მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1474 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პარასკევს, დილის ცხრის ნახევრისთვის, ტროლეიბუსს ვუცდიდი ჩვენი სახლის ქვემოთ. პარასკევი გრძელსახიანთა დღეა. უთუოდ თქვენც გექნებათ შემჩნეული: ერთ დღეს ლამაზები გამოდიან ქუჩაში, მეორე დღეს ულამაზოები. პარასკევი გრძელსახიანთა, გრძელნიკაპიანთა დღეა, ორშაბათი დიდცხვირიანებისა, ტროლეიბუსში და მეტროში სულ დიდცხვირიანები სხედან, ჩაქინდრული აქვთ თავები და თითო ბოთლი ზეთი მაინც ჩამოუვათ თითო დიდი ცხვირიდან.

სამშაბათი ლამაზებისაა, ბიჭებიც ლამაზები გამოდიან, გოგოებიც. ოთხშაბათი - ისე რა, ზოგს ლამაზს შეხვდები, ზოგს ულამაზოს. ხუთშაბათი ისევ ლამაზებისაა, შაბათი და კვირაც. ცხადია, ყველაზე უგუნებოდ ორშაბათ დილას ვარ, მერე - პარასკევ დილას. მით უფრო, თუ ამინდი ცუდია, იმ პარასკევს კი ჯანღი იყო, სექტემბრის იშვიათი ჯანღი, ღამით მოეწვიმა, ასფალტი ისევ სველი იყო.

ცუდ ამინდში ტრანსპორტსაც უჭირს. ჩვენს ქვემოთ ბუგელებდაშვებული ტროლეიბუსი გვერდზე მიეყენებინათ. გაჩერებასთან ასამდე კაცი ნერვიულობდა. ბიჭები თითქმის შუა ქუჩაში უწევდნენ ხელებს მანქანებს. მანქანიანები ან მედიდურად გაუვლიდნენ წინ, ან ძველი დროის ვაჭრებივით ისაწყლებდნენ თავს, აქვე მივდივართო.

თუ რომელიმე ბიჭი მოახერხებდა წასვლას, სხვები გულდაწყვეტილნი მიადევნებდნენ თვალს. ხან ქალი კითხულობდა საათს, ხან კაცი. ცხრას უკვე ოცი წუთი უკლდა. როგორც იქნა, ტროლეიბუსი გამოჩნდა, მაგრამ რომ მოახლოვდა, ყველას სასოწარკვეთა დაგვეუფლა. ისე იყო გაჭედილი ხალხით, ისე ეკიდნენ უკანა კარში ბიჭები, მძღოლმა სულ არ გააჩერა ჩვენთან. კიდევ კარგი, მეორე ტროლეიბუსი ფეხდაფეხ მოჰყვა. იმან გააჩერა, ვიღაცები ჩამოვიდნენ, ვიღაცები ავიდნენ, ავიდნენ კი არა, შეიჭედნენ დაკიდებულებში.

მესამე ტროლეიბუსში მეც შევეცადე ასვლას. უკანა კარიდან წინ გამოვიქეცი, წინიდან უკან. იქ დაკიდებულმა ბიჭებმა გამომიწოდეს ხელები. როგორც იქნა, მოვიკიდე ფეხი, ვიღაცის უხეშ პიჯაკს ვეხახუნებოდი სახით. თავს მაღლა ვწევდი ჰაერშემოკლებული თევზივით. ტროლეიბუსი დაიძრა და ქალის კივილი ატყდა.

ყვირილი ატეხეს სხვებმაც, - ეე, ეე! როგორ დავინახე, არ ვიცი. ტროლეიბუსის წინა კარში ბავშვის თვალებგადმოკაკლული თავი და ხელი იყო გამოყოფილი. იმ ხელს წაქცეული ქალი ჩაჰფრენოდა და ქალს ტროლეიბუსი მიათრევდა. მეც კივილი ამომხდა, სახე ბიჭებში ჩავმალე, ბიჭები ჩახტნენ, ტროლეიბუსი გაჩერდა, მეც ჩავხტი.

ტროლეიბუსის კარი გაიღო, ათიოდე წლის სახეშეშლილმა ბიჭმა ხალხიდან პატარა ვიოლინოს ბუდე გამოგლიჯა.

- ბებო! ბებო! - იძახდა საცოდავად.

ქალი წამოაყენეს, გმინავდა, ბავშვს მაინც მთელი ძალით ჩაეხვია. ხელებით უსინჯავდა ტანმრთელობას.

- აქა ვარ, ბებო! აქა ვარ, ბებო! - იძახდა ბიჭი.

ტროლეიბუსის მძღოლმა საფეთქელთან მიიდო მუშტი, სარკმელს მოსცილდა, ტროლეიბუსი დაძრა. ქალმა დაადევნა: მხეცებო, ნადირებო!..

მე მისი ფეტრის ქუდი მეჭირა და ცხვირსახოცით ვუწმენდდი. როგორც შევიძელ, გავწმინდე. მივაწოდე ორი ხელით. ამომხედა. არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები.

- მხეცები! პირუტყვები! მეც ვეღარ ვიკავებდი ცრემლს.

მერე ქალი და პატარა ბიჭი ქვემოთ წავიდნენ. ქალი კოჭლობით მიდიოდა, ბიჭსაც თითქოს წვრილ ფეხებში ძალა გამოლეოდა.

- დამთავრდა! - მომკიდა ვიღაცამ მკლავში ხელი. გაცეცხლებულმა მივიხედე.

თემური მიღიმოდა ბრიყვულად. იმასაც დაგრძელებული სახე ჰქონდა, უფრო თავისი წვერით.

- მხეცები, ნადირები! - ვეუბნებოდი თემურს.

თემური ისევ მიღიმოდა ბრიყვულად.

 

* * * * * * *

 

დილით იქ, ტროლეიბუსის გაჩერებასთან, მტკიცედ გადავწყვიტე, - ქვეყნიერების უმწეოებთათვის არასოდეს მიმემატებინა ჩემი უმწეოები, ე. ი. ბავშვები. უხეშად ჩამოვიცილე თემურის ხელი. ისიც გადავწყვიტე, შევშვებოდი სისულელეების ჩაწერას ყოველდღიურად, მაგრამ იმ ღამეს ისეთი სიზმარი ვნახე, იმ სიზმარმა რაღაცები მომთხოვა თავის ძაფზე ასასხმელი.

წარმოიდგინეთ რაღაც მიბუნდოვანებული ყვავილოვანი ველი. როგორ იყო მიბუნდოვანებული, იცით? შორიდან რომ ვხედავთ ხოლმე გაზაფხულის უცებ წამოსულ წვიმას, ყვავილები თრთოდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ შეშფოთებულნი.

ჩემი საწოლი იმ ველში იდგა, ყვავილებას მაღლა. მეხურა რაღაც თხელი ზეწარი. უბერავდა ქარი და იმ ზეწრის წართმევას ცდილობდა, მე არ ვანებებდი, ვებღაუჭებოდი ხელებით, ვიჭერდი მუხლებით. ცოტაც და ვეღარ გავუძლებდი, მიჩანდა შემაშფოთებელი სიშიშვლენი. ვხაოდი, მშველელს ვეძახდი, მაგრამ ამაოდ.

ყვავილების ძირებში დამდგარიყვნენ ზაზუნების მსგავსი არსებები, მიყურებდნენ პრიალა თვალებით, გაცინებული პირებით. და ვითომ ზაზუნები კი არა, ადამიანები იყვნენ, საძაგლები, გვერდებდაბერილები. ზეწარს კი უკვე მართმევდა ქარი. ყურებში მტკიოდა ხავილით, - მიშველეთ! მიშველეთ! წამომჯდარს მარტო მკერდთანღა მქონდა მიბღუჯული ზეწარი და დავინახე, რომ, თურმე ქარი კი არ მართმევდა ჩემს ზეწარს, კუზიანი დედაბერი ჩაჰფრენოდა კლანჭებივით ხმელი ხელებით, ის ეწეოდა ღონივრად და თან იცინოდა, აკაშკაშებდა ერთადერთ ღოჯს.

- მიშველეთ!.. მიშ...

და ამოჩნდა ლომი. როგორი ლომი, იცით? ძალიან ყოჩაღი, აგიზგიზებული. გაჩერდა თავაწეული, გადმოსახტომად შეზიდული, კუზიანმა გაცინებულმა დედაბერმა რაღაც სითხეში ჩაყო მომუწული თითები, მერე მაღლა აწია და ტკაც! ტკაც! ტკაც! სამჯერ შეაწუწა იმ ლომს. ლომს დვრინი აღმოხრა, კამარა შეჰკრა, დედაბერი აფრიალებდა ჩემს ზეწარს, ლომმა გადმოუარა იმ ზეწარს, ზაზუნა კაცუნები მიიმალნენ, ვხედავდი ჩემკენ დაშვებულ ლომის ვეება თათებს და... კივილში გამეღვიძა.

საბანგადახდილი, ოფლით გაღვარული ვიწექი და ვკანკალებდი. ჯერ საბანი მოვნახე, გავეხვიე, საბნის შიგნითაც მთელ სიგრძეზე ჩავიჭიმე პერანგი. ხან დავხუჭავდი, ხან გავახელდი თვალებს. თეთრი შუქი იდგა შემინულ კარში, თენდებოდა.

როდის, როდის ჩამიწყნარდა გული, შემაშრა ოფლიც. მარტო დვრინიღა მესმოდა ლომისა, თახთახით ეშვებოდნენ მაღლიდან ვეება თათებიც. ავდექი, გავედი აბაზანაში, მოვუშვი ონკანი. ვიდექი ონკანის ბაკანზე ორივე ხელით დაბჯენილი, მერე შევუშვირე წყალს ხელი, თვალწინ დამიდგა კუზიანი დედაბრის მომუწული კლანჭი, იქვე ჩავღვარე წყალი და სამჯერ ვთქვი: - წყალო, შენ წაიღე ჩემი სიზმარი! წყალო, შენ წაიღე ჩემი სიზმარი! წყალო, შენ წაიღე...

თითქოს იმისიც კი მეშინოდა, სარკეში არ დამენახა თავი. დავინახე. თმა გაწეწილი, თვალები დადიდებული, ჩამუქებული, ტუჩებიც მუქი. გამწყრალი წავედი ჩემი საწოლისკენ, დავწექი, ნიკაპამდე ავიწიე საბანი, გამწყრალი ავყურებდი ჭერს, ვწყრებოდი, ასე რომ მომშალა რაღაც სიზმარმა. შემოვიდა საათის ხმა. შვიდის ნახევარი იყო. უფრო გულმოდგინედ და ბრაზიანად გავეხვიე საბანში, თვალები დავხუჭე. თავი ვაიძულე, დამეძინა. ჩამეძინა კიდეც და იმ ძილ-ღვიძილში ისევ ჩამესმა ლომის საზეიმო დღვრინი. თითქოს ჩემი ოთახის ერთი კუთხიდან მეორისკენ გააკეთა ნახტომიც. თვალები დავაჭყიტე. რის ლომი, რა ლომი! ვიყავი ასე.

ისევ წავიფარე საბანი, ახლა თავზედაც კი. მესმოდა, როგორ აირივნენ ქუჩაში მანქანები, როგორ გაჩერდა და დაიძრა ტროლეიბუსი, როგორ გაჭახუნდა მისი ბუგელი. ბოლოს - შეშფოთებული სიგნალი, საბურავების დაძაბული ღრჭიალი, ჯახანი და დამსხვრეული მინების წკრიალი.

წამოვვარდი, ხალათი მოვიხურე და აივანზე გავედი.

ისევ თხელი ჯანღი იყო, ისევ მცირედ ნაწვიმარი. თვითმცლელი და „ჟიგული~ შეხეთქებოდნენ ერთმანეთს. „ჟიგულთან~ დახრილ შავებით შემოსილ ქალს ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული. მძღოლები ჯერ თავიანთ მანქანებს ათვალიერებდნენ, მერე დუელიანტის ნაბიჯებით მიუახლოვდნენ ერთმანეთს.

- გეძინა, შე კაი კაცო? - ამბობდა თვითმცლელიდან წამოსული ცოტა ხნიერი მძღოლი.

- შენ გეძინა, შე დამპალო, სად მოდიხარ, სად მიპოვე ამ დაცარიელებულ ქუჩებში, - დამპალი რომ არ იყო, მაგას იტყვი? მე გიპოვე, თუ შენა, აცაბაცა რომ დაგირბის რული! - გოგი! გოგი! - იძანდა შავებით შემოსილი ქალი.

ახალგაზრდა მძღოლს გაშლილი თითები მიჰქონდა შეხნიერებული მძღოლის თვალებთან.

- მე ამოგთხრი მაგ აცაბაცა თვალებს.

- ვისა, ვისა, შენ ის ხო არა გგონივარ.

დედაჩემი ამომიდგა გვერდით.

- რა მოხდა?

- მანქანები დაეჯახნენ ერთმანეთს.

მძღოლები ერთმანეთს მისწვდნენ.

- დედას...

სხვა მანქანებიც გაჩერდნენ.

დედამ ძალით შემიყვანა შინ.

- მორიგდებიან უშენოდ.

ისევ დავწექი, ყურს ვუგდებდი ქუჩის ხმაურს, ავტოინსპექციაც მოვიდა, ცოტა ხანს აუწიეს ხმებს, მერე ჩაჩუმდნენ. ისევ მომერია რული. შემოვიდა დედა, მე ვითომ მეძინა.

- მაიკო, გძინავს?

- ხო.

- შენ ხომ არ წახვიდოდი რძეზე? ცხელი წყალი მოდის, იქნებ მოვასწრო და გავრეცხო ცოტა რამე.

- მე კარგი გოგო ვარ, დედის დამჯერი, ყველას დამჯერი, რა თქმა უნდა, წავალ.

- მაშინ ადექი. შაბათია და რიგი იქნება დღეს.

საბანი გადავაგდე, ავდექი.

- ცუდად ხომ არა ხარ? - შემკრთალი შემეკითხა დედა.

- არა, დედა ისევ შემკრთალი მიყურებდა, არაფერს კი ამბობდა. ასე იცის დედამ, ალბათ, ყველა დედამ. არაფერს ამბობს და ამ არ თქმაში იბერება წუხილით. მე მკერდთაწნ მივაჭირე ხელი.

- ამოისუნთქე, ქალო! - ცუდი ფერი გადევს.

- ცუდი არა, ისა.

 

* * * * * * *

 

ო, ეს რძის რიგები! შედარებით მშვიდი რიგები! უმთავრესად ხნიერი ქალები და კაცები - საოცრად მშვიდად მდგარნი, შეიძლება თავისებური ტკბობითაც კი.

ხნიერებს ხომ ძალიან ცოტა ძილი ჰყოფნით (მეც, სხვათა შორის, ამიტომ მეძახიან ერთხელ დაბერებულს, მერე ისევ გაახალგაზრდავებულს), ეღვიძებათ ხნიერებს ადრე, ძალიან ადრე. აიპარებიან ლოგინიდან, სხვები რომ არ გააღვიძონ. კიდევ უფრო ფრთხილობენ, ბოთლები არ გაუჩხაკუნდეთ, ფეხაკრეფით გამოდიან გარეთ და მერე შვებით დგებიან რიგში, სუფთა ჰაერზე, თან დგანან, თან მასლაათობენ ერთმანეთს შორის. ეს არის მათთვის მთელი დღის, შეიძლება მეტიც, სულიერი საზრდო. მე შემომყურებენ ხოლმე კმაყოფილებიც და გაოცებულებიც. ერთმა ბებიამ ერთხელ პირდაპირ მკითხა: - ნუ დამიმალავ, ბებია, ცხვირის ოპერაცია გვინდა გაუკეთოთ შვილიშვილს და შენ ვინ გაგიკეთა, მითხარიო, მე რომ ვუთხარი, ასეთი ცხვირით დავიბადე-მეთქი, არ დამიჯერა, - აჰ, არ თქვა მაგიო! კიდევ კარგი, სხვა დედაბერი გამომექომაგა, - რატომ, რატომ ასეთი ცხვირებიც გვაქვს ქართველ ქალებსო! თავის თავსაც გულისხმობდა...

ო, რა კარგები არიან ჩვენი ლამაზი მოსუცი ქალები. ახალგაზრდობაში რომ კაპასები იყვნენ, ძალიან კაპასებიც, მოხუცებულობაში ტკბებიან კენწეროს ბლებივით.

მივედი მეც, მორჩილად გავუჩერდი ბოლო ქალს უკან. კი ვიკითხე, როგორც წესია, ვინ იყო ბოლო. ვდგავართ ასე, ჩაგრძელებული ჩანთებით, წყნარად. მაგრამ არ გასულა ხუთი წუთი და ვიღაცამ ტროტუართან მოაყენა „მოსკვიჩი~, გადმოვიდა მუცლიანი კაცი, მივიდა პირდაპირ მაგიდასთან, ურიგოდ იღებდა აშკარად.

მაშინ წავიდა რიგიდან დაბალი, შლაპიანი კაცი, გადაუღობა წინ· ხელი, მომესმა მისი ხმაც, გამყიდველს ეუბნებოდა: - არავითარ შემთხვევაში! არავითარ შემთხვევაში! გამყიდველმა ერთი ეს თქვა: - ექსპედიტორი როა! - არ ვიცი მე არავითარი ექსპედიტორი, ექსპედიტორები კი არა, აკადემიკოსები დგანან აქ.

მუცლიანმა კაცმა ხელი ძირს დააწევინა.

- წადი, შენ საქმეს მიხედე შენა!

- ძალაზე ხარ, ძალაზე? - გაცხარდა შლაპიანი.

- ვარ, ვარ.

- ნუთუ არ გესმით, ნუთუ არ გესმით თქვენ! - მოუბრუნდა რიგს შლაპიანი. მე კვამლში გავეხვიე თითქოს. შლაპიანი ჩემი ესთეტიკის ლექტორი იყო. რიგში მდგართა უმეტესობა თავისთვის ტოკავდა და პუტუნებდა რაღაცას, მე ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადავიტანე, მინდოდა გამებედა, ვერ გავბედე.

- თფუუ! ხალხი კი არა! - მიბრუნდა შლაპიანი და სულ გაიქცა რიგიდან, მივვარდი მაგიდასთან, დავავლე მუცლიანი კაცის ორ ბოთლს ხელი და გავაგორე ნაბარზე, კიდევ ავიღე ორი ბოთლი. მუცლიანმა მკლავში მტაცა ხელი, თვალები გადმობრუნებაზე ჰქონდა. · - რო გაგისვრი შენა! - გამიშვი ხელი! დამიქნია. მოულოდნელად მაგრად, მტკივნეულად. მაშინ კი წამოვიდა ერთი სამხედრო და ერთიც მაღალი ქალი.

- სადა გგონია შენ თავი! - ჩაგვიდგა სამხედრო.

მუცლიანმა კაცმა ხელი გამიშვა და თავისი ბოთლებისკენ წავიდა. ის უკვე საცოდავი იყო, უსინათლოსავით ეწვდებოდა ბოთლებს. მე წავედი და ჩემი ჩანთა ავიღე. სამხედრო და მაღალი ქალიც კმაყოფილები დაუბრუნდნენ რიგს. ბოთლებს რომ მიწყობდა გამყიდველი, ვგრძნობდი, ცდილობდა, პატივი ეცა, ხურდებიც გულმოდგინედ მომცა. რომ წამოვედი მომესმა:

- თანაც ეგეთი ლამაზი..,

მე კი ისე მოვდიოდი, თითქოს კრაზანები მეხვეოდნენ კისერთან. ხუთი თუ ექვსი საფეხურიღა მქონდა ასავლელი ჩვენს სართულამდე და გავჩერდი. ჩანთა ძირს დავდგი თითქოს მთლად დაუძლურებულმა. ჩვენიდან უსიამოვნო ხმაური გამოდიოდა. დედა ეჩხუბებოდა ჩემს ძმას. ეს თოთხმეტი წლის ბიჭი ნამდვილად იმისთვის არის მოვლენილი ქვეყანაზე, წუთით სიმშვიდე არ ჩამოვარდეს ჩვენს ოჯახში. აი, მაგალითად, გაზქურასთან დგას, რაღაც სადგისს უხურებს წვერს, წყნარად ღიღინებს. უცებ იყვირებს, - გვადელუპაა! გვადალახარაა! იმოდენა ხმით იყვირებს, მზადა ვარ, რაც კი ხელთ მომხვდება, ვესროლო. ის იკრიჭება და იმეორებს, - გვადელუპაა! გვადალახარაა! ფრთხილად დავაჭირე ზარის ღილაკს ხელი.

- არ გაგიშვებ! დღეს უკვე აღარ გაგიშვებ ეგრე, რომ დავიხოცოთ ორივენი აქვე! - იძახდა დედა.

ვიდექი და ველოდი, არავინ მიღებდა. მე ნერვები მაწყდება ასე დგომისას. ისევ დავაჭირე ღილაკს თითი.

დედამ გამიღო, აღელვებულმა, აწითლებულმა.

თამაზი ჩემსკენ ზურგმოქცეული იდგა, ჩანთა სკამზე ედო, რაღაც დიდხანს უკირკიტებდა საკეტს.

- უთხარი, შენც უთხარი, - შემომეხვეწა დედა, - ცოტა მაინც შემაჭრევინოს, სულ ცოტა.

თამაზმა მზაკვრულად მოიხედა, ყურთან ჩამოშლილი გრძელი თმა ლოყასთან უთრთოდა.

- თამაზ, - დავიწყე მე, - აბა, მომხედე, არა გრცხვენია შენი სიტყვისა? ხომ ვაჟკაცურად შეგვპირდი, დილით შევიჭრიო.

თამაზმა ისევ მზაკვრულად მომხედა.

- ნეტავი კი მოკეტო შენ მანდ!

მე ბოთლებიანი ჩანთა იატაკზე დავდგი და დივანზე დავჯექი გაუმწეოებული. ძალიან მინდოდა ჩამებეგვა, ჩამებეგვა. თან მაინც რაღაც მაცინებდა გულისგულში.

თამაზმა თავისი ჩანთა ამოიღლიაივა და გეზად დაიწყო სვლა კარისკენ. გაალმასებული დედა კართან იდგა.

- ან შენ ჩაგცხობ ამ მაკრატელს, ან მე გამოვისვამ ყელში.

თამაზი ჯერ მიუახლოვდა დედას, მერე უკან უკან დაიწყო დახევა.

- მოდი, მომეხმარე, დამაჭერინე ეს სამიწე! მე გავტყდი.

- გაუშვი, დედა, გაუშვი!

- სად გავუშვა, სად, ეგრე მაიმუნი!

თამაზი ისევ უკან-უკან იხევდა, დედა მიჰყვებოდა, თამაზმა ცრუ მოძრაობა გააკეთა, დედას გაუსხლტა, კარის გაღება წამით გაუჭირდა, დედა მისწვდა, ჩასცხო მაკრატლიანი ხელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელი, თითები ეტკინა, თამაზმა გააღო კარი და ისე მოიჯახუნა, ბათქაშის ნამსხვრევები დაცვივდა იატაკზე.

- გასვლა და აღარ დაბრუნება! წასვლა და აღარ მოსვლა შენი! დედამ მაკრატელი პიანინოზე დადო და იქვე დაჯდა ქანცგაწყვეტილი.

- ისევ დამირეკავს მაგისი დამრიგებელი და რა ვუთხრა, რა თავში ქვა ვიხალო, აღარ ვიცი.

გამოვიდა მამა, ყურებიდან დაგორგოლებული ქაღალდები გამოიღო.

- დამთავრდა ომი? დედას არც შეუხედავს, მე შევხედე. მე ზიზღით არა, შინაგანი ღიმილით. ტიპია ეგეთი. აი, ტრანზისტორიც ჩართო. შემჭკნარი ქალი მღეროდა:

ჩემო დილის ვარსკვლავო,

ჩემო დილის სიოვ...

მუხლებშორის ხელებმოქცეული შევყურებდი ხან დედას, ხან მამას, მეშინოდა, ხარხარი არ ამტეხოდა.

- მე ჩავალ მაგის დამრიგებელთან, დედა, მე მოველაპარაკები.

- რას მოელაპარაკები, რას.

- მაგის დამრიგებელს მე ძალიან ვუყვარვარ, დაირეკა ზარი, გავაღე.

საბავშვო ბაღელის მიამიტობით იდგა ჩემი მეზობელი, ჩემი კბილა დეა და უკანალი ორ მტკაველზე ჰქონდა გაპრეხილი.

საბავშვო ბაღელივით თქვა:

- დედამა, ნემსი არ დაავიწყდეს მაიკოსო.

- გამოხარშული გაქვთ შპრიცი? - აშკარად მკაცრად ვკითხე.

- კი, კი.

- დავიბან ხელებს და ჩამოვალ. შემოდი.

- არა. გელოდებით.

დეა მოკრძალებით ადგამდა ფეხებს კიბის საფეხურებზე, ხელიც პატარა ბავშვივით ჰქონდა განზე გაწეული. რაღაც გამორჩეული სინარნარით ჩაჰქონდა შარვალში გამოპრეხილი უკანალი.

- რა უნდოდა? - გამწყრალმა იკითხა დედამ.

- ნემსი.

- თუ მორჩები შენზე გაპიროვნებულ ფართობს ამ წელიწადში. - თვალები აუჟუჟუნდა მამას და ღონივრად ჩაკბიჩა სტაფილო.

მე დედას გავხედე. დედა რძის ბოთლებს სცლიდა ქვაბში.

მე ხელები დავიბანე და დაბლა ჩავედი.

ძვირფასი მუხის კარი. ინკრუსტირებული ყვითელი ლითონის ფირფიტა. შიგნით ჭაღები. მოკლედ - ფულის მკეთებლის ბინა. შპრიცი მოვამზადე. ვბრძანე: - სწრაფად! სწრაფად! პატიების მომუდარე ღიმილით იკრეფდა თალიკო დეიდა კაბისა და პერანგის კალთებს. საცოდავად წაჩაჩუნდა საწოლისაკენ.

- რა ვუთხრა მე დეას, რომ ასეთი უგერგილოა ყველფერში.

- არ შემიძლია, ვა! არ შემიძლია! - თავს გვერდზე აბრუნებდა დეა.

თალიკო დეიდა ნერვიულად ებღაუჭებოდა საწოლს.

ქუჩაში საშინელი ღმუილით გავარდა მოტოციკლი, მეორე მოტოციკლი, მესამე.

დეა კარს ეცა.

- მოიცა, შე არ გასაშვებო, შიშველი ვწევარ! - ამოიგმინა თალიკო დეიდამ. მე ნემსი ამოვაცალე და მშვიდად ჩავუჭიმე პერანგისა და კაბის კალთები.

დეა მოაჯირზე იყო გადაყუდებული. ჩაიქროლეს მეექვსე და მეშვიდე მოტოციკლებმაც. იმათი ჩაჩუმება იყო და ახლა ჩვენი ეზოდან ამოვიდა მანქანის შეშფოთებული პიპინი. გადახედვა არც იყო საჭირო. მკლავებდაკაპიწებული დოდიკა სიგნალიზაციას უცვლიდა თავის ათი წლის „მოსკვიჩს~. ჩააჩუმებდა, ისევ ააპიპინებდა. მე რომ ვისაუზმე და დაბლა ჩავედი, ერთხელაც გააბა მანქანამ გრძელი პიპინი. დამინახა დოდიკამ, ამოსწია მაღლა ზეთიანი ხელები.

- სუ ცოტა ხანს, მაიკო, სუ ცოტა ხანს და მე წაგიყვან.

- არა, გმადლობ, მეჩქარება - მეთქი, დოდიკ.

- მოიცა, მოიცა.

- არა, დოდიკ, - მოვბრუნდი მე, - დავეჩვევი და ცოდვა ვარ მერე.

- მერეც გატარებ, მაია. - დაკეტა კაპოტი.

- არა.

უცებ ვერც დაქოქა, ისევ ახადა კაპოტი.

ჩვენს სახლს რომ ქუჩის მხრიდან შემოვუარე, იქ წამომეწია დედაჩემის ხმა.

- მაია! მაია! წაიღე ბებიაშენის წამლები?

- წავიღე, კი.

ახლა დედა მიყურებდა თითქოს დაეჭვებული. გადავირბინე ქუჩა, მივუსწარი გაჩერებულ ტროლეიბუსს და წინიდან ავედი. შაბათი დღე რომ იყო, ხალხიც ცოტა იყო. უკანა სალაროსთან ვიღაც ვეება თმაგაწეწილი კაცი იდგა, მუშური გარეგნობის, თანაც რაღაცით ენტონი კუინივით კაცი, ქანაობდა და ცისკენ მუშტაშვერილი მთელი ვაგონის გასაგონად ქადაგებდა: - ჩვენ ყველანი ჭუჭყიანები და ბინძურები ვართ! ჩვენ ყველას იმდენი ჭუჭყი და ცოდვა გვაწევს კისერზე, ჯოჯოხეთის ქვაბში ჩასაყრელები და მოსახარშები ვართ.

ათი წლის ქვემოთ რაც არიან ბავშვები, რვა წლისა, არა, ათი წლისა, ისინი უნდა გაიყვანო ცალკე კუნძულზე, ჩვენგან ძალიან შორს, რომ მარტო ისინი გადარჩნენ სუფთად, სუ თავიდან დააწყებინო ცხოვრება, ჩვენ კიდევა, დიდები, ჩაგვყარო ქაფქაფა სოდიან წყალში და მოგვირიო.

მგზავრებს სიამოვნებით ეღიმებოდათ. მეღიმებოდა მეც.

კაცმა პირდაპირ შემომანათა დიდი, ბრიალა თვალები. მე, რა თქმა უნდა, დავხარე თავი. შეუმჩნევლადაც შევბრუნდი გვერდზე. მაგრამ წამოვიდა ის კაცი ბარგან-ბარგანით, მოვიდა ჩემთან და მიბრძანა: - ამოიხედე შენ! მეტი რა გზა მქონდა. ავიხედე. იმოდენა კაცს აშკარად აერია ის ვეებერთელა თვალები, უკან დაიწია.

- შენ არა, შენ ვერ გაგიმეტებ ცეცხლისა და ქვაბისთვის.

დიდი, ჭუჭყიანი ხელი ჩემს მაღლა გაატარ-გამოატარა ქორივით, თითქოს უნდოდა, თავზე დაედო, მაგრამ ვერ გაბედა, მაშინ ჩაიხარა, გაიცინა დიდკბილებიანი პირით და მუდარით გამომიწია ყელი.

- მოდი, რა ვქნათ, იცი? შენ იმ პატარების დედოფლობა იკისრე. შენ ისეთი თვალები და ცხვირი გაქვს, მოდი, შენ იმ კუნძულზე გაყვანილი პატარების დედოფლობა იკისრე. შენ ყველანი დაგემორჩილებიან, სუყველანი. უარი არ გამაგონო. მე, ხომ იცი, ვინცა ვარ. უარი არ გამაგონო, იმ სუფთა და წმინდა პატარების დედოფალი იყავი. არ გაგიგონებს ვინმე და მე აქა ვარ.

გულზე დაიბაგუნა ხელი.

მგზავრები იცინოდნენ. მე თითქოს ნემსებით მჩხვლეტდნენ. მეტი რა გზა მქონდა, შევპირდი.

- ვიქნები, ბატონო, თუ მაგ პატივს დამდებთ, ვიქნები, ბატონო!

თანაც ნელ-ნელა მივიწევდი კარისკენ, ტროლეიბუსი რომ გაჩერდა, მაშინვე არ ჩავედი, ცოტა შევიცადე და მერე, - ნახვამდის, მე აქ ჩავდივარ-მეთქი, - და სწრაფად ჩავედი. კარი დაიხურა, ტროლეიბუსი წავიდა, მესმოდა იმ კაცის ძახილი:

- ტრუსიხა! ტრუსიხა!

მეათედ გამახსენდა წუხანდელი სიზმარი, ლომის დვრინი, მაღლიდან წამოსული ვეება თათები. ძლივსღა ვჩერდებოდი ფეხზე. კიდევ კარგი, მალე მოვიდა მეორე ტროლეიბუსი. იმ ტროლეიბუსში ხალვათობაც იყო და სიმშვიდეც. იმან მიმიყვანა უნივერსიტეტამდე. ესთეტიკის ლექციას უნდა დავსწრებოდი. შევედი აუდიტორიაში და დავჯექი. გამახსენდა ბებიას წამლები რომ მქონდა ჩანთაში, ერთი პენტალგინი ამოვიღე, მშრალად გადავყლაპე, ყელი საშინლად დამწვა. ისეთი ჟივჟივი იყო ირგვლივ, ყურებზე ხელებს ვიფარებდი და თვალებს ვხუჭავდი.

 

* * * * * * *

 

კათედრაზე ის კაცი იდგა, რძის რიგი რომ მიატოვა დილას, დიდი თავი ჰქონდა, თხემდაბრტყელებული, დიდი ყურები. შავი, გადაქნილი წარბები, სახე და თვალები - დაღლილი. რომ ლაპარაკობდა, თითქოს რაღაც შინაგან ტკივილს ემორჩილებოდა, შემოუტევდა ტკივილი და აენთებოდა, აუწევდა ხმას. ამბობენ, რომ სულ სხვანაირი იყოო რამდენიმე წლის წინ - ენერგიული, ცოცხალი.

ახლა იგი ლაპარაკობდა ესთეტიკის რაღაც სამ სახეზე: არსებობს, თურმე, ესთეტიკური პირდაპირ სინამდვილეში, ცხოვრებაში, მეორე - სუბიექტურ ესთეტიკური ე. ი. ცნობიერებისეული, და მესამე - ხელოვნება, რომელიც წარმოადგენს სუბიექტურისა და ობიექტურის ნაზავს, ერთიანობას.

ძალიან მინდოდა, მაგრამ მაინც ვერ ვუსმენდი. მხოლოდ ერთმა რუსულმა ციტატამ მიმტაცა ყური. მე ვიკითხე, - უკაცრავად, როგორ პატივცემულო ლექტორომეთქი, და კალამი მოვიმარჯვე. მან გაიმეორა: Íå âåðþ ÿ òåëåãàì ïîäâîçÿùèì õëåá ÷åëîâå÷åñòâó... áåç íðàâñòâåííîãî îñíîâàíèÿ. გაიმეორა ისეთი აქცენტით, ოფლი დაასხა შუბლზე. ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლზე რბილი მიდებით იმშრალებდა იმ ოფლს. მე ვიჯექი და რაღაც მანიპულაციებს ვაკეთებდი ჩემთვის.

პატივცემული ლექტორი გავახვიე ბიჭებისა და გოგოების ჟივილში, მოტოციკლების ღმუილში, მუხრუჭების ღრჭიალში და ბოთლების ჭახაჭუხში. ლექტორი ლაპარაკობდა, ერთხანს ჯიუტად უძლებდა ამ გნიასს, თვალებშეშფოთებული, მექანიკურად ყბებამუშავებული. მერე იხედებოდა აქეთ-იქით, იწევდა ფეხისწვერებზე. უცებ ასწია ხელები, ჩაიხარა, შეწვა, შეიჭყუნა კათედრაში, სამჯერ გამოაფურთხა ჩვენკენ და ჩამალა თავი. არის ასე, თავზე ხელებწაფარებული. ქუსლებმოცვეთილი ფეხსაცმელების ძირები საპროტესტო ტრანსპარანტებივით აქვს მოშვერილი ჩვენსკენ.

ფეხსაცმლის ეს ძირები იზრდება, იზრდება, ბოლოს მთელ ეკრანს იკავებს. ჩაკეტილი გვაქვს იმ კაცამდე მისასვლელი გზა.

ლექტორის მეუღლე, - დაბალი, დაუდევრად ჩაცმული და დავარცხნილი, ყბებაბუსუსებული ქალი, - წყევლით მისდევს ორ ბიჭს, ცამეტისას და თერთმეტისას.

- თქვენ დამიწყდით! ორივე ერთ დღეს ჩაგალაგეთ კუბოში! ბიჭები მეორე ოთახში შეცვივდნენ და შიგნიდან მხრებით მოაწვებიან კარს.

ლექტორის მეუღლე ცდილობს, შეაღოს კარი, მაგრამ ვერაფერს ხდება, - თქვენ აღარ გაგითენდეთ ხვალინდელი დღე! სამზარეულოში, გაზქურაზე, ქვაბიდან გადმოდის ადუღებული რძე. ლექტორის მეუღლე უბერავს, უბერავს მაგრამ ამაოდ. დამწვარი რძის კორიანტელში ეხვევა.

- ოხ! ოხ! ოხ! ახალგაღვიძებულივით დავუბრუნდი არსებულს. ლექტორი ისევ კათედრაზე იდგა, თითქოს რაღაცა ცუდის მოლოდინით მიმოატარებდა თვალებს აუდიტორიაში. ლაპარაკობდა ჰეგელზე.

დაირეკა ზარი. სტუდენტები მაშინვე წამოიშალნენ. ლექტორმა დიდ, შეძველებულ პორტფელში შეაწყო წიგნები და ქაღალდები, დინჯად დაკეტა და გულგრილი გამომეტყველებით წავიდა კარისკენ. მე ჩანთა გადავიკიდე, მაგრად მივიკარი იდაყვით გვერდზე და გიჟური გადაწყვეტილებით გავედევნე უკან. დერეფანში გასულმა ლექტორმა ჩემი გამორჩეული ნაბიჯების ხმაზე მოიხედა, მე შევკრთი, შევჩერდი. ლექტორი ისევ წავიდა, ისევ მალე მოიხედა. ძლივსღა ვსუნთქავდი, ვუღიმოდი.

- თქვენ კარგი, ძალიან კარგი იყავით დღეს.

ლექტორიც აშკარად შეცბა. გვერდზე გაიხედა, მაგრამ მაინც რაღაც შინაგანი ბედნიერების შუქით გაუნათდა სახე.

- რა თქვით? - შეამოწმა ყურით გაგონილი, თანაც კიდევ ამხედ-დამხედა სწრაფად.

- თქვენ ძალიან კარგი ბრძანდებით, კარგი ბრძანდებოდით დილასაც, რძის რიგში.

თითქოს სილა სტკიცესო, თვალები ჩაუქრა და ყბა ისე მოექცა, უთუოდ იკივლებდა.

მე ბოდიშივით რაღაცა ვთქვი, უკან დავიწიე და მერე გავიქეცი, საპირფარეშოში შევვარდი და იქ დავიწყე კეფის კედელზე მირტყმა. მომდიოდა ცრემლიც. შემომეხვივნენ გოგოები.

- რა არის, რა მოხდა, რა დაგემართა? მე ვერაფერს ვამბობდი, გარდა ერთი სიტყვისა: - ვაი, ვაი, ვაი! ერთმა სქელმა გოგომ სიგარეტის კოლოფი მომიტანა სახესთან.

- მოწიე. გამიჭირდა, მაგრამ მაინც ამოვიღე ერთი სიგარეტი, - არც მომიწევია, არცა ვწევ, - ნამდვილი მწეველივით წავიშვირე სიგარეტი ტუჩებითა და ორი თითით, მომიკიდეს, - მოვქაჩე, ამიტყდა ხველა, გოგოები მხრებზე მიტყაპუნებდნენ და, - ალალიო, - დამძახოდნენ. მე მეორედ და მესამედაც მოვქაჩე, მერე გადავაგდე, თვალები მოვიბანე, შევიმშრალე. ვიყურებოდი სარკეშიც და იქ ვკითხულობდი, - რა ჭირი დამეძგერა, რა?! მეზარებოდა ჩემი თავი.

- თფუ! თფუ! თფუ!

 

* * * * * * *

 

ეზოში გასულს ჩვეული მორიდებულობით წამომეწია თემური. მესმოდა მისი ყოველი ფრთხილი ნაბიჯის ხმა, მისი სუნთქვაც კი, ვგრძნობდი მის ღიმილსაც, მაგრამ განგებ არ ვიხედებოდი. არც ის მეძახდა. როდის-როდის მომკიდა ხელი ზუსტად იმ ადგილას, მუცლიანმა ექსპედიტორმა რომ მატკინა რძის რიგში, მე მთლად ვიშლები თემურის ამ გადამეტებული მორიდებულობის გამო, მივუბრუნდი და, ჩემთვისაც კი მოულოდნელად, სილა ვტკიცე ყბაში.

- ე, ე, ი! - მოისმა რაღაცა ხმები.

თემური თავზარდაცემული, პირდაღებული შემომყურებდა. ისეთი არაჩვეულებრივი, ისეთი კარგი და კეთილი იყო ამ პოზაში, მე სიცილი ამიტყდა და მოფერება დავუწყე ლოყაზე.

- ეგ, იცი, რატომ? აი, ეგეთი რომ ხარ, ნამდვილი პაპაშენი შიო, წვერებიანი შიო.

თემურმა იქ, თავის წვერთან დაიჭირა ჩემი თითები.

- გავიპარსო? - თუ გინდა, გაიპარსე, თუ გინდა, არა. შენ მაინც შიოდ დარჩები. შიო! შიო! ახლა ორივე ხელით ეჭირა ჩემი ხელი, ხელები დიდები ჰქონდა, მშრალი და თბილი, ალერსიანი, მიღიმოდა და ცოტაღა უკლდა, ცრემლები წამოუვიდოდა.

- შენ სხვა ვიღაცაზე ხარ გაბრაზებული, მაიკო. მითხარი, ვინ გაბრაზებს და ნეკნებს გამოვაცლი სათითაოდ.

- ოჰ! ოჰ! ოჰ! - მაშინ წამოდი, ცოტა შამპანური დავლიოთ.

- არა.

- გინდა, კიდევ გამარტყი, გინდა, დავწვები და გამიარ-გამომიარე, როგორც გინდა.

- სხვა დროს.

- მაიკო! მე ტაქსი გავაჩერებინე. თემური არ მიშვებდა.

- მაიკო, როგორც ჩემი და...

უუ, ამ სიტყვებზე კიდევ მინდოდა, გამეჭახუნებინა სილა, მაგრამ აქ უკვე აღარ შეიძლებოდა.

- არა, თემო, წამლები უნდა მივუტანო ბებიას.

- მეც რომ წამოვიდე? - არა, შენი ჭირიმე.

ტაქსის მძღოლი თავშეკავებული ბოღმით უყურებდა თემურის ვეება ხელებს.

- მაია! - არა, ნახვამდის! - ნახვამდის. შენ დღეს გასაგიჟებლად კარგი ხარ.

კარი მივიჯახუნე.

- შინ მივალ თუ არა, მაშინვე ჩავიხედავ სარკეში.

თემური დაღრუბლული, დანაღვლიანებული იდგა. ქალაქელი ცნობილი დურგლის შვილიშვილი, სათუთად მომვლელი პატარა ბაღისა თავიანთი სახლის წინ, უცხოს ჰგავდა, ნაცნობი ქუჩების დამკარგავ უცხოს.

კიდევ ერთხელ, ეს უკვე მერამდენედ, გამახსენდა წუხანდელი სიზმარი. თვალები დავხუჭე. მძღოლი მეკითხებოდა.

- საით? - ნახალოვკა. თელეთის ქუჩა.

მძღოლმა თითქოსდა სამადლოდ ჩართო ტაქსომეტრი და მანქანა დაძრა. ქურთუკის კალთები წინ წამოვიღე, ჩანთა მუხლებზე დავიდე.

ქუჩის პირას მდგარმა მამაკაცმა აგვიწია ხელი, ჩემოდანი ეჭირა· მის უკან ხელბადურიანი ქალი იდგა. მძღოლმა მანქანა გააჩერა.

- სადგურამდე ხომ ვერ წაგვიყვან? - იკითხა კაცმა დამტვრეული რუსულით.

მძღოლმა მე მომხედა, - შეიძლება? - რა თქმა უნდა.

კაცმა ქალს ბადურა გამოართვა და მანქანაში შემოუშვა.

თვითონაც ჩაჯდა ქშენით, ჩემოდანი და ბადურა მუხლებზე დაიწყო. კაციც ღრმად სუნთქავდა და ქალიც.

- წავსულიყავით ავტობუსით, რა ტაქსები მოინდომე აქა?! - ებუზღუნებოდა ქალი კაცს ოსურად.

მე ბავშვობის სამი წელიწადი ჯავაში მაქვს გატარებული, მშვენივრად ვრატრატებდი ოსურად, ახლაც შემიძლია ცოტა რამ.

- კაი ერთი, - გაუიოლა კაცმა.

- ნახე, რამდენია დაწერილი აქამდე და იმდენი გადაუხადე, რასაც აქედან დაწერს.

- იმდენს გადავუხდი. - დაეთანხმა კაცი.

- ვნახოთ ერთხელ თუ მაინც გამოიჩენ შნოს. მე ტაქსომეტრს დავხედე, 42 კაპიკი ეწერა, ქალი ისევ შეაგონებდა კაცს.

- შენ ამ ქართველებს რას უყურებ, ესენი ნიჩბებით ხვეტავენ ფულს, რაში უნდა მისცე ზედმეტი, ჩვენ ვინ რას გვაძლევს ზედმეტს.

სადგურთან გავჩერდით. სულ რაღაც 40 კაპიკი დამატებოდა ადრე დაწერილს.

- იქით მაინც გაეჩერებინა, - გაბრაზებული ჩავიდა ქალი.

მამაკაცმა მძღოლს მანეთიანი მისცა. მძღოლმა გულგრილად ჩაიდო მანეთიანი, კარი მოკეტა და მანქანა დაძრა. მე მაინც მოვასწარი და დავინახე, როგორ შეაფურთხა ქალმა კაცს.

- რა რჯულის ხალხი იყო? - არ ვიცი. - ავიჩეჩე მხრები.

მამიდაჩემის მწვანე ალაყაფთან რომ გავაჩერებინე მანქანა, 2 მანეთი და 26 კაპიკი იყო დაწერილი. გადავედი და მძღოლს სამმანეთიანი მივაწოდე. იმან ჩემი ფულიც გულგრილად წაიღო ჯიბისკენ.

- ხურდა დამიბრუნეთ. - ვუთხარი მე.

გაუგებრობის გამომეტყველებით ამომხედა, დაიწყო ჯიბეების ჩხრეკვა, ხან პიჯაკის ჯიბეებისა, ხან შარვლისა. კაპიკ-კაპიკ მოაგროვა თეთრი და შავი ფულები.

- აჰა, ორმოცდარვა კაპიკზე მეტი არა მაქვს... ჩვენ ბოდიში.

- ის ორმოცდარვა კაპიკი გამოვართვი, მანქანის კარი მივკეტე და ცოტაზე გამოცილებულმა ვთქვი: - ყველაფერი შენ, შენს ოჯახს.

საშინელ ძალას ვგრძნობდი.

მანქანა ღრჭიალით გავარდა.

 

* * * * * * *

 

აქაურობა ნამდვილ სოფელს ჰგავს. სოფელშიც არ მინახავს ამდენი თუთა, ხურმა და ტალავრები. სახლებიც - შესაფერისად პატარები, შიფერითა და კრამიტით გადახურულები, შუშაბანდიანები, ეზოებში ონკანები უდგათ. მე მიყვარს ეზოს ონკანიდან წყალი რომ მოლიკლიკებს.

კაცის ხელი აკლია მამიდას ტალავერს, შეუწამლავია, ხარიხებჩამომტვრეული.

კაცების საქმე რთულად არის ჩვენს მოდგმაში. ბებია ოცდახუთი წლისა დაქვრივდა, მამიდა -ოცდაოთხის, მე ოცისა ვარ ჯერ, ჩემი მამიდაშვილი თინა - ოცდასამის.

თინაც გაუთხოვარია.

ეს ფიქრიღა მინდოდა! არ დამიკაკუნებია, კარი ისე შევაღე. ბებია მარტო დამხვდა. გაზეთს კითხულობდა. - ბებო გენაცვალოს შენაო! - გადადო გაზეთი, მოიხსნა სათვალე და ხელებგაშლილი წამოვიდა ჩემკენ. ვის ჰგავს მამაჩემი! ბებია მაღალი ქალია. მაკოცა და მომეფერა მშრალი ფაფუკი ლოყით. გამისწორა თმა - მერე დამწია უკან და მიყურებდა.

- ჩემო ლამაზო! ჩემო დახატულო! - კაი, ახლა! - კი, თვალისჩინო, კი. ძალიან ლამაზი ხარ და უნდა იცოდე ეს. ზოგი ლამაზია, მაგრამ ისე გალევს მთელ თავის სიცოცხლეს, ვერასოდეს ვერ მიხვდება ამას და არის სულ უბედურად.

- აპაჰ! - კი, ბებია, კი.

ქურთუკი გავიხადე და საკიდარზე დავკიდე. ბებიამ თეძოსთან მომკიდა შარვილზე ხელი.

- ნამეტანი ვიწრო არა გაქვს ეს შარვალი, ბებო? ცოტა გამოგეშვა, ქართველი გოგო ხარ და უხერხულია ასე, შვილო.

- გამოვუშვებ.

- ცოტა მაინც, ბებო, ცოტა.

- შენ სხვები უნდა ნახო.

- ნუ უყურებ შენ სხვებს. შენ სხვა არა ხარ.

სონატინა კლავესინისათვის! ახლა მე ვაკოცე ბებოს, ჩემი ჩანთა გავხსენი, წამლები ამოვიღე და მაგიდაზე დავუწყე.

- ეს ჰემიტონი, ეს პენტალგინი, ესეც ფხვნილები. რაც გამოწერილი გქონდა, ყველაფერია აქ და მეტი აღარ გავიგონო შენგან - ეს წამალი მინდა, ის წამალი მინდა...

ბებომ ორივე ხელი დაადო წამლებს, თითქოს ეფერებოდა, თან იცინოდა. რა საოცრად იცინიან, ღმერთო, მოხუცები, რა საოცარი სითბოთი და ყოვლისმპატიებელი სიყვარულით! - მეტს აღარ შეგაწუხებთ, გენაცვალე, მეტს აღარ... - ამ თვეს, იმ თვესაც.

- აბა, შენ იცი! ხომ სულ მაგას გეუბნებიან, რომ შენზედაც ბევრი რამ არის დამოკიდებული. შენ თუ იჯექი·და მარტო ეს იფიქრე, აი, ახლა უნდა წამომიაროს ტკივილმა, აი ახლა... რომ არ გტკიოდეს არაფერი, მაინც აგტკივა.

- აღარ ვიფიქრებ, ბებია, აღარ. - სიცილით, რაღაც უმწეო კანკალით წაიღო წამლები თავისი ყუთისაკენ. - ხომ გშია, ბორში გვაქვს კარგი, ახალი ხორცით, მამიდაშენმა აიღო გუშინ, ბორში და უზბეკური ფლავი, თინიკოს გაკეთებული.

- თინაც მუშაობს დღეს? - თინაც, მამიდაშენიც.

ფესსაცმელები გავიხადე, დივანზე დავწექი, გავიჭიმე, გულზე ხელები დავიკრიფე.

უჰ, ამ დროს შოპენის სამგლოვიარო მარში.

- ცოტას დავისვენებ და მერე ვჭიმ.

- კარგი, როგორც გინდა, დაგახურებ რამეს და დაისვენე, რამდენ ხანსაც გინდა.

- ნაქსოვი საბანი მოიტანა, გულზე დაკრეფილი ხელები აქეთ-იქით გადამიყარა.

- რა სისულელეა ეს! დამახურა, ფეხებთან ამომიკეცა.

- პალტოც დაგახურო ჩემი, არ შეგცივდეს.

- არა, რას ამბობ.

მე ხელები ისევ გულზე დავიკრიფე, ოღონდ ახლა საბნის ქვეშ. მსიამოვნებდა...

სიკვდილი.

- მშვენიერი სიწყნარეა თქვენთან, - კი, ჩვენთან სიწყნარეა.

გარეთ ჩიტიც ჟღურტულებდა, - რა ჩიტია, რომ გალობს? - ჭინჭრაქაა, სულელი.

- გაუმარჯოს სულელებს.

- რა თქვი? - მე მძინავს...

ბებია სამზარეულოში გავიდა ფეხაკრეფით, ფრთხილად, ფრთხილად მოიხურა კარი.

საიდანღაც მამლის ყივილიც მომწვდა.

- სულების დარაჯი.

უცებ ჯახაჯუხით, ბურძაყით, ზათქუნით ჩაიარა რაღაც დიდმა მანქანამ, მერე გაისმა ზარის რეკვა, მენაგვეები მოვიდნენ, მერე ჩაიარა კიდევ დიდმა მანქანამ.

თვალები გავახილე, დავხუჭე. კათედრაზე ატოკდა ჩემი ლექტორი, ხელები ასწია მისმა ყბებაბუსუსებულმა ცოლმა. გადავარუნდი და მთვიკუნტე. მაინც არ მომეკარა ძილი. ავდექი. ბებიამ გამოიხედა ჩემს ხმაურზე.

- რა არის? რად ადექი? - მორჩა, დავისვენე უკვე.

- რა დასვენებაა, ოცი წუთი არ იქნება გასული.

- ოცი წუთით ჰორიზონტალური მდგომარეობა სრულიად საკმარისია თანამედროვე ადამიანის დასასვენებლად.

ბებია თავს აქნევდა სინანულით.

- დაიბანე ხელები და მოგიტან საჭმელს, თბილია უკვე.

...ვხვრეპავდი ბორშს და თან ბებიას ვუგდებდი ყურს, რომელიც „წესიერად~ აკერებდა ჩემს ქურთუკს ღილს.

- უნდა გათხოვდე, ბებო. შენ ჭკვიანი გოგო ხარ და უნდა გათხოვდე დროზე და კარგად. არ აყვე ვიღაცების სისულელეებს. კაცისა, ბებია, ფეხით შემოტანილი ტალახიც კი ძვირფასია ოჯახისათვის. მე ოცდახუთის დავქვრივდი, სამი შვილი გავზარდე, მერე რა დროს, და ეს ჩემზე უკეთესად ბევრმა არ უნდა იცოდეს ამქვეყნად. აი, საცოდავი მამიდაშენი, წვალობს, წვალობს... უნდა გათხოვილიყო გოდერძის შემდეგაც.

მე მინდოდა მეკითხა, - მეც რომ მათი ბედი მქონოდა? მაგრამ აღარ ვკითხე, დავეთანხმე.

- უეჭველად გავთხოვდები, ბებო.

- სიტყვას ნუ მიტრიზავებ.

- როგორ გეკადრებათ, ქალბატონო მარიამ.

- სუფრაჟისტკა ქალებზე საზიზღარნი არავინ არიან ცხოვრებაში.

- ვინა? - სუფრაჟისტკა ქალები, ყოველნაირად თავისუფალ ცხოვრებას რომ ითხოვენ.

- მე ეგ არ ვიცოდი.

ბებია გამომცდელად მიყურებდა, ასწია ქურთუკი და თქვა: - ესაც უწესობაა, შენ რომ იცოდე, დაკანკურებული ღილით რომ დადის ახალგაზრდა გოგო.

- ახლა მე შევყურებდი ბებიას. მე იგი მომწონდა - ტუჩები შევიწმინდე, მივედი, დავუცუცქდი წინ, ხელები მუხლებზე ჩამოვაწყე.

- მითხარი, ნამდვილ ქალურად, საყვარელი არასოდეს გყოლია, ბებო? ისეთი სილა მტკიცა, იატაკზე დავჯექი.

მიგიღიათ ასეთი სიამოვნების სილა? უკეთესს ვერაფერს იგემებთ ქვეყანაზე.

 

* * * * * * *

 

მერე მოვდიოდი სოფლური ელფერის ქუჩაში, გამოშუქებულიყო მზე, ძალიან სასიამოვნო, ყვითელი მზე, მსიამოვნებდა ფეხით სიარული.

ერთ მწვანე მესერთან, დიდი თუთის ტოტების ქვეშ, სოფლურადვე, მორზე, ჩამწკრივებულიყო სამი ბიჭი და მზესუმზირის ჩენჩოს შორს გაფურთხებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მე რომ დამინახეს, ერთი წამოდგა, ჩაიბერტყა შარვლის უკანა უბე და დაბლა მსხდართ უბრძანა; - წამოდექით, დებილებო, ზრდილობის ნატამალი აღარ შეგრჩათ შუბლში? ის ორიც წამოდგა, იმათაც ჩაისვეს ხელი შარვლის უკანა უბეებზე და საპატიო ყარაულებივით გაიჭიმნენ ერთმანეთის გვერდით, - თავისუფლად. - ვუთხარი მე.

ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს გაკვირვებით, მე მივდიოდი ტკბილი სასოწარკვეთის ნაბიჯით.

- ვაა, რა ჯიგარია, ტო! - მოიცა, ჩვენი იქნება ვინმე.

ერთმა მაინც დამადევნა. - წინ გიგდია ჩემი გული, დაარტყი ფეხი, არ მიმიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ იშვერდა ხელს ბიჭი, კარგად ვხდებოდი აშკარად. მაგრამ უბნის მთავარ ქუჩაზე გასულს სამგლოვიარო პროცესიამ გადამიკეტა გზა, მოდიოდა მუშა ხალხი, მოასვენებდნენ ჩიხტიკოპით თავდახურულ ღრმად მოხუცებულ ქალს, დუდუკით, დოლით. ნიავი ატოკებდა კუბოდან ამოწეულ ლეჩაქს.

მიცვალებული სანთლისგან გაკეთებულს ჰგავდა, მშვიდი იყო, ლამაზიც კი. ქვითინებდა დუდუკი, ოხრავდა დოლი.

ჩემს გვერდით გაჩერებულმა მოხუცმა კაცმა, - ჩანდა მუშა იყო ისიც, - ქუდი მოიხადა, ორივე ხელით დაიჭირა წინ და ხმამაღლა თქვა.

- წადი, ჩემო დაო, წადი და დაისვენე ახლა.

მე ცრემლი ვეღარ შევიკავე, ცხვირსახოცი მივიტანე თვალებთან. მოხუცი კაცი ახლა მე მომიბრუნდა.

- იტირე, ჩემო შვილო, იტირე. ცრემლი დიდი მადლია ამისთანა დროს.

სირბილით გადმოვჭერი ქუჩა.

ჩვენი სახლის კიბეზე ჩამორბოდა პატარა ბიჭი ლექსო.

- სემიჭკა არ გინდა? - მზესუმზირა.

ჩაიყო ჯიბეში ხელი და, ჩემი პასუხისთვის აღარ დაუცდია, მუჭაში ჩამიყარა ჯერ ისევ თბილი მზესუმზირა.

ჩვენი კარი რატომღაც ღია დამხვდა. შესასვლელში, საკიდარზე, უცხო საწვიმარი და ქალის კარგი საზაფხულო პალტო ეკიდა.

სამზარეულოში დედა დახრილიყო და ჩანთაში ბოთლებს აწყობდა. გაუხარდა ჩემი დანახვა.

- უი, რა კარგია, რომ მოხვედი, დეა უნდა გამეგზავნა ახლა. - მითხრა ჩურჩულით, თან საფეთქელზე ხელს იდებდა. რაღაცას იგონებდა.

- ჰო, მდოგვს თუ იშოვი.

- ვინ არიან? - კიდევ უფრო ჩუმად ვიკითხე მე.

- გოგატიშვილები, ჟუჟუნას ქორწილში რომ რევოლვერს სროლულობდა.

- ისროდა. L! - მოიცა რა! - დედამ ოცდახუთმანეთიანი მომცა.

- ძეხვი, ღვინო... ღვინო ამოიტანე ექვსი ბოთლი „კახეთი~, იოსებას ჰქონია, აბაზს მეტს ღებულობს ბოთლზე, მიაშავე. ღვინო, ერთი კილო ძეხვი, ნახევარფაბრიკატებში თუ კუპატი იყოს, ერთი კილო კუპატი, მდოგვი და ორიც პური.

- თამაზი სად არის? - ჭირში და მოუბრუნებელში. მაჭარაძესთან წაეთრა, რა ხანია.

ფული ქურთუკის პატარა ჯიბეში ჩავიდე.

- მანდ სად იდებ, არ ამოგვარდეს და არ დაგვღუპო, ეგაა ჩვენი ფული სულ.

- ხელით მეჭირება.

ჩანთა ავიღე და, სანამ გარეთ გავიდოდი, ღრიჭოში გავაპარე თვალი.

კარგად ნაპატივები, ნიკაპმოკლე, მხიარული სახის მუქი მამაკაცი მუხლებზე ხელებდაბჯენილი იჯდა და იცინოდა, მაშინვე თვალწინ დამიდგა.

ქორწილი სოფლად. კლარნეტი და დოლი „შალახოს~ უკრავენ. სოფლელი გოგო და ბიჭი ბუქნით უვლიან წრეს, სხვა გოგოები და ბიჭები, ბავშვებიც, არეულად უტყაპუნებენ ტაშს.

გავარდება რევოლვერი - ერთხელ, მეორედ, მესამედ.

შავი „ვოლგა~ ავტორიტეტულად მოიწევს წინ, `ვოლგიდან ხელია ცისკენ აწვდილი, კიდევ გავარდება რევოლვერი.

- გოგატიშვილი მოვიდა! გოგატიშვილი! გოგატიშვილი პრიალა საწვიმარს მიაფრიალებს, ზოგს ხელს ართმევს, ზოგს ჰკოცნის, ამალასავით მიჰყვებიან გახარებულები უკან.

კლარნეტი და დოლი ახლა ბინაში აგრძელებენ „შალახოს~. გოგატიშვილი და პატარძლის მდადე ცეკვავენ. ზოგი სკამზე შემდგარა და ისე იყურება მაღლიდან.

უტაშუნებენ მთელი ძალით. მდადე თავდახრით, სიცილით გადის წრიდან. გოგატიშვილი ოცდახუთმანეთიანს მიადებს შუბლზე მედოლეს და ქუდს დაახურავს, ასევე უკეთებს მეკლარნეტეს. მედოლე ფიცხდება. თვითონაც ბუქნავს.

 

* * * * * * *

 

დამლაგებელმა ქალმა ჩანთაში ჩაწყობილი სავსე ბოთლები მომაწოდა, იოსებამ ძეხვი ამიწონა და ვეება ქაღალდში გამიხვია.

ის რომ ხურდისთვის დაიხარა, მე ქაღალდს ნახევარი მოვახიე, დახლზე დავდე და ხელისგულებით გავასწორე.

იოსება გამოყეყეჩებული მიყურებდა.

მე ხურდა ჯიბეში ჩავიყარე, ჩანთა ავიღე და კარისაკენ წავედი.

- რა გქვიან, გოგო, შენ? - დამადევნა იოსებამ.

- ჯულიეტა.

- ვაჰ! კეკლუცთა ნაბიჯით გამოვედი მაღაზიიდან.

მერე ვიჯექი პიანინოსთან და მეც „შალახოს~ ვუკრავდი. მამა და გოგატიშვილი ცეკვავდნენ, მამა - ისე რა! გოგატიშვილი აზარტით. სიბერისკენ მიხრილი, დამრგვალებული და დანაზებული გოგატიშვილის მეუღლე, დედაჩემი, დეა და თალიკო დეიდა მხიარულად ატყაპუნებდნენ ტაშს.

თამაზი თავისი ოთახის კარში იდგა და იქიდან იყურებოდა - ისიც გაღრეჭილი, მეჩხერკბილებიანი.

მე ვუმატებდი და ვუმატებდი ტემპს.

მამაჩემმა ერთიც ჩაბუქნა და იატაკზე ჩაჯდა სიცილით, - ბრავო! - თალიკო დეიდამ დაიძახა „ბრავო~.

გოგატიშვილი ერთ ხანს მარტო განაგრძობდა ცეკვას, მამა ვითომდა წელნატკენი ადგა, დედას სიმკაცრის ნაპერწკლები უელავდა თვალებში, გოგატიშვილი ჩემთან მოვიდა და თავზე მაკოცა.

ოქრო გოგო ხარ, ბაჯაღლო ოქრო მაგრამ ქუჩაში მაინც არ შემხვდე ეგრე, თვალებზე თმაჩამოფხატული, მე ნუ შემხვდები და ისე, შენ იცი... ·ნურც შენა, მანდ რომ იმალები, - მიმართა ახლა დეას, - შენც ჩემიანი ხარ, დღეის შემდეგ მე ნუ შემხვდებით თვალებზე თმებჩამოფხატულნი.

დეამ დაიმორცხვა, დაიმორცხვა, აღარ იცოდა, სად მიჰქონდა თავი.

- აი, ხომ გეუბნები სულ! - ჩაულაპარაკა თალიკო დეიდამაც.

გოგატიშვილიც რომ დაჯდა, თალიკო დეიდამ ხელი გააპარა დეასკენ და უკან წამოჰკრა.

- დაჯექი სწორად.

...ბოლოს ყველანი ფეხზე ვიდექით. მამაჩემი აშკარად ქანაობდა გოგატიშვილი ლაპარაკობდა ჭიქააწეული: - მე ვენაცვალე ამ ოჯახს, მე ვენაცვალე იმ მადლს, რომელიც ამ ოჯახში ტრიალებს, მე ვენაცვალე იმ სილამაზეს, რომელიც აქ არის გამეფებული, - დალია.

მამამაც დალია, - აღარ დაცალო, ფეხზე ძლივსღა დგახარ. - ეუბნებოდა დედა.

მამამ მაინც დაცალა, გოგატიშვილი და მამა ხანგრძლივად ჰკოცნიდნენ ერთმანეთს. გოგატიშვილის მეუღლე და დედაჩემი ხომ ხელებში უდნებოდნენ ერთმანეთს. ღმერთო, რა დიმილი ჰქონდა ორივეს! პაწაწასავით დამორცხვებული დეა ჩემთან იდგა და მხრით მეხახუნებოდა მხარზე. თამაზი სტუმრების მოტანილ ტორტს ჭამდა უკვე.

მე და დეა სუფრას ვალაგებდით, დედა და თალიკო დეიდა ჭურჭელს რეცხავდნენ. დაირეკა ზარი. მე გავაღე.

შემოვიდა აბუზული ლექსო, უკან დედა მოსდევდა.

- მომკალით, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ მეტი გზა არა გვაქვს, მაიკო, გენაცვალე, ხვალ დილით მიდის მასწავლებელთან და ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც შეუმოწმე, თუ რამე ეშლება.

მე თავზე დავადე ხელი ლექსოს, ლექსომ ჯიუტად გააქნია.

- დაჯექი, დაუკარი! ლექსო მივიდა, პიანინოსთან დაჯდა, თითქოსდა გაჭირვებით გადაშალა ნოტები, ხელები გრძლად ჩაუშვა დაბლა, - დაიწყე ბიჭო! - წამოიწია დედამ.

ლექსომ დაიწყო ჩერნი.

მე თან სუფრას ვალაგებდი, თან შენიშვნებს ვაძლევდი: - რბილად! რბილად! მივედი, მაჯაში ხელი მოვკიდე და მოვადუნებინე.

- ასე, ხომ ხედავ, ასე.

...სულ ბოლოს მამა საპირფარეშოდან გამოვიდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. დედამ მითხრა, - შენ მიხედე, ცუდად არ გახდესო. მე ხელები გადავიწმინდე და მამასთან წავედი. მამა საწერ მაგიდასთან იჯდა, ხელები თავზე ჰქონდა შემოწყობილი და ფურცლებად დაშლილ სამუშაოს დაჰყურებდა.

ამომხედა.

- მთვრალო! მთვრალო! - გაბრაზება დავუწყე მე.

მამა ალერსიანი თვალებით მიყურებდა და ეცინებოდა.

- ბეიტე მენია ბესპოშჩადნო! პატარა შეყოვნების შემდეგ კი თქვა: - თუ იცი შენ, რისთვის იყვნენ ეგ პატიოსანი გვამები? მხრები ავიჩეჩე.

- მოვიდნენ და პირი გვიკითხეს. იმ ქალის დისწულისთვის მოსწონხართ, თურმე, „გენიალური ბიჭისთვის~ აქვს ბინა, ჰყავს მანქანა, მუშაობს უკვე ხელმძღვანელ სამუშაოზე. თუ შეყვარებული არა ჰყავსო, შენზე, თუ ისეთი შეყვარებული არა ჰყავსო, გავაკეთოთ ეს კეთილი საქმეო.

მე თემური გამახსენდა, თავისი მოშტერებული თვალებით.

- შენ რა უთხარი? - მე კეფა მოვიფხანე.

- დედამ? - დედამ ოდნავ აიჩეჩა მხრები.

- მაინც როგორ გავაკეთოთო ეგ საქმე? - გავაცნოთ ერთმანეთიო, გაიარონო...

- იდიოტები.

- ეგეთი სიტყვები არ იყოს, სტუმრებზე ეგეთი სიტყვები არ იყოს! - იდიოტები. - ვიმეორებდი მე.

მამა წამოდგა, ტრელაჟთან მივიდა, წითელი ძაფით გადაკრული პაკეტი მოიტანა და გახსნა. შიგ იყო ჩაის თეფშის ოდენა, კარგად მოხატული თასი. მამამ თასი ამოაბრუნა, ვერცხლიაო. ხელში წონიდა და ისევ ჩასცქეროდა ამობრუნებულს, სუფთა ვერცხლიაო.

დამარცხებულების ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს.

მამამ ნერვიულად აკრიფა ტელეფონის ნომერი, მე უკვე ვიცოდი ვისთანაც რეკავდა. გავიდა.

- სად ჯანდაბაში იყავი დაკარგული?! გადარჩი მაიმუნის პერანგის ჩაცმას. მე? მე ფრანტივითა ვარ გამოწყობილი ყელამდე, ბაბოჩკით. ხომ არ გავსულიყავით ხვალ სადმე? თუ არ გავიწმინდე ცოტა, ასე მგონია, ქონი და ზინთი დამახრჩობს...

შენა, მე და, წამოხვალ ჩვენთან, მაიკო? - სადა? - სადმე, რა ვიცი.

- წამოვალ, ძალიან სიხარულითაც.

- მე შენა და მაიკო დიდი სიხარულით, სალომეს თემა აქვს დასამთავრებელი, დღევანდელი დღეც გაუცდა. მეეჭვება სეირნობისთვის მოიცალოს. გნახეთ გასუქებული, მამამ ყურმილი დადო, საყელო გაიღეღა.

- გააღეთ რა ფანჯრები! ასე მგონია, ვიგუდები. პაპიროსის ნამწვები და ფერფლი მოაშორეთ პირველ რიგში.

დივანზე გადაწვა.

- თქვენთან ბოდიში.

- აბა, აბა, ეგრე არა, ხომ იცი, ეგრე არ დაგაძინებთ.

მამა ყელს მიწევს, - სულ ცოტა ხანი .

- არა, არა, ადექი.

ადგა, ხელები შარვალზე გაისვა, - ჭუჭყიანი ხომ არა ვარ მართლა? ვფიქრობ: რომ გაჰყოლოდა, მშვენიერი მსახიობი იქნებოდა მამა. სტუდენტობისას, პირველ კურსზე, გორკის კლუბში თუ სადღაც უთამაშია სპექტაკლებში, მსახიობი მამა!...

 

* * * * * * *

 

გულაღმა ვიწექი და ბებიაზე ვფიქრობდი: ნუთუ მართლა, მართლა...

მუხლებზე მდგარი ვეხვეწებოდი: - მაპატიე, ბებო, მაპატიე.

ბებია გაქვავებულივით იჯდა.

- მაპატიე, ბებო, რაღაც ჭკუაზე გადასულივითა ვარ დღეს.

ბებია ისევ გაქვავებულივით იჯდა.

აუტანელი მორჩილებით იღიმებოდა ყბაზე ხელმიდებული თემური.

ჟურნალი მედო გულზე. მოვისროლე და კედელს მივახეთქე. შემოვიდა დედა.

- რა იყო? - იკითხა შეშფოთებულმა, - არაფერი, ჟურნალი დამივარდა.

დედამ გახედა კედელთან დაპირქვავებულ ჟურნალს, მერე მე შემომხედა და გავიდა, მაგრამ მაშინვე შემობრუნდა. ხელში მაკრატელი ეჭირა.

- მძინარეს უნდა შევაჭრა.

ახლა მე შევხედე დედას მძიმე საყვედურით. აშკარად აიბნა: - აბა, მაშ რა ვქნა, როგორ მოვიქცე! - მე შევაჭრევინებ, მე წავალ ორშაბათს მაგის დამრიგებელთან, შენ ნუ რაა, დედა, შენ ნუ! დედა მთლად გაუმწეოებული იდგა. მე წამოვიწიე.

- მოდი, გაკოცო! მოდი რა! დედა წამოვიდა.

მერე ჩემს საწოლზე იჯდა, მე ვუყვებოდი ჩემს სიზმარს, დედა მაინცა და მაინც არ შეშფოთებულა სიზმრით.

- ბებიას არ მოუყევი? - არა.

- ბებიასთვის უნდა გეთქვა და ის აგიხსნიდა ყველაფერს. თუმცა რა, ბებერი ქალის ამბავი დღესვე აგიხდა...

იმასაც გაეცინა, მეც: - ლომი კიდევ.., მოგეახლება რომელიმე მუტრუკი და ეგ იქნება, სხვა რა.

- იი! მე ისევ წარმომიდგა ყბაზე ხელმიდებული თემური. საოცრად ცხადად მომესმა ლომის დვრინიც. თვალები დავხუჭე.

ვინც რა უნდა თქვას და მე კი ასე მეჩვენება: უამრავ ხლართებად რომ ხატავენ ადამიანებს თანამედროვე მოდერნისტი მხატვრები, ძალიან მართლები არიან, საშინლად მართლები! * * * დილით სარკეში ვუყურებდი რაღაცნაირად გამოშტერებულ ჩემს სიფათს და ვამბობდი: - დავაჭერ დღეს ენაზე კბილს და ვიქნები სულ ჩუმად.

ჩუმად ჩავუჯექი ლადო ბიძიას თავის ძველ „მოსკვიჩში~. მამა უკან დაჯდა, მამამ იქ ისურვა. რაღაცას ფაცურობდა ლადო ბიძია, - ის სულ ფაცურობს და კეფის ფხანით ფიქრობს. ამან თუ დააფრთხო ქალები მისგან, - როგორც იქნა, მოვიდა, მიუჯდა საჭეს, - ქამარი გადმოიგდე მხარზეო, - თვითონაც, მოსაჩვენებლად, მარცხენა მხრიდან მარჯვენა ჯიბესთან ჩაიგდო ქამრის ენა, გაიჭიმა: - წავედით.

- მე უკვე წასული ვარ, - თქვა უკანა საზურგულს მიწოლილმა და თვალებმილულულმა მამამ.

- ხელიდან - კი, დიდი ხანია. ო, ეს ჩვენებური ენით კენწლაობა! - თამაზი მაინც რატომ არ წამოიყვანეთ? - გოგოს დაბადების დღეზეა წასასვლელი ხუთი საათისთვის.

- უკვე დაეწყო ეგეთი რამეები? - შენ დაგასწრებს ცოლის მოყვანას, - მე - კი.

ეღიმებოდა ლადო ბიძიასაც, მაგრამ მშვიდი არ იყო ეს ღიმილი, ყოველ ახლო გამოვლილ მანქანას ადევნებდა: - ქაჯი ხარ, შენი... რქიანი.

- შენ მანქანაზე ვინ დაგსვა, ნეკერს უნდა კორტნიდე სოფლის ბოლოში.

- გამოიხედე, გამოქლიავებულო! - პატივცემულო, - შენიშნა მამამ, - მანდილოსანი გიზით გვერდით.

- მანდილოსანი თუ ჯინსოსანი? - დღეს სულ ერთია.

- ჩვენ ბოდიში, - მომიბრუნდა ლადო ბიძია მე, ცოტა ხნის მერე კი: - შენ როდის გვაჩვენებ სასიძოს? - შაბათს.

საჭე აერია, შემომხედა მკაცრად, - შენ ხომ იცი, ტყუილები არ მიყვარს, - არც მე.

გაიჭიმა, მთელი ძალით დააწვა გაზს., მამამ სიმღერა წამოიწყო.

ვაჟსა რომ ცოლი მაუნდეს, ფანდურსა დაუამდება, ქალსა რომ ქმარი მაუნდეს, შან ჯალაბთ გაუჟავდება.

ლადო ბიძიამ სასოწარკვეთით დაღუნა თავი, - თუ არ გაჩუმდები, ჩადი, მამა გაჩუმდა.

- სუფრასთან კიდევ ჰო, - მე მომიბრუნდა ლადო ბიძია, - აქ, ამისთანა მოძრაობაში შეიძლება ჩემი განერვიულება? - ერთი შენა გვყავხარ სარაჯიშვილი.

- შენთან შედარებით, ბიჭო?!., მე მამას მივხედე, თვალებმილულული ნეტარებდა.

- როგორ თქვი, მამა? ლექსად მითხარი მარტო.

მამამ ნელ-ნელა თქვა, ზემოთ რაც ჩავწერე.

- გენიალურია. გაგვაჩერეს. ავტოინსპექტორმა ხელი ასწია შუბლთან.

- თქვენი დოკუმენტები. - წამოიხარა ფანჯარასთან.

ლადო ბიძიამ მშვიდად მიაწოდა დოკუმენტები, ინსპექტორმა ქამარს მოჰკიდა ხელი, დააჩხარუნა და მრავალმნიშვნელოვნად მოგვაჩერდა.

- ახლა ავიხსენი. - თქვა ლადო ბიძიამ.

თქვენცა, ქალიშვილო? - მე არა, მე ასე მქონდა თავიდანვე.

- გმადლობთ.

ლადო ბიძია მანქანიდან გადავიდა.

ინსპექტორმა ჯერ წინიდან შეხედა მანქანას, მერე უკან წავიდა. ლადო ბიძიაც გაჰყვა. იქ რაღაცას ლაპარაკობდნენ. ინსპექტორმა დოკუმენტები დახურა. ცოტაზე წინ წამოვიდა და თქვა: - ბავშვებს ნუ ასწავლით ტყუილს.

ლადო ბიძიამ მადლობა გადაუხადა და საჭეს მიუჯდა.

- რა თაფლივით ბიძაა, - ვთქვი მე.

ლადო ბიძიამ გამწყრალმა მომხედა.

- დაიმახსოვრე, რომ სამი მანეთი გმართებს.

მამაჩემს განცხრომით გაეღიმა.

ნატახტარიდან სულ სწორედ გაიჭიმა გზა.

მამამ ითხოვა და ჭოპორტის ხიდთან მიგვიყვანა ლადო ბიძიამ. მამა გადავიდა, ლადო ბიძია შეფიქრიანებული უყურებდა.

- ცუდად ხომ არა ხარ? მამამ თავი გააქნია. მეც გადავედი, მეც გავყევი უკან.

- ცუდადა ხარ? - არა-მეთქი, აკი გითხარით.

ერთ ხანს დაშტერებული დაჰყურებდა დაწმენდილ, დაპატარავებულ არაგვს, მერე სახელოები აიკაპიწა და ხელები წყალში ჩაყო თითქმის იდაყვამდე.

- ჩაყავი შენც. - მომიბრუნდა მე.

მეც ჩავიჩოქე და ხელები წყალში ჩავყავი. წყალი სასიამოვნოდ ცივი იყო, ალერსიანი. დაბლა, ფსკერზე, პატარა კენჭებიც კი ჩანდა. მამა ამბობდა.

- არაგვი წმინდა წყალია. აქედან სისუფთავე და სიჯანსაღე უნდა შემოვიდეს ჩვენში.

ლადო ბიძია ჯერ ირონიული ღიმილით გვიყურებდა, მერე ისიც მოვიდა და იმანაც ჩაყო ხელები.

- სანამ გაგიბუჟდებათ! - გვასწავლიდა მამა.

- პოეტები ხართ მთელი ოჯახი. - ეცინებოდა ლადო ბიძიას.

- პოვეტები. - თქვა მამამ. ყველანი კარგ გუნებაზე დავდექით. დიდ გზაზე ამოვბრუნდით. კინოკადრებივით მეჩვენებოდა გზისპირები. ქალსა და კაცს ჯოხის ცემით მიჰყავდათ ფეხზე თოკებშებმული ტალახიანი ღორი. არაბივით შავი და მაღალი პაპა ბედნიერი ღიმილით სვამდა სახედარზე პატარა გატიკულ ბიჭს. მეორე პაპა ქოქავდა დაძველებულ, დაჭეჭყილ მოტოციკლს, რომლის ნავში იდგა რქებდაგრესილი ყოჩი. ბაღებში ჯერ ისევ ესხათ ვაშლებს. მესერის ძირას დომინოს თამაშობდნენ ბიჭები. ყველაფერ ამას კი მაღლიდან ედგა რაღაც სუფთა, ნათელი თეთრი ოღრუბლები.

თეთრი ღრუბლებით იყო დაფარული ანანურის ცაც. საზეიმოდ იყო მიხატული ზედ ტაძრის გუმბათი და ციხის ქონგურები. ჩვენ ვათვალიერებდით ნაღვლიან კედლებს, ხელს ვადებდით ზედ. მამა თითქოს თავისთვის, მაგრამ ნერვიული აგზნებით, სიტყვების ტკეპნით ლაპარაკობდა: - ჩვენი დიდებული ისტორიის ერთი სამახსოვრო ფურცელი... შეიტყო მთელი ოჯახით თბილისში მყოფმა შანშემ, ერისთავმა ქსნისამ, დარბევას უპირებდნენ ყიზილბაშები. აჰყარა ცოლ-შვილი, გააპარა ქალაქიდან ღამით. მთელი ღამე იარეს ქალრძალმა და ბავშვებმა, დილისთვის ამოაღწიეს მთებამდე. აქ უკვე სამშვიდობო იყო.

ყიზილბაშებს ყოველთვის ეშინოდათ მთებისა. მაგრამ ლტოლვილებს სწორედ აქ დაატყდათ უბედურება. სანადიროდ გამოსულმა არაგვის ერისთავმა უთრუთმა შეიპყრო ყველანი, ქალ-რძალი შებილწა, მათი საწმერთულები დროშებივით გაჰკიდა აქ მდგარი ხის ციხიდან, შემდეგ კი შანშეს ცოლ-შვილი სპარსელებს ჩააბარა. თავზარდაცემულმა შანშემ ლეკები დაიქირავა, ანანურს შემოეწყო, აიღო და ხის ციხეში შეკეტილი უთრუთი თავისი ცოლ-შვილით ცეცხლს მისცა. დღესაც კი ესმით, თურმე, ანანურელებს ქალებისა და ბავშვების საზარელი კივილი. შანშე? შანშე·გულდაარხეინებული უშვერდა ხელებს ცეცხლს...

ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ მაინც ამიფორიაქდა ნერვები.

ლადო ბიძია ბავშვივით ატყაპუნებდა ხელებს ტაძარში, აკუსტიკას უსინჯავდა.

მერე ამღერდა კიდეც: - უფალოო! უფალოო! თან მეც მანიშნებდა, ამყევიო. მე თავი გავაქნიე.

მამაც შევიდა. და უცებ შევამჩნიეთ: საკურთხევლის სიბნელეში წამოდგა შავი, შავითმოსილი ქალი. ხელები უმწეოდ ჰქონდა დაშვებული, უმწეოდ იყურებოდა ჩვენკენ, სანთლისფრად უბრწყინავდა თვალები და ცრემლით სველი ღაწვები...

აშკარად გამოგვდევნა იმ ქალმა ტაძრიდან.

ბოლოს მიმდგარი ვიყავი ციხის სარკმელთან და ვიყურებოდი დაბლა.

დამეხვა თავბრუ და დავიწიე უკან, ისევ წავედი წინ.

ახლაც კი მბურძგლავს იმის წარმოდგენა, ციხის ეზოში ზრიალით გარბოდნენ ბოკვერებივით მკვრივი, ხელშუბებშემართული პატარა ბიჭები და გოგოები.

- ააა!., მწვდებოდა მათი გამწარებული ხმები. გატყორცნილი ხელშუბები კედელს ეხლებოდნენ და უკან ცვივდებოდნენ უმწეოდ. ბავშვები დაჩოქილები იდგნენ.

ძუძუსთავები ამტკივდა ცუდად, ჯვარედინად დავიფარე ხელები. მეც ჩავიჩოქე.

- ლოცულობ, გოგო? - წამომადგა თავს ლადო ბიძია, იგრძნო არ იყო საჭირო ჩემს ყოფაში ჩარევა. უსინათლოსავით ჩამოვდიოდი დახვეულ კიბეზე.

 

* * * * * * *

 

ლადო ბიძია სიმღერის გუნებაზე იყო. ძრავა ჩართო, წაიღიღინა: ხინკალს გაჭმევთ იმისთანას, რომ ჩაატანთ თითებს თანა.

- არ არის ჩაკეტილი შენი კარი, - გააფრთხილა მამა.

- ვაჰ! - მოიჯახუნა კარი მამამ.

- გმადლობ! ხელები მუხლებზე მეწყო და ისე გავყურებდი გზას.

- ცუდადა ხარ შენ? - მე მკითხა ლადო ბიძიამ.

- არა.

- აბა, მოგეწყინა ბებრებში? - რაზე მატყობთ? - სულ გაჩუმებული ხარ. შენ ხომ იცი, არაფერია მუდამ ჩუმად მყოფ ქალზე უარესი. ქალი თუ არ ჭიკჭიკებს და გალობს, ისე რა ქალია.

- დიდი გამოცდილება აქვს მაგ საკითხში, დაუჯერე, - მითხრა თითქოსდა უკვე მთვლემარე მამამ.

- ნეტავ ამ ბოღმის გუდას შინ როგორ აჩერებთ ან დედაშენი, ან შენ! - ლადო ბიძიამ ბრაზით გადართო სიჩქარე.

სასადილოში შესვლა იყო და გარმონიც გასწიეს: ბევრმა დრომ ჩამაგიარა, აეგეთმა კი არ როსა, გაგახვრევინებს სიკვდილი, - ვაჟო, საკუთარ გალოსა.

მთიელი ბიჭები ქეიფობდნენ, ქალაქურად ჩაცმული მთლად ახალგაზრდა მთიელი ბიჭები. ორი მაგიდა შეეერთებინათ, რვანი იყვნენ მედოლე-მეგარმონესთან ერთად. კიდევ - ერთ კუთხეში სამი ხნიერი კაცი იჯდა, მათლაფაში პურჩაყრილ წვნიანს ჭამდნენ, ქუდები ეხურათ. დანარჩენი მაგიდები ცარიელი იყო.

- ნახეთ, რეებს მღერიან! - კმაყოფილებით. იღიმებოდა ლადო ბიძია და თან ამორჩეულ მაგიდას ამოწმებდა, ხომ არ ყანყალებსო, - მოგისმენიათ სხვაგან ეგეთი რამეები? ყველას სიამოვნების ღიმილი გადაგვდიოდა სახეზე.

მე დამსვეს მოქეიფეებისკენ გვერდშექცევით, მამა და ლადო ბიძია კი ბუფეტისკენ წავიდნენ.

ისევ გამოვარჩიე სიტყვები სიმღერიდან; შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა...

მოულოდნელად სწრაფად მოიტანეს ყველაფერი მამამ და ლადო ბიძიამ. ლუდი - მამაჩემისთვის, ლიმონათი - ჩემთვის და ლადო ბიძიასთვის, და ხინკალი ბლომად, თანაც გახუხული ხინკალი. ლადო ბიძია მთლად გახარებული იყო, ასე რომ გაუმართლდა.

- ბერწი ძროხისა, ცოტა ღორისსორცგარეული გახუხული ხინკალი, ერეკლე მეფეს რომ უყვარდა! აბა, მიირთვით! შემომთავაზა მე. ავიღე ორი თითით.

- ორი ხელით, ორივე ხელით! შევაშველე მეორე ხელიც, - უუ! - იძახდა მამა.

- დახურა ყველაფერი, - აბა რა, არიან მთაში ხინკლის დიდოსტატები.

ისევ გასაგონად ჩააწყო სიტყვები მედოლემ, მოვა სიკვდილი უენო, ერთ წამში აგვყრის იარაღს, ჩვენ რას წავიღებთ ქვეყნიდან, სხვას არა წაუღიარა...

- როგორია? - ახლა სიმღერას გვახარბებდა ლადო ბიძია.

- ეგ მთლად გიჟებისაა. - ხინკალში ამბობდა მამა.

წამოვიდა შინდისფერსვიტერიანი ახალგაზრდა, ოცი-ოცდაერთი წლის, მაღალი და პირთხელი, შავი, შავქოჩრიანი, გრძელხელება, ცოტა ფეხმორბილებული.

- ერთი წუთით შეგაწუხებთ. - და პასუხისთვის აღარ დაუცდია, ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. ხან მამას უყურებდა, ხან ლადო ბიძიას.

ლადო ბიძია ჯერ მკაცრად უყურებდა, მერე ხინკალი შესთავაზა.

- მიირთვი და გისმენთ.

- მადლობელი.

ისევ უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს, ბოლოს თქვა: - ამ ზაფხულს გამოცდებზე ბრძანდებოდით ორივენი, არა? ლადო ბიძიამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს.

- კი, ვიყავით.

კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა, ის ლურჯსვიტერიანი, ზემოდან რაღაც ფრენჩგადაცმული. ჩვენს მაგიდასთან მჯდარს ჩაეჭიდა, თავისკენ გაქაჩა.

- წამო, რა, წამო, შენ გენაცვალე! - მოიცა, - მკლავის გაქნევით გააშვებინა ხელი ჩვენთან მჯდომმა. წადი, შენ დაჯექი შენ ადგილას.

მე წამოვიწიე.

- მოიცათ, ჩემო დაო, ხულიგანი კი არა ვარ, ორიოდე სიტყვა მათქმევინეთ ადამიანს ადამიანებთან.

მამამ ხელი მომკიდა და დამსვა. მედოლემ ახალი სიმღერა დაიწყო: ჩამოწვნენ შავნი ღრუბელნი, თეთრისა თოვლის მთოვარი, ვაჰმე, რა ყროლნი მოდიან, ლამაზი ქალის მთხოვარნი...

ჩვენს მაგიდასთან მჯდარმა ბიჭმა ხელი მაღლა ასწია და მკაცრად დაიძახა.

- გაჩუმდით მანდ ცოტა ხანსა.

მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა.

- მიირთვით, მიირთვით, ჭამას ნუ შეწყვეტთ.

მამამ ახალი ხინკალი აიღო, მეც მანიშნა, აიღეო.

- თქვენ, - თითი მიიშვირა ბიჭმა ლადო ბიძიასკენ, - თქვენ დამიწერეთ სამიანი, ძალიან გეხვეწეთ, მაგრამ მაინც დამიწერეთ სამიანი და იმან გადაწყვიტა ჩემი ბედი, ვერ მოვხვდი, თქვენ ობიექტური იყავით საოცრად. ობიექტური იყავით იქ, იმ მომენტში, მაგრამ აი, ახლა, აი აქ გეკითხებით, როგორც ადამიანი, ადამიანს, კაცი კაცს, ნუთუ ეგრე ხართ მოწყვეტილი ცხოვრებას, რომ არ იცით, სულ არ იცით, სად რა ხდება და როგორ ხდება? ნუთუ არ იცით, რომ ფულიანი ძიები, თქვენ რომ გპარავენ, მე რომ მპარავენ, ყველას რომ პარავენ, ათასნაირ რეპეტიტორებს ახვევენ თავიანთ. შვილებს და ფულიდან გასული ცოდნით ჭყირპამენ პირველი კლასიდან უმაღლესში მოწყობამდე.

თქვენი მტკიცე ობიექტურობით ხომ იმ ფულიანი ბიძების დასაცავად კრავთ ჯაჭვივით მაგარ წრეს და ჩემისთანა კაცს, აი, ჩემნაირ ხელებიან კაცს, - გამოშალა ხმელ-ხმელი, შავი, დიდი, ძლიერი ხელები, - აემნაირ ხელებიან კაცს არ აჭაჭანებთ იმ ჯაჭვის შიგნითა. თქვენ ხომ მაყუთბაზების მხარეზე ხართ, თქვენ ობიექტურობით, ნუთუ არ იცით თქვენ ეს?! ლადო ბიძია მოსაჩვენებელი გულგრილობით სვამდა ლიმონათს. მერე ამბობდა: - თქვენს ასაკში, ყმაწვილო, კაცმა ისიც უნდა იცოდეს, სად რა ტონით არის საჭირო ლაპარაკი, - ბოდიში, ყველასთან ბოდიში, აი, ხმას მთლად ვიდაბლებ და ისე გეკითხებით, იცით-მეთქი თუ არა, რომ თქვენი ობიექტურობით მპარავებსა და მძარცველებს ეხმარებით ხშირად.  - სულ ერთია, ჩვენ მაინც ცოდნას ვიცავთ.

- მოიცა, - შეაჩერა მამა ლადო ბიძიამ, - ჩვენ გამოცდების პერიოდში გამომჟღავნებულ ცოდნას ვიცავთ. კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია ისეთი მანქანა, გაარკვიოს, როგორა აქვს მიღებული აბიტურიენტს ეს ცოდნა, რეპეტიტორების მეშვეობით, თუ პირადი გარჯილობით.

- მაგას მანქანა რათ უნდა,·მაგას კაცობა უნდა.

ლადო ბიძია წამოდგა.

- დაბრძანდით, - წამოიწია ბიჭმაც, - მე ჩხუბს არ ვაპირებ და ნურც თქვენ იფიქრებთ სხვა რამეს. ამაზედაც დიდ, უზარმაზარ ბოდიშს მოვიხდი, რის უფლებაც მივეცი თავს, მაგრამ ბოლომდე მაინც უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. გეთანხმებით, ბატონებო, თქვენც გიჭირთ, თქვენ ცოდნის შესამოწმებელი მანქანა არა გაქვთ და სხვა, მაგრამ, მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, როცა დამაფიქრებლად გვიჭირს ყველას, სწორედ მაშინ ნუ ვაჩვენებთ უდარდელი ყმაწვილების ნიღბებს სხვებს. · იბრუნდა და წავიდა.

ლადო ბიძია და მამა გამტკნარებულები იდგნენ ერთხანს. მერე ლადო ბიძიამ ხელსაწმენდი დააგდო და ბიჭის სუფრისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ მე გადავუდექი წინ.

- კარგით რა, ლადო ბიძია! მთვრალია საშინელი! მთვრალები არიან სუყველანი.

მედოლემ სიმღერა წამოიწყო; დედას რათ უნდა მრავალი, ერთ უჯობს დაღურბლებული...

მოვიდა ლურჯსვიტერიანი ბიჭი.

- აპატიეთ რა, აპატიეთ, თქვენ გენაცვალეთ, თუ რამე გაწყენინათ. დღეს მაგას ყველამ უნდა ვაპატიოთ! მაგას რომ გოგო უყვარდა, სხვაზე გათხოვდა.

მამას შვებით გაეღიმა და ასევე შვებით ჩაჰკიდა ხელი ლადო ბიძიას.

წამოვედით. მე მახსენდებოდა წინაღამის ჩემი სიზმარი, მესმოდა ლომის დვრინი, ანანურის ციხის გალავანთან დაჩოქილი ბავშვების ქვითქვითი, რაღაცნაირად არეულიყო ცაც, და მეჩვენებოდა რომ სიცხეს მაძლევდა.., * * * - ჩვენი ინტელიგენტობა! - იგესლებოდა ლადო ბიძია, - ვიღაც ლაწირაკს ვიღაცა კახპა გაუთხოვდა და მე უნდა ვყლაპო დამამშვიდებელი აბები.

- ნელა იარე, თუ ძმა ხარ, - გააფრთხილა მამამ.

ხმას აღარ ვიღებდით არცერთი. ლადო ბიძიას მაინც სწრაფად მიჰყავდა მანქანა.

ჩამდგარიყო სახეშეშფოთებული სოფლელი ქალი გზაში და ორივე. ხელი აეწია მაღლა.

- ეს გიჟიღა მაკლდა! - გააჩერე, იქნება რა უჭირს.

ლადო ბიძიამ მჟავედ მიხედა მამას და მანქანა გააჩერა.

- თქვენ გენაცვალეთ, თქვენი მუხლების ჭირიმე, პატარა ბიჭი გვყავს ავად და იქნება წაგვიყვანოთ.

- სად არის ბიჭი? - აქ არის, აი, ამ სახლში.

- გამოიყვანეთ.

ქალი ძახილით წავიდა, - გულქანო! გულქანო! გამოიყვანეთ, გოგოო! სახლის დაბლითა დერეფანში ფუსფუსი ატყდა, თხუთმეტიოდე წლის გოგოს გულთან მიხუტებული ბავშვი მოჰყავდა, მეორე გოგოს, უფრო პატარას, გატიკული ჩანთა მოჰქონდა.

ჩავისხით ქალი და ბავშვი. მე მამას შევუცვალე ადგილი. დავიძარით. ეს იყო წლინახევრის დიდთვალება ბიჭი, სულ ნაქსოვებში შებორბლილი - სვიტერში, შარვალში, ქუდში.

- პარასკევს უნდა ჩამოსულიყვნენ ამისი დედ-მამა, იდარდა თუ რა არი, არ ვიცი, ოცდაცხრამეტი მისცა სიცხე, - დაჰფოფინებდა ქალი.

- ექიმს არ აჩვენეთ? - ვკითხე მე.

- სად არი ჩვენ სოფელში ექიმი, ექიმი არა, ჭირია ჩვენი თავისთვის.

- მოდი ჩემთან! - ვეუბნებოდი ბიჭს. ის დიდი პრიალა და ნაღვლიანი თვალებით შემომყურებდა. - მოდი ჩემთან! - არ მოვა, ეგეთი ხასიათი აქვს, არავისთან არ მიდის.

თავთან შედარებით ხელები პატარა ჰქონდა, პატარა და ყვითელი. თვალები - მიუსაფრობის სევდით სავსე.

- პატარავ! პატარავ! კარგო! მოვკიდე ცხელ ხელებზე ხელები, შევატყუპე, ვაკოცე.

ბიჭი ატირდა.

- არა, ბებო გენაცვალოს, არა! კარგი დეიდაა ესა.

ბიჭი უკვე ბრაზიანი თვალებით შემომყურებდა. მერე მიეძინა.

თბილისში ცოტა მოეწვიმა. მაინც ახალგაზრდობით იყო სავსე მთავარი ქუჩები. ბრბოდ იდგნენ კინოთეატრის წინ. მათ ზემოთ - რეკლამა, რევოლვერგაწვდილი ქალი. ინდოეთი თუ მექსიკა? დაურიდებლად გადაგვირბინეს ხელი-ხელ ჩაკიდებულმა გოგომ და ბიჭმა. ლადო ბიძიამ დაამუხრუჭა.

- ეს კრეტინებიღა მაკლდნენ?! - ამოიძახა უმწეოდ.

გოგოსა და ბიჭს არც კი გამოუხედიათ ჩვენსკენ.

სადღაც არსენალთან ავედით. ბიჭს მშვიდად ეძინა ბებიას კალთაში.

გავჩერდით პატარა, სახელდახელოდ აქოხმახებულ სახლებს შორის, ფიცრის გადაზნექილ მესერთან.

კიდევ ერთი ტკივილი მთელ სხეულში - ქალმა ფულის გადახდა მოინდომა, - ნუ წუხდებით, ქალბატონო. - ყრუდ თქვა ლადო ბიძიამ.

მე ხომ ხელებიც დავუჭირე.

- რა ვიცი, რა ვიცი. ისე ვარ დაბნეული... თქვენ გენაცვალეთ, ათასად შეგემატოთ, თუ რამე დაგაკელით დღესა.

მეც ჩავყევი ქალს - ჩანთა მე მიმქონდა. ქალი ისევ ილოცებოდა. ფეხით შეაღო ალაყაფი, შევედით. შემორკალული იყო პატარა შუშაბანდებით ეზო. ქალმა აქაც ფეხით მიაკაკუნა ერთ კარზე.

- გამოგვხედეთ! კარი გააღო თავწახვეულმა ჩემი ხნის გოგომ.

- ვაიმე! - ნუ შეგეშინდება, სძინავს.

- რათ ჩამოხვედით? - აი, ის გამოართვი, გოგო მომესალმა და ჩანთა ჩამომართვა.

- მობრძანდით სახლში, სახლში შემობრძანდით.

- არა. მელიან. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად გყავდეთ ეგ კარგი ბიჭი.

შემოვბრუნდი, გამოვიქეცი. თან მომდევდა ქალის ლოცვა: - გაიხარე და გამრავლდი. სიკეთე ნუ გამოულიოს თქვენს ოჯახებსა და მოდგმას.

 

* * * * * * *

 

ლადო ბიძიამ მორჩილების ნიშნად თავდახრილმა გააჩერა ჩვენთან მანქანა.

ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს.

- ეგეც ჩვენი განწმენდა და გადახალისება! - აბა, აბა! - ხელები გადაფშვნიტა მამამ. - ამოდი რა, ერთად ვივახშმოთ.

- არა.

- ამოდით რა, გეხვეწებით, ლადო ბიძია.

- არა.

- მაშინ დიდი მადლობელი ჩვენ.

- რა ბრძანებაა, ბატონო.

- ნახვამდის. - ღაწვისთავზე ვაკოცე ლადო ბიძიას, - ნუ ნერვიულობთ.

- არაფერსაც არ ვნერვიულობ. რაკი შენ მაკოცე, სანერვიულო რაღა მაქვს. ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა და ხელი მაღლა ასწია.

- ბახ! ბახ! ბახ! შემოაბრუნა მანქანა და უცებ გაახსენდა.

- ე, ე! შაბათს! — მე ხელი ავუწიე: - აუცილებლივ.

მერე მამას მოვეკიდე მკლავზე.

- როგორ მეცოდება.

მამამ შემომხედა.

- შენი შესაცოდი რა აქვს.

- სულ მარტოობა გამოუჭვივის თვალებიდან, მაშინაც კი, როცა იცინის.

- გეჩვენება, შენ ჯერ პატარა ხარ და ბევრი რამე გეჩვენება.

- მართლა, მამა? - აბა რა! თითქმის ერთი სიმაღლისანი ვიდექით ერთად.

...თამაზს მთელი ხმითა ჰქონდა ჩართული მაგნიტოფონი. ფრთხილად შევაღე მისი ოთახის კარი, ორი ბიჭი და სამი გოგონა! ყველანი თოთხმეტი წლისანი.

გოგონები დაწკეპილი საპატარძლოებივით ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და მიამიტურად ახამხამებდნენ თვალებს. მე რომ დამინახეს, შეატყუპეს წვრილი, მაღალი კანჭები. ბიჭებმაც გამიღიმეს. თამაზმა საფეთქელთან გაატკაცუნა თითები.

თმა ისევ ჩამოგრძელებული ჰქონდა ყურებთან.

ბოდიში მოვიხადე და კარი ფრთხილად დავხურე.

დედას სათვალე გაეკეთებინა და. ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა. მივედი, ვაკოცე.

- კარგი დრო გაატარეთ? - გენიალური.

დედამ დაღლილი ხელით დადო კალამი მაგიდაზე. შემოვიდა დამორცხვებული დეა.

- მოხვედი, მაიკო? - როგორცა მხედავ.

დეას გაუკვირდა, მათვალიერებდა დადიდებული თვალებით.

- რა მშვენივრად მოგკიდებია მზე.

- სად იყო, გოგო, დღეს მზე.

- მზე არ იყო?! სხეულის რაღაც ნაწილივით მოვიცილე ქურთუკი და საკიდარზე დავკიდე. ერთხანს მეც ვეკიდებოდი იმ ქურთუკს.

 

* * * * * * * *

 

მინაწერი ორი კვირის შემდეგ ორშაბათს მთლად აჭრილი ვიყავი დომხალივით, თითქოს მაღალი სიცხეც კი მქონდა, მაგრამ ორჯერ გავიზომე და არცერთხელ არ აღმომაჩნდა. ადგომა არ მინდოდა, წავიხურავდი თავზედაც საბანს, თითქოს უკვე მეძინა, მაგრამ გავახელდი თვალს და თხუთმეტი წუთი ძლივას იყო გასული. ტრიალებდნენ, ბრუნავდნენ ჩემს ირგვლივ: ჩემი ის სიზმარი, მაღლიდან წამოსული დიდი თათები, უნივერსიტეტი, ანანური, ხელშუბიანი და მერე ქვითქვითით ჩამუხლული ბავშვები.

იდგა შინდისფერსვიტერიანი შავი მკაცრი ბიჭი, მაღლა წასული კელაპტარივით, ჩვენ კიდევ ვიწევდით და ვიწევდით დაბლა, შემომპარპალებდნენ მძიმე სევდით სავსე თვალები პატარა ბიჭისა, ლადო ბიძიასი. წამოვჯდებოდი, რაღაც მოძრაობები მეწყებოდა ყურებში, ისევ დავწვებოდი. უმწეობით და კაეშნით მქონდა გათანგული კიდურები.

კაეშანი კიდურებში!..

და ჩამომიყალიბდა აზრი, აჰ, არა, დაიწყო შემოჩოჩება აზრმა: ვიღაც მჭირდებოდა ხელის გამომწვდელი, აუცილებლად მჭირდებოდა, როგორც უსინათლოს, ქუჩაზე გადამავალს. მე ბევრი ქუჩა თუ ასეთი რაღაცები უნდა გადამევლო სივრცეში. მაფრთხობდა, მაკანკალებდა ეს აზრი, თან მაინც ვუღიმოდი, ვუღიმოდი ხან თვალებდახუჭული, ხან ტუჩზეკბილებდაჭერილი. ლეკივით ვიჩვევდი ამ აზრს...

მეორეს არადა, მესამე დღეს, ამგვარი ღიმილით ვიჯექი თემურის გვერდით უნივერსიტეტის ბაღში, ქვემოთ. ვიყავი მსუბუქი და რბილი, რბილი აბრეშუმივით.

თემურიც იყო მშვიდი, ყურადღებიანი რაღაც იმედით მივსებდა გულს მისი ეს სიმშვიდე, ყურადღებიანობა. მე ვლაპარაკობდი, სიტყვები მოდიოდნენ თავისთავად: - შენ ჩემი ნუ გეშინია, თემურ. მე მთლად ისეთი არა ვარ, როგორიც შენ გგონივარ. მე სხვებთან შედარებით ცოტა მეტად ვარ დაბნეული, მაგრამ ერთი რამ ძალიან მტკიცედ ვიცი. მე ქალი ვარ.., - კარგი ქალი, მაია.

- მე ქალი ვარ და ბევრი უნდა ავიტანო, თემურ. მე იმაზე მეტიც კი უნდა ავიტანო, ვიდრე სამოთხიდან გამოდევნილმა ევამ. ერთი შვილის ჩვენი დროის მოთხოვნილებით გაზრდაც კი...

- აბა, აბა! - მოიცა. და შენ რასა გთხოვ ახლა. როცა შენს გვერდით გამიჭირდეს და ცოტაზე ჩამოგრჩე... - აქ უნდა მეთქვა საიდანღაც ჩარჩენილი გულისამრევი...· თუკი ჩემი თვალების ბოლოებზე ახალი ნაოჭები შეამჩნიო, შეჩერდი და იმ ნაოჭებზე რბილად გადამისვი ხელი. - მაგრამ ღმერთმა დამიფარა, ეს უკვე აღარ ვთქვი.

ჩემი სათქმელი დავამთავრე სიყვებით; - შაბათს, საღამოს, მე მიმყავხარ ჩვენებთან.

- შაბათს საღამოს? - აშკარად წამოიწია თემურმა.

- ჰო, შაბათს საღამოს. ჩვენები ძალიან უბრალო, უპრეტენზიო ხალხია.

თემური აშკარად შფოთავდა, წრიალებდა.

- მე ჯერ ეგ არ შემიძლია, მაია. მე ჯერ მაგ ბოლო ნაბიჯის გადადგმა არ შემიძლია. არა მაქვს საშუალება არც მატერიალური, არც ეკონომიური. არც მე მაქვს მაგისი საშუალება, არც ჩემს ოჯახს, ჩემს დებს. მე ტყუილის თქმა არ შემიძლია, მაია. ვიყვნეთ ჯერ-ჯერობით ისევე, როგორც ვიყავით აქამდე. ორჯერ, არა, სამჯერ მიკოცნია სულ, არა? ვიყვნეთ ჯერ-ჯერობით ასევე...

მე ავდექი.

- ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ლაჩარი იყავი.

წამოვედი. როგორ წამოვედი, თქვენ უფრო წარმოიდგენთ. მე აღარაფერი აღარ მახსოვს იმ გზისა.

მთელ კვირას არ ავმდგარვარ ლოგინიდან. მაცახცახებდა ყოველგვარი ფიქრი და ოდნავ გამორჩეული ხმა. წუთით თუ წამომწევდნენ, ბრუნავდა, ტრიალებდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი. ვეღარ ვიკავებდი თავს და პირზე ვიჭერდი ხელებს.

გამტკნარებულები მიყურებდნენ ექიმები.

ახლა მაგიდასთან ვჯდები. კალამსაც ვიჭერ. მასმევენ სტუგერონს და რაღაცებს კიდევ. ისე მძაფრად აღარა, მაგრამ, თუ მაღლა ავიხედე, დაიწყებს ქანაობას ჭერი.

წავიდე ჩავყო არაგვის წყალში ხელები? უუ, უკვე ცივა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ