პოემის მოკლე შინაარსი
* * * * * * *
როდესაც დედამიწაზე გმირების ხანა იწყებოდა, ღმერთები ხშირად შეერთვოდნენ ხოლმე მოკვდავ ქალებს, რომ მათგან გოლიათები დაბადებულიყვნენ. სხვა საქმეა - ქალღმერთები: ისინი ძალიან იშვიათად შეერთვოდნენ მოკვდავ მამრებს, რომ მათგან ვაჟკაცები ეშვათ.
ასე იშვა ქალღმერთ თეტისისგან „ილიადის“ გმირი აქილევსი; ასე იშვა ქალღმერთ აფროდიტესაგან „ენეიდის“ გმირი - ენეასი.
პოემა იწყება ენეასის გზის ზუსტად შუაგულში. იგი დასავლეთით მიცურავს, სიცილიასა და ჩრდილოეთ აფრიკის იმ ნაპირს შორის, სადაც იმ დროს ფინიკიელი ახალმოშენეები ქალაქ კართაგენს აშენებენ. სწორედ აქ დაატყდება მას თავს იუნოს მიერ მოვლენილი საშინელი ქარიშხალი: ქალღმერთის თხოვნით ღმერთმა ეოლემ თავისუფლება მიანიჭა მის დაქვემდებარებულ ყველა ქარს.
უეცარი ღრუბლები მზერას სტაცებენ ზეცას და სინათლეს, წყვდიადი ჩამოწვა ტალღებზე, იქუხა, ელვამ გაიბრწყინა, გარდაუვალი სიკვდილი ყოველმხრივ მოადგა ტროელებს. ბაგირი კვნესის და ისმის მეზღვაურთა ყვირილი.
სიცივემ შებოჭა ენეასი და მანაც ხელები აღაპყრო ზეცისკენ: „სამგზის, ოთხგზის ნეტარია ის, ვინც ტროის კედლებთან მამების თვალწინ ბრძოლით შეეგება სიკვდილს!..
ენეასს იხსნის ნეპტუნუსი, რომელიც ქარებს გარეკავს და ტალღებს დააწყნარებს. მზე გამოიხედავს და ენეასის უკანასკნელი შვიდი ხომალდი უკანასკნელ ძალებს მოიკრებს და უცნობ ნაპირს მიადგება.
ეს აფრიკაა, აქ მბრძანებლობს ახალგაზრდა დედოფალი დიდო. ბოროტმა ძმამ განდევნა იგი შორეული ფინიკიიდან და ახლა იგი დევნილ მეგობრებთან ერთად ახალ ადგილას აგებს ქალაქ კართაგენს. „ბედიერია, ვისთვისაც უკვე მაგარი გალავანი აღიმართება!“ - შესძახებს ენეასი და აღფრთოვანდება იუნოს მშენებარე ტაძრით, რომელიც ტროას ომის სურათებითაა მოხატული: ტროას ამბებმა უკვე აფრიკამდეც მოაღწია.
დიდო თბილად მიიღებს ენეასსა და მის თანამგზავრებს - ისეთსავე დევნილებს, როგორიც თავადაა. სტუმრების საპატივცემულოდ ნადიმი იმართება და ამ ნადიმზე ენეასი თავის სახელგანთქმულ სიტყვას ამბობს ტროას დაცემის შესახებ.
ბერძნებმა ათი წლის მანძილზე ძალით ვერ აიღეს ტროა და გადაწყვიტეს, ეშმაკობით აეღოთ. ათენა-მინერვას დახმარებით მათ ააგეს უზარმაზარი ხის ცხენი, რომლის მუცელშიც დამალეს თავისი საუკეთესო გმირები და თავად ბანაკი მიატოვეს და მთელი ფლოტით მახლობელი კუნძულის უკან დაიმალნენ. ხმა დააგდეს: ღმერთებმა შეწყვიტეს მათი დახმარება და მათაც სამშობლოსკენ გასცურეს, ხოლო ეს ცხენი საჩუქრად დაუტოვეს მინერვასო - ასეთი დიდი კი იმიტომ გააკეთეს, რომ ტროას კარიბჭეში არ გატეულიყო, რადგან თუ ცხენს ტროელები დაეუფლებიან, ისინი თვითონ დაესხმიან თავს საბერძნეთს და გამარჯვებასაც მოიპოვებენო.
ტროელებმა ყიჟინა სცემენ, გალავანს ანგრევენ და ამგვარად შეათრევენ ცხენს ქალაქში. ნათელმხილველი ლაოკოონი აფრთხილებს მათ, ეს არ ქნათო - „რაც უნდა იყოს, მეშინია დანაელების თუნდაც საჩუქრის მომტანებისა“ - მაგრამ ზღვიდან ამოდის ნეპტუნუსის გოლიათური ორი გველი, თავს ესხმიან ლაოკოონსა და მის ორ ყმაწვილ შვილს, ახრჩობენ რგოლებით და წამლავენ შხამით: ამის შემდეგ ყველა დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა. ცხენი ქალაქშია, დღესასწაულისგან დაღლილ ტროელებს უღამდებათ, ბერძენი ბელადები გამოდიან ხის ურჩხულიდან, ბერძნული ლაშქარი ჩუმად მოადგება კუნძულის გადაღმიდან - მტერი უკვე ქალაქშია.
ენეასს ეძინა; სიზმარში მას ეწვია ჰექტორი: „ტროა დაეცა, გაიქეცი, ზღვის გაღმა ეძებე ახალი ადგილი!“ ენეასი სახლის სახურავზე არბის - ქალაქის ყველა კუთხე ხანძარს მოუცავს, ალი ზეცას აღწევს და ზღვაზე აისახება, ყვირილი და კვნესა ისმის ყოველი მხრიდან. იგი მეგობრებს მოუხმობს უკანასკნელი ბრძოლისკენ:
„დამარცხებულთათვის ხსნა მხოლოდ ერთია - არც იოცნებოს გადარჩენაზე!“ ისინი იბრძვიან ვიწრო ქუჩებში, მათ თვალწინ მიათრევენ მეფის ტყვედ ჩავარდნილ წინასწარმეტყველ ასულ კასანდრას, მათ თვალწინ იღუპება მოხუცი მეფე პრიამოსი - „მოკვეთილია მხრებიდან თავი და უსახელოდ დარჩა სხეული“. იგი სიკვდილს დაეძებს, მაგრამ მას დედა-ვენუსი გამოეცხადება: „ტროა განწირულია, იხსენი მამა და შვილი!“ ენეასის მამა მოხუცი ანქიზეა, ხოლო შვილი - ასკანიუს-იულუსი; უძლურ მოხუცს ზურგზე იკიდებს, ჩვილი ხელში აჰყავს და ისე ტოვებს ენეასი ალმოდებულ ქალაქს. გადარჩენილ ტროელებთან ერთად იმალება ტყიან მთაზე, შორეულ ყურეში აშენებს ხომალდებს და სამშობლოს ტოვებს. უნდა გასცუროს, მაგრამ საით?
იწყება ხეტიალის ექვსი წელი.ერთი ნაპირი მათ არ იღებს, მეორეზე შავი ჭირი იღებს მოსავალს. საზღვაო გზაგასაყარებზე მძვინვარებენ ძველი მითების ურჩხულები - სკილა და ქარიბდა, მტაცებელი ჰარპიები, ცალთვალა კიკლოპები. ხმელეთზე - სევდიანი შეხვედრებია: აი სისხლმდინარე ბუჩქნარი ტროელი უფლისწულის საფლავზე, აი დიდი ჰექტორის ტყვეობაში გატანჯული ქვრივი, აი საუკეთესო ტროელი წინასწარმეტყველი შორეულ უცხოეთში, აი თვით ოდისევსის ჩამორჩენილი მეომარი - თავისიანებისგან მიტოვებული, იგი ყოფილ მტრებისკენ იკვლევს გზას.
ერთი მისნობა ენეასს კრეტაზე აგზავნის, მეორე იტალიაში, მესამე შიმშილით ემუქრება: „საკუთარ მაგიდებს დაღრღნით!“ - მეოთხე უბრძანებს მკვდართა საუფლოში ჩასვლას და მომავლის იქ გაგებას. უკანასკნელ სადგომზე, სიცილიაში კვდება ბებერი ანქიზე; შემდეგ ქარიშხალი, კართაგენის ნაპირი - ასე სრულდება ენეასის მოთხრობა.
ადამიანთა საქმეებს ღმერთები აკვირდებიან.
იუნოს და ვენუსს ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ აქ ისინი ერთმანეთს ხელს უწვდიან: ვენუსს არ სურს შვილისათვის შემდგომი განსაცდელი, იუნოს არ სურს, რომ იტალიაში რომი წამოიმართოს და მის კართაგენს დაემუქროს, - დაე ენეასი დარჩეს აფრიკაში!
იწყება ორი დევნილის, დიდოსა და ენეასის სიყვარული, ყველაზე უფრო ადამიანური მთელს ანტიკურ პოეზიაში. ისინი შეერთვენიან ერთმანეთს, როცა ნადირობისას გაუავდრდებათ და მღვიმეს შეაფარებენ თავს: ელვა უნათებს მათ ჩირაღდნის ნაცვლად და მთის ნიმფები კვნესიან საქორწინო სიმღერის ნაცვლად. ეს კარგს არაფერს მოიტანს, რადგან ენეასს სხვა ბედი უწერია და ამ ბედს აკვირდება იუპიტერი. იგი ენეასს სიზმარში მერკურიუსს უგზავნის: „არ გაბედო დაყოვნება, შენ იტალია გელოდება და შენს შთამომავლებს - რომი!“
ენეასი იტანჯება. „ღმერთები მიბრძანებენ - ჩემი ნებით კი არ გტოვებ!..“ - ეუბნება იგი დიდოს, მაგრამ შეყვარებული ქალისთვის ეს ლიტონი სიტყვებია. იგი ევედრება: „დარჩი!“ ცოტა ხნის შემდეგ „დაიცადე!“ შემდეგ: „გეშინოდეს! თუ იქნა რომი და იქნა კართაგენი, საშინელი ომი იქნება შენსა და ჩემს შთამომავლებს შორის!“ ამაოდ. სასახლის კოშკიდან ხედავს ენეასის ხომალდების შორეულ იალქნებს, დასაკრძალ კოცონს აჩაღებს სასახლეში და ცეცხლში შესული ხმალს დაეცემა.
უცნობი მომავლისათვის მიატოვა ენეასმა ტროა, მიატოვა კართაგენი, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მისი მეგობრები დაიღალნენ ხეტიალით; სიცილიაში, სანამ ენეასი ანქიზეს სახელზე მის საფლავთან თამაშებს აწყობს, მათი ცოლები ცეცხლს წაუკიდებენ ენეასის ხომალდებს, რომ აქ დარჩნენ და არსად აღარ გასცურონ. ოთხი გემი იღუპება, დაღლილები რჩებიან ხოლო სამი გადარჩენილი ხომალდით ენეასი იტალიას მიაღწევს.
აქ, ვეზუვის ძირთან, - მკვდართა საუფლოში შესასვლელია, აქ ელოდება ენეასს წინასწარმეტყველი დედაბერი სიბილა. ჯადოსნური ოქროს შტოთი ხელში ჩადის ენეასი მიწისქვეშეთში: როგორც ოდისევსმა ჰკითხა ტირესიასის აჩრდილს თავის მომავალზე, ასევე ენეასს სურს თავისი მამის ანქიზეს აჩრდილს ჰკითხოს თავისი შთამომავლების მომავლის შესახებ.
იგი გადალახავს ჰადესის მდინარე სტიქსს, რომლის შემდეგაც ადამიანებს უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. იგი ხედავს ბერძნების მიერ დასახიჩრებული მეგობრის აჩრდილს როგორც ტროას მოგონებას; იგი ხედავს კართაგენის მოგონებასაც - მკერდში ჭრილობიან დიდოს აჩრდილს; იგი მიმართავს „ჩემი ნების წინააღმდეგ დავტოვე, დედოფალო, შენი ნაპირი!..“ - მაგრამ იგი დუმს.
მისგან მარცხნივ - ტარტაროსია, იქ იტანჯებიან ცოდვილნი: მკრეხელნი, მამისმკვლელნი, ფიცის გამტეხნი, მოღალატენი. მისგან მარჯნივ - ნეტართა ველია, აქ ელოდება მას მამა ანქიზე. შუა ჩამოდის დავიწყების მდინარე ლეთე და მის თავზე დაქრიან სულები, რომლებიც მასში უნდა განიწმინდონ და სამყაროს მოევლინონ.
ამ სულებს შორის ანქიზე შვილს მიუთითებს მომავალი რომის გმირებზე: რომულუსსაც, ქალაქის დამაარსებელს, ავგუსტუსსაც, მის აღმაშენებელს; კანონმდებლებს, ტირანიასთან მებრძოლთ, ყველას, ვინც მთელ მსოფლიოზე რომის მბრძანებლობას განამტკიცებენ. ყოველ ხალხს თავისი ნიჭი და ვალი აქვს: ბერძნებს - აზრი და სილამაზე, რომაელებს - სამართლიანობა და წესრიგი:
სულქმნილი სპილენძი დაე სხვებმა უკეთესად გამოსჭედონ,
მჯერა; გამოიყვანონ მარმარილოდან ცოცხალი სახეები,
ილაპარაკებენ სასამართლოებში მჭევრმეტყველურად,
ცის მოძრაობას ფარგლით განსაზღვრავენ,
დაასახელებენ ამომავალ ვარსკვლავებს;
შენი ვალი კი, რომაელო - სრულუფლებიანად მართო ერები!
აი შენი ხელოვნებანი: დაუწერო მსოფლიოს კანონები,
წაქცეულები დაინდო და დაუმორჩილებლები ჩამოაგდო“.
ეს შორეული მომავალია, მაგრამ მის გზაზე - ახლო მომავალია და იგი არ არის იოლი. „იტანჯებოდი ზღვაზე - დაიტანჯები ხმელეთზეც,“ - ეუბნება ენეასს სიბილა, - „ახალი ომი გელის, ახალი აქილევსი და ახალი ქორწინება - უცხოელზე; უბედურებას არ დანებდე და თამამად იარე!“
იწყება პოემის მეორე ნაწილი, „ოდისეას“ „ილიადა“ მოსდევს.
სიბილას ჰადესური ადგილებიდან ერთი დღის მანძილზე იტალიური ნაპირის შუაგულია, ტიბრის შესართავი, ლატიუმის მხარე. აქ ცხოვრობს მოხუცი ბრძენი მეფე ლატინუსი თავის ხალხთან, ლატინებთან ერთად; გვერდით რუტულების ტომია, რომელთაც ხელმძღვანელობს ბერძენი მეფეების შთამომავალი ახალგაზრდა გოლიათი ტურნუსი. ამ ადგილს მოადგება გემით ენეასი; ნაპირზე გადადიან და დაღლილი მგზავრები ვახშმობენ: ბოსტნეული ბრტყელ კვერებზე დააწყვეს. შეჭამეს ბოსტნეული, შეჭამეს კვერები. „აი, მაგიდებიც არ დარჩა!“ - ხუმრობს იულუსი, ენეასის ძე. „ჩვენ მიზანთან ვართ!“ - აღმოხდება ენეასს. - „ახდა წინასწარმეყველება: საკუთარ მაგიდებს დაღრღნითო.
ჩვენ არ ვიცოდით, საით მივცურავდით, ახლა ვიცით, სად მოვცურეთ“. ენეასი მედე ლატინუსს ელჩებს უგზავნის, ზავს, კავშირსა და მისი ქალიშვილის, ლავინიას ხელს თხოვს. ლატინუსი გახარებულია: ტყის ღმერთებმა დიდი ხანია უწინასწარმეტყველებდნენ, შენი ქალიშვილი უცხოელს გაჰყვება და მათი შთამომავლობა მთელ მსოფლიოს დაიპყრობსო;
მაგრამ ქალღმერთი იუნო განრისხებულია - მისმა მტერმა, ტროელმა მის ძალაზე გაიმარჯვა და სულ მალე ახალ ტროას აღმართავს: „იყოს ომი, დაიღვაროს საერთო სისხლი სიძე-სიმამრს შორის ! თუ ზეციურ ღმერთებს ვერ დავითანხმებ, საიქიოს ღმერთებს მოვიხმობ!“
ლატიუმში არის ტაძარი; მშვიდობის დროს მისი კარი დაკეტილია, ხოლო ომის დროს - ღია. საკუთარ ხელს ჰკრავს იუნო და გახსნის ომის რკინის კარებს. ნადირობისას ტროელმა მონადირეებმა შეცდომით მოკლეს მეფის მოთვინიერებული ირემი და ახლა ისინი ლატინუსისთვის სტუმრები კი არა მტრები აღარ არიან.
სასოწარკვეთილი ლატინუსი გადადგება; ახალგაზრდა ტურნუსი, რომელიც თავადაც ლავინიას სასიძო იყო და უარი უთხრეს მძლავრ ლაშქარს კრებს მომხდურების წინააღმდეგ: აქ არის გოლიათი მეზენციუსი, მოუწყვლადი მესაპუსი და ამორძალი კამილა.
ენეასიც ეძებს მოკავშირეებს: იგი ტიბრს აღმა მიუყვება მომავალი რომის ადგილამდე, სადაც მეფე ევანდრე, არკადიელი ბერძენი ახალმოშენეების ბელადი ცხოვრობს. მომავალ ფორუმზე ფარა ძოვს, მომავალ კაპიტოლიუმზე ეკალბარდია; ღარიბულ ქოხში მეფე უმასპინძლდება სტუმარს და ოთხას მეომარს დაახმარს თავისი ვაჟის, ყმაწვილი პალანტის მეთაურობით.
ამასობაში ენეასის დედა, ვენუსი თავისი მეუღლის, ვულკანუსის სამჭედლოს ეწვევა, რომ მან მის შვილს ღვთაებრივად გამძლე საჭურველი გამოუჭედოს, როგორც ოდესღაც აქილევსს გამოუჭედა. აქილევსის ფარზე მთელი მსოფლიო იყო გამოსახული, ხოლო ენეასისაზე - მთელი რომი: ძუ მგელი რომულუსითა და რემუსით, საბინელი ქალების მოტაცება, გალებზე გამარჯვება, დამნაშავე კატილინა, ქველი კატონი დაბოლოს, ავგულტუსის ზეობა ანტონიუსსა და კლეოპატრაზე, რომელიც ციცხალი ამბავი იყო ვერგილიუსის მკითხველებისთვის. „ხარობს ენეასი ფარის სურატებით, თუმცა არ იცნობს მოვლენებს და თავისი მხრით მაღლა სწევს შთამომავალთა ბედსა და დიდებას“.
სანამ ენეასი შორსაა, ტურნუსი იტალიკური ლაშქრით მის ბანაკს მიადგება: „როგორც ძველი ტროა დაეცა, ისე დაეცეს ახალიც: ენეასთან მისი ბედია, ჩემთან კი - ჩემი!“
ორი ტროელი მეგობარი, მამაცი და ლამაზი ნისუსი და ევრიალე მტრის ბანაკის გავლით მიიპარებიან ღამით, რომ ენეასამდე მიაღწიონ და დასახმარებლად მოუხმონ. უმთვარეო წყვდიადში უხმაურო დარტყმებით მიიკვლევენ ისინი გზას მძინარე მტრებს შორის და გზაზე გადიან - მაგრამ აქ თავს დაათენდებათ და მტრის ბადრაგს გადაეყრებიან. ევრიალე ტყვედ ვარდება, ნისუსი - ერთი სამასის წინააღმდეგ - მის გამოხსნას შეეცდება, მაგრამ იღუპება.
ორივეს თავებს შუბებს წამოცვამენ და გულმოცემული იტალიელები შეტევაზე გადადიან. ტურნუსი ცეცხლს მისცემს ტროელთა სიმაგრეებს, ნაპრალში შევარდება და ათობით მტერს ამოხოცავს. იუნო მას ძალას შთაუნერგავს და მხოლოდ იუპიტერის ნება უდებს საზღვარს მის წარმატებებს. ღმერთები აღელვებული არიან, ვენუსი და იუნო ერთმანეთს სდებენ ბრალს ახალი ომის გაჩაღებაში და თავის რჩეულებს იცავენ, მაგრამ იუპიტერი ხელის ერთი მოძრაობით აჩერებს მათ: თუკი ომი დაწყებულია, დაე თითოეულს ამოუვიდეს ხვედრი საბრძოლო უბედურებისა და წარმატებისა: ყველასთვის ერთნაირია იუპიტერი. ბედისწერა გზას იპოვის.
ამასობაში, როგორც იქნა, ბრუნდება ენეასი პალანტთან და მის ლაშქართან ერთად; ყმაწვილი ასკანიუს-იულუსი, ენეასის ძე, ბანაკიდან მათთან შესახვედრად იერიშით მიდის, ორი ლაშქარი ერთდება, იწყება ხელჩართული ბრძოლა, მკერდი მკერდს ასკდება, ფეხი ფეხს ებლანდება, როგორც ეს ოდესღაც ტროაში ხდებოდა. ფიცხი პალანტი წინ მიიწევს, გმირობას გმირობაზე ჩადის, ბოლოს დაუმარცხებელ ტურნუსს შეასკდება - და მისი შუბით განგმირული ეცემა. ტურნუსი ქამარს და სახვევს მოგლეჯს, ხოლო საჭურველიან სხეულს კეთილშობილად გაატანინებს დაღუპულის თანამებრძოლებს ბრძოლის ველიდან.
ენეასი შურის საძიებლად ტურნუსს ეცემა თავს, მაგრამ იუნო დაიცავს რუტულების ბელადს; ენეასი შეასკდება მძვინვარე მეზენციუსს, დაჭრის მას, ლავსუსი, ყმაწვილი ძე მეზენციუსისა გადაეფარება მამას, - ორივე იღუპება და მომაკვდავი მეზენციუსი ითხოვს, ერთად დაკრძალონ.
დღე მთავრდება, ორი ლაშქარი დაკრძალავს და დაიტირებს დაცემულ ვაჟკაცებს; მაგრამ ომი გრძელდება და ისევ პირველები იხოცებიან ყველაზე ახალგაზრდები და ლამაზები: ნისუსისა და ებრიალეს შემდეგ, პალანტისა და ლავსუსის შემდეგ ამორძალი კამილას რიგიც დგება. კამილა ტყეში გაიზარდა, სადაც თავი მონადირე დიანას შესწირა, მშვილდითა და ცულით იბრძვის იგი მომხდური ტროელების წინააღმდეგ და ეცემა შუბით განგმირული.
ტურნუსი ხედავს თავისი მეომრების დაღუპვას, ტურნუსს ესმის მოხუცი ლატინუსისა და ნოირჩი ლავინიას მწარე გოდება, ხვდება, რომ ბედისწერა უახლოვდება და უგზავნის შიკრიკს ენეასს „უკან დახიე ლაშქარი და ჩვენი კამათი ორთაბრძოლით გადავწყვიტოთ“. თუკი ტურნუსი გაიმარჯვებს, ტროელებს ახალი მიწის მოძებნა მოუწევთ, ხოლო თუკი ენეასი გაიმარჯვებს - ტროელები აქ თავის ქალაქს დააარსებენ და ლატინებთან ერთად იცხოვრებენ.
დაიდგა საკურთხევლები, შესწირეს მსხვერპლი, დაიდო ფიცი, ორი წყება ლაშქრისა დგას მინდვრის ორ მხარეს. და ისევ, როგორც „ილიადაში“, უეცრად ზავი ირღვევა. ზეცაში ჩნდება ნიშანი: არწივი თავს ეცემა გედების გუნდს, იტაცებს საკბილოს, მაგრამ თეთრი გუნდი ყოველი მხრიდან თავს ესხმის არწივს, გედს გააგდებინებს და აოტებს. „ეს ჩვენი გამარჯვებაა უცხოტომელებზე!“ - შესძახებს ლატინი მისანი და თავის შუბს ტროელთა წყებას ესვრის. მეომრები ერთმანეთს დაერევიან, ისევ ხელჩართული ომი გაჩაღდება, ხოლო ენეასი და ტურნუსი ამაოდ ცდილობენ ამ საომარ ორომტრიალში ერთმანეთი იპოვონ.
ზეციდან მათ უყურებს და იტანჯება იუნო, რადგან ისიც გრძნობს მოახლოებულ ბედისწერას. იგი იუპიტერს მიმართავს უკანასკნელი თხოვნით: „იყოს რაც იქნება, ბედისა და შენი ნებით, - მაგრამ არ მისცე ტროელებს უფლება, თავს მოახვიონ იტალიას თავისი ენა და ზნე! დაე ლატიუმი დარჩეს ლატიუმად და ლატინები ლატინებად! ტროა მოისპოს - ნება დართე, რომ ტროას სახელიც მოისპოს!“ და იუპიტერი უპასუხებს: „დაე, ასე იყოს!“
ტროელებისგან და ლატინებისგან, რუტულებისგან და ევანდრეს არკადიელებისგან წარმოიშვება ახალი ხალხი და თავის დიდებას მთელს მსოფლიოში გაიტანს.
ენეასმა და ტურნუსმა ერთმანეტი იპოვეს: „შეასკდნენ ფარით ფარს და ეთერი გაივსო ქუხილით“. იუპიტერი ცაში დგას და ხელში სასწორი უჭირავს ორი გმირის ხვედრით ორ პინაზე. ტურნუსი მახვილს დაჰკრავს და მახვილი ტყდება ვულკანუსის გამოჭედილ ფარზე. ენეასი შუბს დასცემს და შუბი გახვრეტს ფარს და საჭურველს და გმირი ეცემა თეძოში დაჭრილი. იგი ხელს ასწევს და ამბობს: „შენ გაიმარჯვე; მეფის ასული შენია; დანდობას ჩემთვის არ გთხოვ, მაგრამ თუკი გული გაქვს, - დამინდე მამაჩემისთვის: შენც ხომ გყავდა ანქიზე!“
ენეასი ზეაღმართული მახვილით ჩერდება - მაგრამ აქ მისი მზერა ტურნუსის ქამარსა და სახვევზე ჩერდება, რომელიც მოკლულ პალანტს ეკუთვნოდა, ენეასის ახალშეძენილ მეგობარს. „ვერა, ვერ წამიხვალ! პალანტი შენზე შურს იძიებს!“ - შესძახებს ენეასი და მოწინააღმდეგეს გულს შეულეწს;
და სასიკვდილო სიცივით მოცული სხეული დატოვა სიცოცხლემ და კვნესით შეერთო აჩრდილებს.