მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 403 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- რა ბრძანე, მაზლო ბატონო? - დაეკითხა მზეხა ქალბატონი ქუთაისიდან ახლად დაბრუნებულ ვარდენ დევდარიძეს.

ქალბატონმა მზეხამ კარგად გაიგონა ნათქვამი, მაგრამ ოდესღაც დიდებულ ოჯახში ნამყოფს, უნდოდა გაემეორებინა ის, რაც იქ ენახა - სიდინჯე, სიტყვების ხელმეორედ მოსმენა და განაგონის ისე აწონ-დაწონა.

- რა, ჩემო რძალო, და ქუთაისში მობრძანდება მათი უდიდებულესობა სრულიად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, - სწორედ ისეთის გამომეტყველებით წარმოთქვა ვარდენ დევდარიძემ როგორც ეს მან გაიგონა თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში მწერალ პეტრე იოსელიანისაგან, თითქოს, იმპერატორის ჩამოსვლა თუ მისი მოწყობილი არ იყოს, მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დიდ ფასს დებდა.

- ჰო, ჰო, ამოისუნთქა მზეხამ და კავები მოიკოპწიავა...

- დიდი საქმეა, თქვენმა მზემ, მაგრამ როდის მობრძანდება? დაეკითხა ყარამან დევდარიძე, რომელიც ჭკუით არ იყო განთქმული, მაგრამ ენის სიმახვილეს იჩემებდა; ვარდენმა აღარ იცოდა, როგორ აჯობებდა თქმა, არ ვიციო, თუ დრო დაენიშნა, და გადასწყვიტა:

- ასე ამბობენ, მაისიდან თებერვლამდეო, და ისე შეაჩერდა ყარამანს, თითქოს ეუბნებოდა, ახლა რაღას მონახავ სასაცილოდ ასაღებსო.

- იმე, შე დალოცვილო, ერთ წელიწადში მოვა, აბა, რას იზამს?!..

- „რას იზამს“? რავა, შენ შენი ოსიკია კროჭი გგონია მთელი რუსეთის იმპერატორი, რომ დღეს იტყვის და ხვალ წამოვა? იმე!!! იცი, რომ შენსას იმდენი ბუზი არ იქნება, რამდენი იმას სახელმწიფოები აბარია?.. იცი, რომ შენ იმდენი თმა არ გაქ, იმას რომ ქვეშევრდომი ჰყავს?!

- თუ არ დაგვი და გარეცხ, ბუზი იმატებს... - დაცინვით უპასუხა ყარამანმა.

- ბუზი, გენაცვალე, იქ იცის, სადაც საჭმელია, - გამოექომაგა ვარდენს ცოლი.

- ჭეშმარიტად...

- მაგას თავი დავანებოთ და ჩვენ საქმეს დავუკვირდეთ...

- რა საქმეს? - თებრონიას არ წაიყვანს რძლად, და სხვა რა საქმე მაქვს?

- ამ გლეხებზე რომ ამბობდით... ახლაა დრო, თუ კაცი ჩაუკვირდება...

- რავა, ჩემო სოლომონ ბრძენო?

- რავა და ვთხოვოთ...

- რა ვთხოვოთ, ქალო, გადირიე?

- რა და დაგვიბრუნოს გლეხები... ხომ იყო ლაპარაკი, დროებით გაათავისუფლესო...

- ჭეშმარიტი ბრძანებაა, მამა ნუ წამიწყდება... აქ ეპისკოპოსი იძახდა, გლეხი გავათავისუფლოთო, იქ ვიღაც ილია ჭავჭავაძე ყოფილა, ჩემი ცოდვით სავსე... ჰოდა, ჩვენმა მწყალობელმა ხელმწიფემ იფიქრა, გავათავისუფლებ, ნახონ, რა გამოვაო... ყოვლად მეცნიერია თურმე ხელმწიფე, მისი ჭირიმე...

- რავა აპირობ მაინც ამ საქმის გაკეთებას?

- მივართვათ თხოვნა...

- აკი მივართვი, მარა არაფერი გამოვიდა.

- გამოტყდი ხომ!!! გამოტყდი ხომ... წინათ ამბობდი, არაფერიც არ გამიგზავნიაო.

- ნუ ჩამაცივდები, ჩემო რძალო, ჭინჭყლი მაყარივით.

- არც გაცივდები და არც გეთბილები, მარა...

- ჰო, კაი ახლა... და კიდევ სასაცილოდ გავიხადო თავი?!..

- ვინ დაგცინებს, შე კაცო, - შეეკამათა ცოლი. - ჩვენ ერთმანეთი არ დაგვიზოგავს, და გლეხებმა თუ გაიგეს, მაშინ სულ თავი მოგვეჭრება...

- გლეხები საიდან გაიგებენ... ნეტავი ჩვენ მიგვიშვებდენ ხელმწიფესთან, თორემ მაგათ კიდევ ვინ მიიყვანს?..

- შე ქალო, ი გაზეთები რომ არის, არ მოდებენ ქვეყანას, დევდარიძეებმა ხელმწიფეს არძა მიართვეს და პირში ჩალაგამოვლებული დარჩენო?.. გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგებაში აგვიგებს წესს და ილია ჭავჭავაძე გაზეთში... მერე სდიე უკან კუდში!!. მე შენ გეტყვი, წერა იცი და კითხვა.

- რატომ არ ვიცით... ღვთის მადლით, სხვაზე უარესი არაფრით არა ვართ...

- დაწერით, რავა, ანა ქალბატონი ვერ დაწერს?!. ისეთსაც დაწერს, ჩემი ქმარ-შვილის ბედნიერებამ, რომ მოსამართლის მწერალსაც კი შეეხარბება...

ქალბატონი ანა უკვე ემზადებოდა უარი ეთქვა ასეთი უჩვეულო ბარათის დაწერაზე, მაგრამ რაღაც ეშმაკად ყარამანმა წამოიძახა:

- ისეთს კი ნურაფერს იტყვი, არც ღვთის იყოს და არც კაცის; რუსეთის იმპერატორი ნემსაძის ქვრივი ხომ არ არის, რაც ენაზე მოგადგება, ის შეუთვალო...

- რავა დავიჯერო, ბეჩა, რომ რუსეთის ხელმწიფეს სულ გიორგი ღოღობერიძეები წერენ, და ჩვენისთანებს კი არ მოუსმენს, - ოდნავ შეურაცხყოფილის კილოთი ჩაერია ლაპარაკში ანა, ღოღობერიძეების შორებელი ნათესავი და ამიტომ თავისთავის კალმოსნად და ორატორად ჩამომთვლელი.

- აბა, დაწერე, შენი ჭირიმე, ამას წინ რა უდგას... ქაღალდს, თუ კი სიკეთეს იზამ, ერთ ბათმანს ჩამოგიტან ზესტაფონიდან.

-  ჩემი რუსულიც ქე გამომდგარა ხანდახან, - ჩაურია სიტყვა ბეკინამ.

- უი, თვალი კი დამეფსო, შენ გენაცვალე, ანა ქალბატონო, მაგის რუსულს ნუ ჩაურევ ამ საქმეში... მაგის მუდამ დასაქადებლად ნუ გაგვიხდი საქმეს, და თუ რამე გამევიდა, ქმარ-შვილს ვფიცავ, ნახევარს ჩემდათავად შენ მოგცემ.

- ახლა ორი ანბანისთვის რავა დაგამადლებ...

- ქართულად სჯობია, - ყველა გავიგებთ მაინც. კაი, ქართული იყოს...

- დაწერე, ანა, დაწერე, გვისახელე ლეჩაქი, - შემოესიენ ქალები.

- სასაცილოდ კი არ გაგვხადოთ...

- რატომ სასაცილოდ... ჩვენ ისე მივსწერთ... ქარაგმით... თუ ენებება, მოიღებს წყალობას და თუ არა, უარს გვეტყვის, და კაცი ვერ გაიგებს, რას ვევედრებოდით... ვიტყვით, ისე მივესალმეთ ჩვენს ხელმწიფეს, როგორც ძველი ჩვეულება ყოფილა დევდარიძეთა გვარისა-თქო.

- მართალია, მე და ჩემმა ღმერთმა...

- ეშმაკური მოგონილია, დედა ნუ წამიწყდება, ჩიჯავაძის ქალო...

 

* * * * * * *

 

- ვინ იცის. აქ ადგილობრივმა ვინმემ რუსული? - შეეკითხა ხელმწიფე მწკრივად დამდგარ ხალხს.

- Я, ваше благорородие, - უპასუხა, მგონი, აკოფაშვილმა.

- Ну, брат, видно с тобой не много поговоришь, - გაეღიმა ხელმწიფეს და ჩაიარა.

ერთი ჯგუფიდან გამოვიდა მოხუცი კაცი. შუახნის ქალის თანმიყოლით, და ხელმწიფეს გაუწოდა ქაღალდი. მეფემ ქაღალდი გამოართვა და თარჯიმანს გადასცა:

- სიტყვა-სიტყვით.

თარჯიმანს წარბები წუთით შეეკრა, მაგრამ მაინც დაიწყო:

„ნუგეშო აღმოსავლეთისაო, ორთავიან არწივად გადაფენილო იმპერიასა ამასა ზედა, თქვენო იმპერატორებითო უდიდებულესობავ, ხელმწიფეო ჩვენო!“

ხელმწიფეს მოუთმენლობა დაეტყო - ამდენი დროც არ ჰქონდა, მაგრამ უკან მდგომმა ნიკო მინგრელსკიმ, რუსეთის მიერ ბულგარეთის ტახტის პრეტენდენტად წამოყენებულმა, ჩაუფუჩუნა:

- თქვენო უდიდებულესობავ, მოუსმინეთ, აქ ენამახვილი ხალხია და გაგართობენ.

- განაგრძეთ, - უბრძანა ხელმწიფემ თარჯიმანს, რომელიც ოდნავ შეჩერდა.

„ჟამთა მას შემდეგ, ოდეს ენება ყოვლის მეცნიერსა გონებასა თქვენსა გამოცდა ერთგულებისა ჩვენისა და გონიერებისა მდაბიოთა არარაისა ცუდითა აზრითა და მედიდურებითა შემცოდენ პირისა თქვენისა მზისა დარისა წინაშე, ვართ შთავარდნილი უდიდესსა ჭმუნვასა და გოდებასა შინა, არა ჩვენისა უკუქცევითა და დამცირებითა.

რაოდენ სურვილითა ვპოვოთ ქვეყანა თქვენი კუთვნილი და ჩვენთვის მხოლოთ საზრდოდ ბოძებული, განვითარებულ, გამაგრებულ და ღვთის მეტყველ. გულისა თქვენისა მოწყალება კეთილშობილთადმი გვსმენია და ამბავსა ჩვენსა იკითხავთ და გახლავართ თქვენის წყალობით მშვიდად, ხოლო ვიჩაგრებით მეტად - არზუმანაც თქვენი ჭირის სანაცვლო შეიქმნა. ვინაიდგან არ ჰყავდა მომვლელი არცა ყმა და არცა მსახური. გარნა ვითარება ჩვენი ერთობლივ კეთილშობილთა, უყმოდ შთენილთა არს საწყალ; და ოდეს მოწყალებისა მოღებასა განიზრახავდეთ, გვეყოლოს ბრძანებითა თქვენითა კვლავინდებურად მამული შემკული მოჯალაბითა და ფარეშებითა...

მიწანნი ჩვენნი დაუხვნელ და დაუთესელ, ვენახი გაუსხვლელ და გაუკრეფელ, ხოლო მამულნი გლეხთასანი გამშვენიერებულ.

და განვიცდით გვემასა ჩვენ გლეხთაგან, ჩვენისა მამულისა ძალადობით დამპყრობელთაგან და ველით შენგან ხსნასა.

აზნაურნი დევდარიძენი ერთობილ და განუყრელ. ამინ“.

იმპერატორმა ეს-ეს იყო მოისმინა თავსამტვრევი მოხსენება საგარეო საქმეთა მეტად რთულ კითხვებზე, თანაც ნასიამოვნები იყო, რომ მის სამფლობელოში, იშვიათ არეში, მოგზაურობის დროს გრძნობდა თავს მოხერხებულად და მსუბუქ მუსაიფს არ სწყვეტდა.

- აი, მე ვნახე თავად მუხრანელის მამული და მშვენიერად არის მოწყობილი; არც სჩივის ივანე კონსტანტინეს ძე.

- მაგასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს... ჩვენისთანები მაგას ფარეშებადა ჰყავს...

- დიდს არ ედრებით და პატარას არ კადრულობთ, მაშ რა გიყოთ?!

სურათოვანი მოხუცი მოეწონა იმპერატორს: თეთრი, მოელვარე, დაკრაკნილი თმა; მოღუნული, მაღალი ცხვირი; წარბ-წამწამით დაფარული დიდი თვალები; სუფთად მოპარსული წვერი; შუა ტანის, ჩასკვნილი, მხარბეჭიანი, სირმაშემოვლებული, ფართესახელოებიანი ჩოხა; ძველებური ხმალი, კოხტად გვერდზე მოგდებული; გადაჯვარედინებული, ნიშნად უღრმესის სალამისა, ფეხები და ქედმოხრილი.

მოხუცის ირგვლივ მდგომ სახლისკაცებსაც სიამოვნებდა მათი წარმომადგენლის სიდინჯე, მიხრა-მოხრა.

- შენ დიდი, დიდი კაცი, სტუმარი, მწყალობელი, რად ინებებ ჩვენ დაცინვას?

- როგორ თუ დაცინვას?!

შეკითხვით გათამამებულმა ბეკინამ ვეღარ განაგრძო დინჯი კილო და დამტვრეული რუსულით, ხუმარის ცქმუტვით დაიწყო:

- Что такой Мухран-батони, когда ти тьфу, - ბეკინამ მიმიურად გააფურთხა. - Что ми вси, когда Мухран-батон один линия с нами - тьфу

ხელმწიფემ გემოიანად გადაიხარხარა და, თითქოს ენის უცოდინარი ცუდად ნათქვამს უფრო გაიგებსო, უსწორო რუსულით უთხრა:

- Что с тебе сделить э такой закон.

ხელმწიფე მათ დაშორდა.

ვისი მატრაკვეცები ხართ, რომ როშავთ რაღაც სისულელეს? - ჩაუფუჩუნა გზად მიმავალმა ბრაზმორეულმა მინგრელსკიმ დევდარიძეთა ჯგუფს.

- ჩვენც აზნაურები ვართ...

- თქვენც შეგარცხვინათ ღმერთმა და თქვენი აზნაურობაც...

- მეფის სოლომონის აზნაურებს ასე...

რაღაც კიდევ უნდოდა ეთქვა ბეკინას, მაგრამ ჩქარის ნაბიჯით მიმავალმა მინგრელსკიმ თავი მოიბრუნა, სიტყვა გააწყვეტინა:

- იმიტომ წავიდა მისი საქმე კარგად, რომ თქვენისთანა ლაყეთავიანები გაააზნაურა, თქვენი... - და საშინელი საგინებელი სიტყვა ენის წვერზე დაიჭირა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ