ტკბილად, მშვიდად გაიარა ივანე ოსებაშვილის ცხოვრების გზამ.
ღრმა გრძნობას არ აუტოკებია გული, თავსამტვრევ კითხვას არ აღუშფოთებია გონება.
რეალური გიმნაზიის მეექვსე კლასამდი, თუმცა სუსტად სწავლობდა, მასწავლებლები ყოველ შეღავათს აძლევდენ და განმეორებითი ეგზამენების თუ სავალდებულო სამუშაოს დანიშვნით პატარა ვანო კლასიდან კლასში გადადიოდა.
მხოლოდ, როდესაც მამა მოხუცების გამო სამსახურიდან დაითხოვეს, მცირე პენსია ვერ გასწვდა სწავლის, წიგნების და ტანსაცმლის ფასს.
ვანო ხშირად უშვებდა გაკვეთილებს, მეოთხედებში ძლიერ დაკოჭლდა და წლის ბოლოს იძულებული შეიქნა შეგირდობა სრულებით მიეტოვებინა, რომ საკუთარის შრომით „პური არსებისა“ მოეპოვა.
მისი სიმშვიდის, ბეჯითობის და მუდამ ზრდილობიანი ყოფაქცევის მადლიერმა პედაგოგიურმა საბჭომ, თუმცა ბავშვი ღირსი არ იყო, უთხოვრად მისცა ექვსი კლასის მოწმობა, და ვანო გზაჯვარედინზე გამოვიდა.
არც წარსული ჰქონებია ისე ია-ვარდით დაფენილი, რომ მომავალი ახალგაზრდა კაცს ფართო გზად მოსჩვენებოდა.
ჯერ ფიქრობდა სამხედრო სამსახური აერჩია, მერმე აფთიაქის შეგირდად უნდოდა შესვლა, მაგრამ უეცრათ საიდანღაც გაჩენილმა ნათესავმა ხარჯები თავს იდვა, ოღონდ კი ვანო საბუხჰალტრო კურსებზე შესულიყო.
მოულოდნელმა ქველმოქმედმა სრულიათ შეუცვალა გეზი მომავალი ცხოვრებისა.
რვა თვეში ვანომ სწავლა დაამთავრა და ქალაქის თვითმმართველობაში ბედზე სწორეთ ახლად დაარსებულ ახალ ადგილზე შევიდა.
კეთილმა ნათესავმა თავის ხარჯების ასანაზღაურებლად წინადადება მისცა ახალგაზრდა პატარა მოხელეს მისივე შორეული, მცირე მზითვიანი ნათესავი შეერთო. ვანოც არ გაჯანჯლებულა და საქართველოს შეემატა ერთი ღარიბი თავისუფალი პროფესიის ოჯახი.
აუჩქარებლად შეუდგა ვანო თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებას.
ყოველდღე რიჟრაჟზე იდგა ის ფეხზე, მიირთმევდა უკვე გამზადებულ ჩაის, შემდეგ მოიარდა ბაზარს, მოიტანდა სადილის მასალას და მიდიოდა სამსახურში.
არავის ახსოვს, რომ მის ხელში რომელიმე საქმე შეჩერებულიყოს, ანუ უფროსს შენიშვნა მიეცეს.
უბრალო სადილი აძლევდა საკმაო ძალას, ცოლ-შვილის ალერსი ატკბობდა გრძნობას...
ხუთი წლის წინათ დანიშნეს უფროს ბუხჰალტერის უფროს თანაშემწედ, და მაშინ ოდნავ შეტორტმანდა ერთგვარობის დაყუჩებული ტბა.
ახლა უფრო მხიარული იყო სამსახურში, უფრო თავაზიანი ამხანაგებთან; აქა-იქ მეგობრებ-ნაცნობებიც გაიჩინა და, რაც ყველაზე ღირსშესანიშნავია, აღეძრა სურვილი წარმატებისა...
ცვლილება დაემჩნია განსაკუთრებით შაბათსა და კვირას.
შაბათს ნასადილევს ბატონი ივანე რომ გაიღვიძებდა, ნახავდა ახლად დასუფთავებულ შავ ტანსაცმელს, გაპრიალებულ ახალ წაღას, გახამებულ საყელო-სახელოს, განსაკუთრებულ შემთხვევისთვის შენახულ მოკაუჭებულ შავ ჯოხს და ნაცრისფერ მაუდის თხელ ქუდს.
როდესაც ბატონი ივანე საპნით პირს მაგრათ დაიბანდა, გამოეწყობოდა და იაფფასიან ოდეკოლონს თმა-ულვაშზე გადაისობდა, თავის ოთახიდან გამოვიდოდა მოკოპწიავებული მეუღლე მისი - ელეონორა და ნაზად აკოცებდა თავის სათნო ქმარს.
ივანე პაპიროსს მოუკიდებდა, ქუდს დაიხურავდა, მარცხენა მკლავზე ჯოხს ჩამოიკიდებდა და ორივე ცოლ-ქმარი წავიდოდნენ კლუბში.
თუ ცოლი ლოტოში იმაზე მეტს არ წააგებდა, რასაც ქმარი ფრაპში მოიგებდა, ორივე ცოლ-ქმარი კომპანიას მონახავდა, ზოგჯერ ძლიერ დიდსა და მხიარულს და „გერმანულ ანგარიშით“ ვახშამს მიუჯდებოდა...
ხშირად ყოფილა, რომ ბედს უმუხთლია მათთვის და მაშინ ქმარი ნაცნობებთან მოხერხებულად ოხუნჯობდა:
ექიმმა დაუშალა ლენოს ვახშმობა, მაგრამ, რა ვქნა, ყოველთვის გუვერნიორის მოვალეობა ვერ ავასრულე - ვნახოთ, დღეს მოვახერხებ თუ არა?..
ქალი კი უფრო ნაწყენი, ვითომდა საიდუმლოდ იტყოდა:
- თუ ვახშმად დაჯდა, უსათუოთ უნდა დალიოს, ღვინო კი მაგისთვის საწამლავია.
ვანო ყოველთვის ირჩევდა ბედოვლათ მოთამაშეებს; თვითონ თამაშობდა დიდის ანგარიშით, ხელმოჭერით, ასჯერ გაზომვით და ერთხელ გადაჭრით...
იშვიათათ თუ წააგებდა, და ვახშამიც მარად იყო.
კლუბიდან მათი დაბრუნება ჩიტებისებურ მუსაიფით იყო ავსილი - მარად ერთგვარი, გულუბრყვილო და ორთავესთვის სასიამოვნო.
- რა ქენი, ვანო, შენ?
- მოვიგე ათი თუმანი...
- შენ?
- წავაგე ოცი მანეთი.
- მოუგია ჩვენს ოჯახს...
ორივე გადაიხარხარებდა.
- კარგი ვახშამიც ვჭამეთ... მშვენიერი... ცოტა ძვირი კი.
- რა გენაღვლება! - ნაზად წაკრავდა მუჯლუგუნს ცოლი ქმარს, - ბორიის მოტანილი ბორიამ წაიღოს..
- მე არ ვდარდობ... მკითხე და გითხარი...
უკანასკნელ დროს ცოლ-ქმარს უფროდაუფრო იშვიათად უხდებოდათ ვახშამით სიამოვნება...
პატარა ფრაპს აღარავინ კადრულობდა, დიდის თავდაჭერილობით თამაშობდნენ და ივანესთანა ხელმოჭერილს გაურბოდნენ... ლოტომ კი სრულიად შეირცხვინა თავი და თანაც გაძვირდა...
კვირა დილას ივანეს ლოგინში უყვარდა ნებივრობა... გაღვიძებით ჩვეულებისამებრ გაეღვიძებოდა; ცოლი ლოგინში მიართმევდა ჩაის, პურსა და ყველს. ამ მცირე საუზმის შემდეგ ივანე გადახედავდა გაზეთს და ცოტა ხნით მითვლემდა... ეს თვლემა მრავალგვარ სიამოვნებას ჰგვრიდა.
ჯერ ერთი, ზედმეტი დასვენება, რაღაც ტკბილად მოთენთავდა, გრძნობას უნაზებდა, გონებას ამახვილებდა, აზრებს აათამაშებდა და მეორე, ამ თვლემის დროს ეზმანებოდა ის, რაზედაც ოცნებას თვალხილული ვერ ბედავდა.
მართალია, ამას წინათ დაესიზმრა, ვითომც მის ცოლს ბანკის ცნობილი დირექტორი, ერთი მოხუცი აშიკი, ეხვეოდა, - შეძრწუნდა, გამოეღვიძა და წამოხტა... მაგიერად დღეის სწორს რა წარმტაცი, საამაყო სიზმარი ნახა: უეცრად იღება მისი ოთახს კარები... შემოდიან ხმოსნები... დარცხვენილი არიან ცოტათი, უხერხულობას გრძნობენ. ბოლოს ერთბაშად ეუბნებიან: პატივცემულო, ბატონო ივანე, თქვენ თვითმმართველობაში მსახურებთ აგერ 18 წელია... სამწუხაროდ თქვენ საკმაოდ ვერ დაგაფასეს.. ქალაქის საბჭოს წარსული შემადგენლობა თქვენს შესახებ შეცდომაში ჩავარდა, შეიძლება ვთქვათ, თქვენს წინაშე დიდად დამნაშავეა. ახლა გვინდა წინაპართა შეცდომები გავასწოროთ და თუ გნებავთ, დანაშაული არ ჩავიდინოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენათ საჭიროა, რომ გამგეობაში იყოს ენერგიით სავსე, უანგარო და თან სპეციალური ცოდნის მქონე პირები.. მოგეხსენებათ აგრეთვე, რა უმწეო მდგომარეობაშია ჩვენი ფინანსები, და ვის მივმართავდით ასეთ შემთხვევაში, თუ არა თქვენ...
ვანო ღელდება, სიამოვნებს არა ჯილდო და წარმატება, არამედ შრომის დაფასება... გაწითლებული მორცხვად ეთანხმება.
დიდი ზალა... ხმოსნები კენჭებს ჰყრიან... ითვლიან.
ივანე არჩეულია.
მოკლე (მოკლე, მოკლე!) გრძნობიერი სიტყვები - ხმოსნებს თვალი ცრემლით ევსებათ... და მხურვალე ტაში..
უფრო ხშირად ივანეს წარსულის მოგონება უყვარდა და ყოველ წვრილმანს თავ-თავისი ფერადებით საკმაოთ მატვრულად წარმოიდგენდა, მაგრამ, როცა მომავალზე დაიწყებდა ოცნებას, ანგარიში ჩქარა აერეოდა, ხელახლავ იწყებდა საჭირო საშუალებების ძებნას, იგონებდა ხერხს, მაგრამ კიდევ ერეოდა და აქ ყოველი სუსტის მფარველი - ძილი გადააფენდა თავის კალთას...
შაბათი ივანესთვის განსაკუთრებულის კარგის ნიშნებით დაიწყო.
ქალაქის თავმა მოითხოვა რამდენიმე წლის ანგარიშებიდან შეედგინათ ერთი მთლიანი ანგარიში, რისთვისაც საჭირო იყო დიდი წიგნის შეკვეთა.
მთელი მუშაობა ივანეს უნდა დატყდომოდა თავზე; ივანე გრძნობდა ამ ახალი წიგნის შედგენის უმიზნობას. მოახსენა ქალაქის თავს თავისი მოსაზრება, მაგრამ ბრძანებას როგორ გადაუხვევდა, მოიწვია მესტამბე, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი წიგნის გაკეთება ქაღალდის უქონლობის გამო თითქმის შეუძლებელია და ქაღალდიც რომ ვიშოვოთ, უღირალ ფასად ეღირებაო.
ქალაქის თავმა ჩააქნია ხელი და ღიმილით უთხრა ივანეს:
- თქვენს აზრს ქაღალდიც იზიარებს, მაშ გადავდვათ დროებით... - რაზედაც ივანემ სწრაფათ უპასუხა:
- არა, ბატონო, ჩემის გულისთვის ნუ შეაჩერებთ - მე მზად ვარ!
ქალაქის თავმა კომპლიმენტიც კი უთხრა:
- ნუ სწუხართ - მე დარწმუნებული ვარ თქვენს მუყაითობაში...
ამით იყო ივანე ნასიამოვნები.
საღამოს ცოლ-ქმრის ბედმა კლუბში ყოველივე იმედს გა- დააჭარბა.
ფრაპმა შემოიტანა 246 მანეთი, ლოტომ 50; ლენოს თითქოს განგებ, რომ სიამოვნების მთლიანობა არ დარღვეულიყო, მსახურის საჩუქრად მისაცემი ნაშალიც აღმოაჩნდა, ღვინო თხელი და ჩაცივებული მოართვა მსახურმა და შემწვარი გოჭიც პირში ხიტკინებდა და დნებოდა ლავაშივით.
ინებივრა და ტკბილ, უდარდელ ძილს მიეცა ოსებაშვილის ოჯახი.
გაღვიძებითაც მხიარულად გაეღვიძა ივანეს. ჩვეულებისამებრ ხელი გასწია გაზეთისაკენ, მაგრამ თეთრი ქაღალდის მაგიერ მას დახვდა რაღაც ყვითელი, ისიც ორგვერდიანი სახვევი ქაღალდი. ერთხანს ატრიალა ხელში... დაიწყო კითხვა -
ასოები ერთმანეთს გადადებოდა, აღარ იყო არც მოწინავე და არც ფელეტონი, რომელსაც განსაკუთრებულათ ეტანებოდა ივანე, რომ საკმაო მასალა ჰქონოდა სამუსაიფოდ. ერთხელ კიდევ წაიკითხა რედაქციის განცხადება „თეთრი ქაღალდის უქონლობის გამო იძულებული ვართ ჯერ-ჯერობით სახვევი ქაღალდი ვიხმაროთ და ორ-გვერდიანი გაზეთით დავკმაყოფილდეთ... მიღებულია ზომები“...
ივანემ გადააგდო და ჩაის სმის დროს მიეცა ფიქრს, თუ როგორ დასწია კულტურა ომმა და გაუთავებელმა რევოლუციამ... გრძელი არ ყოფილა აზროვნება; შორს ჭვრეტას ისევ თვალის დახუჭვა და მითვლემა არჩია სხეულმა... და ესიზმრა ივანეს სრულიად მოულოდნელი.
...ვითომც ეგზამენებია მოახლოვებული... ზის წიგნებზე და ხელში უჭირავს წიგნი... ჩაეძინა... მოდის წვიმა, მაგრამ წვიმა საკვირველი... წვეთების მაგიერ, აი, წერილი მეგობრის, დედის; შიგა-დაშიგ, როგორც წვიმის დროს კოხი და სეტყვა, ცვივა რვეულები, ცალკე ფურცლები რაღაც საკვირველი ტაბლიცებით; სცვივიან ანგარიშები მაღაზიებიდან, ბილეთები თეატრ-საღამოებისა, ანგარიშები ცალკე - კასის, ცალკე - მემორანდუმები; ბოლოს თვით თავი წიგნის Grossbuch; როგორც საბანი, ჰფარავს სრულიად ბატონ ივანე ოსებაშვილს;
იხრჩვება ივანე, ცდილობს თავი დააღწიოს ქაღალდის ამ საკანს, საფლავს ავსებულს ქაღალდით... როგორც იქნება, გამოძვრება ქაღალდებიდან... მაგრამ ვაი უარესს! თითები, თავი, ფეხი და ტანი - ყველაფერი ქაღალდისაა.. ქაღალდები ირგვლივ აღარ არის... არის თვითონ ის, ქაღალდებიდან შექმნილი... აი, წარბების მაგიერ დეპეშის სტრიქონები... ხელებად კასის წიგნები, გულმკერდად ტრამვაის ანგარიშები, ყურებად პატარა ლექსთა კრებული, მუხლად ეს წყეული Grossbuch:
ქაღალდი ირგვლივ არ ჩანს... უკვირს, ნუთუ ერთ მის სხეულს მოუნდა ამოდენა ქაღალდი... უეცრად მიწიდან ვარდება ცეცხლი... საზარი შიში... დავიწვები!.. არ დამწვათ! რას მერჩით..
ოფლდასხმული, თმააბურძგნული ივანე იღვიძებს...
















