მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 443 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, ლაჟვარდ ცაზე მცურავ მთვარეზე ულამაზესი რა იქნებოდა, მზეზე უფრო ნაყოფიერი რა გაჩნდებოდა და ვთანდილზე უფრო გონიერი ვინ დაიბადებოდა?!

ერთ დილას ავთანდილი ადგა ალიონზე, შევიდა ბოსელში და ელდა ეცა - მისი უღელი თვალმინაბული ხარი აღარ იწვა და ზანტად არ იცოხნებოდა.

იტკიცა თავში ხელი, - ეს რა დამმართია - ქვეყანას შევძულებივარ, თორემ ჩემ ნატვრის თვალს ვინ წამართმევდაო.

შევიდა სახლში და მოიკაზმა.

ჩოხა-ახალოხი და მაღალყელიანი წაღა ჩაიცვა, ხანჯალი შემოირტყა; ქუდი დაიხურა; ბებერი მუხისოდენა კომბალი მხარზე გაიდვა... და გაუდგა გზას დაღვრემილი ავთანდილი - „მთელი ჩემი დღე უნდა ვიარო და ჩემი თვალის ჩინი, ქვესკნელში რომ იყოს, იქედან ამოვიყვანოვო“.

- იარა, იარა ავთანდილმა და მიადგა ერთ ღელეს... ქვებზე ფეხაკრეფით რომ გადიოდა, უცბად მოესმა პატარა თევზის ხმა:

– ავთანდილ, - შენი სახელი ქვეყნად გავარდნილა. აგერ ბატი მომდევს, უნდა გადამყლაპოს და მიშველე, მეც იქნებ რამეში გამოგადგეო.

ავთანდილს გაეცინა:

- ამ პატარა თევზს ბატის ეშინია და მე კი დახმარებას მპირდებაო!.. მარა მაინც ჩაისხა წაღის ყელში წყალი და თევზიც შიგ ჩასვა.

მიდის ავთანდილი... ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, უეცრად მხარზე დაახტა პატარა ჩიტი და უთხრა:

- მიშველე, ე, უყურებ, ალალი მომდევს, შეჭმას მიპირებს და ნუ დამაგდებ... ოდესმე იქნებ მეც გამოგადგეო

- ყველა სუსტი რომ მე შემომიჩნდა და თან დახმარებას მპირდება, რა უბედურება მემართება, ნუთუ მართლა, ასე დავძაბუნდიო, - იფიქრა ავთანდილმა, მარა ჩიტი მაინც  ჩაისვა უბეში და გაუდგა გზას...

ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, ავთანდილი მიადგა ერთ მდინარეს... მიდის და მიიზლაზნება მდინარე... ჩიტი ძლივს გაიფრენს ერთი ნაპირიდან მეორეზე. ზის ავთანდილი და არ იცის რა ქნას... „ასეთ მდინარეს ფონიც არ ექნებაო“, ფიქრობს და უნუგეშობიდ სასოწარკვეთილმა უნებურათდ წამოიძახა:

- ვაი ჩემი ცოდვა! სადაა ახლა ტარიელის რაში, ერთი შეუძახო და ამ მდინარეს გადამავლოსო!...

უეცრად წაღის ყელიდან ავთანდილს მოესმა ხმა:

- ავთანდილ, ნურაფერს ჯავრობ, ჩამიშვი მდინარეში და მე ვიცი შენი საქმეო.

ავთანდილმა დაცინვის ღიმილით თევზი მდინარეში ჩაუშვა, თვითონ კი დაჯდა და ისევ მწუხარებას მიეცა - ძლიერ ენანებოდა ღვინია და ნიკორა.

არ გასულა ორი-სამი წამი, რომ მდინარე უთვალავი თევზით აივსო; გაემწკრივენ, თითქოს ერთ წრეში ჩაყენებული ჯარისკაცები მიხოხავენო... ტივს დაემსგავსნენ.

ავთანდილი მიხვდა, რა ამბავიც ხდებოდა და ჩავიდა წყალში, დააჯდა თევზებს და... მეორე ნაპირზე კი ამოყო თავი.

- გმადლობთ, თევზებო, დიდ გასაჭირში დამეხმარეთო! – მიმართა ავთანდილმა თევზებს; იმათ კი თავის მხრით უპასუხეს:

- თქვენ კი არა, ჩვენ ვართ მადლობელი, რომ ერთი თანამოძმე გადაგვირჩინეო - ჩვენი დახმარება რა სახსენებელიაო!..

ავთანდილს იმედი მიეცა - ეხლა კი მივაღწევ ჩემს ხარებამდიო - და ხალისით გაუდგა გზას, მაგრამ ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, მიადგა ერთ კლდეს:

- ვაი, აქ რაღა ამიყვანს, ჩიტიც კი ვერ აფრინდებაო... სადაა ტარიელის რაში, ერთი შევუძახო და კლდის წვერს  გადამავლოსო. - გაიფიქრა ავთანდილმა და მწუხარებით მიჯდა კუნძზე და ჩაფიქრდა.

- წეღან თევზები მოგეხმარენ, ვინ იცის, იქნებ ჩიტებმაც გამოგიყვანოთ გაჭირვებიდანო, - გაიჟღურტულა ჩიტმა უბეში.

- ავთანდილმა სასწრაფოდ ჩაიყო უბეში ხელი და ჩიტი ბოდიშით გაუშვა, დამავიწყდიო.

არ გასულა ორი-სამი წუთი, რომ მიდამო აივსო ჩიტებითა და მათი ჟღურტულ-ღუღუნით. ეცენ ჩიტები ავთანდილს, ვინ კალთას სწევს ზევით, ვინ წაღებს, ვინ კომბალს, ზოგი ხელს. ასწიეს, ასწიეს და იმ თვალუწვდენელ კლდეს აკი გადააშორეს.

- უ, თქვენი ოჯახი კი აშენდა, თქვენი დღე კი გაგრძელდა, დიდი ამაგი დამდეთ, ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდებაო, - უთხრა ავთანდილმა ჩიტებს.

- რას ბრძანებთ, რა სათქმელია, თქვენ კი არა, ჩვენ უნდა გეუბნებოდეთ მადლს, რომ ამხანაგი გადაგვირჩინეო! - უპასუხეს ჩიტებმა.

ავთანდილი ახტა და სიხარულით ცას ეწია, - „თუ ყველა მე მეხმარება, ჩემს ხარებს უეჭველად დავიბრუნებო“, იფიქრა და გასწია სიმღერ-სიმღერით.

იარა, იარა, ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, შემოაღამდა. მიიხედ-მოიხედა - უდაბური ტყეა.

„თუ სადმეა აქ ჩემი ხარებიო“, - უნებურად გაიფიქრა ავთანდილმა და კიდევ უფრო დაკვირვებით დაიწყო მიდამოს დათვალიერება. გაიხედა... ა, ა... სადღაც შორს სინათლე ბჟუტავს... გასწია.. სახლია... შიგ ხალხი ზის... საზეიმოდ ემხადება. 

ქალები ქვაბებს ხეხავენ, კეცებს ახურებენ, ჭადს ზელენ. ვაჟები დანებს ლესავენ, შამფურებს თლიან, კერიაზე შეშას მუგუზალზე ურთავენ.

ხარებმა ავთანდილის სუნი იკრეს და აზმუილდენ.

ავთანდილი სახლის ბოძზე მიბმულ ხარებთან მივარდა - რამ მოგიყვანათ აქ, თქვე შტერებო, შტერებო, – იგინებოდა ავთანდილი და თან ხსნიდა და თან ეალერსებოდა მათ.

- გვაპატიე, შენსა მზესა, რაღაც ბუზანკალა იყო შეგვიჯდა, მერე ჭინკები დაგვესია, ჩვენც ავიწყვიტეთ, გამოვექანეთ და აქ კი ამ ხალხმა დაგვიჭირა და ახლა შეჭმასაც კი გვიპირებენო, - ქვითინებდენ ხარები.

- არც ბუზანკალი ყოფილა და არც ჭინკა, - დაიწრიპინა თრითინამ... შენ რომ კაკალს რეკდი და ჭოკით შვილები დამიხოცე, განა მეც გადახდა არ ვიციო... ჯერ შვრია და სიმინდი ჩაუვყარე ბაგაში, მერე მარილი მივუგორე. რომ გახურდენ და ატყდენ, კენჭი და კაკალი დავუშინე სულ ნიჩქვში. როცა აიწყვიტენ, გაიქცენ, სულ გზა-გზა მივდევდი და ვაფეთებდიო... ხან ზურგზე გადავურბენდი, ხან ჭიპს მოვფხანდი, და გადირიენო...

სახლში კი თან ვახშმის მარაგში იყვნენ და თან მუსაიფობდენ. ერთი თავდიდა ბიჭი დაცინვით ამბობდა:

- ჭკუიანი კაცი ყოფილა ეს ვიღაც ავთანდილია. შეუტყვია, რომ ჩვენ გასუქებული ხარის ხორცი მოგვწონს და მოუვლია კიდეც ნამუსიანად - არც ქერი დაუკლია და არც მარილი სალოკადო.

დედაბერმა უპასუხა:

- ავთანდილი ვიღაც კი არ არის, მართლაც ძალიან ჭკუიანია და მოხერხებული და მისი ხარები არ ჩაგვმწარდესო.

- მისმა მზემ, ბევრს რამეს დაგვაკლებსო, - ჩაურთო ახალგაზრდა გოგონამ.

- ხახვს ჩამაჭრის კისერშიო, - დაიტრაბახა ბიჭმა.

- ამდენს ვუთაქებთ, ნახევარს ვერ დაითვლისო, - გაათამამა ოჯახის უფროსმა თავისიანები.

ამ დროს შეაღო კარი ავთანდილმა და მაშინვე კუთხეში მიყუდებულ იარაღს მივარდა.

- აბა, ვინ ხარ ვაჟკაციო! - დაიღრიალა ავთანდილმა თავისებურად.

ვაი ამ დღის მომსწრეს! ვინ სუფრის ქვეშ შეძვრა, ვინ გიჟივით დარბოდა ოთახში, ვინ კისრისტეხით გარბოდა გარეთ.

ავთანდილმა მილეწ-მოლეწა იქაურობა, მოგლიჯა ჭიშკარი და ხარები შინ გამოირეკა.

მგონი იმ დღიდან იყო, რომ ავთანდილი დადინჯდა და ბრძენის სახელიც გაითქვა.

ჭიქი იქა,

ლხინი აქა;

ქატო იქა,

ფქვილი აქა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ