მე აქ თორმეტში ჩამოვედი, აქაურ არქივში მაქვს სამუშაო. რაც შენი წერილი საახალწლოდ მივიღე, მერე მანდაური არაფერი მსმენია. ხომ იცი ჩემი ხასიათი, - თორმეტივეში, ღამით, ცუდი სიზმარი ვნახე. სადღაც, ჩვენს სოფელში, არხის პირას ლოგინს ვიშლიდით. შინ ვითომ სტუმრები გვყავდა, - ქალები, კაცები, პატარა ბავშვები. ირეოდნენ, იცინოდნენ, ჭურჭელს ამტვრევდნენ.
გამეღვიძა, გული ძალზე დამძიმებული მქონდა, ხუთი საათი იყო, ავდექი, წყალი მოვუშვი და სამჯერ ვუთხარი, - წყალო, შენ წაიღე-მეთქი ჩემი სიზმარი! მართალია, ეს მდინარეს უნდა უთხრა, მაგრამ საბოლოოდ ონკანის წყალიც ხომ მდინარეში ჩავა! დავწექი და ერთი პირობა კიდეც ჩავიძინე, მაგრამ, გასაოცარია, ისევ ის ვნახე, - ჩვენი სახლი სტუმრებით იყო სავსე, ჭურჭელს ამტვრევდნენ.
მაშინ უკვე გათენებისთვის აღარ დამიცდია, ჩავიცვი და გარეთ გამოვედი, - ცოტას გავივლიდი, მერე დროც მოვიდოდა და თქვენთან დავრეკავდი. ვიარე ნისლიან ბაღში, თოვლში, ათგრადუსიან ყინვაში. გახდა შვიდი საათი და წავედი საქალაქთაშორისო ტელეფონების პუნქტში. იქ მითხრეს, თბილისს ღამის ათ საათამდე ვერ მოგცემთო, რაღა უნდა მექნა, ტალონი ავიღე და სასტუმროში დავბრუნდი.
არქივს იმ დღეს დასვენება ჰქონდა, გაზეთები ვიყიდე, ნომერში ამოვედი და კითხვა დავიწყე. ლიტერატურულ გაზეთში ერთი ჩვენი თანამემამულის მოთხრობას წავაწყდი. უბრალო, პატარა ამბავი იყო: მამას თავისი ბავშვები წყნეთის ტყეში მიჰყავს სასეირნოდ. ტყე ყოჩივარდებით არის სავსე, ბავშვები დარბიან სქლად დაგებულ ფოთლებში და იმ ყოჩივარდებს კრეფენ. მამა ზის, არა, მიწოლილია პირმზითში, უყურებს მათ სიხარულს და ცრემლი ჩამოსდის, მეტი არაფერი.
მაგრამ იმ წუთას ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ მოთხრობამ. ისე მომინდა თქვენი ნახვა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჯერ დაძინება ვცადე, დავიძინე კიდეც, მაგრამ წინ კიდევ დიდი დრო მქონდა, ათამდე, როცა თქვენთვის უნდა დამერეკა, ისევ ქალაქში წავედი, ერთი ინდური სენტიმენტალური ფილმი ვნახე, ექვსი საათისთვის დავბრუნდი, ისევ ნისლი იყო, ისევ ციოდა. ცოტა ხნით გაიჭრა ის ნისლი. დავინახე დათოვლილი ბაღის იქით, შავი ხეების ფონზე, უხმოდ, ცისფერი ციმციმით მიდიოდა მატარებელი, კიდევ უფრო მძიმედ შემომაწვა სევდა და გადავწყვიტე, რესტორანში ჩავსულიყავი, ერთი ბოთლი ქართული ღვინო დამელია, ეს უთუოდ შვებას მომცემდა.
ჩავედი რესტორანში, მივუჯექი ცარიელ მაგიდას, ვზივარ. არც მშია, არც არსად მეჩქარება. უბრალოდ - ხან ორკესტრს შევყურებ, ხან ხალხს ვათვალიერებ. ხალხი კი, როგორც აქეთ ყველგან, აქაც უმთავრესად მივლინებით ჩამოსულები იყვნენ. მოვიდა ორი ოცი-ოცდაერთი წლის ბიჭი, ჯერ ისევ ბავშვურად დაკოხილნი, მაღლები, ლამაზები. მოიყვანეს ერთი მშვენიერი გოგო - თხელი, ამართული, მოკლეკაბიანი.
დასხდნენ, ორი სიტყვით შეუკვეთეს რაღაც. ადგა ერთი ბიჭი, აცეკვა გოგო. ახლა მეორე ბიჭი ადგა, ახლა იმან აცეკვა. უკეთესს ვერას ნახავდა ადამიანის თვალი. განსაკუთრებით გოგოს. ცეკვავდა, - თითქოს სასოწარკვეთის თეთრ ყვავილებს ელამუნებოდა სახით.
ოფიციანტმა ორას გრამამდე კონიაკი მოუტანა, ნელ-ნელა დაიწყეს სმა. შეთქმულებივით იდუმალებით მოსილნი, თითქმის არ ლაპარაკობდნენ.
ერთი ბიჭი ჩემ პირდაპირ იჯდა, რამდენჯერმე შემომხედა და ამათვალიერა. მერე წამოდგა, მოვიდა ჩემთან, ხელებით დაებჯინა მაგიდას და მეუბნება:
- მოგწონს ჩვენი გოგო?
რა დასამალი იყო, რომ მომწონდა, მომწონს-მეთქი.
- მაშინ დაგვიდგი ერთი „ენისელი“ და წაიყვანე, თუ გინდა, მთელი ღამე შენ გყავდეს.
ჯერ ვიფიქრე, ხომ არ მამასხარავებს-მეთქი, წამოვენთე, მაგრამ მერე შევატყვე, გულწრფელად მთავაზობდა, - ნუ გეძვირება, გენიალური გოგოა, - და ამან უფრო თავზარი დამცა. ერთს ამას მივხვდი, დრო მჭირდებოდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხისთვის; თავს ძალა დავატანე, ეს ვუთხარი, - ცოტა მაცალე, მოვიფიქრებ-მეთქი, თანაც ისეთ კილოზე, თითქოს უკვე მხარს ვუბამდი მის ხუმრობას თუ სიმართლეს.
ათ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლადო. წავიდა, გაიყვანა ის გოგო და კიდევ უფრო მომხიბვლელად აცეკვა. მე კი ვიჯექი, კბილებს კბილებზე ვაჭერდი და აქოთქოთებული ნერვების დამშვიდებას ვცდილობდი.
იმ ათ წუთში, ათში კი არა, უფრო ცოტაში, ათასი რამე გამახსენდა. ყველაზე მწარედ რა გამახსენდა, იცი: თქვენთან რომ მოვედი სულ პირველად, დიდი, მაგარი ჩალის ქუდი რომ მეხურა, ტილოს ფეხსაცმელი რომ მეცვა, თუთის სიბნელეში რომ ვაკოცეთ ერთმანეთს... უცებ დავლიე, რაც ბოთლში ღვინო იყო დარჩენილი, მივედი იმ ბიჭთან, გოგოს რომ მთავაზობდა, და ვუთხარი:
- ცოტა ხანს გამომყევი გარეთ!
ერთი კი შეფიქრიანდა, მაგრამ მერე ღიმილით წამოდგა. წამოდგა მეორე ბიჭიც. გოგო არაფრის მეტყველი თვალებით გვაცილებდა, ორი ხელით ეჭირა ჭიქა, მსხვილი ტუჩები გახსნილი ჰქონდა. გავედით საგარდერობოსთან. გამიწყდა მოთმინების ძაფი და ისევე, შემოუბრუნებლად მოვიქნიე ხელი, მაგრამ ძალიან მარჯვედ გამიხტნენ განზე. მე წავბარბაცდი და, სანამ გავიმართებოდი, ყბაში ფეხი მომხვდა. ვწვდი იმ ფეხს, ავწიე მაღლა, მეორე ფეხზე ფეხი დავადგი, რა მინდოდა, არ ვიცი, სამმა მილიციელმა ძლივს გამომგლიჯა ხელიდან.
ის ღამე მილიციაში გავატარე და, რაღა თქმა უნდა, ვეღარ დაგირეკეთ. მილიციაში გავატარე შემდგომი დღე და ღამეც. მერე დიდი ქარბუქები ატყდა და ხაზი არ იყო. გამომძიებელს არასწორი ჩვენება მივეცი, შემაგინეს-მეთქი, მაგათ გოგოს ვუყურებდი, რას უყურებო, და შემაგინეს-მეთქი. მაინც დამენანა თუ, რა ვიცი რა, ის გოგო! და აი, ახლა ვზივარ და ველოდები, როდის დამიძახებენ სასამართლოზე.
მაგრამ მე სასამართლო არ მაფიქრებს. მთავარი სხვა არის, - შემიპყრობს ხოლმე რაღაც უცნაური სევდა, საგნობრიობამდე გამკვრივებული სევდა. მეჩვენება, რომ...
ნუ შეგეშინდება, შეიძლება სულაც ნისლიანობის ბრალი იყოს, - მეჩვენება, რომ მე და ჩემისთანები ოცდაათიანი წლების ქალაქის გარეუბანში აშენებული ქოხები ვართ, ქაფჩის უქონლობის გამო ხელისგულებით ნალესი. ამ ქოხებში ტრიალებს წყალდაპკურებული მიწის სუნი, კედლებზე ჰკიდია ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი მწერლებისა და კომპოზიტორების სურათები, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას - შავ ჩარჩოში ჩასმული პაპისა და ბებიას სურათი, პატარა სარკმლები ღიაა, გარეთა რაფაზე პურის ნამცეცები ყრია ჩიტებისათვის... და თუ ჯერჯერობით კიდევ ვარსებობთ ქვეყანაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, რკინა-ბეტონის ნაგებობებს არ ვუშლით ხელს. საკმარისია, მოვიდნენ, მოგვიახლოვდნენ, მოგვაყენებენ ბულდოზერებს და ჩაგვაშვავებენ ხევებში.
ეს ფიქრი, ფიქრი-მოჩვენება, საღამო ხანს ჩამომაწვება ბურუსთან ერთად, დამძიმდება, გაავზნევდება შუაღამისას, ძილ-ღვიძილში... გათენდება თუ არა, უფრო ადრიდანვე, როგორც კი ცოცხების ფხაკუნს დაიწყებენ მეეზოვეები ტროტუარების ყინულზე, - მე უკვე მიწა ვარ, ჩემთვის ჩაყუჩებული მიწა, - როგორც არ უნდა დამფშვნა, სადაც არ უნდა ჩამყარო, მოვა ღრუბელი, მომიტანს წვიმას და აღმოვაცენებ ბიბინა ბალახსა და შრიალა ფოთლებს. მაგრამ მაინც ძალიან მჭირდები შენ.
ჩემი მისამართი აქ არ მეტევა და კონვერტზე ვწერ. იქნებ მოახერხო და ჩამოხვიდე. თვის ბოლოსთვის მეც ყველაფერს ვამთავრებ, ვიყიდით რაღაც-რაღაცეებს და ერთად დავბრუნდებით შინ.