- ქრისტიანებო, მიშველეთ! ბატონებო, ადამიანებო, მიშველეთ, თქვენი ჭირიმეთ, შემიბრალეთ, გიგოლა მიკვდება, მიშველეთ რამე! - რეტიანივით დარბოდა ერთი მეზობლის კარიდგან მეორესთან საცოდავი ქეთო შუაღამისას, მაგრამ ერთმა სულდგმულმა არ გასცა პასუხი, ერთმა არ შეისმინა იმისი ვედრება. გარშემო ისეთი სიჩუმე იყო, თითქო მთელს სოფელს მისძინებია სიკვდილის ძილით, ან შემმუსვრელ მტერს გაჰქცევია ტყედ და ველადაო.
ადამიანმა რომ ხმა არ გასცა, ქეთომ ცას მიჰმართა. ხელგაპყრობილი, თვალცრემლიანი დაეცა მუხლებზე და ღმერთს შეჰღაღადა:
- ღმერთო, ცისა და ქვეყნის გამჩენო, შეიბრალე ჩემი ოხერი თავი, ნუ წამართმევ ერთადერთს მასაზრდოებელს, ნუ დააობლებ ჩემს უსუსურს ბავშვებს! - მაგრამ ცამაც ყური მოიყრუა და განთიადისას გიგოლამ სული განუტევა.
ბევრის ღრიალით ხმადაკარგული ქეთო მგელივით დაჰბღაოდა თავისის საყვარელის ქმრის ცხედარს. თმაგაწეწილი, გულისპირჩამოგლეჯილი, ცრემლებისაგან თავპირდასიებული და დაწითლებული საზარელი სანახავი იყო ქეთო. იმის ოთხის წლის გოგო მათა შიშით თავზარდაცემული კუნჭულიდგან გამოიყურებოდა; ტახტის ბოლოზე აკვანში ჩაკრული ექვსის თვის გაბრო საშინლად ჩხაოდა, მაგრამ ქეთოს აღარა ესმოდა-რა.
ქეთო თავ-პირში იცემდა, თმებს იგლეჯდა და სტიროდა თავისს გიგლას, - ამ ერთადერთს თავისს ნუგეშს, თავისს მაცხოვრებელს, წვრილშვილის ლუკმის მზიდველს. ქეთო სტიროდა და თავში იცემდა დიდხანს, დიდხანს, მანამ ცრემლი, ხმა და ღონე მოსდევდა; როცა წელში მოსწყდა, ყელი ამოუხმა, გულმა ღონება დაუწყო, ადგა, მიიხედ-მოიხედა და, დაინახა გარშემო მორეული უწმინდურობა, შიშის ზარმა აიტანა. ეხლა და მხოლოდ ეხლა მიხვდა, რომ იმისი გიგოლა ხოლერის მსხვერპლი შექმნილიყო და საშინლად შეაჟრჟოლა, თმები მაღლა წამოუვიდა, ყელის ძარღვები დაებერა, გულს ბოღმა მოაწვა, მუცელმა წიწკვნა დაუწყო.
ქეთომ ნათლად წარმოიდგინა თავისი თავიც გიგოლასავით ლურჯად მოკრუნჩხული-დამახინჯებული და შიშით გონება აერია: გიჟივით მივარდა აკვანს, საჩქაროდ ამოაძრო იქიდან გაბრო, გაახვია თბილ საბანში, თავზედ შალი წამოიდო და გარეთ გავარდა. უკან ტირილით გაჰყვა პატარა გოგოც.
გიგოლა რაჭველი ამ ათის წლის წინათ შემოეკედლა სოფელს ნაგომურს და აქ თიხის ჭურჭლის კეთებით ირჩენდა თავს. ცოლად შეირთო თავისავით ოხერი და უპატრონო გოგო ქეთო, რომელსაც დედინაცვალმა ჯვარის წერის ღამეს კარგად სცემა და შიშველ-ტიტველი გამოაგდო. ლოგინი რა არის, ლოგინი, - ეს აუცილებელი მზითევი გლეხკაცის სარძლოსი, ისიც არ მოუტანია ქეთოს გიგოლასათვის.
მთელი ოთხი წელიწადი დაუღალავი შრომა მოანდომეს ამ ცოლ-ქმარმა ერთი ხელი ლოგინის და გახეხილის ფარდაგის შეძენას და ეს ლოგინი და პატარა ხის ტახტი ზედ გადაშლილის ფარდაგით იყო მთელი იმათი საკუთრება; არავითარი სხვა სამკაული არ ამშვენებდა პატარა, ბნელს, მიწურ ოთახს, რომელიც თვეში ორ აბაზად ჰქონდათ დაქირავებული.
წლითი-წლამდე გიგოლა დადიოდა სოფელ-სოფელ და თან ატარებდა ვირზე აკიდებულს გოდრებს თიხის ჭურჭლით; ჭურჭელს ჭირნახულაზე სცვლიდა და ამგვარად შოულობდა ცოლ-შვილისთვის საზრდოს.
არც მეზობელი და არც ნათესავი არ ეკარებოდა ამათს ღატაკს ოჯახს და არც ლხინსა და ჭირში იკარებდა ვინმე "საიდგანღაც მოთრეულს“, ნაგლეჯუა ცოლ-ქმარს.
ამ მდგომარეობაში ვისთვის მიემართნა ქეთოს? ვისთვის ეთხოვა ნუგეში ქვრივსა და ობოლს? ვინ გასცა წუხელი იმას ხმა, ვინ შეიბრალა? არავინ...
ქეთო მირბოდა და თან უკან-უკან იხედებოდა, თითქოს იმისი შიში ჰქონდა, ხოლერა უკან ხომ არ გამომეკიდაო. მირბოდა ქეთო, არ იცოდა, სად უნდა გაჩერებულიყო. საშინელი ცხელი, უნიავო, სულის შემხუთავი სიცხე იყო, თითქოს ულმობელს მზეს უნდოდა შიშისაგან გონებადაბნეული ხალხი უფრო დაეწვა და დაედაგა.
ქეთოს ცალს ხელში ძალზედ ჩასუქებული ბავშვი ეჭირა და მეორე ხელით მათას მიათრევდა, სახეზედ ოფლი ჩამოსდიოდა წურწურით, დაღალულობის ქაქანი ახრჩობდა, მაგრამ მაინც მიდიოდა და მიდიოდა, გონებაზედ მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც სოფელზე კარგა მოშორებით ორღობის შუა მჩქეფარე პატარა წყლის რუ დაინახა; მაშინ ჩაჯდა, პირზე წყალი შეისხა და მღვრიე ნაკადულს ხარბად დაეწაფა; მერე პატარას ძუძუ ჩაუდო და წყლის მდინარებას თვალი დააშტერა.
ფიქრებმა წაიღო. თვალწინ წარმოუდგა საბრალოს თავისი ხანმოკლე, მაგრამ მრავალტანჯული სიცოცხლე: სულ ათის წლისა არ იყო, როდესაც მოუკვდა მამა და დარჩა დედინაცვლის ანაბარად. მას აქეთ ქეთოს არ ენახა ახალი ტანსაცმელი, არ ეჭამა ხორცეული საჭმელი; მთელი მისი სიცოცხლე ერთი გაუთავებელი სიგლახაკე და ბნელით მოსილი ბურანი იყო; მაგრამ ამ უბედურს, ოცდაორის წლის ყმაწვილ დედაკაცს, მაინც სიცოცხლე სურდა და არა ნანობდა, რომ მკვდარს თავი დაანება და ასე სამარცხვინოდ გამოიქცა:
„რა ვქნა, მაშ რა მექნა? - იმართლებდა თავს თავისის სინდისის წინაშე: - მეც ზედ დავკდომოდი და ბალღები ულუკმაპუროდ გამეწყვიტნა? ულუკმაპუროდ!.. და განა ეხლა კი ულუკმაპუროდ არ არიან ესენიც და მეც? მე უბედური! მერე ამოდენა ხანია არა მიჭამია რა, მუცელი მეწვის შიმშილით, თავბრუ მეხვევა“.
- შვილო მათა, შე საცოდავო, შენც გშიან ხომ?
აქამდე თამაშობაში გართული მათა ახლა კი დაიღრიჯა და მორთო ღრიალი: „მშიან, დედი, პური“...
ქეთო ზეზე წამოდგა, აქეთ-იქით მიიხედა და ათიოდ ნაბიჯზე ბაღში ძალზედ მოსხმული დაწითლებული ვაშლი დაინახა. საჩქაროდ გადახტა ღობეზედ, შვილებიც გადაასხა და მადიანად გამოძღა ჯერ მოუსვლელის ვაშლით, მერე, წუხანდელ ღამენატეხს, ძილი მოერია და იქვე ხის ქვეშ მიიძინა.
ხშირ-ბინდი იყო, როდესაც ქეთოს გამოეღვიძა. საშინელს სიცივეს გრძნობდა, ძვალ-რბილი მთლად გაშეშებოდა, თვალთ უჭრიალებდა და კუჭზე ეხვეოდა; შალი მაგრა მოიჭირა გულ-მუცელზე, მუჭის ოდნად მოიკუნტა, მაგრამ სიცივე თანდათან უფრო ძვლებში უჯდებოდა, კბილი-კბილს აცემინებდა, ძარღვებში სისხლი ეყინებოდა; ქეთოს ხელახლად შიშის ზარი დაეცა. მიხვდა, რომ იმის აღსასრულის დღეც დადგა და - ბავშვებს ხელი დაავლო. უნდოდა ახლა ისევ სოფლისთვის მიეტანებინა, მაგრამ დააზიდა და ჩააჩოქა...
ნახევარ საათს შემდეგ ქეთოს თვალებზედ ბინდი გადაეკრა; ხელებს აფათურებდა, უნდოდა თავისი ატირებული შვილები მიეახლოვებინა, გულში ჩაეკრა, მაგრამ ხელები არ ემორჩილებოდა, სხეულის ყველა ასო ეკრუნჩხებოდა, ეგრიხებოდა. მეტადრე მუცელი სწვავდა და სდაგავდა, ჯოჯოხეთის ცეცხლი ეკიდა იმის წელებს და საოცარის ძალით ჰგლეჯდა და ჰფატრავდა.
განთიადისას, სწორედ იმ დროს, როდესაც გიგოლამ სული განუტევა, ქეთოც გამოესალმა წუთისოფელს.
მეორე დღეს ტეტიკა იმერელი თავჩაღუნული, დაფიქრებული უვლიდა ვენახს და ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თავისს ქვეყანაში და ხელი აეღო ამოდენა ნაამაგევზედ, თუ თავისი სიცოცხლე ბედზე მიეგდო და დარჩენილიყო. ამ დროს მოესმა ბავშვის ტირილი და გაეშურა იქითკენ, საიდანაც ხმა მოდიოდა: ხეხილებს ქვეშ, მწვანე ბალახზედ, ამომავლის მზის სხივებით განათებული ეგდო გაშეშებული ყმაწვილი დედაკაცი, ძუძუზედ ეკიდა უსუსური ბავშვი. თავს უჯდა პაწაწა გოგო და დედის ცივ ლოყებს უწკაპუნებდა პატარა ხელებს: „ადე, დედი, შინ წავიდეთ, პური მშიან“...
ტეტიკა შეკრთა, შეძრწუნდა, თვალებზე ხელი მიიფარა და ქვითინი დაიწყო:
- ღმერთო სახიერო! რისთვის მოგვაყენე, ეს საშინელი სასჯელი!..
















