მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2990 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ავტობუსმა ფრთხილად გაიარა სხვა ავტობუსებს შორის, თავისუფალი ადგილი მონახა და გაჩერდა. ელენე ადგა, საწვიმრის საყელო და  ქამარი შეისწორა, დაჭმუჭნულ კალთებზე რამდენჯერმე ჩაისვა ხელი, ჩანთა აიღო, შეიცადა, სანამ სხვები ჩავიდოდნენ და მერე თვითონაც  ჩავიდა. აქ წვიმა სულ არ ყოფილიყო, ღრმად ჩაისუნთქა და სიამოვნებით მიმოიხედა. „რა კარგია ასფალტი, სინათლე, სისუფთავე!  თბილისში რომ არ იყოს?!“

მკერდში რაღაც სჩხვლეტდა. ასე სჩხვლეტდა გზაზეც. მარტო გზაზეც კი არა, გუშინაც, გუშინწინაც და ორი კვირის წინათაც. „ნუთუ გული  მტკივა? სულელი ვარ, მტკივა და მტკიოდეს, ახლა?!“ 

მეზობელ ცოლ-ქმარს, ელიზბარსა და დაროს, ბევრი ბარგი ჰქონდათ, და ისინი ტაქსს ელოდებოდნენ. ელენემ მოიბოდიშა, ღიმილით  დაემშვიდობა და ელბაქიძის აღმართისაკენ წავიდა, ორიოდე ნაბიჯი რომ გაიარა, მიხვდა - როგორღაც ულაზათოდ მიდიოდა. ჩანთა  მარცხენა მხარეს გადაიკიდა, ხელები საწვიმრის ჯიბეში ჩაიწყო და ნაბიჯი შეიცვალა. მიდიოდა თავდახრილი, თითქოს საკუთარი  ფეხსაცმლის ცქერით იყო გართული. ხანდახან აიხედავდა და მაშინ... რაღაცით გრძნობდა, რომ თვალები ლამაზი ჰქონდა - დაღლილი,  გრძელი წამწამებით დამძიმებული, სადღაც სიღრმიდან გამოშუქებული.

ელბაქიძის აღმართის დასაწყისში, ერთი წამით შედგა. ჯერ აღმართს გახედა, რომელიც ბინდში თუ ბურუსში გახვეული ნათურებივით იყო  განათებული, შემდეგ - ხიდს. „წავალ ფეხით, იქნებ გზაშიც შემხვდეს“. ფეხსაცმელებზე დაიხედა, საწვიმრის დაჭმუჭნულ კალთაზე ისევ  ჩაისვა ხელი.

„თმა უარესად მექნება. ტროლეიბუსში ეთბილება. სითბოს არაფერი არ სჯობს. სინათლეს კიდევ. ტრამვაიში ყოველთვის ცივა.

განსაკუთრებით ომის დროს. ნუთუ მართლა ასე საძაგლად ციოდა ომის დროს? თუ გვეჩვენებოდა?“  აღმართის დასაწყისში გაჩერება არ იყო. მტკვრისკენ გაბრუნდა, ხიდზე გავიდა, ტროლეიბუსს წიგნის პალატის სვეტებიანი სასახლის წინ  დაუწყო ცდა. ქალაქის ეს ნაწილი მშვიდად სუნთქავდა, მოძრაობდა და ბრუნავდა. „რა კარგია, სიგნალის მიცემა რომ აკრძალეს“.

სასახლის  მაღლა, ჩაშავებულ ცაზე ცისფერი შუქით ეწერა: „შეიძინეთ და იკითხეთ წიგნები, წიგნი ცოდნის წყაროა“. იქვე, ვითომც გადაშლილი წიგნი  იყო დახატული. ვითომ იმ წიგნში რაღაც ეწერა. „ვიღას სჭირდება თბილისში ასეთი წარწერები? მით უმეტეს ღამით, როცა ბავშვებს  სძინავთ? რა დაჯდებოდა მაგ წარწერის გაკეთება? განა მარტო მაგის?.. რა მოხდება - ერთ დღეს ვინმემ ასეთი წარწერა რომ გამოჰკიდოს, „შენ, ეი, წყნარად! ფრთხილად დააბიჯე ფეხი დედამიწას. რადგან ვინ იცის, ეგ მტვერი შენს ფერხთა ქვეშ იქნებ მზეთუნახავი ქალის  მშვენიერი თვალებისა და წარმტაცი ტანის ნაშთია“... დადგება ათასი მუცლიზელია, დააღებს პირს და... „ძლივს მობარბაცებს მთვრალი  ყაყაჩო, ომარ ხაიამ!.. რა უცნაური ასოციაციის პოეტია ეგ ქალი?!“

გაჩერებასთან სხვებიც იცდიდნენ - ორი მოსწავლე გოგონა და ერთი  დედაბერი. მერე ერთი ბიჭიც მოვიდა. შავი კოსტიუმი, მაღალქუსლებიანი მოკასინები და საშინლად მყვირალა, წითელ-ყვითელზოლებიანი  წინდები ეცვა. გოგონები აათვალიერა, ელენესკენაც გამოიხედა, შუბლი შეიჭმუხნა, მარცხენა ხელი კედელს მიაბჯინა, მარჯვენა,  დროგამოშვებით მიჰქონდა ტუჩებთან და სიგარეტს აბოლებდა.

მოქაჩავდა, გააბოლებდა და გააფურთხებდა; ისევ მოქაჩავდა, გააბოლებდა და გააფურთხებდა. „რომ ვიცნობდე, სილას გავაწნავდი შიგ  ტუჩებში, ან ზედ შემოვახევდი იმ გაწეპილ პიჯაკს. ალბათ ეგეც აწონებს თავს რომელიმე ლამაზ გოგონას. გოგონას კი არა, ვინ იცის, ათას  გოგონას, ფუჰ!“ ბიჭს ტროლეიბუსის გაჩერებისთვის აღარ დაუცდია, შეახტა და იმწამსვე უკან გადგა. ავიდნენ მოსწავლე გოგონებიც.

ბოლოს ელენეც ავიდა. ტროლეიბუსში მართლა თბილოდა და სასიამოვნო სინათლე იყო. მგზავრები ჩუმად ისხდნენ. „რატომ სხედან ასე  ჩუმად?“ კონდუქტორმა ქალმა გააბა: - მიიღეთ ბილეთები! შეიძინეთ ბილეთები! ახალგაზრდავ, შეიძინეთ ბილეთი!..

მაგრამ მალე ისიც გაჩუმდა.

„სულ ასე რომ იყოს, ქალაქი და... სიწყნარე, სიწყნარე...“ ელენეს გვერდით დაბალი, მსუქანი კაცი იჯდა. თითები მოკლე ჰქონდა, ფუნჩულა. „თბილისს“ კითხულობდა. „თბილისს“ სხვებიც  კითხულობდნენ. „გაზეთი ვარო, ამან დაიკვეხოს. ორი საათით ადრე დგებიან ამისთვის რიგში. რატომ სოფელში არ მოდის? არც სკოლა  ღებულობს, არც სამკითხველო. „ნახეთ ახალი ფილმი - „რომაული არდადეგები“. რას ნიშნავს რომაული არდადეგები? მალე -  „გამოსაცდელი დრო“, გამწყრალი კაცი, რაღაც ბეჭდიანი მოწმობა. ეს ვიცი, რაც იქნება. ჩვენთან რა გადის ნეტავ?  მსუქანმა კაცმა გაზეთი დაკეცა და ჯიბეში ჩაიჭმუჭნა ფშვინვით: „რა საშინელებაა - კამეჩივით ფშვინავს.

თუმცა... რატომ ვამბობ ხოლმე  ასე? კამეჩი არასოდეს არ ფშვინავს საძაგლად, ადამიანის ფშვინვა კი საზიზღრობაა. კამეჩი უცნაური, საყვარელი ცხოველია. რა სევდიანი,  კარგი თვალები აქვს! ვის უწერია - კარგი თვალები აქვსო კამეჩს?  მგონი, გამსახურდიას. ხო, გამსახურდიამ იცის ხოლმე ასე: არაბია თამარს გავდაო, თუ თამარი არაბიას... „ძვირფასო თამარ! გახსოვს,  საქართველოს მუზეუმში რომ გიჩვენე პალიმფსესტები. შენ იმ დღეს უყურადღებოდ მისმენდი. პალიმფსესტი ისეთი ეტრატია, რომელზედაც  ოდესღაც რაღაც წაუწერიათ, მერე ეს წაუშლიათ, სხვა წაუწერიათ. ასეთ ეტრატს სინათლეში რომ გახედავ, ძველსაც შეამჩნევ და ახალსაც...

ასეთი პალიმფსესტია ჩვენი სულიც, ვიღაც მოდის, აწერს და შლის, აწერს და შლის...“-ო, როგორ კარგად მიკითხავდა სულხანი! რა  დაემართა ახლა, რატომ აღარ უყვარს ეს დიდებული მწერალი?!“  გაოცდა - ამოდენა გზაზე რომ ამის მეტად არ გახსენებია. აქ უნდა ჩასულიყო კიდეც. „რომ ვერ ვნახო, სადმე რომ იყოს წასული! რა  სისულელეა. მოვკვდები და ამით გათავდება ყველაფერი. ნეტავ, მართლა თუ შეიძლება სიკვდილი ასეთი რამის გამო? ნუთუ არავის არ  უწერია სადმე?.. მე მაინც მოვკვდები“.

ტროლეიბუსიდან მინერალური წყლების მაღაზიასთან ჩამოვიდა. აქ გავლაც კი ჭირდა. კოვბოური მძიმე ნაბიჯები, შავი კოსტიუმები, ღია  ფერის ჩინური საწვიმრები, სიცილი, პაპიროსები, მოკლე, ფერადი პალტოები, ბრიჟიტ ბარდოსავით შეკრეჭილი თმები, შეღებილი თმები,  გრძელი, წვრილქუსლა ფეხსაცმელები, ჭადრების ტოტებზე შეხუნძლული ბეღურები, ნეილონის უგამჭვირვალესი წინდები, მაღალი ფეხები,  შინდისფერი ლამაზი ფეხსაცმელები...

„არა, ფეხსაცმელი ყველა გოგონას კარგი უნდა ეცვას. მარტო ახალი კი არა, კარგიც, ლამაზი, აი ასეთი. თუმცა ამ გოგონას თვითონ  ფეხებიც ლამაზი აქვს. რას უნდა შეადაროს კაცმა, რასავით მოდის! ირემივით? მერე როგორ მოდის ირემი? მე ეგ უფრო არ ვიცი. არ  ეცოდინება არც აქ მოსეირნეთა ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს... ქალაქში ლამაზი ფეხები ბევრს აქვს... სოფელში - იშვიათად.

ნარგიზა  საამაშვილზე თუ იტყვიან ჩვენთან. ისიც დაამთავრებს წელს და... მათიკო ხუთს არ დაწერს. საცოდავი მათიკო... შეიძლება სწორედ ამის  გამოც ვერ იტანს, რომ ნარგიზას ისეთი ლამაზი ფეხები აქვს, მათიკოს კი... არც მე მაქვს ლამაზი ფეხები, მაგრამ მათიკოსნაირი  მუთაქებისაგან ღმერთმა დამიფაროს. ფეხები - პოლონელების ჟურნალ „ფილმში!“  ოფიცერთა სახლის კინოდარბაზში „დიდი კარუზო“ გადიოდა, ძერჟინსკის კლუბში - ინდური ფილმი „ახალი დელი“.

„ყველა ინდური ფილმი რაჯ კაპურის გადაღება მგონია, ინდოეთი კი... ო, რა საოცარი სიმშვიდითაა ნათქვამი ინდოეთში: ბალახის ვალია,  რაც კი ძალი და ღონე აქვს, შეისრუტოს ფესვებში გამოსაკვები წვენი, რათა თავის ადგილზე ბალახად ამოიზარდოს. იგი არ ცდილობს  ბანიანგის ხედ გადაიქცეს და ამის გამო დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება. რა ცუდია, რომ ასეთ რამეებს ყოველ დღე არ  ვასწავლით ამ ორიგინალურობისთვის დაფეთებულ გოგო-ბიჭებს“.

ბესიკის ქუჩაზე შუქიც ნაკლები იყო და ხალხიც. ძერჟინსკის კლუბთან კიდევ ტრიალებდა ოციოდე კაცი, მერე თითქმის აღარავინ იყო -  ხეებისა და მათი აჩრდილების მეტი. ჩანთა ისევ მარცხენა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და ასე მიდიოდა აღმართზე - თავდახრილი,  ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.

„თინა შინ არ იქნება. დღეს შაბათია. ნეტავ რამეს თუ ასწავლის ის ტუტრუცანა კლავდია ისაევნა. თუმცა რა! იქნებ მეც ეგეთი გავხდე მაგის  ხნის. ვინ იცის! ზის ათეულ წლობით მარტო და...“  კუთხიდან ორნი გამოვიდნენ. თითქმის მორბოდნენ თავდაღმართზე. ელენემ შორიდანვე იცნო.

„აი ბედნიერი ცოლ-ქმარი. როგორი კმაყოფილი გამომეტყველებით მოდიან, ღმერთო ჩემო! მაგათთვის ახლა სხვა არავინ არსებობს.

შეიძლება ისე ჩამიარონ გვერდზე, რომ არც კი შემომხედონ. თუ ასე მოხდა, მე ხმას არ ამოვიღებ. გაუშვი, იყვნენ ასე კარგად ერთმანეთში  გახვეულნი.

მაგრამ ზაზამ მოიხედა. ის იყო, უნდა გასცდენოდნენ და ზაზამ მოიხედა:- ე, ელენე! - ამოიძახა გაკვირვებით.

- უიმე! - სწრაფად ამოიღო პალტოს ჯიბეებიდან ხელები ლილიმ. მოეხვია, აკოცა და ერთხანს ასე იდგნენ - ლოყა ლოყაზე მიდებულნი.

ზაზას ელენეს მარჯვენა ხელის თითები ეკავა და ღიმილით დასცქეროდა ფეხებზე.

- ჩექმები აღარ გაცვია? - იქ დავტოვე.

- მართლა ჩექმები გაცვია ხოლმე? - შიშით გაუდიდდა თვალები ლილის.

- აბა, მაშ როგორ! - არ გამაგიჟო! დიდი, მძიმე ჩექმები? - აბა, მაშ რა! სოფელია, ტალახი.

- მერე არ გიჭირს თრევა? - შეწუხდა ლილი.

- მუშას ქირაობს იმისთვის ცალკე.

- კაი რა, არა გრცხვენიათ? - ზაზა ხარხარებდა.

- რა ბულკი რამა ხარ, გაგიჟდები.

ელენე უყვავებდა, როგორც პატარა ბავშვს.

- ლილი, ლილი...

ლილი კი წითლდებოდა და ხან ზაზას მიუბრუნდებოდა, ხან ელენეს: - კარგით რა! კარგით! - კარგი ახლა, ზაზა! - თქვა ელენემ, - როგორა ხართ, რა ამბებია ქვეყანაზე? ნათელა როგორ არის? - არ იცი? გაჰყვა მერაბს, იმ შაბათს მოაწერეს ხელი.

- ხოო? - არ გიკვირს მერე? რა ყველაფერში უცნაური ხარ, გადასარევია. მერაბს ჭკვიანი გაჰყვებოდა ვინმე? - განა ნათელა ამბობს, ჭკვიანი ვარო?  ლილიმ აღტაცებით შეხედა, მერე ლოყაზე მიეხუტა: - კლასიკური ტიპი ხარ პირდაპირ! - უცებ ჩანთა გამოსწია, - ე, ახლა მოდიხარ?  ელენემ თავი დაუქნია.

- გადასარევია, რა ნახე იმ სოფელში. შენ იქ რომ ჩაბერდე, ალბათ იმაზეც არ იტყვი უარს.

- შეიძლება.

- ბარემ გაჰყევი ერთ ფერმის გამგეს ვინმეს, ან ტრაქტორისტს და ეგ იქნება.

- ეგეც შეიძლება, რატომაც არა ვითომ! - წიწაკა ხარ... ჩვენთან რომ არ მოხვიდე, ხმას აღარ გაგცემ, ხვალ სულ სახლში ვიქნები.

- იცი, რა სურათი გააკეთა ზაზამ? აი! - ხოო, ზაზა? - ლაპარაკობს რა! - მაგან, ხომ იცი ყველაფერზე ასე უნდა თქვას. გადარეულია ქობულაძე.

- ვეცდები, გინახულოთ. ახლა გაიქეცით. სადღაც გაგვიანდებათ, გატყობთ.

- მამიდაჩემი უნდა ვნახოთ.

- ნუნუკა? - ხო, ნუნუკა.

- მოკითხვა გადაეცით ჩემგან.

გაეცინათ და ასე სიცილითა და ხელის აწევით დაშორდნენ.

- ხვალ გელით! - კიდევ ერთხელ მოუბრუნდა ლილი.

- ვეცდები.

ცოტა ხანს უყურებდა და მერე ისევ აღმართს აუყვა.

„რა კარგია ასეთი მიამიტობა. მიამიტობა თუ სიმსუბუქე, ასე მგონია, სურნელოვანი, ფუმფულა ბეწვი მიმისვ-მომისვესო ყელსა და  ლოყებზე. ყოველ შემთხვევაში, ბიჭებს მაინც ძალიან უნდა მოსწონდეთ. სად ზაზა და სად ეგ. მაგრამ... ესმა უარესია. ესმას ხუთი წიგნიც არ  ექნება ბოლომდე წაკითხული... როგორ არ მითხრეს არაფერი! მეკითხა, რა მოხდებოდა. უბრალოდ - აქ იყო თუ არა. აქ რომ არ იყოს!  მოვკვდები და ეგ იქნება. მხოლოდ დამანახვა, მეტი არაფერი მინდა. მხოლოდ დამანახვა, მომაკიდებინა ხელზე ხელი და გამაშვებინონ  იმავე წამს...

მივალ ახლა შინ, გამოვიცვლი კაბას და წავალ. ხომ მიხვდებიან, რომ ახლა ჩამოვედი და ახლავე მასთან გავიქეცი? არა, ამ  საღამოს მოვითმენ. ადრე დავიძინებ და ხვალ წავალ. რაღაცნაირი ქალია დედამისი, ვერაფერს ვერ გაუგებ, კარგია თუ ცუდი. ვინ იცის,  ისევ არაფერს არ აკეთებს და დადის მთელი დღე. ესმასაც ეს უნდა: ატარე აქეთ-იქით და აცინე... ნეტავ ის სურათი თუ დაამთავრა მაინც...

რა საშინელი ყინვა იყო ორმოცდათხუთმეტ თუ ორმოცდათექვსმეტ წელს. აი, ზედ აქ დამისხლტა ფეხი. მერე მთელი თვე ტრაბახობდა, რა  მარჯვედ დამიჭირა. საერთოდ უყვარს ტრაბახი. თუმცა ვერ გაიგებ - ტრაბახობს თუ დასცინის საკუთარ თავს. მთელი ჩვენი ახალგაზრდობა  ასეა! ჩვენი მასწავლებლების გამოკლებით... ოჰო! ისევ ქეიფის სამზადისი! განა რამდენი დაბადების დღე და დღეობა აქვთ ამ ალავიძეებს!  რა ეღირება ნეტავ ეს ამოდენა სახლი? ჩვენ ერთი ფანჯრის ჩარჩოს გამოცვლა ხუთასი მანეთი დაგვიჯდა. ამას, ალბათ, ხუთასი ათასი მაინც  დასჭირდებოდა. წადი და ეძახე, რამდენიც გინდა - ხინკლების გამყიდველი“.

ქუჩის ნათურის ქვეშ საათს დახედა. რვა სრულდებოდა.

„შეიძლება თინა უკვე შინაც არის. თუმცა შინ რა დააყენებს. ისიც შაბათ საღამოს! ეთერისთან იქნება, კინოში წაალაჯუნებდნენ. შინ რომ  მივუსწრო, კინოში მეც წავალ. სხვათა შორის, სოფელში უფრო მეტი ფილმები გადის. იქ ყოველდღე ახალ-ახალი სურათი მოაქვთ. მაგრამ  იქ ნანახი ფილმი!.. ვინ აჩუქათ ნეტავ ის ზეწარი, ეკრანად რომ აქვთ? იმხელა სოფელია, იმოდენა შემოსავალი აქვს კინოს და ერთი რიგიანი  ეკრანი ვერ გაუკეთებიათ. გახმოვანება ხომ... აქაც ისევ ძველებურადაა ყველაფერი!

ალაყაფის კარი ისევ ჩამოვარდნილია. თენგიზზე  ლოქო ჯეელი მეორე თუ იქნება ქვეყანაზე! დედიკოს თენგიზიკო! ნეტა რა ქალმა უნდა აკოცოს მაგ დოყლაპიას. დილაზევე გამოვიტანჩაქუჩსა და ლურსმნებს და მე გავაკეთებ ამ ალაყაფს. აი ხალხი - ძია გურგენი და სონიჩკა. სხედან და სვამენ ჩაის. შვილი მაგათ არ  აწუხებთ და ძირი.

მართლა, ნეტავ ოლიას როგორ ჰყავს პატარა გოგო? დედა, ალბათ მელის, დედა ყოველ შაბათს მელის... ჩვენ ეს კიბე ვერ  გამოგვიცვლია ამდენ კომლს და ხინკლების გამყიდველი ალავიძე სასახლეს იშენებს და წელიწადში ორმოცდაათ ნადიმს იხდის...“  ძირს, პირველ სართულზე, ვიღაც გამოვიდა. ნაბიჯებზე იცნო.

„მარგოა, ეს კი არ არის, ატყავებს საწყალ მამამისს და ძმებს“.

კარზე დააკაკუნა.

„საბრალო დედაჩემი. ხვალვე უნდა ვუყიდო თბილი ფეხსაცმელები. თინას პერანგს ვუყიდი და დედას თბილ ფეხსაცმელებს. ეტყობა,  მუხლები ისევ ასტკივდა. როგორ მოდის! რა ვქნა, როგორ მოვახერხო, რომ წყალტუბოში წავიყვანო ერთი ორი კვირით? ახლა ისე ღელავს,  ვეღარ მოახერხებს გასაღების გადატრიალებას“.

- ელენე ხარ? - ხო, მე ვარ. ნუ ჩქარობ. ცოტა ძირს დასწიე და ისე გადაატრიალე.

- გატიალდეს, აჰა...

კარი გაიღო.

- გენაცვალოს დედა, შვილო.

დედა ნიკაპამდეც ვერ სწვდებოდა. თვითონ დაიხარა და აკოცნინა.

„ახლა დაიწყებს, აი, უკვე...“ მარცხენა ძუძუს ზემოთ თბილი სისველე იგრძნო. „უკვე მოუშვა ცრემლი“. თავი ააწევინა, გაუცინა და გაწყრა.

- რა გატირებს, ქალო, მოვედი, ხომ არ მივდივარ სადმე.

- დედა მოგიკვდეს შენ, როგორა ხარ გაყინული.

- გაყინული კი არა, ის მოიგონე ახლა. კარგი, გაჩუმდი, ქალო, რა მაქვს სატირალი. თინა სად არის? - თინა ახლა გავიდა, ეთერისთან. იქ თუ გიდგათ ფეჩი? - ფეჩიც მიდგას და ღუმელიც. ეს რა არის, როდის გადაიღეს? - შვიდ ნოემბერს გადაუღია ერთ ამხანაგს და მერე გაადიდებინეს.

- თინა არ არის კარგად. ამ მატრაკვეცა ციალას რა აქვს ის ხელში? - ჩხაკუნაა. ეთერის კიდევ ბატიბუტი უჭირავს მუჭით. თან ბატიბუტს ჭამენ და იმიტომ არიან ეგრე გამოსული.

ელენემ ჩანთა მაგიდაზე დადო, საწვიმარი გაიხადა, სარკეში ჩაიხედა და ხელების დასაბანად წავიდა სამზარეულოში.

- მოიცა, მაგ პირსახოცზე არ შეიწმინდო, სუფთას მოგცემ, - დაედევნა დედა.

- მუხლები ისევ აგტკივდა, არა? - ისე, ცოტა.

დედას იაფფასიანი ბამბის შავი წინდები ეცვა. ფეხები ელენეს გამონაცვალ, ჩაკეცილ ჩუსტებში ჰქონდა წადგმული.

- ხომ გეუბნები, მატყლის წინდები იყიდე და ჩაიცვი-მეთქი.

- არა მტკივა, გენაცვალოს დედა. ეს აი, საღამოობით, ცოტა.

- ვიცი მე.

წყალი მოუშვა და კოფთა გადაიძრო.

„ნუთუ ქართველი ქალის მეტი სხვა ვინმე დათრგუნავს საკუთარ თავს ასე? წარმოდგენაც კი არ შემიძლია - დედა თუ ახალგაზრდა იყო  ოდესმე; თუ იყო დრო, როცა ქალური ვნებით იცმევდა წინდებს და ეს ვენებდაგანიერებული, უსიცოცხლო ფეხები ძვირფასი იყო სხვა  ვინმესთვისაც. სურათი რა - მე თვითონ უნდა მახსოვდეს ჩემზე პატარა ხნის. მე კი სულ ასეთი მახსოვს. სულ რეცხვა, სულ სადილი, სულ  იატაკის წმენდა, სულ დაღლილი...“  ონკანი დაკეტა, პირსახოცი აიღო და სარკესთან მივიდა.

„ჩემ მეტს აღარავის არა აქვს თმა ასე. როგორა ვარ გამხდარი, ღმერთო ჩემო, შეეშინდება ადამიანს! თვალები; რა თავში ვიხლი ნეტავ  თვალებს. ის სხვა საუკუნეები იყო, თვალებით რომ აფასებდნენ ქალს. ახლა - ზურგიდან... არაფერი არ მინდა, ჩემი თავი დამანახვა  სივრცეში. როგორ დავდივარ. როგორ გამოვიყურები სხვებს შორის, როგორ ვიღიმები, როგორ ვლაპარაკობ, ვჭამ... რა სურნელებას  აფრქვევდა ლილი! ვარდის ზეთი ყოფილა ყველაზე ძვირფასი. ერთი ლიტრი ვარდის ზეთი ერთ კილოგრამამდე ოქრო ღირს, თურმე. მე ამ  „ნოვაია ზარიას“ ვერ გავცდი...“ სარკეში დედა ჩადგა მორიდებით.

- თამრიკო როგორ არის? - კარგად, შვილო.

- დეიდა იყო ერევანში? - იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ ჩამოიტანა, უთოს მეტი.

- რატომ? - არაფერი არ ყოფილა ისეთი.

- მე რომ გეუბნებოდი, თქვენ არ გჯეროდათ, - ელენემ სავარცხელი დადო და ხალათი შემოიცვა.

- სუფი გვაქვს, შვილო, ცხელი.

- სუფი კი არა, რაც გინდა, ის იყოს. საშინლად მომშივდა. რატომ არაფერი არ ვიყიდე, რომ ამოვიარე? - ხელფასი აიღე? - ხო.

- რა უნდა გეყიდნა, კარგი მწნილი გვაქვს. შენ რომ გიყვარს - სტაფილოთი და დაფნის ფოთლით.

- რაც გინდა, ის იყოს. ხვალ გავაკეთოთ კარგი სადილი. მარტო ხომ არ შევჭამ? შენც დაჯექი.

- ჩვენ ახლა ვისადილეთ, გენაცვალე, მე და თინამ.

- მერე რა! კიდევ შეჭამე ცოტა. მოიცა, შენ დაჯექი, მე მოვიტან. ისეთი კარგი საწვნეებია ოცდახუთ მანეთად, არ დამავიწყოთ, ხვალ ვიყიდი.

ოლიას გოგო როგორა ჰყავს?- კარგად, ისე იღრიჭება მაიმუნი... შენ გკითხულობს ხოლმე. შემოვა და დაგეძებს. ძალიან უყვარხარ.

- ვინმე ხომ არ ყოფილა ჩემი ამხანაგებიდან?.. - გულმა ბაგაბუგი დაუწყო; მოეჩვენა, რომ დედამაც გაიგონა ეს ხმა.

- ზაირა იყო და რაღაც წიგნი წაიღო. თინამ მისცა.

- ჩემი წიგნებიდან? - ხო, მგონი.

- რას წაიღებდა ნეტავ? რემარკს, ალბათ. არა, რემარკი აქ არის. „ეხ... იმას ისე ვახსოვარ, როგორც მე... ვინ ვთქვა... წინათ ათასში ერთხელ  მაინც შემოივლიდა ხოლმე და ახლა... ახლა უკვე ის უცნაური ქურთუკიც ეცმევა. უხდება კი. თუმცა იმას ყველაფერი უხდება, ძველიც და  ახალიც, ჩვეულებრივიც და უცნაურიც. რა გააუთოვებს ჩემს საწვიმარს...“  სუფრა გააწყო. მერე ტახტზე დაჯდა, ფეხები აიკეცა და ზედ შალი შემოიხვია, კოვზი ნელ-ნელა მიჰქონდა ორთქლმოდებულ წვენთან, თვალი  უშტერდებოდა. ფიქრები მოდიოდნენ მბრუნავი ლაქებივით, სხვადასხვა ფერის ლაქებივით. ციმციმებდნენ ბინდში თუ ბურუსში გახვეული  ნათურები. რაღაცას დარდობდა დედა. მხიარულად იცინოდნენ ზაზა და ლილი, ცახცახებდნენ შპალერაკრული ძველი კედლები...

„ასეთ სახლებს, ჩვენი ბინა რომ არის, უნდა მიუყენო ბულდოზერები და პირდაპირ მტკვარში! ვინ იცის, ვინ ააშენა და როდის! ვინც რა უნდა  თქვას და მე კი მილიონჯერ მირჩევნია, საბურთალოზე რომ აშენებენ, თეთრი, თეთრი სახლები... რა დამემართებოდა - რომ  შემოვსულიყავი და აქ დამხვედროდა? ერთხელ რომ დამხვდა, აბანოდან რომ მოვედი და ის აქ დამხვდა. მაშინ... რა იქნება, რომ ახლა დააკაკუნოს? მოვახერხებდი წამოდგომას? მოვახერხებ, მე ისეთი ბაიყუში ვარ, მოვახერხებ.

მე ყველაფერს მოვახერხებ, გარდა... არ  გადაირევა, რომ ვუთხრა ერთ დღეს - მიყვარხარ-მეთქი? რა გამოვა აქედან? ცოტა ხანს გაწითლდება, მერე დამადებს თავზე ხელს,  დამაშტერდება, შეიძლება მაკოცოს კიდეც, როგორც უფროსები ჰკოცნიან პატარებს რაღაც დანაშაულის პატიების ნიშნად. და ეს იქნება  სულ, სამუდამოდ დავკარგავ და ეს იქნება. ესმამ რომ გაიგოს! ფუჰ, მოვყევი რაღა...“  „შარშან კიდევ მომწერა ორჯერ, წელს...“  დედა რაღაც წერილზე ეკითხებოდა - მიიღე თუ არაო. ელენეს არავითარი წერილი არ მიუღია.

„შარშან კიდევ მომწერა ორჯერ, წელს...“  - ბორია მთხოვდა შენს მისამართს.

- აბა ბორია? - პატარა ბორია, ვოლსკებისა. უეჭველად მივწერო.

- სად წავიდა, რო? - ჯარში წაიყვანეს.

- რას მელაპარაკები. ამხელაა განა? - ცხრამეტის ხდებოდა და წაიყვანეს.

- კარგი ბიჭია. იმისი და? შეურიგდა ქმარს, თუ ისევ შინ უზით? - შეურიგდა კი არა, ისეთი ჩხუბი მოუვიდათ ვალოდიას და მის ქმარს, კინაღამ დახოცეს ერთმანეთი.

- ეგ ვალოდიაც არის, რაღა! მოდი, იცი რა - ახალი ფარდები ვიყიდოთ და ესენი წინ გავაკეთოთ, შუშაბანდში.

- ფარდები კი არა, შვილო, შენ ერთი თბილი ჯემპრი იყიდე. ჩემი პენსიიდან დაგიმატებ, ოღონდ იყიდე. თინას ლიფები ჩამოუტანა  ჩეხოსლოვაკიიდან, ლეილა რომ ჰყავს ამხანაგი და ერთი შენ მოგცა, სადღაც აქვს შენახული.

- მერე თინას ლიფი მე გამომადგება? - შენი პატარაა... სვიტერებზე და ამისთანა რამეებზეა კარგი ჩასაცმელი. რეზინივითაა რაღაც.

„ვინ დაიჯერებს, რომ მამაკაცის ხელი არ მიჰკარებია ჩემს ძუძუს? ოცდაშვიდი წლისა კი უნდა გავხდე საცაა. განა არა მაქვს საამაყო? ოხ-ო-  ხო!...“  - რადიო ხომ არ გაფუჭდა, რატომ არ მუშაობს? - არა, მე გამოვრთე, რაღაცას ყატყატებდა და... გინდა ჩავრთო? - არა, მე ჩავრთავ.

„მსახიობის ცხოვრება...“ „მსუბუქი მუსიკა...“ ნეტავ თავდაპირველად რომელმა ჭკვათამყოფელმა თქვა ეს?  ჭკვათამყოფელმა თუ მართლაც ჭკვიანმა? რამდენ ტუტრუცანას აძლევს მარტო ეს სახელწოდება ცხვირის აპრეხის საბაბს. რამდენი  იდიოტი უსმენს პატიების ღიმილით შტრაუსს იმის გამო, რომ სიმსუბუქის მოყვარულად არ ჩათვალონ სხვებმა. ფიცრისა უნდა იყოს  ადამიანი, რომ ესა და „გაზაფხულის ხმები“ არ გიყვარდეს. ფიცრის ან დიდი ბაიყუში. მე ხომ ბაიყუში ვარ? ჩემს ამხანაგებში ყველაზე დიდი  ბაიყუში მე ვარ. ყველანი ამას ამბობენ. წეღან ლილიმაც ხომ მითხრა... ლილის უთუოდ არ ეყვარება შტრაუსი, სულხანს კი უყვარს.

იმან  მითხრა - ვაგნერს შტრაუსი დიდ, დიდ კომპოზიტორად მიაჩნიაო. რა იქნება, ღმერთო, ჩემი რომ იყოს? არა, ჩემი კი არა, ვგრძნობდე  ხოლმე, რომ ის მეორე ოთახში მუშაობს და მე აქეთ ვიყო. ის მუშაობდეს აი, ისე, როგორც ხანდახან იცის ხოლმე - წვერგაუპარსავი,  ხალათჩამოჩეჩილი... არ მინდა არაფერი, მის სუნთქვას ვგრძნობდე ახლოს, დამიძახოს და წყალი მივუტანო. დალევს და ღონიერ ხელის  ზურგს გაისვამს ტუჩებზე. თუნდა თავისთან ნურც შემიშვებს, პატარა მხევალივით დავიძინებ მის კართან და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ  იქნება ქვეყანაზე. ნეტავ შინ თუ იქნება ახლა? არა, დღეს რომ არა ვნახო, მოვკვდები“.

შალი გადააგდო, წამოდგა და სიცხიანივით დაიწყო აქეთ-იქით ყურება.

- უთო ჩართე, საწვიმარი უნდა გავიუთოო.

- რა, მიდიხარ სადმე? რაღა დროს წასვლაა, შვილო, ათი დაიწყო.

„თუნდაც თორმეტი იყოს, თუნდაც პირველი“.

- ლილისთან უნდა მივსულიყავი ცხრაზე, მელოდებიან. თუმცა ნუ ჩართავ, არ უნდა გაუთოება, თბილი კაბა მომეცი. ისინი გამომაცილებენ -  ლილი და ზაზა, აქვე ცხოვრობენ...

„მოვკვდები, რომ ვერა ვნახო, ვინც რა უნდა, ის თქვას... მოვკვდები, რომ არ ვნახო. მოვკვდები, მოვკვდები...“ ხელები უკანკალებდა. ფეხი  უარესად, როცა წინდის ჩაცმა დაიწყო. შეშინებული უყურებდა დედა და იმასაც ხელები უთრთოდა, წინგამოწვდილი ეჭირა კაბა და ხელები  უთრთოდა.

„ასეთი სცენებიღა აკლდა ამ საბრალოს. მაპატიე, დედა. მე არასოდეს არაფერი მითხოვია არავისთვის. პირველს შენ გთხოვ და მაპატიე,  დედა... მე რომ ნამდვილი ბაიყუში ვიყო, ახლა ვეტყოდი, ყველაფერს ვეტყოდი, როგორც მატყლის წინდებზე ვეუბნებოდი. მაგრამ ტყუილად  ვირწმუნებ თავს - თითქოს რამე შემეძლოს. მეც ისეთივე წირპლიანი დედაკაცი ვარ, როგორც მილიონობით სხვა. რომ მოვინდომო კიდეც,  ვერ ვიტყვი, ცრემლები ამომახრჩობს მანამდე...“  - მაპატიე, მარტო რომ გტოვებ. მე თინას მოვუსწრებ. რაღაც უნდა მაჩვენონ, ვნახავ და წამოვალ იმწუთშივე.დედას არაფერი უთქვამს. დედას გაკვირვებული, შეშინებული თვალები ჰქონდა და ნაძალადევად იღიმებოდა.

- წადი, შვილო, სადაც გინდა, იქ წადი.

კიბე ჩაირბინა. ძირს, ეზოს ონკანზე, მარგო რაღაცას რეცხავდა. მოიხედა და გაუღიმა.

- ოხ, учительница, როგორა ხარ? ახლა ჩამოხვედი? - ახლა ჩამოვედი, გენაცვალე, მარგო, უკაცრავად, მეჩქარება. ხომ კარგადა ხარ? მამა როგორ არის? საავადმყოფოში ხომ არ დაწვა? - არა, ჯერჯერობით თავს იკავებს.

- კარგად იყავით, მარგო, გენაცვალე, უკაცრავად, ასე შორიდან რომ გკითხულობთ!  „ათის ნახევარი. ათ საათამდე მივალ. ათ საათამდე არც არაფერი უჭირს, რომ მივიდე. რაღაცას მოვიგონებ, რაღაც მიზეზს მოვიგონებ  გზაზე. როგორი გაკვირვებული თვალები ჰქონდა დედას! ვინ იცის, რას არ ფიქრობს ახლა. მე კი სულელივით გავრბივარ. ასე არ შეიძლება,  ასე რომ გავრბივარ. ვინმემ რომ დამინახოს, უეჭველად გამაჩერებს და მკითხავს - ცუდი ხომ არაფერი მოხდაო. ამის თავი არ მაქვს...

დედამისს უფრო არ გამოეპარება არაფერი. საერთოდ, მაგ ხნის ქალებს არაფერი არ გამოეპარებათ. მივალ და ვთხოვ, რომ... რას სთხოვ,  რას მოიფიქრებ ასე სწრაფად! რატომ არ არის ჩემს ადგილზე სხვა? აი, თუნდაც ესმა. ესმას, ალბათ თორმეტ საათზედაც არ დაერიდება  მისვლა. ისეთ მიამიტურ გამომეტყველებას მიიღებს, ისე ლამაზად დაირცხვენს, რომ იმას თორმეტ საათზედაც არ დაერიდება კარზე  დაკაკუნება...“  პროსპექტზე ხალხი შეთხელებულიყო. აღარ მირბოდა, მაგრამ მაინც ჩქარა მიდიოდა.

„ღმერთო, რა იქნება, რომ ქუჩაში შემხვდეს, რამდენჯერ მინატრია ასე - შემხვდეს-მეთქი, და შემხვედრია, რა იქნება, რომ ახლაც შემხვდეს,  ღმერთო... შინ თუა, ესმაც იქ იქნება, დღეს შაბათია, ტყუილად მივრბივარ, დღეს შაბათია და ესმა სადმე წაიყვანდა. ვიღაც ამხანაგს ან  დაბადების დღე ექნება, ან ქორწილი, ან... ესმა უიმისოდ ვერ გაძლებს, ისიც შაბათს საღამოს... მე ისიც ვერ გავიგე - თბილისშია თუ არა  საერთოდ. თუ აკიდებული აქვს რუკზაკი და დაეხეტება სადღაც მთებში. იმას ხომ ამ დროს უყვარს ხეტიალი. როცა მოდასაყოლილი  მოგზაურები არ გვხვდებიან, ყოველ ნაბიჯზე... მით უმეტეს - მზისგან ცხვირგადატყავებული წიკვინა ქალები... - ლაღიძის წყლებთან ზაური  იდგა და ვიღაც ბიჭებს ხელების შლით ელაპარაკებოდა. - დავუძახებ და ვკითხავ - ხომ არ დაუნახავს. დავუძახებ და ვკითხავ. რომ  მკითხოს, რად გინდაო? საქმე მაქვს-მეთქი. არ გაუკვირდება? მე მათ ოჯახში შინაურად მთვლიან და ქუჩაში კი ვკითხულობ. ვეტყვი, რომ  სახლში ვიყავი და შინ არ დამხვდა. ვეტყვი, რომ...“  - ზაურ!  ზაურმა ვერ გაიგონა.

- ზაურ!  ვიღაც ბიჭმა მოახედა - გეძახიანო.

ზაური მობრუნდა და ხელებაწეული წამოვიდა.

- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები!.. - მაღლიდან დასწვდა, თავი გადაუწია და შუბლზე აკოცა. - როგორა გვყავხარ, კარგო გოგო? - კარგად. ნასვამი ხარ? - არა, ირას თავს გეფიცები. მოდი, იცი რა - თითო ჭიქა შამპანური, აი, იმ მატრაბაზების ჯიბრზე! შენ, თუ გინდა, მარტო წყალი დალიე,  ოღონდ ჩამომყევი.

- არა, გენაცვალე, ზაურ, არ მცალია. იცი რა? სულხანი ხომ არ დაგინახავს აქეთ? - შინ არ არის? - შინ?  ელენეს ტყუილი უნდა ეთქვა.

- შინ? - გაიმეორა ანგარიშმიუცემლად.

- ხო, ახლა გამოვიარე და შინ იყვნენ ყველანი: ესმა, იმისი ამხანაგი, აი, წითელთმიანი გოგო როა, მერცია თუ მირცა... სულხანი იმ  წითელთმიანს ხატავს და ესმა, რა გოგოა, დასტოვებს მარტოებს?! - ხოო? მაშინ წავალ, მაშინ შინ ვნახავ. საქმე მაქვს, იცი! - მე არ შემიძლია? მითხარი, ელიკო, ჯიგარო. ჩემი თავი მოგიკვდეს - გინდა ახლავე ვცემო ვინმეს? შენ მითხარი და გინდა სამსა ვცემო  ერთად.

- შენ მაგ ცემას თავი დაანებე, თორემ... განა პატარა ბიჭი ხარ კიდევ.

- ქვეყანა მურტალი ბიჭებით არის სავსე, ელიკო, ჯიგარო. ფრჩხილის ოდენას არაფერს არ გაგიკეთებენ, ჯიბეში დინგი თუ არ ჩაგიყვეს. შენ  ჭკვიანი ხარ და ეს ჩემზე კარგად იცი. იმათთან ლაპარაკი არ შეიძლება. იმათ - იმ დინგში პირდაპირ!..

- ფუჰ, არყით ხარ გაჟღენთილი! - არა, ჩემი თავი მოგიკვდეს, იას გეფიცები.

- კაი, გელოდებიან, რაღაცას უყვებოდი. მიდი, მოუყევი.

- წავიდნენ, მაგათი. უნდა გაგაცილო.

- რა გაცილება მინდა, აქვე არ არის? - მაღლა ვერ ამოვალ, დაბლამდე კი მიგაცილებ. ახლა ვიყავი და გამომაგდეს პირდაპირ. ირას გეფიცები, გამომაგდეს. დეიდა ნინამ  გამომაგდო.

- არ მინდა, გენაცვალე, ზაურ, წადი - ამხანაგები გიცდიან.

რამდენიმე ნაბიჯი ჩქარა გაიარა, მერე ნაბიჯს უკლო. მერე შეჩერდა და მობრუნდა კიდეც. მაგრამ ისევ წინ წავიდა.

„აი, ვინა ვარ მე. ზაური ჩემი გულისათვის სამ კაცს სცემს ერთად. ზაზაც სცემს სამ კაცს. სულხანი ალბათ - უფრო მეტს. მერე მოვლენ და  გამომეჭიმებიან გამარჯვებული მოწაფეების სახით. მე დარიგებას დავუწყებ, რომ ასე არ შეიძლება, რომ სხვანაირად უნდა მოიქცნენ. ისინი  სიტყვის შემოუბრუნებლად მომისმენენ. გააკეთებენ კიდეც, რასაც ვიტყვი, აღარ იჩხუბებენ, აღარ დათვრებიან. თუ სადმე ლაპარაკი  ჩამოვარდა, იტყვიან, რომ ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი გოგო ვარ და მორჩა, ამით მთავრდება ყველაფერი. არ მახსოვს, რომ ვინმე  გამთამამებოდეს, თუნდაც მკლავზე მოეკიდოს ხელი სხვაგვარად, მამაკაცი რომ მოჰკიდებს ქალს.

ზაური ხომ მთვრალი იყო, მაინც როგორმა შიშმა გაურბინა თვალებში, შუბლზე რომ მკოცნიდა. რა დაემართა ამ ბიჭს? სულ სვამს, სულ სვამს. როგორ უყვარს და!  როგორ ეფერება ხოლმე, როგორ დაჰყავს! ისიც როგორ არის გაამაყებული ამით! ზაურის დაა, ზაური სულ მას იფიცავს! მე რომ მყავდეს  ეგეთი უფროსი ძმა, იმას ყველაფერს ვეტყოდი. რა კარგია, დიდს, ძლიერს რომ უმხელ რამეს. თუმცა მე დარდი მომკლავდა. მე რომ მენახა  თითქმის ყოველდღე ასეთი მთვრალი, მე დარდი მომკლავდა.

რა დაემართა ამ ბიჭს? როგორ უყვარს ყველას და... ვისი ჯიბრით იქცევა ასე:  „ჯიგარო“, „დინგში“, „მატრაბაზები“... სადღა ჯანდაბაში მივეთრევი ნეტა, აქვე გადავალ მეორე მხარეს და დავბრუნდები. ნელ-ნელა  დავბრუნდები. ანდა რატომ? დედას ხომ ვუთხარი, მალე დავბრუნდები-მეთქი. ავალ ტროლეიბუსში და...“  ტროლეიბუსში კიდევ ერთხელ იგრძნო სითბო და სინათლე. მგზავრები წეღანდელივით ჩუმად იყვნენ, თითქოს ერთ რამეს ჩაეფიქრებინაყველანი.

„მივალ ახლა, დავლევ ჩაის და დავიძინებ. თუ არ დამეძინა, ავაგებ ოცნების სასახლეს, მერე ავაფეთქებ, დავამსხვრევ. ამტკივდება თავი.

ერთს წავუტირებ და ამით მორჩება ყველაფერი“.

ტროლეიბუსში ასვლისთანავე ლენჩივით შეაჩერდა ვიღაც მოუტეხავშლაპიანი მამაკაცი და მერე თვალი აღარ მოუშორებია წამით.

„აი საჩემო. რა შლაპა ხურავს! რა ჰალსტუხი უკეთია! დავნაძლევდები, რომ დოცენტი მაინც იქნება, თუ პროფესორი არა. დავნაძლევდეთ?  ამასაც ჩემსავით ეყვარება მსჯელობა, დარიგება, მოვლენების გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. დავნაძლევდეთ?“  თავს ძალა დაატანა, ოდნავ გადაიწია მამაკაცისკენ და ჰკითხა: - უკაცრავად, თქვენ პატივცემული პორფირი არ ბრძანდებით?  მამაკაცი აშკარად შეკრთა, თითქოს აკანკალდა კიდეც.

- რა ბრძანეთ, ქალბატონო? - თქვენ პატივცემული პორფირი არ ბრძანდებით? - არა, ქალბატონო, მაპატიეთ, მე იუსტინეს მეძახდნენ დღემდე, დღეის შემდეგ კი, ჰი-ჰი-ჰი... - მამაკაცმა ხელი ასწია, თითები შეათამაშა და  თითქოს იმ თითებს გაუცინა, - დღეის შემდეგ კი, არ ვიცი.

- უი, ღმერთო, მომკალი. ერთი ლექტორი გვყავდა გადასამზადებელ კურსებზე და იმას მიგამსგავსეთ. მაშინ იცით, ულვაშები და პატარა  წვერიც ჰქონდა ნიკაპზე, ვიფიქრე, გაუპარსავს და ალბათ იმიტომ ვერ ვცნობ-მეთქი. თანაც ხუთი წელია გასული მის შემდეგ.

მამაკაცმა ნიკაპზე ჩამოისვა თითები და ისევ გაიცინა.

- არა, ქალბატონო, ლექტორი კი გახლავართ, მაგრამ არა პორფირი, არამედ იუსტინე...

„აჰა, ხომ გითხარი!“  - არაფერია, ხდება ხოლმე, - დატკბა მამაკაცი, - ერთხელ მე სოჭში გახლდით და უარესი რამ დამემართა...

„აჰა, ხომ გითხარი! ახლა დაიწყებს, და რომ მიუშვა, დილამდე იმსჯელებს ასე. სამარცხვინო ბოძზე გააკრავს მთელ კაცობრიობას, მერე  მივა სახლში და ერთ ამბავს დააწევს ცოლს - ოხრახუში ქუთაისურის ნაცვლად სოღანლუღისა გიყიდიაო!..“  მამაკაცმა რაღაც ამბავი დაამთავრა და სხვა დაიწყო.

- ის კი არა და, სასიამოვნო მოგონებად დამრჩება ეს შეხვედრა. თქვენ ისეთი კარგი, ჭკვიანი თვალები...

„კაი, კაი, გეყოფა, ბატონო სევერიანე, თუ სილიბისტრო...“  - უკაცრავად, მე აქ ჩავდივარ, მაპატიეთ.

ძლივს შეძლო გაღიმება, წამოდგა და კარისკენ წავიდა.

- მაპატიეთ! - ახ, რას ბრძანებთ! - წამოდგა მამაკაციც, - მეც ჩამოვდივარ. გაგაცილებთ... ბედნიერად...

- არა, გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ!  „თუ ახლა არ ჩამომეხსნება, აქვე ავუტეხავ რამეს ამ დეგენერატს“. ტროლეიბუსიდან მთავრობის სასახლესთან ჩამოვიდა და უკან  გამობრუნდა. მამაკაციც ფეხდაფეხ დაედევნა ჩინური ძვირფასი მაკინტოშის ფრიალით.

- იცით, ქალიშვილო...

ელენე შეჩერდა და მიუბრუნდა. სხეულით იგრძნო, როგორი ამაზრზენი ზიზღი ჩაეღვარა თვალებში.

- გმადლობთ, მე თქვენი გაცილება არ მინდა, იუსტინე თუ სერაპიონ.

იუსტინე თუ სერაპიონი ელდანაცემივით იდგა. ათიოდე ნაბიჯით რომ გამოსცდა, მაშინ მოესმა: - უხ, შენი...

„შენი და ერთიც მეტი...“ გაახსენდა, პატარა ბიჭებმა რომ იციან ხოლმე. გაახსენდა და გაეღიმა. „რა კარგები არიან პატარა ბიჭები! გახვალ?  გამოვა? წადი შენი! შენიც და ერთიც მეტი. სულხანმა ახლაც კი ასე იცის - წავიდეს მაგის! ეხ, მაგის!.. მერე დაწვება გულაღმა და ვეება  მკლავებს თავქვეშ ამოიწყობს. საბერველივით ასდის და ჩასდის მკერდი. რა კარგია, რომ პაპიროსს არ სწევს. ალექსანდრე მაკედონელზე  უწერია, მგონი, პლუტარქეს. ალბათ ასეთი კეთილშობილი კანი ჰქონდა ალექსანდრეს. რა სულელი ვარ, ღმერთო ჩემო, სად მივრბოდი,  რომ მივრბოდი!

ვინ იყო ის უბედური ტიპი! ის იყო უბედური თუ მე? აქაც ათზე იწყება უკანასკნელი სეანსი. უკვე გვიანია. მივალ, დავწვები  და დავიძინებ. თინა დაბრუნდებოდა. თინას მივუშვებ და ილაპარაკოს, რამდენიც უნდა. მე შენ გეტყვი, არ ექნება სალაპარაკო! თუნდაც  კლავდია ისაევნაზე. ნეტა თუ იცის იმ საცოდავმა კლავდია ისაევნამ, რასაც ეს გოგოები მასზე ლაპარაკობენ: Он был высок, строен и  элегантен, как Печорин!2 ნეტა, მართლა თუ ჰყავდა ასეთი ქმარი. აპაჰ! პეჩორინს ვინ ჰგავს, იცი? ლერი. თუმცა რა შედარებაა, ლერის  ზაზაც სჯობს. ზაზა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია. სულხანი ხომ... რა კარგები არიან, როცა სულხანი და ზაზა მოდიან ხოლმე ერთად! როგორ უყურებენ გოგოები! სულხანს ის ჭაღარა უხდება. მერე ფერი აქვს - იანვარშიც კი ზღვიდან დაბრუნებული გეგონება. ბაკურიანშიც  არანაკლებ შავდება კაცი. ჩემს სოფელშიც. ჩააცვი აბა თეთრი ქათქათა ხალათი და ვიწროტოტებიანი შარვალი მალხაზს და მერე ნახავ! ბეჟანიც ლამაზი ბიჭი დადგება. არ კი სწავლობს. საერთოდ, დიდები ნაკლებადღა სწავლობენ. პატარები არიან კარგები, ბარტყებივით რომ  შემოგყურებენ და დიდი, დიდი თვალებით გთხოვენ, რამე მიაწოდო...“  აღმართზე რამდენჯერმე მოიხედა უკან. მერე დაღლა იგრძნო. ეს ესიამოვნა.

„სევერიანე თუ იუსტინე. მაინც რა თქვა, რა მქვიაო? სევერიანე. არა, იუსტინე, იუსტინე... მე რა ვკითხე? პატივცემულო პორფირი. ფუჰ,  შენი! მაინც რამ მომაგონა პატივცემულო პორფირი. რომ სცოდნოდა, რა მიზნით ვეკითხებოდი, რას მიზამდა ნეტავ? ახი კი იყო ჩემზე  ყველაფერი. რამ გადამრია? მივალ ახლა და დავიძინებ!.. ზაურისთვის რომ არ მეკითხა! ო, ელენე, როგორა ხარ, როდის ჩამოხვედი,  როგორ სწავლობენ შენი მოწაფეები, როგორი ამინდებია სოფელში, არ მოიმატე ცოტა მაინც, ნახე თუ არა „დიდი კარუზო“, ხო გენიალურია  ლანცა... მერე დაჯდებოდა სულხანი და დაიწყებდა ჩემს ხატვას. დამიხატავდა მარტო თვალებსა და ტუჩებს. ესმა კი სულ იმოძრავებდა,  იმოძრავებდა და იხმაურებდა. ღმერთო ჩემო, არ მინახავს და თითქოს უკვე გამოჭედილი მაქვს ყურები იმის კისკისითა და რატრატით. რა  ტანი აქვს! აი, მართლა ტანი! ლოლობრიჯიდა და მერე ეგ, თუ ჯერ ეგ და მერე ლოლობრიჯიდა? მერე როგორ დადის! ვის არ გადარევს! აბა  მე ვიცი სიარული, აი! თითქოს ნიუტონის ბინომს ვიყვანდე გზაზე. თინა შინ იქნება უკვე“.

ალაყაფის ზემოთ, ბებერ ნეკერჩხალთან შავი წყვილი იდგა. ალბათ ელენე დაინახეს - ნეკერჩხალს მოეფარნენ.

„ნეტავ თუ ჰკოცნიან ახლა. თინა რომ იყოს! თინას ვიცნობდი. თინას, რაც არ უნდა ბნელში იდგეს, მაინც ვიცნობდი. ნეტავ დამანახვა,  როგორ ჰკოცნიან, ლამაზები არიან თუ არა. რამდენჯერ ეყოლება ნაკოცნი ესმა? აუჰ! შენ ესმასი თქვი... ესმა, ალბათ, როგორც კი პაწაწინა  საშუალებას იპოვის, სულ ჰკოცნის და ჰკოცნის. საახალწლოდ ხელსაც მოაწერენ. ქორწილში მე არ ვიქნები, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხებ  ჩამოსვლას სოფლიდან. მე მერე მივალ, მივუტან ბროლის ლარნაკებს და ტორტს. ვაკოცებ ერთსაც და მეორესაც. ვეტყვი, რომ იბედნიერონ,  ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს.

კიდევ ვეტყვი, რომ ან აქამდე რაღას უცდიდნენ ნეტავ, აქამდე ბიჭიც უნდა ჰყოლოდათ წესით... მერე  შეუძლოდ ვიქნები და ისინი შემოივლიან ჩვენთან. ესმას ეცმება განიერი პალტო და უქუსლო ფეხსაცმელები. მერე ერთი წლის შემდეგ  ვნახავ. მერე ორი წლის შემდეგ. ბავშვს დააძახებინებენ მამიდას. მე ვაჩუქებ ჩუკოვსკის „მოიდოდირს“ და კიდევ მივუტან თოფს ან  მანქანას. ესმას ვთხოვ, რომ გავასეირნებ-მეთქი ცოტას.

ესმაც მეტყვის, რომ ბავშვს ახლა ძილის დრო აქვს, სასეირნოდ მერე, სხვა დროს;  სულხანი ისევ დამიხატავს ფანქრის სამი მოსმით თვალებსა და ტუჩებს, დამცინებს ჩვეულებრივ და... მე მექნება ჭაღარა, ჭაღარა თმა...“კარი თინამ გაუღო, შეიცადა, სანამ გაიგებდა, როგორ ხასიათზე იყო ელენე. ელენემ გაუცინა, მაშინ განათდა, ახმაურდა, აქოთქოთდა  ყველაფერი: - საყვარელო! ლამაზო! ჭკვიანო! - კარგი, არ დამახრჩო.

თინა პატარა ბავშვივით მიარბენინებდა შიგნით, ოთახისკენ და თან ეხვეოდა, ჰკოცნიდა. ისე მაგრად უჭერდა ღონიერ მკლავებს, ეგონა  ძვლები უჭახჭახებდა.

„აი, ვის ვუყვარვარ მე. რა ღონიერია, ღმერთო ჩემო! თინას ბიჭებიც ვერ მოერევიან“.

- როგორ გასუქებულხარ, რა არის! რამდენი კილო ხარ! - კარგი ერთი! - გაწითლდა თინა.

- რამდენი კილო ხარ, თქვი.

- სამოცდაექვსი.

- დედუ! რაღა ანდერსონი და რაღა შენ! ორ წელიწადში ალბათ ასი გახდები.

- ასი კი არა! ვვარჯიშობ, იცი, როგორ? - ტენისზე დადიხარ ისევ? - ხო.

- ცურვაზე იარე-მეთქი, ხომ გითხარი. ცურვისთანად არაფერი უხდება ქალს.

„აჰა, ისევ! წავიდა დარიგებანი, ბრძნული აზრები, ვაი, შე ჩერჩეტო, შენ!“  - მოათქმევინე სული, შვილო, - ღიმილით ეუბნება დედა თინას.

- დაჯდეს რო. აი ასე დაჯექი და მე ასე გიყურებ. დაჯექი და ისე მელაპარაკე, რაც გინდა.

ელენე ტახტზე დაჯდა, ფეხები მაღლა აიკეცა და ზედ კაბის კალთა გადმოიფარა. თინა წინ დაუჯდა, იმანაც ფეხები აიკეცა, ტუჩების  ბოლოებზე ცერი და საჩვენებელი თითები ჩამოისვა - ვითომ ჭორიკანა სოფლელი დედაკაცი ვარო და კახურ კილოზე დაიწყო: - აბა, ქა, როგორა ხარ, ქმარ-შვილი როგორა გყავს; ინდაურები, ჭუკები!  ელენეს ეცინებოდა, მაგრამ ამგვარსავე კილოზე მიუგებდა: - კარგად, გენაცვალოს ჩემი თავი, თინო, კარგად, ცოტა ჭუკები დამებერნენ, ქალო, თორემა...

- თვალი, ქა, თვალი იციან, თვალს გიკრავდა ვინმე, მკითხავი უნდა ნახო, ელენე, მკითხავი. ნათლუხში ყოფილა ერთი მიწაგასახეთქი გოგო,  გასათხოვარი, ქა, ქალიშვილი! რეებს ლაპარაკობს, რეებს ლაპარაკობს, რომა, გააგიჟებს ადამიანს თურმე.

- წეღანაც მორბოდა ერთი; იმ ნათლუხელი მკითხავის გაგიჟებული თუ იყო ის საცოდავი!  ახლა დედაც იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან.

- შეგაჩვენა ღმერთმა, თინა, შენ, კარგი რამ შენა ხარ! რაღას არ მოიგონებს...

- შენა, ქა, შენ როგორღა გყავს ი შენი ბუზიკის მასწავლებელი კლავდია ისაევნაი.

- თვალი კი გამოსძვრეს, მეხი კი დავათხლიშე იმ ტუტრუცანა თავში! რომანის წერა დაუწყია! მივალ და მიკითხავს: Он был высок, строен и  элегантен, как Печорин...

თინასთან არ შეიძლება ფიქრი, თინასთან ელენეც მხიარული, კისკისა ქალიშვილი იყო, თუ, რა თქმა უნდა, თინა არ აჭარბებდა და ელენე  არ უწყრებოდა. თინას ელენეს წყრომის ეშინოდა. ელენეს რიდი დედასაც კი ჰქონდა - თითქოს ის ყოფილიყოს ოჯახის უფროსი. თითქოს კი  არა, ნამდვილად ელენე იყო ოჯახის უფროსი. უიმისოდ არაფერს არ აკეთებდნენ, არაფერს არ ყიდულობდნენ...

თორმეტ საათზე დაწვნენ. თინა პატარა ბავშვივით ატრიალებდა თვალებს - ვითომ ატირებას აპირებდა. ელენეს ეცინებოდა. მერე,  ვითომცდა წყრომით უთხრა - მოდი, დაწექიო. თინა გამოიქცა შიშველი ფეხების ტყაპუნით და შეუგორდა საბანში. იწვნენ გულაღმა და  იცინოდნენ. თინა ათას რაღაცას იგონებდა. ჩურჩულით ეუბნებოდა ელენეს და ელენე იცინოდა, ისე იცინოდა, კინაღამ გული არ მისდიოდა.

- კარგი, შვილო, გეყოფათ! - შეშინებული ამბობდა დედა.

დედას ყველაფრის ეშინოდა, განსაკუთრებით სიცილის. სიცილის ყველას ეშინია... გაიცინებს ქართველი კაცი ცოტა მეტს და იმწუთშივე  ელდასავით დაჰკრავს - ვაიმე, ცუდად არ ამიხდესო.

პირველ საათზე თინა თავის ლოგინში გადავიდა. ამოიდო ფუნჩულა ხელი წითელი ლოყის ქვეშ და მაშინვე დაეძინა. ელენემაც სცადა  დაძინება, მაგრამ ამაოდ ბრუნავდა და ხუჭავდა თვალებს...

„სულ რომ ვერ ვნახო.. არა, არ მოვკვდები! ამისთანა რამის გამო არავინ მომკვდარა და არც შენ მოკვდები. ისეთი ბაიყუში ხარ, ვინმეს  უნახაობა მოგკლავს შენ?! სიკვდილი კი არა, იმ მწარე ტკ ივილივით რაღაცასაც კი აღარა ვგრძნობ, წეღან რომ ვგრძნობდი. უკვე ისე ვარ,  თუნდაც გაკვეთილზე გამიშვი ახლა. თინამ? თინას ბრალი არ არის მარტო. ის შავი წყვილი რომ დავინახე ნეკერჩხალთან, მაშინაც ასე  ვიყავი. გოგო ჩვენი უბნელი იქნებოდა. ვინ იცის, თინაზე პატარაც იყო. თუმცა რაღა პატარაა - თინა ოცდასამის უნდა გახდეს საცაა. პატარა  კი ჩვიდმეტი წლისაც აღარაა. სიყვარული მაგათ ასაკში იციან, თორემ მე ისე მაქვს გასქელებული კანი და ნერვები - ვინმეს სიყვარული  ამათრთოლებს ახლა? აპაჰ! ვარ მარტო იმ ჩემს სქელკედლებიან ოთახში. გარეთ წვიმს, ტალახია. ფიქრის საგანი ხომ უნდა გქონდეს რამე! ხოდა, ვიგონებ რაღაცას - რომ ვერ ვნახო, მოვკვდები.

ჩემს ასაკში მაინც აღარავინ არ მოკვდება ვინმეს უნახაობით. ჩაი ხომ დალიე, ხომ  დაწექი, ახლა დაიძინე, რომ დილაზე ახალი ენერგიით შეუდგე საქმეებს. რამდენი რამე გაქვს გასაკეთებელი! პერანგი თინას, თბილი  ფეხსაცმელები და მატყლის წინდები დედას, სავარჯიშოები ბავშვებს. ბაზარში, აბანოში... აი, შენი ცხოვრების თავი და ბოლო. თვალყური  ადევნე, რომ არ გაგიცივდეს, ავად არ გაგიხდეს არავინ. შენ ირბინე მაღაზიებში და ბაზარში, რომ არ დაგეღალოს არავინ, შენ რეცხე, შენ  აკეთე... ყოველთვის გამახვილებული გქონდეს ყური: არ გამოგეპაროს სიყალბე, სიცრუე, სისაძაგლე. ამხილე და აღზარდე მოყვასი შენი.

დასხი ბავშვები და ამეორებინე ხმამაღლა: - Именительный - кто? что? Родительный - кого? чего?(სახელობითი - ვინ? რა? ნათესაობითი  - ვისი? რისა?) მერე თინას ეყოლება ბავშვი. თინას ძუძუების პატრონი დიდხანს ვერ დარჩება უბავშვოდ. ეყოლება პატარა ბანტიანი გოგონა  და ამით მთლად დაგვირგვინდება ყველაფერი. მე კი არა, სამი ჩემისთანა არ მოსჭარბდება მომვლელად პატარა ბავშვს...“  ერთხელაც გადაბრუნდა კედლისკენ და მაშინ იგრძნო, რომ ბალიში სველი იყო. მაშინ იგრძნო, რომ ცრემლი მოსდიოდა, ცრემლი კი არა,  დნებოდა მისი ისედაც დამდნარი სხეული და წვეთ-წვეთად ჩადიოდა ბალიშში.

„როდემდე ვეყოფი ასე!..“  შეეშინდა, ხმამაღლა არ ატირებულიყო და საბანი წაიფარა თავზე. მერე სულხანი მოვიდა, თავისი მოკლესახელოებიანი ხალათითა და  გაღეღილი მკერდით. ელენე წუხდა: ახლა ნოემბერია, ზოგს უკვე პალტო აცვია და სულხანი კი ამ მოკლესახელოებიანი ხალათით დადის,  დადის, დაალაჯებს ოთახში და იცინის. ზედაც არ უყურებს ელენეს, რაღაცას ყვება, იცინის და დაალაჯებს ოთახში. მერე აიღებს წიგნსა და  ფურცელს. ფურცელს წიგნზე დასდებს, დაჯდება და დაიწყებს ელენეს ხატვას. ზედ არც კი უყურებს, ისე ხატავს თვალებსა და ტუჩებს და  ქვეშ მიუწერს: „ჩემი მელანქოლიური მეგობარი“, „მკაცრი მასწავლებელი“, „ჭკვიანი ქალიშვილი“...

ათასჯერ რომ დახატოს, ათას სხვადასხვა წარწერას  გაუკეთებს და ყველა წარწერის შემდეგ სიცილი აუტყდება უეჭველად... მერე ბავშვები აირივნენ და აჟივჟივდნენ. მერე თინა იშიშვლებდავეება მარცხენა ძუძუს. მერე ვითომ პერანგის ამარა მიდიოდა ქუჩაში თვითონ და არ იყო დასამალი არსად. მისდევდა სულხანი, იცინოდა  და უზომოდ გრძელტარიანი ფუნჯით, წითელ საღებავებს ზოლ-ზოლად უსვამდა ზურგზე - ზემოდან ქვემოთ, ზემოდან ქვემოთ... საღებავი  ცივი იყო ბალიშში ჩაჟონილი ცრემლივით და გაეღვიძა.

გაეღვიძა და გაუკვირდა. ფანჯარაში უკვე დილის სინათლე იდგა. ჯერ ეგონა, რომ სოფელში იყო და გარეთ წვიმდა, უთუოდ წვიმდა, რადგან  წელს თითქმის მთელი შემოდგომა წვიმები მოდიოდა... მერე ყველაფერი უცებ გაახსენდა.

„რა სულელი ვარ, ღმერთო ჩემო, რა იყო, რა ამბავი დავიწიე წუხელ?! სად მივრბოდი შუაღამისას? კიდევ კარგი, რომ ზაური შემხვდა. რა  ვუქენი იმ საცოდავ ტიპს ტროლეიბუსში! თანაც ლექტორი ვარო. კიდევ შემხვდეს სადმე და მიცნოს! ეხ, მიცნოს და მიცნოს! მაინც რა  კარგია დღე. განსაკუთრებით დილა, მზიანი დილა! დღეს სულხანსაც ვნახავ. დღეს უბრალოდ, სულ უბრალოდ ვნახავ. სიზმარშიც ხომ  ვნახე! დღეს ვნახავ. დამხატავს, მიმიწერს ახალ რამეს და ეგ იქნება და ეგ! რატომ? მაკოცებს კიდეც. მაკოცებს შუბლზე, ჭკვიან შუბლზე,  როგორც თვითონ იცის თქმა...“  თინასაც გაეღვიძა და მაშინვე მისკენ გამოიქცა სიცილით. კანკალით მიუწვა გვერდზე და საბანი ნიკაპამდე აიჭიმა ორივე ხელით.

- რა ნახე სიზმარში? - რა და, შენ გნახე. ვითომ ბავშვი გყავდა და ძუძუ უნდა მიგეცა.

- კაი რა! - შენ თავს გეფიცები. სურდო შეგხვდება, გაუფრთხილდი, - თინამ რამდენჯერმე მძლავრად შეისუნთქა ცხვირით.

- სურდო უკვე მაქვს.

- ახლა მეც გადამდებ.

- წავალ მაშინ.

- არა, არა, იწექი. მე და შენ წავიდეთ დღეს ბაზარში.

- ხელფასი აიღე? მეც ავიღე სტიპენდია. ვქეიფობთ.

- გინდა, საცივი გავაკეთოთ, კარგი? - გავაკეთოთ.

- რომელი საათია? - ათი წუთი უკლია ცხრას.

- აუჰ, შუადღე წამოსულა. ავდგეთ ჩქარა.

ელენემ საბანი გადაიგდო და წამოჯდა.

- მე რა ვნახე სიზმარში, იცი? - წამოიწია თინამაც.

- ვიცი, რასაც ნახავდი.

ელენემ ხელები მუხლებქვეშ ამოიწყო, ფეხები დაჭიმა, უკანგადაწეულმა გააყოლა თვალი და გაუხარდა.

„ფეხები არც ისეთი ცუდი მაქვს, ცოტა რომ გავსუქდე...“  თინა იცინოდა.

- რა იყო, რა გაცინებს? - მე რა ვნახე სიზმარში, იცი? ვითომ ჩვენს კლავდია ისაევნას გაშლილი ჰქონდა თავისი კრემები. მე კიდევ ფინია ვიყავი და იმ კრემებს  ვუტლეკავდი ენით.

ელენეს ხარხარი აუვარდა.

- გიჟი ხარ, გადარეული.

- იცი, ერთ კრემს როგორი გემო ჰქონდა? შენ რომ არ გიყვარს, რაღაც ნამცხვარი როა, „ზეფირი“.

- ფუჰ, გაჩუმდი ახლა! - ყველას გეფიცები.

- გეყოფა, კარგი! - რომ გამეღვიძა, სულ უკან ვიხედებოდი - კუდი ხომ არა მაქვს-მეთქი კიდევ.

ელენე ხალათს იცვამდა და ხარხარებდა.

- კარგი-მეთქი, თინა!  ...მერე იდგა ხისმოაჯირიან ძველებურ აივანზე, ხელით ისწორებდა თმას და უცხო, ლამაზ ადგილას მოხვედრილი ბავშვივით იხედებოდა  აქეთ-იქით.

ცა მოწმენდილი იყო, ჰაერი ცივი და სუფთა, რაღაც ორთქლივით ნისლი დასდგომოდა თბილისს და ამ ნისლში, სადღაც ნავთლუღისკენ,  უძრავად იდგა დიდი წითელი მზე. ეზო სველი იყო - თითქოს მოურწყავთო. ქოთანში ჩადგმული ყვავილი გამოდგა მზეში დეიდა ნადიამ და,  მაღლა არ ამოუხედავს, ისე შებრუნდა შინ. მერე ოლიამ გამოიტანა ქმრის შავი კოსტიუმი გასაწმენდად.

„საცოდავი ოლია. მარტო კაბა კი არა აქვს დაჭმუჭნული - თითქოს თვითონაც დაჭმუჭნულია, დაღეჭილი, ჩემზე სამი წლით თუ იქნება დიდი  და უკვე სულ საპნის სუნი ასდის, საპნისა და სარეცხის სუნი. მოვლა არ უნდა ოთხ ბავშვს? როგორ ცუდად ყავდა პატარა გოგო...“  - ოლია, გამარჯობა! - ოხ, გამარჯობა, ელიჩკა, როგორა ხარ, ლამაზო? რატომ ვერ გავიგეთ, როდის ჩამოხვედი? - გუშინ საღამოს ჩამოვედი. თქვენ როგორა ხართ? ქეთინო უკვე კარგად გყოლიათ. ყბაყურა ჰქონდა მართლა? - ყბაყურა და მერე რა რთულ ფორმებში! ვგიჟდებოდით, თირკმლებზე არ ემოქმედა.

- ახლა სად გყავს, რომ აქაურობას არ იკლებს თავისებურად? - დედაჩემმა წაიყვანა გუშინ.

ეზოში ძია გურგენი გამოვიდა. ხელში ჩანთა ეჭირა, ეტყობოდა, ბაზარში მიდიოდა. გაჩერდა და თვალებზე ხელი მოიჩრდილა.

- ო, ელიჩკა, გამარჯობა შენი! რავა ხარ, გოგო, დახვალ ისევ ცარიელ-ტარიელი? - რა ვქნა, ბიძია გურგენ, ძალით ხომ ვერ დავიჭერ ვინმეს?- აბა როგორ, ბიძი! დაჭერით არა, მაგრამ რაცხა ქე უნდა იღონო შენც. ჯერ ცოტა ქონი უნდა მოიკრა. რა არის, თითქოს არაფერს არ  გაჭმევდნენ. მერე ერთს თვალი უნდა ჩაუჩხაკუნო - მე შენ გეტყვი, არ გაქვს ლამაზი თვალები, მეორეს გოუცინო, მესამეს კიდევ რაცხა  ასეთი და ბოლოს ქე გაბედავს ამდენში ერთი რომელიმე.

- მაგასაც თავისებური შნო უნდა, ბიძია გურგენ.

- შნო, თორემ, - ხმას დაუწია ბიძია გურგენმა, - შნო, თორემ დიდი შნოიანი ნახე ეს ჩვენი მარგუშა, ხელსახოცებივით რომ იცვლის  კავალრებს. შენ რომ შეგიძლია, ბიძი, იმდენი კონსტანტინე დადეშქელიანს არ შეეძლო, მგონი, მაგრამ არ გინდა ქორწილი გვაჭამო და ეგაა.

აბა რა, გაწყდა ბიჭები ამოდენა ქვეყანაზე? - მაგისი შესაფერისი მართლა როა გაწყვეტილი, გაწყდა ახლანდელი ბიჭების სახსენებელი! - ბრაზით გადმოიძახა ოლიამ.

- შესაფერ-შეუფერებლობის დროა ახლა? წევიდეს კაცი როგორმე იოლად, ესაა, თორემ... თორნის პურს ხომ არ დამაბარებ, ნადია! - ვინაა, რომ ელაპარაკებოდი, - ამოიხედა დეიდა ნადიამ, - ელიჩკა ხარ? ვეღარ გიცანი, გოგო. როგორ ხარ. არ მოსუქდი ცოტა მაინც?  „ყველამ ეს უნდა მკითხოს, დედას და თინას გარდა. იმათ ეშინიათ, ეშინიათ კი არა, არ უნდათ, რომ გული მატკინონ“.

- ეთერი როგორ არის, დეიდა ნადია, ბავშვი ხომ არ შეეძინა ჯერ? - დღე-დღეზე ველოდებით, გენაცვალე, ელიჩკა, და ვართ ერთ გულხეთქებაში! - გულგასახეთქი რა არის ქალაქ ადგილას? - დაიწყევლოს ქალის გაჩენის დღე, შვილო, რა იცი, როგორ შებრუნდება. მერე ცილები ჰქონდა, ხომ გახსოვს.

„ნამდვილი იტალიური კინო. ოღროჩოღროდ მოკირწყლული ეზო, მონგრეული ონკანი, აჩხორილი აივნები, ბარგი-ბარხანა, სარეცხი,  ტანსაცმელი... ყველას თავისი საქმე აქვს, ყველას თავისი დარდი აწუხებს, ყველა თავისი არშინით ზომავს და სჭრის. ოლია ბიჭებს  სწყევლის, რადგან მაგისი და მიატოვა ქმარმა, ძია გურგენი ხუმრობის ხასიათზეა ყოველთვის - შვილი მაგას არ აწუხებს და ძირი.

დეიდა  ნადია ისევ გულხეთქებაშია ეთერის გამო: ჯერ იყო და, სწავლაზე იხეთქავდა გულს, მერე - ცუდს არავის გადაეყაროსო, ახლა - როგორ  მოიმშობიარებსო; მარგუშა უკვე ქალაქში დაალაჯუნებს ალბათ; მე კი წუხანდელი მაიმუნობის შემდეგ შუბლს ვიგრილებ! რაღაც მანქანას  იგონებენო - მოინდომებ და გაიგებ სხვა ადამიანის აზრს. გაგიჟებულია ხალხი...“ თინაც აივანზე გამოსულიყო და ვიღაცის მტრედს ბიჭივით უსტვენდა. მტრედი ამაყად მიდი-მოდიოდა თუნუქის სახურავზე და ხანდახან  ღუღუნებდა. თინა ახლა პურის ნამცეცებს უყრიდა. ბოლოს, რომ ვერას გახდა და მტრედი ვერ მოიტყუა, იატაკის საწმენდი ჯოხი აუქნია,  მტრედი აფრინდა და ფრთების ტკაცუნით შემოუარა გაშიშვლებულ ალვებს. ალვებზე ბეღურები ისხდნენ. ისინი გაოცებული თვალებით  შეაჩერდნენ მტრედს.

- მოვიდეთ ბაზრიდან და მერე დავლიოთ ჩაი, ხომ? - ცოტა რამ შეგეჭამათ, შვილო.

- მალე მოვალთ, დედა, თერთმეტი საათისთვის მაღაზიებში ვართ წასასვლელი.

ელენე დაჯდა და წინდის ჩაცმა დაიწყო.

- ეხ, ესეც არის რაღა! სადამდე წამივიდა თვალი! გავიხადო ახლა? - ერთი შენც, - ხელი აიქნია თინამ, - დაამაგრე, რომ მეტად არ წავიდეს და მორჩა. ვითომ ქუჩაში წაგივიდა, ვითომ ვერა ხედავ, ეშმაკმა  წაიღოს მაგისი გამომშვების თავი.

- ქარხნის ღიპიანი დირექტორის თავი. მეორედ ვიცმევდი დღეს.

- დირექტორის უამრავი წინდების პატრონი ცოლი. მგონი რამდენი აქვს, არა? - ვერ მოასწრებ სხვა რამეზე ფიქრს და ისევ წინდები გაქვს საყიდელი.

- აბა, თქვენებურად არ დაანიავოთ ეგ ფული. რამდენი რამე გვჭირდება, ხომ იცით!..

დედამ კიბემდე მიაცილა. ჩარბოდნენ კიბეზე და სახეში სცემდათ სუფთა ჰაერი. ალაყაფთან ელენეს ისევ გაახსენდა ჩამოვარდნილი კარი.

- თენგიზი სად არის, ის ლოქო. ეს კარი მაინც ვერ უნდა გაამაგროს? - თენგიზი რიგაშია, შეჯიბრზე.

- მაგის პატრონს! ეგეც პირველ ადგილს არავის დაუთმობს, მგონი.

- დასეირნობს კია და...

- ისეირნოს. თუმცა რა - მაგათია ქვეყანა.

ქუჩა გადარეცხილი იყო. მთელი კვირა გაბმით წვიმდა და მხოლოდ ამ უკანასკნელ ორ დღეს დაიჭირა დარი. ხეების ტოტები მზის სხივებით  იყო მოვარაყებული და იმ სხივებს თუ ეთამაშებოდნენ - ხტოდნენ, ჟივჟივებდნენ ბეღურები. კვირა რომ იყო, ალბათ ამის გამო - ვინც კი  ხვდებოდათ, ყველას კმაყოფილი, დასვენებული სახე ჰქონდა. ხვდებოდათ კი უფრო ხნიერი ხალხი. ახალგაზრდებს, ალბათ, ისევ ეძინათ.

„ახალგაზრდები შუადღისას გამოვლენ, ბიჭები გაიპარსავენ პირს, გამოეწყობიან შავ გაპეწილ კოსტიუმებში და გამოვლენ. ტევა აღარ  იქნება რუსთაველზე“.

- რომელ ბაზარში წავიდეთ, იცი? ვერაზე. იქ იაფობაა ხოლმე შედარებით. თანაც რუსთაველზე მომინდა გავლა.

„იმათ ქუჩას გავუვლი, იქნებ შემხვდეს კიდეც, ხანდახან ის დადის პურზე“.

- წუხელ სად იყავი, აბა? - ლილისთან შევედი ცოტა ხანს, საქმე მქონდა.

- ფეხით წავიდეთ? - რა, გეზარება? - შენ არ დაიღალო, თორემ...

- აპაჰ!  „რატომ ვუთხარი, ლილისთან ვიყავი-მეთქი წუხელ? დედას არ შეხვდება, მაგრამ თინა იმდენს დატანტალებს ამ ქალაქში, გადაეყრება  სადმე და ლილი საყვედურს დააბარებს - რატომ არ შემოგვიარაო. თინა ეტყვის, რომ... ავურიე და ეგ არის. დღეს მართლა უნდა შევუარო  ლილის. სულხანი როდის ვნახო? მართლა ისე ხომ ვერ წავალ, რომ არ ვნახო? არა, ის გუშინ იყო... გუშინ მაინც წინასწარ არ მქონდა  განზრახული ნახვა. დღეს სხვაა. დღესაც რომ... რა სისულელეა, პირველ საათზე მივალ. ყველაფერს ვფიცავ, ვნახავ და წამოვალ. ათ წუთს  არც კი ვუყურებ და წამოვალ. ესეც მეყოფა მთელ თვეს“.

- „დიდი კარუზო“ ნახე? - ეკითხება თინა.

- ისე რა, სოფლურად.

- როგორ სოფლურად.- ისეთი რადიო გვაქვს, ტენორი მღერის თუ ბანი, ვერ გაარჩევ.

- გინდა, დღეს კიდევ ვნახოთ? რა კაია, არა, მარიო? აი, ფურგონზე რომ წევს და წითელი ხელსახვევი უკეთია. დედა, რას მღერის რადამესს  და კავარადოსის! რა ქალია ის მარტა! სულ არ გავს ამერიკელს, არა? - ის ახლანდელ ქალს კი არ თამაშობს.

- მაინც, რაც არ უნდა იყოს... „რომაული არდადეგები“ ყოფილა, იცი, რა კარგი? ვინ თამაშობს, იცი? ოდრი ჰეპბერნი, ნატაშას რომ  თამაშობდა „ომსა და მშვიდობაში“.

- ეს „ჰამლეტი“? - მაგ „ჰამლეტზე“ ყარაღაჯელები დადიან მარტო.

- ვინ არიან ყარაღაჯელები? - ცოტაა. ე, მართლა, სულხანი და ესმა შემხვდნენ გუშინწინ, ვუთხარი - შეიძლება კვირას ჩამოვიდეს-მეთქი, შენზე.

- ხოო?  მეტი არაფერი არ უთქვამს ელენეს. ჩუმად გაიხედა იმათი ქუჩისკენ. ქუჩაში არავინ არ იყო. საბარგო მანქანა მირახრახებდა და მერე ბავშვი  გადმოვიდა ერთი ჭიშკრიდან.

- უსინდისო სულხანი. ერთხელ აღარ შემოუვლია ჩვენთან, რაც მაშინ იყო, აგვისტოში, შენ რომ გაგაცილეთ. ყავს გამოჭერილი იმ ტუპიაჩკა  ესმას და დაატარებს, საითაც უნდა.

„გაჩუმდეს, თორემ რაღაც დამემართება ახლა“.

- შენ რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ ხომ ვერ მიშოვი? - ინგას აქვს, მგონი, დღესვე გინდა? გიშოვი. ვიყავი პიკაიზენზე, მაშინ რომ გწერდი. ისე რა! რა კარგად იმღერა პისომ, იცი? მაგრამ მერე  მარიო ლანცა ვნახეთ კინოში და... გუშინწინ აი, აქ, ბიჭები იდგნენ და ერთი იცი რას ეუბნებოდა მეორეს? წადი, წადი, მამაშენს იმის ფული  არა აქვს, დუსტი იყიდოს და ტილები დაიყრევინოს, მანქანა არა, ტოროლა! - ფუჰ, ყოველგვარ სისაძაგლეს რომ შენ უნდა მოჰკრა ყური. რატომ მე არ მესმის ასეთი რამეები, საინტერესოა.

- შენ ისე მიდიხარ, გაბრაზებულივით... კოქტეილი რომ დავლიეთ! - ვისთან? - გოგოებმა. მე, ეთერიმ და ციალამ. იმდენი ვიცინეთ, კინაღამ არ გამოგვრეკა მიმტანმა ქალმა.

- შენა და ის შენი ტუტრუცანა ამხანაგები გადაეყრებით რამეს და მაშინ ნახავთ.

- რას უნდა გადავეყაროთ, დილა იყო, თერთმეტი საათი. ჩვენს მეტი არავის არ იჯდა კაფეში.

- მერე საღამოსაც შეხვალთ.

- საღამოს არა... რა უნდა ვიყიდოთ ახლა? - პირველ ყოვლისა, ყვავილები. შეხედე იმ ქრიზანთემებს! - აი ეს თეთრები. რა ღირს, ბიძაჯან? - თინა!  თინამ ტუჩები მოიკვნიტა და გაწითლდა, თავი ჩაღუნა.

- აი, ეს ექვსი ცალი.

- სამი მანეთი თქვენისთანა კარგი ბარიშნებისათვის.

- წამოდი აქეთ. ჯერ ქათამი ვიყიდოთ. კიდევ იცი რა - კარალიოკი. თუმცა რას გაიგებ, რომელია კარალიოკი, რომელი ხურმა.

...ბაზრის ყაყანი, ფერები და სუნი ქუჩაშიც მიჰყვებოდათ.

„რომელი საათია? თორმეტის ათი წუთი. წაიღოს თინამ ესენი და მე შევივლი ბარემ, არც ისე ადრეა. თუ შინ ყოფნაა, ახლა უფრო იქნება  სახლში“.

- წახვალ შენ, თინა? - სად წავალ, ქალო! - ჩაჯექი ტროლეიბუსში და წადი შინ, მე სულხანთან შევივლი ერთი წუთით და მოვალ.

- აქ დაგიცდი.

- აბა, იდექი ახლა! წადი და მეც მოვალ ახლავე.

- კაი, ბატონო, არ დაიგვიანო და... მაინც არ დაგხვდება სახლში.

„უხ, შე... რა საძაგელი ენა აქვს ამ ბავშვს“.

- რა იცი შენ? - უთენია მიადგებოდა ესმა და წაიყვანდა სადმე.

- შენ იცი, რას გეტყვი? იმ ესმას თავი დაანებე. რა შენი საქმეა, რომ მოყევი ენატარტალა დედაკაცივით. მეორედ აღარ გაგიგო, გაიგე? - ხო და...

- კარგი ახლა! აი, მოდის ტროლეიბუსი, ჩაჯექი და წადი! მეც ახლავე მოვალ.

თინა ტროლეიბუსში გაბუტული ავიდა, ფანჯრიდან გამოიხედა და მაშინ გაუღიმა შერიგების ნიშნად. ტროლეიბუსი დაიძრა. ელენემ ღრმად  ამოისუნთქა.

„თუ ახლა შინ დამხვდა, მერე ყოველთვის იმედით შევხედავ ჩემს ბედს. ვნახავ და წამოვალ იმწამშივე. მოვიმიზეზებ რამეს და წამოვალ  იმწამშივე. რომ გამომყვეს? არა, ვეტყვი, რომ აბანოში ვარ წასასვლელი. ოღონდაც შინ დამხვდეს ახლა. რა ვუთხრა, დედამისი რომ იყოს  მარტო? რა სისულელეა. სულხანის ნახვა მინდა და დამხვდება კიდეც. თუ ძალიან, ძალიან მოინდომებ რამეს, ძალიან, ძალიან - უეჭველად  შეგისრულდება. ოი, რატომ არ გაგეცინება, ღმერთო! ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ოცდაექვს ნოემბერს წელში მოხრილი მიდის  ქალიშვილი ვაჟის სანახავად. ნახავს ერთი წუთით და მერე კმაყოფილი იქნება მთელ თვეს. სიყვარულით მოეკიდება საქმეს, კოლეგებს,  მეზობლებს... იმ ერთი თვის შემდეგ ისევ ნახავს ერთი წუთით და კმაყოფილი იქნება კიდევ ერთ თვეს...

მერე... მერე აღარ ვიცი. მე ჯერ ეს  მჭირდება მხოლოდ. მაჩვენეთ ერთი წუთით და წაიყვანეთ მაშინვე. დაარქვით ამას, რაც თქვენ გინდოდეთ, ის. მე კი ერთი წუთით მაჩვენეთ  და წაიყვანეთ მაშინვე. თქვენი იყოს დიდი-დიდი სიამენი ამა ქვეყნის. მე მარტო ეს პაწაწინა სურვილი ამისრულეთ. დაარქვით ამას, რაც  თქვენ გინდათ, ის, ოღონდ ეს პაწაწინა სურვილი ამისრულეთ ახლა...“ხელი მკერდზე ედო და ისე ადიოდა კიბეზე. მკერდში რაღაც სჩხვლეტდა, როგორც გუშინ, გუშინწინ და ერთი თვის წინათაც.

„ალბათ ეს ჩხვლეტა მიშველის, როცა დრო იქნება. ეს ჩხვლეტა ნამდვილად მიშველის. ღმერთო!“  თეთრ ღილაკს ხელი დააჭირა, სადღაც შიგნით შეშფოთებით დაიზრიალა ზარმა. მერე მოისმა ნაბიჯების ხმა, ქოშებიანი ქალის ნაბიჯების  ხმა.

- ვინ არის? „სულხანი შინ არაა! ეტყობა - სულხანი შინ არაა“. მაგრამ უკვე გვიანი იყო. დეიდა ნინო მეორედ ეკითხებოდა.

- ვინ არის? - მე ვარ, დეიდა ნინო, ელენე.

- აბა ელენე! - ელენე...

- უი, ვეღარ გიცანი...

კარი გაიღო და სახეგაბრწყინებულმა დეიდა ნინომ წითლად შეღებილი მსხვილი ტუჩები ცივად დაადო ელენეს გახურებულ ლოყას.

- როგორა ხარ, შვილო, გენაცვალე, სადა ხარ, ერთხელ აღარ შემოივლი. ისევ სოფელში ხარ? - სოფელში ვარ, დეიდა ნინო.

- ვერაფერი მოგიხერხა ბიძაშენმა, რომ გადმოეყვანე აქ? - არ ვიცი, დეიდა ნინო, არც მე ვცდილობ და არც ის მატანს მაინცდამაინც ძალას.

- აბა, იქ ხომ არ უნდა ჩაბერდე ასე! იქიდან ჩამოსულები ძალით ვეღარ გაჰყავთ აქედან და შენ რა... ჩაიზე დამეწვიე, გენაცვალე, ელენე,  ვიჯექი ახლა მარტო და... ვასო მივლინებაშია, სულხანი... კახეთში წავიდნენ გოგო-ბიჭები დილას, უთენია, ესმას მანქანით. როგორ დაყავს  მაგ ქაჯს, რომ გაჩვენა...

„გამაგრდი, ბაიყუშო, ახლა გამაგრდი და მერე თავში ქვა ირტყი, თუ გინდოდეს, ახლა კი გამაგრდი, გაიცინე, გაიღიმე მაინც“.

იღიმებოდა და ცდილობდა, თვალიც კი გაესწორებინა დეიდა ნინოსთვის.

- ესმა მშვენიერი გოგოა, დეიდა ნინო.

- ასეც აღარ შეიძლება, შვილო. დღე მაგათ აღარ გააჩნიათ და ღამე. ჯერ ერთი ბეწო რამე სჭირდება ხოლმე ხალხს და ამათ ხომ... შემჭამეს  პირდაპირ - ეს ასე, ის ისე. ერთნი მიქებენ და ცამდე აჰყავთ, მეორენი, ხომ იცი, სულხანს მეტი ეკუთვნისო. მე მესმის ყველაფერი,  გენაცვალე, ელენე, მაგას თუ ჭკვიანი ვინმე არ შეხვდა ცოლად, ვერაფერს ვერ გააკეთებს. მაგრამ ეჰ, გენაცვალე, რა არის ადამიანის ბედი, რაღა დააშორებს ახლა მაგათ! მოიყვანე-მეთქი, ვეუბნები.

რაც მაგას გადაეკიდა, ვეღარაფერს სერიოზულად ვეღარ კიდებს ხელს. ვინ აღარ  გამოფინა და რა სურათები აღარ, ახლა ხომ ახალგაზრდების გამოფენა იყო. მაგან? დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და ერთი სურათიც არ ყოფილა  მაგისი. ვისზე ნაკლებია მერე. ქვეყანას პირზე რომ აკერია: მირზაშვილი, ონიანი, ერისთავი!.. არა აქვს ჩემს შვილს ჭკუა და რა ვქნა!  როცა დეიდა ნინო ამას ამბობდა, ელენეს მოეჩვენა, რომ როგორღაც მუშტრის თვალით გადმოხედა რამდენჯერმე. ამან მთლად დააწყვიტა  ნერვები.

„წავალ ახლა. ავდგები და წავალ, არც სურათებს ვნახავ. ისე ავდგები და წავალ“.

- მურაბა მაინც მიირთვი, გენაცვალე, ან ნამცხვარი... ცოტა დამეწვა იმათ ფათიფუთში, მაგრამ მე მგონი მაინც არა უშავს.

- გმადლობთ, დეიდა ნინო, ახლა ვისაუზმე, ნახევარი საათი არ იქნება.

- მარტო ლამაზი კოცნა არ არის საქმე, გენაცვალე. სულხანისთანა კაცს სხვანაირი ქალი უნდა ამოუდგეს მხარში.

„შენც თქვი რამე, ბაიყუშო, შენ ხომ სწორედ ასეთი ბრძნული აზრები გიყვარს, თქვი“.

- მე ახლა წავალ, დეიდა ნინო, თინა მელოდება, უამრავი საქმე მაქვს დღეს.

- დარჩენილიყავი, გენაცვალე, მარტო ვარ, გველაპარაკა ცოტა.

- სასიამოვნოა თქვენთან საუბარი, მაგრამ ხომ იცით... ერთი დღითა ვარ ჩამოსული, დილას უთენია უნდა წავიდე, შვიდ საათზე. მინდა  მოვასწრო ყველაფერი. სულხანს... მინდოდა მენახა, რეები გააკეთა ამ ბოლო ხანებში, მაგრამ არ მინდა უიმისოდ. არ უყვარს, როცა  უიმისოდ მის რამეებს ახლებენ ხელს.

- უი, რას ამბობ, არა გრცხვენია, ელენე? მობრძანდი, გენაცვალე. შენც კი არ გეხება ასეთი რამ. მოდი, გენაცვალე, და დაათვალიერე, რაც  გინდოდეს.

- არა, გმადლობთ, შემდეგ იყოს, მერე რომ ჩამოვალ. კარგად ბრძანდებოდეთ, სულხანს უთხარით, რომ...

დეიდა ნინომ ყურთამდე გააღო სულხანის ოთახის კარი, იქიდან ყვითელი შუქი დაეფინა ელენეს. პირველად კარადაზე დადგმულ მაღალ  ლარნაკში ჩაწყობილ ისრებს მოჰკრა თვალი - ეს ისრები ხევსურეთიდან ჩამოიტანა სულხანმა. მერე სუნი იგრძნო - ზეთის, საღებავებისა  თუ სულხანის სუნი. სკამს ჯერ ხელით დაეყრდნო, შემდეგ დაჯდა. კარსიქითა კედელი სურათებით იყო დაფარული. ამ სურათებიდან რაღაც  ღმერთკაცური ქედმაღლობით იყურებოდნენ ახოვანი ვაჟკაცები და ქალები. ისინი მაყურებელთა წინაშე თითქოს საგანგებოდ ჰფენდნენ  უჩვეულოდ განვითარებულ კიდურებს.

„ყველანი ხატავენ მამაკაცების ასეთ ვეება მხარ-მკლავს, მაღალ, სქელ კისრებს და საოცრად პატარა თავებს - სულხანიც, ზაზაც, გოგიც და  თენგიზიც... ყველანი ხატავენ ქალის ასეთ გრძელ, ძლიერ ფეხებს, მოქნილ წელსა და წინ წაზიდულ ხორცსავსე ტუჩებს - სულხანიც, ზაზაც,  გოგიც და თენგიზიც... ყველანი ცდილობენ თვითონვე დაემსგავსონ საკუთარ ქმნილებებს: იცვამენ მათებრ უხეშ სვიტრებს, სქელლანჩა  მძიმე ფეხსაცმელებს, ვარჯიშობენ, ყოველდღე ებერებათ მხარ-მკლავი და უხარიათ, რომ თუნდაც ნახევარი სანტიმეტრით მაღლიდან  დახედონ სხვებს.

ყველანი ემზადებიან რაღაც ჭიდილისთვის და უხარიათ, რომ იქნებიან სხვებზე უფრო ძლიერნი... სიძლიერე კი... ეს  მხდალებს ეჩვენებათ ასე. სიძლიერე არასოდეს არ ყოფილა დამოკიდებული მარტო ღონიერ მხარ-მკლავზე. ანდა, რა არის სიძლიერე,  საერთოდ?.. ბალახი არ ცდილობს ბანიანგის ხედ გადაიქცეს და ამის გამო დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება. ნუთუ თაგორი სუსტი  იყო?.. წადი, მოწყდი ახლა აქედან. ფილოსოფია მერე...“  სკამს ისევ დაეყრდნო საზურგეზე და ძლივს გაიმართა წელში.

- არა, დეიდა ნინო, შემდეგისთვის, როცა სულხანი შინ იქნება.

- მობრძანდი, გენაცვალე, ნახე, რაც გინდოდეს.

- შემდეგ, დეიდა ნინო, მე ახლა წავალ. სულხანი ალბათ გვიან დაბრუნდება. უთხარით - ნუ ზარმაცობს. დიდი მადლობა, კარგად  ბრძანდებოდეთ...

- კარგად, შვილო, კარგად! უკაცრავად, რომ...

კიბეზე კარგად ჩავიდა. ეგონა, ქუჩაში გავიდოდა და იქ დაეცემოდა. მაგრამ არა, არც იქ დაცემულა. ეგონა, ტროლეიბუსში მაინც ვეღარ  ავიდოდა, მაგრამ ავიდა. ბილეთიც აიღო და დაჯდა კიდეც. ჩამოსვლითაც იქ ჩამოვიდა, სადაც უნდა ჩამოსულიყო. მერე იმსიგრძე ბესიკის  აღმართი აიარა, მერე ლაპარაკობდა კიდეც, ეღიმებოდა კიდეც. მერე მაღაზიებშიც დაჰყვებოდა დედასა და თინას. იყიდა სავარჯიშოები  ბავშვებისთვის, თბილი ფეხსაცმელები დედასთვის, პერანგი თინასთვის. პერანგი კარგადაც გასინჯა - თვალი არ იყოს წასულიო სადმე. მხოლოდ კინოზე თქვა უარი. ცოტა თავი მტკივაო და ადრე დაწვა. ცხრა საათზე დაწვა. ეგონა, ძილში გათავდებოდა ყველაფერი. მაგრამ არ  სძინებია... დილას კი, შვიდს ოცი წუთი აკლდა - უკვე ავტობუსში იჯდა. ავტობუსში ოთხი თუ ხუთი სხვა მგზავრიც იჯდა. ციოდა და  საწვიმრის თხელ კალთებს მუხლებზე იხვევდა, არ შემცივდესო. საკინძესაც იკრავდა და თმასაც ისწორებდა... მერე შვიდიც გახდა.

ავტობუსი დაიძრა. გარეთ ისევ ბნელოდა. ერთი ააყოლა თვალი ელბაქიძის აღმართს. იქ, ბნელში, ვიღაც მორბოდა, სპორტსმენის გრძელი  ნაბიჯით ვიღაც მორბოდა. „საწყალი, როგორ მორბის. ალბათ რომელიმე ავტობუსზე დააგვიანდა“, - ეს გაიფიქრა და მერე ცივ მინას  მიეყრდნო საფეთქლით. მიეყრდნო და გაუხარდა. ასე ნაკლებად სტკიოდა თავი. მოსცილდებოდა ცოტა ხნით და მიეყრდნობოდა ისევ,  მიეყრდნობოდა და უხაროდა - ასე ნაკლებად სტკიოდა თავი. უხაროდა, რამდენიმე წუთით მაინც სხვაზე არაფერზე ფიქრობდა და ნაკლებად  სტკიოდა თავი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ