მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 112 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არაო, ეგრე არ გამოვაო, ჩვენაო საძერიანელები გახლავართო, ვიწროების მგლებიო, და მესამეც დაალევინეს. მესამეს მეოთხეც მოაყოლეს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო, ღმერთი სამობით არისო, ლორს ცოტა წააჭრა, პურის ნატეხზე დადო, ერთ ლუკმად ჩაიდო და ცხენისკენ გაალაჯა. ცხენთან მისული მობრუნდა, მათრახის საკიდს მარჯვენა ხელს უყრიდა.

- ხო, თრიმლები შეგხვდებათ ემანდ, მაღალ-მაღლები, და ისინი არ დამიფუჭოთ!

„ვიწროების მგლებიც“ წამოშლილიყვნენ, ჩოფურა შალიკო შარვლის ტოტიდან ძურწებს იცილებდა, ანდრიას ჭიქა ეჭირა და ყბამოღრეცილ ბიჭს ხელადიდან არაყს ასხმევინებდა. გაავსეს, გადმოადინეს, - უჰ-უჰ-უჰო! - და ანდრიაც დათიკოსკენ წამოვიდა. ცდილობდა არაყი ახლა მაინც არ დაღვროდა. დათიკომ ცხენს ლაგამი ამოსდო, აღვირი კისერზე გადაუგდო და მსუბუქად შეჯდა. ცხენმა, სიმძიმე იგრძნო თუ არა, გავარდნა დააპირა, მაგრამ დათიკომ კისერი მოუღრიჯა და კაჭკაჭა ბალახების ლეწვით პატარა წრე შემოატარა. აბარბაცებული ანდრია ჭიქას მაღლა სწევდა და თან ცხენს ერიდებოდა.

- ესეცა, დათიკო, ეს ერთიცა, კურდღელაურელი დედაკაცისა!

არავინ იცოდა, ვინ იყო ეს კურდღელაურელი დედაკაცი, ვის სადღეგრძელოსაც ათადან-ბაბადან სადღეგრძელოების გვირგვინად სვამდნენ თავქაჯიანი კუხელები. დათიკოს ტკბილად ჩაეცინა, წვეთის დამლევი აღარა ვარო, და კიდევ ერთხელ შესთხოვა:

- არ მაწყენინოთ, ბიჭებო.

- ბალღები ხომ არა ვართ, დათიკო!

- ჰო, აბა, თქვენ იცით!

ცხენს ქუსლი ამოჰკრა და ბილიკზე გააგდო. ერთხანს წახრილმა იარა იმ გადაბურულ ბილიკ-ბილიკ, მერე ტოტებმა გაიწ-გამოიწიეს, მაღლა ცა გამოაჩინეს. ცხენმა აღმართი გეზად ასჭრა, შლაგაშლუგით ავიდა გორის თხემზე, მარცხნივ შემობრუნდა, ორიოდე ნაბიჯიც გაიარა, თითქოსდა მუხლის გასაშლელად, და შედგა; დათიკოს არ შეუჩერებია, თვითონ შედგა. ახლა კაციცა და ცხენიც მთრთოლვარე ცისკიდურზე ახატულნი ფეთქავდნენ.

ძირს, ჯაგრცხილებით, ღვიითა და დაგვალული მუხებით ამოჩეჩილი გოხმახების ქვემოთ, თეთრი რიყე იყო, რიყეზე წმინდა, მომწვანო მდინარე მოედინებოდა და იქიდან, იმ მდინარიდან ამ გორის თხემამდე, უფრო სწორად - იქით გორიდან აქეთ გორამდე, ვეება ჩაღრმავებული სივრცე სექტემბრის სუფთა ჰაერითა და ნაშუადღევი მზის ტკბილი სხივებით იყო სავსე. ჰაერი არ იძვროდა, ჭრიჭინები არ ჭრიჭინობდნენ, მდინარე დაბლა იყო, ძალიან დაბლა, მისი ხმა აქამდე ვერ ამოდიოდა. „ღვთის ძილია თუ რაა!“ - ხმამაღლა თქვა დათიკომ, მათრახი შეათამაშა, ცხენმა ნალით ქვა ჩაგალა და ფეხდაძაბული ჩაუყვა დაღმართს.

ჩამოდიოდა გორის ფერდზე შავხალათიანი მხედარი, ცხენი კარგი ჰყავდა, თვითონ სამი არაყი ჰქონდა გადაკრული. თავს ამოდენა ქვეყნის ბატონ-პატრონად გრძნობდა და საამო ნირვანაში გადასული მოღიღინებდა:

ჰაი, დედასა, ყორანო,

შენ ჩემი ლეშით ძღებოდე,

მე შენი არ მეშინოდეს,

შენ ჩემი შიშით კვდებოდე...

ამ ფერდობზე ცხელოდა, გახურებულ ლოდებზე მთის რუხი ხვლიკები გაფართხულიყვნენ, ცხენი რომ მიუახლოვდებოდა, გარბოდნენ და თან უკან იხედებოდნენ. ნესტოებდაბერილი ცხენი თვალს გაჰკიდებდა, თუ ხვლიკი ან მისი სირბილი უჩვეულოდ მოეჩვენებოდა, შემკრთალი ფრუტუნებდა. მალე წყლის ხმაც მოვიდა.

„რიყეზე გავალ და დავალევინებ“, - გაიფიქრა დათიკომ. წყალი დაგუბებული, დამცხრალი ხმით ხმაურობდა. აქედანაც კი იგრძნობოდა, რომ გაზაფხულზე გადაფხავებულ ქვებს ლოპრი მოსდებოდა და ტალღა რბილად გადადიოდა. თვითონაც მოუნდა დალევა. ფერდობი რომ ჩაათავა, ცხენს ბილიკიდან გადაახვევინა, კბოდეს წაადგა, ჩამოხტა, ცხენს წინ გაუძღვა და კამკამა ფშაზე ჩაიყვანა. ცხენი მაშინვე არ დასწაფებია. დათიკომ კარგად იცოდა მისი ხასიათი და ლოდზე ჩამოჯდა, ქუდი მოიხადა, წყალს მარჯვენა ხელი ამოუსვა, თმა დაისველა, სახეც მოისრისა...

იჯდა და ეღიმებოდა. გუშინწინაც აქ იყო, იმ კვირასაც, მაინც სადღაც შორეული მოგზაურობიდან მობრუნებულივით უყურებდა ყველაფერს. ეჩვენებოდა, რომ ბუნებაც მასავით ნირვანში იყო გადასული, ბუნებასაც ტკბილად ეღიმებოდა და მის ძარღვებშიც რბილად, მომთენთავად მიმოდიოდა სასმელი შემთბარი სისხლი.

ის იყო მეორედ წაიხარა წყლისკენ, რომ ქვემოთ, რიყის იქითა მხრიდან, შავი, ზიკზიკა „ვოლგა“ გამოვიდა. ნელი რწევით და ციმციმით მოდიოდა. მიწა, თითქოს ზღვის ზედაპირი ყოფილიყოს, იზნიქებოდა, მანქანა ფრთხილად აჰქონდა ზევით და მერე ასევე ფრთხილად უშვებდა ძირს. წყალს რომ მოადგა, გაჩერდა. ოთხნი გადმოვიდნენ, ოთხივენი ჩრდილებივით დაგრძელებულნი და წვრილები. ოღონდ ეგ იყო, ტანსაცმელი ეცვათ მეტისმეტად ხასხასა ფერებისა.

დათიკო იმწამსვე მიხვდა, რომ ერთი ქალი იყო, - დგომაზე და რაღაც თავისებურ შუქზე. თუმცა იმასაც შარვალი უნდა სცმოდა. ცოტაზე გაიშალნენ, ხელებს იშვერდნენ, იხრებოდნენ, ხანდახან რაღაც სიტყვების ნაწყვეტებიც აღწევდა დათიკომდე. ისევ მანქანაში შელაგდნენ. მანქანა დაიძრა, მდინარის პირს აღმა ამოუყვა. ძრავის ხმას წყალი თუ ახშობდა, მთლად ჩუმად მოდიოდა. დათიკოს ასცდა. აქ მდინარე უხვევდა, იქითა მხრიდან პატარა ტოტი უერთდებოდა, შესაყართან დიდი, პრიალა მორევი იყო. ისევ გადმოვიდნენ ოთხივენი. ერთი ქალი იყო, ტანწერწეტა, შუქია ქალი. იცინოდნენ და ისე ლაპარაკობდნენ. „იბანავებენ... ნეტავ გოგოც თუ იბანავებს? გოგოც იბანავებს“.

ცხენმა წყალი დალია და ახლა კისერწაგრძელებული ეწვდებოდა ქვებშორის ამობზინებულ ბალახს. „ერთი მაინც დამეკრა თვალი“...ქალი დათიკოსკენ მობრუნდა, წამოიხარა, მზით გაბრწყინებული ოქროსფერი თმა ლოყებთან ჩამოეშალა, როგორღაც რბილად გაიზნიქა, ხელი მოიქნია და წყალში ქვა ჩააგდო. ბიჭებმა შეუტიეს. გაიცინა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. თმა ისევ ჩამოშლილი ჰქონდა, ის თმა მზის სხივებს ირეკლავდა და, საოცარი იყო, ნამდვილი შარავანდედი ედგა. „აი, ალს რომ იტყოდნენ ძველად, - გაეღიმა დათიკოს, - წავედი, ერთი მაინც დამეკრა თვალი! შენი მკლავების ჭირიმე, შენი“. - თავისთავად მოვიდა ლექსი: - „ერთ ისე ამოვიგმინე, სამჯერ იძრა მიწანია... სამჯერ იძრა მიწანია“.

ცხენს მისწვდა, ყურები ჩამოუსრისა. ცხენმა დაიფრუტუნა და ჩიჩვირი მკერდზე აჰკრა. „რაო, შენც გეზარება წასვლა?“ ერთხელ კიდევ გახედა, რა თქმა უნდა, ქალს.

„ეს რა არის?“ ბიჭებს შარვალ-ხალათი დაეხადათ, ერთად ჩაცუცქულიყვნენ და რაღაცას ჩაჰკირკიტებდნენ. „დინამიტის ჩაგდებას აპირებენ ნამდვილად.“ თითქოს დენმა დაჰკრა, ცხენი სწრაფად მიიყვანა კბოდესთან, მდინარისგან მოთრეული ხმელი ვერხვის ფესვზე მიაბა, ჩექმების ყელები აიწია, მათრახის წვერი აიკეცა და მორევისკენ წავიდა. ბიჭები წამოდგნენ. ერთს მართლაც დინამიტი ეჭირა, ორნი არიგებდნენ და უკან-უკან იხევდნენ. იქ, უკან, კელაპტარივით ენთო ის ქალი. დათიკო მორევთან მივიდა, მათრახიანი ხელი მაღლა ასწია და დაიძახა:

- არ ჩააგდო!

ბიჭმა ვერ გაიგო მისი სიტყვები, წყალთან მოდგა, პირიდან პაპიროსი გამოიღო,

ცალი ყური დათიკოსკენ მოიშვირა და ასე ჰკითხა:

- რაა? რა გინდა?

- არ ჩააგდო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ აკრძალულია.

- რა არის?

- აკრძალულია.

ბიჭს გაეცინა.

- მოიცა ერთი, რაღა არ არის აკრძალული!

- არ ვიცი, ეგ კი აკრძალულია.

- წადი, კაცო, შენს გზაზე, შენ ვინ რას გეკითხება.

- რას ჰქვია, ვინ მეკითხება?! ტყის მცველი ვარ.

- ოჰოჰო, ტყის მცველი! როდის აქეთია, ასეთი წესიერები გახდით ტყის მცველები!

„რა მასლაათი გავაბი აქა?!“

- არ ჩააგდო, მორჩა და გათავდა!

უკანწასული ორი ბიჭი და გოგოც მოვიდნენ, დინამიტიან ბიჭს გამოჰკითხეს, რა უნდაო. უთხრა, რაც დათიკოს უნდოდა. გაუკვირდათ, ხელები ააქან-დააქანეს, აყაყანდნენ. გოგო კი მაცდური ხატივით იდგა, ცისფრად მობურუსებული თვალებით დაინტერესებული იყურებოდა და თეთრ კბილებს ჟრუანტელის მომგვრელად აქათქათებდა. მართლა ძალიან ლამაზი იყო. მართლა წვრილი, მზემოკიდებული მკლავები ჰქონდა. ხელში ვაშლის სიმსხო ლურჯი ქვა ეჭირა და ათამაშებდა.

დათიკომ მამაკაცური გუმანით იგრძნო, რომ ქალს მოეწონა.

- შენ ეი! - იძახდა ერთი ბიჭი, - შენისთანა მეტყევეები რამდენი გვინახავს, იცი?

დათიკოს ალმა აუარა სახეზე. მათრახის ტარზე მოჭერილ თითებში ტკივილი იგრძნო. „ბიჭებიც რა ლამაზები არიან, ოხრისშვილები“.

- არ ჩააგდო-მეთქი!

- აბა, მე ჩავაგდებ და შენ იდექი მანდ!

ახლა დინამიტი თხელ, კუნთებად ქცეულ ქოჩორა ბიჭს ეჭირა. ამხანაგს პაპიროსიც გამოართვა, დინამიტის პატრუქს თავი გაუსწორა, პაპიროსი მოქაჩა და ამხანაგებს ანიშნა, უკან დაიწიეთო. ისინი ნელა, ღიმილით წავიდნენ უკან-უკან, მათ შორის გაღიმებული გოგოც. დათიკოს წეღან ნათქვამი სიტყვები შემოენთნენ ისევ: შენისთანა ტყის მცველი რამდენი გვინახავსო! „ვნახოთ, რამდენი გინახავთ“... და უკვე შუა მორევში იდგა, წყალი მკერდამდე სცემდა, მათრახიანი ხელი მაღლა ჰქონდა აწეული და იძახდა:

- აბა, ჩააგდე!

დინამიტიანი ბიჭი უცებ მოეშვა. ღიმი გაუქრა, წინ წამოიწია, დაინტერესებული უყურებდა შუა მორევში გაბიჯგულ კაცს. სხვებმაც მოირბინეს. ამჯერად ქალს აღტაცებული თვალები ჰქონდა, ქვა დაძაბული ხელით ეჭირა - ოდნავ განზე გაწეული.

- გიჟი ხარ, ვინა ხარ, რა გინდა, მოშორდი აქედან, ხათაბალაში არ გაგვხვიო!

მაგრამ ბიჭების ხმაში შეძაბუნებული კაცის კილო იგრძნობოდა და ამ კილომ დათიკოს გულზე მოჰფონა. ორი ნახტომით ავარდა ნაპირზე, წყლით სავსე ჩექმები რამდენჯერმე დაჰკრა მიწას, ხელი გაიწოდა და, რაც შეიძლებოდა უბრალოდ თქვა:

- მომეცი დინამიტი!

თხელმა, კუნთებად ქცეულმა ბიჭმა დინამიტი ზურგისკენ წაიღო და გვერდგვერდზე წავიდა, თითქოს გასაქცევ მომენტს ეძებდა. დათიკო მიჰყვა, დანდობილი წავიდა მისკენ; ის იყო უნდა მისწვდომოდა კიდეც, და სწორედ მაშინ ბიჭი სილას დასწვდა და მთელი ძალით შეაყარა ქვემოდან სახეში. გაისმა ქალის შეძახილიც:

- აჰ! - დათიკოს უნდოდა მიბრუნებულიყო და დაენახა, რა ხდებოდა, მაგრამ კეფაში ჭახანით დაეცა რაღაც...

წინწამოზიდული ქალი ჯერ ისევ ჰაერში ქანაობდა. მარჯვენა ხელი მარცხენა მკლავთან მიეტანა, შეძრწუნებული თვალები დასკდომაზე ჰქონდა...

როცა გონს მოვიდა, კარგა ხანს ვერ მიხვდა, სად იყო და რა ამბავი იყო მის თავს. რაღაც შავ-წითელი ბურბუშელები ეგრიხებოდა თვალწინ. უცებ გაახსენდა ყველაფერი. წამოწევა სცადა, თავი ოდნავ კი წამოსწია, მაგრამ ისევ დაუვარდა.

„პირქვე დავვარდი და გულაღმა რატომ ვწევარ?“ მარცხენა ხელი კეფასთან მიიტანა. სისხლი არ მოჰყვა და ამან ცოტა ანუგეშა. ისევ წამოიწია. ახლა შეძლო და წამოჯდა. რიყე ცარიელი იყო, აღარც მანქანა ჩანდა, აღარც მანქანის პატრონები.

„რა მიქნა, კაცო, მომკლა და ეგ არის“... კეფაში თითქოს გამდნარი ტყვია ჰქონდა ჩასხმული. ისევ იყურებოდა. წამოდგომა სცადა, ვერ წამოდგა. „მომკლა, კაცო, იმ ძუძუძაღლმა“. მწარედ გაეღიმა. „მერე რისთვის!“ გულის რევა იგრძნო, შეკრთა, უფრო შერცხვა, თითქოს ის ლამაზი ქალი ისევ უყურებდა. წყლამდე მიბარგანავდა. იქ პირდაპირ ჩავარდა, ცოტაზე წატივტივდა, გონება დაეწმინდა, ძაღლური ჭყაპაჭყუპით გავიდა გაღმა, მერე მთვრალივით მიბარბაცდა თავის ცხენთან და უნაგირს ჩაეჭიდა. ახლა შეჯდომაღა იყო საქმე... მაგრამ ეს საქმე ისე აღარ აწუხებდა.

ადრე თუ გვიან შეჯდებოდა, აბა, მაშ რა იქნებოდა! ახლა მარტო მომხდარ ამბავში გარკვევას ცდილობდა. „რატომ, რის გულისათვის, კაცო?!“ შუბლით უნაგირის ბალიშს მისწოლოდა და ასე ფიქრობდა. „რატომ, რის გულისათვის მაგ ძუძუძაღლმა!“..“ ბოლოს სახე გაუნათდა. მარცხენა ფეხს ხელი მიაშველა, უზანგში შეყო, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, აიწია და უნაგირზე გადაჯდა. ახლაღა გაახსენდა, ცხენი რომ დაბმული იყო. ამაზე კიდევ უფრო ხალვათად გაეღიმა. წაწვა, აღვირს მისწვდა, გამოჰკრა, ფესვი გამოამტვრია და ცხენიც გავარდა. მიეზაყებოდა ცხენზე - სველი, შუბლზე თმამიწებებული, შიგადაშიგ იღიმებოდა და თან სულ ამას იმეორებდა: „გაიგე ლამაზი ქალისა რამე! გაიგე ლამაზი ქალისა რამე!“ ჩაზლაყუნდებოდა, ან თავს აიქნევდა, კეფა ეტკინებოდა და ღიმილში სიმწარე გაერეოდა.

„უუ, თქვენი!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ