ჩემს პატარაობას ჩვენთან, გომბორში, ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ხევსური თინა - თავით ფეხებამდე რაღაც ჟანგისფერი ქალი. მარტო ღიმილი ჰქონდა თეთრად მოკამკამე.
მე მაშინ მეგონა, რომ ხნიერი იყო, სინამდვილეში კი ოცდაათი წლისაც არა ყოფილა, ძალიან ყოჩაღად ჩამოხტებოდა ხოლმე ცხენიდან. თეძოსთან ეკიდა ერთი შავი მაკრატელი. დილით გაიბლანდავდა ქოქლოს კალთებს წენგოში შეღებილი ბაწრით, საღამოს გაჰკრავდა იმ მაკრატელს და გაიხსნიდა.
ერთხელ ძალუაჩემმა უთხრა:
- რა არის, ქალო, ეგრე რომ სწვალობ ყოველდღე, გაუკეთე მაგ შენს კაბას ღილკილოები, რომ გაიხსნა და შეიკრა ადამიანურადო.
- რას ამბობო, - ღიმილით გაიკვირვა თინამ, - რაც დედაჩემს და იმის დედას არ უქნიათ, მე იმას როგორ ვიზამო. ჩაისვა თეძოებზე ხელები და კმაყოფილმა ჩაადევნა თვალი თავის უბესა და კალთას.
















