ გაათავეს... და ისევ მიეცნენ მუსაიფს. ვერც ის შეამჩნია ოტიამ, რომ სახლში სრულიად დაღამდა, რომ მხოლოდ ერთი პატარა სანთელის სინათილე, ვით უმწეო ჭირისუფლის ლანდი, ნელა ირხეოდა ოთახში და ვერ ანათებდა.

იულონი გამოურკვეველ მდგომარეობაში იყო, უჩვეულოს გრძნობდა; - მოხუცი ცისკენ მიისწრაფოდა, უზენაესზე ელაპარაკებოდა. მოსწონდა და ვერ უჭერდა მხარს. კერძო, საკუთარი მიწიერი ამძიმებდა... თავში რჩებოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტათ სიტყვები: ჟამთა სიავე, მამული, კეთილი... და იულონი მეორე დილამდე სიამოვნებით იტორტმანებდა მოხუცის ცისფერ სიტყვებში, რომ პატივცემულ დიასახლისს მეუღლისთვის არ გამოეგზავნა მოახლე: „უძლებლად ბრძანდებით და მოისვენეთო“, რაზედაც ოტიამ გულუბრყვილოდ უპასუხა: მართალს ბრძანებს, ეხლავე, სტუმარიც შევაწუხე ჩემი მასლაათით... ღამე ნებისა...

იულონს ამავე ოთახში საჩქაროთ დაუგო მოახლემ.

სანამ ყმაწვილური ძილი არ მოერია, იულონი ფიქრობდა მასპინძელზე, რომელიც ვერ გატეხა ვერც ჟამთა სიავემ, ომში ცალი ხელის დაკარგვამ, ვერც სიღარიბემ და წმინდა ნებით გამსჭვალული თავის დარჩენილ ხელს ამოქმედებდა, რათა შთამომავლობისთვის „ერთობილ საქართველოს სადიდებლად გადაეცა ნაფიქრი და ნაგრძნობი... და უნებურად ადარებდა საკუთარ მამას, რომელიც ბუნდოვანად... და რომელიც მუდამ გაბურძგნული, მუდამ მის თვალწინ რაღაცას ბუტბუტებდა...

რამ დააჩაჩანაკა, რამ გააპირუტყვა ისე, რომ მისი ღვიძლი შვილი დასანახად ვეჯავრებოდი?

 

ნაწილი მეორე

1

 

- ძიძა, მუხლები მაგრად გაუკარი, - შენიშნა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბავშვს აკვანში აწვენდა.

იულონის ნებართვით თედომ აბულაძის სახლი დატოვა. გზაზე ბატონის ჯოგიდან თავისთვის ერთი კვიცის დამალვა მოასწრო, ქალბატონებს სასიამოვნო ამბავი ახარა, საჩუქარი მიიღო და ახლაც ცდილობდა რძალ-დედამთილის გულის მოგებას.

- გეშინია, თედო, მუხლსუსტი ბატონიშვილის? ღიმილით დაეკითხა ამ შენიშვნაზე უფროსი ქალი.

- როგორ არ შემეშინდეს, ქალბატონო, ამ წყეულ ქვეყანაში ვირის ამტანლობაა საჭირო და გველის მოხერხება... ვინ იცის, ღმერთმა კი დაიფაროს! რა მდგომარეობაში ჩავარდება.

- ასეთი დრო მუდამ ხომ არ გასტანს, სანამ მაგას დრო დაუდგებოდეს, ღმერთია მოწყალე, დამშვიდდება ქვეყანა... - ჩაერია მუსაიფში აივნის ფართო ქვის მოაჯირზე მჯდომი, სვეტზე მიწოლილი ფერ-მკრთალი ქალი, რომელიც შორს სივრცეში დაკვირვებით იცქირებოდა.

- ჰე, პატარა ქალბატონო, აგერ ორმოც წელს მეც გადავაბიჯებ, ოცი წლის წინათ ოთხმოცი წლის მამა გარდამეცვალა. მისგან გამიგონია, მშვიდობიანი დღე ერთი არ მინახავსო. მეფენი, მთავარნი და დიდებულნი რომ შეიკრიბენ ზავისა და კავშირის შესაკრავად, დიდ გიორგის, თქვენს პეპერას - თედომ უფროს ქალისკენ მიიხედა - მგალობელთა გუნდში მეც ვახლდიო - ბაბუამ ცხენზე შემისვა და ისე წამიყვანაო - კარგი დამწყები ვიყავიო... განსვენებულმა კათალიკოზმა პარაკლისი გადაიხადა სიმშვიდისთვის, სათნოებისთვის, დასწყევლა, შეაჩვენა და გადასცა ორგული და მოღალატეო.. მარა სამჯერ ტყვედ ვიყავ წაყვანილი, ოციოდე ჭრილობა მაქვს და სულ ქართველებისგანაო... და მეც, ქალბატონო, ხომ მოგეხსენებათ, კატის კნუტივით დამათრევდა ხან ერთი თარეში და ხან მეორე...

- ისაა, ის!! - დაიძახა ახალგაზრდა ქალბატონმა და მეორე ქალს მიმართა - თქვენი ვაჟი გეახლებათ...

უფროსმა ქალმა უნებლიედ ხელი კავების გასასწორებლად ასწია და, ხელში რომ არაფერი მოხვდა, ადგა:

- მე წავალ, შვილო, მოვემზადები შესახვედრად... შენც შენს ოთახში წადი, ბიჭუნაც წაიყვანე და იქ შეხვდით... თედო, მღვდელს მოახსენე.

ყველანი დაფაცურდნენ.

ციხის საყდრის სამრეკლოდან მოისმა ზარის მხიარული რეკა.

 

* * * * * * *

 

ციხის ასაშენებლად მდებარეობა ბუნებას წინათვე განუმზადებია.

ორი ხევიდან ორი მდინარე ყვირილით, კასკასით, შხუილით და შხეფით გამოდის, ერთმანეთისკენ მიისწრაფის და სწორედ იქ, სადაც უნდა შეერთებულიყვნენ, ხვდება მაღალ კლდოვან მთას, ერთმანეთს შორდება, ორივე ნამგლის პირივით იღუნება, გარს შემოუვლის გორას და მხოლოდ მერე სამუდამოდ, ერთმანეთს ეხვევა.

მდინარეებს ყოველი მხრივ შემოუზღუდავს საკმაო სივრცე... ჭალები, ტყე და მათ განაკიდა მხარეზე გორაკი. გორაკს კალთები ჩამოკვეცილი აქვს ისე, რომ სამის მხრიდან კაცის ასვლა ყოვლად შეუძლებელია... მხოლოდ ერთი მხარე ნელ- ნელა ეშვება... და აქ წყალია, ყელს შუა, განგებ ღრმა თხრილია გაყვანილი, რომელზედაც გადებულია ხიდი.

სანამ ამ ხიდს ცხენოსნები მოადგებოდნენ, ციხის ეკლესიიდან ზარის მხიარულმა რეკამ იმატა. დარაჯმა სიჩქარით ჩამოუშვა ბოგირი? თოხარიკით მომავალმა ცხენოსანმა დაქადებით დაუძახა მეციხოვნეს:

- რამდენჯერ მითქვამს შენთვის, სანამ წყალს არ მოადგება მოსული, კარგად არ შეხედავ, ვინც არის, ხიდი არ გადვა- მეთქი...

- სასახლიდან დაგვიძახეს, ბატონო...

- მე რასაც გეუბნები, ისე ქენი, თორემ აგიწითლებ ზურგს.

- ქე გიცანი, ბატონო...

- ბევრს ნუ ყბედობ - და ახალგაზრდა ცხენოსანმა ცხენი შეაჩერა, - როცა ვინმე მოვა, დაუცადე მთლათ ნაპირზე მოსვლამდის, კარგათ დააკვირდი, თვალი ხომ არ გატყუებს... ჰკითხე, რომ ხმაზე მაინც იცნო, თუ ოდნავ საეჭვო კაცია, უფროსს დაეკითხე და მერმე ჩაუშვი ხიდი, თორემ ერთი თოფის სროლაზე ვინ ვის გავს, ღმერთმა იცის... იქნება მოყვარე გეგონოს და მტერი კი გამოდგეს. აბა, ასწიე ისევ ხიდი.

მეხიდემ ასწია, მაგრამ ხიდი საკმაო სისწრაფით არ ნებდებოდა.

- ეს რაღაა? - ცხენოსანმა შეკონჯილ თოკზე მათრახით მიუთითა.

- ჯაჭვი გაწყდა, ბატონო, და გაკეთება ვერ მოასწრეს...

- მერე თოკი რომ ვინმემ გადასჭრას, ხომ თავისუფლად ითარეშებს მტერი და მოყვარე?

- ვინ გამიბედავს, ბატონო, - ჩაიცინა მეხიდემ.

- კარგია, სულელობას ნუ იგონებ. მჭედლებს დაუძახე, ახლავე შეაკეთონ... ხუროს უთხარი, ჭოჭონაქი გაძოსცვალოს, თუნდაც მთელ ღამე იმუშაოს, ოღონდ მეორეჯერ არ ვნახო ასე მოუწყობელი, თვარა დაგთხრი თვალებს... გესმის?..

- კი ბატონო, შენი ჭირიმე!

ციხის კარები ღია იყო

ჭიშკარში შემოსულთ მღვდელი დახვდა.

ცხენოსნები გადმოხტნენ, მოწიწებით ემთხვივნენ ჯვარს და ყველანი შევიდენ პატარა ეკლესიაში, რომელიც უკვე სავსე დახვდათ.

მცირე პარაკლისი გადაიხადეს.

სასახლის მღვდელი მკაფიოდ ვერ კითხულობდა საღვთო წიგნებს, მაგრამ მთლად აერია ანგარიში, როცა მოაგონდა, რომ ყანის მორღვეულ ღობესთან, სადაც ბატონის მოსვლამდის მუშაობდა, ბალახობდენ მისი მეწველი თხები...

საქალებოში ამაყად მდგომმა დიდმა ქალბატონმა ბოლოს ვერ მოითმინა და ხმამაღლად მწყრალის ხმით გაუსწორა:

- მანდ სწერია, „და სულისა შენისათანა“... რა მიგარბენინებს... ჯორს ხომ არ მიაჭენებ...

მღვდელს შერცხვა, შეჩერდა, ხმას დაუკლო, მაგრამ მორჩილად განაგრძო...

მხურვალედ ლოცულობდა ახლად მოსული.

„ღმერთო, მიწყალე მე, ცოდვილი“, - წარმოსთქვა მან, როცა მღვდელმა ლოცვა გაათავა და ჯვარი გამოიტანა სამთხვევად - „შემინდვე, რომ დღემდე ვერ ავასრულე აღთქმა და შენი უბიწო ხატი ვერ შევამკე ღირსეულად... მიიღე ცოდვილ იულონისაგან მისი ცოლ-შვილის სადღეგრძელოდ ჯერ ეს მცირე შესაწირავი“ - და ყმაწვილმა ხელიდან წაიძრო ძვირფასი ბეჭედი და ხატის თაროს წინ დადვა.

მერმე გაიხედა უკან და მარჯვნივ და მარცხნივ ყველას თავი დაუკრა

- გამარჯობა თქვენი, ძმანო და დანო, ერთგულნო ყმანო და მსახურნო.

- ღმერთმა ბატონს გაუმარჯოს, ღმერთმა დღეგრძელი გქმნას შენი ცოლ-შვილით ღვთის სადიდებლად, ჩვენდა ნუგეშად.

იულონი მიესალმა მღვდელსა და მოხუც შინაყმებს ეკლესიაშივე, ზოგს გამოელაპარაკა და სახლში შევიდა.

ქალები თავ-თავის ოთახში უცდიდნენ.

ორი მხლებელი მაინც არ შორდებოდა.

დედაც კი მოკრძალებით მიესალმა შვილს.

- როგორ ბრძანდები, დედა-ბატონო?

- ვარ, შვილო, როგორც შემფერის კაი შვილის და სამი შვილის-შვილის მყოლე ქვრივს...

- როგორ სამის, ვერ გავიგე, დედა?

- პირველად მე მინდოდა მეხარებინა... ფეხმძიმედაა...

ყმაწვილს მოუთმენლობა დაეტყო.

- წადი, შვილო, წადი... დღე და ღამე გელის... ჭკუიანად იყავი ამიტომაც გითხარი წინდაწინ, ფეხმძიმედაა-მეთქი... არ ისულელო, მერეც მოესწრები. - ეშმაკურის ღიმილით გაუალერსდა დედა.

ყმაწვილი გავიდა.

მხლებლები იქაც მიყვებოდენ, მაგრამ ყმაწვილმა შეაჩერა:

- წადით სახლში...

პატარა სარკმლიდან ჩამოპარული სხივი დიდ ოთახს არ ყოფნიდა, კუთხეში ძლივს მოსჩანდა დაგებული განიერი და გრძელი ლოგინი; დაშორებით აბრეშუმის სანაქსელა, რომლის წინ იდგა პატარა სამფეხა სკამი და ზედ აბრეშუმის ძაფით ფირფიტი; ეტყობოდა, აქ ვიღაც მუშაობდა და ეს-ეს არის ამდგარიყო.

თინათინს აკვნისათვის დაეყრდნო თითები, მაგრამ წინ გადახრილიყო და მოუთმენლად ელოდა... ყურადღებად გადაქცეული ყოველ მცირე ხმაურობას უკვირდებოდა. პაწია ორიოდე წლის ბავშვი, რომელსაც ცალი ხელი დედის კალთისთვის ჩაეტნია და თავი კი მუხლებზე მიეყრდნო, დედის აღელვებით განცვიფრებული უხმოდ იდგა და ისიც ელოდა რაღაც უჩვეულოს.

იულონი ჩქარის ნაბიჯით შემოიჭრა და ცოლს გადაეხვია. უყურადღებობით გულნატკენი დედ-მამის კალთებში გახვეული ბავში აჭუჭყურდა, ატირდა.

- გაჩუმდი, შე გლახა, გაჩუმდი, მამა მოგივიდა.

იულონმა ბავში აიყვანა და აკოცა.

ბავშმა ისეთი ყიჟინა მორთო, რომ დედამ, რათა იულონი არ შეეწუხებინა, საჩქაროდ გამოართვა და ლოგინზე დაჯდა

- აი, შე სულელო, მამაა, ბიჭო! რა გაღრიალებს? - სიხარულით, ღიმილით და ალერსით ეუბნებოდა ქალი.

იულონმა იარაღი აიხსნა და სასთუმალთან დადო.

ბავშვიც მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა ხანჯლიანი ღვედის ხელში თამაშის ნება მისცეს.

- რას შვები, როგორ ცხოვრობ?

- ღვთისა და თქვენის წყალობით.

- ეს ვაჟკაცი როგორ ბრძანდება? - ღიმილით დაეკითხა იულონი და ოდნავ შეანძრია აკვანი.

- მაგი ძალიან კარგად არის.

იულონმა თანდათან წელზე მოხვია ხელი.

- ეს რაა, როგორ გამსხვილებულხარ?

ქალს ვითომ შერცხვაო:

- ჩუ!

- რაღა ჩუ, ღმერთი უყურებს თუ კაცი - იოხუნჯა იულონმა.

ქალმა ისარგებლა შემთხვევით, გააღო ლოგინის თავში მდგომი საწნეხლის ოდენა ზანდუკი, ამოიღო ბაშლაყი და ქმარს უთხრა:

- ნახე, როგორ მოგეწონება.

- მშვენიერია... როდის დაისწავლე ასეთი ქარგვა?

- გადიამ მასწავლა

- სადაა მართლა ჩემი გადია?

- გარდაიცვალა საწყალი აგერ სამი თვეა.

- რატომ არ შემატყობინეთ?

- წყლები იყო ადიდებული, ყველა ბონდი წაიღო, მგლებიც ისე გახელდენ მაშინ, რომ ჩვენ ჭიშკართან მოდიოდენ და ღმუოდნენ გულსაკლავად.

- პატივი თუ ეცით მაინც?

- ისეთი წვიმები დაგვესწრო გასვენების დღეს, რომ ხალხი ვერ მოვიდა, სასაფლაომდის მაინც გავყევი.

იულონს დაეკარგა ნამდვილი დედა, ნამდვილი აღმზრდელი. გადიასაგან ნაამბობი რამდენი მომხიბლავი ზღაპარი, რამდენი ლექსი ახსოვს იულონს: რამდენჯერ დაუძინია მის კალთაში, რამდენჯერ დაუტუქსავს გადიას, და წრფელი გულიდან აღმოხეთქილი მწარე სიტყვები უთქვამს... „და უცრემლოდ, დაუტირებლათ დავტოვე საწყალი...“

თინათინი კი ზანდუკიდან კიდევ და კიდევ იღებდა შეხვეულ ფუთებს და მორიდებულის ალერსით ეუბნებოდა:

- აი დარაიას პერანგები შეგიკერე... აბრეშუმის წინდები მოგიქსოვე...

- მამზითვებ? ქალი ვარ თუ?

ქალს თითქოს ეწყინაო, უკმაყოფილოდ უთხრა:

- ასე იცი ყოველთვის...

- არა! არა! ძლიერ მადლობელი ვარ, რომ არ დაგვიწყებივარ... მეც მოგიტანე ცოტა რამ: კრიალოსანი, ქოში... ნახე ხურჯინში...

- რამ მოგაწყინა, რაა, რომ ერთზე ლაპარაკობ და მეორეზე ფიქრობ?

- შემაწუხა გადიას სიკვდილმა.

- მეც ბევრი ვიტირე... დედა ბატონიც ძლიერ შეაწუხა მისმა სიკვდილმა.

- ყველაფერი, რაც კარგია ჩემში, მან შემათვისა... მაგრამ კარგი, მივატოვოთ... შენი ამბავი მითხარი, როგორ ცხოვრობდი.

- ძლიერ მოწყენილი ვიყავით. შენგან ამბავი არ მოდიოდა, ბავშები ავადმყოფობდნენ.

- რითი?

- ჯერ წითელა სჭირდათ, მერე მგონი თვალი ეცათ.

- ხომ შეალოცვინე?

- როგორ არა... კაცხიდან მოვაყვანინე შემლოცავი. იმდენი ამთქნარა საწყალს, იმდენი... მერე ორივე გამოკეთდა...

- შენებს არ უნახავხარ?

- არა.

- მაშ სულ მარტოდ-მარტო ატარებდი დროს?

ქალმა ნიშნად თანხმობისა აღარაფერი უპასუხა.

იულონმა ხელი მოხვია, გულზე მიიკრა და აკოცა.

- აწი ხომ დიდხანს დარჩები სახლში?

- არ ვიცი, ღმერთმანი! მგონი, ისევ მალე მომიხდება წასვლა.

- და ისევ მარტო უნდა დავრჩე?

- დედა იქნება შენთან.

- კი მარა, დედა... ბატონია!..

- შენ უსათუოდ ტოლი გინდა? მაგიერად სანამ აქ დავრჩები, სულ ნადიმებს გაგიმართავ, ნარდს გეთამაშები, სამწყერეთაც წაგიყვან... ხომ შეგიძლია აგერ სათიბამდის ჩამოსვლა.

- თუ დედა ნებას მომცემს, კი...

- მოგცემს, მოგცემს, ნუ გეშინია და ქეიფს კი ხვალვე გაგიმართავ.

- არ მინდა, არა! მერე იყოს, ჯერ მიიხედ-მოიხედე ოჯახში!..

- იმასაც მოვესწრობით, - ეშმაკურის ღიმილით უთხრა იულონმა.

- მაგისთვის არ გეუბნები, ღმერთმანი, - დარცხვენი უპასუხა ქალმა, - მარა ჯობია ჯერ შინაურებში მარტო ვიყოთ, მერე კი დავპატიჟოთ სტუმრები.

იულონს უკვე უნდოდა დათანხმებოდა, მაგრამ მოაგონდა მწიგნობარის სიტყვები და გაიფიქრა, „არა, საქმეს ეხლავე უნდა შეუდგე, ვინ იცის, როდის მომიხდება სახლიდან წასვლაო“ და დაიჟინა:

- არა, ხვალ.

- ერთს არ მაალერსებ შენს თავს მაინც?

- ღამ-ღამობით... - ჩაუფუჩუნა ცოლს და წამოდგა.

- რა ქვიოდა გადიას? - დაეკითხა იულონი.

- არ გრცხვენია? შენი გამდელის სახელი აღარ გახსოვს? - ღიმილით და თან გაკვირვებით უპასუხა თინათინმა.

- ვისგანაც კი გამიგონია, ყველა გადიას ეძახდა და საიდან მემახსოვრებოდა მისი სახელი.

- მარიამი, ბეჩა!

- ჰო, ახლა კი გამახსენდა კიდევ უკეთესი, ხვალ ბარეღამ გადიას აღაპსაც გადავიხდი... თედო, - გადაჭრით დაიძახა იულონმა.

თედო მალე მოვიდა.

- აბა, თედო, ხეა კაი ნადიმი უნდა გაგვიმართო.

- თქვენი ნებაა, ბატონო..

- არა, ისე, ჩვენ რომ გვეკადრება და ჩვენს უკეთესსაც!..

- რა დიდი ამბავია, ბატონო: ღვინო გვაქვს, ღვთის წყალობით, და პური.

- აბა შენ იცი, ახლავე გააგზავნე თინათინის დედულეთში კაცი, მოიკითხოს ჩემ მაგიერ და ხვალისთვის დაპატიჟოს; მეორე კაცი ჩემს სახლი-კაცებს გაუგზავნე; გააგებინე ყველა ჩემს ყმასა და საბატონოს მოვიდნენ ისე, უძღვნოდ, ხელცარიელი.

- მაგდენს ვერ მოვასწრებთ, ბატონო, ბევრი ხალხი იქნება და შევრცხვებით.

- ო, ნუ დამიწყებ ახლა... ახლავე ჩაანთებინე თორნე... დღესვე დაკალი ძროხა და ცხვრები; კალმახზე არ დაგავიწყდეს, შიმაშვილებს შეუთვალე; აქ კი წისქვილის სათავე გადაუშვი, ხომ არავის უთევზია იქ?

- არა, ბატონო! რავა გეკადრება? ვინ გაბედავდა?

- დანარჩენს ხვალაც მოასწრებ.

- კაი, ბატონო, რასაც მოვასწრებ, ხომ მოვასწრებ და...

- ა, ა, მაგისთანები არ იყოს.. სადილი უნდა იქნეს ისეთი, რომ რაჭის ერისთავს არ ქონდეს... მიხედე, ყუა სქელები, ლავაშები... ჰო, ისიც არ დაგავიწყდეს, ხვალ მინდა საწყალი გადიას აღაპი გადავიხადო... ჭიშკრები დააღებიე; თუ სადმე მათხოვრები და გლახაკები გეგულებოდეს, დოუძახე... მღვდელს უთხარი, უწიროს..

თედომ თავი დაღუნა და გავიდა.

- ახლა კი სადილი გვაჭამე! - მიაძახა იულონმა.

 

* * * * * * *

 

მზე ჩავიდა: ბინდ-ბუნდი ჩამოწვა. დიდი ქალბატონი აღსარების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. იულონს შეხვდა.

- აბა, შვილო, წავიდეთ ჩემს ოთახში და იქ მიამბე სასახლის ამბები.

- ბატონო, თუ ზიარებას აპირებ?.. - შენიშნა იულონმა.

- არაფერია, აღსარება მივიღე, მაგრამ თუ კიდევ ვცოდე, ხვალ დილას დავუძახებ მღვდელს... როგორ მოეწყვე?.. რას ფიქრობა და რას აპირებს ბატონი მეფე?

د მეფის საქმე ძლიერ ცუდადაა, დედა; ვარციხეშიაც ვერ წასულა, ეშინია არ მომკლან გზაშიო: ქუთაისის ციხე ხომ კათალიკოსს უჭირავს, და, მგონი, შეამჩნევიეს, რომ მისი სტუმრობა არ იქნება სასიამოვნო... ისე პაპანაქებაა... სასახლის ქალებს დაერია მუცელა, კაცებს კი ციება, მარა რა ქნან, ქუთაისს ვერ შორდებიან!..

- როგორ ბრძანდება ჩვენი მზეთუნახავი დედოფალი?

დედა-შვილი დასხდენ ოთახში.

- რად დასცინი, დედა, დედოფალს? კარგი ქალია!

- ღმერთმა დამიფაროს!.. დედოფალს რად დავცინებ, ისე ვხუმრობ, შვილო...

- არა, დედა, შეგატყვე დღეს სადილზედაც მეფეზედაც უკმაყოფილო იყავით და დედოფალსაც გადაჰკარით... მაგრამ ყველაფერი იმ უნამუსო არჩილის ბრალია...

- არ ვიცი, შენ რა შემამჩნიე, მე კი სწორეთ იმიტომ გამოგიწვიე ჩემს ოთახში, რომ მეკითხა, თუ რას ერჩი არჩილს?.. დღეს ისე გააფთრებული ლაპარაკობდი...

- მართალია, დედა, მე იგი მძაგს!..

- რატომ? რისთვის? რა დაუშავებია?

- წინათაც მძულდა, დედა, და ეხლა რათ გიკვირს?

- ვიცი; ისიც უსათუოდ ატყობდა და იშვიათად იწყო სიარული იმ ოჯახში, რომელზედაც დიდათ ნაამაგევია. მაგრამ ეხლა ხომ რაღაც შეუფერებელს ამბობ, სახლში არ შემოუშვებო; შენ განა არ იცი, რამდენი ადგილი შემოუმატებია ჩვენ ოჯახისთვის, რამდენი გლეხი გადმოუბირებია ჩვენსკენ და ჩვენს მიწა-წყალზე დაუსახლებია?..

- არც ჩვენ დავრჩენილვართ ცუდად! ვინ მისცემდა გადმოვარდნილ, ღატაკ კაცს ცოლად საუკეთესო ოჯახის ქალს და მზითვად ციხე-ყმა-მამულს?.. ჩვენი პატივისცემა იყო და ბებიაჩემის ცდა...

- ყველა ეს მართალია და რაღად არღვევ, შვილო, ოჯახთა შორის კეთილ, ძველის-ძველ განწყობილებას, ამიხსენი მაინც, რა მოხდა?

- ის, რომ არჩილი ქვეყნის მტერია, მეფის გამცემი. მე და ის ხმალმა უნდა გაგვასწოროს.

- რას ამბობ, გადირიე?!..

იულონი პასუხს არ იძლეოდა.

- და რომ მოგკლას, რას ეუბნები ღმერთს...

- რას ვეტყვი და, პირნათლად წარვდგები მის წინაშე.

- ჩემი ხნის ქალისთვის ცოდვაა ამის გამომჟღავნება, მაგრამ... - შეჩერდა და დაწყებული გადაასხვაფერა:

- ჩემი ხნის ქალისთვის ცოდვაა ამის გამომჟღავნება, მაგრამ ვის უნდა ვუთხრა, თუ შენ არ გითხარი, - ქალმა მღელვარება ხმის გადინჯებაში დამალა, და კრიალოსანის მარცვლებმა უფრო ნელ-ნელა იწყეს ცვენა.

- არჩილს აბრალებენ, დედოფალს ყვარობსო და დიდებულნი ვერ ითმენენ, რომ აბაშიძის ან წერეთლის მაგიერ უბრალო აზნაური ბედავს დედოფლის ღილების გახსნას...

„საიდან გაიგო დედა ჩემმა? მუდამ სახლში ზის და ვინ უამბობს სასახლის საიდუმლოებას?“ - გაიფიქრა იულონმა და ხმამაღლა დაუმატა:

- მაგისთანების დანამდვილებით გაგება შეუძლებელია, ეს კი ვიცი, რომ მეფის მოღალატე არ ყოფილა ჩემი მამა და პეპერა... ამით მომაქვს თავი ამაყად და თუ მტერს მოვკლავ, ღმერთიც დამიმადლებს და კაციც...

- რაღა შენ უნდა შეეტაკო არჩილს? სხვა აღარავინ ჰყავს მეფეს?

- ჭეშმარიტად ჩემისთანა ცოტა თუ ვინმე არის. თანაც მაგის მოღალატეობაზე იცის სამმა დიდებულმა და მე. თუ წინდაწინვე გაიგო ქვეყანამ, მოღალატეები ძალას შემოიკრებენ და თავისას გაიტანენ... გამცემთა უსირცხვილობას მოთმინებიდან რომ გამოყავდეს ყოველი ჩვენგანი, განა ასე უბედურნი ვიქნებოდით?.. სამშობლოს მოღალატე პატიოსან ხალხს უნდა ერიდებოდეს და თამამად არ უნდა დადიოდეს... - გაიმეორა იულონმა ოტია მწიგნობარის სიტყვები.

- „და აღსდგენ შვილნი მამა - დედათა ზედა“...

- რა თქვი, დედა?..

- არაფერი... ეხლა რას აპირებ?

- რას ვიზამ, იმერეთის მეფე არც მე მომწონს, თუ ხელი შეგვიწყო ღმერთმა, სხვაგვარად უნდა მოვაწყოთ ჩვენი საქმე, მაგრამ არჩილი მაინც მოღალატეა ქვეყნის და.. მეზიზღება... მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს პატიოსან კაცს, მუდამ და მარად მხოლოდ თავისთვის ზრუნავს...

დედა და შვილი დიდხანს სდუმდენ.

- შვილო, - რაც შეიძლება ნაზად დაიწყო ქალმა, - დამითმე ეს ერთი, ნუ გადაემტერები არჩილს...

- დედა, მე მომანდვეს დიდებულებმა, არჩილი მომეკლა მალულად.

- აი ქრისტემ კი დასწყევლოს ის მეფეც და ის დიდებულნიც.

- ...და უარი ვსთქვი, რადგან ნამალავად კაცის კვლა არ მჩვევია და თანაც არ ვიცოდი, ქვეყნის ღალატში მართლაც დამნაშავე იყო არჩილი თუ არა, მერმე სრულიად მოულოდნელად ყველაფერი გავიგე დაწვრილებით... ისინი გლეხებსაც კი აჯანყებენ, რომ როგორმე გადიბირონ ხალხი. მოჰყავთ ლეკები, ჩვენ, ვისაც სული გვიდგია, კოშკებიდან, სასახლეებიდან განდევნას გვიპირებენ...

- შენ არავინ გაგაგდებს, პირიქით პირობას გაძლევ, რომ უფრო გაგადიდებენ და გაგამდიდრებენ...

- არა, დედა, ვინც მირონცხებულს მეფეს არ ინდომებს და კეთილშობილი ხალხის წინააღმდეგ ბრბოს ლესავს, ის არც ჩვენ დაგვინდობს... და მარტო ჩემს თავზედაც არ ვამბობ... გამეტება ამდენი ქართველი კაცის?!- დამიჯერე, შვილო, მე დიდი ხანია ეს ამბავი ვიცი... შეპირებული მაქვს ნუქარის ციხე და როსტომ წულუკიძის ყოველი ყმა და სამფლობელო..

- და არაფერს მეუბნებოდი ამდენ ხანს?

- ვერ გითხარი, რადგან ნახევარი წელია თითქმის არ მინახავხარ... წერილს კი ვერ ვენდვე.

- აი, დედა, ამაშიაც კი გვატყუებდა არჩილი... წულუკიძე მისი მოსაზღვრეა, თუკი რასმე წაართმევენ შეთქმულნი, რაღა ჩვენ მოგვცეს, თვითონვე წაიღებს, მით უმეტეს, რომ სხვა ყოველი მხრით ისეთი მებატონეები ახლავს არჩილს, რომ ჩიტის ნაბდღვენსაც არ დაანებებენ და, მგონი, ყველა ისინიც შეთქმულები არიან. არა, დედა, მაგი აზრი მივატოვოთ... მე სხვას რასმეს ვფიქრობ, მაგრამ ჯერ კარგად ვერ მომისაზრებია... მიმოვიხედავ და მერე უფრო გულდასმით მოვილაპარაკოთ.. გამოვრიგდებით - შენ ხომ დიდებულის ქალი ხარ... ღმერთია მოწყალე... ჯერ ვინადიმოთ, დედა... ღამე ნების.

და იულონი თავის საწოლ ოთახისკენ წავიდა.

- არა, ასე ადვილი ვერ დაგალევინებ ჩემის ოფლითა და დაგვთი წამოწეულს ოჯახს, - მიაყოლა წყრომით დედამ და რათა სიმკაცრე სიტყვებისა შეემუბუქებინა, დაუმატა: „გფარავდეს, შვილო, უფალი“.

 

* * * * * * *

 

როცა ალერსით დაქანცულ თინათინს ქმრის მკერდზე თავი მიედვა და ეთვლიმებოდა, იულონი განაგრძობდა ფიქრს:

„რას მეუბნებოდა დედა, რა გადაკრულად მელაპარაკებოდა, რად იცავს ასე გაშმაგებით ხერხიანი სიცრუით არჩილს. ნუთუ?" და ვერ ბედავდა ნამდვილი სახელი ეწოდებინა თავის იჭვისათვის - „ღმერთმა ნუ ქნას... და ამ ჩემ შვილებს "ბუშიშვილებს“ შეარქმევენ... ღმერთმა ნუ მომასწროს, ღმერთმა... ენას ამოვწვდი ყველას. ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიეთ?.. დედა ფრთხილი ქალია. ესეც კია. მით უკეთესი - მოწმე არ ეყოლება... ვაი ჩემი ცოდვა“...

 

* * * * * * *

 

გაიანეს მთელი ღამე არ დასძინებია; ფიქრებში ხშირად გაუელვებდა:

„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო“. ჩემ შვილს ჰგონია, რომ თუ თავის საწყალ სახლის კაცებს სჯობნის, მიზანი მიღწეულია და არ იცის, რომ აწი იწყება დიდება და პატივის მოხვეჭა“.

 

2

 

- გამიშვი, ქალო, სირცხვილია, მალე ცისკრისას დარეკენ და ჩვენ ლოგინიდანაც არ ავმდგარვართ, - ეუბნებოდა იულონი თავის თინათინს.

- მოიცა, პატარა კიდევ! რამდენი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ. აწი ბავშებიც გაიღვიძებენ და მაინც უნდა ავდგე. ცოტა ხანს კიდევ ნებივრობდა ცოლ-ქმარი.

ბოლოს იულონმა საბანი გადააგდო და ფეხზე წამოიჭრა.

- უი, შემეშინდა, ბეჩა! - საყვედურით უთხრა ქალმა.

- ადექი, ადექი, დედას ეწყინება, რომ მისი ზიარების დღეს წირვას არ დაესწრო; მე კი ბიჭებს მივხედავ, რომ ყველაფერი მზად იყოს.

საცვლების ამარა, ფოსტლებში ფეხგაყრილი გამოვიდა იულონი გარეთ, მიადგა ეზოში მოჩუხჩუხე წყაროს და ხარბად დაიწყო პირის ბანა.

გვერდს დაუდგა ფარეში, რომელმაც პირსახოცი მიართვა, და თედო...

როცა პირის ბანა არ უშლიდა, იულონი მოკლედ იკითხავდა:

- პური მზად არის?

- მთლად არა, ბატონო, მარა მოვასწრებთ.

- ძროხა?

- დავჭერით... ბეჭები მშვენიერი გამოდგა... ხარშო ჩავადგით...

- აბა, შენ იცი... ღვინოც ახლავე გასინჯე.

ეზოში უკვე ჩამოდიოდნენ სტუმრები. ზოგი ბრძანებას გადასულიყო და სავსე ხურჯინი ეკიდა ზურგზე; ზოგ ქალს ქათამი მოყავდა; მოჰქონდა ამოხვეული აბრეშუმი ან ყაჭი უცხო ფერის; ბავშებსაც მოენახათ შესაფერი ძღვენი - კიბო, მწყერი და უფრო კი ნესვი, მსხალი..

- აგაშენა ღმერთმა, მარა აკი შემოგითვალეთ, ნურაფერს მოიტანთ-თქო.

- მთლად ხელცარიელი ვერ მოვედით, ბატონო, - უპასუხებდნენ მეძღვნეები და მიდიოდენ სამზარეულოსკენ, რომ იქ მონატანი ჩაებარებიათ გადია-მოურავისთვის, ვისაც რა შეეფერებოდა.

- თედო, ეს ვინაა, აგერ რომ მოდის? - დაეკითხა იულონი და დაჯდა ცაცხვის ძირში მიგდებულ ჯირკზე.

- შენი რისხვა არ მომეცეს, არ ვიცი.. ი, მოხუცი კაცი ლოსაშვილია, მარა დანარჩენი ვეღარ ვიცანი.

ეზოში ახლადჩამოსულ ნაცნობ მოხუცს მოჰყვებოდენ პაწია ექვსიოდე წლის ბიჭი და, როგორც ეტყობოდა, მისი მამა და ბებია; ოთხივე საგულდაგულოდ იყო დატვირთული. პატარა ბიჭიც კი მოაგორებდა ფიჩხით დატვირთულ ახალთ-ახალს სათამაშო ურემს; ქალს ორი ხოხობი ეჭირა ხელში; მოხუცის ზურგზე გადაკიდებულ ხურჯინიდან მოსჩანდა ორი კრავის თავი და შუა ხნის ხმელ კაცს ძლივს მოჰქონდა ხურჯინშივე ჩადგმული ჩალის ნეშოთი დაჩქმალული ორი დოქი.

„რაცხა დიდი საქმე უნდა ჰქონდესთ“, - გაიფიქრა თედომ და გაჰყვა მათ სამზარეულოსკენ.

სხვებსავით პირდაპირ არ მისულან ბატონთან, არამედ მორიდებით შორით ჩაუარეს, ტვირთი სამზარეულოს დერეფანში მდგომ დიდ სკამ-ლოგინზე დადგეს, ოფლი მოიწმინდეს, შესწორდენ, მიიხედ-მოიხედეს, და ჩაჯდნენ.

თედო ცოტახანს ელაპარაკა მათ და მერე წამოუძღვა.

- გამარჯობა თქვენი! - მკვირცხლად მიესალმა იულონი.

- ღმერთმა გაგიმარჯოს, ბატონო, - უპასუხა მოხუცმა.

ბავშვს ხმა არ ამოუღია და ცნობისმოყვარეობით უყურებდა იულონს; დედა-შვილის ხმადაბლად ნათქვამ სიტყვებში: „მადლი უფალს, რომ კეთილათ დაბრუნდითო“ - მოისმოდა მეგრული კილო.

მოსულნი ჩუმად იდგნენ: უცდიდენ გამოლაპარაკებას. რას იტყვი, ჩემო გლახუა?

- რა უნდა ვთქვა, ბატონო, ამბავი შენ გეცოდინება... ქვეყანაში დადიხარ. თვარა მე ქე ვზივარ დათვებში.

- შენ შვილს, ჩემო გლახუა, კაი ბედი ეწია.

- ღმერთმა ნუ მოაკლოს შენი წყალობა... მაინც, ბატონო?

- რაი და, ხომ გაგიგონია, აგიაშვილების აზატები რომ ცხოვრობენ მესხის ადგილებში, ქუთაისთან?

- კი, ბატონო.

ჰო და, მისი ერთი ქალი მივეცი.. მივეცი ქვია, თუ ჭკვიანად გეირჯება, თვითონ ქალი ჩამეეკიდება კისერზე... იმდენი ადგილი აქ... ორი ქალია და იმდენი ადგილი და მამული შუაზე უნდა გაიყონ...

- დეიწერეს, ბატონო, ჯვარი?

- მაგი შენ შვილზეა დამოკიდებული; იქ ქე დავტოვე და აწი მისი საქმეა.

მოხუცი ჩაფიქრდა. ეტყობოდა, მაინც და მაინც არ იყო გან ხარებული, და რომ გლეხს საწინააღმდეგო არაფერი ეთქვა, იულონმა შესცვალა ბაასი:

- მართლა, დათვებს შეუწუხებიხართ?..

- შენი მტერია, ბატონო, აგვიკლეს. - უპასუხა მოხუცმა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო საკუთარი ფიქრებიდან.

- აი ახლა ჩამოვედი და მინდა მთელი აქეთა მხარე გავიწვიო, სხვებიც დაგვეხმარებიან, მოვიაროთ სულ ტყეები, გამოვრეკოთ და ვხოცოთ ნადირი.

- კაი წყალობა იქნება, შენი ჭირიმე, მაგას თუ გვიწინამღვრებ, ქალი და კაცი გამოვალთ.

- ძაღლები გყავთ?

- რავა არა, შენი ჭირიმე? მარა, კაცი უნდა და გზის მაჩვენებელი.

- ა, ამ ერთ კვირაში მოელოდეთ. უთხარი თქვენებს.

მუსაიფი შეწყდა.

- ესენი რამე საქმეზე იქნებიან მოსული, - გადახედა ბოოს იულონმა დანარჩენ სამს.

- კი, ბატონო! აი, ამ ქალს რომ უყურებ, ჩემი უმცროსი დაა. ჩემს მეტი არავინ დარჩენია. - დინჯად დაიწყო ათასჯერ დამარაგებული სიტყვები გლახუამ, როცა შეიტყო, რომ უკვე საკმაოდ იმასლაათე გარეშე საქმეზე - ქვრივი გახლავთ.., მოგეხსენებათ, თქვენ მაშინ დაბადებული არ ბრძანდებოდით, დიდი თარეშის დროს ჩვენი კაციც ბევრი გაფუჭდა. სხვათა შორის აი ამ საწყალის ქმარიც მოჰკლეს და შვილი, მაშინ ქე იქნებოდა ათი-თორმეტი წლის ბიჭი, ტყვედ წაიყვანეს. ამ საცოდავმა ერთხანს ქე იტრიალა დაცარიელებულ სახლში, მარა ჯავრსა და უპატრონობას ვერ გაუძლო, მტერსა და მოყვარეს საკადრისი პასუხი ვერ გასცა და ჩაგვაცივდა, წევიდეთ, ქვეყანა მევიაროთ, შვილი მომინახეთ, თვარა ვირევი ჭკუიდანო. რაც უფრო უარს ვეუბნებოდით, იგი უფრო გვიჯინდებოდა, ბოლოს მევიდა ჩემთან და შემეხვეწა, გამიყიდე რაც რამე მაქ, მე წავალ და ღმერთი არ გამწირავსო. ერთხანს ქე ვაშინე, ბატონი გეიგებს და გლახად მოგვივა საქმე-თქვა, მარა რომ მომაბჯინა ფეხი, მეც კინაღამ შემაცდინა. ცხონებულ ჩემ დედაკაცს შეშინებოდა...

- ნამეტანს აგრძელებ და ბატონს თავს ნუ მოაწყენ, - შენიშნა თედომ.

- გაჩუმდი, შენ არავინ გკითხავს, - მოუჭრა სიტყვა იულონმა თავგასულ შინაყმას.

თედომ წვერებზე ხელი ჩამოისვა და ნიშნათ მოკრძალებისა და ბოდიშისა უკან დაიხია.

- რა ვქნა, ბატონო, დიდი საქმე გვაქ სათხოვარი და დაწვრილებით თუ არ გითხარი, ვერ გაგაგებიებ.

- თქვი, თქვი, ჩემო - გლახუა! — გაათამამა იულონმა ბებერი...

- ჰო, შენი ჭირიმე, და მოსულიყო ჩემი დედაკაცი და ყველაფერი მოეხსენებია დიდი ქალბატონისთვის... ბატონს, რა თქმა უნდა, არ მოსწონებოდა, ისედაც ბევრი ყმა დაგვეკარგა ამ თარეშით და ეს ერთი ქალიც რავა დავკარგოთო... დამიძახეს... გოუტყდი... მიბრძანეს, დედაკაცის ჭკუას, ღმერთი არ გაგიწყრეს არ აყვეო... ქმარი უშოვე და ყველაფერი დაავიწყდებაო. მეც შეუდექი საქმროს ძებნას... მოვიყვანე სანახავად ერთი კაცი, მარა შენს მტერს იმისთანა ჩვენ დაგვემართა: ვეძიეთ, ვეძიეთ, მარა დედაკაცი არსა იყო. საწყალს სიჩქარეში თავსაფარიც ქე დავიწყებოდა...

მერე, შენ ხარ ჩემი ბატონი, რომ არაფერი გეეწყო, შენს მტერსა და ავს, გამევიგლოვეთ საწყალი და დავივიწყეთ, რაცხა პეტერე მოძრავი, კაბა იყო თუ ცხვარი და ქათამი, ღვთის წინაშე რა დასამალავია, მეც ქე მერგო, დანარჩენი მოძრავი ქმრის სახლიკაცებმა წეიღეს და მიწა ხომ ბატონის იყო და ბატონის; განსვენებულმა მამათქვენმა ის მიწაც სახლიკაცებს მისცა, მე რად მინდა, სხვაც ბევრი მაქო... ერთი თხუთმეტი წელიწადი იქნება მას აქეთ, ვინცხა ბერმა ჩამოიარა და ქე თქვა, მართალი რო თქვას კაცმა, ივლიტიე ცოცხალია და მისი შვილიცო, მარა რას ვიზამდით, ერთი სანთელი კი თუნთე ღვთისმშობელს და მეტი რა გაეწყობოდა.. ეხლა, ბატონი რომ გამოზაფხულდა კარგად, ეს ჩემი დაც მესტუმრა, მისი ბიჭიც და მისი შვილიშვილიც... გაგვიხარდა, ღმერთია მოწამე, ქრისტიანი კაცი არ დეიკარგა, მარა რა ვქნა, არ ვიცი... იმდენი ადგილი არ მაქ, რომ ყველას გვეყოს... ჩემი საკუთარი შვილები სხვაგან მიდიან სამუშაოდ და მაგის სახლიკაცები ცივ უარზე არიან მამამისის კუთვნილი ადგილი დოუბრუნონ, ამბობენ, ბატონმა გვაჩუქა, სიგელიც გვაქ და ბატონის სიტყვაცო.

- ძნელი საქმე ყოფილა, - ისევ ჩაუმატა თედომ და წინ წამოიწია, რომ შუამავლობა გაეწია.

იულონმა დედა-შვილს გადახედა.

ისინი როგორც მოვიდენ ხის ძირში და დადგენ, ასე იდგენ - ეტყობოდათ მათთვის დიდი საქმე წყდებოდა. შვილს თითებგადახლართული ხელი მუცელზე დაეწყო, დედას კი ხელები გულზე დაეკრიფა; მხოლოდ პატარა ბიჭი ხან ბებიას მიეტმასნებოდა და ხან მამას, რომელნიც თვალებით სტუქსავდენ უადგილო მოძრაობისათვის.

- რა გინდათ ახლა, პირდაპირ მითხარით.

- რა მინდა, ბატონო, და ერთი სამოსახლო, ფეხი რომ მომეკიდებოდეს, თვარა ასე ხეტიალი ჩვენ კაცს არ შენაძლება. ბატონო, სულ ვეუბნებოდი ჩემ ბიჭს წამოვსულიყავით, მარა იმ ურჯულოებმა მგონია შეგვამჩნიეს და ცოლი შერთეს, სულ მესიზმრებოდა, ჩვენი ხატი ჩვენკენ მეძახოდა, მარა რას ვიზამ- დი. რჯულს ხომ ვერ გავატეხიებდი და ცოლ-შვილს ხომ არ დავაყრევინებდი... შარშანწინ მეორე შვილი რომ მოუკვდა ამ საცოდავს, მერე მაინც სულ გამიხშირდა სიზმრები, გამომეცხადებოდა ჩვენი ეკლესიის ძელიჭეშმარიტი და მეუბნებოდა: - „მემთხვიე, მემთხვიეო“... მერე რომ ცოლიც მოუკვდა, ერთი ბაღანეიღა დაგვრჩა, წავედი მარჩიელთან, მითხრა, შენ და შენ შვილს არაფერი გიჭირთ, მარა თუ ხატი არ მეინახულეთ, ბაღანეი მოგიკვდებათო... ვსტაცე ამ ჭუკელას ხელი, მაინც ქე იყო ავად, არ დოუჯერე ჩემ შვილს და წამოვედით... სულ ტყე-ტყე ვიარეთ; რავარც მევედით აქ, ეს ბიჭიც მორჩა და ჩემი შვილიც უკეთობაში წავიდა.

- კარგი, კარგი, საეზოვეს რავა ვერ გიშოვით!.. ეირჩიეთ, სადაც გინდათ.

- არა, შენი ჭირიმე, ჩვენ სოფელში თუ არ იქნა, ისე არაფერი გვეშველება. ხატს ვერ გავექცევით... რა სამსახურიც გნებავს, დაგვადევით, გადვიხდით...

- კაი მუშაა, ბატონო, ხურო გახლავთ, ერთი საწნეხელი ისეთი გამოუჭრა ჩემ შვილს, შენც ქე გეკადრება, - დაუმატა გლახუამ.

- მით უკეთესი - აი ეკლესია მაქ შესაკეთებელი სახლშიც ბევრი მჭირდება, მარა საკმაო ხურო არ მყავს, და თუ აქ, ჩემს ახლოს, დასახლდები, მე ვიცი და ჩემმა ნამუსმა.

ამდენს ხანს ჩუმათ მდგომი გლეხიც ჩაერია ბაასში.

- რავაც შენ გენებოს... მეტი გზა არ მაქ, ისე უნდა ვქნა, მარა თუ მიზამ წყალობას, ისევ ჩვენ ძველ ეზოში დამასახლე... მე ავადმყოფი კაცი ვარ... შიშიდან იყო თუ ჰავამ დამცადა, რაც კი ოდიშში მიმიყვანეს, არ გამიხარია... შვილები ბევრი დამეხოცა; ცოლიც მომიკვდა, მაგრამ გამოქცევის თავი არ მქონდა... მარა დედამ რომ მითხრა მარჩიელის რჩევა, დროულმა კაცებმაც დაადასტურეს... მართლა თურმე ხატი ყოფილა გამწყრალი. რავაც მევილოცეთ, მეც უკეთობაში წევედი და ჩემი ბიჭიც... ახლა ნუღარ დაგვაშორებ და თუ რამე სამუშაო იქნება, სად გეგექცევით?..

- კაი, მარა რამდენ დღეს დაიდებ ბეგარად წელიწადში?

- ბრძანე, შენი მოსამსახურე არ ვიქნებით ყველა?

- ოცი დღე - მოსჭრა იულონმა.

- შენი ნებაა! - მოსულს მეტი დავალების ეშინოდა. ყველაფერს მოგცემ, რაც მამაშენს ქონებია, - დაუმატა იულონმა. იგი ძლიერ კარგ გუნებაზე დადგა, რადგან დაინახა თავისი შვილი როგორ მოაგორებდა ახალ ურემს და თან კალთით ეწეოდა დედას.

- ქაღალდი დაამზადებიე ოღონდ მღვდელი და ჩვენ მოვაწერთ. - და იულონმა თავისი პატარა ვაჟი ზევით აისროლა. ბატონო, ახლანდელ მფლობელებს რა პასუხი უთხრათ, იმათაც ქაღალდი ქონებიათ, - დაუმატა თედომ, რომ საქმე გაეჯანჯლებია და რამეს ჩამორჩენოდა.

- მევიდენ ჩემთან და მე ვეტყვი.

 

8

 

თედომ გადახედა სუფრას; თავისი განკარგულებისა და თავდარიგის კმაყოფილი დარჩა.

საჭურეს შემოვლებული ხეების ჩრდილში მწვანეულობით უხვად დაფენილი სუფრა გველივით მიიკლაკნებოდა და თავდებოდა მაღლობზე, ცაცხვის ძირში. ეკლესიის კარების წინ, სადაც ათ-თორმეტ კაცს გამზადებულ სკამ-ლოგინზე შეეძლო ფეხი მოერთხა.

იქვე მომღერლებისთვის პატარა სუფრა იყო გაშლილი.

სრულიად ცალკე დგას სააღაპო სუფრა, რომელზედაც საჭმელის გარდა აგრეთვე მრავალგვარი მარცვალი ეყარა, დოქით ღვინო იდგა და ქვევით მიწაზე ჯერ კიდევ სველი ტყავები ეყარა.

- მზათ გახლავთ, დაბრძანდით, - მოახსენა თედომ ბატონებს, რომელნიც გაფანტული იყვნენ მთელს ეზოში და სტუმრებს მოწყალედ ემუსაიფებოდენ.

ხალხმა ხელის დასაბანად წყაროს მიაშურა; ბატონებს წურწუმით მიართვეს წყალი მოახლეებმა.

ფარეშები უკვე არიგებდენ ღომს.

მღვდელმა დააწყალობა სააღაპო სუფრა; მაშინვე მიესიენ მათხოვრები და იმდენს არ ჭამდენ, რამდენსაც საჩქაროთ იტენიდენ ხურჯინში, ტომარაში, ბინძურ ჩვრებში და უფრო კი უბეში...

და სვამდენ და სვამდენ...

ჯამებით ხარშო...

მერიქიფეები... დოქები... კათხები...

სუნი და ოხშივარი მოხარშულისა და შემწვარისა;

ჯერ კიდევ ჩუმი სმა;

გამალებული ჭამა;

წვენში დასველებული თითები;

გაქონილი ულვაშები;

მათხოვრების ურიგო სიტყვები, ჩხუბი ულუფაზე და იულონის მკაცრი ბრძანება ფარეშებისადმი:

- თქვენ თითონ დაურიგეთ და ყველა გარეკეთ ეზოდან!..

ნახევრად ტიტველა ბავშების სირბილი, მათი ჟივილ-ხივილი და საჭმლით გამოტენილი ლოყები...

ძაღლების ლაქუცი, კუდის ქნევა, საჭმლის მოტაცება და გალახულების წავწკავი...

 

* * * * * * *

 

ყველა შეზარხოშდა.

მთავარი სმა უნდა დაწყებულიყო.

- აბა მიართვით გლახუას კათხა, - ბრძანა დიდმა ქალბატონმა, - მაგ არის ყველაზე უხუცესი ჩვენს საბატონოში.

- მიბოძე, შენი ჭირიმე, ბატონო, მიბოძე! ვინ იცის, ეს უკანასკნელი იყოს ჩემს სიცოცხლეში და ერთი გულიანად დაგლოცოთ ოჯახ-ბუდიანად.

გლახუა გასწორდა, წელზე ჩამოკიდებულ გრძელ ხანჯალს ქვევით დასწია, თითქოს უნდა სარტყელი დაისრულოსო და ფეხზე წამოდგა.

მერიქიფეები სირბილით მიიჭრენ მოხუცთან, გაუვსეს და მიართვეს კათხა...

- ვერ დალევს, შეგვარცხვენს, - წამოცდა ერთ ახალგაზრდას...

- ისე დალევს, როგორც დაგიბარებია.

- კაცო, ორი დოქი ჩევიდა თითქმის...

- არაფერია...

– ღმერთმა გადღეგრძელოსთ, ბატონო, ქალბატონო, სტუმარნო და მასპინძელნო, დიდებულნო და მდაბალნო, ამ ოჯახის მოკეთენო და ნათესავ-მირონნო! ნუ მოგაკლდეთ ღვთის შენდობა და მეფის წყალობა, ბატონო, ყოფილიყო, როგორც შეჰფერის შენს ოჯახსა და შენს ვაჟკაცობას, - ხალხი ფეხზე ადგა - ქვეშევრდომთა შემბრალე და ამაღლებულთა მოსამართლე... ჭირში გონება გამაგრებდეს და ლხინში თავაზიანობა თან გახლდეს. მტერთან მკლავმა არ გიღალატოს და მოყვასთან სიუხვე გულისა არ შეგმცირებოდეს... წარმატებით მიდის შენი საქმე და გადაგეცეს შენი მემკვიდრესათვის სახელოვანი გვარი, ციხე მაგარი და საყმო მადლიერი.

ჩვენ დარჯაკში გამოვლილი ვართ, მაგრამ ვამჩნევდით მაინც, რა გაჭირვება გადაიტანა შენმა ოჯახმა განსვენებული ბაბუაშენის დროს, მაგრამ მუყაითობამ, ღვთის შიშმა და გამრჯელობამ დღემდე მოგვიყვანა... - მადლი დიდ ქალბატონს

- მადლი დიდ ქალბატონს... - ჩაილუღლუღა ხალხმა...

- ...დიდხანს, დიდხანს, ჩვენდა სანუგეშოდ და ოჯახის დასამშვენებლად იცოცხლე, დიდო ქალბატონო.

- ადღეგრძელე, უფალო, დიდი ქალბატონი. — დაიზუზუნა კიდევ ხალხმა.

„პატარა არწივების დედა, ახალგაზდა ქალბატონი ბედნიერის ფეხით შემოსული, ამ დიდებულ ოჯახში ღმერთმა მთვარესავით შეაბეროს ჩვენს მზეს და ჩვენს მნათობს ბატონს... და ჩემი დღე მისცეს და სახელი დავით აღმაშენებლისა ბატონის პატარა ლომებს...

- ამინ! - დაიღრიალა ხალხმა.

- ...მაკურთხე, მამაო. - მიმართა გლახუამ მღვდელს.

- გაკურთხოს და გისმინოს უფალმა... - მიუგო და პირსჯვარი გადასახა მღვდელმა.

- ...მიბრძანეთ, ბატონებო..

- მიირთვი, ჩემო გლახუა! შეგარგოს ღმერთმა! ტკბილი ჟნა გქონია, დალიე და შეგერგება! - სხვადასხვა კილოთი, ზოგმა ხუმრობით, ზოგმა დინჯად თავისი სიტყვის ფასდადებით უპასუხეს ბატონმა და ქალბატონებმა.

გლახუამ ერთი ჩაახველა, ორი ხელით კათხა პირს მიიდგა და სულის მოუთქმელად გამოსცალა. ბატონებთან მივიდა, კათხა გადააბრუნა და სუფრაზე მოწიწებით დადო.

- „...ასე დაგილიოს და დაამხოს შენი მტერი ღმერთმა!“

- გმადლობ!.. აი აქ, გვერდში მომიჯექი.

მოხუცი კრძალვით ბატონების სუფრას მიუჯდა.

- აბა ერთი მრავალჟამიერი!

- და აგუგუნდა მომღერალთა სუფრა.

გაჩაღდა სმა.

 

* * * * * * *

 

ძაან ჩაჯიკვინებული ბიჭი კია... - გამოესარჩლა მეორე.

- რა ჩოჩქოლია მანდ? - იკითხა იულონმა.

- არაფერი, ბატონო...

- რავა არაფერი?

- ერთი პატარა ბიჭია და თქვენს თავს ფიცულობს, ვინც უნდა მეჭიდაოს, წავაქცევო.

- რომელია?

- გოგიელა, ბატონო.

- ვონ გოგიელაა?

- ჯიმშელეიშვილი, თქვენ ვერ იცნობთ, ბატონო, ყმაწვილია.

- თუ ტყულა არ მიფიცებს, ერთ კაი ხანჯალს ვაჩუქებ...

ხანჯლის გაგონებაზე გოგიელა ჯიმშელეიშვილი კიდევ უფრო გაწითლდა.

- წამოდექი, ბატონს ეჩვენე, - შენიშნა ვიღაცამ და გოგიელა ადგა.

ყველამ დაკვირვებით დაუწყო ცქერა: დაბალი კისერი; მოკლე ცხვირი; ფეროვანი სახე; ქერა თმა; ბეჭი და წელი თითქმის ერთის სისხოსი და არაჩვეულებრივათ მსხვილი ხელ-მკლავი და წვივ-ფეხი... განირჩეოდა მთელი ხალხიდან - ამ შავგვრემან, წერწეტა ადამიანებისაგან...

- სვანი ხომ არა ხარ, ბიჭო?

- სვანი რად ვიქნები, ქრისტიანი ვარ!.. - ჯმუხად მიუგო გოგიელამ, როცა სხვები იღიმებოდენ, და ზოგიერთი გოგიელას სოფლელი კი თავდაჭერილათ ეუბნებოდა მეორეს: ღმერთო, შეგცოდე და მგონი მართალს ამბობს ბატონი, მაგის დედაზე რაცხა-რაცხა გამიგონია... სვანებს უმასპინძლ დებოდაო..

- აბა ვინ გამოდიხართ? - დაეკითხა იულონი ხალხს... ხმას არავინ იღებდა.

ზოგიერთი თავს იმართლებდა:

- უწვერულვაშო ბიჭს როგორ შევებაო?

ზოგი კი გულში ფიქრობდა:

- რომ წამაქციოს, ვინ იცის, მართლა დათვსა ჰგავს, ხომ მომეჭრა თავიო.

- ფირანა, შენც უარს ამბობ? შერჩა ხანჯალი ამ პატარას...

- თქვენი ნება იყოს, ბატონო! როცა ყმაწვილები დაგლახაკდენ, ისევ ბებერმა უნდა იფალავნოს....

სუფრიდან წამოხტა ჭაღარაგარეული, მაღალი, მხარბეჭიანი კაცი.

ხალხი შემობრუნდა.

ზოგი ფეხზე დადგა:

- გაწიე, კაცო, თავი!

- მეც დამანახვე!

მერიქიფეები, ფარეშები თავ-თავის ადგილს შეჩერდენ. ზლაზვნით მოდიოდა გოგიელა, თითქოს მიწაშია ჩაჭედილი და ფეხების ამოღება უჭირსო.

ფირანამ სწრაფად გაიხადა ჩოხა და მიაგდო, ახალოხი გადიკაპიწა.

- შენც გეიხადე, ბიჭო გეიხადე, შე სულელო, თვარა უფრო ადვილად ჩაგჭიდებს ხელს.

- რა გევიხადო, რომ მეტი არაფერი მაცვია? - რაღაც ძაღლურად შეჰყეფა გოგიელამ მრჩეველს.

ფალავანებმა ბატონების სუფრას თავი დაუკრეს.

ერთმანეთისკენ მიიწიენ.

ფირანა შეჩერდა და ზომვა დაიწყო, უფრო მოხერხებულად რომ ჩაეკიდა ხელი; გოგიელას არაფერი გამოუანგარიშებია, ისე პირდაპირ მივიდა და წელში შეუვარდა... დასწურა და უნდოდა მუხლებზე ჩაეკეცა მოპირდაპირე, მაგრამ ფირანა გადაიხარა, სწრაფად გადასრიალდა მხრებზე, ხელი ჩააყოლა ბეჭებს, ბარძაყს და ჩაეჭიდა გოგიელას ფეხებს, გოგიელას წონასწორობა დაეკარგა და ფირანას ფეხებზე ხელჩაკიდებული პირქვე დაეცა. ფირანა ზევით მოხვდა, მაგრამ ეტყობოდა, ახალგაზდა ბიჭს ზღაპრული ძალა ჰქონდა. ისე ადვილად გადატრიალდა და ფირანას ისევ ზევით მოექცა.

ასე იყვნენ თავუკუღმა შებრუნებული, ფირანამ ვეღარ ასწინა წელი, თუმცა მხოლოდ ფეხის ქვედა ნაწილი აკავებდა. ვერც გოგიელა შებრუნდა, რომ ზურგის მაგიერად მკერდით დასწოლოდა მოწინააღმდეგეს.

ვერავინ გააშველა

- ვინაა წაქცეული? - იკითხა იულონმა.

- მე ვარ, ბატონო, მუ, ოღონდ უბრძანეთ ამ დათვის ბელს ამიშვას.

იულონმა ბიჭს ღვედში სტაცა ხელი და ორივე მოჭიდავე ზევით ასწია. გოგიელამ გაუშვა წაქცეული და გაკვირვებით მიპყო თვალები, დასისხლიანებელი თვალები იულონს.

- მჯობნის მჯობნი არ დაილევაო - წაიბუტბუტა იქ მდგომმა გლეხმა.

- კაცო. რავა წიწილებივით აწია ორი კაცი - დაუმატა მეორემ,

- მეც მაჭამე მაგასავით და, ვინ იცის, იქნებ მე სამივე ევიყვანო, - მწუხარე ღიმილით თქვა იქვე მდგომმა ძლიერ მაღალმა, კონკებში გამოხვეულმა ახალგაზდამ, რომლის მოწყენილი, უსიცოცხლო სახე და მაგარი მსხვილი ნაკვთები მოწმობდნენ შიმშილით შესუსტებულს ბუნებრივ ბუმბერაზობას.

- ხერხი არ იცი, შვილო, თვარა შენი მომრევი სპარსეთის ყაენს არ ეყოლება, - გულნატკენად უთხრა ფირანამ გოგიელას.

- ყოჩაღ, ყოჩაღ!

- რა ძალა ჰქონია... პირუკუღმა წააქცია.

- ჯერ კიდევ არ არის დავაჟკაცებული.

შავი ხანჯალი მიართვეს გოგიელას.

იქვე დაიკიდა. მას მერმე არც უჭამია და არც უსვამს... მთვრალი იყო სიხარულით... საკუთარი ხანჯალი... აწი კი წავა დათვზე... ხელს უსვამდა... ცოტაზე ამოიღებდა, გაუშინჯავდა პირს, ისევ ჩააგებდა... ვერ ითმენდა - ერთი მთლად დაენახა და გაესინჯა.

იქვე მჯდომი დედაც ბედნიერი იყო. გოგიელა შეიქნებოდა ახალგაზდა ბიჭების მეთაური და არა ერთი ნაპარავი თუ წანართმევი შეემატებოდა ღარიბ ოჯახს.

 

* * * * * * *

 

ქალები ადგნენ...

ხალხიც აიშალა... დარჩა მხოლოდ ერთი სუფრა, რომელსაც მთავარი მსმელები გარს შემოხვეოდენ და იმდენს არ სვამდენ, რამდენსაც იმღეროდენ, ოხუნჯობდენ და ძველ ამბებს მოუთხრობდენ ერთმანეთს...

- ეჰ, დავბერდი, დავბერდი, სუფრა უნდა დავტოვო, მეტი აღარ შემიძლია, - სთქვა გლახუამ, დაუძახა თავის დისწულს, დაებჯინა მხარზე და ბანცალ-ბანცალით ტევრისკენ წავიდა, რომ იქ ხის ძირში მოესვენა...

სუფრიდან ხალხი მალე აიშალა.

შორიდან მოსულთ ეჩქარებოდათ დროზე წასულიყვნენ მინ, რომ ღამის წყვდიადში სახიფათო გზებზე არ ეხეტიალათ; მოხუცნი და ოჯახის უფროსები უჩვეულო მასპინძლობით ზედმეტად დაკმაყოფილებულნი მოდუნებულიყვნენ.

ახალგაზდა გოგო-ბიჭებმა გამართეს დაირაზე ცეკვა, გააბეს ფერხული, მაგრამ უფროსებმა ქალიშვილები ასეთს არეულ ხალხში არ დასტოვეს.

ერთხანს სამზარეულოს წინ, დერეფანში კიდევ ისმოდა ჟრიამული და ჩუმი „ალავერდი“ შინაყმებისა, რომელნიც თავისი სადილის დროს საკმაოდ დანაყრდენ „წაქუცნა-მოწრუპვაში“, მაგრამ საკუთარ სადილს მაინც არ იკლებდენ.

მათაც გაათავეს სადილი - და

დაცარიელდა ეზო, მიყუჩდა ციხე და არემარე.

სუფრიდან ყველა ნასიამოვნები ადგა.

მხოლოდ თინათინი უგუნებოდ მიუახლოვდა სუფრას, მწუხარებით გაატარა მთელი ნადიმი და თვალცრემლიანი წავიდა თავის ოთახში, სადაც ბავშვების ნაზმა ალერსმა, მათმა ტიტინმა სრულიად მიასუსტა, გული აუჩვილა, ლოგინზე მიაწვინა და მწარედ აატირა...

„ნახევარი წელიწადია, - ფიქრობდა ქალი, - სახლში არ ყოფილა და აბა თუ შემოიხედა დღეს ჩემს ოთახში, აბა თუ შემომხედა ერთი სურვილით სუფრაზე... და ან კი რისთვის უნდა მომვარდეს? მცირე აზნაურის ქალი ვარ, ჩემთან არ სჭირდება თვალთმაქცობა, მეტყვის და სახლისკენ უნდა წავიდე... სახეც რას მიგავს? რას? და ეს ოხერი მუცელი რაღა ახლა გამომებერა? - და ქალმა ღონივრათ დაიკრა მუცელზე ხელი, მაგრამ თითქოს ეტკინაო. თითქოს შერცხვა და თითქოს ვინმე შეეცოდაო, თვითონვე დაიწყო ტირილი..

- იმ გოგოს, იმ გომბიოს, ვინ იცის, იქნებ ახლა ეხვევა? აბა უარს ვინ ეტყვის... რატომ ეტყვის? ლამაზია! ვაჟკაცია! მდიდარია და უარიც რომ არ გაუვა!.. მთელ სოფელს ფეხზე დააყენებს... რითი მჯობია? ყმაწვილია! მე რა მათუსალას ხნისა ვარ... მაგის ხელა არ ვიყავი, გიორგი რომ მეყოლა?! მაინც რას დაეთრევიან ეს გაუთხოვარი ქალები? ქმარს ეძებენ! ნამუსი აღარ აქვთ... კარგი, ქმარი ეძებონ, მაგრამ ცოლიან კაცებთან რა ხელი აქვთ?! რა მშვენიერი თვალ-წარბი აქვს. არაფერი თვალ-წარბიც არა აქვს... უკეთესიც მქონდა! განა ტყუილა მღეროდენ:

თინათინის თვალებიო

მომაშუქებს - დავდნებიო;

ერთი მათში ჩამახედა -

მოვკედები და ვცხონდებიო...

ეყოლოს ორი შვილი, მესამეზე დაორსულდეს და მაშინ ვნახავთ, რაცხა თვალები აქვს... გლახუამაც რომ ჩემზე თითქმის არაფერი თქვა - თითქოს შემოხიზნული ვიყო... დიდი გვარის შვილი არც მაგ არის. რას მაქადის? ბაგრატოვანია თუ ქსნის ერისთავი?.. ერთი ღარიბი აზნაურის ქალი მე ვარ, და მომძლავრებული აზნაური მაგია...“ - მაგრამ თვითვე ეწყინა ქმართან მტრული დაპირისპირება და სათუთად მიიკრა გვერდში მიძინებული ბავშვი.

ღვინის ამოღების დროს მარანში ყოფნამ, ბევრი ბოღლიწოს ჭამამ, ხრიალ-ხრუალმა და საერთო შეზარხოშებამ ბავშვი დაათრო და დაქანცა...

„მარა... ეჰ, გაინავარდოს ერთი ორი: ჩემგან მაინც ვერ წავა; რჯულსა და კანონს ვერ დაივიწყებს“, - ინუგეშებდა თავს ქალი, მაგრამ სანუგეშო სიტყვები უფრო მწარე, შავ-ნაღვლიანი გამოდიოდა.

 

* * * * * * *

 

დიდი ქალბატონი ძლიერ გულჩათხრობილი ადამიანი იყო: როგორც მწუხარებას, ისე სიამოვნებას არავის უზიარებდა. ათასწილ ერჩია თავისი წყლულების ექიმი თვითონვე ყოფილიყო და ნეტარებისთვის მარტო საკუთარი გულის კარი გაეღო, რომ იქ სამუდამოდ ჩაემწყვდია, ვიდრე სხვისგან მიეღო რჩევა ან თავისი სიხარული გაემჟღავნებინა.

აი ახლაც სუფრიდან ადგომას ძლიერ ჩქარობდა და სწორედ იმდენ ხანს დარჩა, რამდენიც საჭირო იყო, რომ ენაჭრელ ადამიანს მის ზვიადობაზე, მიუკარებლობაზე და ამაყობაზე ზედმეტი არაფერი ეთქვა.

როცა ოქრო-ვერცხლის სასმურებს გადახედა, სუფრის დაფერილ მრავალს სამკაულს, უხვ მასპინძლობას, გამხიარულებულ შვილსა და შვილიშვილებს, მსახურთ და ყმა-მოახლეებს, მოვლილთ და საკადრისად ჩაცმულთ, უნებურად შეადარა იმ სურათს, რაც მოყვანის დროს დახვდა.

...სადღაც ეწერში მივარდნილი ფაცხები; როკაპს დამსგავსებული ბებერი დედამთილი; მუდამ მოწყენილი, თმაწვერულვაშგაბურძგნული ქმარი და...

სუფრიდან ადგომისთანავე გაიანე თავის ოთახში შევიდა. ატამი და გარჩეული ახალი ნიგოზი მოატანია, ჭინჭილათი ღვინო წინ დაიდგა, ლოგინზე მიწვა და ზმანება დაიწყო.

ყველაფერი კარგი იყო... ყველაფერი.. მეტს ვერც ინატრებდა ამ ოჯახის ჩვეულებრივი მოკეთე, მაგრამ ეს ხომ საფეხურია, - შემდეგ უკეთესი უნდა იქნეს... თვალს მხოლოდ ერთი ვინმე აკლდა, და ის ერთიც რომ აქ იყოს... იქნებ მოვიდეს. ამ დღეებში უნდა გამოიაროს... ვერაგია, გაუტანელია, მაგრამ ახლა საკუთარი ქმრები აღარ რჩებიან ერთგულნი, თორემ რა მოეთხოვება... არა, კი მოეთხოვება... მე დავასახლე, კაცად გამოვიყვანე...

ქალს გაეღიმა.

ნუთუ ჩემი დანიშნულებაა წაქცეულ ოჯახთა ფეხზე წამოყენება, დაუძლურებულთა გამაგრება.. არა, მანაც ბევრი ამაგი დასდო ჩვენს ოჯახს... ზღაპრულად მოხდა ყოველივე...

ქალმა ღვინო მოწრუპა, თავსაკრავი მოიხადა, გულისპირი მოიხსნა, გაიხსნა სამაჯურები, ვნებით გაიზმორა, განცხრომით მიწვა, თვალი დახუჭა, და წუთები წარსული სიამოვნებისა რომ უფრო ნათლად წარმოსდგომოდა და მოგონებით უფრო დიდხანს დამტკბარიყო, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქოს ყოველივეს სწერს ქაღალდზე, ხატავს ტილოზე, ან გულის ფანცქალით მსმენელ ქალწულს უამბობსო, სურათებს მარცვლავდა.

სწორეთ ასეთივე საღამო იყო. ხის ძირში ნაბადზე ვიჯექ ჩრდილით დაფარული... მსურდა ალერსი, ხვევნა, ნიავი ისე ნაზად არხევდა შტოებს. დღის სიცხისგან მოთენთილს გულს ისე ახარებდა წყალ-ნარევი ღვინო... იქვე იჯდა ჩემი ქმარიც... რა ერთგული, რა თავისებური სიყვარულით იყო ჩემდამი გამსჭვალული... მაგრამ იყო გლურჯი რამე, მოუხეშავი, ჭრილობებისგან დასახიჩრებული და სიღარიბისგან დაჩაგრული... მეტად სავსე ატოკებული გული მისკენაც კი იწევდა; განგებ გადავაგდე ფოსტალი, განგებ გავიშალე და გაცრცვილი ხელ-მკლავით დავიწყე თმის წვნა... მოულოდნელად ჭიშკარს მოადგა... დედას გამოეგზავნა... სქელ გრძელ ხუჭუჭ თმას არ ეკადრებია დაგლეჯილი ფაფანაკი და სადღაც ზურგზე გადავარდნოდა, ნასიცხარ სახეს მარგალიტივით ჩამოკიდებოდა ოფლის წვეთები; შავი თვალებიდან განცხრომა მოკრთოდა ღა კოკობა ულვაში, წითელი ტუჩი, თეთრი კბილები ნეტარებას აფრქვევდა; დაკრაკნილ მოკლე წვერს არ შეხებოდა არც დანა და არც სავარცხელი; ყელს ამ ცეცხლმოკიდებულ გზაზედაც კი შერჩენოდა ყირმიზის ფერი...

თვალს ვეღარ ვუჭერდი... სალამი გადმოგვცა... სადილი მოვატანიეთ ღარიბული, და საწყალი იესე, სტუმრისთვის რომ არ შეემჩნევინებინა ჩვენი გაჭირვება, ღვინოს აძალებდა და თითონვე შექეიფიანდა. მე ჩემი ოჯახის ამბავიც კი არ მიკითხავს კარგად, სულ თავის თავზე ვკითხავდი... „თქვენ მოგეხსენებათ, ქალბატონო, მამაჩემი მამათქვენთან ერთად ტყვედ იყო წაყვანილიო“, - მიპასუხა. „მის გამოსახსნელად რომ ვალი ავიღეთ, მას გადაყვა ყველაფერი, არც ეყო; ახლა მე წამომიპოტინა ხელი, მგონი უნდივარ ყმათაც წამიყვანოს... შინ მაინც არაფერი მრჩებოდა სახარბიელო და გამოვსწიე ბედის საძებრად“...

- „აი, ჩვენთან დარჩი, მამული მაქვს, ოღონდ ერთად მოუაროთ, მერე ღმერთია მოწყალე... მიჩუქნია შენთვის ერთი შეკაზმული ცხენი და რაღა გადასადებია, ჩემო გაიანე, მიართვი ერთი ხელი ტანსაცმელი... მეზობლებიც ნუ ნახვენ ჩემი გაიანეს დედულეთიდან მოსულ კაცს შევიწროებულს“...

სიტყვებმა დაღუპეს იესე... წავიყვანე საკუჭნაოში, ორივე ფეხშიშველა ვიყავით... ტანსაცმლის ძებნაში ფეხი-ფეხს მოხვდა... მოიბოდიშა, მაგრამ მე შევცქეროდი ხარბად, აღტაცებით... ხმის თრთოლვით ვუთხარი „არაფერია“... ტანსაცმელი მივეცი და გამოვბრუნდი.

იესეს ეთვლიმებოდა. ვნატრობდი დასძინებოდა... როცა არჩილი გამოვიდა ჩაცმული, სიცილი მომერია: წაღა სისრულისგან თითქმის ვარდებოდა, ჩოხა მოკლე იყო და ბეჭებში ძლივს ეტეოდა... ხის ძირში აღარ დავბრუნებულვართ - ეზოში მობალახე ცხენი ვაჩვენე... გავიარეთ ვენახისკენ და როგორ მოხდა...

ქალმა აღზნებით გაიზმორა...

„ის ზევიდან დამყურებდა და მე ქვევით მწვავდა ვნება.. სად არის ახლაც ნეტავი, კიდევ გადავეხლართო ვით სურო კოპიტს... მაგრამ რომ არ შემოუშვას იულონმა?.. როგორ გამიბედავს!..“

ამ ტკბილი მოგონებით, ამ წარმტაცი გრძნობით სურდა გაიანეს მიძინება, მაგრამ ერთი მწარე ჩვენება არ შორდებოდა.

რომ გართულიყო, მაბეზარი სურათი რომ წაეშალა, წამოდგა ფეხზე... გაიარ-გამოიარა... ტანთ გაიხადა. ისევ მიწვა, მაგრამ სურათი იგი, ვით აჩრდილი უძლეველი, რჩებოდა.

...ერთმანეთს ჩაბღაუჭებული და შემდეგ გავარვარებული ხანჯლებით ერთმანეთზე შეტეული მიჯნური და ქმარი, მტირალა სამიოდე წლის შვილი და პერანგსამარა თვით... სირცხვილი... სირცხვილი... მადლობა ღმერთს, არვის დაუნახავს... დღემდე არვინ იცის, თუ რად იწვა ორი თვე ლოგინში იესე და რად დარჩა სამუდამოდ დაავადმყოფებული. ბავშვს ხომ ყოველივე დაავიწყდებოდა.

 

* * * * * * *

 

ძალზე შეზარხოშებული იულონის წინ იდგა მისი მესაიდუმლე გაიძვერა თედო.

- ერთი მითხარი, სად შეიძლება ახლა თავისუფლად დაწვეს კაცი...

- თქვენს ოთახში, ბატონო... - თითქო ვერაფერი გაიგოვო, გულუბრყვილოდ უპასუხა თედომ, მაგრამ იულონმა ისე შეხედა, რომ თედომ გულუბრყვილობა სწრაფად უკუაგდო და რჩევა დაიწყო; სამეჯინიბო, თავლა, ნალია, საქალებო, სასტუმრო.

- ჰო, ახლა წილადობილას ნუ დაიწყებ, - გააწყვეტინა სიტყვა იულონმა...

- ...დარჩა, ბატონო, ბაღჩაში...

- იქ არავინ გადასულა?

- იქედან გამოვრეკ, შენი ჭირიმე, - ვიტყვი, აქ ბატონს უნდა ძილი-თქო.

- არა, კოშკში შევალ... იქ მომიყვანე ახლავე.

- ბატონო, იქ მზვერავი სდგას...

- არაფერია... გავაგდებ, ოღონდ ჩქარა...

- ბატონო, შენი ჭირიმე, - გულწრფელად შეეშინდა თედოს, - ახლავე არ შეიძლება, იმ გოგოს ძმები და მამა ახლავს.

- ნუ სულელობ, ძმებმა და მამამ განგებ მოიყვანეს... შენ ჯავრი ნუ გაქვს... ოღონდ თუ წევს, გაახვიე ნაბადში და ისე მომიყვანე...

 

* * * * * * *

 

განმარტოებულ ხის ძირში იწვა ოთხი ადამიანი; ერთს სასთუმლად ხის ძირი ჰქონდა და ჩოხით იყო დაფარული; დანარჩენი სამი ხის მოშორებით, მაგრამ ერთმანეთთან ძლიერ ახლო-მახლო მიყრილიყვნენ.

- ვიღაცა მოდის, - წასჩურჩულა ერთმა ცალკე მწოლარეს, - არ დაგავიწყდეს, რაც გასწავლე: ყველაფერში დაეთანხმე და ხვალაც არ გაგიწყრეს ღმერთი, არაფერი სთხოვო... ისე აჩვენე მხოლოდ თავი, რომ ჩვენი გეშინია და ღამით დაბრუნდი უკანვე, რომ ქვეყანამ ვერაფერი შეგნიშნოს... - სთქვა ეს და ხვრინვა ამოუშვა...

უცნობი ლანდივით მოიპარებოდა;

- ვინ ხარ? - იკითხა ქალმა.

- ჩუმად, ჩუმად, - უპასუხა მოსულმა, - ბატონი გიბარებს...

- რას ამბობ, რა უნდა ჩემგან  ბატონს, - უპასუხა ჩურჩულითვე ქალმა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ დიდხანს უარზე არ დარჩებოდა...

- ნუ ჯიუტობ, ბედი გეწია და ისარგებლე, ბატონი ღორის მწყემსი ხომ არ გგონია...

- მთვარეა მოკაშკაშებული, ქვეყანა დაგვინახავს.

- მაგის ნუ გეშინია, აი ნაბადზე გადმოკოტრიალდი, გაგხვევ და წაგიღებ, ეშმაკიც კი ვერ მიხვდება, თუ რა მიმაქვს... მერე მთვარე ჩავა და დაბრუნდები..

- სირცხვილია, თავი მომეჭრება, - ამბობდა ქალი და თვითვე ეხვეოდა თედოს მიერ გაფენილ ნაბადში.

 

* * * * * * *

 

კოშკის კიდესთან იულონმა აღელვებით მიიკრა გულზე შავი ნაბადი, რომლიდანაც ვარდებოდა ორი ოდნავ გაშლილი ნაწნავი თმისა.

იულონმა ტვირთი კოშკის ბანზე დადო, გაშალა ნაბადი და აღტაცებაში მოვიდა. ქალს ყელის საბმელი გაშლოდა, ლოყა შეწითლებოდა, თმა აბურდვოდა, თვალები გაფართოებოდა, გული ძალზე უცემდა და ოდნავ თრთოდა.

- რად თრთი, რა დაგემართა?..

ქალი არ იძლეოდა პასუხს...

- გეშინია განა ჩემი?

- არა, ბატონო...

- მაშ, რა იყო? ჩვენ აქ მარტო ვართ... და მთელი ქვეყანაც რომ მოვიდეს, აბა, ვის დავანებებ შენს თავს. - და იულონმა ნაზათ მოხვია ხელი.

- მაკოცე ერთი, ჩემო კარგო...

ქალი თავს უფრო და უფრო ღუნავდა ქვევით და კანკალმა სრულიად აიტანა. თავს ვეღარ იმაგრებდა.

იულონმა ისევ შემოხვია ქალს ნაბადი.

- მოიცა, ჩათბი პატარა, - და მოხვია ხელი.

ქალმა უცებ ყურები დაცქვიტა;

- ბატონო, რაღაც ხმები ისმის ქვევიდან.

იულონიც დაუკვირდა:

- ბიჭოს! ვის მოძულდა აწი თავი? - იულონმა კიბისკენ გაიწია და ჭვრიტიმალში ჩასძახა:

- ვინ არის მანდ?

- მე ვარ, ბატონო, შენი ჭირიმე, თედო....

- რა ღვთის რისხვა გინდა?

- სტუმარია, ბატონო, არჩილი.

- ვინაო? რა უნდა?

- არჩილი, ბატონო, არჩილი, ხიდი გაუგდეს და ახლა ამოღმართში ამოდის...

გოგომ ერთის თვალის დახამხამებაზე კიბე ჩაირბინა და სადღაც გაჰქრა.

გაბრაზებული იულონი ვეფხვივით ჩამოვარდა ქვევით...

- რამდენჯერ მითქვამს, ღამე უჩემოდ არვინ შემოუშვათ ხიდზე-მეთქი?

- ბატონო, არჩილზე სხვა ბრძანება იყო, ყოველთვის უშვებთ.

- ნუ როტავ ბევრს... არჩილი... არჩილი... ძველი არჩილი ახალი არჩილი არ არის,.. ვერ გაიგე, ეშმაკის ფეხო?..

- გამარჯობა, იულონ, რას ცხარობ, ვინ მოგაყვანია გული, - შორიდან დაუძახა ცხენზე მჯდომმა, რომელმაც აღმართი ამოათავა და კოშკს უახლოვდებოდა.

- ვინ მომაყვანია გული, შენი საქმე არ არის, და ჩემს სახლშიაც რომ არ დახვიდოდე ასე გაურჩევლად, ძლიერ კარგს იზამდი.

- რა ამბავია? რა მოხდა? - შეეკითხა ასეთის შეხვედრით სრულიად გაოცებული არჩილი.

- ის ამბავია, რომ მეფისა და ქვეყნის მოღალატეს არ მინდა ჩემს სახლში ადგილი ჰქონდეს...

- სტუმრის კაი მიღება გცოდნია, კაი მოგცეს ღმერთმა! გაცხარდა არჩილიც.

- სტუმარი არ იყო, მე ვიცი, რა ეკადრება ღამით მოხეტიალე ქვეყნის გამცემს! - მიაყვირა იულონმა არჩილს, რომელმაც ცხენი უკანვე გააბრუნა და გზას გაუდგა.

- მიფრთხილდი, იულონ, წერას ნუ აუტანიხარ!

- შენივე სიტყვები არ დაგავიწყდეს! - კიდევ მიაძახა იულონმა და ათასგვარათ გაჯავრებული ოდისკენ წავიდა: დაეკარგა ტკბილი წუთები ახალგაზრდა „გვრიტთან“, გადიკიდა სამარადისო მტრად არჩილი...

 

* * * * * * *

 

- რა მოხდა, იულონ? - შემოხვდა დიდი ქალბატონი შვილს.

- არჩილი გავაგდე სახლიდან...

- რას ამბობ? ახლავე დააბრუნე... არჩილი...

- არჩილს ვერვინ ნახავს აქ, სანამ მე ვარ ბატონი და პატრონი, - და იულონი აივანზე ავიდა, მაგრამ სახლში შესვლის მაგიერ ქვის ვიწრო უნაგირ-აღვირ-მათრახებით მოფენილ აივნისკენ, რომელიც წკვარამს გადაჰყურებდა, შეუხვია და მივარდნილ ადგილს ფართო მოაჯირზე ჩამოჯდა.

- ...და გინდა წამართვა ერთად-ერთი სიამე ქვეყნისა? ოცდახუთი წელიწადი მაჯლაჯუნად გულზე მაჯდა ცხოვრება. და ეს ადამიანი მიმსუბუქებდა ტვირთს

- გაჩუმდი!

- როგორ გავჩუმდე?.. იმიტომ ვიტანდი ყოველივეს, ვითმენდი საზიზღარი ლეზვს მამიშენისას, რომ ბოლოს ჩემმიერ ფეხზე დაყენებულ ოჯახში ჩემს საყვარელ არსებას არ გაევლებოდეს?..

- გაჩუმდი, ვინმე ყურს მოკრავს.

- ყურიც მოკრან და თავიც...

- ნუ მჭრი თავს, ნუ მარცხვენ ქვეყანაში!

- რა მენაღვლება, თავი მოგეჭრება თუ არა, თუ ჩემი ურგები იქნება სახელიც და პატივიც?..

- გაკმინდე ხმა თუ არა... - ვეღარ მოითმინა იულონმა და ქადილით წინ წაიწია.

- აი, შე ბუშო, შენ! - მიაქაქანა ქალმა და უეცრათ აღვირს სტაცა ხელი და მთელი ძალ-ღონით გადაჰკრა.

სიმხეცემ აღმოხეთქა. არც ერთს აღარ ახსოვდა რას სჩადიოდა.

იულონს თვითონ გაუკვირდა, როცა მოაჯირიდან გადაწოლილმა შეხედა, თუ როგორ დავარდა სიპ-ქვაზე, წკვარამში, დედამისი.

თავდავიწყება სწრაფათ გაქრა და სურვილმა - თავი უდანაშაულოდ გამოეყვანა, სძლია.

საჩქაროდ ვერაფერი მოიგონა.

იულონს უეცრად მოესმა აძიგძიგებული კაცის ამოხვნეშა.

- შენ ვინ ხარ?

- მე ვარ, ბატონო... - თრთოლვით და კანკალით უპასუხა უცნობმა.

- ვინ შენ?

- დღეს რომ გიახელი... დასახლება გთხოვე. - ძლივს ნაწყვეტ-ნაწყვეტად მიუგო.

- მერე აქ რა გინდა?

- დაღალული ვიყავი.. შემეშინდა ციებას არ შეებრუნებია...

- გაიგონე რამე?

- კი - კი - კი.

- დაინახე კიდევაც?

- დდდიახ, - ძლივს ამოგლიჯა კბილებს სიტყვა.

- შენ, ჩემო ძმაო, ნამეტანი ბევრი გინახავს და გაგიგონია, - საკვირველის ტკბილის და თან გველურის ხმით უთხრა იულონმა, - ააა, ამოიღე შენი ხანჯალი.

უცნობმა გაკვირვებით და ჭოჭმანით ამოზიდა დანჯღეული ქარქაშიდან დაჟანგული ხანჯალი.

მაგრამ ამ დროს შიგ სახეში მოხვდა დამბაჩის ტყვია; რაღაც ამოილუღლუღა და დაეცა.

კივილი.

ჩირაღდნები.

- რა ამბავია? რა მოხდა? ვინ გაბედა? შემოჩენილია უსათუოდ.

- მტერი ვის არ ჰყავს.

იულონი კი ხელოვნურად, ვითომც გაბრაზებული, დორბლებს ჰყრიდა:

- მე ქვაზე ვიჯექი, დედა მოაჯირზე ბრძანდებოდა... უეცრად დავინახე, რომ დედა თავდაყირა მიექანება, შველით ვეღარ ვუშველე, გამიწყრა ღმერთი. უკან რომ მოვიხედე, ეს კაცი დავინახე, ხანჯლით მოდიოდა ჩემზე; ვკარი გულში ხელი... და დამბაჩა ვიძვრე...

- ვისი მოგზავნილი უნდა იყოს?

- რა ვიცი, ეხლა ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე?..

- მაინც?

- ვერაფერს ვიტყვი... რამდენი კაცია, რომ ჩემ ციხეზე თვალი უჭირავს?.. ვიცოდე, მის ჯავრს კი ამოვიღებ, მარა არაფერია, მიწაში ვერ ჩაძვრება და ცას ვერ გამოეკერება, საცხოვრებელიდან გავდგები და მაინც გავიგებ, ვინ დამღუპა!

 

ნაწილი მესამე

1

 

იულონმა ღირსეულად მოუარა ოჯახის გამგეს, ოჯახის მშენებელს, ოჯახის ბურჯს, დიდი ოჯახის შვილს, საყოველთაო პატივისცემით აღჭურვილს გარდაცვალებულ დედას.

ტირილზე ბრძანდებოდა კათალიკოსი თავის გუნდითა და ამალით; ცხრა ზარი იყო აშვებული და მას მიემატა მრავალი მოსული. სიგრძე-გაუზომელ სეფაში გაშლილ სუფრებზე ძლივს ეტეოდნენ მოტირალნი... გამრიგენი ცხენებით დადიოდნენ, რომ ყველგან დროზე მოესწროთ და უხვად მოტანილი თევზი, ზეთის ხილი, ჩამიჩიანი ფლავი და შავი მაღლარი ღვინო არავის დაკლებოდა.

გელათს და მცხეთას ორ-ორი კომლი გლეხი შესწირა გადაცვლილის სულის საოხად, რომ კარგაღებული აღაპი დაეწესებია დედისათვის.

ორმოცის შეტირილზედაც დაიკლა ხუთი ხარი, მისი შესაფერი გოჭ-კრავ-ქათმით, თავ ტირილზე დიდი შთაბეჭდილება არჩილმაც მოახდინა.

წინა დღით მოვიდა იგი ამალით და უფროსი ვაჟიშვილის თანხლებით და საკუთარის საგზლით. ცალკე კარავი დადგა ციხის გალავნის გარეთ.

როცა დილას ყველა ჭირისუფალი შეიკრიბა, კათალიკოსი და მიტროპოლიტი შეიმოსენ და წესის აგებას უპირებდენ, მაშინ ჩამოვიდა ეზოში; თალხში იყო, ჭიშკარში ჩამოსულთ მეზარეები შეხვდენ. გრძელი გზა მან ცრემლიანი ხმამაღლა ტირილით განვლო, ნელის ნაბიჯით მიუახლოვდა შუა ეზოს, სადაც კუბო იდგა, ზარი შეაჩერა და მშვიდად წარმოსთქვა:

- ტირილით გმართებსთ, ჭირისუფალნო, მწუხარებას მიეცენით ყველანი, დავკარგეთ დიდი მოამაგე, მოყვარე ნათესავებისა და გამკითხველი ქვრივ-ობოლთა. კიდევ იყო საჭირო თქვენთვის, ახალგაზრდა ბატონო, იულონ, ბრძნული დარიგება ცხოვრებაში გამოცდილი დედითქვენისა... როგორც ამ ოჯახის მიერ ღრმად დავალებულმა, მოვალედ ჩავთვალე ჩემი თავი ამ წმინდა ხატით შემემკო განსვენებულის კუბო და გარდაცვალებულისა და მისი ნეტარ-ხსენებულის მეუღლის სულის ოხად შემიწირავს ორი გლეხი ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის;

ბატონი იულონი თვით გასცემდა უხვ საბოძვარს, მაგრამ მსურს ჩემის მეოხებითაც ისმოდეს ღაღადისი ჩემის სიყრმიდან მწყალობელი ცოლ-ქმრისა... არჩილმა ჩამოართვა ერთ მოხუცს, რომელიც გვერდში მიჰყვებოდა, ვერცხლის და თვლებით მოჭედილი ხატი და კუბოზე დაასვენა; არჩილის უფროსმა ვაჟმა ხელში დახვეული სიგელი ხატის გვერდით დადვა, ორივე მოწიწებით ემთხვია ჯვარს, და სანამ დანარჩენი ამალა კუბოსთან უძრავად იდგა, მამა-შვილი ჭირისუფალთან მიდიოდა, ჩუმად და დაბლა თავს უკრავდა და ბოლოს იმავე ამალის თანხლებით განზე გადგა.

- კიდევაც ემართლება ამ ოჯახს, მისით უდგას სული და კიდევაც უხვად დაუფასა ამაგი, - ლაპარაკობდენ ხალხში.

- ჭეშმარიტად, - „კაი ქენი - ქვას დადევი, გაიარე - წინ დაგხვდებაო“, - უმატებდენ მეორენი.

 

2

 

იულონს, ნიშნათ გლოვისა, ძაძა ეცვა და სახლიდან არ გამოდიოდა, დანა არ შეხებია მის წვერ-თმა ულვაშს. მისი მეუღლე გულში სიხარულით ცას ეწეოდა: ქმარიც მუდამ გვერდში ჰყავდა და მთელი ოჯახის ბატონ-პატრონ-მომვლელი გახდა.

შესახედავათ იულონი იგივე იულონი დარჩა, გულში კი ვერ დამშვიდებულიყო. დედის მიერ მოვლილ ოჯახსა და მამულს უმაღლესი ზედამხედველობა სჭირდებოდა. დრო ბევრი რჩებოდა, კითხვა თუმცა ძალას ატანდა თავს, მაგრამ მთელი დღეობით არ უხერხდებოდა და თვით კითხვის დროსაც ათასი ფიქრი გაუვლიდა თავში.

გლოვის გათავების დრო მოახლოვებულიყო. ოტია მწიგნობარის ნათქვამი ათასჯერ გაარჩია, ნათქვამი დაამუშავა და, როგორც ჩვევია ძლიერი ბუნების ადამიანს, მთელი არსება სამოქმედოდ აღეძრა.

კითხვაც მიატოვა და ერთს აკვიატებულ აზრს სავსებით მიეცა.

- დედა მოვკალი ამ ოჯახისთვის. ღმერთი არ შემინდობს ადვილად და ხალხი არ შემარჩენს, როცა იქნება, გადამახდევინებს და დამსჯის, მაგრამ ამასაც მოვესწრები... ცოტა კიდევ მოვაწყობ ოჯახის საქმეს, თავს დავდებ მთელი საქართველოსთვის და მხოლოდ შემდეგ წავალ მონასტერში. ქვეყანა ძლიერ აირია; ჩემს საბატონოში, მადლობა ღმერთს, ჯერ არაფერია; ყმანი კმაყოფილნი არიან, აზნაურნი მემორჩილებიან, ატყობენ, რომ მე თუ არ ვეყოლები გვერდში, ცუდად წაუვათ საქმე, მაგრამ სულ ვერ გასტანს აგრე: ჩემი ციხე, სანადირო ტყეები, საწისქვილეები, დოვლათი გლეხებს მადას აღუძრავს ამღვრევისა და აღშფოთების დროს ხელი მოითბოს.

მაშინ რა? ვინ არის დამცველი?.. მეფეს მივენდო გულით და სულით? იგი ვერ მოუვლის ქვეყანას, მე ხომ ღორი არა ვარ, მარტო გაძღომით დავკმაყოფილდე - „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს“. ამ ჩვენი სულელი მეფის ხელში სიკეთეს ვერ ვეღირსებით. ვინც კი მოდის ჩვენში უცხოელი, ფარჩა და აბრეშუმი აცვია, ვერცხლსა და ოქროში არის ჩამჯდარი, ფული აქვს და საქონელი... ჩვენ კი გაძვალტყავებული, განამწარები ველით სიკვდილის დღეს... სხვაგან თურმე ცხოველსაც არ სტოვებენ უაქიმოდ, უწამლოდ, ჩვენში კი დიდებულნი ვერ ღირსებიან ქინაქინას. მეფისთვის ვერ აგვიშენებია ხეირიანი სასახლე და იქ თურმე უბრალო მოქალაქეთაც კი ორ-სამსართულიანი სახლები აქვთ.

წერა და კითხვა არ ვიცით, ღმერთს ვერ შევვედრებივართ წესიერად! ორი პატრი ჩამოვიდა, - ბაწარი აქვთ წელზე შემორტყმული და ქალამნები აცვიათ და ისე ასწავლიან ჩვენს კათალიკოზ-ეპისკოპოზებს, როგორც ოსტატი შეგირდს.

სხვაგან მდაბიონიც მეცნიერები ხდებიან, ჩვენში კი დიდებულები ხელის მოწერის მაგიერ საბუთებზე ჯვარს ძლივს სვამენ - და რატომაო? ბუნება არა გვაქვს მდიდარი თუ? ჰავა მეზავებული; ნიადაგი ნოყიერი; ტყეში ნადირი და ზღვაში თევზი; მიწაში ოქრო და ვერცხლი და ხალხი ნიჭიერი... მაშ რატომ ყველაზედ უფრო ჩამორჩენილი, ყველაზედ უფრო უბადრუკი ჩვენ უნდა ვიყოთ?

სწავლა გვაკლია, ერთობა და მშვიდობიან ცხოვრება; ესაა ჩვენი უბედურება. ერთი სწავლული არის ჩვენში და ისიც გააძევეს სასახლიდან... ოდიშიდან გადმოვა თარეში თუ ოსეთიდან, არ იცი. ქალაქში ნახშირი ვერ წაუღია კაცს, რომ გზაზე ორი მარჩილისთვის კაცი არ გამოკუჭონ სააღდგომო გოჭივით... ეჰ, ვის მივეკედლო, რით აღვასრულო კეთილი საქმე ქვეყნისა და ჩემთვისაც?. გადავაგდოთ ჩვენი უნიათო მეფე და მოვიწვიოთ ახალი... ამბობენ, კახთა ბატონიშვილი ძლიერ ნიჭიერი, გონიერი კაციაო და უებრო სარდალიო. რა გამოვა? გავახარებთ მხოლოდ რაჭის ერისთავს... რა გაუკეთდება ჩვენს მხარეს? იქნებ მოვიგერიოთ მთავარი ოდიშისა, ლაგამი ჩავკრათ წერეთელსა და აბაშიძეს, მაგრამ გაუმკლავდებით განა ოსმალოს? და განა ქართლს არ აწიოკებდენ იქნება ლეკები და სპარსელები? ამბობენ, ქართლის მეფეა ჭკვიანიო, იმერეთი რომ მას დაუჭერდეს მხარს, რომ ნებაყოფლობით შეუერთდებოდეს, მაშინ ადვილად დაიჭერს კახეთსაც, რომელზედაც მას მეტი უფლება აქვს, ვიდრე ახლანდელს კახეთის მეფეს.

მირონცხებული მეფის წინაშე, რომელიც დაამშვიდებს და ააყვავებს ქვეყანას, უნებურად ქედს მოიხრის ოდიში და აფხაზეთი, გურია და სამცხე... მაშინ დაიბადება მეორე შოთა და აშენდება გელათი და სვეტიცხოველი. გადავდებ თავს და, თუ ცოდვა ბევრი მიქნია, ეს მადლად ჩამეთვალოს.

რომ მალე შედგომოდა საქმეს, იულონი წლის თავის შესრულებამდე ემზადებოდა გამოტირილისთვის და საიმედო პირებთან მიწერ-მოწერით ამზადებდა ნიადაგს.

 

* * * * * * *

 

ერთ დილას, როცა იულონს გასაწაფავათ ღამენათევი მიმინო ჯერ კიდევ ხელზე უჯდა, შემოიჭრა ბიჭი და მოახსენა:

- ქალაქიდან სტუმრები გეახლენ.

- ვინ ბრძანდება?

- არ ვიცი, მხოლოდ სთქვეს - მეფისგან ვართ გამოგზავნილიო.

- სასტუმროში შეიყვანე.

- ძლიერ გვეჩქარება ბატონის ნახვაო.

- მაშ სთხოვე. - და იულონი უკანა კარებში გავიდა, რომ მიმინო ქანდარაზე დაესვა.

„რამ მოიყვანა ასე ადრე?“ - ფიქრობდა იულონი და თან ჩოხას ისკვნიდა.

აივანზე შემოვიდა სტუმარი.

- მობრძანდი, მობრძანდი დარბაზში, ნაზო და ომის ველზე საზარო, - მხიარულად მიესალმა მასპინძელი ახლად მოსულს და მიიხედა ოქრო-ვერცხლით სავსე თაროსკენ.

- სამწუხაროდ, მე არც სტუმრად მოვსულვარ და არც, წარმოიდგინე, მეგობრად.

- ჯერ ჩემსას შევასრულებ და მერმე, თუ გნებავს, ხმალში გამიწვიე, - უპასუხა მასპინძელმა, რომ დარდიმანდობა დაემტკიცებია, თუმცა ცოტა არ იყოს შეკრთა. - აი, მიირთვი ჩემდა სამახსოვროდ, ნუ დამიწუნებ! მსურს შენი გემოვნება მოვისყიდო და არა შენი გონება... იქნებ მან მიშველოს დანაქად განსაცდელში, - იოხუნჯა კიდევ იულონმა, თუმცა მოსულს ეხლა უკვე შეატყო, რომ სახუმარო არაფერი იყო. მოსულმა ნელა აიღო პატარა თასი და ღიმილით წაიკითხა:

ამაოდ უცქერ მშვენიერი ასულს,

უკეთ გაართობს ღვინო ვაჟკაცთ გულს.

- ა, ლექსიც კარგია და სურათი ხომ ჭეშმარიტი მხატვრისაა. - მოსული ჩააჩერდა თასზე ამოჭრილ გაცრცვილი ქალის ნაკვთებს.

- ესეც ჩემგან იყოს, და არჩილმა ხანჯლის ქარქაშიდან ამოიღო ვერცხლის ტარიანი ოქროთი დაფერილი წვერიაანი დანა, რომელზედაც შავის ზარნიშით ამოჭრილი იყო:

ნაჭედი ვარ ხილისთვის,

ნუ მაფუჭებთ ფრჩხილისთვის..

- მანდილოსნებმა ახლა შემოიღეს, გამოგართმევენ დანას და იწმენდენ ფრჩხილს; ამან თავი მომაბეზრა და ასეთი ზედ-წარწერა გავაკეთებინე; იქნებ შენც გამოგადგეს.

იულონმა თავისი დანა ამოიღო ხანჯლის ქარქაშიდან და მის მაგიერ ნაჩუქარი ჩადო.

- ახლა მიბრძანე, რითაც მაშინებდი.

- არა, შიშით არა, მაგრამ უსიამოვნო ამბავი უნდა გითხრა; მეფე ძლიერ საჩქაროდ გიბარებს.

- რა ნებავს, თუ იცი?

- დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ განრისხებული კი უნდა იყოს.

- რომ არ წამოვიდე?

- უნდა წაგიყვანო.

- ?!..

- მომისმინე! ტყულა ნუ აღელდები! ათი კაცი აი, აქ ვართ ეზოში, ხმამაღალი ლაპარაკიც რომ გაიგონონ, მაშინვე შემოვარდებიან... ახლა ოჯახში შეიძლება მონახო იმდენივე, მაგრამ ტყის უკან ოცდაათი კიდევ მყავს დამალული; ორი ჩემი მხლებელი შენს მეკარეს ელაზღანდარება, და თუ ხმაურობა შეიქნა, თოკს გასჭრიან, თხრილზე ხიდს გადებენ და იმ ოცდაათ კაცს შემოუშვებენ... ვთქვათ, ყველას მოგვერიე, ხომ იცი, შენი მეზობლები მშიერი მგლებივით დაგესევიან, თუ მათ სიხარბეს მეფის ბრძანება დაემატა.

იულონი ერთხანს სახეში შესცქეროდა.

„შენ და შენი მხლებელნი ვერაფერს მიზამთ, ტყეში თუ ვინმე გყავს, მათაც მალე მოუსაგვავ გველის წიწილივით თავს, ოღონდ მერე რა ვქნა? - ფიქრობდა იულონი, - დავხიზნო ცოლ-შვილი? ნაჭირნახულევი, ნაამაგევი ოჯახი ხომ გაპარტახდა, ხომ კარი-კარს უნდა იაროს ჩემმა შვილმა და მომავალმა... მივენდობი მეც შეთქმულებს... მაგრამ მართლა გულით არიან შეთქმული თუ ჩვეულებრივ ლაზღანდარობენ და ერთმანეთის გატეხას, ღალატს უთვალთვალებენ, რომ შემდეგში თვითონ დააბეზღონ და რასმე გამორჩენ“... და უეცრად იულონმა არჩილს მიმართა:

- ვინ იქნება ჩემს მსაჯულად მოწვეული?

- სეხნია აბაშიძე, ედიშერ წულუკიძე, თეიმურაზ ჩიჯავაძე.

„ესე იგი, სწორედ შეთქმულნი!“ - გაიფიქრა ისევ იულონმა.

- და იციან მათ ჩემი საქმე!

- რა თქმა უნდა, იციან.

- ერთი მითხარი, ნუ დამამადლი, ვინ იჭერს ჩემ მხარეს?

- როგორც შევამჩნიე, გულმხურვალედ არვინ... მხოლოდ მიქელაძე და იოსელიანი თხოულობენ მეტი მოწმე გამოეწვიათ, საბუთები შეეკრიბათ, უფრო დინჯად და წინდახედულად მოქცეულიყვენ, არ აყოლოდენ დედაბრულ ჭორს და ამ აღრევა-უბედურობის დროს ქვეყნისთვის არ დაეკარგათ ორი კეთილშობილი ადამიანი და მათი ოჯახი.

- ეს მეორე ვინღაა?

- რაცა ვსთქვი, ისიც მეტი იყო, იმისთვისაც გამირისხდებიან... ნუ მიწყენ.

- ...წინათ მე მომანდვეს შენი სიკვდილი...

- ვიცი...

- და ახლა შენ მიგყავარ სასიკვდილოზე?

- როგორც მაშინ შენ ვერ დამიჭირე მხარი და ზურგი შემომაქციე, ისეა ახლა ჩემი საქმე... მაგრამ ნუ გეშინია, მე უფრო სულგრძელი ვიქნები - შენთვის ვიმეცადინებ.

თავი ჩაღუნა და ჰკითხა:

- შენ რისთვის ჩაერიე ამ საქმეში?

- ღმერთი ხომ არის მოწმე, არც სურვილი მქონებოდეს აქ წამოსვლისა და არც გუშინ დაღამებამდის მეფიქროს, მაგრამ ხომ იცი ჩემი მდგომარეობა... ისედაც ალმაცერათ მიყურებს ყველა.

- დედოფლის გარდა, - მზაკვრულათ ჩაურთო იულონმა.

- ეჰ, არა ღირს მაგაზე ლაპარაკი... ქალის შეურაცხყოფა ვერაა რაინდული ქცევა, - ზიზღით შეაწყვეტინა სიტყვა არჩილმა.

- რა უნდა ვქნა ახლა? - ისე... თავისთვის. გაიფიქრა იულონმა და მოაგონდა დედა, რომელსაც სწორეთ ახლა შეეძლო მარჯვე ხელით და მოხერხებული რჩევით დახმარებოდა.

- სჯობია ეხლავე შეაკაზმინო ცხენები და წამოხვიდე... ვითომც არაფერია, მერმე იქნებ მეფემაც შესცვალოს რისხვა წყალობაზე.

- მისი წყალობაც და მისი...

- ჰო, გეყოფა, მირონცხებული მეფე არც ისე პატარა კაცია, რომ ყოველმა ქვეშევრდომმა ცუდათ მოიხსენიოს.

- შენც მაგას მეუბნები?!.. როდის გახდი მეფის უფლებისა და პატიოსნების ასეთი მედგარი დამცველი?! - დაცინვით შენიშნა იულონმა.

მცირე დუმილი.

- მაშ გამოვეთხოვები ცოლ-შვილს.

- შენი ნებაა, ოღონდ ჯერ მხლებლებს გადასძახე ცხენი შეგიკაზმონ.

- ორი კაცის წამოყვანა შეიძლება?

- ინებე, ოღონდ ჩქარა, - ოდნავი ჩაფიქრების შემდეგ უპასუხა არჩილმა.

იულონს უნდოდა ასეთ გასაჭირს დროს ყველაზე უფრო ერთგულნი ამოერჩია, მაგრამ ვერც ერთზე ვერ შეჩერდა, ბოლოს უიმედოდ, სასოწარკვეთილებით გაიფიქრა: ისევ ძიძიშვილები სჯობიაო - და გადასძახა ქვევით:

- გოგია, დათუნა, ცხენი შემიკაზმეთ და თქვენც მოემზადეთ - ქუთაისს მივდივართ.

 

* * * * * * *

 

- თინათინ, მე საჩქაროთ მეფეს გამოუწვევივარ - რაღაც არაჩვეულებრივი სინაზით და თითქოს დარცხვენილიაო, დაიწყო იულონმა.

- კეთილი იყოს თქვენი წაბრძანება, - მორჩილად უპასუხა ცოლმა.

- ბავშები ეხლავე ძიძებთან გაგზავნე.

- რატომ? მე სრულიად მარტო დავრჩები, - უფრო გრძნობის გამოსათქმელად, ვიდრე საწინააღმდეგოდ უპასუხა ქალმა.

- ხომ იცი კარგია... ძლიერი გლეხებია. მათთან რომ გაიზრდებიან, უფრო შეუყვარდებათ. გაჭირვების დროს არ დასტოვებენ.

- თქვენი ნებაა, ბატონო.

იულონმა ხელი ნაზად მოხვია წელზე; ქალს ასეთი ალერსი იშვიათად ხვდებოდა წილად და ამიტომ მეტად იამა, მოდუნდა, გული აუჩუყდა.

— აი გახსოვდეს, თუ მცირე რამ ფული დაგჭირდეს, დედას ოთახში ხატი ჩამოხსენი, იქ ნახავ პაწია კედელში შეჭრილ უჯრას, უჯრაში შედევი ხანჯალი კარგა დიდზე და მარჯვნიდან მარცხნისკენ გაატარე; ხანჯალი სარაზავს გადასწევს და შენც გამოსწევ უჯრას, იქ ნახავ ფულს, დაკეტის დროს, პირიქით, მარცხნიდან მარჯვნისკენ გადაატარე და ის დაჰკეტს... აი ეს კლიტე-კი ჩვენი მთავარი სალაროსია... თუ ძლიერ არ გაგიჭირდება, ისე ნუ გახსნი; კლიტე იმავე უჯრაში ხატის უკან შეინახე, თუ მაინცდამაინც დაგჭირდეს, კლიტე აჩვენე იესეს, უთხარი, აბა გავაღოთ-თქო და ის გაჩვენებს ადგილს.

- ბატონო, როგორ, დიდი ხნით მიბრძანდები?

- არ ვიცი, - იულონმა ვეღარ მოითმინა - მეფე რაღაც განრისხებული ყოფილა ჩემზე.

- უი, თვალი კი დამიდგა, რას გვერჩის? - და ქმარს უფრო მიეკრა.

- ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ღვთით ყველაფერი მოგვარდება... ოღონდ რაც უნდა უბედურება დაგვემართოს, ჭკუით იყავი... ბავშებს მოუარე... სამი გყავს... მეოთხესაც ღმერთი მოგცემს.. თუ ბედმა მიმტყუნა, შენ მათ მამობაც უნდა გაუწიო და შვილები არ დაგივიწყებენ - სიბერეში ყავარჯენივით მხრებში ამოგიდგებიან...

ქალმა ქვითინი დაიწყო. იულონს სურდა ყოველი შემთხვევისათვის თავდარიგი დაეჭირა; თან ქალის თანაგრძნობით სიამოვნებდა:

- თუ დაქვრივდე... - ხმა აუძაგძაგდა - არ გიშლი ხელმეორედ გათხოვებას.

- უი, რათ ამბობ, უი, რათ ამბობ!

იულონმა დაწყებული წინადადება კოცნით დაასრულა:

- ოღონდ ხეირიანი კაცი ამოირჩიე, შენც მოგიაროს, ბავშვებსაც კარგად მოეპყრას და მამული არ გაუნიაოს.

- უი, ყური კი დამემსოს, რა მემართება?! ნუ თუ ასეა ჩვენი საქმე? - და ქალი კისერზე ჩამოეკიდა ქმარს...

ქმარიც დიდხანს ჰკოცნიდა ცოლს, გრძნობდა, რომ ახლა ის იყო ერთადერთი გულშემატკივარი მთელ ქვეყანაზე. როცა ქმარმა სთქვა: „ახლა კი დროა, უნდა წავიდეთ - ცოლი არ გაჯანჯლებულა, უსიტყვოთ ჩამოშორდა ქმარს და პატარა ბავშვივით მიჯდა ლოგინზე მოთენთილი, თვალცრემლიანი, მწუხარე და დასუსტებული, იულონმა აიყვანა ოთახში ძიძის ხელში მყოფი პატარა შვილი, ჩაიკრა გულში და ძალდატანებული სითამამით გავიდა არჩილთან.

- მაშ წავიდეთ.

ცხენებზე შესხდენ. ჭიშკართან იულონმა კოშკზე მდგომი მზვერავი დაინახა და თავში სისხლი აუვარდა.

- ეი, შენ, ერთი ჩამოდი აქ!

თოფიანმა დარაჯმა მოირბინა.

- შენ ეს ბატონები რომ მობრძანდებოდენ, დაინახე? - ვითომ მშვიდად დაეკითხა იულონი, მაგრამ ღელვა უფრო და უფრო ედებოდა სხეულს.

- კი ბატონო...

- მეტი არავინ?

- მეტი ვინ უნდა დამენახა?

- რაო? შე ძაღლის ლეკვო, აი აქ ვინ იმალება ახლა? - და იულონმა სტაცა დარაჯს კისერში ხელი და ცხენის სიმაღლეზე ასწია...

- ახლაც ვერ ხედავ? ახლაც ვერ ხედავ?

ბიჭს სახე დაუსისხლიანდა, თვალები უზომოთ გაუფართოვდა. პირი დააღო, ცოტა კიდევ და დაიხრჩობოდა. არჩილმა რის ვაივაგლახით გააშვებინა ხელი და ცოცხალ-მკვდარი კოშკის ლეზვ-წამოსული დარაჯი მიწას დაასკდა.

ხიდზე გავიდნენ. არჩილმა დასტვინა და მალე გამოჩნდენ ტყეში ჩასაფრებული მხლებლები.

 

* * * * * * *

 

შესახვევში მგზავრებს სამიოდე ცხენოსანი დახვდათ.

- რა ქენით? - დაეკითხა არჩილი.

- თავსლაფი დაგვასხეს...

- როგორ?

- ღამე იყო, როცა მივედით... როგორც კი ვუთხარით, მეფესთან უნდა წამოხვიდეთ-თქო, იმავ წამს დაგვეთანხმა... გავიდა, ცოლს გამოვეთხოვებიო... ვუცადეთ, ვუცადეთ. მერე მოვიკითხეთ, მერე გავწყერით, ჩვენ თვითონ დაუწყეთ ძახილი, დავიწყეთ ძებნა, გადავჩხრიკეთ იქაურობა, მაგრამ ვერსად ვნახეთ, მხოლოდ მის ავადმყოფ ცოლს წავაწყდით. გვაგინა უშვერი სიტყვებით: „ყაჩაღებო, პატიოსან ხალხს სიკვდილის დროსაც კი არ შორდებით, კრულ იყავით თქვენც და თქვენი მეფე და ბატონიო".

- ქართლისკენ არ გაგზავნეთ მდევარი?

- როგორ არა! მე თვით ვაჭენე ცხენი, სანამ არ დადგა. მაგრამ კვალს ვერ მივაგენი; მერე ვისიღაც ცხენი დავიჭირე და, ხომ უყურებთ, ამით დავბრუნდი.

- რაღა ვქნათ ახლა?

- შემოვერტყათ ამ მიდამოს და დავიწყოთ ძებნა.

- ა, ტყუილა გავირჯებით... მარტო რომ იყოს, უსათუოდ ამდენხანსაც ნახავდით, მაგრამ ეტყობა გლეხები ეხმარებიან, და თუ მათ მოინდომეს, ამ უტეხ ტყეში მთელი წელიწადი ისე შეინახავს თავს, რომ საკუთარი ჩრდილიც კი ვერ დაინახავს და როცა მოესურვება, ისე წავა, როგორც ხოხობი.

- ჰე, რისხვას ვერ გადავრჩებით.

იულონი თავიდანვე ფიქრობდა, რომ ეს უწვევი სტუმრები უბრალო საქმისთვის არ იყვენ გარჯილი, რომ მას უეჭველია მეფის წინააღმდეგ რაიმე მოქმედებას აბრალებდენ; ახლა სავსებით დარწმუნდა, რომ მას მეფის ღალატს აბრალებდნენ და შეთქმულებს ეძებდნენ.

იულონმა მოინდომა თავის მხლებლებს გამოლაპარაკებოდა საიდუმლოდ, მაგრამ შეატყო, რომ ხელს უშლიდნენ.

იულონის ფიქრს მიხვდა არჩილი და ბოლოს უთხრა:

- იულონ, ა, საცაა ქალაქში შევალთ...

- მერე?

- ჰო და, როგორც მე გეცი პატივი და ამდენს ხანს იარაღით მოგიყვანე, ისე შენც მეცი პატივი და იარაღი მომეცი.

- როგორ, რატომ?

- რას იტყვიან მეფე და მსაჯულები, როცა შეიარაღებულს წარგადგენ ეს ბებერი ქე გამპარვია და მადლობის მაგიერ, ვინ იცის, იქნებ მეც სამსაჯულოს გადამცენ, როგორც თქვენი თანამოაზრე.

იულონმა მხლებლებისაკენ მიიხედა... აღარ ჩანდენ.

- ჩემი კაცები სადღა არიან?..

- ჩამორჩნენ... მათაც იარაღს ჩამოართმევენ და ისე გამოგყვებიან, და თუ გინდა, ისევ უკან გავგზავნი და იარაღსაც დავუბრუნებ.

- მომატყუე?

- რით, რაში? მე რაც შემეძლო, პირიქით, გეხმარები, - ღმერთია მოწმე.

- ჰე, - ჩაიქნია ხელი იულონმა და თავისი იარაღი არჩილს გადასცა.

იულონი მწვავე ფიქრებში გაერთო და ხმა აღარ ამოუღია.

 

* * * * * * *

 

მეფე იჯდა დიდი მუხის ძირში; მსაჯულნი, კარის კაცნი და ცნობისმოყვარეობით მიზიდული ხალხი გარს ეხვეოდენ; განმარტოებით, საერთო მუსაიფს და სიცილ-ხარხარს დაშორებული, იჯდა უიარაღო იულონი.

დარაჯები არ ჩანდნენ, მაგრამ რომ ვიღაცა თვალს ადევნებდა, უეჭველი იყო, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი ვერ გაიქცეოდა და ვერც ზიანს მიაყენებდა ვისმე.

მეფე მიუახლოვდა იულონს.

იულონი ფეხზე წამოხტა და დარცხვენილად თავი დაღუნა.

- ჩემი თქვენდამი უკმაყოფილება ვერ დამიშლის ავასრულო ჩემი მოვალეობა: წერილობით ჩემი მეუღლე გადმოგცემდათ ჩემს სამძიმარს... ახლა სიტყვიერად უნდა ვსთქვა, რომ თქვენი ღრმად პატივცემული დედის გარდაცვალებამ დიდად დამაღონა. განსვენებული ჩვენი ქვეყნის შვენება იყო, როგორც ძველი ქართველი ქალი, ოჯახის პატრონი და ოჯახისთვის მზრუნავი. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი და განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ; თქვენ კი იობის მოთმინება მოგცეთ ღმერთმა, რომ გადიტანოთ ასეთი დედის დაკარგვა...

იულონმა კიდევ უფრო მძიმედ დახარა თავი.

მეფეს თვით მოეწონა თავისი საქციელი და საპასუხო თავის დაკვრის შემდეგ განშორდა იულონს.

კარის კაცები მლიქვნელურად მეფის გასაგონად ამბობდნენ:

- რა სულგრძელია, რა ლმობიერია, ნამდვილი მეფეა, შთამომავალი ბაგრატოვანთა...

 

* * * * * * *

 

იულონმა ხალხში დაინახა სოფიო და რევაზი და თითით ანიშნა მისულიყვენ.

მივიდნენ.

- აქ რას შვრებით?

-  რაცხა პარასკეობისთვის გასაყიდად ჩამოვიტანეთ...

- ერთმანეთში როგორ ხართ?

- კარგად, ბატონო...

- მოეწყვეთ?

- თქვენის წყალობით...

- კიდევ ეარშიყებით ერთმანეთს თუ?

- ა, არა, ბატონო.

- აბა?.. - ეშმაკურად შეხედა ქალის მუცელს.

ორივემ თავი ჩაღუნა.

- ჯვარი არ დაგიწერიათ?

- არა, ბატონო...

- ურჯულოები ხომ არა ხართ... დღესვე დაიწერეთ ჯვარი, არ წაიწყმინდოთ სული. - და სოფიოს იულონმა ჯიბიდან ამოღებული რამდენიმე ვერცხლის ფული გადასცა: ნახევარი შენ და ნახევარი შენს დას... ჯვრის დასაწერი ფული ჩემი იყოს... ისიც ხომ შენსავით ცოლობას უწევს ჩემს კაცს?

- კი... - დარცხვენით უპასუხა ქალმა.

- მადლი უთხარი ბატონს, მადლი წყალობისთვის.

იულონს კიდევ უნდოდა მათთან მუსაიფი, მაგრამ ერთი კარის კაცი მოვიდა და მიაყვირა:

- წადით, წადით აქედან, სანამ ზურგი არ აგწვიათ.

 

* * * * * * *

 

დიდი ხანია იულონს მზე მიადგა; რამდენჯერმე გადაჩოჩდა, მაგრამ მეტი გაწევა აღარ შეიძლებოდა - იგი უნდა შეერთებოდა სხვებს და ეს კი არ სურდა.

ბოლოს ვერ მოითმინა და წამოიძახა:

- მეფეო, მოიღე მოწყალება, გამასამართლე! თუ დამნაშავე ვარ, დამსაჯე; თუ არა - დასაჯე ისინი, ვინც ოჯახის მყუდროება დამირღვია და ჩემი თავი ჩაგასმინა.

- ჰო, ჰო, მართალია, დავიწყოთ! - ბრძანა მეფემ.

- მოითმენს ცოტას, არა უშავს რა, ისე ნაზი არ ბრძანდება, - ჩაიბუტბუტა სახლთუხუცესმა.

მეფე თავის ადგილზე შესწორდა, საქმის მოსასმენად დაემზადა, მდივანმა საწერ-კალამი მოიმარჯვა და ქაღალდი გაშალა. მეფის ირგვლივ შემოსხდენ კარისკაცები; სამღვდელოებამ თავისი ადგილი წესრიგზე დაიკავა და მთელმა ხალხმა ხმა გაკმინდა.

- აბა, მდივან-ბეგო, საქმე მოგვახსენე... - ბრძანა მეფემ.

მოხუცი მდივან-ბეგი ადგილზე შეშმაშურდა და უმწეოდ უპასუხა:

- მე არაფერი ვიცი, მწყალობელო მეფე.

უხერხულება უფრო გაიზარდა, როცა მეფემ აქეთ-იქით იწყო ცქერა, თითქოს დამხმარეს ეძებსო.

- ვაი ჩვენი ცოდვა, კაცი დაუჭერიათ და არც კი იციან რისთვის... - ჩაიბუტბუტა ერთმა მოხუცმა დიდებულმა...

დიდებულებში ჩოჩქოლი ატყდა:

- თქვი, შე კაცო, - აქეზებდენ ერთს.

- რა ვთქვა, რომ არაფერი ვიცი?!

- ამ დროს უნდა დახმარება: ენა გიჭრის და გარემოება იცი, - კრეს მუჯლუგუნი სპასალარს...

- შენ იკითხე, თვარა მე რა მენაღვლება! - ჩაიქნია ხელი ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ხან ერთს უფუჩუნებდა და ხან მეორეს.

ხალხში ჩოჩქოლი მატულობდა. იულონს იმედი სრულიად დაეკარგა - მან იგრძნო, რომ აქ სამართლის ძებნა ამაო იქნებოდა, რომ აქ შეკრებილიყვენ მტრები, რათა თავიდან მოეშორებიათ არასასურველი პირი, და ცდილობდა თავი მაგრად დაეჭირა. აქვე იდგნენ იულონის ცოლის ნათესავები, მაგრამ დამფრთხალ ფინიასავით თავისთვის წკმუტუნებდნენ და ხმას კი ვერ იღებდენ...

ამ დროს ადგა მოხუცი სახლთუხუცესი, ულვაშებზე ხელი გადისვა, ხმალ-ხანჯალი შეისწორა, თავი ჩაღუნა და ცოტა არ იყოს, დარცხვენილმა დაიწყო:

- ქრისტე! მწყალობელო მეფეო, დიდებულნო, ჯარისკაცნო, ხალხნო და ჯამაათნო, ზევიდან ღმერთი გვიყურებს და ქვევით ჩვენი სინიდისი! უკუღმართმა საქციელმა უკუღმართ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, მირონცხებული მეფე, მსაჯული და პატრონი ქვეყნისა, დღეს, ვით მდაბიო, თქვენ მოგმართავთ და სამართალს ეძებს... ბალხნო! მეფის შელახული უფლების აღდგენაა საჭირო და ქვეყნის მტრის წინააღმდეგ ზომების მიღება. განა ამას მოელოდა ჩვენი ლმობიერი მეფე? განა იფიქრებდა, რომ რომელიმე ჩვენგანი გაბედავდა ღალატს იმ მეფისას, რომელიც წყალობით ხვდება მტერსაც და ოსმალთა გულიც კი მოინადირა თავისი კაცთმოყვარეობით?l მხოლოდ შემთხვევამ ხელი შეგვიწყო და ბოროტი საქმე ცხადჰყო, თორემ დღეს თუ არა, ხვალ უნდა გაემარჯვნა სათნოების წილ მზაკვრობას, და სიმშვიდის წილ ცეცხლსა და ამბოხებას...

ჩვენმა მეფემ ბევრს თვისი მწყალობელი კალთა გადააფარა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად დავალებული არის იულონი იესეს ძე.

მცირე აზნაურს ციხე და მამული უბოძა, სახელი მაგისი განითქვა და, რასაც არ მოელოდა მაგის მამა და ბაბუა, ისე აღამაღლა კეთილმა მირონცხებულმა.

სანამ ოჯახს უვლიდა დაქვრივებული დედა მაგისი, კიდევ შიშის ქვეშ იყო იულონი. კიდევ ჰქონდა რიდი ქვეყნისა და უფლისა ჩვენისა, მაგრამ რაკი უეცრად გარდაიცვალა ნეტარხსენებული გაიანე, უმადურმა შვილმა დაივიწყა ანდერძი მშობელთა და გაჰყვა გზასა ბოროტისასა.

ის, დიდებულნო, კარის კაცნო და ხალხო, გადუდგა სჯულს, თავის ქვეყანას და მოინდომა ტახტიდან მეფის ჩამოგდება, რომ განედიდებია თავი უმაღლეს მეფისა...

- წყეულიმც იყოს! - დაიძახა აგიაშვილმა.

- წინათაც, დედის გადაცვალებამდისაც ცდილობდა გზა თვისი ბოროტად ევლო, ძალა თავისი ბოროტად მოეხმარა. წაართვა მან აგიაშვილს ამოწყვეტილი გლეხი და მესხთა მამული სამკვიდრო მიითვისა.

- ვერ შევარჩენ, უკაცრავათ! - წამოიძახა მესხმა.

- და ახლა კი მის მაგიერად, რომ, როგორც შეჰფერის მგლოვიარე შვილს, დედის სულისთვის ელოცნა, დაიწყო წერილების გზავნა ოსეთს, ქართლს, რაჭას და სადაც კი მიწვდებოდა...

შეთქმულთა რიცხვი მრავალი უნდა იყოს, საუბედუროდ ჩვენ მხოლოდ გარდა ამისა კიდევ ერთს მივაკვლიეთ - წიგნობარს ოტიას. თუმც, იგი უხელოა, მაგრამ მარჯვენა ხელია შეთქმულთა... იგი გაგვეპარა. რად უნდა გაპარულიყო, თუ დამნაშავედ არ გრძნობდეს თავს?

- ჭეშმარიტად ორივე ერთად მოქმედებდა, - გაისმა დიდებულთა შორის, - მოყვრებიც არიან.

- და ახლაც, როცა ბნელი საქმენი განანათლა ჭეშმარიტების შუქმა, ფეხს კი არ დავარდნია მეფეს, მოტევება კი არ უთხოვნია მეფისათვის, არამედ ამაყად სდგას და სასაცილოდ იღებს სამართალს, თქვენ, დიდებულნო ხალხნო და მეფევ, მას იმედი აქვს თანაავაზაკთა დახმარებისა, მაგრამ ფიცხელი განკარგულებით უნდა იქნეს მოსპობილი სათავეშივე ქვეყანაზე მოვლენილი განსაცდელი: ვინ იცის, რამდენ გულუბრყვილო ადამიანთ გაიტაცებენ ისინი და რაოდენ უბედურებას მიაყენებენ ისინი შვილთა ჩვენთა...

ვიდრე არის დრო და სახსარი, მოიპოვეთ საშუალება უზრუნველჰყოთ მშვიდობა ქვეყნისა, თქვენი ოჯახებისა და მირონცხებული ჩვენი მეფისა.

თუ დავახანეთ, მტერი შემოიკრებს ძალას, ალსა და ცეცხლს მიეცემა ქვეყანა და ძმათა მკვლელ ომში გართულთ ამაოდ მოგვიხდება „თავში ცემა“.

მოხუცი დადუმდა. იგი ელოდა ხალხიდან გამოძახილს. ყველა დუმდა. ეს იყო ცუდი ნიშანი.

მაგრამ მათდა ბედად ერთი ამბავი მოხდა. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა.

ვიღაც მორბოდა და ყვიროდა:

- მიშველე, მეფეო! მიშველე! - ვითომ აჩერებდენ, მაგრამ მაინც მოვარდა.

- რა დაგემართა?

- უბედურება და ღვთის რისხვა.

- ვინ ხარ?

- ნამახვანელი ტყაბლაძე, მეფეო.

- მერე?

- მერე, დათვის ტყავი და ნაღველი მომქონდა. აგერ ვიღაც დიდი კაცი მევაჭრებოდა, ფასში ვერ შევრიგდით. ის წავიდა. მე მისი კაცები მეცენ. ჩხუბში ნაღველი ქე დამექცა, ტყავი წამართვეს...

- ახლა მე რა ვქნა? - უღონოდ, უიმედოდ მიიხედ-მოიხედა მეფემ.

- ბრძანე, ჩემი ტყავი დამიბრუნონ, ნაღველს შენი ჭირი წაუღია! .. ჩემს ოჯახში წელიწადია მარილი არ ყოფილა... - და გლეხი მუხლებზე ხელმეორედ დაეცა. - მოიღე მოწყალება.

- მდივან-ბეგი სადაა? - გაისმა სადღაც ხმა.

მეფეს გაუხარდა და უეცრად მიუბრუნდა გლეხს აი, მდივანბეგს ვუბრძანებ...

- არ მინდა, არ მინდა, შენ ბრძანე გადაახდევინონ... აი, - ბატონო, ის კაცი, მე რომ ტყავს მევაჭრებოდა... მაგის კაცებმა წამართვეს...

- ნუ აწუხებ მეფეს!.. შენი ტყავისთვის არ სცალია!.. ნუ იგდებ თავს!.. გასწი აქედან! - გაისმა კარისკაცთა შორის და ჯიკავ-ჯიკავით მეფეს მოაშორეს ვითომცდა აბეზარი მთხოვნელი.

წრიდან გამოგდებული გლეხი ერთ ჩამოკოკნილ აზნაურს მიუჯდა გვერდში:

- ღმერთი არ უყურებს ამ ამბებს, - შესჩივლა გლეხმა.

- რატომ შეხედავს, ძმაო, ტანად ჩვენ არ ვარგივართ და ბირად. შეძლება ჩვენ არ გვაქვს და სიტყვა-პასუხი არ გვივარგა: რომ გადმოიხედოს, ვერ დაინახავს, სიბნელეში ვართ. რომ დაგვიგდოს ყური, რომ ვერ ვეტყვით, როგორც შეჰფერის... - მწარე დაცინვით ამბობდა მოხუცი... აი, აბა აანთე მკლავის სისხო თაფლის სანთელი, ჩაიცვი ფარჩა და ქინასუსი, შეგალობე უფალს ტკბილი მოქნილი ხმით - ნახე მაშინ თუ არ გისმინოს! თორემ, შე საცოდავო, შენი სიტყვა ხომ ჩემი არ იყოს, დათვის ღმუილსა ჰგავს და აბა დათვისთვის რომ უფალს ესმინა, შენ კი არ გააძრობდი ტყავს, დათვი გაგაძრობდა!..

გლეხი ბოროტის თვალებით შესცქეროდა დამცინავ ადამიანს, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც ბოღმას გაემწარებია იგი და ჰკითხა:

- თქვენ რაღა უბედურება გეწიათ?

მოხუცმა გაიცინა.

- სულ წინააღმდეგ იმისა, რაც შენ, შენ ტყავი წაგართვეს, მე ბეწვი, შენი ტყავი დათვის იყო, ჩემი ბეწვი კი შვილის... შენ ფულს თხოულობ, მე კი სისხლს.

- ვერ გავიგე.

- ტუტუცი ხარ და მიტომ, მაგრამ ვფიცავ ღმერთს, ჩემს სისხლს ავიღებ... ხომ უყურებ აი ამ ხანჯალს?

გლეხს მეტი ხმა არ ამოუღია - ეშინოდა, კიდევ ვერაფერს გავიგებო და მოხუცი გამლანძღავსო. მაგრამ მოხუცმა ვერ მოითმინა და დაათავა:

- შვილი გამიუპატიურეს, კაცო, შვილი. შეპირდა შეგირთავო... გაიტყუა, წამიბილწა და ხასად დაიჯინა. დავდევ, მეფე არ დამიტოვებია და კათალიკოსი, მაგრამ ვერც ჯვარი დავაწერინე, ვერც საუდიერო გადავახდევინე და ვერც ქალი გამოვსტაცე ხელიდან. სასაცილოდ იღებენ ღმერთსაც და ადამიანსაც... ყაჩაღად უნდა გადავარდე, მეტი არაფერი დამრჩენია!..

- რაღა დროს შენი ყაჩაღობაა!! - შენიშნა დათუნამ, რომელსაც ვერაფერი მოეგონა იულონის დასახსნელად და დიდხანს უგულოდ უსმენდა მოხუცის მასლაათს, მაგრამ ეხლა რაღამაც გაჰკრა, თითქოს იაზრა მომავალიო და ჩაერია ლაპარაკში.

- არა, შვილო, არც ისე ბებერი ვარ, რომ გგონია, მარა ცხოვრებამ გამტეხა წელში... ბალღი რომ ვიყავი, დედოფლის კალთაში ვკოტრიალობდი და მერე ისე უკან-უკან წავედი, რომ ქართლიდან მოთრეული ვირისთავიც მეთავადება და ბუზად არ მთვლის... ეჰ, ან კი ყაჩაღად რად წავალ, აგერ შევეკედლები ფიცის კაცს...

- ეს ფიცის კაცი რაღაა, მითხარი თუ ღმერთი გწამს? - სწრაფად შეეკითხა დათუნა.

- რავა არ იცი, შე კაცო, იმერელი არ ხარ?

- იმერელი კი ვარ, ბაბუა, მარა მე უფრო ქართლში ვიზრდებოდი ჩემ ბატონთან ერთად და აქაური ბევრი არ ვიცი.

- ერთი რომ ბაბუას ნუ მიძახი. - არაფერი ბიძაშვილი არ ხარ ჩემი... მეორეც ფიცის კაცი ქვია აი, აქედან დაწყებული ცხენის წყლამდე ყველას, ვინც კი ცხოვრობს. უხსოვარი დროიდან ოდიშიდან გვიფარავენ; ამიტომ იქაურ ბატონებს ნამდვილი მეფეებისა, ამისთანების კი არა, იქ რომ ზის .. მოხუცმა ზიზღით მეფისკენ ხელი გააშვირა - სიგელი აქვთ, ვინც მიეკედლება, თუნდაც ქრისტეს ფეხის მჭამელი იყოს, ვერავინ მოიკითხავს. ხელს ვერავინ ახლებს. ყველა ოხერი აქეთკენ მორბის... მართალი რომ თქვას კაცმა, ბევრი ქე იხოცება: ზოგს სვანი კლავს და ზოგს მეგრელი...

- რა ვიცი, ეს თარეში ქე მოდის ოდიშიდან და ფიცის კაცი რას აკეთებს?!.

- შე ოჯახაშენებულო, ფიცის კაცმა კი არა, წმინდა გიორგიმ ვერ დაგვიფარა და ისინი რომ არ იყვნენ, ვინ იცის, რა დაგვემართებოდა?

სანამ მაბეზარა გლეხს დაამშვიდებდნენ, სანამ ჩოჩქოლი დამშვიდდებოდა, დიდებულნი და ჯარისკაცნი თითქოს იცავდნენ მეფეს უსიამოვნებისაგან და თან ერთმანეთს უფუჩუნებდნენ, ანიშნებდნენ - ცუდად არის საქმე, ამ ბებერმა მრავალი ილაპარაკა, მარა სარწმუნო კი ვერაფერი სთქვაო, რამე უნდა ვახერხოთ იულონის წინააღმდეგო...

ბოლოს მეფემ ისევ მიაპყრო ყურადღება იულონს:

- ვინ რას იტყვის ამ საქმეზე...

სდუმდნენ.

ყველაზე უფრო გასალახანებულმა წერეთელმა სტორტლა:

- მეფის ორგულს თვალების დათხრა!.. მეტს რას უნდა მოელოდეს?

- ჭეშმარიტად შებრალების ღირსი არ არის! - დაადასტურა აგიაშვილმა.

- ესაა თქვენი სამართალი? - დაცინვით წამოიძახა იულონმა.

- ესეც რომ სამართალზე ლაპარაკობს? - დაცინვით უპასუხა მესხმა.

- დავთხაროთ თვალი სამაგალითოდ, რომ მეორემ ვეღარ გაბედოს ისედაც აფორიაქებული ქვეყნის აღრევა. - დაეთანხმა აბაშიძე.

- მამულიც ჩამოვართვათ.

- არა! მამულს რას ერჩით? მაგია დამნაშავე და არა მაგის შვილები...

- ...ცოცხალი იყოს და საჩვენებელი, თუ რა მოელის მეფის და ქვეყნის მოღალატეს...

- თვალები დასთხარეთ, დასთხარეთ თვალები..

- რას ერჩით, კაცო, ვინაა მოწმე, რომ მართლა დაშნაშავეა... იქნებ უდანაშაულოა. კაცის ცოდვაში ნუ ჩავიდგამთ ფეხს, - მკრთალად გაისმა აქა-იქ. ხმა იგი საერთო სურვილის წინააღმდეგობისა ქრებოდა ღრიანცელში:

- თვალი დათხარეთ, ეს უკეთესია, ეს ეცოდინება ყოველ მომავალ ბოროტმოქმედს...

მეფე უძლურად, თითქმის შეშინებული იცქირებოდა აქეთ-იქით. თითონაც არ სურდა ასეთი სიმკაცრე. დანაშაულობაში არ იყო დარწმუნებული. მიმართა სახლთ-უხუცესს:

- რა ვქნა?

- ბრძანე ხმა ღვთისა და ხმა ერისა-თქო და დაეთანხმე.

მეფეს ორი რამ მოეწონა: ერთი რომ საქმე როგორმე ბოლოვდებოდა, მეორე ლამაზად, ბრძნულად შეეძლო თავისი აზრი გამოეთქვა, თან ცხვირში უკვე სცემდა შემწვარი წვადის სუნი და ამიტომ დინჯად სთქვა:

- ხმა ერისა და ხმა ღვთისაო, იყოს ნება ღვთისა!..

- ღმერთმა შეარცხვინა თქვენი სამართალიც და თქვენი კაცობაც! - დაუმატა იულონმა გულგრილად, როგორც დიაკვანი ამბობს: „ამინ“-ო.

- აბა, ჯალათო, საჩქაროდ! - მიმართა სპასალარმა იქვე მდგომს, რომ მეფეს ბრძანება არ შეეცვალა, ან ხალხს სხვა სურვილი არ გამოეთქვა.

 

* * * * * * *

 

- რას ერჩიან, მამა, იულონს? - დაეკითხა არჩილს შვილი.

- ჩვენც მაგი მოგველის, შვილო... დიდებულებს არ უნდათ მეტოქეთა რიცხვი მატულობდეს... ხელსაც მოითბობენ... ეჰ!

 

* * * * * * *

 

აუტანელმა ტკივილმა ისევ ამოაღებინა ენა.

ვიტყვი, ვეტყვი ყველაფერს, ოღონდ ნუ მტანჯავთ, - დაიღრიალა.

ჯალათი წუთით შეჩერდა.

ვღალატობდი ამ უნიათს... არა ქვეყანას... ნუ შემრევთ მოღალატეებში... არაფერი მომისწრია ოღონდ... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა სიტყვებს იულონი.

მეფე შეჩერდა.

- კაის არაფერს იტყვის,

- შეურაცხყოფას მოგაყენებს მურტალი ყაზახი.

- წავიდეთ, მეფეო, ჩქარა.

- ნუ იკადრებ მაგის თავის გაყადრებას...

მეფეს შემოეხვიენ დიდებულნი და ვითომ დიდის პატივისცემით, ნამდვილად კი ოდნავის ძალდატანებით მოაშორეს იმ ადგილს.

- რა ვაჟკაცი დაიღუპა! - თქვა ერთმა მოქალაქემ.

- მაგასაც ეყოლება არა ერთი მოკლული.

- ვა, ასე თუ ერთმანეთი ამოჟლიტა ამ ხალხმა, ჩვენ ვიღა დაგვიცავს?!.

- ამბობენ, თათარი ციხის ძირშიაო.

- მეგრელები ცხენის წყალში გამოვიდნენო.

- აღარ იქნება ერთი მშვიდობა, სიწყნარე ნეტავი? ნუთუ სრულიად მოგვიძულა ღმერთმა?..

ორი მსახური მოვიდა იულონთან და შორი ახლოს მისი იარაღი დააწყო:

- აი თქვენი იარაღი, აღარ დაიკარგოს, ჩვენი ბრალი არ იქნეს.

- თქვენი დედა... თქვე ურჯულოებო, კრულ იყოს თქვენი მეფეც, თქვენი კაცობაც! - იწყევლებოდა, იგინებოდა და ღრიალებდა თვალდათხრილი.

მერე დადუმდა.

ხალხი მიიფანტ-მოიფანტა.

- წყალი, ვინ ხარ მადლიანი.

- ახლავე, ბატონო.

ეს იყო იგივე სოფიო, რომელიც ქმართან ერთად მის გვერდში იდგა და ყველაფერს უყურებდა.

- ვინ ხარ შენ?

პასუხი არავინ გასცა.

- შენც გაიქეცი? ქრისტიანი კაცი აღარავინაა?

- რა ვქნათ, რა ვქნათ, შენი ჭირიმე?.. რატომ არ გაგვისკდება მიწა... - ღრიალებდენ და ყვიროდენ სირბილით მოსული ძიძიშვილები.

- კაი-კაი, - უპასუხა გონება დაკარგულმა იულონმა.

- დაგვიჭირეს, თვარა შენთან გავწყდებოდით, ღმერთია მოწამე, - იმართლებდნენ თავს ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც ღრმად უყვარდათ იულონი.

სოფიოც მალე დაბრუნდა, წყალი დაალევინა, თვალი მობანა.

- ვინ ხარ?

- ჩვენ ვართ, ბატონო, რევაზა და სოფიო.

- წამიყვანეთ სახლში.

სოფიომ ურემი მოიყვანა.

დაიწყო ჩვეულებრივი ვაჭრობა.

- რას ამბობ, ძმაო, იქ ურემი კი არა, ჯორი ვერ ავა.

- მესხების კარამდის მაინც მიგვიყვანე და მერე ჩვენ წავიყვანთ...

- ორი უზალთუნი მომეცით.

ღმერთი არ გწამს, ორი ფეხის ნაბიჯია?

- ორი ფეხის ნაბიჯი კი არა, ხვალ დაუქმებამდის სახლში ვერ მივალ...

- ქრისტიანი არ ხარ? კაცი კვდება და შენ გამდიდრება გინდა...

- მე, ჩემო ძმაო, ჩემთვის ქრისტიანი ვინ გამოდგა, რომ მე სხვას ვენაცვალო?..

- კაი, ჯანი გავარდნია.

 

* * * * * * *

 

მესხების კარებთან მეურმე შეჩერდა...

შეეხვეწენ.. შეაშინეს და წინ გაიგდეს მეურმე...

იწყევლებოდა მეურმე...

ვინ დაუჯერებდა?

იფიცებოდა, ხარებს მეტი აღარ შეუძლია. საურმე გზა აღარ არისო.

საიდანღაც გამოჩნდა აქამდე მიმალული თედო და ის ყველაზე უფრო მიერეკებოდა ხარებს...

უეცრად ურმის ღერძი გატყდა,

- ასე დაგექცათ ოჯახი, - დაიწყევლა კიდევ მეურმემ.

იულონი გამოერკვა ბურანიდან... მიხვდა, რაც მოხდა.

- ცხენი..

- მოართვეს ცხენი, ძლივს შეჯდა, უნაგირზე ვერ მაგრდებოდა.

- ფეხები გავუკრათ უნაგირ-ქვეშ, - რჩევია კილოთი ფუჩუნით წარმოსთქვა ერთმა.

- ვერ გაძლებს... ვერ უყურებ, წელში როგორ იკეცება?..

ისევ ჩამოსვეს.

- რა ვქნათ?

- რავა ბატივით იქცევით?.. მომეცი ერთი წალდი - და სოფიომ თავის ქმარს წელიდან ამოაძრო წალდი.

გაიქცა.

ცოტა ხნის შემდეგ ორ მსხო სარი და რამდენიმე ღვლეჭი მოიტანა.

შეკრეს, საკაცეზედ ხის ფოთლები დააყარეს; თედომ ჩოხა გადააფარა და დაწოლილ იულონს ნაბადი დაახურა.

ერთმანეთს ეცვლებოდნენ; ასე ვაი-ვაგლახით სახლში მეორე დღეს მიიტანეს...

ავადმყოფმა ჯერ მოიხედა. ბავშების ნახვა მოისურვა, ჩაიხუტა. ცოლს ეალერსებოდა. მაგრამ ბრაზი ჰკლავდა, რომ მტერთ დაჩაგრეს, ტკივილები აწუხებდა, სინდისი ჰქეჯნიდა, უცრუვდებოდა იმედი, რომ შთამომავალს უზრუნველყოფილს სტოვებდა და სევდა ღრღნიდა, რომ დიდი საქმისთვის ვერაფერი მოიმოქმედა.

ოჯახს დღითი-დღე ეტყობოდა, რომ უფროსების გამოცდილი და გამჭრიახი თვალი აღარ ტრიალებდა. ცრემლმორეული თინათინი ხან საქათმურს ეცემოდა, ხან სამზარეულოში უეცრად შევიდოდა, ხან საქალებოს, ხან თავლას ესტუმრებოდა, რომ გადაერჩინა კვერცხები დალაყებას, ორიოდე ადლი ხამი მეტი მოექსოვათ მოახლეებს, მაგრამ დოვლათი დნებოდა უმწეო ქალის თვალსა და ხელ შუა.

ბევრს უმალავდენ იულონს, მაგრამ ატყობდა მაინც, ვერ დაუმალეს, რომ დაიკარგა ვერცხლით მოჭედილი უნაგირი, რომ მოხარკედ აღარ ინდომეს ჩალის მოზიდვა, და ავადმყოფობას ხელი შეუწყო მწუხარებამ.

მუდამ გულმოსული გადია, რომელსაც ძლიერ სწყუროდა დაემსახურებია სახელი და პატივი განსვენებული წინამოადგილისა, ხშირათ ბატონების გასაგონადაც კი წამოიკაპასებდა, როცა დაკარგულზე შეიქნებოდა რჩევა და გამოკითხვა:

- უგვარო ცხენსო - ნუ აჭმევ ქერსო! - მაგის ცოლის მშიერი დედულეთი მთლათ თუ არ წაგვიღებს, ისიც კარგია, - და თინათინი ითმენდა, რადგან თვითონ ხედავდა, თუ როგორ მიათრევდნენ, რასაც კი დაიხელთებდენ, მისი ძმა და ბიძა, დეიდა და ბიძაშვილი და თქმით კი ერიდებოდა რამე ეთქვა.

 

* * * * * * *

 

ძიძიშვილები იულონის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, და ორივე თუ არა, ერთი მაინც განუწყვეტლივ თან ახლდა.

ერთხეღ იულონმა ინატრა:

- ერთი ჩემი კოშკი მაჩვენეთო.

- მობრძანდი, ბატონო...

როცა ავიდნენ კოშკზე, იულონი დაჯდა ქვაზე და უნებურად მოაგონდა, აქედან და აქ ნანახი და ნაგრძნობი სურათი.

- დათუნა, ხომ არავინ არის აქ?

- არა, ბატონო.

- ხომ იცი, ვინ დამღუპა?

- კი, ბატონო.

- ხომ იცი, რომ შენ ჩემი ძიძიშვილი ხარ და ჩემ მაგიერ, სანამ შვილები წამომეზდებიან, შენ უნდა იძიო შური...

- შენი ჭირიმე, თუკი ნებას მომცემ.

- წაიღე ჩემი თოფი და დამბაჩა, ოქროსაც მოგცემ საკმაოს... მოჰკალი ნამალევად, მერე გადადი ოსეთში, მიეკედლე ისეთ ბატონს, დაგიფაროს.. ნურც ისეთს დაძაბუნებულს აირჩევ, რომ შენვე გაგიხდეს მოსავლელად, და ნურც ისე ძლიერს, რომ დაგჩაგროს და დაგიმონოს... გავა ორი-სამი წელი და დაბრუნდი ქართლში და თავი შეაფარე ზაზა ციციშვილს ან ქუცნა ამირეჯიბს; იქიდან გაიგებ ჩემი ოჯახის ამბავსაც, და ვინ იცის, იქნებ ღმერთმა მოიღოს წყალობა და ჩემ შვილს, შენს ნაზარდს ისევ შეხვდე.

შენ ამოგირჩიე, რადგან ცოლ-შვილი არ გყავს... ვიცი, დიდს მსხვერპლსა გთხოვ, მაგრამ ნუ ჩამატან საფლავში ბოღმას... მეგობრულად შემომეპარა სახლში, ვენდე, გამიტყუა და ყასბებს მიმცა ხელში...

- მე თითონ მინდოდა, ბატონო, ღმერთია მოწამე... მე შემარცხვინა კაცი... გლეხები ვართ მე და ჩემი ძმა, მაგრამ ვიცით ძმობა...

- გმადლობ... ღმერთმა გადაგიხადოს... მაგიერობას კი ვერ გიზამს ფული, მაგრამ იმდენს კი მოგცემ, რომ, სადაც უნდა იყო, თავი ირჩინო... არ დაგავიწყდეს, როცა ჩემი რომელიმე ვაჟი წამოიზდება, ეცადე იარაღი დაუბრუნო...

- კი, ბატონო.

- მაშ ნუ აყოვნებ - ახლავე წადი, დიდი ხნის სიცოცხლე არა მაქვს და მინდა მოვესწრო..

 

* * * * * * *

 

ორი კვირის შემდეგ ლოგინში მწოლიარე იულონი სიამოვნების ცრემლებს ღვრიდა: უკანასკნელი მოწმე მისი „ბუშობისა“ მოჰკლეს და განთავისუფლდნენ შვილები შესაძლებლობისაგან - „ნაბიჭვრიშვილებად“ მონათლულიყვნენ... შურისძიების გრძნობა კი არჩილისადმი გულში არ ჰქონდა, რადგან კარგად იცოდა, რომ არჩილს სრულიადაც არ უფიქრია მისი დაღუპვა, პირიქით, შეიძლება ცოტათი კიდევაც დაეხმარა. ცარიელ ოთახში სასთუმალთან დათუნა უჯდა და უამბობდა საჩქაროდ, რომ არავის მოესწრო:

- წუხელის მოვკალით ის და მისი შვილიც, სარჩო-საბადებელი ბევრი წამოვიღეთ... თქვენი რჩევა, ბატონო, არ გამოდგა, ქუთაისში რომ ჩავედი, ერთი მოხუცი შემხვდა, დიდი მტრობა ჰქონდა არჩილთან, ის შევიერთე და ისე დავეცით...

- გიცნო მოხუცმა? 

- ვერა, ბატონო. როცა მე პირველად გავეცანი, დიდ ქალბატონზე მგლოვიარედ ვიყავი, შავი მეცვა და თმა წვერ-ულვაში გაბურძგნული მქონდა, ეხლა თმა გავიკრიჭე, წვერი მოვიპარსე, ახალი ჩოხა ჩავიცვი, მოხუცმა ერთი კი მითხრა, საცხა მინახავხარო; ისე კი დამიჯერა, რომ კახეთიდან მოსული თავადიშვილი ვიყავი. როცა ციხეს დავეცით, მოხუცი სიხარულით გადირია მგონი; ავიდა კოშკის წვერზე და საკუთარი ქალიშვილის ნიფხავი ჩამოკიდა და ჰყვიროდა: ვინც შემარცხვენს, მას შევარცხვენ, ვინც დამწიხლავს, მას დავწიხლავო.

- აწ განუსვენე, უფალო, ჩემს სულს! - კმაყოფილებით თქვა იულონმა. - წამოიღე რამ ნადავლი?

- ცოტა ფული იყო, მეტი არაფერი.

- მართალი თქვი.

- იარაღი...

- გევედრები, დააბი ქვა იმ იარაღს და გადაყარე წყალში, არავინ ნახოს.

- ბატონი ბრძანდები.

- მაგიერად ყველაფერი, რაც გაგატანე, ღმერთმა მოგახმაროს, ეს ბეჭედიც შენ გქონდეს, მხოლოდ ლეკური და დამბაჩა ჩემს შვილს არ დაუკარგო.

- დავკიდე, ბატონო, თავის ადგილას.

- ვინ მოხუცი დაგეხმარა, ვერ გავიგე?..

არჩილს ერთი გადაკიდებული მოსისხლე მტერი ჰყავდა. იმ უბედურების დღეს გავიცანი ქუთაისში, თურმე ქალი გაუუპატიურებია მისი და დაუგდია. მერე ის საწყალი მოხუცი რამდენი არ თრეულა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხებია.

 

* * * * * * *

 

თითქოს იულონმა ყოველივე მიწიერი შეასრულა, მოდუნდა, მოეშვა, ლოგინს ვეღარ შორდებოდა, საჭმლის ჭამა მიატოვა, კითხვებზე პასუხს აღარ იძლეოდა, თუმცა ეტყობოდა ჩირქიანი თვალები საშინლად სტკიოდა... და მოკვდა.

ცოლი გადარეულს დაემსგავსა.

გლეხობა დორბლს ჰყრიდა.

აზნაურნი მოთქვამდნენ, გრძნობდენ, რა მეთაური დაეკარგათ..

 

ეპილოგი

 

გავიდენ წელნი.

შინაურმა და გარეულმა ქურდებმა გააღატაკა გლეხობა. აზნაურნი აჯანყდნენ.

მეზობლებმა ჯერ გააოხრეს, მოითარეშეს და ბოლოს მთლად მიითვისეს ციხე სახლ-კარი...

თვით ცოლი, ერთგული ცოლი, პირველად ძალით გატაცებული ხასად დაიჯინა თედომ...

ბავშვები დარჩენ ძიძასთან, რომ დავაჟკაცებისას გაუთავებელი საჩივარი, ჩხუბი და ალიაქოთი აეტეხათ მამულ-დედულის, ციხე სახლ-კარის დასაბრუნებლად...

იულონის გულის ოდნავ დამამშვიდებელი იმედიც არ გამართლდა: მასთან ერთად საუკუნო დუმილს არ მიეცა უკანასკნელი მოწმე ოჯახის სახელის გატეხისა, უჩირქოთ შეურაცხყოფას აშორებული ვერ განაგრძო გვარმა არსებობა.

მართალია თანადამხდური, სანდო, მაგრამ გულუბრყვილო მემატიანე, რომლის თხზულებაც დაიკარგა, სწერდა: „ჟამსა მას საშინელსა გავრცელდა მტრობა, შური დიდებულთა შორის. მსხვერპლად ანგარებისა გახდა თვით ფრიად პატიოსანის იულონის დედა, წარწყმინდა იგი დიდებულმან არჩილ, რომელი თვით იქმნა წარწყმენდილ ხელითა მისისავე ერთგულისა ყმისათა... ხოლო იულონის დაბეზღებითა მეფისა წინაშე არა ქმნულისა ღალატისათვის იქნა თვალ-დამწვარ“.

ერმა - უღრმესმა, პირუთვნელმა და უმახვილ-გონიერესმა მემატიანემ შეაფარდა წინამორბედი და შემდეგ მომხდარი საქმენი და ციხიდან გამოგდებულნი „ნაბიჭვრიშვილების“ მეტ-სახელით მონათლა; ახლა ნამდვილი მათი გვარი მგოსანთ გარდა არავინ იცის. ნათესავ-მოყვრებისაგან ათვალწუნებულნი, ხალხისგან სასაცილოდ აღებულნი, ვერ გაუმაგრდნენ ყოველის მხრით მოზვავებულ მტერს, და უკვე შვილისშვილები ამპარტავანი წინაპრისა, რომელიც გვარის სახელისთვის დაიღუპა, იძულებულნი შეიქნენ სრულიად და სამუდამოდ დაეტოვებიათ ის არემარე...

მათი შთამომავალნი დღე- საც სცხოვრობენ მივარდნილ სოფელში, მაგრამ მკაცრმა მემატიანემ - ერმა აქაც შეუნარჩუნა მათ სამარცხვინო გვარი - „ნაბიჭვრიშვილი“.

რუსთა სასტიკ ხელმწიფობის ჟამს ეცადნენ გვარი გამოეცვალათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ვეჭვობ, დაჩაგრულთა მოსარჩლე რესპუბლიკამ ხმა ერისა სავსებით წარხოცოს, თუნდაც გვარი გადაარქვას...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ