მოწყენაა.
დაბალი ჭერი. გაულაქავი იატაკი. ნაცრისფერი კედლები. მიულაებელი მაგიდა. მიყრილ-მოყრილი პაპიროსის ნამწვავები და ფერფლი. მბჟუტავი ლამპის მკრთალი სინათლე.
მოწყენაა.
ღია ფანჯარაში შემოდის ნოტიო. წვრილად სწვიმს. სიჩუმეა. მოისმის მხოლოდ წვეთების ჭყაპა-ჭყუპი.
მოწყენაა.
წავიკითხო რამე? - ეკითხება თავს ყმაწვილი, - მაგრამ ამ წამში რომ არაფერი იპყრობს ჩემს ყურადღებას. ერთს გვერდსაც ვერ დავძლევ, ერთს აზრსაც ვერ გავიგებ და დამახსოვრებით კი ისიც არ გამახსენდება ხვალ, თუ რის შესახებ ვკითხულობდი დღეს.
მოწყენაა.
დავსწერო რამე? ვისთვის? ვინ წაიკითხავს? ვის სურს გაიგოს მივარდნილი სულის მოწყენა? წავიდე ვისმესთან? რა ვუთხრა, რით გავართო თვით გასართობმა. და მე კი ვინ გამართობს ამ ახლო-მახლო.
მოწყენაა.
ყმაწვილი მივიდა მაგიდასთან, გამოწია უჯრა, ამოიღო რევოლვერი და...
მოწყენაა.
კალამო, შენ გსურს რითიმე გაერთო, სხვებიც გაართო და ფიქრობ რევოლვერის ტკაცი-ტკუცი, დაარღვევს რა სიჩუმეს, ჩვენც გამოგვიყვანს...
მოწყენისაგან.
ჭეშმარიტებას ნუ გადაუხვევ, კალამო, თქვი მართალი! ყმაწვილმა დახედა რევოლვერს, ოდნავ გაწმინდა, რამდენჯერმე ჩახმახი შემართა, მერე ნელა დაუშვა და რევოლვერი ისევ უჯრაში ჩადვა.
მოწყენაა.
















