მაღალ სერზე, რუს პირად, მუხის ჩრდილში ზის ორ გოგონა. ერთი წამოწოლილია. თავქვეშ ხელები აქვს დადებული და ცის კიდურზე მიმცურავ ბამბის ქულასავით თეთრ ღრუბელს აცქერდება და თვით ხატავს სურათებს...
სურათი დიდია - გრძელ, დაუთავებელ ამბავსა ჰგავს... შიგ მოქმედებენ ქალები, ვაჟები, მზეთუნახავები, ცის ანგელოზები, მაგრამ მათ შორის თვალწარმტაცია უებრო ვაჟკაცი, გველეშაპის მომკვლელი და გაფრენილი ჩიტის დამჭერი, გამ-რჯელი და ღვთის მსახური... ყველაფერია, რაც კი იზიდავს, ხიბლავს და ახარებს გოგონას... ყველაფერია, რაც კი კეთილი და კარგი გაუგონია.
მაღალი ტანისა. წელში წვრილი, ბეჭებში სქელი. ღვედივით დაქნილი.
შავი თვალები აქვს, დიდი მეტყველებით სავსე, ცეცხლის-მფრქვეველი.
აბჯარი აცვია. მუზარადი ხურავს. შვილდი მხარზე აქვს გაგდებული და წელზე ხმალი ჰკიდია.
ობოლს, დაჭრილს, ქალს, თუნდაც მტრის იყოს, მფარველობას უწევს... გლახაკთ ასაჩუქრებს; მიჯნურთ ეხმარება; ბოროტებას ებრძვის... სწვავს დევების ბუნაგს...
* * * * * * *
ყმაწვილი წამოწოლილია ახლა ხის ჩრდილში. ისვენებს. ცხენი გაუშვია საბალახოდ, რომელიც ახლო ყურდაცქვეტილი დგას. ყმაწვილს თავქვეშ სასთუმლათ უნაგირი აქვს... ყმაწვილის სახეს ეტყობა, რომ ოცნებობს...
ვისზე ოცნებობს რაინდი, ვინ ესახება თვალთა წინ?
მკლავებდაკაპიწებული... მუხის შტო გვირგვინად დაუდგამს შავ კუპრ თმაზე... კაბა აუწევია... ღვითქი მოდის და მკის და მკის პურის ყანას... მშვენიერია?
აი ვინ ეხატება რაინდს.
* * * * * * *
მწყემსი ოცნებობს...
მზეთუნახავი ქალი... მშვენიერი, ალმასის კოშკში რომ ცხოვრობს და ნექტარს რომ სვამს... ის ქალი დილას გამოჰყავთ ფრთიან კატებს. მოახლეები დაჰყრიან მინდორზე მარგალიტებს, შეაერთებენ მზის სხივებს და ზედ დააჯენენ მეფის ქალს... აქანებენ... უმღერიან იადონები... მეფის ქალი ნასიამოვნები იღიმება... მაგრამ ბოლოს ჩაფიქრდება...
და დაიწყებს ოცნებას. ვისზე? ა, ვისზე?..
ტლუ, უხეში ცხვრის მწყემსი... ულვაშები ახლად აკოკრილი აქვს. შავია... ჯმუხი. ხელდახელ მიდის დათვზე. ერთს რომ დაიძახებს, მთელი ფარა, მთა, ღრე შეინძრევა.
ფეხშიშველა... ტანთ ცხვრის ტყავი აცვია... პატარა დახეულ ქუდს გადმოგდებას უპირებს სქელი, ჯიუტი თმა. ხელში უჭირავს მთელი ხის ოდენა კომბალი... ახლა გაჩუმებულა... ფარას გაჰყურებს და ოცნებობს.
















