(კ. ფ-ს ნაამბობიდან)
ჩვენს მაგიერ შენმა „ავთანდილმა გადმოინადირა" - უთხრა ჩემმა ამხანაგმა თავის ძმას.
- საიდან გაიგე?
არ გესმის, „მგლისთავაში“ რა ყეფაა?!
ჰო და არ დამიჯერეთ, თორემ ჩვენ რომ „სატურიადან“ ავყოლოდით, უეჭველად შუაში მოვიმწყვდევდით კურდღელს... სეირსაც ვნახავდით, და კარგი საცივიც გვექნებოდა ხვალ.
რა სეირია, შე კაცო, ათი კაცი გაიგდებთ წინ ორ მუნიან ძაღლს, მთელი დღე უნდა იქენთელოთ ენა გადმოგდებული; თუ შეხვდებით, ისიც იმ კურდღელს, რომელიც, მგონი, ბოქაულსაც კი გამოეცხადა აღრიცხვაზე. რა სასიამოვნოა, ამ სიცოცხლე განაწამები კურდღლის დევნა, როცა თითქმის ნამდვილად იცი, რომ სადმე ხელიდან გაგიძვრება. მესმის ოთხი-ხუთი უღელი მეძებარი გაიდევნო, ორი-სამი მწევარი, იმედი გქონდეს, რომ თუ ვერ დაიჭერ, შეხვდები მაინც კურდღელს... თვალის სანახაობაც იქნება და შეხმატკბილებული ყეფაც.
ძმებს შორის შავ კატას გადაერბინა; გულნატკენი იყვნენ ერთმანეთის.
მე შემრიგებლად უნდა გამოვსულიყავი, რაიც არ მეხერხებოდა და მეზარებოდა.
მასპინძლები, ორი ძმა, კოტე და დავითი მეტად ცდილობდნენ რითიმე გავერთე მიყრუებულ სოფელში; ახლა სამივე იმერული ოდის აივანზე ვიჯექით და არ ვიცოდით, დრო როგორ მოგვეკლა. დავითის რჩევა, სანადიროდ წავსულიყავით, არ გავიზიარეთ და სხვა არაფერი-ღა დაგვრჩენოდა.
- ნადირობის რა მოგახსენოთ, მგონი, ნადირი ამ მხარეში არ უნდა იყოს, ხოლო სახელები კი ბევრი შეგრჩენიათ შესაფერი: „მგლისთავა“, „მელიის სორო“, „საწაბლია“ და სხვა.
- მაშ, მაშ! - როგორ გგონიათ, აქ დიდებული ტყეც იყო და საკვირველი სანადიროებიც... მთელი ეს სივრცე, სანამ თვალი მისწვდება, ეს გორაკები, მთები, ჭალები ამ ორმოციოდე წლის წინათ დაფარული იყო დაბურული ტყით. აქა-იქ თუ მოჩანდა საყანე ადგილი. იშვიათად სადმე თუ ამოატანდა წვრილი, თხელი, თითქოს დარცხვენილი კვამლი;
თვით სახლები, - მაშინ ისლით დახურული ქოხები, - არ ჩანდა; მდინარე, ახლა სირმის ზოლათ რომ მიიკლაკნება და მხოლოდ დიდი წვიმების დროს ამოიღებს ხმას, მაშინ „ღმუოდა თოფნაკრავი დათვივით და ჩვეულებრივ ტირიფებში მიმალული იქ ჩანდა, სადაც გადატეხდა ნაპირებს და შეტბორდებოდა.
როცა შეღამდებოდა, ტურების ყვირილი, ჭოტის კივილი და მგლების ღმუილი იკლებდა აქაურობას. ეს ხმა ზოგჯერ ისე ახლო ისმოდა, გეგონებოდათ იატაკის ქვეშაც კი შემოძვრენო... კაცის სიმაღლე, ჯარჯით დამთავრებული ღობე და ორი ვერძისოდენა ნაგაზი გვიფარავდენ ნადირისაგან. დედა მაინც ხშირათ თვალცრემლიანი შესჩივლებდა მამას, მელამ დედალი მომტაცა, წიწილები მომპარაო. დღისით ეზოს დარაჯად ჩვენ, ბავშვები ვიყავით, და ჩვენი ჟივილ-ყიჟინა-ყვირილი ვერ აფრთხობდა ძერების, ორბების, ქორების, მიმინოების და ალალების იერიშებს...
- ჩვენშიაც ასე იყო... სხვაგანაც... - უგულოდ ვუპასუხე მობაასე მასპინძელს, რომ მოსაწყენი ბუნების ისტორიული მიმოხილვა შემეჩერებინა და მუსაიფი როგორმე მათი ოჯახის საქმეებზე გადამეყვანა.
აივნის გრძელ სკამლოგინზე მივწევი.
- ჰო, თქვენშიაც ასე იქნებოდა, რა თქმა უნდა, ხოლო შესაძლებელია, თქვენში ასე არ შეცვლილიყოს ბუნების შეხედულება.
მცირე სიჩუმის შემდეგ კოტემ დაუმატა:
- გახსოვს, დავით, რა შიშს ვგრძნობდი... მაინც შემოდგომის ელვა-ქუხილის დროს. ღამ-ღამობით, დედა რომ მოგვიყვებოდა ზღაპრებს, ხშირათ ფანჯარას ვაჩერდებოდი და მეგონა, აი, აი, ახლა შემოვა ქაჯი და რომელიმეს მოგვიტაცებს-თქო. მე შენი იმედი მქონდა ყველაზე უფრო.
- წარმოიდგინე, მეც რაღაც პასუხისმგებლობას ვგრძნობდი... თავის დღეში არ დამავიწყდება ის დილა... შეიძლება შენც გახსოვს... გამოვიღვიძე... დავუძახე დედას, ხმა არ მომცა. კიდევ დავიძახე, პასუხი არ არის; გამოვედი ამ აივანზე... ვიყვირე - კრინტი არ ისმის... შემოვბრუნდი. მეშინია... ენი გაღვიძების კიდევ უფრო მეშინია, ვიფიქრე ღრიალს დაიწყებს და რა მოვუხერხო-თქო. მამა შინ არ იყო... თითქოს განგებ წინაღამით მამა რომ მიდიოდა, დედა სულ უსაყვედურებდა, ნუ მიხვალ, კაცო, მგლებმა არ შეგჭამოს, ხროვად დადიან დამშეულებიო... და ამ დილას მეც ვფიქრობდი, დედა უთუოდ მგლებმა გაიტაცეს-თქო... ბოლოს შენც გაიღვიძე, მაშინვე დედას დაუწყე ძახილი. შენ ატირდი, მეც აგყევი. მაგრამ გამშვიდებდი კი... გამოვედით აივანზე ნიფხავ-პერანგის ამარა და ვყვიროდით: დედა, დედაა!
ბოლოს უსიტყვოდ ჩაგავლე ხელი, და მეზობლისას გავიქეცით. ჯერ ყინვა არ იყო დამდნარი და ბილიკების ტალახი გვისერავდა ფეხებს. მოვინდომე შენი აკოტრება.. ვერ გზიდე.. მეზობელი კი უახლოესი, - გახსოვს ბებია მართა - აა, იქ ესახლა... - ერთი ვერსი მაინც იქნება... იქამდის კაცის ჭაჭანებაც არ იყო.
- რამდენი წლის იქნებოდით?
- მე ექვსის ვიქნებოდი, მაშასადამე, კოტე - სამი წლისა...
ჩემმა კითხვამ დავითს ამბავის ძაფი გაუწყვიტა. იგი რაღაც მოგონებას მიეცა.
- მერე? მერე? - დაეკითხა კოტე.
- ჰო... მივედით, მართას შეეშინდა. გამოგვკითხა თუ რა მოხდა: „რა მგელი, ვის მგელი? იქვე იქნება სადმე დედაშენიო“, გვამშვიდებდა გულკეთილი მართა, და რაღაც ჭინჭებში გვახვევდა გაყინულ ბავშვებს. თითო წვეთი არაყი ჩაგვასხეს პირში გასათბობად.
ჩვენ ვტიროდით.
- გაჩუმდით, მე წაგიყვანთ სახლში, ნუ გეშინიათ, - ისევ და ისევ გვაიმედებდა მართა, მაგრამ, მგონი, ცოტა არ იყოს, შიში მასაც შეეპარა. ამ დროს გამოჩნდა დედა... თავსაფარმოგლეჯილი მორბოდა. როგორც კი შემოვიდა, შენ კი გადაგისვა თავზე ხელი, მაგრამ მე მომარტყა და მომარტყა ჯერ ხელი და მერე წკეპლი... „რა მოგარბენინებდა, შე არამზადა, გადვირიე კინაღამ ქალიო“. არ გაჭრა ჩემმა ყვირილმა, რომ იგი მგლების მოტაცებული გვეგონა...
ძმების უხეშ სახეებს ერთმანეთისადმი სიყვარულის სხივმა გადაჰკრა.
მათ განწყობილებაში ჩარევა ზედმეტად ჩავთვალე.
















