მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 885 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შენ თვითონ გინახავს? - ვკითხე მე.

- ერთხელ ვნახე, მეექვსე კლასში რომ ვიყავი, - თქვა ჩემმა მეგობარმა. - იცი როგორ? წამოდგა, ღიმილით გაიარა, ხელები გაშალა, შემობრუნდა და აღტაცებით განაგრძო: - როგორ ვნახე, იცი? ქუთაისში, ჩვენი სკოლის წინ მიდიოდა წვიმიან დღეს - დიდი, გამხდარი, ნაღვლიანი. უცებ, თითქოს რაღაცა იპოვნაო, შედგა. მერე გაშეშებულივით, აი, ასე წამოიღო მარცხენა ფეხი, შემოდგა ქვის ყორეზე, მოჰკიდა ცერი და საჩვენებელი თითი წვრილ მავთულს, რომლითაც ფეხსაცმლის არღვეული ძირი ჰქონდა მიმაგრებული; გადაგრიხა, მიკეცა ისე, რომ არ გამოჩენილიყო, გასვრილი თითები ნერვულად გადაიწმინდა ქათქათა ცხვირსახოცით და წავიდა... წვიმაში, დიდი, ნაღვლიანი...

ლადო ასათიანზე ვლაპარაკობდით.

 

* * * * * * *

 

ლადო ასათიანი გურჯაანელ ყმაწვილ კაცს ვანო ბაჩუკაშვილს თავისთან ჰყავდა მიპატიჟებული. ოქტომბერი იყო, კახეთის ულამაზესი თვე.

მასპინძლების ორსართულიანი სახლი მაღლობ ადგილზე იდგა. ცისფერი აივანი ფართოდ გაშლილ ალაზნის ველსა და შორეულ კავკასიონს გადასცქეროდა.

ლადო უთენია იღვიძებდა და მაშინვე აივანზე გამოდიოდა.

დილა ხომ ყველგან კარგია, მაგრამ კახეთის დილა მაინც სხვა რამედ ეჩვენებოდა! ალაზნის ველზე ლბილი ბინდი და უკიდეგანო თეთრი ღრუბელი იწვა. მაღლიდან ის ღრუბელი მშვიდად მობალახე ცხვრის ფარას წააგავდა; თითქოს ვიღაცა სალამურს უკრავსო - წყნარად, გაგრძელებულად. მიდიოდა ეს ხმა და თან იმ ბინდსა და თეთრი ღრუბლების ფარას მიიყოლებდა. მხრებჩამოთოვლილი ლურჯი კავკასიონი ნელ-ნელა იწევდა მაღლა-მაღლა...

ამინდი კარგი იდგა, ცას კამკამი გაჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფერი სველი იყო: საღებავშემომსკდარი ცისფერი ბოძი, რომელსაც ლადო მიყრდნობოდა, მეზობელი სახლების ხავსმოკიდებული კრამიტები, ტოლგადაფარებული თივის ზვინი...

სადღაც წვეთავდა კიდეც. წვეთი დანჯღრეულ თუნუქის ნივთზე ეცემოდა.

მზის ამოსვლა ხომ რაღაც ზეიმს ჰგავდა. ჯერ ბროწეულისფრად შეიღებებოდა დაღესტნის კაბადონი, მერე თოვლიანი მწვერვალები აენთებოდნენ წითლად, მერე ამოცურდებოდა გავარვარებული დისკო, და თითქოს მძლავრად მოიქნიაო ჯოხი დირიჟორმა - დაიშლებოდა ნაწილ-ნაწილ: გორმახები და ღრუბლები, ჩამუქებული ხევხუვები და წითელ-ყვითელი ტყენი; ძირს, გზაზე, ფათქუნით გაივლიდა ძარამორყეული ავტომობილი, მიჰყვებოდნენ ფიჩხაკიდებული სახედრები, ვიღაცა მთელი ქვეყნის გასაგონად შეუმკობდა ძუასა და ბალანს; ლადოს სიყვარულით ჩაეღიმებოდა, ხელებს ასწევდა, თითქოს ცას უნდა შესწვდესო... მერე აივანს დასტოვებდა და ბაღში ჩავიდოდა.

ბაღში დიდი ხეები იდგა - დიდი მსხლები, დიდი ლეღვები. ალმასის მტვერივით ცახცახებდა გამჭვირვალე ცვარ-ნამი მათ ფოთლებზე, ბალახებზე; აფრინდებოდნენ ლამაზი სკვინჩა-ჩიტები სველი მიწიდან, შეჯდებოდნენ შავადგაპრიალებულ როკებზე და გულმშვიდად იწმენდნენ პაწაწინა ნისკარტებს; თითქოს ორთქლი ასდიოდა ტოტებშორის ოქროს ლარებივით გაბმულ მზის სხივებს...

მარტო ლადო იყო აქ, ბაღში, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ყოველი მხრიდან ვიღაცები უთვალთვალებდნენ. ადამიანები კი არა! ქრიზანთემები, გეორგინები, ცვრის მსხვილი წვეთები და იდუმალი ღობემძვრალები. იჯდა მესრის ძირში მიდგმულ გრძელ სკამზე, აბოლებდა პაპიროსს და იხედებოდა აქეთ-იქით. ესმოდა ჩუჩუნი, ჩურჩული, ჩუმი ხითხითიც კი. უნდოდა წაესწრო რომელიმე მათგანისთვის, ვერ ასწრებდა და ცელქი მოწაფეების მიერ გაწბილებულ მასწავლებელივით ეღიმებოდა.

მასპინძელი გვიან იღვიძებდა. მას ყოველთვის შეშფოთებული გამომეტყველება ჰქონდა. ისე ჩამორბოდა კიბეზე, თითქოს ვიღაც გაქცეულს მოსდევსო, შემოვარდებოდა ბაღში, დაინახავდა მყუდროში მიმჯდარ, სკამზე ფეხებაკრეფილ ლადოს და შედგებოდა, გაეღიმებოდა.

ეს ყმაწვილი კაციც ლექსებს წერდა - სუსტ, უფერხორცო ლექსებს. ხანდახან აქვეყნებდა კიდეც, მაგრამ არასოდეს არ ლაპარაკობდა მათზე და ეს იფარავდა - ლადო ისე უყურებდა, თითქოს უმცროსი ძმისთვის ცელქობა ეპატიებინოს.

- ისევ დამძინებია, კაცო! - ბოდიშობდა დარცხვენილი ვანო, - რა ღმერთი მიწყრება ამ ბოლო ხანებში, არ ვიცი! წინათ ღამეებს ვათენებდი ხოლმე, ვკითხულობდი...

ლადოს პაპიროსი ნელ-ნელა მიჰქონდა ტუჩებთან და ალერსით შესცქეროდა.

მან იცოდა, რომ ეს კაცი წიგნზე ღამეს ვერ გაათენებდა. ერთი ბობრია ბიჭი იყო - თმახუჭუჭა და ჩაბუთხუზებულ-ჩაღაჟღაჟებული. მას ბევრი უნდა სძინებოდა; ბავშვივით გემრიელად უნდა ეჭამა, პირდაპირ მაჯით მოეწმინდა მსხვილი ლამაზი ტუჩები, და მერე ბევრი სძინებოდა. ზოგს ხომ ასეთი რამეც უხდება ხოლმე?! ამასაც ეს უხდებოდა და გემრიელად ჭამდა და ეძინა კიდეც..

ლადოს არ უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ ტყუილში იჭერდა, სიტყვას ბანზე უგდებდა და მოულოდნელად ეკითხებოდა: - აგერ იმ ბალახს რას ეძახით? აგერ იმასა? იმ ბუჩქს? ვანოსაც ეს უნდოდა! დატრიალდებოდა, ბალახებს ჩაუცუცქდებოდა, ბუჩქს ტოტებში ხელებს შეუყრიდა, გადასწევ-გადმოსწევდა.

- ეს კენკეშაა, ეს კიდევ მელიკუდა. ეს ვირიბალბა და ესეც ხომარდული.

საუზმეს აივანზე აწყობდა ვანოს დედა. ეს ჯანიანი, წითური ქალი სულ იმას შესჩიოდა ლადოს - საკადრისად ვერაფრით ვერ გიმასპინძლდებითო, სუფრაზე კი მთელი რაგინდარა მოჰქონდა.

ლადო დიდი მჭამელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ თვალს უხარებდა ერბოსავით მსუყე, ბარაქიან ნაჭრებად დათლილი თუშური ყველი, ქაშანურის ქილაში ჩაყინული და ახლა სახელდახელოდ შემთბარი სურნელოვანი ყაურმა, ცხარე ხირხიტო, ნედლი ნიგოზი, გვიანა პამიდორი, ცვრიანი ოხრახუში და თავი და თავი - გამტკიცული შოთები, შოთები და ღვინო, ღვინო და მუხის კასრში ჩაძველებული არაყი.

საუზმეს ხილი მოჰყვებოდა.

კოხტად დაწნული ტირიფის თეთრი ხახლით იდგა: ქარვისფერი კომშები და ლოყაწითელა ვაშლები, ჟანგურა გულაბები და დამკრახული ყურძენი, ჩახმახა ბროწეულები და წითელი, წითელი უნაბი.

ლადოს ყველაზე მეტად კომში მოსწონდა, - მოგრძო, დაღმეჭილი, ბუსუსდაყრილი კომში. აიღებდა, სუნავდა, თვალმოჭუტული შესცქეროდა შორს გაწეულს და რაღაც სევდაგარეული ღიმილით, რომელიც საოცრად უხდებოდა ამ გულჩათხრობილ ახალგაზრდას, თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა: კომში ბებერ, ბებერზე ბებერ კაცს მაგონებსო. თმა, წარბ-წამწამი და წვერი დასცვენია, სახე დაჰპატარავებია, დალევია, გაჰყვითლებია, ხავსი მოსდებია, მიმჭკნარი შუბლი შეუკრავს და დაღვრემილი ჩასცქერის მიწასო.

ვანო იცინოდა, სკამს უკან სწევდა, მუცელს შვებას აძლევდა და ასე იცინოდა.

ნასაუზმევს სოფელ-ქვეყანაში გადიოდნენ.

გურჯაანი ქალაქობდა, თუ გურჯაანელები ქალაქელობდნენ! ქუჩები მოეკირწყლათ. ქუჩის ორივე მხარეს ცაცხვები და აკაციები დაერგათ. მერე ხელი აღარავის ეხლო - არ შეეკაფათ, არ შეეკვერცხათ. გაზრდილიყვნენ თავ-თავის ნებაზე, აეგრაგნათ დამუხლული ტოტები, გამოესხათ უამრავი სიფრიფანა ფოთოლი. ფოთლები შემოდგომას გაეყვითლებინა, მზეს გაემჭვირვალებინა და ოქროს გრილ არილს აფენდნენ ქვაფენილზე.

ქვებს შორის მწვანე ბალახი და მატიტელა ამოჯეჯილებულიყო; მატიტელას თასმასავით რბილკისერა ბატები და მაღალ ფეხებზე სასაცილოდ მოქანავე ინდაურები წიწკნიდნენ.

მთავარ ქუჩას ასფალტიც კი ჰქონდა მოსხმული. აქ ბევრი მაღაზია, დუქანი და სახელოსნო იყო. ირეოდა ქალაქურად თავდაჭერილი ხალხი, დიდი და პატარა, ლამაზი ქალიშვილები - ჩუმ-ჩუმად რომ აპარებდნენ მზერას მშვიდი, ვაჟკაცური შესახედაობის სტუმრისაკენ. მაგრამ ლადოს გული უფრო ბაზრისკენ უწევდა.

ბაზარში ოთხი თუ ხუთი ჩარდახი იდგა. ჩარდახქვეშ სხვადასხვა სოფლებიდან მოსული მზით დამწვარი თავსაფრიანი ქალები და თუშურქუდიანი კაცები ვაჭრობდნენ. მოჰკრავდნენ თვალს მათკენ მიმავალ ადამიანის ლანდს და დაიწყებდნენ გაგრძელებულ ძახილს.

- აბა, რბილი შოთები! დედას შოთები! - ყველი, გუდის ყველი! პაჰ-პაჰ-პაჰ, რა ყველი! - ტკბილი ბროწეულები! - მატყლი! მატყლი! - ცხარე წიწაკა, ავი დედაკაცის დათესილი წიწაკა! ღვინის რიგის ნახვას ხომ არა სჯობდა რა! ჩამოსხდომოდნენ ჩაჟინჟღილებული გლეხკაცები შავ-შავ კასრებსა და მუცელდასიებულ ტიკებს, დაედგათ წინ თითო ბოთლი და თითო გაგანგლული ნათალი ჭიქა, დაემტვრიათ ყველი და პური დაჭმუჭნულ, დალაქავებულ გაზეთის ნახევზე, დაეყარათ წიწაკისა და კიტრის მწნილი და იყვნენ ერთ ამბავში.

- აბა, შიოს მარნისა! - დათვის სისხლი! - ნოეს რომ უყვარდა! - უდედო თეთრი! საპატარძლო უდედო თეთრი! - ბაბუას აბეჩხრისა! ბაზრის ერთ კუთხეში ფეხებგაკრული ქათმები ქასქასებდნენ. ჯანჯალი მუშტრები უხეშად იყვანდნენ, ბუმბულებს უწევდნენ, უბერავდნენ, საცეცხლურებივით იქნევდნენ. საცოდავ ფრინველებს კრიახის თავიც აღარ ჰქონდათ, დაოსებული ხაოდნენ. გამყიდველები დამნაშავეებივით იდგნენ.

ლადო და ვანო მეღვინეს ამოირჩევდნენ, ერთ ბოთლს ჩამოასხმევინებდნენ და თვითონაც დალევდნენ და იმ მეღვინესაც დაალევინებდნენ. ერთი ალერსიანი შეხედვა, ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი შეხუმრება საკმარისი იყო, რომ ამ ხალხს ეცნე და ძმად მიეღე. ფიანდაზად დაგიფენდნენ სულსა და გულს. გახარებული იყვნენ - გახარებდნენ, რომ ბიჭი შეგვეძინაო, ჩვენებიანთ ილუშა ჯარიდან ჩამოვიდაო, ი მურდალი საწყობის გამგე და იმისი ავან-ჩავანები, როგორც იქნა, მოგვაშორესო.

წუხდნენ და შენც შემოგაგულისჭირებდნენ - მავანსა და მავანს კიბო ჰქონიაო, საარაყე ქვაბების დადგმას აგვიანებენო, სახლს კრამიტი დამიკლდა და, რა ვქნა, აღარ ვიციო.

ყველაფერს გრძლად, მეტისმეტად გრძლად, თითქოს გალობით ამბობდნენ.

ლადო რაღაც უცნაური სიამოვნებით უსმენდა. უსმენდა არა მარტო სიტყვებს, არამედ ცალკეულ ბგერებსაც. უსმენდა და გრძნობდა, რომ სიცოცხლე კარგი იყო განუზომელად, რადგან სხვებს თვალში ეკლად კი არ ესობოდი (როგორც ეს მომწერლო ხალხში შეემჩნია ხშირად), შენი არსებობა ამ ადამიანებსაც სჭირდებოდათ; ამათაც სჭირდებოდათ შენი ღიმილი, შენი სიხარული, შენი სევდა... სადღაც შორიდან იყავი მოსული, მაგრამ იცინოდნენ და მუდარით შემოგვცქეროდნენ, რომ შენც გაგეცინა, ცრემლებს იწმენდდნენ და თვალებით გთხოვდნენ, შენც ცრემლი მოგეწმინდა.

ერთმა ვეჯინელმა გლეხკაცმა ხომ მთლად გადარია! ლადო მაშინ მარტო იყო ბაზარში და მარტო გადააწყდა ამ ვეჯინელს, ფაფასავით სქელი ღვინის პატრონს ბასა ბურკიაშვილს, ოცდაათიოდე წლის ჯაგარათმიან სახეწითურ ჯეილს. დაყირავებულ ორთვალასთან ფალავანივით იდგა, ცალი ხელით რეზინის მილი ეჭირა, ცალით დოინჯი შემოედგა და ბავშვური კეთილი ღიმილით დასცქეროდა ბაზარს.

ერთმანეთი შორიდანვე შენიშნეს, ერთიც აშკარად გამოირჩეოდა იმდენ ხალხში და მეორეც. ერთმაც თვალი აადევნა და მეორემაც.

მერე ლადო მივიდა, გამარჯობა უთხრა.

- გაგიმარჯოსო, - ბასა რატომღაც უკან გადგა.

- ერთი ჩარექი ჩამომისხი! ბასამ ბოთლს ხელი წამოუსვა, წვერში თითებწაჭერილ რეზინის მილს თავი შიგ ჩააყოფინა და ჩამოასხა.

ლადომ ჭიქა გაავსო, წამოტივტივებული წიპწა ცერა თითით შემოაცალა და თქვა: შეიძლება შენთან დავლიოო.

ბასამ გულზე ხელი მიიდო - ჩემი თავი შენ გენაცვალოსო.

- შენ გაგიმარჯოს, სახლიკაცო, ჩემი ქვეყნის შნოვ და ლაზათო, ემაგ ღონიერი მხარ-მკლავით, მაგ ნათელი შუბლით. დიდხანს იდექი აგრე, წეღან რომ დაგინახე, ფალავანივით. გიყურებდეთ და გვახარებდე. შენ საქმეს გაუმარჯოს. ოჯახობა გიცოცხლოს, სიხარული ნუ მოგაკლოთ.

ჭიქა ნელ-ნელა დაგემოვნებით დაცალა, ძირს დადგა, ისევ გაავსო და ბასას მიაწოდა...

ბასა როგორღაც დაბნეული იყო. რეზინის მილი კასრში ჩააბრუნა, ლადოს ჭიქა ჩამოართვა. ოდნავ გაილაჯა, სინდიყივით ალაპლაპებულ ღვინოს ჩააცქერდა და სამადლობელი თქვა. მაგრამ... სამადლობელი კი კარგა თქვა, მაგრამ... რეზინის მილის ჭერით მაჯა დაჰღლოდა, თუ რა იყო, ტუჩებთან მიტანილი ჭიქა აუკანკალდა და რამდენიმე წვეთი ლალის მძივად ჩამოეკიდა ახალგაპარსულ ნიკაპზე.

ამან მთლად დააბნია. ნიკაპი ხელის ზურგით მოიწმინდა და თავი ჯიუტი ხარივით გააქნია.

ლადომ ღიმილი შეიკავა. ბოთლს ისევ ჭიქისაკენ გადაუწია თავი, მაგრამ ბასამ ჭიქას თავისი ვეება ხელი დააფარა, ავსება აღარ დაანება - შენ ჩემი სტუმარი ხარო, ცოტა ხანს მომითმინეო... ერთი გასძახა ბაზარს: - აბა, ცხონებას ბიჭი შინ მიდის და ვისაც მიგაქვთ წაიღეთო.

გამოძვრნენ დუქნებიდან და სახელოსნოებიდან ყასბები და ხარაზები, თერძები და მედუქნეები - სახელდახელოდ ჩამოუცარიელეს კასრი.

მერე ვიღაც ძმაკაცს ცხვრის მთელი ბარკალი ჩამოაჭრევინა, ლურჯ წინსაფარში გაახვია, საიდანღაც გამხმარი თევზიც მოატანინა, ისიც იქ მიუმატა. ორთვალაში ცხენი შეაბა, შუბლზე მოეალერსა, გაღიმებული ლადო ფარაჯაგადაფარებულ კოფოზე აიპატიჟა, თვითონაც გვერდზე მიუჯდა და ვეჯინის გზას გაუყენა.

ლადომ არ იცოდა სად მიდიოდა, არც უკითხავს.

იყო შემოდგომის ცხელი მზით განათებული გზა, გზის მაღლა - კაბადონზე ახატული, ხელებაწეული, აჟივჟივებული ბავშვები, გრძელ-გრძელი, მბზინავი აბლაბუდები...

ორმოციოდე წუთის შემდეგ - წითელ-ყვითელი ფერებით აღსავსე ხილნარი, ალმურმოდებული თონე, თონეზე წახრილი პირახვეული ხნიერი დედაკაცი, ხარიხაზე გაკიდული უთვალავი ჩურჩხელები, ჯაგნები, ჩხები, ხელადები...

ბასა ეზოში გამოგებებულ თვალჟუჟუნა გოგოსკენ იშვერდა სახრეს და სიცილით ეუბნებოდა ლადოს: ესაო, ეს დალეული გოგო, ჩემი დედაკაციაო. ეგრე ნუ უყურებ - პატარაა, მაგრამ ხმა აქვს, ციდან ქორს ჩამოაგდებსო.

გოგონაც იცინოდა, ბასას სჯგვლემავდა და ცდილობდა დარცხვენილი ლამაზი თვალები ლადოსთვის მოერიდებინა.

მერე ლადო და ბასა ფართო აივანზე იდგნენ და კავკასიონისკენ იშვერდნენ ხელებს. ის გოგონა და მისი შავადშემხმარი დედამთილი კი მაქოსავით გადიგამოდიოდნენ. ისმოდა ქათმების კრიახი, კაკლების ჩახაჩუხი, ცეცხლზე შემდგარი ქონის შიშხინი და ჯამ-ჭურჭლის ჩხარუნი.

ბასამ სუფრა ჯაგნებითა და ჩხებით დამშვენებულ მარანში, სამსაპალნიან ქვევრის ირგვლივ გააშლევინა. დასაჯდომად მუთაქები შემოარიგებინა, ღვინო ამოიღო და ტოლ-სწორ, მოკეთე-მეზობლებისათვის დააძახებინა. იმათაც არ დაიგვიანეს. შემოლაგდნენ წელგამართულნი, სახენათელნი, მყვირალები.

ჰაი და ჰაი.

ყველამ სათითოდ მიაწოდა ღვინისფერი ხმელი მარჯვენა ლადოს. ახედ-დახედეს, ღიმილით მოიწონეს. თქვენც ხომ კარგადა ხართო - დაეხმაურნენ დიასახლისებს, აბა, ახლა შენ იცი, პატარძალოო, და დასხდნენ, მოიკეცეს, პური გატეხეს, დაიწყეს.

დაიწყეს თამადის არჩევითა. რაღა თქმა უნდა, ბასა აირჩიეს. დალოცეს ოჯახის დედაბოძი და კეთილი ანგელოზი, საძირკვლის ჩამყრელი და პირველი სინათლის დამნთებელი, შეიწყალეს ზოგის მშობლები, ადღეგრძელეს მეორეებისა, ჯანმრთელობა და სიხარული უსურვეს დედმამიშვილებს და კეთილ მეზობლებს, დალიეს, ერთმანეთს დაალევინეს, შეხურდნენ, შეზარხოშდნენ და აბა სიმღერა ვცადოთო, - „ბერი კაცი“ სცადეს.

„ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავო...“ - და აიწია ჭერმა.

თიხის ჯამი ჩამოატარეს ჩვენი ქვეყნის მიწისა და მისი ცისა და ღრუბლის სადღეგრძელოდ.

ახსენეს თამარ მეფე და შაჰ-აბასი, სააკაძე და აღა-მაჰმად-ხანი.

- ჰაი, დედასაო! - იბაგუნებდნენ შავ-შავ მჯიღებს მკერდზე.

აიღო ერთმა კაკალი ორი თითით. ხომ მთელიაო - დაანახვა ყველას. ჩამოჰკრა გაშლილი ხელი, ჩამოამტვრია და ღიმილით შესთავაზა ლადოს.

ეგრე კი არაო და, ცხვრის კანჭი გადატეხა მეორემ.

თხა თხაზე ნაკლებიო და დაიმხო ბასამ თიხის ჯამი ქუდივით, დაირტყა მუშტი და ჩამოიმტვრია თავზე.

იცინეს, ირახრახეს. სულ ლადოს შესცქეროდნენ და „გენაცვალოს ჩემი თავიო“, ხან ერთი ენაცვლებოდა და ხან მეორე.

მერე ბასამ ხელი ასწია - გაჩუმდითო. გაჩუმდნენ. მშვიდად ჩამოატარეს სუფრის წევრების სადღეგრძელოები, დატკბნენ, გული აიჩვილეს... იტყოდნენ და სიმღერას მოაყოლებდნენ, იტყოდნენ და სიმღერას მოაყოლებდნენ - ზამთარი ვარდსა დააჭკნობსო, შაშვი-კაკაბი შეიბნენო, შვიდნი გურჯანელნი სანადიროდ წავიდნენო...

მერე კვლავ აიწყვიტეს. ვიღაცამ თოფი ჩამოიღო - მოკვდი, მტერო და იხარე, ჭეროო, ქალებმა შეჰკივლეს, თვალები დახუჭეს, ყურებში თითები გაიკეთეს... ვიღაცამ ლამპას შუშა მოაძრო - ამით უნდა დავლიოთო.

დალიეს, გადაირივნენ.

მერე ის შუშაც შემოემტვრათ და პირდაპირ პეშვით დაიწყეს სმა.

ჩამოსდიოდათ წურწურით ფაფასავით სქელი წითელი ღვინო მაჯებზე და იცინოდნენ, იხრჩობოდნენ სიცილით...

გარეთ იდუმალი შრიალით ბრუნავდა ვარსკვლავებიანი ცა.

აუ, რამდენ რამეს ფიქრობდა ლადო იმ ღამის შემდეგ! რამდენ რამეს ჰპირდებოდა იმ ღრუბლებს, ალაზნის ველზე რომ იწვნენ ხოლმე დილდილობით, იმ ნათელ მზეს, დაღესტნის მხრიდან რომ ამოდიოდა ზეიმით, იმ გლეხკაცებს, რომლებსაც ესოდენ დიდად სჭირდებოდათ მისი სევდა, მისი სიხარული. მაგრამ ერთი პატარა ლექსის მეტი ვერა დაუწერა რა ვერც ერთს. დანარჩენი დრო სხვა ღრუბლებმა, სხვა მზემ, სხვა ადამიანებმა წაიღეს. ისინი უთვალავნი იყვნენ. ლიცლიცით გამოდიოდნენ იასამნისფერ ბურუსიდან, მლოცველებივით მორჩილად ჩერდებოდნენ პოეტის შორიახლოს და იცდიდნენ. იცდიდნენ და ბოლოს ყველას მიჰქონდა თავთავისი წილი. მიჰქონდათ მანამდე, სანამ ოცდაექვსი წლის ჭაბუკმა გაზაფხულის წვიმას არ გაატანა თავისი არსებობის უკანასკნელი წუთი..

შეუნდეთ, კახელებო!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ