მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 752 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჭიშკრის ჭრიალზე ლაფაროდან ძაღლი ყეფით გაექანა. ვირმა ყურები დაცქვიტა; თხა წამოდგა, ფეხები დააბაკუნა და წვერები ააცმაცურა: მამალმა შეიფერთხა და იყივლა. დანარჩენი მცხოვრებნი მშვიდად დარჩნენ.

ყეფა მალე ალერსიანი წკმუტუნით შეიცვალა.

- ა, მობრძანდებიან ჩვენი მეფეთა მეფე და მისი დიდებული! - დაცინვით წარმოსთქვა ვირმა. ყურები ჩვეულებრივ ჩამოყარა და ჩიჩვირი ჩამოუშვა.

მოსწრებული სიტყვა ძროხამ კეკლუცი გადმოხედვით დააჯილდოვა.

- საცოდავი. არ შეიძლება, გესლიანად არ შესცდეს ყველას! - გაიფიქრეს ხარებმა, მაგრამ ცოხნა არ შეუჩერებიათ.

ნეზვებსაც მოეწონათ ვირის ოხუნჯობა და ადგილზე შეათამაშეს დუმა, რამაც ვერძი ცუდ გუნებაზე დააყენა.

სადგომი სახლიდან ვიღაც გამოვიდა.

გაისმა ბრძანება. - პატრონის ხმა იყო:

- ცოტა გაარონ-გამოარონიე...

- ე, აწვალებენ აწი, არონიებენ და არონიებენ, თითქოს სიარული დაკლებოდეს. - ისევ დაარღვია თავლის სიჩუმე ვირმა.

- ჰიგიენური მოთხოვნილებაა. - თავაზიანად გამოესაუბრა ძროხა...

- დაღლილზე მოსვენება სჯობია.

- დიახაც, ბატონო, მოსვენება კარგია, მაგრამ სეირნობაც კარგია, როდესაც ორ-ორი დადიხართ ტყე-ველად - განსაკუთრებულის ინტონაციით წამოსთქვა ძროხამ და კუდი კოხტად გაიქნია, რაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა ჩასუქებულა გავას.

- ჩემთვის ხომ ნეტარება იქნებოდა - ნახევრად დაცინვითა და ნახევრად აშიკობით წამოიძახა ვირმა - ყელგადაყრილი თქვენთან მთვარიან ღამეში სეირნობა...

სამიჯნურო სიტყვას ფრანგულად ან რუსულად წარმოსთქვამდნენ, უფრო შესაფერისად ეჩვენებოდათ.    

ხბოს დაშორებული, ძუძუებ თითქმის ამომშრალი ძროხა ვირის სატრფიალო პასუხმა აღტაცებაში მოიყვანა და მან ვნებით დაიზმუილა და გაიზმორა.

ამ ორ ქმნილებათა ერთმანეთისადმი მიმზიდველობა იყო მიზეზი, რომ თავლის იერარქია უკანასკნელ ხანში დაირღვა:

წინათ თავლაში ყოველთვის ება გაშალაშინებულ ბოგაზე ცხენი. ნაჯახით გათლილი ფიცრებზე - ხარები. მათ მიყვებოდა ძროხა. შემდეგ ოდნავ გაროხვილ სარებზე მოისვენებდა ვირი. ჩელტზე იწვნენ თხა და ცხვარი, სულ ბოლოში კი ნაწრეტის ტლაპოში გორავდა ღორი - თავისი უთვალავი, თაგვებსაც პატარა გოჭებით; და მათ ყველას, ქანდრიდან მამლის მეთაურობით გადმოყურებდნენ ქათმები.

ეხლა კი ძროხასთან დასაშრებლად ვირი ხარების შუაში ჩაეჩხირათ, რაც აბრაზებდა ვირსა და უფრო ანაზებდა და აღელვებდა ძროხას.

კარებში მკრთალად შემოანათა შუქმა, მას მოჰყვა აღვირ გადაკიდებული ვეებერთელა კურტანი, რომელიც ცალხელში ეჭირა პატარა ბიჭს; მეორე ხელით მოჰყავდა დაღონებულის ნაბიჯით მომავალი ავშარიანი ცხენი.

ცხენი დააბა მაგაში სიმინდი ჩაუყარა. ზევით გამირში თივა მისწი-მოსწია.

და ბიჭი გავიდა.

ისევ მიბნელდა.

- როგორ იმოგზაურეთ? - დაეკითხა ცხენს ცნობისმოყვარე ვაცი.

- ხომ უყურებს გუნებაზე არ არის, რას ეჩრები? წაულაპარაკა ვერძმა.

- მეც იმიტომ ვკითხავ, რომ თვითონ არ დაიწყო ჩვეულებრივი ტრაბახი - ააცმაცური წვერები ვაცმა.

ცხენმა დაყნოსა სიმინდი, უგემურად მოუსვა ტუჩები თივას, თითქოს ჭამსო, მაგრამ ლუკმა არ ჩაუდვია პირში და დაიფრუტუნა.

- საინტერესოა, რას გვიამბობს ჩვენი საზოგადოების სასიქადულო წარმომადგენელი - წაჩურჩულა ძროხამ ვირს.

- მე თქვენთან მუსაიფი უფრო მიამებოდა.

- ვითომც! - და სირაქლემას ფრთის მარაოზე უფრო კეკლუცად მიმოიქნია საკუთარი კუდი.

ცხენმა ვერ მოითმინა და უეცრად ამოიოხრა: „ჯან ტიკო და ჯან ბაწარაო!“

- რაო, რა თქვით? - დაეკითხა ისევ ვაცი.

ცხენმა მაშინვე არ უპასუხა. მაგრამ შემდეგ თითქოს თავისთვის ამბობსო, განიმეორა:

 - „ჯან ტიკო და ჯან ბაწარა!“ გაგიგონია ასეთი უსამართლობა?! მთელი შრომა, მთელი მოხერხება, თავგამომეტება ჩემი - და ქება და დიდება  კი სხვისი...

- ჰე, ჩემო კარგო, ადამიანს რომ ნამუსიანად დაეფასებინა, განა ჩემზე არ უნდა ლოცულობდეს და იღამებდეს... - უგუნებოდ შენიშნა ერთ-ერთმა ხარმა.

- უსამართლობაცაა და უსამართლობაც - მოლბა სალაპარაკოდ ცხენი... წარმოიდგინე, ჩვენმა სისხლის მსმელმა...

- "ოჰო" - წამოიძახეს პირუტყვებმა აღშფოთების სიტყვის გაგონებაზე.

- ...ჯერ მოატყუა, ვისი მოტყუებაც კი შეიძლებოდა და ერთი საპალნის მაგიერ საპალნე ნახევარი ღვინო კი ამკიდა. ჰე, ჯანი გავარდნია-თქო ვიფიქრე და გამოვსწიეთ. აღმართს, დაღმართს, ხრიოკსა და მოსველებულ აყალო მიწას შენი ჭირი წაუღია, მივდივარ. ის ნამუსახდილიც ძლივს მომყვება. სულწაწყმენდილს ჩვენს მყვლეფელს („მასე ჰო, მასე მაგას!“ - გაისმა პირუტყვებში) დაენანა ორი გროში გადაეხადა დუქანში დასასვენებლად, დაეზარა ტვირთის მოხსნა და ისევ აკიდება და მოინდომა მოკლე გზით ორღობეებით დღესვე შინ მოსვლა...

ამაზედაც ვიფიქრე, გავუძლებ, შინ მივალ, ხეირიანად მაინც მომივლიან-თქო, და არ ვუკელი ფეხს... გზა უარესდება... აქ ხრამია, იქ ღელე, აქ ტლაპოა, იქ წვერიანი ჯირკი აგდია.. ჯანს არ ვიტეხ, დაკვირვებით მივდივარ, ფეხს ვარიდებ... ჩვენი სულთამხუთავი („ჰაი, ჰაი, რომ მასეა!“ - დაიძახეს პირუტყვებმა) ჩემთან  გზაზე აღარ კადრულობს სიარულს, გადავიდა ღობის იქით და ხან ეზოებით მოდის და ხან ნაგორავით... მე კი უფრო და უფრო ცუდი გზა მხვდება... დაიწყო ჭენჭყობი... კოჭებამდი ტალახში მიდის ფეხი... უეცრად, სწორედ იქ, სადაც ადგილი მშრალი მეგონა, საფლობი აღმოჩნდა... მთვარის შუქზე ის სრულიათ თეთრათ მოჩანდა და ხმელ ადგილსა ჰგავდა... უეცრათ ოთხივე ფეხებით ჩავეფლე. აჰ, მოვიგონე სიყმაწვილე, არ შევირცხვინე თავი, ავდექი ყალყზე და გადავხტი.

გადავხტი შველივით, მნახველი გაოცდებოდა, წინა ფეხებით ძლივს მივწვდი ბრეკს... ამ დროს ის ოხერიც გადმოხტა ღობიდან და ერთი კაი მიცხუნა მათრახი... მოვიკუმშე, ერთი ნახტომი კიდევ ვქენი... თვით განცვიფრებაში მოვედი... ხერხი ვიხმარე ჯამბაზური... დავღუნე თავი, დავყნოსე მიწა და დავლოცე ჩემი ჯიში და გამზრდელი დედა...

ცხენი შეჩერდა, თითქოს ნახტომის მერე ისვენებსო.

- ...მაგრამ ამის შემდეგ იცით რა მოხდა?

- რა? რა?

შეეკითხენ ყოველი მხრიდან.

...ეს უნამუსო სისხლისმწოველი გადახტა ღობეზე, ფრთხილათ შემოიარა სადები, მოვიდა ჩემთან, კისერზედაც არ დამკრა ხელი, ყურებიც კი არ დამიზილა, არამედ დახედა ტიკებს, გასინჯა ბაწრები. „ჯან ტიკო და ჯან ბაწარაო“, წამოიძახა, დამკრა გავაზე ღონივრად ხელი და ისევ გამიგდო... - ჩემს თავდადებაზე მან სხვა ვერაფერი გამონახა გარდა... - ...ჯან ტიკო და ჯან ბაწარაო... - ასეთი სიტყვების მთქმელისადმი ზიზღით დაამთავრა ცხენმა.

- ამ სიტყვებში თქვენთვის საწყენი არაფერია. დიახაც, უნდა გაგკვირვებოდათ, როცა გადახტომის დროს, არც ტიკი გასკდა და არც ბაწარი გაწყდა: ხომ მოგეხსენებათ, რარიგ დაიჭიმება ტიკების კურტანზე მიმაგრებული ბაწრები. - შენიშნა ხარმა, რომელიც დინჯი მსაჯულივით ამდენი ხანია ისმენდა და ხმას არ იღებდა.

- ჰო, ასეთ უგუნურებას ამბობდა ყველა იქ მყოფი, ყანებიდან შემოკრებილი ვირები! - ვეღარ მოითმინა ცხენმა.

თავისი სახელის საგინებელ სიტყვად ხმარებამ ვირი გააბრაზა. მიიწ-მოიწია, უნდოდა ერთი ტლინკი მაინც ეკრა ცხენისათვის, მაგრამ არე არ ეყო ფეხის გასაქანად და გინებას მოჰყვა.

- ა, შე, შე, ჩანჩურა, აი, შე, შე, უარყოფილო გმირო, გამასხარავებულო რაინდო..

თავლაში ხარხარი, სიცილი, ბაკუნი დატრიალდა.

ცხენმა მედიდურად გადაავლო თვალი იქაურობას და უეცრად დაწვა.

საქონელი ამას არ მოელოდა. ეს იყო უმაღლესი ზიზღი მათდამი: პასუხის სრული გაუცემლობა და ჩვეულების დარღვევა - ცხენი იშვიათად, ისიც გათენებისას, წვებოდა.

თავლა ჩაფიქრდა და შემდეგ ჩაეძინა.

მეორე დღეს, პატარა ბიჭმა ბაგაში რომ ჩაიხედა, ცხენს კისერზე დაუსვა ხელი და თქვა:

- არაფერი უჭამია... ავადაა, დაიღალა.

- დიდკაცობის ნევრასტენიაა, – ღვარძლიანად შენიშნა ვირმა.

გულჩათხრობილმა, ჩუმმა სიცილმა თავლაში გადირბინა.

- ლამაზადაა ნათქვამი! - კეკლუცად ჩამოართვა სიტყვა ძროხამ და რადგან ლორნეტი არ ჰქონდა, ვნებიანად შეხედა და მოგრეხილი კუდი მოხდენილად გადიგდო გავაზე.

ვირი გადაიხარა, რომ ძროხასათვის რაღაც ჩაეჩურჩულებინა, მაგრამ საიდანღაც მათ შორის ამოძვრა მოზვერი, მოკაუჭებული კუდი მონოკლის მაგიერად მაღლა შეისროლა და ვირს მიმართა:

- რა ბრძანეთ? რა გნებავთ? - რაზედაც დედამ დაუამა:

- არაფერი, შე ცელქო, შენა! – და ენით ყურის ძირში მოტლიკა, რამაც ისე დაანაზა უკვე სასკორავი მოზვერი, რომ ძუძუებში შეუყო თავი.

აქ კი ძროხას გული მოუვიდა, მაგრამ მაინც ტკბილად უთხრა:

- რაღა დროს შენი ძუძუს წოვაა, საცოლო ვაჟკაცად მეგულებოდი, შე მუტრუკო!

ხბო მაინც არ ეშვებოდა და ვირსა და მის შუა იდგა. მაშინ კი ძროხამ ფეხი ჰკრა, მომშორდი აქედანაო. მოზვერმა კუდი დაუშვა, ვერძს ერთი ურქინა და განზე გადგა გაბრაზებული:

- ვიცი, ფუჩუნი გინდა იმ მართლადა ვირსა და მუტრუკთან! მაცალე ერთი!..

 

* * * * * * *

 

ბიჭის ძახილზე თავლაში შემოსული ჩალვადარი უკმაყოფილოდ დაეკითხა:

- არონიე გუშინ ცხენი?

- კი

- ზურგზე წყალი გადაასხი, ყურები და საძუე გამოუწმინდე?

- კი

- აბა ჩაყოლია რაცხა, დაღლილობა ამდენს ხანს არ გაყვებოდა. ა, შეხედე, ერთი ფიორი არაფერი შეუჭამია... და წევს... გამიგონია!

სასაქმებელი უნდა დავალევინოთ - დაიპასუხა ჩავლადრის შვილმა, რომ გამოემჟღავნებინა ცხენის მოვლის ცოდნა.

ვერც მამა და ვერც შვილი - ორი ჩავლადარი - ვერ მიხვდა, რომ ცხენის სენს ჰქვიოდა „დაუფასებლობის მელანქოლია“ და ამ სენს სასაქმებელი ვერ შველის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ