ქალაქის ჩაკვამლული გულიდან სუფთა ჰაერისკენ მიდიოდნენ, ერთმანეთს მიკრულნი, თავაწეულნი. ბინდისფერ სუსტ ნიავს თოვლის მსუბუქი ფიფქები მოჰქონდა და სახეში აყრიდა.
- მერამდენე იყო ეს შენი მისვლა, - ღიმილით ეკითხებოდა ნინო.
- თვლა აქვს განა?... - თამაზმა მთისკენ გაიხედა, - მოდი, გინდა, კუს ტბაზე ავიდეთ?
- როგორც შენ იტყვი.
- მაშინ ჩქარა, ხედავ, ვაგონი უკვე მოდის.თამაზმა ნინოს ხელი იდაყვს ზემოთ მოჰკიდა და ასე გაიქცნენ, თოვლის ფიფქები ახლა უფრო მალ-მალე ეცემოდათ სახეზე, თვალებსაც მალ-მალე ახამხამებდნენ. გაიქცეოდნენ რამდენიმე ნაბიჯს და შეჩერდებოდნენ. ნინო შეჩერდებოდა, შეხედავდნენ ერთმანეთს, გაეცინებოდათ და ისევ გაიქცეოდნენ. ტყუილად კი ირბინეს! საბაგირო გზის წითელი ვაგონეტი ცარიელი ეკიდა შავ, მოპრიალებულ გვარლებზე და მოწყენილი ქანაობდა.
- ნუთუ აღარ წავა? - შეწუხებული ხმით იკითხა ნინომ.
- წავა, როგორ არ წავა, - დაანუგეშა მემანქანემ და ჯიხურში შევიდა.
- ხალხი რომ არ არის?
- ზევით არიან, ისინი ხომ უნდა ჩამოვიდნენ?
ნინო თამაზს მიეყრდნო და ქვემოდან შეჰღიმა. რამდენიმე ფიფქი ზედიზედ დაეცა სახეზე და იმანაც ზედიზედ დაახამხამა თვალები.
- მერე, რომ მიხვედი ბეჰემოთთან?
- ხო, მივედი და ვდგავარ. მდივანი გოგო გაცხარებული ბეჭდავს, თან თითქოს ცხვირით კითხულობს. ბოლოს, როცა დაიღალა და წელში გასწორდა, მკითხა: ბეჰემოთი გნებავთ? შებრძანდით! მივედი კართან, გადავაბრუნე გასაღები, არ იღება. ვაჯაჯგურებ-ვაჯაჯგურებ, არ იღება. მაშინ მდივანმა გოგომ ერთხელაც ასწია თავი, - გადაატრიალეთ მარცხნივ! - გადავატრიალე მარცხნივ და გაიღო. აქ ყველაფერი უკუღმა არის-მეთქი, - ვთქვი ხმამაღლა. მდივანმა გოგომ შეთქმულივით ამომღიმა, მოვიხადე ქუდი და შევედი. ერთი ქალი კართან შემხვდა, გამოდიოდა, მეორე, ახალგაზრდა, მაგიდასთან იჯდა, წინ შავი საფულე ედო და ზედ საგულდაგულოდ დაქნილი, დამუშავებული თითები ეწყო. ბეჰემოთი - ეს ორიათას კილოგრამიანი საპატიო გვამი - ანცობს, კმაყოფილებით იცინის: - გაგიჭირდა კარის გაღება, არა, ხომ გაგიჭირდა?
- ჩასხედით, რატომ არ სხდებით! - დაიძახა მემანქანემ.
თამაზმა აბაზიანი ჩაუდო ხელში და ვაგონეტში შევიდნენ. ვაგონეტმა უფრო საგრძნობლად დაიწყო ქანაობა. სხვა არავინ არ მოსულა.
გაისმა ზარის ხმა, ერთხელ, მეორედ, მესამედ და ვაგონეტი დაიძრა. თამაზს შუბლი მინაზე ჰქონდა მიბჯენილი და იცინოდა:
- ნახე, რა სასიამოვნოა. - თოვლის ფიფქები კი არა, გაბრაზებული კრაზანები მესევიან და ვერ მკბენენ.
- არა გრცხვენია, ფუ! განა შეიძლება ჩვენს ქალაქში თოვლის ფიფქები კრაზანებს შეადაროს ადამიანმა? ცოდონი არ არიან?!
- მაპატიე.
ახლა ნინომაც მიაბჯინა შუბლი მინას და იმანაც სიცილი დაიწყო. ვაგონეტი კი სწრაფად მიფრინავდა ბინდსა და ბურუსში გახვეული ხეების კენწეროების მაღლა, მერე - ხრიოკი, აქა-იქ ბალახმოდებული, აჩიჩქნილი ფერდობის მაღლა, მერე - ბოლივით გართხმული ბუწკნარის მაღლა, მერე სვლას უკლო. ზვიადად შევიდა დაკიდებულ ფიცარნაგთა შორის, შეტორტმანდა და გაჩერდა.
მარჯვენა ფიცარნაგზე სამი ჩამსვლელი იდგა, საყელოებწამოწეულნი, აბუზულნი. ნინო და თამაზი გადმოვიდნენ. მაშინვე იგრძნეს ჰაერის სხვაობა. აქ ის უფრო ცივი იყო, უფრო მკვრივი, თოვლის ფიფქებიც უფრო ხშირ-ხშირად ეყრებოდათ სახეზე, საყელოები იმათაც წამოიწიეს, კიბეს აჰყვნენ და მოედანზე ავიდნენ.
- ზღაპარს არ ჰგავს? გაყინული ტბა და ეს თოვლი! - თქვა ნინომ.
- ზღაპარსაც და უდაბურ პლანეტასაც.
- სადაც ადამიანები იყვნენ და სამუდამოდ წავიდნენ, არა? - შეხედა სკამებს.
ჩამუქებულ უზარმაზარ ორმოში, ნისლივით თეთრად ჩაწოლილი ტბის პირას, ორი ცარიელი ძელსკამი იდგა. ტბას მთა დაჰყურებდა, შავი, სიმკვრივედაკარგული, თხემით ბინდსა და ბურუსს შერეული, და იმ მთიდან აქამდე (მოედნამდე) კოსმოსური ცივი სიცარიელე სავსე იყო ტაატით, რწევით მომავალი ფიფქების მილიონებით. ნინო და თამაზი ერთმანეთს მიეკვრნენ და ნელ-ნელა დაუყვნენ დაღმართს. მიწა აქ უკვე თეთრად იყო მოფერფლილი, ფიფქები უხმაუროდ ეცემოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ფეხის ხმა ისმოდა, ხრეშიან ფერდობზე დაცურებული ფეხის ხმა...
- აბა, თუ მეტყვი, რის სუნი დგას აქ? - იკითხა ნინომ.
- სველი ქვის.
- სველი ქვის და თოვლის.
- მართალია, ხომ იცი, თოვლს თავისი სუნი აქვს, აუჰ, რა კარგი სუნი აქვს თოვლს. რა კარგია, რომ გამახსენე.
სადღაც აქ რესტორანია, დღეს რომ ფული მოეცა ბეჰემოთს... დღეს რომ ფული მოეცა, იმ რესტორანში შევიდოდით (ოოხ, ბეჰემოთებო!..).
- თამაზ, მოდი, იცი რა, სხვა დროისთვის გადავდოთ ბეჰემოთზე ლაპარაკი, ხვალისთვის ან ზეგისთვის... დაბლა რომ ვიქნებით, ქალაქში. ფიქრიც, თორემ, იცი რა, თოვლის სუნს ვეღარ ვიგრძნობთ.
თამაზმა ხელები ცისკენ ასწია და მლოცველივით ბუტბუტით დაი წყო ქვემოთ-ქვემოთ ჩასვლა. მერე შეჩერდა და შემობრუნდა. ხელები ახლა განზე ჰქონდა გაწეული, ნინო გაიქცა და მარჯვენა ხელის ქვეშ გაუძვრა, თამაზი დაიხარა და ქვებსა და ბალახებს შორის დაუწყო ძებნა.
მერე მიდიოდნენ ისევ ერთმანეთს მიხუტებულნი, თითქოს ნაბიჯების თვლით, ჩუმად. ჩამოდიოდა თოვლის ფიფქები... წყნარად, უშფოთველად, ჩადიოდა რცხილის ტოტებში, ხმელ ბალახებში. წამით პაწაწა თეთრი ნათურებივით აინთებოდნენ შავ ტალახზე, გაქრებოდნენ. ზოგი ფიფქი მაღლაც რჩებოდა, ხის ტოტებზე. ფიფქები დაასხდნენ ნინოს მოსახვევს, მხრებს, თამაზსაც. მიდიოდნენ, ახლა უკვე თითქოს მიიპარებოდნენ სადღაც იმ ქვეყნიურისკენ, მაგრამ ძნელი იყო გაგება, ამ ქვეყანას უფრთხოდნენ, თუ იმ ქვეყანაში არ უნდოდათ ხმაურით შესვლა.
უცებ ეულმა ტურამ დაიკივლა მაღლა, ბურუსში დაკარგულ მთაზე. ნინომ მღელვარებით მოუჭირა ხელი მკლავზე თამაზს. დაიკივლა ტურამ მეორედაც, მესამედაც, მეოთხედაც. მერე კი გაჩუმდა და გაჩუმდა. ამაოდ იდგნენ და ელოდნენ მის ხმას აცახცახებულნი. ფეხის წვერებზე აწეულნი.
პირველად თამაზი მოეშვა:
- სულ მალე თოვლის სუნიც და ტურის კივილიც ბეჰემოთის ნება-სურვილს დაემორჩილება. მაშინ... მაშინ რაღა გვეშველება ჩვენ?
- ვერ შეესწრება, ვერა, ვერა! - ბავშვური სიჯიუტით დაიძახა ნინომ.
- ვინ აღუდგება წინ? მე ხომ, შენის აზრით, ყველაზე კარგი თუ არა, კარგი მაინც... მეც კი არაფერს ვამბობ და...
სასტიკი დუმილი ჩამოვარდა. დუმილი, რომელშიაც სამართებელივით ამაზრზენად ბზინავდა თამაზის ღიმილი. ნინოს ყვირილი მოუნდა.
მაგრამ დროზე მიხვდა, რომ მთლად ისეთი დუმილი არ იყო, როგორიც პირველად მოეჩვენა: ხის ტოტებსა და ხმელ ბალახებში თოვლის ფიფქები ხმაურობდნენ, შრიალებდნენ, და მან მხოლოდ ესღა თქვა:
- გავბრუნდეთ უკან.
კუს ტბის უზარმაზარი ორმო უარესად ჩაშავებულიყო.
















