რაც იყო და რაც არ იყო
ამ მოთხრობის პატარა გმირმა ბევრი რამ არ იცოდა.
მისთვის საუბედურო შეიქმნა უმთავრესად ის, რომ მან არ იცოდა, რაც ხდებოდა მის გარშემო ამ ომისა და რევოლუციის დროს.
მას ეგონა, რომ ყველაფერი მართლა იყო, რაც იყო, და არ იყო ის, რაც არ უნდა ყოფილიყო.
საწყალი ბიჭი!
მაგრამ მას ბევრი რამ ეპატიება: ის ისე მოჰკვდა კიდევაც. რომ არ იცოდა, რისთვის კვდებოდა.
საინტერესოა ეს ისტორია.
* * * * * * *
ეს ვაჟი მეოცნებე იყო და ერთ დიდ ქალაქში სცხოვრობდა. იგი უცნობ ქალზე იყო შეყვარებული, და სიყვარულს ისე დაებრმავებია, რომ ვერც კი ამჩნევდა, რომ ქვეყანაზე ომი იყო და რევოლუცია.
უთუოდ უცნაური იყო ეს ვაჟი. ბედნიერად მოჰქონდა თავი და ყოველთვის უმანკო, ბავშვური ღიმილით იღიმოდა.
მთელ ქალაქში ისე უმანკოდ აღარავინ იღიმოდა, როგორც ეს ვაჟი, და მის გარდა იმ ჟამად აღარავინ ფიქრობდა ბედნიერებაზე.
დაინახავდენ თუ არა ქუჩაში, ხალხი ერთი ამბით დაედევნებოდა ვაჟს.
- აი მოდის ვიღაცა, რომელიც იღიმის. ეტყობა, ბედნიერია! შეხედეთ, ბედნიერები კიდევ ყოფილან ქვეყანაზე!
მაგრამ არავინ კი არ იცოდა, ვინ იყო ეს ვაჟი. ისიც ყოველთვის მარტო იმ დასეირნობდა ქუჩებში და ყურადღებას არავის აქცევდა. მუდამ სატრფოს დაეძებდა, მასზე ფიქრობდა და მისთვის იღიმოდა.
იგი სატრფოსაც არ იცნობდა, არც სახელი იცოდა მისი. მაგრამ თინას კი ეძახდა გულში და დარწმუნებული იყო, რომ ეს სახელი ერქვა სატრფოს, როგორც მას მისი საკუთარი.
ყოველ დღეს შეხვდებოდა ვაჟი სატრფოს. შეხვდებოდა, გაუღიმებდა და გაივლიდა.
ქალიც არ იცნობდა ვაჟს. მაგრამ ღიმილზე ყოველთვის ღიმილითვე უპასუხებდა.
ხანდახან შორი-შორიდან თვალს გააყოლებდა ვაჟი თინას და ასე სახლამდის მიაცილებდა. მერე კიდევ დიდხანს დადიოდა ქუჩაში და ხან ხმამაღლა, ხან კიდევ ჩუმად თავის სატრფოსა და სიყვარულზე ოცნებობდა.
ასე ხდებოდა მაშინ, როცა დიდი ომი იყო და შერყეული ქვეყნიერებას რევოლუცია სასწაულებს უმზადებდა.
და აი, ერთ დღეს ქალაქის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ ვაჟი ქუჩაში არ გამოჩნდა. არ გამოჩნდა იგი მეორე, მესამე დღესაც. მერეც არ გამოჩენილა.
შეწუხდენ ყველანი, რადგანაც ახსოვდათ ვაჟის უმანკო ღიმილი და კვლავ მისი ხილვა ენატრებოდათ.
- ალბად დაიღუპაო, - იფიქრეს ბოლოს და ამით გაათავეს, რადგანაც ჩვეულებრივი იყო მაშინ დაღუპვა.
მაგრამ სრულიად ამავე დროს ისეთი ამბავი დატრიალდა ქალაქში, რომ გაკვირვებას გადაჩვეულებიც კი გააოცა.
სწორედ ვაჟის გაქრობის დღეს, ქალაქში მოულოდნელი ზედაწყვეტა შეიქმნა: დიდი და პატარა ფეხზე დადგა. და საშინელი წყრომის ზუზუნი გაისმა კიდით-კიდე.
ზედაწყვეტა ქალაქის სასაფლაოსთან ჩამავალ ქუჩაში დაიწყო და რამდენსამე წამში ხანძარივით მთელ ქალაქს მოედვა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ ქალაქში ვიღაცა უცნობი გამოჩნდა შეუწყნარებელი სანახაობისა და შეჰლახა ხალხის უკანასკნელი სასოება. ამ უცნობს სახეზე გაშიშვლებული საშინელება გამოხატოდა და დაურიდებლად გამოემჟღავნებია ისეთი შიში ცხოვრებისადმი, რომელიც უთუოდ დაფარულად უნდა ეგრძნო.
ხალხმა ეს ვერ მოითმინა. შეიპყრო უცნობი, გაიყვანა ქალაქ-გარეთ და ჩაჰქოლა.
მოხდენილმა კვლევა-ძიებამ ჩაქოლილის ვინაობა გამოარკვია. ის მეოცნებე ვაჟი აღმოჩნდა, რომელიც ქუჩაში დადიოდა მარტო და ყოველთვის უმანკო ბავშვური ღიმილით იღიმოდა.
* * * * * * *
- ვაჟის ჩაქოლას წინ უსწრობდა ერთი ღამის ფასტასტიური ამბავი.
დანამდვილებით არავინ იცოდა, რა მოხდა იმ ღამეს. არც ის იცოდეს დანამდვილებით, მართლა მოხდა რამე თუ არა.
ასეც ხშირად ხდებოდა.
სრულიად მოულოდნელად იმ ღამეს ომის ხაზი მოუახლოვდა ქალაქს, სადაც მეოცნებე ვაჟი სცხოვრობდა. აქუხდენ საომარი იარაღები და მალე რომელიღაც მეომარი ჯარიც ქალაქში შემოვიდა.
რა დატრიალდა ღამის განმავლობაში, ეს არავინ იცის. ხოლო დილა რომ გათენდა, ყველაფერი ისე იყო, როგორც წინა-დღეს. ბევრს იჭვიც კი დაებადა, რომ ომის ხაზი ქალაქს დაახლოვებოდა.
მაგრამ ის ღამე მაინც საბედისწერო შეიქმნა მეოცნებე ვაჟისათვის.
იმავე ღამეს იგი სატრფოს ბინისაკენ გაიჭრა, რომ თინას რაიმე უბედურობა არ შემთხვეოდა. გზაზე არავინ შეხვედრია. სიცარიელე იყო და სიწყნარე.
ნეტავი, ვინ სთქვა ომი იყოო. ზარბაზნების ხმა, მგონი, თვითონაც არ გაუგონია.
ეს გაუხარდა.
სატრფოს სახლთან რომ მივიდა, გაოცებული შესდგა მოშორებით. ვერ იცნო იქაურობა. მოჩვენებად წარმოუდგა.
სინათლის ზღვა კიაფობდა როგორც სახლს გარეთ, ისე შიგნითაც. წამდაუწუმ მოდიოდა ავტომობილები, მოარული მანქანები და კიდევ რაღაც მანქანები. შესავალთან ხალხი ირეოდა. შედიოდნენ, გამოდიოდნენ.
სახლიც ზღაპრულ ქარეასლას დამსგავსებოდა.
სად მოვხედიო, გაიფიქრა ვაჟმა. მოსაფშვნეტად ხელი თვალთან მიიტანა, მაგრამ უცებ ჩაჰქრა სინათლე. მერე შეინძრა ყველაფერი არახრახებით და ყველაფერი გაჰქრა.
ვაჟი სატრფოს ნაცნობ სახლთან იდგა.
მოეწონა, რომ ღამე ასეთი უცნაური იყო.
მერე საყვარელი ფანჯრები შეათვალიერა. ერთ მათგანზე შეაჩერა თვალები.
- ძილი ნებისა!.. - ალერსით წარსთქვა და ფეხაკრეფით უკან დაბრუნდა.
წინ ნახულის წარმოდგენაზე თავი გაიბერტყა. ოცნება მოიშორა.
* * * * * * *
მეორე დღეს ქუჩაში გამოვიდა. ჩვეულებრივად იღიმოდა. მაინც იჭვით შეათვალიერა ქალაქი უეჭველია, ყველაფერი მოჩვენება იყო, რაც წინაღამეს მოხდა.
მაინც წავიდა სატრფოს ბინისკენ.
ანაზდეულად გზაზე სამგლოვიარო პროცესიას წააწყდა: ვიღაცას სასაფლაოზე მიასვენებდნენ. სულ ათიოდე ქალი და კაცი მიჰყვებოდა ღარიბად მორთულ კუბოს.
არც მუსიკა, არც გალობა, არც ერთი გვირგვინი.
საწყალი.
კუბო თავახდილი იყო.
ვაჟი გაერია პროცესიაში, თუმცა ყველანი უცნობები იყვნენ. მალე დაუახლოვდა კუბოს და შიგ ჩახედა.
კუბოში მისი სატრფო ესვენა.
უცებ - ვიდრე გონებით დაადასტურებდა ნახულს - მთელმა ღამემ გაურბინა თავში. მერე:
- მაშ, ყოფილა ომი და თინაც მოუკლავთ.
ჭირისუფლებში ჩადგა და ასე განაგრძო გზა.
და აი, უკანასკნელად ეთხოვებოდა იგი საფლავზე სატრფოს.
მდაბდალ თავდახრილი მიუახლოვდა კუბოს.
- ესაა. - დაიწყო და დადუმდა.
მაშინ ვიღაცა მიუახლოვდა და თავაზიანად შენიშნა, რომ ის იღიმოდა და ეს უადგილო იყო.
ვაჟმა თავი ასწია და მიმოიხედა.
- მაშ მოჰკლეს!.. ასე მოჰკლეს ჩემი თინა! - წარმოსთქვა ხმამაღლა.
მიცვალებულის ჭირისუფლებში ჩოჩქოლი ატყდა. რამდენიმე კაცი მივიდა ვაჟთან. მოჰკიდეს ხელი და კუბოს მოაშორეს.
უთხრეს, რომ შეცდომით იყო იქ მოსული. მიცვალებული ესა და ეს ქალიაო. დაუსახელეს უცნობი სახელი. არავის მოუკლავს. ავად იყოო.
მაშინ უცებ ჩამოეხსნა ღიმილ ვაჟს. ხოლო ღიმილის ქვეშ ისეთი საშინელი გამომეტყველება დაუნახეს, რომ მყისვე შიშისაგან გაეცალენ.
ამის შემდეგ მოშორდა იქაურობას ვაჟი და მიიმალა.
თვალი გააყოლეს. შენიშნეს, რომ მიმავალს გაოცებით გზას უთმობდენ.
ცოტა ხანი და მახლობელ ქუჩაში ხმაურობა ატყდა, მერე უზომო წყრომის გამომხატველი ყვირილი და მალე ზედაწყვეტაც შეიქმნა...
რით გათავდა, ეს ზემოთ არის ნათქვამი.